ანტიერეტიკონი - მწვალებლობათა წინააღმდეგ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი
  
მხილება და უარყოფა ცრუდსახელდებული ცოდნისა
 
(მწვალებლობათა წინააღმდეგ)
მწვალებლობათა წინააღმდეგ
ანოტაცია
 
წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია წმ. ირინეოს ლიონელის დაცული თხზულებები - "მხილება და უარყოფა ცრუდსახელდებული ცოდნისა", რომელიც გადმოცემულია ხუთ წიგნად (რომელიც "ისტორიის მამად" წოდებული ევსები კესარიელისა და ნეტ. იერონიმეს მიბაძვით შემოკლებით ასეც იწოდება - "მწვალებლობათა წინააღმდეგ") და "სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება". წმ. ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი წმ. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის წმ. პოლიკარპე სმირნელის სულიერი აღზრდილი გახლდათ და ჯერაც ინარჩუნებდა ცოცხალ სამოციქულო ხმას და სამოციქულო სწავლებისა და გადმოცემის სულისკვეთებას. ის ძალიან ცნობილი იყო და მთელი საყოველთაო ეკლესიის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. წმ. ირინეოსი მშვიდობისმყოფელი იყო დავაში რომსა და მცირე აზიის ეკლესიებს შორის, რომელიც საწესჩვეულებო უთანხმოებათა გამო წარმოიშვა, მაგრამ განსაკუთრებულად გაითქვა მან სახელი თავის ბრძოლით იმ დროის საშიშ მწვალებელთა - გნოსტიკოსთა წინააღმდეგ. დიდი მოშურნეობით უარყოფს რა იმ დროს არსებულ ყველა გნოსტიკურ მწვალებლობას, წმ. ირინეოსი გასაოცარი სიცხადით და სიღრმით გადმოსცემს მოციქულთა სწავლებას ღმერთზე, ცხონებაზე, გამოსყიდვაზე და ადამიანის აღდგომაზე, ევქარისტიაზე და სამყაროს უკანასკნელ ხვედრზე. მისი სახით ჩვენ ვხედავთ ეკლესიის იდეის, მისი დანიშნულებისა და მისდამი კუთვნილების აუცილებლობის ყველაზე მკაფიოდ დამცველს. განსაკუთრებულად ღირებულია წმ. ირინეოსის თხზულებათა ეგზეგეტიკური მხარე, რომელსაც მოცემულ გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: დაზუსტდა და შეივსო წმ. წერილის დამოწმებანი, შედგენილ იქნა ბიბლიური ციტატების ცნობარი წმ. ირინეოსის თხზულებათა მიხედვით.
 
წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს უფლის, მოციქულთა და ეკლესიის სარწმუნოების მტკიცე საფუძველი და ცხონების წყარო ცხოველ წყაროთაგან შესვას.
 

Источник: Против ересей. Доказательство апостольской проповеди / священномученик Ириней Лионский. (пер. прот. П. Преображенского, Н.И. Сагарды) - СПб.: Издательство Олега Абышко, 2008. - 672 с. - (Библиотека христианской мысли. Источники). ISBN 978-5-9033525-22-5.
 


წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.)
 
 
წიგნი პირველი
 
 
წინათქმა
 
1. ზოგიერთები, უარყოფენ რა ჭეშმარიტებას, შემოაქვთ ცრუ სწავლებები, "არაკები თუ გვარტომობის დაუსრულებელი ამბები", რომლებიც, როგორც მოციქული ამბობს, "უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით" (1 ტიმ. 1:4); კეთილსახოვნებით მზაკვრულად შემოსილნი აცთუნებენ მარტივთა გონებას და ატყვევებენ მათ, ამახინჯებენ უფლის გამონათქვამებს და ცუდად განმარტავენ მას, რაც კარგად იყო ნათქვამი; ცოდნის სახელით რყვნიან მრავალთ და განაშორებენ უფალსა და სამყაროს შემოქმედს, თითქოსდა მათ შეეძლოთ უფრო ამაღლებულისა და დიადის ჩვენება, ვიდრე ღმერთია, რომელმაც შექმნა ცა და მიწა და ყოველი, რაც მათშია. ამასთან ისინი სპეციალური სიტყვაკაზმულობით იტაცებენ უბრალო ადამიანებს ცნობისმოყვარეობისკენ, და ამ უკანასკნელთ, რომელთაც სიცრუე ჭეშმარიტებისგან ვერ გაურჩევიათ, ღუპავენ, რადგან აღძრავენ მათში მკრეხელურ და უკეთურ აზრებს შემოქმედის წინააღმდეგ.
 
2. ცდომილება თავს არ ავლენს თავისი სიშიშვლით რომ არ გამოაშკარავდეს, არამედ, მზაკვრულად იმოსება მომხიბლავი სამოსით და აღწევს იმას, რომ თავისი გარეგნობით გამოუცდელთ საკუთარ თავს ჭეშმარიტებაზე უჭეშმარიტესად მოაჩვენებს. ამგვარ ადამიანებზე ჩემზე უკეთესმა ვინმემ მითხრა, რომ მათ ზურმუხტს მიმსგავსებული შუშა თვით ზურმუხტს ურჩევნიათ, თუკი არავინ არის ისეთი, ვისაც ნაყალბევის აღმოჩენა ძალუძს; ან როდესაც სპილენძს შეურევენ ვერცხლს, ლიტონთაგან ამისი ამოცნობა რომელს ძალუძს?
 
ამიტომაც, რადგან ცხვრის ქურქში გახვეული მტაცებლების ამოცნობა ძნელია, - რომელთაგან განშორებას გვამცნებდა უფალი, რამეთუ ჩვენს მსგავსად მეტყველებენ, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ, - და ვალენტინეს (როგორც საკუთარ თავს უწოდებენ) მოწაფეთა თხზულებებიც წავიკითხე, მათთან პირადი გასაუბრებისას კი მათი აზროვნების სახე დავინახე, ჩვენი დაუდევრობით ზოგიერთი წარტაცებულ რომ არ იქმნეს, როგორც ცხვრები მგლების მიერ, საჭიროდ ჩავთვალე შენთვისაც მეჩვენებინა, საყვარელო, მათი უღრმესი და უსაშინელესი საიდუმლონი იმ მიზნით, რათა თვითონაც იცოდე და შენთვის ახლობელ ადამიანებსაც ამცნო განერიდონ მათი უაზრობისა და ქრისტეს საწინააღმდეგო მკრეხელობების უფსკრულს, რომელსაც ყოველი ადამიანი როდი შეიმეცნებს, რადგან ყველამ როდი აიღო ხელი საკუთარ ტვინზე.
 
ამისთვის, რამდენადაც შევძლებ, მოკლედ და გასაგებად გადმოგცემ იმათ აზრს, ვინც სადღეისოდ გარყვნილ სწავლებას ავრცელებს. ესენი არიან პტოლემეოსის მიმდევრები, ვალენტინიანეს სკოლის ამონაყარნი და, ამასთან, რაც ძალი შემწევს წარმოგიდგენ მათ დასამხობ საშუალებებს, მათი სიტყვების უაზრობასა და ჭეშმარიტებასთან მათ შეუთავსებლობასაც გაგიმხელ. მე არ ვფლობ წერის ან სიტყვის ხელოვნებას, მაგრამ სიყვარული მაიძულებს შენ და ყველა შენს ახლობელს გაგიხსნა ის სწავლებები, რომლებიც დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა, ახლა კი ღმრთის წყალობით გამოვიდა სააშკარაოზე. "ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს" (მათე 10:26).
 
3. მე კელტთა შორის ვცხოვრობ და უმეტესწილად საქმე ბარბაროსულ ენასთან მაქვს, ამიტომ ნურც მეტყველების ხელოვნებას მომთხოვ, რომელიც არ მისწავლია და ნურც მწერლობის უნარს, რომლის შეძენაც არ მიცდია; არ მეხერხება გამოთქმათა სილამაზე და წარმტაცობა უცხოა ჩემთვის. რასაც მოგწერ, მარტივად მოგწერ, ჭეშმარიტებით და ჩვეულებრივი ენით, მაგრამ სიყვარულით, და შენც მას სიყვარულითვე შეიწყნარებ, ხოლო თვითონ, როგორც ჩემზე უფრო ნიჭიერი, ჩემგან მიღებულ მარცვლებს გაამრავლებ, ჩემს მიერ მოკლედ ნათქვამს შენი გონების სივრცელით აღმოაცენებ და ჩემგან უძლურად ნაქადაგებს ძლიერად წარმოუჩენ იმათ, ვისთანაც ურთიერთობ.
 
ამრიგად, შენი დიდი ხნის სურვილის შესაბამისად, გაგეგო ჩემგან იმ ცრუმოძღვართა შესახებ, ვეცადე არა მარტო გამომეაშკარავებინა ისინი შენთვის, არამედ საშუალებებიც მიმეცა მათი სიცრუის სამხილებლად, და შენც გულმოდგინედ ემსახურე სხვებს ღმრთის მადლით, რომელიც მოგენიჭა უფლისგან, რათა მათმა მომატყუებელმა საუბრებმა ადამიანები არ გაიტაცონ. აი მათი სწავლებებიც:
 
 
თავი I
 
ვალენტინიანელთა სწავლება ეონების შესახებ
 
1. ისინი ამბობენ, რომ უხილავ და სახელდაუდებელ სიმაღლეებში პირველად არსებობდა რომელიღაც სრულყოფილი ეონი, რომელსაც პირველსაწყისს (Προαρχη), პირველმამას (Προπατωρ) და სიღრმეს (Βυθός) უწოდებენ. ის არის - გარეშემოუწერელი და უხილავი, მარადიული და დაუსაბამო, არსებობდა უთვალავი საუკუნის განმავლობაში უდიადეს სიჩუმესა და სიმშვიდეში. მისი თანამოარსე იყო აზრი (Εννοια), რომელსაც ასევე მადლს (Χαρις) და მდუმარებას (Ειγη) უწოდებენ. ამ სიღრმეს ოდესღაც აზრად მოუვიდა საკუთარი თავისგან წარმოეშვა ყოველ საგანთა საწყისი, და ეს წარმონაქმნი რომლის წარმოშობაც მას აზრად მოუვიდა, ჩაიდო მის თანაარსებულ მდუმარებაში, როგორც თესლი დედის საშოში.
 
უკანასკნელმა მიიღო რა ეს თესლი, მუცლად იღო და შვა გონება (Νους), რომელიც მსგავსია და თანატოლია თავისი მშობლის და მხოლოდ ის მოიცავს საკუთარ თავში მამის სიდიადეს. ამ გონებას ისინი უწოდებენ მხოლოდშობილს, ასევე მამას და ყოველივეს საწყისს. მასთან ერთადვე იშვა ჭეშმარიტება. აი პირველი და ფუძემდებლური პითაგორასეული ოთხეული, რომელსაც ისინი ყოველივეს ფესვად ხმობენ: კერძოდ სიღრმე და მდუმარება, შემდეგ კი - გონება და ჭეშმარიტება. ხოლო როდესაც მხოლოდშობილმა იგრძნო, თუ რისთვის იყო წარმოშობილი, თვითონაც შვა სიტყვა (Λογος) და სიცოცხლე (Ζωη), მამა ყოველთა, რომლებიც უნდა შობილიყვნენ მის შემდეგ, დასაბამი და წარმომქმნელი მთელი სისრულის (Πληρωμα). ხოლო სიტყვისა და სიცოცხლის შეერთებით (συζυγια) წარმოიშვნენ ადამიანი და ეკლესია. და ეს არის ფუძემდებლური რვიანი (ογδοας), ყოველი საგნის ფესვი და დასაბამი, რომელიც მათთან იწოდება ოთხი სახელით, კერძოდ: სიღრმედ, გონებად, სიტყვად და ადამიანად. რადგან ყოველი მათგანი ერთდროულად არის მამაკაციც და დედაკაციც: ჯერ პირველმამა შეეყო თავის აზრს; ხოლო მხოლოდშობილი, ანუ გონება - ჭეშმარიტებას. სიტყვა - სიცოცხლეს, ადამიანი კი - ეკლესიას.
 
2. ამ ეონებმა, წარმოშობილებმა მამის დიდებად, ისურვეს თვითონაც განედიდებინათ მამა და თავიანთი შეუღლებით წარმოშვეს ახალი წარმონაქმნები, კერძოდ - სიტყვამ და სიცოცხლემ, ადამიანისა და ეკლესიის წარმოქმნის შემდეგ, წარმოშვეს ათი სხვა ეონი, რომელთაც (ვალენტინიანელები) შემდეგ სახელებს უწოდებენ: სიღრმისეული (Βυθιος) და აღრევა (Μιξις), უბერებელი (Αγηρατος) და ერთიანობა (Ενωσις), თვითნაბადი (Αυτοφυης) და სიამოვნება (Ηδονη), უძრავი (Ακινητος) და თანაგანზავება (Ζυγκρασις), მხოლოდშობილი (Μονογενης) და ნეტარი (Μακαρια). ეს არის ათი ეონი, რომლებიც, მათი (ვალენტინიანელების - "აპოკ." რედ.) თქმით, წარმოიშვნენ სიტყვისა და სიცოცხლისგან. შემდეგ ადამიანმა, ეკლესიასთან ერთად, თვითონაც წარმოშვა თორმეტი ეონი, რომელთაც ასევე შემდეგი სახელებით ხმობენ: ნუგეშისმცემელი (Παρακλητος) და რწმენა (Πιστις), მამისეული (Πατρικος) და იმედი (Ελπις), დედისეული (Μητρικος) და სიყვარული (Αγαπη), მარადიული გონება (Αεινουσ) და გულისხმისყოფა (Ζυυεσις), საეკლესიო (Εκκλησιαστικος) და ნეტარება (Μακαριοτης), სანატრელი (Θηλητος) და სიბრძნე (Σοφια).
 
3. აი შეცდომილ ადამიანთა ოცდაათი ეონი, რომლებიც იმალებიან მდუმარებაში და არავისთვისაა ცნობილი. აი მათი უხილავი და სულიერი სისავსე (Πληρομα), სამნაწილედად დაყოფილი: რვიანად, ათეულად და თორმეტეულად. ამიტომაცო, ამბობენ, მაცხოვარი (რადგან არ სურთ მას უფალი უწოდონ), ოცდაათი წელი აშკარად არაფერს იქმოდაო, რათა მით ამ ეონების იდუმალებაზე მიანიშნოსო. ასევე ამტკიცებენ, რომ იგავში მუშაკთა შესახებ, რომლებიც ვენახებში იქნენ წარგზავნილნი, საკმაოდ აშკარად არისო მითითება ამ ოცდაათ ეონზე: რადგან ერთნი იგზავნებიან პირველ საათზე, მეორენი - სამზე, სხვები - ექვსზე, კიდევ სხვები - ცხრაზე და ბოლოს - თერთმეტ საათზე (მათე 20:1-16), ჯამში ზემოთხსენებული საათები შეადგენენ რიცხვით ოცდაათს; რადგან ერთი, სამი, ექვსი, ცხრა და თერთმეტი უდრის ოცდაათს; ხოლო საათები, მათი აზრით, ნიშნავენ ეონებს. აი როგორი დიადი, გასაოცარი და გამოუთქმელი საიდუმლოებები შვეს მათ, გამოიყენეს რა და მიუსადაგეს თავიანთ გამონაგონს ყველაფერი, რაც კი სადმე წმიდა წერილში იყო ნათქვამი განსაზღვრულ რიცხვთან დაკავშირებით.

გაგრძელება იქნება
 
წყარო: Против ересей. Доказательство апостольской проповеди / священномученик Ириней Лионский (пер. прот. П. Преображенского, Н. И. Сагарды) - СПб.: 2008.
 
ქართული თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2022, ივლისი.
Назад к содержимому