სწავლანი > ანტიერეტიკონი
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი
მხილება და უარყოფა ცრუდსახელდებული ცოდნისა
(მწვალებლობათა წინააღმდეგ)
ანოტაცია
წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია წმ. ირინეოს ლიონელის დაცული თხზულებები - "მხილება და უარყოფა ცრუდსახელდებული ცოდნისა", რომელიც გადმოცემულია ხუთ წიგნად (რომელიც "ისტორიის მამად" წოდებული ევსები კესარიელისა და ნეტ. იერონიმეს მიბაძვით შემოკლებით ასეც იწოდება - "მწვალებლობათა წინააღმდეგ") და "სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება". წმ. ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი წმ. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის წმ. პოლიკარპე სმირნელის სულიერი აღზრდილი გახლდათ და ჯერაც ინარჩუნებდა ცოცხალ სამოციქულო ხმას და სამოციქულო სწავლებისა და გადმოცემის სულისკვეთებას. ის ძალიან ცნობილი იყო და მთელი საყოველთაო ეკლესიის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. წმ. ირინეოსი მშვიდობისმყოფელი იყო დავაში რომსა და მცირე აზიის ეკლესიებს შორის, რომელიც საწესჩვეულებო უთანხმოებათა გამო წარმოიშვა, მაგრამ განსაკუთრებულად გაითქვა მან სახელი თავის ბრძოლით იმ დროის საშიშ მწვალებელთა - გნოსტიკოსთა წინააღმდეგ. დიდი მოშურნეობით უარყოფს რა იმ დროს არსებულ ყველა გნოსტიკურ მწვალებლობას, წმ. ირინეოსი გასაოცარი სიცხადით და სიღრმით გადმოსცემს მოციქულთა სწავლებას ღმერთზე, ცხონებაზე, გამოსყიდვაზე და ადამიანის აღდგომაზე, ევქარისტიაზე და სამყაროს უკანასკნელ ხვედრზე. მისი სახით ჩვენ ვხედავთ ეკლესიის იდეის, მისი დანიშნულებისა და მისდამი კუთვნილების აუცილებლობის ყველაზე მკაფიოდ დამცველს. განსაკუთრებულად ღირებულია წმ. ირინეოსის თხზულებათა ეგზეგეტიკური მხარე, რომელსაც მოცემულ გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: დაზუსტდა და შეივსო წმ. წერილის დამოწმებანი, შედგენილ იქნა ბიბლიური ციტატების ცნობარი წმ. ირინეოსის თხზულებათა მიხედვით.
წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს უფლის, მოციქულთა და ეკლესიის სარწმუნოების მტკიცე საფუძველი და ცხონების წყარო ცხოველ წყაროთაგან შესვას.
Источник: Против ересей. Доказательство апостольской проповеди / священномученик Ириней Лионский. (пер. прот. П. Преображенского, Н.И. Сагарды) - СПб.: Издательство Олега Абышко, 2008. - 672 с. - (Библиотека христианской мысли. Источники). ISBN 978-5-9033525-22-5.

წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.)
წიგნი პირველი
წინათქმა
1. ზოგიერთები, უარყოფენ რა ჭეშმარიტებას, შემოაქვთ ცრუ სწავლებები, "არაკები თუ გვარტომობის დაუსრულებელი ამბები", რომლებიც, როგორც მოციქული ამბობს, "უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით" (1 ტიმ. 1:4); კეთილსახოვნებით მზაკვრულად შემოსილნი აცთუნებენ მარტივთა გონებას და ატყვევებენ მათ, ამახინჯებენ უფლის გამონათქვამებს და ცუდად განმარტავენ მას, რაც კარგად იყო ნათქვამი; ცოდნის სახელით რყვნიან მრავალთ და განაშორებენ უფალსა და სამყაროს შემოქმედს, თითქოსდა მათ შეეძლოთ უფრო ამაღლებულისა და დიადის ჩვენება, ვიდრე ღმერთია, რომელმაც შექმნა ცა და მიწა და ყოველი, რაც მათშია. ამასთან ისინი სპეციალური სიტყვაკაზმულობით იტაცებენ უბრალო ადამიანებს ცნობისმოყვარეობისკენ, და ამ უკანასკნელთ, რომელთაც სიცრუე ჭეშმარიტებისგან ვერ გაურჩევიათ, ღუპავენ, რადგან აღძრავენ მათში მკრეხელურ და უკეთურ აზრებს შემოქმედის წინააღმდეგ.
2. ცდომილება თავს არ ავლენს თავისი სიშიშვლით რომ არ გამოაშკარავდეს, არამედ, მზაკვრულად იმოსება მომხიბლავი სამოსით და აღწევს იმას, რომ თავისი გარეგნობით გამოუცდელთ საკუთარ თავს ჭეშმარიტებაზე უჭეშმარიტესად მოაჩვენებს. ამგვარ ადამიანებზე ჩემზე უკეთესმა ვინმემ მითხრა, რომ მათ ზურმუხტს მიმსგავსებული შუშა თვით ზურმუხტს ურჩევნიათ, თუკი არავინ არის ისეთი, ვისაც ნაყალბევის აღმოჩენა ძალუძს; ან როდესაც სპილენძს შეურევენ ვერცხლს, ლიტონთაგან ამისი ამოცნობა რომელს ძალუძს?
ამიტომაც, რადგან ცხვრის ქურქში გახვეული მტაცებლების ამოცნობა ძნელია, - რომელთაგან განშორებას გვამცნებდა უფალი, რამეთუ ჩვენს მსგავსად მეტყველებენ, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ, - და ვალენტინეს (როგორც საკუთარ თავს უწოდებენ) მოწაფეთა თხზულებებიც წავიკითხე, მათთან პირადი გასაუბრებისას კი მათი აზროვნების სახე დავინახე, ჩვენი დაუდევრობით ზოგიერთი წარტაცებულ რომ არ იქმნეს, როგორც ცხვრები მგლების მიერ, საჭიროდ ჩავთვალე შენთვისაც მეჩვენებინა, საყვარელო, მათი უღრმესი და უსაშინელესი საიდუმლონი იმ მიზნით, რათა თვითონაც იცოდე და შენთვის ახლობელ ადამიანებსაც ამცნო განერიდონ მათი უაზრობისა და ქრისტეს საწინააღმდეგო მკრეხელობების უფსკრულს, რომელსაც ყოველი ადამიანი როდი შეიმეცნებს, რადგან ყველამ როდი აიღო ხელი საკუთარ ტვინზე.
ამისთვის, რამდენადაც შევძლებ, მოკლედ და გასაგებად გადმოგცემ იმათ აზრს, ვინც სადღეისოდ გარყვნილ სწავლებას ავრცელებს. ესენი არიან პტოლემეოსის მიმდევრები, ვალენტინიანეს სკოლის ამონაყარნი და, ამასთან, რაც ძალი შემწევს წარმოგიდგენ მათ დასამხობ საშუალებებს, მათი სიტყვების უაზრობასა და ჭეშმარიტებასთან მათ შეუთავსებლობასაც გაგიმხელ. მე არ ვფლობ წერის ან სიტყვის ხელოვნებას, მაგრამ სიყვარული მაიძულებს შენ და ყველა შენს ახლობელს გაგიხსნა ის სწავლებები, რომლებიც დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა, ახლა კი ღმრთის წყალობით გამოვიდა სააშკარაოზე. "ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს" (მათე 10:26).
3. მე კელტთა შორის ვცხოვრობ და უმეტესწილად საქმე ბარბაროსულ ენასთან მაქვს, ამიტომ ნურც მეტყველების ხელოვნებას მომთხოვ, რომელიც არ მისწავლია და ნურც მწერლობის უნარს, რომლის შეძენაც არ მიცდია; არ მეხერხება გამოთქმათა სილამაზე და წარმტაცობა უცხოა ჩემთვის. რასაც მოგწერ, მარტივად მოგწერ, ჭეშმარიტებით და ჩვეულებრივი ენით, მაგრამ სიყვარულით, და შენც მას სიყვარულითვე შეიწყნარებ, ხოლო თვითონ, როგორც ჩემზე უფრო ნიჭიერი, ჩემგან მიღებულ მარცვლებს გაამრავლებ, ჩემს მიერ მოკლედ ნათქვამს შენი გონების სივრცელით აღმოაცენებ და ჩემგან უძლურად ნაქადაგებს ძლიერად წარმოუჩენ იმათ, ვისთანაც ურთიერთობ.
ამრიგად, შენი დიდი ხნის სურვილის შესაბამისად, გაგეგო ჩემგან იმ ცრუმოძღვართა შესახებ, ვეცადე არა მარტო გამომეაშკარავებინა ისინი შენთვის, არამედ საშუალებებიც მიმეცა მათი სიცრუის სამხილებლად, და შენც გულმოდგინედ ემსახურე სხვებს ღმრთის მადლით, რომელიც მოგენიჭა უფლისგან, რათა მათმა მომატყუებელმა საუბრებმა ადამიანები არ გაიტაცონ. აი მათი სწავლებებიც:
თავი I
ვალენტინიანელთა სწავლება ეონების შესახებ
1. ისინი ამბობენ, რომ უხილავ და სახელდაუდებელ სიმაღლეებში პირველად არსებობდა რომელიღაც სრულყოფილი ეონი, რომელსაც პირველსაწყისს (Προαρχη), პირველმამას (Προπατωρ) და სიღრმეს (Βυθός) უწოდებენ. ის არის - გარეშემოუწერელი და უხილავი, მარადიული და დაუსაბამო, არსებობდა უთვალავი საუკუნის განმავლობაში უდიადეს სიჩუმესა და სიმშვიდეში. მისი თანამოარსე იყო აზრი (Εννοια), რომელსაც ასევე მადლს (Χαρις) და მდუმარებას (Ειγη) უწოდებენ. ამ სიღრმეს ოდესღაც აზრად მოუვიდა საკუთარი თავისგან წარმოეშვა ყოველ საგანთა საწყისი, და ეს წარმონაქმნი რომლის წარმოშობაც მას აზრად მოუვიდა, ჩაიდო მის თანაარსებულ მდუმარებაში, როგორც თესლი დედის საშოში.
უკანასკნელმა მიიღო რა ეს თესლი, მუცლად იღო და შვა გონება (Νους), რომელიც მსგავსია და თანატოლია თავისი მშობლის და მხოლოდ ის მოიცავს საკუთარ თავში მამის სიდიადეს. ამ გონებას ისინი უწოდებენ მხოლოდშობილს, ასევე მამას და ყოველივეს საწყისს. მასთან ერთადვე იშვა ჭეშმარიტება. აი პირველი და ფუძემდებლური პითაგორასეული ოთხეული, რომელსაც ისინი ყოველივეს ფესვად ხმობენ: კერძოდ სიღრმე და მდუმარება, შემდეგ კი - გონება და ჭეშმარიტება. ხოლო როდესაც მხოლოდშობილმა იგრძნო, თუ რისთვის იყო წარმოშობილი, თვითონაც შვა სიტყვა (Λογος) და სიცოცხლე (Ζωη), მამა ყოველთა, რომლებიც უნდა შობილიყვნენ მის შემდეგ, დასაბამი და წარმომქმნელი მთელი სისრულის (Πληρωμα). ხოლო სიტყვისა და სიცოცხლის შეერთებით (συζυγια) წარმოიშვნენ ადამიანი და ეკლესია. და ეს არის ფუძემდებლური რვიანი (ογδοας), ყოველი საგნის ფესვი და დასაბამი, რომელიც მათთან იწოდება ოთხი სახელით, კერძოდ: სიღრმედ, გონებად, სიტყვად და ადამიანად. რადგან ყოველი მათგანი ერთდროულად არის მამაკაციც და დედაკაციც: ჯერ პირველმამა შეეყო თავის აზრს; ხოლო მხოლოდშობილი, ანუ გონება - ჭეშმარიტებას. სიტყვა - სიცოცხლეს, ადამიანი კი - ეკლესიას.
2. ამ ეონებმა, წარმოშობილებმა მამის დიდებად, ისურვეს თვითონაც განედიდებინათ მამა და თავიანთი შეუღლებით წარმოშვეს ახალი წარმონაქმნები, კერძოდ - სიტყვამ და სიცოცხლემ, ადამიანისა და ეკლესიის წარმოქმნის შემდეგ, წარმოშვეს ათი სხვა ეონი, რომელთაც (ვალენტინიანელები) შემდეგ სახელებს უწოდებენ: სიღრმისეული (Βυθιος) და აღრევა (Μιξις), უბერებელი (Αγηρατος) და ერთიანობა (Ενωσις), თვითნაბადი (Αυτοφυης) და სიამოვნება (Ηδονη), უძრავი (Ακινητος) და თანაგანზავება (Ζυγκρασις), მხოლოდშობილი (Μονογενης) და ნეტარი (Μακαρια). ეს არის ათი ეონი, რომლებიც, მათი (ვალენტინიანელების - "აპოკ." რედ.) თქმით, წარმოიშვნენ სიტყვისა და სიცოცხლისგან. შემდეგ ადამიანმა, ეკლესიასთან ერთად, თვითონაც წარმოშვა თორმეტი ეონი, რომელთაც ასევე შემდეგი სახელებით ხმობენ: ნუგეშისმცემელი (Παρακλητος) და რწმენა (Πιστις), მამისეული (Πατρικος) და იმედი (Ελπις), დედისეული (Μητρικος) და სიყვარული (Αγαπη), მარადიული გონება (Αεινουσ) და გულისხმისყოფა (Ζυυεσις), საეკლესიო (Εκκλησιαστικος) და ნეტარება (Μακαριοτης), სანატრელი (Θηλητος) და სიბრძნე (Σοφια).
3. აი შეცდომილ ადამიანთა ოცდაათი ეონი, რომლებიც იმალებიან მდუმარებაში და არავისთვისაა ცნობილი. აი მათი უხილავი და სულიერი სისავსე (Πληρομα), სამნაწილედად დაყოფილი: რვიანად, ათეულად და თორმეტეულად. ამიტომაცო, ამბობენ, მაცხოვარი (რადგან არ სურთ მას უფალი უწოდონ), ოცდაათი წელი აშკარად არაფერს იქმოდაო, რათა მით ამ ეონების იდუმალებაზე მიანიშნოსო. ასევე ამტკიცებენ, რომ იგავში მუშაკთა შესახებ, რომლებიც ვენახებში იქნენ წარგზავნილნი, საკმაოდ აშკარად არისო მითითება ამ ოცდაათ ეონზე: რადგან ერთნი იგზავნებიან პირველ საათზე, მეორენი - სამზე, სხვები - ექვსზე, კიდევ სხვები - ცხრაზე და ბოლოს - თერთმეტ საათზე (მათე 20:1-16), ჯამში ზემოთხსენებული საათები შეადგენენ რიცხვით ოცდაათს; რადგან ერთი, სამი, ექვსი, ცხრა და თერთმეტი უდრის ოცდაათს; ხოლო საათები, მათი აზრით, ნიშნავენ ეონებს. აი როგორი დიადი, გასაოცარი და გამოუთქმელი საიდუმლოებები შვეს მათ, გამოიყენეს რა და მიუსადაგეს თავიანთ გამონაგონს ყველაფერი, რაც კი სადმე წმიდა წერილში იყო ნათქვამი განსაზღვრულ რიცხვთან დაკავშირებით.
თავი II
სიბრძნის წარუმატებლობა. ქრისტესა და სულიწმიდის წარმოქმნა
1. ისინი ამბობენ: მათი პირველმამა შეიცნობა მხოლოდ მისი მხოლოდშობილისგან, ანუ გონებისგან; ხოლო ყველა სხვა დანარჩენისთვის უხილავი და მიუწვდომელია. და მხოლოდ გონება, მათი თქმით, ტკბებოდა მამის ჭვრეტით, და ხარობდა მისი უსაზღვრო სიდიადით; ამასთანავე მან იზრახა სხვა ეონებიც თანაეზიარებინა მამის სიდიადისთვის, თუ როგორია იგი, რაოდენ დიადია, რაოდენ დაუსაბამოა, დაუტევნელია და მიუწვდომელია შემეცნებისთვის. მაგრამ მდუმარება მამის ნებით აკავებდა გონებას, რადგან მას სურდა ყველა ეონი ეზიარებინა შემეცნებისთვის და აღეძრა მათი მოსურვება გამოეკვლიათ ზემოთნახსენები პირველმამა. მსგავსადვე დანარჩენმა ეონებმაც, თითქოსდა მალულადო, ისურვეს ენახათ მათი მოდგმის წარმომქმნელი და შეემეცნებინათ დაუსაბამო ფესვი.
2. მაგრამ, მათ შორის წამოიწია ერთი ეონი, უკანასკნელი და უმცროსი თორმეტისგან, რომელიც ადამიანისა და ეკლესიისგან იყო წარმოქმნილი, ანუ სიბრძნე; მან ვნება იგრძნო ისე, რომ არ განუცდია თავისი სანუკვარი მეუღლის ჩახუტება; ეს ვნება წარმოიშვა იმ ეონებში, რომლებიც გონებისა და ჭეშმარიტებისგან წარმოიქმნენ, მაგრამ გადავიდა, როგორც ჩანს, სიყვარულით ცდუნებულ, სინამდვილეში კი კადნიერებით აღძრულ ამ ეონზე, რადგან მას არ ჰქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა სრულყოფილ მამასთან, როგორიც აქვს გონებას. ვნება კი მდგომარეობდა სურვილში მიჰყოლოდა მამას, რადგან სიბრძნემ, როგორც ამბობენ, ისურვა მიწვდომოდა მის სიდიადეს. თუმცა, ვერ შეძლო ეს, რადგან შეუდგა შეუძლებელ საქმეს; მამისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მუდმივ წინმსწრაფი, ძლიერ დაიძაბა მამის სიდიადის სიღრმისა და მიუწვდომლობის გამო, და შეიძლებოდა შთანთქმულ ყოფილიყო მამის სიტკბოებაში და გამლღვარიყო საზოგადო არსში, რომ არ წაწყდომოდა გამაძლიერებელ ძალას და ყველაფრის შემკავებელს ამ გამოუთქმელი სიდიადის მიღმა. ამ ძალას ზღვარს (Ορος) უწოდებენ; მან შეაკავა იგი და განამტკიცა; ძლივს დაუბრუნდა რა საკუთარ თავს, რადგან დარწმუნდა, რომ მამა მიუწვდომელი იყო, გადადო ადრინდელი ზრახვა ვნებითურთ, რომელიც მისი ზღვარგადასული გაკვირვებისგან იყო წარმომდგარი.
3. ხოლო ვალენტინიანელთაგან ზოგიერთები ასე მეზღაპრეობენ სიბრძნის გატაცებისა და მისი მოქცევის გამო: თითქოსდა მან იტვირთა მისთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი საქმე, შვა ქალის სქესის ისეთივე უსახური არსება, როგორი ბუნებისაც თვითონვე იყო, და იხილა რა იგი, ჯერ დამწუხრდა ნაშობის არასრულყოფილების გამო, შემდეგ კი შეეშინდა, რათა ამას არ შეეწყვიტა მისი საკუთარი ყოფიერება; შიშით გაოგნებული ეძიებდა ამის მიზეზსა და მეთოდს, თუ როგორ დაემალა მომხდარი. დიდხანს იყო რა ამ მტანჯველ ყოფაში, ის მოექცა, და სცადა მამასთან დაბრუნება; მაგრამ გარკვეული ძალისხმევის შემდეგ დაუძლურდა და შეუვრდა მამას. მასთან ერთად ივედრებოდნენ სხვა ეონებიც, განსაკუთრებით კი გონება. ამიტომაც ამბობენ, რომ ნივთიერების არსმა პირველი საწყისი უმეცრებისგან, მწუხარებისგან, შიშისა და გაკვირვებისგან მიიღო.
4. ყოველივე ამის შემდეგ მხოლოდშობილის მიერ მამა წარმოქმნის ზემოთხსენებულ ზღვარს, - ეონს, რომელიც მამის ხატისაებრ უწყვილოა და უცოლო. რადგან მამას ხან მდუმარებასთან აწყვილებენ, ხან კიდევ ფიქრობენ დააყენონ იგი მამრობითი და მდედრობითი სქესის განსხვავებათა მაღლა. ამ ზღვარს უწოდებენ ჯვარს, გამათავისუფლებელს, განმცალკევებელს, ზღვარდამდებს და წინამძღოლს. ამ ზღვრის მეშვეობით, ამბობენ, განიწმინდაო და განმტკიცდაო სიბრძნე, რომელიც აღდგა თავის წყვილთან. რადგან თვითონ, მისგან ზრახვისა და ვნების განცალკევების შემდეგ, პლირომის შიგნით დარჩა; მაგრამ მისი ზრახვა ვნებითურთ განცალკევებულ და შემოზღუდულ იქნა ზღვრის მიერ, და იმყოფება რა პლირომის მიღმა, თუმც კი სულიერი არსია, როგორც ეონის გარკვეული ბუნებრივი მისწრაფება, მაინც უსახურია, რადგან არაფრის მქონეა. ამიტომაც უწოდებენ მას უძლურსა და ქალურ ნაყოფს.
5. იმის შემდეგ, რაც ის გამოეყო ეონთა პლირომას, მისი დედაც აღდგა თავისსავე შეწყვილებაში. მამის გათვალისწინების თანახმად, მხოლოდშობილმა, რომელიმე ეონთაგანი კვლავ რომ არ ვნებულიყო სიბრძნესავით, პლირომის განსამტკიცებლად წარმოქმნა კიდევ ერთი წყვილი: ქრისტე და სულიწმიდა, რომელთა მიერაც მოწესრიგდნენ ეონები. რამეთუ ქრისტემ დაარიგა ისინი წყვილთა ბუნებასთან დაკავშირებით და ასწავლა მათ საკმარისი ყოფილიყო მათთვის დაუბადებელის ცნობა, და აუწყა ის შემეცნება მამაზე, რომ დაუტევნელია იგი და მიუწვდომელი, რომ შეუძლებელია მისი დანახვა ან მოსმენა, და სხვაგვარად ვერ შეიცნობა, თუ არა ოდენ მხოლოდშობილის მიერ;
ხოლო სხვათა მარადიული ყოფიერების მიზეზი იმაშია, რომ მამის ბუნება მიუწვდომელია, მათი ყოფიერებაში მოყვანა და გამოსახვის მიზეზი კი არის ის, რაც წვდომადია მამაში, ანუ ძე. აი რა მოიმოქმედა ეონებში ახალწარმოშობილმა ქრისტემ.
6. რაც შეეხება სულიწმიდას, მან ყველანი გაათანაბრა ერთმანეთთან და საკუთარ თავთანაც, ასწავლა მადლიერება და მოიყვანა ჭეშმარიტ განსვენებაში. ამიტომაც ასე ამბობენ: ეონები ერთმანეთის თანასწორნი გახდნენო, როგორც ხატისაებრ, ასევე განწყობისაებრ: ყველანი გახდნენ გონებანი, სიტყვანი, კაცნი, და ქრისტენი; მსგავსად ამისა ქალური ეონებიც გახდნენ ჭეშმარიტებანი, ცხოვრებანი, სულნი და ეკლესიანი. როდესაც ყველაფერი ამაზე დაფუძნდა და საბოლოოდ დამშვიდდა, მაშინო, ამბობენ, დიდი სიხარულით უგალობესო მათ პირველმამას, რომელიც ტკბებოდა დიდი სიხარულით. ამ მადლიერების ნიშნად ეონებმა, მთელ პლირომასთან ერთად, ერთსულოვანი მოსურვებითა და გადაწყვეტილებით, ქრისტესა და სულის ნებით, მოიტანეს და ერთად შეჰკრიბეს ყოველივე, რაც კი საუკეთესო გააჩნდა თითოეულ ეონს საკუთარ თავში; და ეს ყველაფერი შეჰკრეს რა მწყობრად და გააერთიანეს გულდასმით, სიღრმის პატივად წარმოშვეს - უსრულყოფილესი სილამაზე და ვარსკვლავი პლირომისა, სრულყოფილი ნაყოფი - იესუ, რომელიც იწოდა მაცხოვრადაც და ქრისტედაც, სიტყვადაც მამისა, და კიდევ ყოველივედ (Παν), რადგან ის არის - ყველასგან. მასთან ერთად საკუთარი თავის პატივსაცემად წარმოშვეს მათ მისი თანამგზავრნი და ერთგვაროვანი ანგელოზნი.
თავი III
წმიდა წერილის ადგილები, რომელსაც იმოწმებდნენ მწვალებლები
1. ასეთი იყო, მათი თქმით, საქმეთა ვითარება პლირომის შიგნით: უბედურება, რომელიც თავს ატყდება ვნებით გატაცებულ ეონს, რომელიც კინაღამ დაიღუპა მამის გამოკვლევის გამო; ამ ეონს აკავებს ზღვარი, ჯვარი, გამათავისუფლებელი, განმცალკევებელი, ზღვარდამდები და წინამძღოლი; ეონთა შემდეგ ჩნდება პირველი ქრისტე და სულიწმიდა, რომლებიც მამამ წარმოშვა სიბრძნის სინანულის შედეგად, და შედგენილი და კრებითი აგებულების მქონე მეორე ქრისტე, რომელსაც მაცხოვარს უწოდებენ. მაგრამო, ამბობენ, ეს ყოველივე ითქვა საიდუმლოდ, რადგან ყველანი როდი იტევენ ცოდნას, და მაცხოვარმა იგავურად გადმოსცა მათ, ვისაც ამ სიბრძნის დატევნა ძალუძს, კერძოდ ასე: ოცდაათი ეონით, როგორც ადრევე ვთქვით, მითითებულია ოცდაათი წელი, რომელშიც, მათი აზრით, მაცხოვარს ცხადად არაფერი გაუკეთებია, და ასევე მითითებულიაო იგავით მევენახეებზე. ამბობენ, პავლეც მრავალგზის და საკმაოდ ცხადად ასახელებსო ამ ეონებს, მეტიც დაიცვა მათი მწყობრიც, როდესაც ბრძანა: "... ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე" (ეფეს. 3:21). და ჩვენც, როდესაც მადლობისას ვამბობთ "უკუნითი უკუნისამდე", ამავე ეონებზე მივუთითებთ. და სადაც კი გამოყენებულია სიტყვები "საუკუნე" ან "საუკუნეები" ისინი ყველგან ამ ეონებზე მითითებებს გულისხმობენ.
2. ხოლო თორმეტი ეონის წარმოქმნა მითითებულიაო მით, რომ უფალი, როდესაც თორმეტი წლისა იყო, ელაპარაკო სჯულის მოძღვრებს (ლუკა 2:42, 46) და მოციქულთა არჩევითაც, რადგან მოციქულთა რაოდენობაც თორმეტია. ხოლო დანარჩენი თვრამეტი ეონი მითითებულია მასში, რომ უფალი, თავის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მოწაფეებისვე თქმით, თვრამეტი თვე (1) დაჰყო მათთან (საქმე 1:3).
________________
1. წმიდა წერილის ამ ადგილშია - "ორმოცი დღე". - რედ.
________________
გარდა ამისა მისი სახელის ორი მთავრული ასოებით, ანუ იოტათი (ι) და იტათი (η), ნათლად არისო მითითებული თვრამეტი ეონი. ზუსტად ასევე, ამბობენ, უფლის სახელის პირველი ასო იოტა (ι) ნიშნავსო ათ ეონს; რის გამოც თითქოსდა ამიტომ უთქვამს მაცხოვარს: "... ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მთ. 5:18).
3. მეთორმეტე ეონში გაჩენილი ვნება, ამბობენ, ნიშნავს იუდას განდგომას, რომელიც მეთორმეტე იყო მოციქულთა შორის, და კიდევ იმით, რომ უფალი ევნო მეთორმეტე თვეს; რადგან, მათი აზრით, ის თავისი ნათლისღების შემდეგ ერთი წელი ქადაგებდა. ამაზე საკმაოდ ნათლად უთითებსო სისხლმდინარე ქალიც, რადგან თორმეწლიანი ტანჯვის შემდეგ ის განიკურნა, როდესაც შეეხო მაცხოვრის ტანისამოსის კიდეს, და ამიტომაც თქვაო მაცხოვარმა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსს?" (მკ. 5:31), რითაც თავის მოწაფეებს ასწავლა ეონებში მომხდარი საიდუმლოც და დაზიანებული ეონის განკურნების შესახებაც მიანიშნა. რადგან თორმეტწლიანი ტანჯვა იმ ძალას აღნიშნავს: მისი არსება უსასრულოდ განივრცობოდა და იღვრებოდა და საერთო არსში გაითქვიფებოდა რომ არ შეხებოდა ძის სამოსს, ანუ პირველი ოთხეულის ჭეშმარიტებას, რომელიც მიენიშნება კიდით. მაგრამ შეუჩერდა მას სისხლდენა და გათავისუფლდა ტანჯვისგან; რადგან ძალამ, რომელიც ქრისტესგან გამოვიდა, - ხოლო ეს ძალა, მათი აზრით, არის ზღვარი, - განკურნა იგი, და ტანჯვა ჩამოშორდა მას.
4. ხოლო მაცხოვარი, რომელიც ყველასგან შედგება და არის ყველაფერი (το παν), – ესო, ამბობენ, ნაჩვენებიაო სიტყვებით: "საშოს ამხსნელი ყოველი (παν) წული უფლის წმიდად იწოდებაო" (ლკ 2:23; გამ. 13:2). მან, იყო რა ყოველივე, გახსნა პლირომის გარეთ განდევნილი და ვნებული ზრახვის საშო, რომელსაც მეორე რვიანსაც უწოდებენ; მის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით. ამიტომაცო, ამბობენ, პავლემ ნათლად თქვაო: "ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში" (კოლ. 3:11). და კიდევ: "მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი" (რომ. 11:36), და კვლავ: "მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება" (კოლას. 2:9); და ასევე სიტყვებში: "თავი მოეყარა ქრისტეში" (ეფეს. 1:10). ასე განმარტავენ ისინი ამ და სხვა მსგავს სიტყვებს.
5. შემდეგ მათ მიერ აღიარებული ზღვრის შესახებ, რომელსაც კიდევ სხვა მრავალ სახელებს უწოდებენ, ამტკიცებენ, რომ მას გააჩნია საქმიანობის ორი სახე: შემკვრელი და გამაცალკევებელი; და რადგან ის იძლევა სიმტკიცესა და სიმყარეს, ის ჯვარია, ხოლო რადგან განყოფს და ზღუდავს, - ზღვარია. და მაცხოვარიც, ამბობენ, უთითებდაო ზღვრის საქმიანობაზე: პირველად მის შემკვრელ ძალზე სიტყვებით: "ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე" (ლკ. 14:27); და "მოდი და გამომყევ მე" (მკ. 10:21); ხოლო განმყოფ ძალაზე სიტყვებში: "მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა" (მთ. 10:34). იოანემაცო, ამბობენ, იგივე განაცხადაო, როდესაც თქვა: "მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს" (იხ. ლკ. 3:16-17), და ამით აჩვენაო ზღვრის საქმე. რადგან, არნადი, მათი განმარტებით, არის ჯვარი, რომელიც ამასთან აღხოცავს ყოველივე ნივთიერს, როგორც ცეცხლი თივას, ცხონებულთ კი განწმენდს, როგორც არნადის (ტარიანი ფიცარი - "აპოკ". რედ.) ფრთე გაუნიავებს ხორბალს. და თვით მოციქული პავლე, ამბობენ ისინი, ამ ჯვარს ასე ახსენებს: "ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა" (1 კორინთ. 1:18); და კიდევ: "ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის" (გალატ. 6:14).
6. ასე ამბობენ ისინი თავიანთი პლირომისა და სამყაროს წარმოქმნის შესახებ, და ცდილობენ ბრწყინვალე გამონათქვამები მიუსადაგონ თავიანთ ბოროტ გამოგონებებს. უკუღმართი და არაკეთილსინდისიერი განმარტებებით ისინი ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ შეადგინონ მტკიცებულებანი არა მარტო სახარებებისა და მოციქულების სიტყვებისგან, არამედ სჯულისა და წინასწარმეტყველებებისგანაც; რადგან ისინი მრავალ იგავსა და მეტაფორულ გამოთქმას შეიცავენ, რომლებიც შესაძლოა ბევრ სხვადასხვა რამეს აღნიშნავდეს, ისინი , ზოგჯერ დიდი ძალდატანებითა და მზაკვარებით, მიუსადაგებენ ხოლმე მათ თავიანთ გამონაგონს, და მით ჭეშმარიტებისგან განდრეკენ იმათ, ვისაც მტკიცედ არ სწამს ერთი მამა ღმერთი ყოვლისმპყრობელი და ერთი ძე ღმრთისა, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე.
თავი IV
ახამოთი და ხილული სამყაროს წარმოშობა
ხოლო იმის შესახებ, რაც პლირომის გარეთაა, ისინი ამბობენ: ზენა სიბრძნის ზრახვა, რომელსაც ისინი ახამოთსაც უწოდებენ, ვნებითურთ გამოცალკევდა რა პლირომისგან, გარდაუვალობით, ბნელ და ცარიელ ადგილებში ძლიერ აღიძრა: როგორც მოწყვეტილი ნათელსა და პლირომას და არაფრის მქონე, ნაბუშარივით უსახური იყო.
მაგრამ ზენა ქრისტემ (ეონთაგან ერთ ერთმა) შეიწყალა იგი და, განავრცო რა ზღვარზე, რომელსაც ასევე ჯვარს უწოდებენ, მისცა სახე მხოლოდ არსისამებრ და არა ცოდნისამებრ, შემდეგ კი დატოვა იგი პლირომის გარეთ, თვითონ კი აიღო თავისი ძალა, რათა მიტოვებულს ეგრძნო თავისი ტანჯვა პლირომისგან გამიჯვნის გამო, ესურვა უაღმატებულესი და, ამასთანავე, საკუთარ თავში ჰქონოდა სურნელი უკვდავებისა, რომელიც მასში ქრისტემ და სულიწმიდამ დატოვეს; ამიტომაც იწოდება ის ორივე სახელწოდებით: სიბრძნედაც, მამის სახელის მიხედვით, რადგან მისი მამა სიბრძნედ იწოდება, - და სულიწმიდადაც ქრისტეს სულის შესაბამისად.
იმის შემდეგ, რაც მიიღო სახე და უნარი გულისხმისყოფისა, თუმცა იმთავითვე დარჩა მისთვის უხილავად თანმყოფი სიტყვის, ანუ ქრისტეს გარეშე, თავისი დამტოვებელი ნათლის ძიებას შეუდგა, თუმცა ვერ მიეწია მას, რადგან ზღვარი ეღობებოდა. ამასთან, როგორც ამტკიცებენ, ზღვარმა, აუკრძალა რა ზრახვას წინსწრაფობა, გამოთქვა: იაო, რისგანაც წარმოიშვა შემდეგ სახელი იაო.
ზღვრის გადაულახავობის გამო ის მარტო დარჩა მასში გადაწნულ ვნებასთან და დაექვემდებარა ყოველგვარ ტანჯვას, - რადგან ის მრავალგვარი და მრავალსახოვანია; ჯერ-ერთი, ის იტანჯებოდა სევდით იმის გამო, რომ სასურველს ვერ მიაღწია, ასევე შიშით, რათა ნათლის მსგავსად სიცოცხლესაც არ მიეტოვებინა იგი, და ამასთან კიდევ - შეცბუნებით; ეს ყველაფერი კი უმეცრებასთან იყო შერწყმული; ოღონდ ზრახვა ვნებათა გამო არ დაქვემდებარებია მხოლოდ ზოგიერთ ცვლილებას, როგორც ეონი, მისი დედა რომ იყო, ანუ პირველდაწყებითი სიბრძნე, არამედ გააჩნდა სრულიად საპირისპირო ბუნება. მასში წარმოიშვა კიდევ სხვა განწყობა, კერძოდ, განწყობა მიემართა იმისთვის, ვინც მას სიცოცხლე უბოძა.
2. ასეთი ყოფილა, როგორც (მწვალებლები) ამბობენ, ნივთიერების წარმოშობა და არსი, რისგანაც შედგება ეს სამყარო: იმ მოქცევისგან მიიღო წარმომავლობა ყოველმა მშვინვამ, როგორც სამყაროსი, ასევე დემიურგისაც; შიშისა და სევდისგან კი წარმომავლობა მიიღო ყოველივე დანარჩენმა. კერძოდ: ცრემლებისგან წარმოიშვა ყოველი ნოტიო არსი, სიცილისგან - ყოველი მანათობელი არსი; სევდისა და შეცბუნებისგან - სამყაროს მატერიალური სტიქიები. რადგან, როგორც ამბობენ, ის ტიროდა და წუხდა იმაზედ, რომ ერთ დროს სიბნელესა და სიცარიელეში ჩარჩა, და ხარობდა და იცინოდა, როდესაც მის აზრს მისი დამტოვებელი ნათელი ეწვეოდა, მაგრამ შემდეგ კვლავ შიში, ზოგჯერ კი გაკვირვება და შეცბუნება მოიცავდა,.
3. რა მოხდა შემდეგ? აქ გამოდის არანაკლები ტრაგედია, რადგან ყოველი მათგანი თავისი ფანტაზიით, ერთნი ასე, სხვები სხვაგვარად, დიდმნიშვნელოვნად განმარტავენ, რომელი ვნებიდან თუ სტიქიიდან რომელმა არსმა მიიღო სათავე. და, როგორც ვფიქრობ, უმიზეზოდ როდი ცდილობენ ასე აშკარად ამის შესახებ ყველას არ ასწავლონ, არამედ მხოლოდ მათ, ვისაც ამგვარი საიდუმლოებებისთვის დიდი საფასურის გადახდა ძალუძთ. ეს სწავლებები არ ჰგვანან იმას, რომელთა შესახებაც ჩვენმა უფალმა ბრძანა: "უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მთ. 10:8). ესენი კი პირიქით - გააჩნიათ უცნაური საიდუმლონი, ამაზრზენნი და იდუმალნი, რომლებიც დიდი შრომა-ჯაფის შემდეგ ხდება მისაწვდომი სიცრუის მოყვარულთათვის. ვინ არ გახარჯავს თავის ქონებას, რათა შეიტყოს, რომ ვნებიანი ეონის ზრახვის ცრემლებისგან მიიღეს დასაბამი ზღვებმა, წყაროებმა, მდინარეებმა და ყოველმა ნოტიო არსმა, ხოლო სიცილისგან გაჩნდა ნათელი, გაკვირვებისგან და შეცბუნებისგან კი სამყაროს სხვა სტიქიები?
4. თუმცა, მეც რამეს დავამატებდი მათ სწავლებას, რადგან ვხედავ, რომ წყალთაგან ზოგიერთნი, მაგალითად: თავწყარონი, მდინარეები, წვიმები და მათი მსგავსი წყლები, მტკნარია, ხოლო ზღვის წყლები - მარილიანი, ამიტომაც, მეძლევა აზრი, რომ ყველა მათგანი ზრახვის ცრემლებიდან ხომ არ იღებენ დასაბამს, რადგან ცრემლი თავისი თვისებით მარილიანია.
ამიტომაც, აშკარაა, რომ მხოლოდ მარილიანი წყლები წარმოიქმნენ მისი ცრემლებისგან. მაგრამ, სავარაუდოდ, დიდ ჭმუნვასა და ჭირვებაში მყოფი ზრახვა ოფლსაც ღვრიდა. ამიტომ მათი ვარაუდით უნდა დავუშვათ, რომ თავწყარონი, მდინარეები და სხვა მტკნარი წყლები მისი ცრემლებიდან არ წარმოქმნილან. რამეთუ დაუჯერებელია, მარილიანი და მტკნარი წყლები წარმომდგარიყვნენ ცრემლებისგან, თუკი ცრემლის თვისება არის მხოლოდ ერთგვაროვანი. უფრო სავარაუდოა, რომ პირველნი - არიან ცრემლთაგან, მეორენი კი - ოფლისგან. ხოლო რადგან სამყაროში არის კიდევ თბილი და მწარე წყლები, უნდა გესმოდეს, რომელი მოქმედების და რომელი ნაწილის მიერ არის გამოშვებული ეს წყლები. ასეთი დასკვნები სრულ თანხმობაშია მათ ვარაუდებთან.
5. როდესაც ამგვარი სახით ახამოთმა გადალახა ყოველგვარი ვნება, და ძლივს გათავისუფლდა მათგან, მან, როგორც ამბობენ, ილოცა მისი მიმტოვებელი ნათლის, ანუ ქრისტესადმი, რომელიც, პლირომაში ავიდა, მაგრამ კვლავ მისგან ჩამოსვლა დაეზარა და გამოუგზავნა მას პარაკლიტი, ანუ მაცხოვარი, რადგან მამამ მას ყველაფერი დაუმორჩილა და მისცა ყოველგვარი ძალი. ასე მოიქცნენ ეონებიც, რათა "მით შექმნილიყო ყოველი არსი, ხილული და უხილავი, საყდარნი, ღვთაებანი და უფლებანი".
ხოლო მას ეგზავნება მაცხოვარი თავისი მანათობელი ანგელოზებითურთ. როგორც ამბობენ, ახამოთს შერცხვა მისი და თავიდან მორიდების გამო შეიმოსა, შემდეგ კი, როდესაც იხილა იგი ყველა მისი ნიჭითურთ, მისი გამოჩენით გამხნევებული გაეშურა მისკენ, და მანაც მისცა ახამოთს შეფარდებითი ცოდნის ხატი და ვნებათაგან განკურნა იგი. შემდეგ განაცალკევა ისინი მისგან, მაგრამ უგულისყუროდ როდი დატოვა (რადგან შეუძლებელი იყო მათი სრული მოსპობა, პირველდედის ვნებათა მსგავსად, რამეთუ ისინი უკვე ძალას იყვნენ შერწყმულნი). პირიქით, განსაკუთრებულად გამოაცალკევა ისინი, შეაერთა, შეამჭიდროვა, და უხორცო ვნებით არაორგანიზებულ ნივთიერებებად გარდააქცია; შემდეგ კი მისცა უნარი და თვისება შესულიყვნენ და შერეოდნენ სხეულებს, რის გამოც გაჩნდა ორი არსი: პირველი ავი - ვნებათა გამო, და მეორე, - მოქცევის გამო ტანჯვას დაქვემდებარებული. ახამოთი, მათი სწავლებით, გათავისუფლდა რა ვნებათაგან, სიხარულით ათვალიერებდა მასთან მყოფ ნათელთ, ანუ მაცხოვართან ერთად გაბრწყინებულ ანგელოზებს, და მათთან შეერთებით მათივე ხატისაებრ შვა სულიერი ნაყოფები.
თავი V
დემიურგის წარმოშობა
1. ამრიგად, ვალენტინიანელთა თქმით, წარმოიშვა ყოფიერების ეს სამი მოდგმა, - ერთი ვნებისგან, ანუ ნივთიერება, სხვა მოქცევისგან, ანუ მშვინვიერი, და მესამე, სულიერი, რომელიც თვით ახამოთმა წარმოშვა; მაშინ ის მათ წარმოშობას მიუბრუნდა. მაგრამ სულიერად წარმოშობა ვერ შეძლო, რადგან ის ერთი თანაარსისა იყო მასთან; ამიტომ მშვინვიერი არსის წარმოშობას შეუდგა, რომელიც მისი მოქცევისგან აღმოცენდა, და მაცხოვრის დარიგებანი წარმოშვა. ამბობენ, რომ თავიდან მან მშვინვიერი არსისგან მამა და ყოველ არსებათა მეფე შექმნა, როგორც თანაარსნი მასთან, ანუ მშვინვიერნი, რასაც ისინი უწოდებენ მარჯვენას, და ასევე წარმოქმნილნი ვნებისა და ნივთიერებისგან, რასაც უწოდებენ მარცხენას. რადგან, როგორც ამბობენ, ყველაფერი, რაც მის შემდეგაა, მან წარმოშვა უხილავად ამოძრავებული დედისგან, რის გამოც მას დედ-მამასაც (Μητροπατωρ) უწოდებენ, უმამოსაც (Аπατωρ), დემიურგსაც (Δημιουργος), და მამასაც, და ამბობენ, რომ ის არის მამა მარჯვენისა, ანუ მშვინვიერისა, და გამჩენი მარცხენისა, ანუ ნივთიერისა, საზოგადოდ კი მეფე ყოველთა. რადგან ამბობენ, რომ ამ ზრახვამ, სურდა რა ყოველივე ექმნა ეონთა პატივსაცემად, შექმნა მათი მსგავსებანი, ანუ უმჯობესია ვთქვათ, ზრახვის მეშვეობით შექმნა მაცხოვარი. და ის უცნობლად იყო დაცული დემიურგისთვის უხილავი მამის ხატად, ხოლო დემიურგი შეიქმნა მხოლოდშობილი ძის ხატად, სხვა ეონთა ხატად კი შეიქმნენ - მთავარანგელოზები და ანგელოზები, რომლებმაც ყოფიერება მიიღეს დემიურგისგან.
2. ამიტომაცო, ამბობენ, იყო რაო ყოველივე მშვივნიერი და ნივთიერის შემოქმედი, გახდა კიდევაც ღმერთი და მამა ყოველივესი, რაც კი პლირომის გარეთაა; რადგან შეაერთა ორი არსი და უსხეულოსგან სხეულები წარმოშვა, შექმნა ზეციერი და მიწიერი; გახდა ნივთიერისა და მშვინვიერის, მარჯვენისა და მარცხენის, მსუბუქისა და მძიმის, ზეაღმავალისა და ქვედაღმავალის აღმომაცენებელი. მან განამზადა შვიდი ცა, რომელთა ზემოთ, მათი თქმით, დემიურგია, და ამიტომაც უწოდებენ მას შვიდეულს, ხოლო მის დედას ახამოთს რვიანს, რომელიც ინარჩუნებს პლირომის დასაბამმშობელობისა და პირველი რვიანის რიცხვს. შვიდი ცის შესახებ კი ამბობენ, რომ ისინი გონიერი ანგელოზები არიან; და თვით დემიურგიც ანგელოზია, მაგრამ ღმრთის მსგავსი, ისევე როგორც სამოთხის შესახებ, რომელიც მესამე ცაზე მაღლაა, ამტკიცებენ, რომ ის ძალით მეოთხე მთავარანგელოზია, და მისგან მიიღო მასში მცხოვრებმა ადამმა ზოგიერთი თვისება.
3. მათი თქმით, დემიურგი თუმც ფიქრობდა, რომ ეს თავისთავად შექმნა, სინამდვილეში ის ყოველივეს ახამოთის შეწევნით ქმნიდა. მან შექმნა ცა ისე, რომ არ იცოდა რა იყო ცა; შექმნა ადამიანი ისე, რომ არ იცოდა რას წარმოადგენდა ადამიანი; ქვეყნად გააჩინა მიწა ისე, რომ არ იცოდა, რა იყო მიწა; ასევე ყველაფერზე ამბობენ, რომ მან არ იცოდა იმისი იდეა, რასაც ქმნიდა, არ იცოდა თვით დედაც, და ფიქრობდა, რომ ეს ყვეალფერი - მან თვითონ შექმნა. ამგვარი ფიქრის მიზეზი, მათი თქმით, იყო მისი დედა, რომელმაც ისურვა წარმოეჩინა ის ასეთად, რათა ყოფილიყო საკუთარი არსის მეთაური, და საწყისი და უფალი ყოველი სახის მოქმედებისა. ხოლო ამ დედას უწოდებენ რვიანსაც და სიბრძნესაც, მიწასაც და იერუსალიმსაც, წმიდა სულსაც და უფალსაც მამრობით სქესში; ხოლო ადგილი მას შუაში უპყრია: დემიურგზე მაღლა, მაგრამ პლირომაზე ქვემოთ და მის გარეთ, ვიდრე დასასრულამდე.
4. ამრიგად, მათი (ანუ, ვალენტიანელების - "აპოკ."რედ.) თქმით, რადგან ნივთიერი არსი წარმოიშვა სამი ვნებისგან: შიშისგან, სევდისგან და შეცბუნებისგან, ფიქრობენ, რომ მშვინვიერი წარმოსდგა შიშიდა და მოქცევისგან, და სწორედ მოქცევისგან წარმოშობენ დემიურგს, ხოლო შიშისგან - ყველა სხვა დანარჩენ გასულიერებულ არსებებს, როგორც პირუტყვთა მშვინვას, ასევე ადამიანებისასაც. ამიტომაცო, ამბობენ, დემიურგი, იყო რა უუნარო რაიმე სულიერის შემეცნებისა, ფიქრობდა, რომ ის თვითონ არის ღმერთი, და წინასწარმეტყველთა მიერ განაცხადა: "მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ" (ეს. 45:5-6; 46:9). შემდეგ ისინი ასწავლიან, რომ სევდისგან წარმოიშვნენ ბოროტი სულები; აქედან მიიღო ყოფიერება ეშმაკმა, რომელსაც ისინი ქვეყნისმპყრობელსაც უწოდებენ, დემონებმა, ანგელოზებმა და ყოველგვარმა ბოროტმა არსებამ. და თუმც დემიურგს ისინი მათი დედის ძეს უწოდებენ, ხოლო ქვეყნისმპყრობელს - დემიურქის ქმნილებას, ამბობენ, რომ ქვეყნისმპყრობელმა იცის, რაც მასზე მაღლაა, რადგან ის ბოროტების სულია, ხოლო დემიურგმა, როგორც მშვინვიერმა, არ იცის. მათივე თქმით, მათი დედა ცისქვეშეთში ბინადრობს, ანუ შუაში, ხოლო დემიურგი - ზეცად, ანუ შვიდეულში, ქვეყნისმპყრობელი კი - ჩვენს სამყაროშია. სამყაროს სხეულებრივი სტიქიები, როგორც ადრეც ვთქვით, წარმოიშვნენ ძრწოლისა და არევ-დარევისგან, როგორც უფრო უმნიშვნელოსგან; კერძოდ: დედამიწა შიშის ზარისგან, წყალი მოძრაობისგან, რომელსაც შიში წარმოშობს, ჰაერი სევდის შესქელებისგან; ხოლო ცეცხლი, რომელიც წარმოშობს სიკვდილსა და ხრწნილებას, ყველასთვის დამახასიათებელია ისევე, როგორც უმეცრება, და მათი სწავლებით, იმ სამ ვნებაში იმალება.
5. ქვეყნიერების შემოქმედმა (დემიურგმა) შექმნა მიწიერი ადამიანი, აიღო რა არა ამ მშრალი მიწისგან, არამედ უხილავი არსისგან, - დაღვრილი და გამდინარე ნივთიერებისგან, და მასში მშვინვიერი ადამიანი შთაბერა. და ეს - ადამიანი, შექმნილია ხატისაებრ და მსგავსებისაებრ: ხატისაებრ ის ნივთიერია და ახლოსაა, მაგრამ არა ერთარსია ღმრთისა; ხოლო მსგავსებისაებრ მშვინვიერია, რის გამოც მისი არსი სიცოცხლის სულად იწოდება, რომელიც სულიერი მდინარებისგან წარმოიშვა. ყოველივეს შემდეგ, მათი თქმით, (დემიურგმა) ის ტყავის შესამოსელით შემოსა, რომელშიც ისინი - ამ გრძნობისმიერ ხორცს გულისხმობენ.
6. შემდეგ ამბობენ, რომ დემიურგმა არ იცოდა თავის დედის ახამოთის ნაშობის შესახებ, რომელიც მან მაცხოვრის გარემომცველი ანგელოზების ჭვრეტისგან გააჩინა, და რომელიც, როგორც დედის ერთარსი, ასევე სულიერი არსისაა: ის მასში საიდუმლოდ ჩაიდო ისე, რომ თვითონაც არაფერი უწყოდა, რათა, შემდგომ მისი მეშვეობით ჩათესილიყო მისგან მომდინარე მშვინვაში და, როგორც მუცელში ჩადებული ეს ნივთიერი სხეული, აღზრდილიყო მათში, რათა დროთა განმავლობაში შემძლე ყოფილიყო სრულყოფილი გონების მიღებისა.
ამრიგად, მათი თქმით, გამოუთქმელი განგებით, ისე რომ დემიურგმა არ იცოდა, მის მონაბერთან ერთად სიბრძნემ სულიერი ადამიანი დათესა: რამეთუ (დემიურგმა) არ იცოდა, როგორც დედა, ასევე მისი თესლი, რომელიც თავისთავად, როგორც ისინი ამბობენ, არის ეკლესია, ხატი ზეციური ეკლესიისა. ასე წარმოუდგენიათ მათ საკუთარ თავში ადამიანი, - მშვინვა მიღებული აქვთ დემიურგისგან, სხეული მტვრისგან, ხორცი ნივთიერებისგან, ხოლო სულიერი ადამიანი ახამოთის დედისგან.
გაგრძელება იქნება
წყარო: Против ересей. Доказательство апостольской проповеди / священномученик Ириней Лионский (пер. прот. П. Преображенского, Н. И. Сагарды) - СПб.: 2008.
ქართული თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2022, ივლისი.