სწავლანი > ანტიერეტიკონი
სიბრიყვის ენციკლოპედია
(ცრურწმენების კრებული, ანუ იმის შესახებ, თუ რისი არ უნდა გვჯეროდეს)
თანამედროვე არაეკლესიური ადამიანი, უკვე, როგორც წესი, გამსჭვალულია ყოველგვარი ცრურწმენებით. ხშირად, ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში, თუ ნათლობამდე ჯეროვნად არ იყო განსწავლული (კატეხიზირებული), ის ეკლესიის ზღურბლს ამ თავის შეხედულებებთან ერთად გადადის და ეკლესიაში თავისი არასწორი შეხედულებები შეაქვს. მაგრამ, მას "შიგნიდანაც" ხვდება ახალი, უკვე "შიდასაეკლესიო" ცრურწმენები. ისინი ერთმანეთს გამსჭვალავენ, უფრო და უფრო იპყრობენ მორწმუნის გონებას და სავალალო შედეგებამდე მიჰყავთ ისიც და ამგვარ "მორწმუნეთა" გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანებიც.
ასეთ "ეკლესიურ" სიბნელეს კარგი არაფერი მოაქვს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მრავალი ცრურწმენიდან აგვეღო ყველაზე გავრცელებული რიტუალები და შეხედულებები, რათა გაგვეფრთხილებინა მორწმუნენი - არ დაუჯერონ ასეთ ვითომცდა "ღვთისმოშიშ" ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცრუ და მწვალებლური (ზოჯგერ ოკულტური) ფილოსოფიითა და წესებით წამლავენ გულუბრყვილო და ღვთისმოშიშ ქრისტიანებს.
"იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტრე 5:8).
საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია.
მაშ, ასე, გთავაზობთ ყველაზე მოარულ და გავრცელებულ ცრუ სწავლებებსა და რიტუალებს. ნუ დაუჯერებთ მათ მქადაგებლებს და ნუ აღასრულებთ მათ.
***
1. არ შეიძლება სიწმიდესთან ორ ორად მისვლა (მაგ. ხატთან ან წმინდანის უხრწნელ ნაწილებთან), მადლი გაიყოფა. ამბობენ, თითქოსდა მადლი ადამიანს მიეწოდება ენერგიის განსაზღვრული რაოდენობით, კვანტობით; თუ ადამიანი მადლს გაჰყოფს, მაშინ ის მოაკლდება მადლის სრულ ულუფას და მიიღებს მას არასაკმარისი რაოდენობით, ვთქვათ 1/2-ით ან 1/3-ით და ა.შ. - სისულელე!
2. ზიარების შემდეგ არ შეიძლება დაბანა - სისულელე!
3. ზიარების შემდეგ დღის განმავლობაში არ შეიძლება წყლის დალევა მოყუდებით (მაგ.: ბოთლიდან) - სისულელე!
4. სასაფლაოზე აუცილებლად უნდა წახვიდე დღის 12 საათზე, ამბობენ, მაშინ მიცვალებულები დგანან და გელიან. 12:00-ის შემდეგ მიცვალებულთა სულები უკვე აღარ არიან სასაფლაოზე. - სისულელე!
5. საღამოს (განსაკუთრებით მზის ჩასვლის შემდეგ) არ შეიძლება სასაფლაოზე გასვლა, რადგან ამ დროს სასეირნოდ გამოდის სასაფლაოს დემონი - სისულელე!
6. სასაფლაოზე, ახლობელთა საფლავებზე, ზამთრობით გასვლა არ შეიძლება, რადგან ამ დროს მიცვალებულებს "ძინავთ" და "ნუ შეაშფოთებთ". - სისულელე!
7. დედაკაცს შარვლიც ჩაცმა კატეგორიულად ეკრძალება, რადგან ანგელოზი მას იმწამსვე დატოვებს - სისულელე! (1).
1. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: შარვლის ჩაცმა განეკუთვნება ზნეობის საკითხს, მაგრამ სასაცილოა ფიქრი იმაზე, რომ თუ დედაკაცი შარვალს ჩაიცვამს მას ანგელოზი იმწამსვე დატოვებს. მონათლულ ქრისტიანს ანგელოზი არასოდეს ტოვებს, ის ყოველთვის თან დაჰყვება მას და კეთილი საქმეებისკენ მოუწოდებს. მართალია, არსებობს ზოგიერთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ანგელოზები მოშორებით დგანან ცოდვილთაგან, მაგრამ ესეც სულიერად უნდა გავიგოთ, ამით ნაჩვენებია, ცოდვის სისაძაგლე, მისი სიმყრალე. როგორც ჩვენ განვიდრიკებით სიმყრალისგან და მიახლოვებას არ ვცდილობთ, ასევე ანგელოზებიც გვიჩვენებენ, რომ ცოდვა როგორც სიმყრალე სისაძაგლეა მათთვის. ამიტომაც, თუ ადამიანი ეწევა ბიწიერ, ცოდვილ ცხოვრებას, ანგელოზი შორდება მას, რადგან ანგელოზური სიწმიდე და ცოდვის სიბილწე შეუთავსებელია ერთმანეთთან. თუმცა, ცოდვილ ადამიანს ანგელოზი სრულიად როდი ტოვებს. (აქ ჩავსვათ იოანე კიბისაღმწერელიდან, სადაც ერთი წმიდა მამა ეკითხება მისი ანგელოზი შორს დგას თუ ახლოს... ასევე წმ. ანდრია სალოსის ხილვა). განშორდება რა მას ჩვენთვის უხილავი მანძილით, ის აგრძელებს ლოცვას მისთვის, ვინც ანგელოზის მფარველობის ქვეშაა. როდესაც ადამიანი სულიერად იღვიძებს, შეინანებს ცოდვებს და იწყებს თავისი ცხოვრების გამოსწორებას, მფარველი ანგელოზი მას კვლავ მიეახლება.
____________________________________
8. არსებობს "ნათლისღების" და "ღმრთის განცხადების" წყალი, ეს "სხვადასხვა წყლებია" და მათი განზავების დროს სიწმიდის კონცენტრაცია კლებულობს - სისულელე! (2).
____________________________________
2. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: ნათლისღება და ღმრთის განცხადება ერთი და იგივე დღესასწაულია. ამ დღეს (მწუხრის მსახურებაზე) იკურთხება წყალი, ანუ დიდი აიაზმა. 14 აგვისტოს (ძვ. სტ. 1 აგვისტოს) იკურთხება მცირე აიაზმა, მას ასევე აკურთხებენ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე. აიაზმის წყლით განზავება არანაირად არ აკლებს მას სიწმიდეს. პირიქით, თუკი აიაზმის წვეთიც კი უდიდესი განმწმენდელი ძალის მქონეა, როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ წყალში მისი გარკვეული რაოდენობით გაზავება აიაზმას სიწმიდეს მოაკლებს და მადლის "კონცენტრაცია" დაიკლებს. ამგვარი სწავლება არის სისულელე!
____________________________________
9. მამაკაცი ტაძარში უნდა იდგეს მაღალყელიან ჩექმებში და თავდაუბურავად, ხოლო დედაკაცი გრძელ კაბასა და თავსაფრით. ცრურწმენული ახსნა: მადლი მამაკაცზე გადმოდის ზემოდან, გადის დაუბურავ თავში და მაღალყელიანი ჩექმების გამო ვერ ასწრებს გასვლას მისი სხეულიდან, ხოლო ქალებში მადლი ქვემოდან ზემოთ ადის და არ გადის მისი სხეულიდან თავსაფრის გამო. მოკლედ, თურმე მამაკაცში მადლს აკავებს მაღალყელიანი ჩექმები, ხოლო დედაკაცში - თავსაფრები. - სისულელე!
10. მრავალთათვის ღვთისმშობლის ხატები, როგორიცაა "ვლადიმირის", "ყაზანის", "ივერიის ღვთისმშობლის", "ოდიგიტრიას", ან სხვა რომელიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულია. ბებიები ფიქრობენ, რომ "ტიხბინის" ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე მუშაობა არ შეიძლება, ის "ძალიან მკაცრია", ხოლო "პოჩაევის" ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე შეიძლება, ის უფრო "ლმობიერია". - სისულელე! (3).
____________________________________
3. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: ხატის თაყვანისცემა ნიშნავს პირველხატის თაყვანისცემას. ამიტომაც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნებისმიერი ხატის პირველხატი არის ერთადერთი პიროვნება - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ამიტომაც, თქმა იმისა, რომ ესა თუ ის ხატი მკაცრია, სხვა ლმობიერი და ა. შ. არის - სისულელე!
____________________________________
11. არ შეიძლება სანთლის გადაწოდება მარცხენა მხარიდან - უბედურების ნიშანია, ხოლო მარჯვენა მხარიდან - ყველაფერი რიგზეა... - სისულელე!
12. არ შეიძლება სანთლის ანთება სხვა სანთლებიდან, არამედ მხოლოდ კანდლიდან, არ შეიძლება სანთლისთვის სულის შებერვა... - სისულელე!
13. ბინის კურთხევა საჭიროა სანთლით, და ყოველი ოთახისთვის საჭიროა თავისი სანთელი... - უაზრობა!
14. როდესაც სანთელს ანთებ შანდალზე ან რაიმე საგანზე, არ შეიძლება სანთლის ძირის მოლბობა ცეცხლით - ამით ქრისტეს ფეხებს ცეცხლს უნთებ! - სისულელე!
15. ბებიები ირწმუნებიან, რომ ზიარების შემდეგ არ შეიძლება ემთხვიო მღვდლის ხელს (და მით ბაგეები შეიბილწო), ასევე არ შეიძლება ემთხვიო ხატებს, რათა არ დაკარგო მადლი... ხდება ისეც, რომ ზიარების შემდეგ არავის ელაპარაკებიან (ესეც ვითომცდა მადლის დაკარგვის შიშით)... - სისულელე!
16. მიცვალებულს ხელში აუცილებლად ცხვირსახოცი უნდა ჰქონდეს. იმქვეყნად ღმერთი რომ გაუწყრება, მიცვალებული ცრემლებს ამ ცხვირსახოცით მოიწმენდს... - სიბრიყვე!
17. არ შეიძლება ლიმონათის (რუს.: "Лимонад"... დალევა, ეს რუსულად ნიშნავს "Лимон и Ад"...) - სისულელე!
18. არ შეიძლება ჩანგლით ჭამა, დიდი ცოდვაა... ჩანგალი - ეს ეშმაკის იარაღია... - სისულელე!
19. იძლევიან რჩევას "საჯანმრთელო" და "მიცვალებულის" სათხოვარი შეწირულობა ტაძარში მიიტანონ შაბათ საღამოს, რათა ისინი მთელი ღამის განმავლობაში დაიდოს საკურთხეველში - მოსახსენიებელთა სულები იქ შეიკრიბებიან, რაც მათ მეტ შვებას მოუტანს... - სისულელე!
20. ამბობენ, რომ "სარწმუნოების სიმბოლოს" გალობისას პირჯვარი უნდა გადაიწერო ოთხჯერ - არც მეტი, არც ნაკლები! - უაზრობა!
21. პლასტიკატის ბოთლებში არ შეიძლება წმიდა აიაზმის ჩასხმა, რადგან ამგვარ ბოთლებს ხუთქიმიანი ვარკსვლავის ფორმის ფსკერი აქვთ (როგორც ჩანს ასოცირდება პენტაგრამასთან ან ჰექსაგრამასთან) და აიაზმას ძალას დაუკარგავს. - სისულელე!
22. სანთლებით ან ხელით მრევლის კურთხევის შემდეგ, ღვთისმოსავი ბებიები მონდომებით იჭერენ ჰაერს (კმევის შემდეგ - კვამლს). იჭერენ, მუჭში აქცევენ და მერე გულზე იდებენ... კითხვაზე რა ხდება, იძლევიან ასეთ "სერიოზულ" პასუხს: "მადლს იღებ (იჭერ), ხოლო ვინც ეს მადლი ვერ დაიჭირა, ღმერთი მას არ მიუტევებს!" - სისულელე!
23. არ შეიძლება დგომა ზურგით საკურთხევლისკენ - მაშინ ღმერთიც შებრუნდება შენგან, მაქსიმუმ შეიძლება გვერდულად შებრუნდე... - სისულელე!
24. არ შეიძლება ეკლესიიდან გასვლა, როცა სამეუფო კარი ღიაა... - უაზრობა!
25. ბებიების საუბრიდან: "ამასწინათ ქალი გარდაიცვალა, რომელიც მამაკაცთან დაუქორწინებლად ცხოვრობდა და შვილებიც ჰყავდა მისგან. ამიტომაც, 40 დღიანი ვედრებაა საჭირო, 40 კვერცხი უნდა შეიწიროს 40 პანაშვიდზე, მღვდელს 40 ბოთლი კაჰორი (საეკლესიო ღვინო - რედ.) უნდა გადაეცეს, ხოლო ეკლესიაში 40 სანთელი დაინთოს". - სისულელე!
26. ერთმა მონაზონმა საყვედურით განაცხადა, რომ მართლმადიდებლები ტანს ხშირად არ უნდა იბანდნენ. - სირცხვილი!
27. ზოგიერთი მკაცრად ირწმუნება, რომ წესის აგების შემდეგ მინიმუმ 3 დღე ტანს უნდა იბანდე! - სისულელე!
28. ღმრთის სასუფეველში პირველი თუ გინიდა მოხვდე - აუცილებელია ყველაზე ბოლოს ეზიარო... - სისულელე!
29. აუცილებელია ხატებს განსაზღვრული წესით ეამბორო - სხვაგვარად უბედურება არ აგცდება... - სისულელე!
30. ზოგიერთი კიდევ მწეველებს ურჩევს წავიდნენ მოძღვართან და ეშმაკეულის ლოცვა წააკითხონ... სისულელე!
31. ვრცელდება "სიწმიდე", როგორც საფუარი ორცხობილასთვის, რომელიც თითქოსდა მრავალი წლის წინ ჩამოიტანეს იერუსალიმიდან, და აი ის სახლიდან სახლში გადაიცემა როგორც სიწმიდე. საფუარს მოჰყვება "ინსტრუქცია" - როგორ უნდა მოვზილოთ ცომი (მთელი რიტუალია თუ რამდენჯერ უნდა დაატრიალო ხელი მარჯვნივ და მარცხნივ), ასევე მოჰყვება განსაზღვრული რეცეპტი. გარდა ამისა ორცხობილა გარკვეული სახით უნდა შეიჭამოს - მხოლოდ საკუთარ ოჯახში, უცხოების გარეშე, დახურულ კარებს მიღმა და აუცილებლად მდუმარებაში. შემდეგ მოდის პირობა, რომ თუკი ასე გააკეთებთ, სიკეთე შემოგივათ, თუ არა და ცუდი რამ შეგემთხვევათ... სისულელე!
32. ვიღაც ბებიები ამბობენ, რომ თუკი ჯვრის ფუძეში გამოსახულია თავის ქალა, მაშინ ბავშვი, რომელსაც ასეთი ჯვარი მკერდზე დაჰკიდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უბედური იქნება. თუ თავის ქალა არ არის - მაშინ ბედნიერი. და მამაოებმა, თურმე, ამის შესახებ იციან, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან, რადგან არ შეიძლება, რომ ყველანი ბედნიერები იყონ... სისულელე!
33. თუკი ადამიანი იპოვის სხვის ჯვარს და მკერდზე დაიკიდებს, ამ ადამიანის ყველა ცოდვას საკუთარ თავზე აიღებს... სისულელე!
34. ამბობენ: "ეს ძლიერი ხატია, ის აუცილებელია ის სახლში გქონდეს"; ან კიდევ: "ეს ხატი წვავს უარყოფით ენერგიას". "აუცილებელია სახლის შემოსასვლელში "შვიდისრიანი" ხატის განთავსება, ის იცავს ოჯახს". "დაურღვეველი კედელი იცავს სახლს ქურდებისგან". "მე თქვენთან ხატი ვიყიდე, რათა შემეწიოს გამოცდების ჩაბარებაში, მისგან კი უარესი შემემთხვა" ... სისულელე!
35. აუცილებელია დაკვირვება მამაო თავის ხელს ეპიტრაქილის ზემოთ დაადებს მონანულ ქრისტიანზე თუ არა. ასე შეიძლება გავიგოთ ცოდვები მიგეტევა თუ არა... უაზრობა!
36. მანამ, სანამ აღსარებაზე წახვალ, აუცილებლად სანთელი უნდა იყიდო, და მამაოს მისცე, რადგან შემდეგ შენი ცოდვები ამ სანთელზე დაიწვება... უაზრობა!
37. კიდევ გავრცელებულია ასეთი ცრურწმენა, რომ ნათლისღების დღესასწაულზე, ყინულჭრილში ბანაობის დროს მოგეტევება ცოდვები... უაზრობა!
38. გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც აიაზმას შეუძლია შეცვალოს თვით ზიარება... უაზრობა!
39. არსებობს რწმენა, რომ ტყუპების ერთ დღეს ნათლობა არ შეიძლება... უაზრობა!
40. აუცილებლად საჭიროა ბავშვის გადანათვლა, თუკი მისი ერთ-ერთი ნათლია გარდაიცვალა... უაზრობა!
41. არ შეიძლება სახლის ან ბინის კურთხევა, რომელშიც ძაღლი ცხოვრობს. ხოლო თუ ნაკურთხ სახლში ძაღლი შეირბენს, იმ სახლს მადლი შორდება... უაზრობა!
42. ხოლო თუ ძაღლმა ხატების ქვეშ დაიძინა (ხატების კუთხეში), სახლის პატრონი დიდი ხნის განმავლობაში უზიარებლობით უნდა დაისაჯოს... უაზრობა!
43. მთქნარების დროს აუცილებელია პირს ჯვარი გადაწერო, რათა ეშმაკი პირში არ შეძვრეს! (და მართლაც, ქრისტიანთაგან მრავალი მთქნარების დროს პირჯვარს იწერს)... უაზრობა!
44. ერთხელ ერთი ქალი მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში შევიდა და სანთლების მნეს ჰკითხა, თუ როგორ უნდა იქნას აღნიშნული ორმოცი. პასუხად კი მოისმინა: "საჭიროა პურისა და წყლის დადგმა. სული მოფრინდება, ჭამა მოუნდება და აი, ყველაფერი, რას მას სჭირდება მზადაა". როდესაც ქალმა ეს ყველაფერი დიდი ღვთისმოშიშებით მოისმინა, წავიდა, სამრევლოს მნემ კი ხმამაღლა დაიძახა: "ვაჰ, ამ ხალხმა ხომ არაფერი იცის. ყველაფერი უნდა ასწავლო!" ... უაზრობა!
45. თქმულება "სამების სანთელზე": თუკი სამების დღესასწაულზე მთელ მსახურებას ხელში ყვავილთა თაიგულით გაატარებ, ამ თაიგულში კი სანთელს ჩაარჭობ, ეს სანთელი უზარმაზარ ძალას შეიძენს - საჭიროა შემდეგ მიცვალებულს ხელში მისცე ეს "სამების სანთელი" და მაშინ, უფალი, საიქიოში მკვდარს შეიწყალებს და სამოთხეში დაასახლებს... სისულელე!
46. კიდევ ვიღაც ბებიები ასწავლიან, რომ ხატსა და სასანთლეს შორის გავლა - მომაკვდინებელი ცოდვაა"... სისულელე!
47. ასევე დიდი ცოდვაა ფეხი დააბიჯო ხალიჩას, რომელიც მღვდლისთვის არის დაგებული... სისულელე!
48. ნათლისღების საიდუმლოს დროს არსებობს ჩვეულება - ყრმის თმები ჩააწნა სანთელში და ემბაზში ჩააგდო... უაზრობა!
49. პირველდაწყებითი მნიშვნელობა - ეს არის ქრისტეს ქვეშევრდომად თმის აღკვეცა. დღეს ეს მნიშვნელობა დაკარგულია! დღეს ყველა დგას და უყურებს: თუ თმები არ ჩაიძირა, მაშასადამე - ბავშვი იცოცხლებს (არის ასეთი ცრურწმენა), ხოლო თუ თმები ჩაიძირა - მაშინ მას ამ ქვეყნად არ ეცხოვრება. მოცურავე თმებით ამგვარი მკითხაობა ჩვენში ნათლისღების წეს-განგების ერთგვარ გარდაუვალ ნაწილად იქცა... უაზრობა!
50. ბებიები ასევე ასწავლიან, რომ არ შეიძლება მსახურების დატოვება ისე, რომ არ ემთხვიო იმ ჯვარს, რომელიც მღვდელს ამბორისთვის მსახურების ბოლოს გამოაქვს. თუ წახვალ, მაშასადამე მსახურებაზე არც ყოფილხარ... უაზრობა!
51. ბებიებს შორის ასევე გავრცელებულია აპოკრიფული იდეა, რომ ტაძარში შესვლისას ანგელოზი დგას და იწერს, ვინ მოვიდა და ვინ წავიდა, რათა შემდეგ არსებობდეს მტკიცებულება ღმრთისთვის - დადიოდა ადამიანი ღვთისმსახურებაზე თუ არა. სისულელე!
52. ერთი მორჩილი ტაძარში ვინმე ბებიაქალს წაეკამათა. კამათის მიწურულს ბებიაქალი მორჩილს ეუბნება:
– მე ვილოცებ ჩემი ღმერთის მიმართ და ის შენ დაგსჯის!
– რომელი ღმერთის მიმართ?!
– ჩემი ღმერთის მიმართ! უაზრობა!
____________________________________
4. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: ღმერთი ყველას ერთი ჰყავს - მამა, ძე და სულიწმიდა! სხვა ღმერთი არასოდეს არსებულა, არ არსებობს და არ იარსებებს!
____________________________________
53. იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთის დღეს არ შეიძლება მრგვალი ფორმის ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. კრეტინიზმი!
54. საეკლესიო ეზოში მხოლოდ ცენტრალური კარიბჭით უნდა შეხვიდე, და არავითარ შემთხვევაში პატარა ჭიშკრით ტაძრის უკანა (ან სხვა მხრიდან) (თუკი იქ არის ასეთი "მუშა" კარი) - ეს ავისმომასწავებელია... კრეტინიზმი!
55. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუკი ტაძრის გუმბათის ქვეშ დადგება, შეიძლება "ენერგიით" დაიმუხტოს... სისულელე!
56. რაც უფრო მეტი წყალი მოგხვდება პკურების დროს (როდესაც მღვდელი აკურთხებს), ღმერთი მით უფრო მეტ ჯანმრთელობას მოგცემს... სისულელე!
57. "რომელი ქერუბიმთას" გალობისას ზოგიერთი დგას ისე, რომ ფეხები მჭიდროდ აქვს ერთმანეთზე გადაჭდობილი, "ეშმაკი რომ არ გაუძვრებს ფეხებშუა"... სისულელე!
58. ეკლესიები სასაფლაოებზე - "ცუდია", რადგან ის მუდმივად პანაშვიდებს გალობენ, მათში კი ცუდი ენერგეტიკაა... კრეტინიზმი!
59. ამბობენ, რომ ზარების რეკვა (თავისთავად, მექანიკურად) დევნის დემონებს... სისულელე!
60. თუკი სამკერდე ჯვარი გამუქდა - ე. ი. საკმაოდ ცოდვილი ყოფილხარ (ან ავისმომასწავებელი ნიშანია). სისულელე!
61. არ შეიძლება ტაძარში ბადის მსგავსად მოქსოვილი თავსაბურავის ტარება, სხვაგვარად ეშმაკი თავის ბადეში გაგხვევს... სისულელე!
62. ეკლესიაში ნაგავი ქუჩისკენ უნდა დაჰგავო, სხვაგვარად, ტაძარში დემონებს შემოფერთხავ! კრეტინიზმი!
63. როდესაც ხატს თაყვანს სცემდი, თავით თუ კანდელს შეეხე, - იცოდე, მძიმე ცოდვაა... კრეტინიზმი!
64. თუკი ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში ჩიტი შემოფრინდება, ეს ყველასთვის წარმატების მომტანია, ვინც კი ამ დროს ღვთისმსახურებაზე იმყოფება... სისულელე!
65. პრაქტიკაში აქვთ ხატების შეყვანა იმ სახლში, სადაც მირონმდინარე ხატია, რათა მოყვანილი ხატებიც სასწაულთმოქმედნი გახდნენ. აქედან გაჩნდა ტერმინი: "ხატის მირონცხებაზე გადაცემა..." უაზრობა!
66. ჩაის შეკვრა, რომელიც საკურთხეველში იდო, წმიდად იწოდება. მისი გამოყენება შეიძლება წამლად ვნებების წინააღმდეგ... სისულელე!
____________________________________
5. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: საზოგადოდ უნდა ვიცოდეთ, რომ საკურთხეველში ჩაი და სხვა რომელიმე პროდუქტი, გარდა წყლისა, ღვინისა და სეფისკვერებისა, - არ შეიტანება!
____________________________________
67. ზოგიერთი ადამიანი ტაძარში ხატებს ფულს ადებს, რათა "არ შემცირდეს"... სისულელე!
68. თუკი ტაძარში შესვლისას პირჯვარს იწერ ისე, რომ დაგავიწყდა ხელთათმანების მოხსნა, აუცილებლად დაავადდები... სისულელე!
69. თუკი ეკლესიაში ფეხიფეხგადადებული ზიხარ, მაშინ ეშმაკი დაგაჯდება... სისულელე!
70. ასევე ამბობენ, რომ არ შეიძლება საკუთარი სანთლის ანთება სხვისი სანთლებიდან, რადგან ამით შეიძლება სხვისი ცოდვები აიკიდო... სისულელე!
71. თუკი კბილი აგტკივდა - კარიესულ ხვრელში (თუკი ღია კარიესია) საეკლესიო საკმეველი ჩაიდე, - ტკივილი იმწამსვე გაგიყუჩდება... სისულელე!
72. თუკი უეცრად ადამიანი შეიპყრო დემონებმა, აუცილებელია საეკლესიო საკმეველი (წამალივით) მიიღო, რათა განდევნო ისინი... სისულელე!
73. არ შეიძლება სანთლისთვის სულის შებერვა, სანთელი ან სპეციალური ჩასაქრობით უნდა ჩააქრო ან კიდევ თითებით - უბერავენ მხოლოდ ეშმაკები... სისულელე!
74. როდესაც წმიდა აიაზმას სვამ საჭიროა კენტი ყლუპებით შესმა... კრეტინიზმი!
75. ნაყიდი სანთლების რაოდენობა აუცილებლად წყვილი უნდა იყოს... უაზრობა!
76. ერთმანეთში ურევენ სხვადასხვა ტაძრიდან აღებულ აიაზმას, რათა ნაზავი უფრო "ძლიერია", ვიდრე ერთი ტაძრიდან აღებული ნაკურთხი აიაზმა... უაზრობა და მწვალებლობა!
77. ნათლისღების დროს ნაკურთხ დიდ აიაზმას თუ ჩვეულებრივ წყალში ჩაასხამ - ის იკურთხება, ხოლო თუ პირიქით - შეიბილწება... კრეტინიზმი!
78. როდესაც ნათლისღების აიაზმას ასხამ, წყლის ამოსაღები ჩამჩა არ შეიძლება მარცხენა ხელში გეჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში - წყალი შეიბილწება... უაზრობა და მწვალებლობა!
79. ერთ მღვდელს ვინმე ბებიაქალი უხსნიდა, რომ მან (მღვდელმა) წყალი არასწორად აკურთხა - ჯვარი ჭურჭლის ფსკერამდე არ ჩაიტანა... ამის გამო წყალი უკურთხებელი დარჩა... სისულელე!
80. წმიდა წყლით სავსე ქილა მიწაზე არ უნდა დაიდგას (ეშმაკი იმწამსვე ჯოჯოხეთში წარიტაცებს მადლს)... კრეტინიზმი!
***
81. კიდევ ბებიები ამბობენ, რომ თურმე თვით მაცხოვარს უთქვამს, წმ. აიაზმა პროპორციულად უნდა იქნას გაზავებული ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე. სისულელე!
82. სასაფლაოს მიწა, რომელსაც იძლევიან დაუსწრებელ წესის აგებაზე, არ შეიძლება სახლში შენახულ იქნას ერთ დღეზე მეტ ხანს (ან საერთოდ არ შეიძლება მისი შეტანა სახლში). თუმცა, მოიფიქრეს სასაფლაოს მიწის შენახვის ახალი მეთოდი: საფოსტო ყუთში ინახავენ. სისულელე!
83. კრემაცია შეიძლება კრემირებულის შვილების ან შვილიშვილების დაავადებათა მიზეზი გახდეს... სისულელე!
84. ხანძარში დამწვართა და კრემირებულთა სხეულები განკითხვის დღეს არ აღდგებიან. სისულელე!
85. სახარების კითხვის დროს აუცილებელია კამფეტების დარიგება, რათა მოხსენიებულ იქნან გარდაცვლილნი... კრეტინიზმი!
86. თუ მსუქანი კვდება კაცი - ცოდვა თან მიაქვს, ხოლო თუ - გამხდარი, მაშინ უცოდველია (ამიტომაც ყველა მსუქანი მამაო ცოდვილია!)... კრეტინიზმი!
87. როგორც კი კუბოს სახლიდან გაიტანენ - ბებიები ერთმანეთს ასწრებენ იატაკის მოწმენდას, რადგან თურმე მიცვალებულის გატანის შემდეგ იატაკის მორეცხვა 40 ცოდვას პატიობს. კრეტინიზმი!
88. თუ ობობას მოკლავ - 40 ცოდვა მოგეტევება. კრეტინიზმი!
89. ერთ-ერთი მღვდლის ქადაგებიდან (მოსკოვთან ახლოს): "არ შეიძლება ქელეხში დანებითა და ჩანგლებით ჭამა, ამით ჭრილობებს ვაყენებთ გარდაცვლილის სხეულს საიქიოში..." კრეტინიზმი!
90. ვინც დამარხულია წმიდა ადგილას (მაგალითად, პეჩორის მღვიმეებში ან წმიდა მიწაზე), მას ყველა ცოდვა მიეტევება... სისულელე!
91. არ შეიძლება ზიარების მიღება პასექზე - რადგან არც ერთი ადამიანი არ არის ღირსი ამ დღეს ეზიაროს! სისულელე!
92. ხანძრის დროს საჭიროა სააღდგომო კვერცხი გადავაგოროთ აალებული სახლის მიღმა... კრეტინიზმი!
94. მიცვალებულთა დიდ შაბათს: სასაფლაოზე საჭიროა ასვლა 12:00 სთ-მდე, რადგან ამ დროის შემდეგ გარდაცვლილთა სულები სასაფლაოზე უკვე აღარ იმყოფებიან. კრეტინიზმი!
95. ნათლისღების დღეს წყლის აღება პირველმა უნდა მოასწრო, რადგან შემდეგ მადლი ქრება... კრეტინიზმი!
96. თუკი 19 იანვარს, ზუსტად 00.00 საათზე წყალს ონკანიდან ქილაში ჩაასხამ, ის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ტაძარში, დიდი აიაზმის კურთხევის შემდეგ... კრეტინიზმი!
97. ნათლისღების დღესასწაულზე არ შეიძლება იატაკის რეცხვა, "რათა წყალი არ გაანაწყენო"... კრეტინიზმი!
98. ოთხშაბათს და პარასკევს რეცხვა ცოდვაა, რადგან ვიღაცას გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ მას ბინძური წყალი შეასხეს... კრეტინიზმი!
99. ხუთშაბათის მარილი, რომელსაც ვნების შვიდეულში "ამზადებენ" ღამით, ოთხშაბათიდან ხუთშაბათზე, ან დილით წმიდა ხუთშაბათს, თითქოსდა განსაკუთრებული მაგიური ძალით არის მოსილი. კრეტინიზმი!
____________________________________
6. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: ამ ცრურწმენას ძველ რუსეთში მღვდლებიც კი მისდევდნენ, მაგალითად, ცნობილი "ასთავიანი" (Стоглавый) კრების (XVI ს.) დადგენილებებში წერია, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ჩვეულება ხუთშაბათს ამ მეთოდით "დაემზადებინათ" მარილი: "Некоторые невегласи попы в Великий четверг соль под престол кладут, до седьмого четверга по Велице дни тако держат и ту соль дают на врачевание людям"...
____________________________________
100. ადამისა და ევას ცოდვით დაცემა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ შეჭამეს უკურთხებელი ვაშლი (არ დაელოდნენ ფერიცვალებას). კრეტინიზმი!
101. მამაომ თუ დახია ფურცელი, რომელშიც ცოდვებია ჩაწერილი, ცოდვები მიგეტევებათ... კრეტინიზმი!
102. არსებობს მიცვალებულთან 40 დღის განმავლობაში სარკეზე ფარდის ჩამოფარების ჩვეულება. ამას იმით ხსნიან, რომ თურმე ადამიანის სული არ უნდა აირეკლოს სარკეზე, სხვაგვარად, ის შეიძლება იქვე "ჩარჩეს", და საიქიოში ვერ მოხვდეს. კრეტინიზმი!
103. არსებობს ცრურწმენა, რომ საჭიროა მშობიარობის დროს ტაძარში გაიღოს სამეუფო კარი, თითქოსდა, ასე მშობიარეს უფრო გაუადვილდება. თუ ღამით მშობიარობს, თუნდაც საღამოდან დილამდე მაინც გააღონ. კრეტინიზმი!
104. ასევე ბებიებს ძალიან უყვართ ყოველგვარი აპოკრიფული არაკები, მაგალითად:
"არსებობს წელიწადში ყველაზე სამხიარულო დღე ყველა ცოდვილისთვის - 8 (21) ნოემბერი. უფალმა მთავარანგელოზ მიქაელს მისცა უფლება ამ დღეს გადაარჩინოს ცოდვილები. ანგელოზები და მთავარანგელოზები მთავარანგელოზ მიქაელს სთხოვენ გადაარჩინოს ცოდვილთა სულები. მაშინ მთავარანგელოზი დადგება ქვესკნელის (ჯოჯოხეთის) კიდეზე და იქიდან ჩაუშვებს თავის მარცხენა ფრთას და ააფრიალებს. მის ფრთას, თითქოსდა მწერებივით, მოეჭიდებიან საცოდავი და ბინძური სულები. მთავარანგელოზი ძალდატანებით ამოსწევს თავის დამძიმებულ ფრთას და დაფერთხავს მას იქ, სადაც დგას, ანგელოზები კი მათ (ცოდვილებს) დიდი სიხარულით მიმოიტაცებენ და ბანენ. ამით ცოდვილები სუფთავდებიან, ნათელმოსილნი ხდებიან და ყველასთან ერთად ღმერთს ადიდებენ. ამის შემდეგ ანგელოზები ისევ სთხოვენ მთავარანგელოზ მიქაელს გადაარჩინოს ცოდვილთა სულები. მაშინ ის ქვესკნელში მარჯვენა ფრთას ჩაუშვებს, რომელსაც ისევ მიეკრობიან ბინძური სულები. ისინიც ანალოგიურად სუფთავდებიან და ანგელოზებთან ერთად ღმერთს ადიდებენ. მესამედ ანგელოზები მთავარანგელოზს კიდევ ერთხელ სთოხვენ ადამიანთა სულების გადარჩენას. და მთავარანგელოზს კვლავ ამოჰყავს უფსკრულიდან ახალი სულები".
მეტიც, არსებობს ამ დღის განსაკუთრებული "ლოცვა", მიძღვნილი მთავარანგელოზ მიქაელისდმი, რომელსაც ეს ცრუმორწმუნე ბებიები ავრცელებენ. ეს "ლოცვა" მაგიურ შეფუცვას უფრო წააგავს, ვიდრე ქრისტიანულ ლოცვას. ამ ბებიების აზრით ვინც 21 ნოემბერს ამ "ლოცვას" არ წაიკითხავს, საშინელ ცოდვას ჩადის. უაზრობა და მწვალებლობა!
____________________________________
7. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: ჯოჯოხეთიდან ადამიანების გამოხსნა ხდება ეკლესიის ლოცვით და თვით ცოდვილი ადამიანების ამქვენიური ღვაწლისა და ქრისტიანული დამსახურებების გათვალისწინებით. კაცთმოყვარე ღმერთი განკითხვის დღეს ყველას მიაგებს მათი საქმეების მიხედვით და არავინ არ დარჩება დაჩაგრული. ყველას ის მიეზღვება, რასაც იმსახურებდა. შემთხვევით და შერჩევით (მითუმეტეს ანგელოზების მიერ) ადამიანების ჯოჯოხეთიდან ამოყვანა და სამოთხეში შეყვანა ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებას და არის ერესი! ნუ დაუჯერებთ ასეთ ზღაპრებს.
____________________________________
105. ზოგიერთის აზრით არ შეიძლება ტაძარში სანთლის ანთება მეორე სანთლიდან ან კანდელიდან... ასევე არ შეიძლება სანთლისთვის სულის შებერვა... სისულელე!
106. ბებიების საუბრებიდან: "აქ ერთი ქალი გარდაიცვალა, კაცთან ჯვარდაუწერელი ცხოვრობდა და შვილებიც ეყოლა. მოკლედ, საჭიროა მისი სულის საოხად 40 პანაშვიდის შეკვეთა, 40 კვერცხის მიტანა და კიდევ 40 საეკლესიო ღვინის, კაჰორის შეწირვა, ასევე ტაძარში ანთებულ უნდა იქნას 40 სანთელი". სისულელე!
107. იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთის დღეს არ შეიძლება არა მარტო რაიმე მრგვალის ჭამა, არამედ წითელი ფერის მქონე საკვებისაც. სისულელე!
108. (რუსული ჩვეულებებიდან): სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე არ შეიძლება თეთრეულის რეცხვა - დახრჩობას მოასწავებს.
არ შეიძლება ამ დღეს ბოსტანში მუშაობა - ხანძარს მოასწავებს.
ყაზანის ღვთისმშობლის დღეს კი ქალებმა თმა არ უნდა დაივარცხნონ (ასევე ღვთისმშობლის ხარებაზე) - შეიძლება დენმა ან მეხმა დაგარტყას. კრეტინიზმი!
109. არ შეიძლება ხატის წინ სანთელი თავდაყირა ჩააქრო (როგორც ვარიანტი), რადგან ამით წმინდანს ფეხებს უწვავ. კრეტინიზმი!
110. ზიარების შემდეგ მხარზე და-ძმური ამბორიც კი აკრძალულია. უაზრობა!
გაგრძელება იქნება.
პუბლიკაცია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.