სწავლანი > ანტიერეტიკონი
სულის მახვილი
სექტანტურ ცრუსწავლებათაგან თავდასაცავად
ავტორი: დეკ. იოანე სმოლინი.
წმიდა გადმოცემა წმიდა წერილზე უძველესია: მოსემდე ადამიანები მხოლოდ წმიდა გადმოცემით ხელმძღვანელობდნენ. ქრისტიანობა თავდაპირველად მხოლოდ ზეპირად ვრცელდებოდა. მოციქულები თავიდან ზეპირად ასწავლიდნენ: იხ. მთ. მე-10 თავი. წერილობითი ტექსტები მათგან მხოლოდ ზოგიერთმა დატოვა. ეს წერილები სხვადასხვა შემთხვევითი გარემოებების გამო დაიწერა: 2 კორ.13:10; ფლმ. 1:21, და მათ მიზნად არ ჰქონიათ ქრისტიანულ დადგენილებათა სისტემატური სახით წარმოდგენა: 1კორ. 11:34, ასე რომ, წმიდა გადმოცემის გარეშე ჩვენ არც კი ვიცით როგორ უნდა აღესრულოს ზიარების, ნათლისღების და სხვა წმიდა საიდუმლოები. ამგვარად, წმიდა წერილში ჩვენი ხსნისთვის საჭირო ყველაფერი სათანადო სისრულით არ არის ჩაწერილი: 2 ინ.1:12; ინ. 21:25. ამიტომ მოციქული პავლე გვაწვდის დარიგებას - მტკიცედ გვეპყრას ზეპირი დარიგებები, ანუ წმიდა გადმოცემა: 2 თეს.2:15; 1 კორ.11:2; 1ტიმ. 6:20; 2 ტიმ. 1:13; 2:2; ტიტ. 1:5.
რა იგულისხმება, საკუთრივ, წმიდა გადმოცემაში?
- ქრისტიანობის პირველი საუკუნეთა სარწმუნოების უძველესი სიმბოლოები.
- წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები, თავმოყრილი წიგნში, რომელსაც "დიდი რჯულისკანონი" ეწოდება.
- უძველესი ლიტურგიები და აქტები, ანუ თხრობანი უძველეს მოწამეთა ტანჯვის შესახებ.
- უძველესი საეკლესიო ისტორიები.
- ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა შრომები.
- და ბოლოს, მთელი უძველესი საეკლესიო პრაქტიკა (მარხვები, დღესასწაულები, ტაძრების მოწყობა, საღვთისმსახურებო წეს-ჩვეულებანი და ა.შ.).
სად ინახება წმიდა გადმოცემა?
წმიდა გადმოცემა ეკლესიაში ინახება: საქმ. 20:31 (ჰკითხე ეფესელებს); გალ. 1:8–9 (ეძიე გალატიის ეკლესიაში); 2 თეს. 2:5–7 (შეიტყვე თესალონიკელთაგან); 1 კორ.11:32 (ჰკითხე კორინთოში); 3 ინ.1:13-14 (შეიტყვე გაიოსისგან); ტიტ. 1:5 (შეიტყვე ტიტესგან).
ბარნაბა (საქმ.12:25), ტიტე (2კორ.8:23), ტიმოთე (რომ.16:21), სილუანე (2კორ.1:19), გაიოსი, არისტარქე, სეკუნდე, ტიხიკოსი, სოსიპატრე (საქმ.20:4), ურბანე (რომ.16:9), სილა (საქმ.15:22), ეპაფრასი (კოლ.1:7) და სხვები მოციქულთა თანამგზავრები იყვნენ, უსმენდნენ მათ ქადაგებას, ხედავდნენ მათ წესრიგს და თავადაც ქადაგებდნენ და აწყობდნენ ეკლესიას, იყვნენ მთელი ქვეყნების მწყემსები და ხუცესთა და დიაკონთა მსაჯულები (1 ტიმ. 1:3; 3:14-15; 5:17-20; ტიტ. 1:5); სწორედ მათ უნდა ჰკითხო, რას ასწავლიდნენ და რა ვერ ჩაწერეს მოციქულებმა, ანუ ჰკითხო გადმოცემის შესახებ. მათ ეს ეკლესიის მწყემსებს გადასცეს და ნაწილობრივ თავადაც ჩაწერეს (2 ტიმ.2:2).
სამოციქულო გადმოცემათა ნიშნები:
ა) სამოციქულო გადმოცემანი მოციქულებიდან მოდის: 2 თეს.3:6.ბ) ისინი თანხმობაშია სამოციქულო წერილებთან და ზოგადად ღვთის სიტყვასთან: ტიტ. 1:7–9.გ) სამოციქულო გადმოცემას შეიცავს ქრისტეს მთელი ეკლესია, ვინაიდან იგი მოციქულთა მიერ ჩაყრილ საფუძველზეა აგებული: 1 კორ.3:10; ეფ.2:20.
წმიდანთა ცხოვრების აღწერილობანიც გადმოცემაა, და იგი იმიტომ ინახება, რომ ღვთის სიტყვა გვავალებს ღვთის მოწყალებანი მართალთა მიმართ ჩავიწეროთ: ფსალმ. 43:2–4; 77:3–7. ბიბლიაში აღწერილია ძველაღთქმისეულ, ჯერ კიდევ გამოუსყიდველ მართალთა ცხოვრებაც.
წმიდა წერილის იმ ადგილთა მოკლე განმარტებანი,
რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან უთანხმოებაში მყოფი მწვალებლები ამახინჯებენ:
ლუკა 1:2-4. "როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია".
განმარტება: "თვითმხილველები" თავიანთ თხრობებს წერილობით თუ გადმოსცემდნენ, მაშინ მოციქულ ლუკას, მათ მაგალითზე დაყრდნობით, თავისი თხრობის დაწერა აღარ დასჭირდებოდა; მაშასადამე, აქ იგულისხმება ზეპირი გადმოცემა. ეს წმიდა გადმოცემა მკაცრად ინახებოდა და სხვებსაც გადაეცემოდა წმიდა მოციქულების მიერ: 1 ტიმ.6:20; 2 თეს.2:15; 3:6; 2 ტიმ.1:13; 2:2. ზოგჯერ ისინი წერილზე მეტად უპირატესობას ზეპირ გადაცემას ანიჭებდნენ: 2 ინ.1:12; 3ინ. 1:13; და გადმოცემის დაცვას აქებდნენ: 1 კორ. 11:2.
საქმე 1:1-2. "პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესუმ თავისი საქმე და სწავლა. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია".
განმარტება: წმიდა მოციქული ლუკა იესუ ქრისტეს თვითმხილველიც კი არ იყო, ამიტომ ვერ შეძლებდა ყოველივე იმის აღწერას, რასაც ჩვენი მაცხოვარი აკეთებდა და ასწავლიდა; ის ყოველივე ამას ზეპირი გადმოცემის საფუძველზე წერდა - ლუკ. 1:2. ხოლო თვითმხილველი იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ იესუ ქრისტეს მთელი სწავლება წიგნებში ჩაწერილი არ არის: ინ. 20:30; 21:25. მაგალითად, სად წერია სახარებაში ის, რაზეც მოციქულები შემდეგ ლაპარაკობდნენ და ასწავლიდნენ? - იხ.: საქმ. 15:24; 1ტიმ. 4:14; ტიტ. 1:5.
საქმე 13:46. "ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ".
განმარტება: კაცთა მოდგმის ხსნის საღვთო განგებულებით, ქრისტე მაცხოვარის შესახებ სწავლება ჯერ ებრაელი ხალხისთვის უნდა ექადაგათ: საქმ.3:26; რომ.1:16; მაგრამ რადგან მათ, - ფარისეველთა და რჯულის მოძღვართა სახით, - ღვთის ნება უარყვეს (ლუკ.7:30), ქადაგება გადატანილ იქნა წარმართთა მიმართ. თუმცა ეს ქადაგება მოცემული ვერ იქნებოდა მხოლოდ დაწერილ სახარებებსა და ეპისტოლეებში, არამედ, უმთავრესად, ზეპირი დარიგებებით გადაიცემოდა, ვინაიდან იმ დროს ჯერ არცერთი ეპისტოლე არ იყო დაწერილი, და იესუ ქრისტეს ამაღლების შემდგომ პირველ ხანებში არც ოთხი მახარებლის მიერ დაწერილი სახარება არსებობდა.
საქმე 16:4. "ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები".
განმარტება: აქედან ჩანს, რომ მოციქულთა და ხუცესთა კრების დადგენილებებს (საქმ.15:6; 15:22), საყოველთაო და სავალდებულო ძალა ენიჭებოდა; და ისიც ჩანს, რომ ეს დადგენილებები შესასრულებლად სხვადასხვა თემებს გადაეცემოდათ, რითაც ეკლესიის გადმოცემად ყალიბდებოდა, რადგან კრების განჩინებები იმ დროს წერილობით მხოლოდ ანტიოქიის ეკლესიას ეგზავნებოდა, სხვა ეკლესიებამდე კი ისინი სამოციქულო გადმოცემით აღწევდა: საქმ.15:27; 20:31; 1თეს.2:13; 2თეს.2:15.
საქმე 17:11. "ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო".
განმარტება: აქ საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, საჭიროა თუ არა გადმოცემის აღიარება; აქ მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ თესალონიკელები აღშფოთდნენ მოციქულ პავლეს წინააღმდეგ და აიძულეს იგი ღამით დაეტოვებინა ქალაქი, რის შემდეგაც მან ქადაგება ბერეაში გადაიტანა (მუხ. 1–10). ბერელები კი თესალონიკელებზე უფრო კეთილგონიერები აღმოჩნდნენ: ისინი იკვლევდნენ ძველაღთქმისეულ წერილებს (ახალაღთქმისეულნი მაშინ ჯერ კიდევ ცოტა იყო) და ადარებდნენ მათ მომხდარ სახარებისეულ მოვლენებს. ხოლო გადმოცემის აუცილებლობაზე იგივე მოციქული პავლე მოწმობს: 2თეს.2:15; 3:6; 1ტიმ.6:20.
2 პეტ. 1:16-19. "ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. ... ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი".
განმარტება: მოციქული პეტრე უფლის ფერისცვალების და ამაღლების თვითმხილველი იყო (მთ.17:1-2; ლკ.24:50); მაგრამ ამ დიადი მოვლენების დეტალებს მოციქული არ აღწერს; მაშასადამე, "უფლის ძალასა და მოსვლას" უმთავრესად ზეპირად გადასცემდა. აქედან გამომდინარეობს, რომ საჭიროა დავიცვათ არა მხოლოდ წმიდა წერილი, არამედ წმიდა გადმოცემაც: 2ინ. 1:12; საქმ. 13:5; 20:31.
მოციქულის 19-ე მუხლში ნათქვამის გასაგებად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამავე თავის 20-ე მუხლს. აშკარაა, რომ აქ "წინასწარმეტყველურ სიტყვაში" იგულისხმება ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებები ქრისტეზე: საქმ. 8:30–32; ხოლო თუ მივმართავდით მხოლოდ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს, მაშინ მთელი ახალი აღთქმა უნდა უარგვეყო, რომელიც არ შემოიფარგლება ოდენ წერილობითი ტექსტებით, არამედ წმიდა გადმოცემასაც მოიცავს: ინ. 21:25; 2თეს. 2:15; 3:6.
რომ. 1:15-17. "რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: "მართალი რწმენით იცოცხლებს" (ამბ. 2:4)".
განმარტება: "სახარების ქადაგებაში" შეუძლებელია ვიგულისხმოთ მხოლოდ წმიდა წერილი, რადგან თავად მოციქულიც სახარების ქადაგებაში როგორც წერილობით, ისე მის მიერ ზეპირად გადაცემულ ქრისტეს სწავლებას გულისხმობდა (იხ.: 2თეს.2:15; 3:6; 1კორ.11:1–2).
მე-17 მუხლშიც არ არის ლაპარაკი მხოლოდ დაწერილი სახარების ქადაგებაზე, რომელშიც ღვთის სიმართლეა გამოცხადებული, არამედ ზეპირზეც; და სწორედ ზეპირი ქადაგების მეშვეობით გამოეცხადა ღვთის სიმართლე ასისთავ კორნილიუსს: საქმ.10:32-44. თავად მოციქულ პავლესაც არ ჩაუწერია ყველაფერი, რის შესახებაც ქადაგებდა "სამი წლის მანძილზე, დღე და ღამე, დაუცხრომლად, ცრემლით" (საქმ.20:31); და თავად ქრისტეს სწავლებიდანაც ყველაფერი როდია ჩაწერილი (ინ.20:30; 21:25).
1 კორ. 4:6. "ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ".
განმარტება: აქ მოციქული პავლე კორინთელ ქრისტიანებს შთააგონებს, რომ მაგალითი მისგან და აპოლოსისგან აიღონ და იმაზე მეტად არ იმჭევრმეტყველონ, ვიდრე დაწერილია, რათა კორინთელთა თითოეული დაჯგუფება თავისი წინამძღოლებით (მოძღვრებით) არ ამპარტავნობდეს, როგორც ისინი ამას აკეთებდნენ: ერთნი თავს პავლესიანებს უწოდებდნენ, მეორენი კი - აპოლოსიანებს. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა მოციქული პავლე მიეწერა კორინთელთათვის, რომ ზედმეტ მჭევრმეტყველებას არ მისცემოდნენ, რადგან ეს უკვე დაწერილს აჭარბებდა: 1კორ.3:21–22; არამედ ყველანი ერთნაირად მხოლოდ ღვთით იქადოდნენ, როგორც დაწერილია: 1კორ.1:12–31.
ამ ადგილით მოციქული ასევე სულაც არ უკრძალავს ქრისტიანებს სხვადასხვა მეცნიერებიდან მიღებული სიბრძნის გამოყენებას, წმიდა წერილში თქმულის გარდა: 1თეს.5:21; საქმ.17:28; ტიტ.1:12. აქ მოციქული მხოლოდ გვაფრთხილებს თავი ავარიდოთ ქილიკს, განკითხვებსა და ჭორებს, რათა ადამიანები "ერთმანეთის წინაშე არ ქედმაღლობდნენ".
1 კორ. 11:2. "იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას".
განმარტება: აქედან ჩანს, რომ გადმოცემა წერილზე ადრე არსებობდა; ქრისტიანთა თავდაპირველი მოვალეობა მდგომარეობდა არა სამოციქულო სიტყვის წერილობითი სახის შენახვაში, რომელიც ერთბაშად როდი გაჩნდა, არამედ სამოციქულო ზეპირი გადმოცემის დაცვაში, რისთვისაც მოციქული აქებს კორინთელებს და ევედრება, რომ მტკიცედ ეპყრათ გადმოცემები (2 თეს.2:15; 1 კორ. 15:1).
1 კორ. 14:37. "ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა".
განმარტება: აქ საერთოდ არ არის ნათქვამი, თითქოს რწმენისა და ღვთისმოსაობის საქმეებში მხოლოდ წმიდა წერილით უნდა ვიხელმძღვანელოთ; აქ მხოლოდ სულიწმიდის ნიჭების შესახებ ჭეშმარიტი გაგება განიმარტება და კორინთოს ეკლესიაში წესრიგს ამყარებს, რადგან კორინთელები ეკლესიაში ქალებსაც კი აძლევდნენ სწავლების უფლებას (მ. 34-35).
გალატ. 1:8-9. "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს".
განმარტება: აქედან უფრო სწორი იქნება დავასკვნათ, რომ მოციქული სახარების ზეპირ ქადაგებაზე ლაპარაკობს (მუხ. 9) და ამიტომ იგი წმიდა გადმოცემას იცავს და არა უარყოფს. ამავე თავში (მ. 11–12), მოციქული თითქოს ასე ამბობს: თქვენ ჩემგან მიიღეთ ღვთიური სწავლება და მტკიცედ დაიცავით იგი. მოციქული თავის ეპისტოლეებში არაერთგზის მოითხოვს გადმოცემის დაცვას: 2 თეს. 2:15; 1 ტიმ. 6:20; 1 კორ. 11:2, და თავადაც სარგებლობდა ზეპირი გადმოცემით (იხ. საქმ. 20:35. აქ მოყვანილი ფრაზა - "გახსოვდეთ უფალ იესუს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება" - სახარებებში არსად გვხვდება).
როცა მოციქული ანათემას გადასცემს მათ, ვინც სხვაგვარად ქადაგებს, ვიდრე ის ქადაგებდა, ცხადია, გულისხმობს ყველა დროის ერეტიკოსებს, რომლებიც გადმოცემას უარყოფენ.
2 თეს. 2:15. "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით."
2 თეს. 3:16. "ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ".
განმარტება: აქ იგულისხმება არა მხოლოდ ზეპირი, არამედ წერილობითი გადმოცემაც. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მოციქულებმა ყველაფერი როდი გადასცეს მორწმუნეებს ეპისტოლეთა მეშვეობით, არამედ ბევრი რამ წერილის გარეშეც აუწყეს (2 ინ.1:13 - 14; 2 ტიმ.2:2). "სიტყვა" და "ეპისტოლე" აშკარად განირჩევა: 2 ტიმ. 1:13; კოლ. 4:16. ზეპირ ქადაგებაში ქრისტიანებს გადაეცემოდათ არა მხოლოდ სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლება, არამედ ღვთისმოსაობის წესებიც, რომელთა წინააღმდეგაც სცოდავდნენ ისინი, ვინც უწესივრად იქცეოდა.
1 ტიმ. 1:3-4. "მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს, და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით".
განმარტება: ამ მუხლებს იმავე თავის შემდგომ 5–6 მუხლებთან ერთად თუ განვიხილავთ, მაშინ დავინახავთ მათ სწორ აზრს. აქ მოციქული პავლე მოციქულ ტიმოთეს ახსენებს, რომ დაარწმუნოს გზას აცდენილნი, რომელთაც დავა და კამათი უფრო უყვართ, ვიდრე სარწმუნოებაში დამოძღვრა.
"მითებსა" და "გენეალოგიებში" (მუხ. 4), როგორც ეს ტიტ. 3:6-თან შედარებაში ჩანს, გულისხმობს უგუნურ პაექრობებს, კამათსა და შუღლს რჯულზე; მაშასადამე, ამ ადგილს წმიდა გადმოცემასთან, რომლის დაცვაც მოციქულმა დააბარა (1 ტიმ.6:20), არავითარი კავშირი არ აქვს.
1 ტიმ. 3:15. მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
განმარტება: აქედან ჩანს ზეპირი სამოციქულო გადმოცემის მნიშვნელობა, რადგან წერილს მიმართავდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადი შეხვედრა და პირისპირ საუბარი შეუძლებელი იყო: 2ინ.12; 3ინ.13–14. შემდეგ საუბარია ეკლესიაზე, რომელსაც ღვთის სახლი და ჭეშმარიტების სვეტი ეწოდება. წესები, რომელთა შესახებაც აქ მოციქული ლაპარაკობს, მთლიანად ეხებოდა სამღვდელო იერარქიას; აქედან გამომდინარე, ღვთის სახლი, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი, იყო და არის, არა რომელიმე სხვა ან სხვაგვარად მოწყობილი ეკლესია, არამედ ის ეკლესია, რომელსაც მართავენ ეპისკოპოსები და პრესვიტერები დიაკვანთა თანამსახურობით (1კორ.12:28–29; ეფ.4:11).
1 ტიმ. 6:3-4. "ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას, მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი".
განმარტება: აქ "გაამპარტავნებულთა" და "არაფრის მცოდნენთა" ქვეშ, როგორც 5-6 მუხლებთან კავშირიდან ჩანს, იგულისხმებიან ისინი, ვინც სხვაგვარად ასწავლის, ანუ მანამდე გადმოცემული სარწმუნოებისგან განსხვავებულად (ტიტ.1:3), და ვინც თავისი "ცოდნით" იწონებს თავს (1კორ. 8:2). ასეთები იყვნენ მოციქულთა დროის ერეტიკოსები - გნოსტიკოსები (რომლებიც საკუთარ თავს "გონიერებს" უწოდებდნენ), რომლებიც უსასრულო კამათსა და შეჯიბრებაში შედიოდნენ და იესუ ქრისტეს სწავლებას ამახინჯებდნენ; მათი მსგავსნი არიან წმიდა წერილის თანამედროვე შემრყვნელებიც 2 პეტ.3:16. ამ ადგილს წმიდა გადმოცემასთან საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს.
2 ტიმ. 3:15-17. "თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად, რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული".
განმარტება: მოციქული ტიმოთე დაიბადა ქრისტეს შობიდან მე-30 წელს. 58-ე წლიდან იგი მოციქული პავლეს თანამგზავრი გახდა. ამ უკანასკნელის წერილები გამოჩნდა 53-67 წლებში. აქედან ჩანს, რომ ბავშვობიდან მოციქულ ტიმოთეს არ შეეძლო ყველა ახალაღთქმისეული წერილის ცოდნა, ხოლო მხოლოდ ძველაღთქმისეულნი ვერ შეძლებდნენ მის სრულად განბრძნობას საცხოვნებლად (იხ.: მთ.5:43-44); თუ ამავე თავის მე-14 მუხლს გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ მოციქული პავლეს სიტყვით, რწმენასა და ცხოვრებაში სწავლების წყაროდ მოციქულის ზეპირი დარიგებები უნდა გამოვიყენოთ, რომელთა შესახებ დაწვრილებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ არსებობდნენ და შემონახულია გადმოცემასა და წერილში. შესაბამისად, 2 ტიმ.3:15-17-ზე მითითება არა თუ ვერ ამართლებს საეკლესიო გადმოცემის უარყოფას, არამედ პირდაპირ ამხილებს მათ, ვინც მას არ აღიარებს: ინ. 12:48.
გამოცხ. 22:18-19. "ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში".
განმარტება: აქ საუბარია არა მთელ ბიბლიაზე, არამედ მხოლოდ „გამოცხადების“ წიგნზე; გადმოცემაზე კი საერთოდ არაფერია ნათქვამი. თუ იდუმალთმხილველის (გამოცხადების ავტორის) სიტყვებს ისე გავიგებთ, თითქოსდა იკრძალებოდეს ყველაფრის მიღება, რაც "გამოცხადების" წიგნში არ არის, მაშინ მოგვიწევდა სახარებისა და იმავე მოციქულის ეპისტოლეების უარყოფაც. აქედან ცხადია, რომ მოციქულის ეს სიტყვები (მ. 18-19) მიეკუთვნება მხოლოდ "გამოცხადების" წიგნს და წმიდა გადმოცემასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან გადმოცემას თავისი საფუძველი წმიდა წერილის მრავალ ადგილას გააჩნია, მაგალითად: ინ. 20:20; 21:25; 1 კორ. 11:2; 1 თეს. 2:13; 2 თეს. 2:15.
2 რჯლ. 4:2. "ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე".
განმარტება: ამ სიტყვებით ღმერთი, მოსეს მიერ მოცემული რჯულის მტკიცედ დაცვას რომ ბრძანებს, ებრაელებს კერპთაყვანისმცემლობისკენ, წარმართთა ღმერთების მსახურებისკენ გადახრაზე აფრთხილებს (იხ.: ლევ. 18:21; შდრ. საქმ. 7:43); ამიტომ წმიდა გადმოცემას ეს სიტყვები არ ეხება.
შეიძლება კი ვამტკიცოთ, რომ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები სიტყვასიტყვით ისევე ქადაგებდნენ, როგორც მოსე? არა, ამ წინასწარმეტყველებს ახალ წესებიც კი შემოჰქონდათ, მაგალითად, მგალობელთა შესახებ: 1 ნეშტ. 25-26 და 2 ნეშტ. 29:25.
იესუ ნავ. 1:7-8. "ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია".
განმარტება: როგორც კონტექსტიდან (მუხ. 7-8-ის წინამდებარე და შემდგომი ადგილებიდან) ჩანს, ამ სიტყვებით ღმერთი, რომელიც ბრძანებს მტკიცედ დაიცვან მოსეს მეშვეობით მოცემული რჯული, აფრთხილებდა ებრაელებს არ გადახრილიყვნენ კერპთაყვანისცემისკენ, წარმართული ღმერთების მსახურებისკენ, მაგალითად, ბაალ-ფეგორისკენ: რჯლ. 4:3; მოლოქისკენ, აშთორეთისკენ და კიდევ სხვებისკენ: ლევ. 18:21; მსაჯ. 2:13; საქმ. 7:43 — რომელთაც კერპთაყვანისმცემლები მსხვერპლად საკუთარ შვილებსაც კი სწირავდნენ: რჯლ. 12:31; ფს. 105:37. ამ სიტყვებს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა გადმოცემასთან არაფერი აკავშირებს.
ფსალმ. 118:5. "წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა".
განმარტება: ის, რომ ყველა წესდება ან რელიგიური ცხოვრების წესი ძველაღთქმისეულ წიგნებში ჩაწერილი არ ყოფილა, ჩანს ფს. 77:3–4-იდან; ხოლო ახალ აღთქმაშიც ყველა მცნება შორსაა იმისა, რომ სრულად იყოს მოცემული: ინ. 20:30; 21:25. აქედან გამომდინარეობს კიდეც წმიდა გადმოცემით სარგებლობის აუცილებლობა, რის გამოც მოციქულმა პავლემ პირველი ქრისტიანები შეაქო: 1 კორ. 11:2, და გადმოცემას ისევე, როგორც წერილს, ღვთის სიტყვა უწოდა: 1 თეს. 2:13. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება ამტკიცებდე, თითქოს ყველა წესდება ან ღვთის მცნება მხოლოდ წერილშია მოქცეული, როცა ისინი ადამიანებს ზეპირად ეუწყებოდათ, ანუ იგივეა - გადმოცემით?
წმიდა წერილი ღმრთის სიტყვაა
მკ.7:7-8, 13. "ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. ... და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ".
განმარტება: უფალი აქ გმობს ადამიანურ გადმოცემას, რომელიც იშვება ღმრთისგან შორს მდგომი გულიდან (მ. 6), და, რომელიც არ ეთანხმება ღვთიურ ჭეშმარიტებას (ტიტ. 1:9). ხოლო "წმიდა გადმოცემაში" იგულისხმება ღვთის სიტყვა: გალ. 1:11–12; 1 თეს. 2:13; 2 თეს. 3:6; 1 ტიმ. 6:20 — რომელიც ქადაგებულ იქნა უფლის ბრძანებით: მთ. 28:19–20.
1 პეტ. 1:25. "ღვთის სიტყვა კი წარუვალია (ეს. 40:6-8); სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ".
განმარტება: აქედან ჩანს, რომ "უფლის სიტყვად" იწოდება არა მხოლოდ დაწერილი, არამედ ზეპირად ქადაგებული სიტყვაც, რადგან ზეპირი სწავლება და ქადაგება მოციქულთა პირველი მოვალეობა იყო: მკ. 16:15; რომ. 10:14–17. წმიდა გადმოცემას აქვს წმიდა წერილის თანასწორი ძალა, და ამიტომ იგი არის იგივე ღვთის სიტყვა, რომელიც წიგნებში არ არის ჩაწერილი: 1კორ. 11:2; საქმ. 13:5.
1 თეს. 2:13. "ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო".
განმარტება: აქედან ჩანს, რომ ღვთის სიტყვა არის არა მხოლოდ მოციქულთა მიერ დაწერილი სიტყვა, რომელიც დღემდე იკითხება, არამედ ისიც, რომელიც მათ ზეპირად იქადაგეს და მათ მოწაფეებსა და მიმდევრებს ესმოდათ. მოციქული გვიჩვენებს, როგორ ინახება ღვთის სიტყვა გადმოცემაში, როცა ამბობს: "რომელიც მოქმედებს თქვენში, მორწმუნეებში". იგი ვერ დაიკარგება და ვერ მიეცემა დავიწყებას, რადგან მის შესაბამისად მუდმივად წარიმართება მორწმუნეთა მთელი ეკლესიის ცხოვრება, ეკლესიისა, რომელსაც ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე ეწოდება: 1 ტიმ. 3:15. ამიტომაც მოციქული არამარტო შემთხვევით, არამედ განსაკუთრებული დაჟინებითაც კი ითხოვდა გადმოცემის დაცვას: 1 ტიმ. 6:20; 2 თეს. 2:15; 3:6, რადგან ყველაფერი როდია ჩაწერილი, რასაც თავად იესუ ქრისტე ასწავლიდა (ინ. 20:30; 21:25).
წმიდა გადმოცემა არც იუდაური იგავ-არაკებია და არც ფარისეველთა გადმოცემები
მთ. 15:3, 9. "ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? ... ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს".
განმარტება: აქ იესუ ქრისტე ლაპარაკობდა არა ყოველგვარ, არამედ მხოლოდ ფარისეველთა გადმოცემაზე, რომელსაც "თქვენსას" უწოდებს. არსებობდა სხვა გადმოცემაც - არა უხუცესთაგან, არამედ მამათაგან: ინ. 7:22. ფარისევლები კი იცავდნენ "უხუცესთა გადმოცემებს", რომლებიც რელიგიურ ცხოვრებას კი არა, უფრო ყოფით წეს-ჩვეულებებს ეხებოდა: მკ. 7:3–8. ამ გადმოცემის წმიდა გადმოცემასთან არევა არ შეიძლება, რადგან წმიდა გადმოცემა არის ღვთის სიტყვა: გალ. 1:11-12. წმიდა გადმოცემის დაცვას მოციქული აქებს: 1კორ. 11:2-3; და გვთხოვს მტკიცედ გვეპყრას იგი: 2თეს. 2:15; 2ტიმ. 1:13; და სხვებსაც გადავცეთ ეს მცნება: 2ტიმ. 2:2.
გადმოცემის მიხედვით დაწერა ლუკამ თავისი სახარება: ლკ. 1:1–4. ასევე არსებობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა და მახარებლის ახალაღთქმისეული დარიგებები: 2 ინ. 1:1; მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ ჰგავს ფარისეველთა გადმოცემას: მთ. 15:5–6; მკ. 7:3–4.
კოლას. 2:8. "ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით".
განმარტება: მოციქული გვარწმუნებს, რომ ყოველგვარი გადმოცემით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ და განსაკუთრებით არ უნდა მოვიხიბლოთ "ამ საუკუნის" სიბრძნით (მ. 4); 1კორ. 2:5-6; საქმ. 17:18. წმიდა გადმოცემა არ არის "ქვეყნის სტიქიების მიხედვით" გამოგონილი ფილოსოფია; მისით მიიღეს ადამიანებმა თავდაპირველად ქრისტეს შესახებ ცოდნა: ლკ. 1:2; მისით მოეწყო ეკლესიაც: საქმ. 16:4; ამ გადმოცემის მტკიცედ პყრობა და მასშივე მტკიცედ დგომა გვიბრძანა მოციქულმა: 2თეს. 2:15.
1 ტიმ. 4:7. "ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი".
განმარტება: უვარგისი ზღაპრები მოცემულია არა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაცულ წმიდა გადმოცემაში, არამედ მწვალებლურ თემებში, რომლებიც წმიდა წერილს ამახინჯებენ საკუთარი თავის წარსაწყმედად: 2 პეტ.3:15–17; სწორედ ასეთი გამრუდებული განმარტებებისგან და კომენტატორებისგან გვიცავს მოციქული: 2 თეს.2:2.
ტიტ. 1:13-14. "ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს".
განმარტება: ტიტესადმი მიმართულ მოციქულ პავლეს ამ სიტყვებში არაფერია ნათქვამი გადმოცემის წინააღმდეგ. იუდაური ზღაპრები, რომელთა შესახებაც აქ მოციქული ლაპარაკობს, ეს რჯულის იუდაური განმარტებებია, რომლებიც მაცხოვართანაც დანაშაულებრივ გადმოცემებად არის წოდებული: მთ. 15:3; მკ. 7:3-4. წმიდა გადმოცემების შესახებ თვით მოციქული ასწავლიდა: 2 თეს. 2:15; 3:6.
ეს. 29:13. "თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება".
განმარტება: აქ იგულისხმება უხუცესთა გადმოცემები, - ძველი კაცებისა, რომლებიც არ შეესაბამებიან საღვთო ჭეშმარიტებას ანუ სწავლებას: ტიტ. 1:9. უფალი ეუბნება მწიგნობრებსა და ფარისევლებს - იუდაელ უხუცესებს: "არღვევთ" ღვთის მცნებას... მთ. 15:3,6; მკ. 15:6, მაგრამ ამით არ უარიყოფა უხუცესთა და მამათა ყოველგვარი დარიგება: 2 ინ. 1:1; 3 ინ. 1:1; ინ. 7:22. ერთი გადმოცემის მეორესთან აღრევა არ შეიძლება, რადგან წმიდა გადმოცემაში იგულისხმება ღვთის სიტყვა: 1 თეს. 2:13.
სახარებაში ყველაფერი როდია ჩაწერილი, რაც ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელია
ლკ. 9:11. "მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა".
განმარტება: აქ დასტურდება, რომ მახარებლებს ყველაფერი არ ჩაუწერიათ იქიდან, რასაც უფალი ასწავლიდა: ინ. 20:30; 21:25; ცხადია, ღვთის სასუფევლის შესახებ საუბარში უფალი მრავალ ისეთ დარიგებას იძლეოდა, რომლებიც შემდგომში მოციქულებმა ზეპირად გადასცეს სხვა ადამიანებსაც: 1თეს. 2:13.
ინ. 20:31. "ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით".
განმარტება: ის, რომ კაცობრიობის ხსნისთვის სრულიად საკმარისი არ არის მხოლოდ დაწერილი, ეს წინა 30-ე მუხლიდანაც ჩანს და განსაკუთრებით ინ. 21:25-დან; ამ ადგილებიდან ვხედავთ ყველაფერი ჩაწერილი როდი იყო, რასაც იესუ აკეთებდა და ასწავლიდა; მაშასადამე, ამ სიტყვებით არ იგულისხმებოდა წმიდა გადმოცემის უარყოფა: 2 თეს.3:6, არამედ მხოლოდ შთააგონებდა იმას, რომ ის სასწაულებიც კი, რომლებიც სახარებაშია აღწერილი, საკმარისია რათა ირწმუნო, რომ იესუ ქრისტე ჭეშმარიტად ღვთის ძეა. გადმოცემით წერდა მოციქული ლუკა თავის სახარებას: ლკ.1:2–3; წმიდა გადმოცემის დაცვასა და შენახვას ასწავლიდნენ სხვა წმიდა მოციქულებიც: 1კორ.11:2; 1ინ.2:24.
2 ინ. 1:12. "ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გესაუბრებით, რათა სრულ იყოს ჩვენი სიხარული".
განმარტება: აქედან ჩანს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო რამ ქრისტიანულ ცხოვრებაში განსამტკიცებლად მოციქულებს არ ჩაუწერიათ: საქმ. 20:31; ხოლო რაც ჩაწერეს ისიც საჭიროების გამო ჩაწერეს: 3 ინ. 13-14 - როდესაც ზეპირი დარიგების გადაცემის სხვა, უკეთესი გზა არ არსებობდა. სწორედ ეს ზეპირი, მოციქულებრივი დარიგებაა გადმოცემაა, რომლის დაცვასაც მოციქული პავლე დაჟინებით გვევედრება: 2 თეს. 3:6; 1 ტიმ. 6:20.
ინ. 21:25. "ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ".
განმარტება: აქ კვლავ ნათელი მტკიცებულებაა მოცემული იმისა, რომ ყველაფერი როდია ჩაწერილი იმისგან, რაც იესუ ქრისტემ აღასრულა და რასაც ასწავლიდა; განსაკუთრებით ცოტაა ჩაწერილი იმათგან, რასაც ის აღდგომის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ასწავლიდა, როდესაც ეცხადებოდა მოწაფეებს და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა: საქმ. 1:3. ამაოდ როდი ამბობს მოციქული: "რწმენა - სმენისგანაა"-ო: რომ. 10:17. თანაც თვით წმიდა წერილში არის ისეთი საიდუმლოებანი, რომელთა შეცნობაც თვით ანგელოზებისთვისაც კი მხოლოდ სასურველ საქმედ არის წარმოდგენილი: 1 პეტ. 1:12; 1 ტიმ. 3:16; 2 პეტ. 3:15–16. ამიტომ რწმენის საქმეში არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ გონებას დაეყრდნო; საჭირონი არიან სულიერი ხელმძღვანელები, რომელთაც მინიჭებული აქვთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებების ცოდნა: მთ. 13:11; 2 პეტ. 1:20; ებრ. 4:12; 2 კორ. 2:15–16.
წმიდა წერილის ძირითადი ადგილები წმიდა გადმოცემის შესახებ, რომელთა ზეპირად სწავლა სავალდებულოა:
ინ. 21:25. "ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესუმ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ".
მთ. 28:19-20. "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ".
1 კორ. 11:2. "იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას".
1 ტიმ. 6:20. "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას".
2 ტიმ. 2:2. "და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც".
2 თეს. 2:15. "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით".
გაგრძელება იქნება
გამოცემა: Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений / Сост. и изд. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : Типо-лит. "Свет", 1910.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
