ანტიერეტიკონი - ვეგეტარიანელობის ბიბლიური მხილება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ვეგეტარიანელობის ბიბლიური მხილება
ვეგეტარიანელობის ბიბლიური მხილება
ავტორი: მაქსიმ სტეპანენკო. რმე-ს ტომსკის ეპარქიის მისიონერული განყოფილების ხელმძღვანელი.
 
თანამედროვე ადამიანი სულ უფრო და უფრო ხშირად აწყდება ვეგეტარიანელობის დაჟინებულ ქადაგებებს. ვეგეტარიანელობის აპოლოგეტებს მოჰყავთ "საკმაოდ დამაჯერებელი" არგუმენტები (ხშირად გამოიყენება წარმართული ინდუისტური ტრაქტები), რომელთაგან შეიძლება ვინმე დაიბნეს. მაგალითად:
 

მანუ სამხიტა ხორცის შესახებ

ცნობა. მანუ-სმირიტი (მანუ-სამხიტა) ანუ მანუს კანონები - გხლავთ ძველინდური ლიტერატურის ძეგლი, კანონთა ძველინდური კრებული, რომელიც განწესებულია "ღვთისმოსავ" ინდოელთათვის, თუ როგორ უნდა აღასრულონ მათ თავიანთი საზოგადოებრივი, რელიგიური და ზნეობრივი მოვალეობანი, რომელსაც ტრადიცია მიაწერს კაცობრიობის ლეგენდარულ წინაპარს - მანუს. ის ამავე დროს წარმოადგენს ერთ-ერთ დხარმა-შასტრს თორმეტიდან, რომლებიც შედიან სმირიტის ლიტერატურაში. თავის მხრივ "სმირიტის" ლიტერატურა განეკუთვნება არავედურ რელიგიიურ წერილს.
 
"მანუ-სმირიტი" დაიწერა იმ პერიოდში, როდესაც არავედური მოძრაობების გამო ბრაჰმანების გავლენა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა: მაურიელთა და შუნგას იმპერიების დაშლის შემდეგ ჩამოყალიბთა სოციალური არასტაბილური პერიოდი. ამგვარად "მანუ-სმირიტი" და სხვა დხარმა-შასტრები წარმოადგენდნენ ბრაჰმანთა რეაქციას ამ საშიშროებაზე.
 
მეცნიერებაში დამყარდა გეორ ბიულერის შეხედულება, რომ "მანუ-სმირიტი" იმ სახით, როგორც მან მოაღწია ჩვენამდე, ჩამოყალიბდა ქრ. შობამდე II ს-სა და ქრ. შობიდან II ს-მდელ პერიოდში.
 
 
***
 
ვინც წესები იცის, არ უნდა ჭამოს ხორცი, უკიდურესი შემთხვევების გარდა, რადგან, ვინც წესების საწინააღმდეგოდ ხორცს შეჭამს, სიკვდილის შემდეგ, უსუსური, შეჭმული იქნება იმათ მიერ, ვისაც თვითონ ჭამდა წინა ცხოვრებაში.
 
სიკვდილის შემდეგ საჭიროების გამო ცხოველის მკვლელის იცოდვა არ არის ისე მძიმე, როგორც იმ მკვლელისა, რომელიც ხორც ჭამს სიამოვნებისთვის.
 
ცხოველის მკვლელობის ნებადამრთველი, ცხოველის გამომშიგნველი, ხორცის მყიდველი და გამყიდველი, რომელიც მისგან საჭმელს ამზადებს და საჭმელადვე სხვას აწვდის, ასევე მისი მჭამელი - ყველანი მკვლელები არიან!
 
რამდენი ბეწვიც აქვს მოკლულ ცხოველს, იმდენჯერ მოუწევს სიკვდილის განცდა მომავალ დაბადებებში იმას, ვინც ცხოველს ჰკლავს სიამოვნებისთვის.
 
ვინც საკუთარი სიამოვნებისთვის ზიანს აყენებს უწყინარ არსებებს, მას არც ცოცხალს და არც მკვდარს არასოდეს ექნება სიამოვნებები.
 
შეუძლებელია ხორცის მიღება ცოცხალი არსებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე, ხოლო ცოცხალი არსებების მოკვლა შეუთავსებელია ზეციურ ცხოვრებასთან; ამიტომაც საჭიროა თავის შეკავება ხორცისგან.
 
მხედველობაში უნდა გვქონდეს ხორცის წარმომავლობა და ამისთვის ცხოველთა შეკვრისა და მოკვლის აუცილებლობა, საჭიროა თავი შევიკავოთ ყოველგვარი ხორცის მიღებისგან.
 
ვინც ხორცს არ ჭამს პიშაჩას (1) მსგავსად, ის სამყაროში სარგებლობს სიყვარულით და ვერ ერევიან მას დაავადებანი.
 
არ არსებობს იმაზე დიდი ცოდვილი, ვიდრე ადამიანი, ვინც წინაპართა და ღმერთთა უპატივცემობით, ცდილობს თავისი ხორცი გაზარდოს სხვათა ხორცით.
 
ერთი და იგივეა სათნოების ნაყოფი  იმისა, ვინც ასი წლის განმავლობაში მსხვერპლს სწირავს აშვამედხას, და იმისა, ვინც ხორცს არ ჭამს.
 
ბერთა წმიდა საკვების, ანუ მცენარეული ნაყოფებისა და ფესვების მიმღებთაგან ვერავინ მიაღწევს იმაზე მეტს, ვიდრე ხორცისგან თავის შემკავებელი.
 
"დე შემჭამოს მე (mam) იმან (sa) მომავალ სამყაროში, რომლის ხორცსაც აქ ვჭამ!" - ასე განმარტავენ ბრძენკაცები სიტყვა ხორცის (mamsa) მნიშვნელობას.

______________
1. Piśāca – ინდურ მითოლოგიაში ბოროტი და მავნე დემონები, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს, ჭამენ მათ ხორცს და სვამენ მათ სისხლს.
______________
 
ციტატები აღბულია საიტიდან: http://pigur.livejournal.com/ 109555.html
 
 
მაშ, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმრთის სიტყვა ხორცის ჭამასა და ვეგეტარიანელობაზე?
 
წმიდა მოციქული პავლე ჩვენს დროებაზე ასე წინასწარმეტყველებდა: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება" (1 ტიმ. 4:1-5).
 
ღმრთის მცნებათა და კანონთა დარღვევა ცოდვაა. ღმერთმა კი აკურთხა და ხორცის ჭამის ნება დაგვრთო: "აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.  თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს (და მიწის ყოველ ნახირს), ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ" (ძვ. ქართ.: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ") (დაბ. 9:1-4).
 
აბრაამი ხორცს ჭამდა, და როდესაც მას ანგელოზები ესტუმრნენ "გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.  გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი (ანუ ანგელოზები - "აპოკ." რედ.) ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო" (დაბ. 18:8).  
 
წმიდა წერილში ხორცის ჭამის მომენტები ბევრგან გვხვდება და მას ღმერთი არსად აძაგებს. მეტიც, პასექის ზეიმობისთვის ისრაელს ხორცის ჭამა აუცილებელ მცნებად მისცა:
 
"უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს. მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული. შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან. პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად. ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ. შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან, როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი. საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ. უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი. აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში. ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად. წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ" (გამოსვლა 12:1-24).
 
როგორც ჩვენ ვიცით პასქალურ ტრაპეზს უდიდესი სიმბოლური, რელიგიური და წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა: "ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება" (იოანე 19:36).
 
უფალი იესუ ქრისტე თევზს ჭამდა: "და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ" (ლუკა 24:42-43) და ხორციც. მართალია სახარება პირდაპირ არაფერს გვამცნობს ქრისტეს მიერ ცხოველის ხორცის ჭამის შესახებ, მაგრამ, წერილი მოწმობს, რომ მაცხოვარი ჭამდა პასექის კრავს: "გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი" (ლუკა 22:8).
 
ქრისტიანებს არ ეკრძალებოდათ ხორცის ჭამა, გარდა დამხრჩვალისა, კერპშენაწირისა და სისხლიანისა: "მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს" (საქმე 15:20).


***


ამრიგად ვეგეტარიანელებისა და სექტანტების ყველა განცხადებაზე ჩვენი პასუხი ღმრთის სიტყვით გაცხადდება:
 
"... ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ" (ძვ. ქართ.: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ") (დაბ. 9:1-4).
 
"რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება" (1 ტიმ. 4:1-5).

წყარო: Миссионерско-апологетический проект "К Истине". k-istine.ru/vegetarian/vegetarian-01.htm



P. S. მეცნიერება: ვეგეტარიანელობამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და მეხსიერების დაკარგვა
 
ვეგეტარიანელები ხშირად განიცდიან ვიტამინ B12-ის ნაკლებობას - ამტკიცებენ ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის თანამშრომლები, თანაც აღნიშნავენ, რომ B12-ის ნაკლებობა, რომელიც ხორცის ჭამისგან უარის თქმით არის პროვოცირებული, ვლინდება არა მარტო დაღლილობასა და გაღიზიანებადობაში, არამედ გახლავთ უფრო სერიოზულ დარღვევათა მიზეზიც.
 
ვიტამინ B12-ის დეფიციტი, როგორც პორტალი "ნიუ-ინფორმი" იუწყება, შეიძლება გახდეს მეხსიერების პრობლემების მიზეზი, ასევე მოახდინოს დეპრესიული მოშლილობის, დემენციის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკულ დაავადებათა გართულებები, და მეტიც, თვით ონკოლოგიური სნეულებებიც კი.
 
B12-ის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე დედაკაცთათვის, რომლებსაც, შედეგად, შეიძლება გაუჩნდეთ სხვადასხვა დეფექტის მქონე ბავშვები.
 
ვიტამინ B12-ის ნაკლებობა აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, ასევე იწვევს სხვადასხვა სახის პათოლოგიურ მდგომარეობებს. თუკი თქვენ რეგულარულად იღებს ცხოველური წარმომავლობის პროდუქტს, მაშინ B12-ის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს სულ სხვა სპეციფიკური შემთხვევების შედეგად, მაგრამ ვეგეტარიანელებისთვის შესაბამისი რისკი იზრდება უფრო მრავალჯერ", - ამბობენ მეცნიერები აშშ-დან, და ამატებენ, რომ ვეგეტარიანელებისთვის, თუ მათ არ სურთ დააზიანონ საკუთარი ჯანმრთელობა, აუცილებელია მიიღონ დანამატები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ B12.
 
წყარო: planet-today.ru
Назад к содержимому