სწავლანი > ანტიერეტიკონი
ვინ განსჯის იესუ ქრისტეს?
ანუ
მიტრ. ანტონის (სუროჟელი), არქიმ. სოფრონის (სახაროვი)
და თანამედროვე ღვთისმეტყველთა ერეტიკული ქრისტოლოგიის შესახებ
ავტორი: დეკ. პეტრე ანდრიევსკი (1954 - 2012).
ერთხელ საუბარი გავმართე მონაზონ ქალთან, რომლის მორჩილებას წარმოადგენდა წიგნებით ვაჭრობა მონასტრის ჯიხურში. მან ხმაში ერთგვარი სიამაყის გრძნობით მომითხრო, რამდენი კარგი წიგნი იყიდება მონასტერში. შემდეგ მამცნო, რომ თავად მონასტერსაც უკვე გამოცემული ჰქონდა არაერთი წიგნი (რამდენად კარგია ერთ-ერთი მათგანი, შეიძლება დავრწმუნდეთ მეხუთე ჩანაწერიდან თანამედროვე ნესტორიანელობის შესახებ). "ახლა კი — მითხრა მან, — გამოსაცემად მზადდება მიტრ. ანტონის (ბლუმის) თხზულებათა წიგნი".
ვეკითხები, როგორი დამოკიდებულება აქვს თანამოსაუბრეს მიტრ. ანტონის შემდეგი გამონათქვამისადმი: "როდესაც მთელი კაცობრიობა საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება, როდესაც ყოველი ადამიანი სახელით იქნება მოხმობილი, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთაგანი იქნება — იესუ ქრისტე, ძე ღვთისა, ძე კაცისა" (Беседы о вере и Церкви, М., 1991, с.177).
მხცოვანი მიტროპოლიტის ამ გამონათქვამმა უეცრად გააოგნა მართლმადიდებელი მონაზონი. გარკვეული ფიქრის შემდეგ მან მიპასუხა: "ეს შეცდომაა ან უნებლიე გადაცდომა" შემდეგ, კიდევ იფიქრა რა ცოტა, დაამატა: "მე ეს წიგნი წამიკითხავს, მაგრამ მსგავსი გამოთქმა არ შემხვედრია".
დიახ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მონაზონი. ერთი მხრივ, სარწმუნოების სიმბოლოდან ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ თვით ქრისტე საშინელ სამსჯავროზე იქნება მართლმსაჯული და ეკლესიას სწამს ქრისტესი, რომელიც "კვლავ მოვა განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა". ხოლო მეორე მხრივ, (პირველს უპირისპირდება) სიმართლისა და სიწმიდის ის ორეოლი, რომელიც მიტრ. ანტონის შეუქმნეს მასობრივმა (უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლურმა) საინფორმაციო და ბეჭდვითმა საშუალებებმა.
რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ამა თუ იმ სასულიერო პირთა ხიბლქვეშ მყოფი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვერ ამჩნევენ მათ ნესტორიანულ ღვთისმეტყველებას. იგივე მიტრ. ანტონი თავის თხზულებებში არანაირად არ მალავს თავის ნესტორიანელობას. იესუ ქრისტე მისთვის არის ადამიანი, რომელსაც, ისევე როგორც ყველა ადამიანს, აქვს ცნობიერება; აცნობიერებს თავს როგორც კაცი, რომელშიც ჩასახლდა ღმერთი.
მიტრ. ანტონი: ""სიტყვა ხორციელ იქმნა" (იოან. 1:14); ჩვენ გვწამს, რომ განკაცებაში ღვთაება შეუერთდა არა მარტო ადამიანის სულს, მის ცნობიერებას, მის ცოცხალ გრძნობებს, მის ნებას, არამედ გვწამს ისიც, რომ ამ ღვთაებამ გამსჭვალა თვით ხორციც, რომელიც ქრისტემ მიიღო ღვთისმშობლისგან" (Беседы о вере и Церкви, М., 1991, с. 177).
ღმერთი, მიტრ. ანტონის აზრით, იმყოფებოდა ადამიან იესუსთან იმ დრომდე, სანამ მან (ღმერთმა) არ მიატოვა იესუ.
მიტრ. ანტონი: ქრისტე "აღმოჩნდა თანაზიარი, მონაწილე ადამიანის ერთადერთი ონტოლოგიური, ძირითადი ტრაგედიისა — მან დაკარგა ღმერთი: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?" (მათ. 27:46)" (Беседы о вере и Церкви, с.64).
ისევე, როგორც ძველი ნესტორიანელები, მიტრ. ანტონი ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ შეეძლო საკუთარი თავის აღდგინება.
მიტრ. ანტონი: ქრისტემ "მიიღო სიკვდილი მისი ყველა შედეგითურთ, და თავად მას ერთგვარად არ ჰქონდა ხელმწიფება აღედგინა საკუთარი თავი; მან თავი მისცა სიკვდილს ჩვენი ხსნისთვის, და ღმერთმა, ჯვარცმაში გამოხატული მისი სიყვარულის საპასუხოდ, კვლავ მოუხმო მას უკან სიცოცხლეში, შეაერთა ქრისტეს სული ქრისტეს სხეულთან და მკვდრეთით აღმდგარად წარმოაჩინა იგი ქვეყნიერების წინაშე" (Беседы о вере и Церкви, с.302).
შეგახსენებთ, რომ მსგავსი აზრი წმ. იოანე ოქროპირმა განსაზღვრა, როგორც სიგიჟის ნიშანი და უკიდურესი ხარისხის შეშლილობა.
მიტრ. ანტონი (ბლუმი): "იოანეს სახარების მეხუთე თავში, იმ მონაკვეთში, რომელიც დაკრძალვისას იკითხება, მაცხოვარი ამბობს: "როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებელი მამის ნებას..." (ინ. 5:30). სამსჯავრო, რომელსაც მე გამოვთქვამ - არ არის ჩემი; ეს სამსჯავრო მამისაა, რომელიც მე სმენით აღვიქვი და ბაგეებით გავაცხადე. ამიტომ ის მართალია. ის ჩემი არ არის — ის მამისაა, გამოცხადებული მორჩილებაში… იმავე თავის სხვა ადგილას, და სხვა თავში მაცხოვარი ამბობს, რომ "მამაჩემი აქამდე იქმს და მეც ვიქმ" (ინ. 5:17). ის მიჩვენებს საქმეებს, რომლებსაც ის იქმს — და მეც ვიქმ… და კვლავ: ჭვრეტა. ქრისტეს თვალები მიპყრობილია ღმრთისკენ, ისევე, როგორც მისი სმენა ღიაა მამისთვის. ქრისტე ხედავს, თუ რა ჩაიფიქრა ღმერთმა და რას იქმს იგი — და ის ამას თავისი ადამიანური შემოქმედებით ახორციელებს" (Проповеди и беседы. М., 1991, с.71).
წმ. იოანე ოქროპირი, როდესაც განმარტავს სიტყვებს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ქრისტე მოვიდა, რათა აღესრულებინა ნება მომავლინებელი მამისა (იოან. 5:30). ხოლო თავისით მას არ შეუძლია: არც ქმნა (იოან. 5:30), არც ლაპარაკი (იოან. 12:49), არც განსჯა (სამართლის აღსრულება) (იოან. 12:47), არც ნიჭის ბოძება (მათ. 20:23), არც ნებელობა (მათ. 26:39) — წერს, რომ ეს სიტყვები წარმოითქვა მსმენელთა უძლურების გამო. ხოლო მსმენელები იუდეველები იყვნენ, რომლებიც ვერ იტევდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტეა თვით ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ის ღმერთი, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და მანანათი გამოჰკვება უდაბნოში. მაშ, რა უძლურებაა მიტრ. ანტონში, გარდა იმისა, რომ ის — თავდაჯერებული ნესტორიანელია. მისი ერთადერთი განსხვავება ძველი ნესტორიანელებისგან არის ის, რომ იგი ქრისტე-ღმერთს მიათრევს სამსჯავროზე რასაც ძველი ნესტორიანელებიც კი არ აკეთებდნენ.
ნუთუ მართლაც იმდენად დაბნელებულია თანამედროვე მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერება, რომ მას არ ძალუძს მიხვდეს - მიტრ. ანტონის (ბლუმის) თხზულებანი არის სუფთა ნესტორიანელობა?
რატომ არ ძალუძს მას დაინახოს მეორე ნესტორიანელის არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვის) ნადღაბნები?
არქიმანდრიტი სოფრონი: "დედამიწის ფარგლებში არ არსებობს აბსოლუტური სრულყოფილება და საშიშია დავკმაყოფილდეთ უკვე მიღწეულით. ღმრთისადმი ურწმუნოთ არ უწყიან ღვთითმიტოვებულობა. ამ გულისტკივილს განიცდიან მხოლოდ ისინი, ვინც უკვე შეიცნო ღვთის სიკეთე და მთელი ძალით ელტვიან მასთან ყოფნას. რაც უფრო მეტად იგემა ადამიანმა ღმერთთან შეერთების სიხარული, მით უფრო მეტად იტანჯება იგი მასთან განშორებით. უკანასკნელი ზღვარი, რომელიც სახარებიდან ვიცით — არის თვით უფალი: გეთსემანიაში სისხლიანი ოფლით ლოცვის შემდეგ, რომელშიც მან მთელი საკუთარი თავი გადასცა თავის მამას, ჯვარზე "ხმამაღლა შეღაღადა ... ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?" … შემდეგ "იესუმ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული" (იხ. მათ. 27:46-50).
"კაცი ქრისტე იესუს" (1 ტიმ. 2:5) ასეთი სრული დაუძლურების დროს — ეს "უძლურება" გარდაისახა განკაცების აქტში მის მიერ მიღებული ჩვენი ბუნების არანაკლებად სრულ განღმრთობაში. და მას – უკვე, როგორც "ადამიანს" მიეცა სახელი, რომელიც აღემატება …ყოველ სახელს არა მარტო ამ სოფელში, არამედ მომავალშიც" (იხ.: ფილიპ. 2:9; ეფეს. 1:21)“ (Видеть Бога как Он есть. Свято-Троицкая Лавра, Свято-Иоанно-Предтеченский монастырь, 2009, с.155).
მაშასადამე, ქრისტემ, არქიმ. სოფრონის აზრით, ღვთითმიტოვებულობა იმიტომ განიცადა, რომ მან შეიცნო ღვთის სიკეთე და იგემა მასთან შეერთების სიხარული. იმიტომაც იტანჯება ქრისტე გეთსიმანიაში, რომ ღმერთმა მიატოვა მისი "კაცი ქრისტე იესუ", რომელმაც მანამდე იგემა ღმერთთან შეერთების სიხარული.
ეს შეთავსება "კაცი ქრისტე იესუ" წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეზე მითითებით წითელი ძაფივით გასდევს არქიმ. სოფრონის ყველა თხზულებას. მათ უნდათ დაარწმუნონ მკითხველი, რომ ქრისტე არის ადამიანი, რომელშიც მკვიდრობს ღმერთი. თუმცა ნეტარი თეოფილაქტე, რომელიც, როგორც ცნობილია, თავის განმარტებებში მიჰყვებოდა წმ. იოანე ოქროპირს, მოციქულ პავლეს ამ სიტყვების შესახებ წერს: "არ გააცხადა ქრისტეს ღვთაებრიობაზე იმიტომ, რომ მაშინ ბატონობდა მრავალღმერთიანობა, რათა არ ეფიქრათ, რომ მასაც შემოაქვს მრავალი ღმერთი… ის არ ახსენებდა თვით სულსაც, რათა არ მრავალღმერთიანობის მქადაგებლად არ მოსჩვენებოდათ.
ვინ არის ის ქრისტე იესუ, რომელიც მიატოვა ღმერთმა? ვინ არის იგი – ღვთისგან მიტოვებული? ნუთუ გაუგებარია თვით ამ სიტყვათ-შეთავსების აბსურდულობა?
სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ადამიანისათვის, რომელიც აღზრდილია პროფ. ა. ი. ოსიპოვის, დიაკვან ანდრია კურაევის, მღვდელ გიორგი კოჩეტკოვის, მიტრ. ანტონის (ბლუმის), არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვის) და სხვათა, და მათ სულიერ მოძღვართა თხზულებებზე, ამ სიტყვათ-შეთავსების აბსურდულობა გაუგებარია.
მართლმადიდებელი ნესტორიანელისთვის წარმოდგენა იესუ ქრისტეზე, როგორც ადამიანზე, რომელიც მიატოვა ღმერთმა – ჩვეულებრივი წარმოდგენაა, და ის (ნესტორიანელი) მიიჩნევს, რომ ეს ჭეშმარიტად მართლმადიდებლური მოძღვრებაა. და სხვებსაც უნერგავს ამ აზრს.
ასე, მაგალითად, მღვდელი ვლადიმირ სოკოლოვი წერს: "…ადამიანის გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეეძლო, რომელმაც საკუთარ თავზე ადამიანური ბუნებისა და ცოდვის ტვირთი აიღო. უფრო მეტიც, უზენაესი სამართლიანობის ძალით, ღმერთს შეეძლო ადამიანის გადარჩენა მხოლოდ თავისი კაცობრივი ბუნებით, და არა ღვთაებრიობით, ამიტომ იესუ ქრისტემ ჯვარზე განიცადა მომენტი, როდესაც იგი ღმერთმა მიატოვა (მათ. 27:46). მაგრამ ჯოჯოხეთზე გამარჯვების მოპოვება, და ისიც ღვთითმიტოვებულობის პირობებში, მხოლოდ უცოდველ და სრულყოფილ ადამიანს შეეძლო, რომელზეც, მისი უცოდველობის ძალით, ეშმაკს არ ჰქონდა არანაირი ძალაუფლება, სწორედ ასეთი იყო იესუ ქრისტე" (На грани жизни. Данилов монастырь, М., 2008, с.132).
მღვდ. ვლ. სოკოლოვის წიგნი "სიცოცხლის პირას" ("На грани жизни") გამოცემულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის მიერ, პატრიარქ ალექსი II-ის ლოცვა-კურთხევით. წიგნს ჰყავს ცენზორიც კი ჰყავს – იღუმენი პეტრე (მეშჩერინოვი). ეს წიგნი – არის დამხმარე სახელმძღვანელო მართლმადიდებლური რწმენის შესასწავლად.
მისგან ვიგებთ ღვთითმიტოვებულობის მიზეზს. ამას თითქოსდა მოითხოვდა უზენაესი სამართლიანობის კანონი. ეშმაკის დამარცხება უნდა მოეხდინა ადამიანს. ამიტომაც, ვითომ, იესუს შორდება ღმერთი და ტოვებს მას თავისი შეწევნის გარეშე. მზაკვარნი არიან საკუთარ გამოგონებებში ეს ნესტორიანელები!
ვუბრუნდებით რა მიტრ. ანტონის წიგნს "საუბრები რწმენასა და ეკლესიაზე", წიგნს, რომელიც გამოცემულია უზარმაზარი ტირაჟით (ორასი ათასი ეგზემპლარი) და ძალიან გავრცელებულია მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის, აუცილებელია დავსვათ კითხვა, რომლითაც არის დასათაურებული ეს ჩანაწერი: ვინ განსჯის და გაასამართლებს იესუ ქრისტეს?
წყარო: dzen.ru
მასალა რუსულიდან თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
