Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ
მკვდრის გაცოცხლება ელისე წინასწარმეტყველის საფლავში
ავტორი: დეკანოზი იოანე (სმოლინი).

ზემოთ ფოტოზე: ელისეს საფლავის სასწაული. მხატვარი იან ნაგელი (Jan Nagel) († 1602)


I. მართლმადიდებლური სწავლება ღმრთის წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ

II. ღმრთის სიტყვა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი

III. წმიდა გადმოცემა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი

IV. მართლმადიდებლის პასუხები შემცდარის კითხვებზე

V. სექტანტებთან მისიონერული პოლემიკის დამხმარე სახელმძღვანელო წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ.
 

***

 
I. მართლმადიდებლური სწავლება ღმრთის წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ

ღმრთის სიტყვა ანუ წმიდა წერილი ასწავლის, რომ ღმერთმა დასაბამითგან იცის თავისი მართლები და მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გამოცხადებებითა და სასწაულებით განადიდებს (მაგ.: მოსე, მეფე დავითი, სოლომონი და წინასწარმეტყველები). ასე რომ ისინი არიან "ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14). უფალი სიკვდილშიც განადიდებს თავის წმიდათ მოწამეობრივი აღსასრულით ან საიქიო სავანეებში სიკვდილის გარეშე გადასახლებით (მაგ.: ილია და ენოქი); წმიდა წერილი უფლის წმინდანებს გამოსახავს ასეთი სახით: ზეცად ისინი იმოსებიან სპეტაკი შესამოსელით და თავზე ედგმებათ ოქროს გვირგვინები (იხ. იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსისი). ხოლო დედამიწაზე დარჩენილ სხეულთა სიწმიდეს უფალი სასწაულებითა და უხრწნელებით წარმოაჩენს (იგავნი 2:3, 22; 1 ტიმ. 1:8-10).
 
ამიტომაც, ყველას თვალწინ, მრავალი საუკუნის განმავლობაში აღესრულება დიადი სასწაული: საფლავებიდან ამოყვანილ ღმრთის წმინდანთა სხეულის ნაწილები ან მათი ძვლები კეთილსურნელებას აფრქვევენ და მადლშემოსილნი არიან მაკურნებელი ძალით.
 
საყოველთაო აღდგომის შემდეგ სხვა ადამიანებსაც ექნებათ მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეს მსგავსი უხრწნელი სხეულები (ფლპ. 3:20-21). მაგრამ ქრისტეს ეკლესიის წმინდანები, როგორც სულიწმიდის უწმიდესი ჭურჭლები და, როგორც ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მოზიარენი, ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში ასწრებენ საკუთარი სხეულების განწმენდას ცოდვებისგან იმდენად, რომ ღმრთის მადლით "ხრწნადები შეიმოსებიან უხრწნელებით" (1 კორ. 15:53); და რადგან ღმრთის მადლი მათთან სიკვდილის შემდეგაც რჩება, უნარმოსილნი ხდებიან სასწაულთმოქმედების.
 
წარმოადგენენ რა წმიდა მსხვერპლს, ღმრთის წმინდანები და მათი პატიოსანი ნაწილებიც, საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ისეთივე პატივისცემას იმსახურებენ, როგორც წმიდა მართალთა ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.
 
მართლმადიდებლური კატეხიზმო ასწავლის, რომ როდესაც პატივს მივაგებთ ზეცად გადასახლებულ წმინდანთა სულებს, ამით ვაღიარებთ, რომ მათში დავანებული იყო თვით ღმერთი; მაგრამ, ამავდროულად პატივს მივაგებთ მიწაზე დარჩენილ მათ წმიდა სხეულებს, რომლებიც ასევე ღირს იქმნენ ყოფილიყვნენ სულიწმიდის ტაძრები (1 კორინთ. 6:19 შეად 3:17); პატივს მივაგებთ წმინდანთა ნაწილებს, რომლებიც მათ მიერ განიწმინდნენ, მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართს და სარტყელს, წმ. მოციქულ პეტრეს ბორკილებს და სხვა.
 
ამგვარად, ეკლესია, წმიდა მოწამეთა, მოღვაწეთა და მართალთა ნაწილების პატივისცემით, პატივს მიაგებს არა ხორცსა და სისხლს, არა გარდაცვლილ ადამიანთა გვამებს, არამედ ღმრთის მადლს, უფლის ძალას, რომელიც ამ ნაწილთა მიერ ვლინდება საკვირველ ნიშებსა და სასწაულებში.

ესოდენ ბუნებრივი პატივისცემა წმიდა ნაწილებისა და ღმრთის წმინდანთა სხვა ნარჩენებისა მყარ საფუძველს ჰპოვებს იმაშიც, რომ თვით ღმერთმა კეთილინება პატივი მიეგო თავისი რჩეული წმინდანებისადმი ურიცხვი ნიშებითა და სასწაულებით. ასე, მაგალითად, წმიდა წერილში ვკითხულობთ როგორ გაცოცხლდა ერთი მიცვალებული კაცი წმ. ელისეს ძვლებთან შეხებით.

მთლიანი სახით იყო დაცული წმ. წინასწარმეტყველ ელისეს სხეული? არა, ის სრულიად მიეცა მიწას; უხრწნელი დარჩა მხოლოდ ღმრთის წინასწარმეტყველის ძვლები: "მოკვდა ელისე და დამარხეს იგი", - ნათქვამია ღმრთის სიტყვაში. "მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა" (4 მეფ. 13:21).
 
ვინ გაბედავს დაეჭვებას იმაში, რომ წმ. წინასწარმეტყველის ძვლები ღმრთის მაცოცხლებელი ძალის ჭურჭელი იყო, თუმცა მისი ხორცი ამ დროს ხრწნილებას იყო მიცემული!



II. წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის ბიბლიური საფუძვლები
 
წმიდა წერილი ადასტურებს, რომ წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული პერიოდიდან არსებობდა. ასე, მაგალითად, გამოსვლათა წიგნში გადმოცემულია, თუ როგორ წამოიღო მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლისას იოსების ძვლები (გამ. 13:19).
 
იუდეის ღვთისმოსავმა მეფემ ოსემ გარდაცვლილ ადამიანთა უამრავი ძვალი დაწვა, მაგრამ ღმრთის წინასწარმეტყველის ძვლების ხელის ხლება აკრძალა და "თქვა: მოასვენეთ, ნურვინ დაძრავს მის ძვლებს. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები" (4 მეფ. 23:18).
 
იმავე წიგნში მოთხრობილია ერთი გარდაცვლილის სასწაულებრივი გაცოცხლების ამბავი, რადგან მისი გვამი წინასწარმეტყველ ელისეს ძვლებს მიედო (4 მეფ. 13:21).
 
ხოლო ბრძენი სოლომონი პირდაპირ ამბობს: "ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი" (სიბრძნე 2:23).
 
წმიდა წერილი ასევე ადასტურებს, რომ მართალ ადამიანთა ტანისამოსიც კი სასწაულთმოქმედების ძალით განიდიდებოდა უფლის მიერ:
 
"დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:14).



"დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:14).
 
სისხლმდინარე დედაკაცი რწმენით მიეახლა ქრისტეს სამოსის კიდეს და განიკურნა, "ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან" (მარკ. 5:28-29).
 
მოციქულ პავლეს "ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან" (საქმე 19:12).
 
მოციქულ პეტრეს ჩრდილსაც კი საკვირველთმოქმედების ძალა ჰქონდა:
 
"ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ" (საქმე 5:15).
 
მაშ, თუკი მოციქულთა ხელსახოცებს, წელსაკრავებს და თვით ჩრდილსაც კი საკვირველთმოქმედების ძალა ჰქონდა, ნუთუ ამგვარი მადლი არ ექნებოდა თვით მოციქულთა სხეულებს? ფსალმუნთმგალობელი დავითი მართლებზე ბრძანებს: "ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება" (ფსალმ. 33:21).
 
"რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას" (ფსალმ. 15:10).
 
მაგრამ, რადგან ქრისტე იყო არა მარტო ღმერთი, არამედ უცოდველი ადამიანიც, წინასწარმეტყველება ქრისტეს სხეულის უხრწნელებაზე ამავდროულად მის მიმდევართა სხეულებსაც ეხება, რადგან ასე ბრძანებს მოციქული პავლე: "როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც" (1 კორ. 15:49).
 
ბრძენი იესუ, ზირაქის ძე, თორმეტ უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველზე ამბობს:
 
"აყვავდეს თორმეტი წინასწარმეტყველის ძვლები, სადაც არიან, ... არც იოსების მსგავსი კაცი დაბადებულა, ძმების წინამძღოლი, ხალხის სახსარი. პატივი მიაგეს მის ძვლებს" (49:10, 15)
 
ხოლო ელისე წინასწარმეტყველზე ბრძანა: "განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ" (ზირ. 48:13-14).
 
"ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება" (2 ტიმ. 1:10).
 
"განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა" (მათე 27:52).
 
"კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება" (იგავნი 10:7).



III. წმიდა გადმოცემა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი
 
უხრწნელების ჭეშმარიტება, ღმრთის სიტყვით ნაუწყები, განუყოფელია წმიდა ნაწილთაგან და მჭიდროდ არის დაკავშირებული რწმენისა და ღვთისმოსაობის შესახებ ღმრთითგამოცხადებული სწავლების მთელ სიმწყობრესთან, დადასტურებულია და განმარტებულია წმიდა გადმოცემითა და, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ეკლესიის მამათა სწავლებებით.
 
მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომით ძლეულია სიკვდილი, და წმინდანთა უხრწნელება სიკვდილზე გამარჯვების მკაფიო დადასტურებაა (1 კორინთ. 15:54). შემდეგ, ქრისტიანული სწავლებით, სხეული არის არა მარტო სულის ორგანო, არამედ სულიწმიდის ტაძარიც (1 კორინთ. 6:19-20), ამიტომაც, სულთან ერტად, ისინი იღებს მონაწილეობას გარდაცვლილი მართლის განდიდებაში. ამის საფუძველზე აცილებენ საფლავამდე ასეთი პატივით გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულს. ხოლო სხვა მართალ ქრისტიანთა პატიოსანი გვამებს, იოანე ნათლისმცემელით დაწყებული, დიდი მოშურნეობით მიაგებენ პატივს მართლმადიდებელი ქრისტიანები.
 
იოანე ნათლისმცემელის თავი რამოდენიმეჯერ მოხვდა ქრისტიანობის მტრების, მაგალითად, იულიანე განდგომილის ხელში, რომლებიც არაერთხელ ეცადნენ მის განადგურებას, მაგრამ უფალმა ყოველთვის დაიცვა იგი ღვთისმოშიში თაყვანისმცემლებისთვის (Блаж. Феод. Церк. Ист., кн. 3. гл. 7:10). ზუსტად ასევე მიეგებოდა პატივი წმ. მოციქულთა წმიდა ნაწილებს, როგორც ადასტურებს ამას წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც მსჯელობს მოციქულ პეტრესა და პავლეს ძვლების პატივისცემაზე; ასევე, ნეტ. იერონიმე, ევსები (Церк. ист. кн. 8) და სხვები. III საუკუნიდან ჩვენ ვპოულობთ ცნობებს, რომ ქრისტიანები დიდი ღვთისმოშიშებით აგროვებდნენ წმიდა მოწამეთა ეგნატე ღმერთშემოსილისა და პოლიკარპე სმირნელის ძვლებს, როგორც "უძვირფასეს საგანძურს, იმაზე უმეტესს, ვიდრე ოქროა და ძვირფასი თვლები" (Евсевий Ц. ист. кн. 4, гл. 15). III საუკუნიდანვე ვპოულობთ კიდევ უფრო მეტ მითითებებს წმიდა ნაწილთა თაყვანისცემაზე. წარმართები დიდი მონდომებით ცდილობდნენ წმიდა მოწამეთა სხეულების განადგურებას, რათა ქრისტიანთა ხელთ არ მოხვედრილიყვნენ პატივისცემისთვის, ამიტომაც მათ სხეულებს წვავდნენ, ან წყალში აგდებდნენ და ა. შ. (Евсевий, Ц. ист. к. 8, гл. 6).
 
IV ს-ში, ქრისტიანობის დამტკიცების შემდეგ, წმიდათა ნაწილებს, რომლებიც ადრე წარმართთაგან დაფარული იყო, უკვე მიწიდანაც იღებენ. ამ დროიდან, წმიდა ნაწილთა გახსნისას, იწყება განსაკუთრებული კვლევები, და მათი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურად მიიჩნევა მათგან მომდინარე სასწაულები. ასე მოიქცა, მაგ., ამბროსი წმ. მოწამეთა გერვასისა და პროტასის წმიდა ნაწილების ამოღების დრო: "თქვენ ხართ თვითმხილველნი იმისა, - ამბობს ის წმიდათა ნაწილების გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში, - თუ როგორ იკურნებოდნენ იმწამსვე, წმიდათა სამოსის შეხებისთანავე, ავადმყოფი ადამიანები" (Письмо 22, 9).
 
წმ. ბასილი დიდი წმ. მოწამე მამანტის ხსოვნის საპატივცემოდ წარმოთქმულ ჰომილიაში წერს: "ყველამ იცის ის სასწაულები, რომლითაც წმიდა მოწამე ზოგს ჯანმრთელობას ანიჭებდა, ზოგს კი - სიცოცხლეს". ხოლო წმიდა ივლიტასადმი მიძღვნილ ჰომილიაში წმ. ბასილი დიდი წერს, რომ როდესაც მისი წმიდა ნაწილები ერთ უწყლო ადგილას მიიყვანეს, მიწიდან სასიამოვნო გემოს მქონე წყალი ამოვიდა, რის გამოც იმ ადგილის მცხოვრებლებმა წმ. ივლიტას თავიანთი მკვებავი უწოდეს.
 
დოგმატი წმიდათა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ დაამტკიცა VII მსოფლიო კრებამ, რომელმაც წმიდათა ნაწილებს კურნებათა წყარო უწოდა და ვინც მათ პატივს არ მიაგებს სასჯელს უქვემდებარებს. "ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ - ნათქვამია კრების დადგენილებებში, მოგვანიჭა წმიდათა ნაწილები, როგორც მაცხოვნებელი წყაროები, რომლებიც მრავალგვარად ღვრიან ჩვენნაირ უძლურებზე ღმრთის წყალობას. ამრიგად, ვინც გაბედავს მოწამეთა ნაწილების უარყოფას, რომელთა შესახებაც იცოდნენ, რომ ისინი ნამდვილი და ჭეშმარიტნი იყვნენ: თუ ეპისკოპოსი ან კლირიკოსი იყოს, - დაემხოს, ხოლო ოთუ ბერი და ერისკაცი, - განიკვეთოს ზიარებისგან" (Деян. соб. пр. 3 и 7). იგივე VII მსოფლიო კრებამ განსაზღვრა, რომ წმიდა ნაწილები ჩადებულიყო ეკლესიებში მათი კურთხევის დროს, და ამის შეუსრულებლობისთვის ეპისკოპოსებს ემუქრება პატივის აყრით (Прославл. святых. Прот. П. Смирнов, стр. 58–59).


ამრიგად, რას მიეგება პატივი ეკლესიაში წმიდა ნაწილთა სახით?
 
ვრცელი აზრით წმიდა ნაწილებში იგულისხმება ყოველი გარდაცვლილი ქრისტიანის სხეული. ასე, მაგალითად, გარდაცვლილთა დაკრძალვის წეს-განგებაში ნათქვამი: "ვიღებთ გარდაცვლილის გვამს, და მასთან ერთად მივდივართ ეკლესიაში". მაგრამ საკუთრივ გვამში იგულისხმება ღმრთის მართალთა პატიოსანი ნაწილები. მაგრამ აქ სიტყვა "ნაწილებს" გააჩნია სხვადასხვა მნიშვნელობა. უპირველეს ყოვლისა "ნაწილებად" იწოდებიან წმ. მართალთა ძვლები. ჩვენ უკვე მოვიტანეთ ძველი მოწმობები წმ. მოწამეთა: ეგნატე ღმერთშემოსილისა და პოლიკარპე სმირნელის ძვლების პატივისცემის შესახებ. საეკლესიო ისტორიკოსი ევსები, როდესაც მსჯელობს მოციქულ ლუკას და ტიმოთეს ნაწილების გადასვენებაზე IV ს-ში, ამატებს, რომ "პატრიარქს ისინი ესვენა თავის მუხლებზე, მცირე ზომის კიდობნებში, ანუ ყუთებში" (Ц. истор. кн. 8). ცხადია, ამ კიდობნებში წმიდა მოციქულთა მხოლოდ ძვლებიღა თუ ჩაეტეოდა.
 
ჩვენი სულიერი წინაპრები სიტყვაში "ნაწილები" უმთავრესად ძვლებს გულისხმობდნენ. 1472 წელს მოსკოვში მიძინების ტაძრის შერემონტების მიზნით გახსნეს მიტროპოლიტების კუბოები მათი სხეულების დასათვალიერებლად და აი, როგორც ერთ მატიანეშია ნათქვამი: "იონას სხეული სრულად შენარჩუნებულიყო, ხოლო ფოტისა არასრულად, კვიპრიანესი კი სულ გახრწნილიყო და მხოლოდ ნაწილებიღა იყო დარჩენილი" (Собр. русск. лет. Т. VI, стр. 196).
 
მაგრამ ჩვეულებისამებრ ჩვენი მორწმუნე ერი წმიდა ნაწილებში მარტო გარდაცვლილ წმინდანთა უხრწნელად შენარჩუნებულ მთელ სხეულებს გულისხმობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ნაწილთა ზოგიერთი ასო ექვემდებარება ჩვეულებრივ ხრწნილებას, ღმრთის სიტყვის თანახმად, რომელმაც ბრძანა: "მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19), და როგორც მოწმობა იმისა, რომ დანარჩენი სხეული დაცულია არა ბუნების ძალით, არამედ ღვთიური სასწაულით.
 
ასეთი ნაწილები ინარჩუნებენ გარდაცვლილი ნათელ ან მოყვითალო სახეს, ხშირად აფრქვევენ კეთილსურნელებას და ზოგჯერ მირონიც კი სდით. ზოგიერთი ნაწილი იმდენად ინარჩუნებს ნატურალურ სახეს, რომ სხეულის ასოთა სირბილითა და მოქნილობით გამოირჩევა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება კუნძულ კორფუზე წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი ნაწილები. 1,5 ათას წელზე მეტია ამ წმინდანის სხეული ნეტიან და ცხელ კლიმატურ პირობებში წევს, მაგრამ შეინარჩუნა სხეულის ნაწილთა სირბილე და მოქნილობა, რომლებიც განსაკუთრებულად შესამჩნევია მაშინ, როდესაც წმიდა სპირიდონის სხეულს ასვენებენ სპეციალურ კიდობანში, რათა ქალაქში ჩამოატარონ. ყველა ქვეყნის მეცნიერ უკვირს ღმრთის სიდიადე, რომელმაც საკვირველად დაიცვა წმინდანის სხეული (Арсений, Летоп. Церк. событий, срт. 564 и дал.). სხეულის ნაწილთა ასეთივე სირბილე და მოქნილობა ახასიათებს ანდრია ბოგოლუბსკის შვილის, წმიდა თავად გლების, უხრწნელ სხეულს, რომელიც ქ. ვლადიმირში იმყოფება.
 
დასასრულ, ზოგიერთი წმიდა ნაწილი გალღობილი სახით დაცულია განსაკუთრებულ სითხეში ან მირონში, როგორიცაა, მაგალითად, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველთმოქმედის სხეული. ის იმყოფება ქ. ბარში (სამხრეთ იტალია). ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ, მცირე ჩარღმავებაში დგას მარმარილოს საძვალე, რომელიც მძიმე სახურავითაა დაფარული. ამ უკანასკნელში არის ნახვრეტი, რომლიდანაც ჩანს საძვალის შიგთავსი, რომელიც ნახევრად ნათელი სითხით, ანუ წმიდა მირონით არის დაფარული. ამ მირონშია განზავებული წმინდანის სხეული, საძვალის ფსკერზე მხოლოდ თეთრი ძვლებიღაა დარჩენილი.
 
ყოველივე ზემოთთქმულიდან, როგორც აუცილებელი შედეგი, გამომდინარეობს მთელი საეკლესიო შეხედულება, რომ ერთი მხრივ სხეულის უხრწნელება ჯერ კიდევ არ არის ადამიანის სიწმიდის მაჩვენებელი, და მეორე მხრივ, სიწმიდისთვის, ანუ ამა თუ იმ მოღვაწის წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებლად საჭირო არ არის მისი ნაწილები მთლიანად და უხრწნელად იყოს შენარჩუნებული.
 
ზოგიერთი წმინდანის სხეულიდან მხოლოდ ძვლებია შემორჩენილი. მაგრამ წმ. ეკლესიის მიერ წმინდანთა ნაწილებად პატივდებული ძვლებიც კურნების სასწაულთმოქმედებით იყვნენ მადლმოსილნი. მრავალ ასეთ მაგალითს ვპოულობთ მატიანეებსა და წმინდანთა აღწერილობებში. როგორც წმიდა წერილი ბრძანებს: "დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს" (ფსალმ. 33:21) და განსვენების შემდეგაც "წინასწარმეტყველებენ" (ზირაქი 48:14-15). და პირიქით, საეკლესიო ისტორიაში ცნობილია ზოგიერთი მთლიანად უხრწნელი სხეული, რომელიც ამისდა მიუხედავად არ არის შერაცხილი წმინდანთა დასში. ასე, მაგალითად, სლუბენსკის მონასტერში განისვენებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათანასეს (1644 წ. 5 აპრ.) უხრწნელი სხეული, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა (История Иерарх. V, 25), კიევო-პეჩორის ლავრაში განისვენებს ტობოლსკის მიტროპოლიტ ეგნატეს უხრწნელი გვამი, რომელიც 1770 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა (Филарет. Обзор Литерат. кн. 2. § 52).
 
1724 წლის 23 ნოემბერს, კიევის მღვდელმთავარი ბარლაამ ვანატოვიჩი წმიდა სინოდისადმი მიწერილ თავის მოხსენებაში წერდა, რომ კიევის ახლომდებარე ქალაქებში გოტვასა და სოროჩინცაში საფლავების თხრისას, მიცვალებულები რომ დაეკრძალათ, აღმოჩენილ იქნა ორი ქალის უხრწნელი სხეული, რომლებიც მან თვითონ ნახა და დაადასტურა, რომ ისინი უხრწნელნი იყვნენ და მთლიანნი. "უჩვეულო იყო უხრწნელი ნაწილების ხილვა, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სანდო მოწმობა იმისა, რომ მათი სხეულები იყვნენ სასწაულთმოქმედნი". ამიტომაც მათ არ მიეგო ისეთი პატივი, როგორიც მიეგებათ წმინდანთა ნაწილებს.
 
 
ეკლესიაში წმინდანის კანონიზაციისთვის, რომელი კრიტერიუმია უმთავრესი და ჭეშმარიტი საფუძველი?
 
მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წმინდანთა კანონიზაციის მთელი ისტორია, გარდაუვალი სიცხადით ადასტურებს, რომ ძველად, გარდაცვლილი მოღვაწის წმინდანთა დასში შერაცხვის ერთადერთ საზოგადო საეკლესიო საფუძვლად მიიჩნეოდა ცხოვრების სიწმიდე, უბიწო აღსასრული და გარდაცვლილი მოღვაწის განდიდება სასწაულთმოქმედების მადლით. მხოლოდ იმ გარდაცვლილს შერაცხავს ეკლესია წმინდანად, რომლის ლოცვებითაც მიიღება ესა თუ ის სასწაული, და მხოლოდ მაშინ შერაცხავენ მას წმინდანთა დასში, თუკი დეტალურად და მთელი სიმკაცრით გამოკვლეული სასწაულების რაოდენობა საკმარისია, რათა დადგეს ამ მოღვაწის წმინდანად შერაცხვის საკითხი. ასეთ დროს არ უნდა გახდეს საეჭვო, ამ წმინდანის მეოხებით ხდება თუ არა ესა თუ ის სასწაული.
 
ანიჭებს რა ასეთ მნიშვნელობას სასწაულებს, ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მათ შემოწმებას, რათა ბუნებრივი ან ცრუ მოვლენები, თუნდაც ის ღვთისმოშიშებითი ფანტაზიით ყოფილიყო ნაწარმოები, სასწაულად არ მიეჩნიათ. ამგვარი მზრუნველობის გამო ეკლესია, ზოგჯერ ფიცის ქვეშაც კი, გამოჰკითხავს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც საკუთარ თავზე განიცადეს საკვირველი ზემოქმედება გარდაცვლილ ადამიანთადმი ლოცვის მეშვეობით.
 
 
როგორ უნდა მივაგოთ პატივი წმიდა ნაწილებს?
 
მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანთა ნაწილებს პატივი მიეგება შემდეგი სახით: 1) მათი საზეიმო გახსნა და გადასვენება; 2) წმიდა ნაწილთა ღვთისმოშიშებითი შეგროვება და შენახვა; 3) მათ სახელზე წმიდა ტაძრებისა და საკურთხევლების აგება, სადაც შემდეგ მოთავსდებიან თვით წმინდანთა ნაწილები; 4) დღესასწაულთა დაწესება მათი ნაწილების მოპოვნებისა ან გადასვენების საპატივცემოდ; 5) მომლოცველობანი მათ სავანეებში და მათი გამშვენება; 6) ეკლესიის სავალდებულო წესია წმ. ნაწილები დაიდოს საკურთხეველთა საძირკველში ან დაცულ იქნას საყდარზე ოდიკში (Догм. Богосл. м. Макария,т. 2, ст. 567–568, изд. 1895), 7) სანთელთა ანთებით; 8) საკმევლის კმევით; 9) ამბორისყოფით და 10) ლოცვითი თაყვანისცემით, რადგან წმიდა ნაწილები წმიდაა და ღმრთივსათნო (შეად. 12:1). "უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვანიჭა წმინდანთა ნაწილები, როგორც მაცხოვნებელი წყაროები, რომლებიც მრავალგვარ სიკეთეს აფრქვევენ უძლურებზე" (VII მსოფლ. კრების მე-6 საქმე).
 
ასე რომ, ღმრთის წმიდათა უხრწნელი და სასწაულთმოქმედი ნაწილების გამოჩენა წარმოადგენს ეკლესიაში დავანებული მადლისა და ჭეშმარიტების დასტურს. მწვალებელთა ეკლესიებში არ არსებობენ წმინდანთა ნაწილები.
მკვდრის გაცოცხლება ელისე წინასწარმეტყველის საფლავში
III. გზააბნეულის შეკამათება და ეკლესიის მართლმადიდებელი შვილის პასუხები
 
 
გზააბნეული. წმ. ნაწილთა პატივისცემა, ანუ მათი გამოტანა საძვალეებიდან, მორთვა, ამბორი, საჭირო არ არის და ამისი საფუძველი ღმრთის სიტყვაში არ გვაქვს.
 
მართლმადიდებელი. როგორ არ უნდა მივაგოთ მათ პატივი, როდესაც ისინი სულიწმიდის ტაძრად ყოფნის ღირსიქმნენ (1 კორ. 6:19)? თვით ღმერთი განადიდებს მათ უამრავი სასწაულებითა და უხრწნელებით, - მაშ, ჩვენ რატომ უნდა ვეწინააღმდეგოთ ამას?
 
გზააბნეული. ძველაღთქმისეულ წმინდანთა გვამები ყოველთვის იმარხებოდა და არასოდეს ამოჰქონდათ ისინი მიწიდან თაყვანისცემისთვის (დაბ. 49:29; 50:26).
 
მართლმადიდებელი. ეს იმიტომ, რომ იუდეველი ხალხი საკმაოდ მიდრეკილი იყო კერპთაყვანისმცემლობისკენ და წმინდანთა ნაწილების რჯულიერი თაყვანისცემა მათში შეიძლებოდა გადასულიყო ამ ნაწილთა გაღმერთებაში.
 
გზააბნეული. თვით ღმერთმა დაკრძალა მოსეს სხეული, თან დამალა ისე, რომ "არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე" (მეორე რჯლ. 34:6)
 
მართლმადიდებელი. თუკი ებრაელებმა ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ მიატოვეს ღმერთი და ყველაფრის მოძიებას შეუდგნენ მოსეში და ყველაფერი მას მიაწერეს, მაშინ როგორ უკეთურებამდე დავიდოდნენ ისინი აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას, თუ ეცოდინებოდათ, სად იმყოფება მოსეს სხეული? ამიტომაც მისი დაკრძალვის ადგილი დაიფარა, რათა ისრაელს თაყვანი არ ეცა მოსესთვის, როგორც ღმერთისთვის.
 
გზააბნეული. წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა არ ეთანხმება ქრისტიანული რელიგიის სულიერ ხასიათს, რომელიც ითხოვს ღმერთს თაყვანი სცე "სულითა და ჭეშმარიტებით" (შეად. ინ. 4:23).
 
მართლმადიდებელი. დაუშვებელია წმ. ნაწილთა თაყვანისცემა ქრისტიანობის სულიერებასთან შეუთავსებლად მივიჩნიოთ. სხვაგვარად ფიქრი ნიშნავს ზედმეტ უკიდურესობაში შთავარდნას, რომელიც ახასიათებს პროტესტანტიზმს. რადგან ადამიანი სულისა და ხორცისგან შედგება, რელიგიაშიც საჭიროა მონაწილეობას იღებდეს მისი ბუნების ორივე საწყისი: და თუ ღმერთს ნებავს, რათა ჩვენ ის ვადიდოთ "ჩვენი სხეულით და ჩვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა" (1 კორ. 6:20), მაშინ, ეკლესიის რწმენით, მასვე ნებავს, რათა მართლები მისგან იღებდნენ განდიდებას არა მარტო სულით, არამედ თავიანთი სხეულებითაც.
 
გზააბნეული. წმინდანთა თაყვანისცემა არ ეთანხმება ერთი უფლის თაყვანისცემას, ის ერთგვარ კერპთაყვანისცემას და ძველ წარმართთადმი მიბაძვას წარმოადგენს, რომლებსაც ასევე ეგონათ, რომ ქრისტიანები "წმინდანთა ნაწილებს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთებს" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი 8, თ. 6. გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2023. გვ. 323).
 
მართლმადიდებელი. მაგრამ ის, რაც მისატევებელი იყო წარმართ მრავალღმერთიანთათვის, სულაც არ არის მისატევებელი ახლანდელ ქრისტიანთათვის, როგორადაც მოაქვთ თავი სექტანტებსა და პროტესტანტებს. წმინდანთა ნაწილების ჩვენეული თაყვანისცემა სრულიად განსხვავდება უფლის თაყვანისცემისგან, როგორც მაგალითად, ბატონისადმი თაყვანისცემა განსხვავდება მის მსახურთა პატივისცემისგან. პირიქით, წმიდა ნაწილთა თაყვანისცემით ჩვენ მხოლოდ თვალსაჩინოდ გამოვხატავთ ჩვენს რწმენას ღმრთის ყოვლისშემძლეობისადმი, რომელიც, ბუნების კანონთა საწინააღმდეგოდ, უხრწნელად ინარჩუნებს წმინდანის სხეულს.
 
გზააბნეული. იესუ ქრისტე წინასწარმეტყველთა სამარხების აშენებაზე და მართალთა ძეგლების შემკობაზე უთითებდა, როგორც გასაკიცხ საქმიანობაზე (იხ. მთ. 23:29).
 
მართლმადიდებელი. მაგრამ იმავე თავის 30-32-ე მუხლებში ჩანს, რომ ამ სიტყვებით უფალი ამხელდა იუდეველებს არა იმისთვის, რომ აგებენ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობენ მართალთა ძეგლებს, არამედ იმისთვის, რომ ამგვარი საქციელით, ისინი კიცხავდნენ თავიანთ ხალხს წინასწარმეტყველთა და მართალთა მოკვლისთვის, თვითონ კი უფლის მოკვლას ესწრაფვოდნენ.
 
გზააბნეული. უფლისადმი მორწმუნეებმა გლოვით დაკრძალეს თვით პირველმოწამე სტეფანეს სხეულიც კი (საქმე 8:2).
 
მართლმადიდებელი. მაშინ წმინდანთა გვამებს მათი აღსასრულისთანავე კი არ მიაგებდნენ პატივს, არამედ თაყვანსაცემად ამოჰქონდათ ისინი მიწის წიაღიდან უკვე შემდგომ, როდესაც უფალი გამოავლენდა თავის ნებას ამ წმინდანზე. ასე, მაგალითად, წმ. წინასწარმეტყველ ამბაკუმის ნაწილები, რომლებიც კეილში იყო, და წინასწარმეტყველ მიქას ნაწილები ბირაფსატში მიწის წიაღიდან ამოსვენებულ იქნენ უკვე სხვა იმპერატორ თეოდოსის დროს (Церков. Истор. ст. 541. Сиб. 1851 года).
 
გზააბნეული. წმინდანთა ნაწილების, როგორც უსულოთა თაყვანისცემა არა თუ უსარგებლოა, არამედ ცრუმორწმუნეობრივია.
 
მართლმადიდებელი. ასეთი მსჯელობა არაქრისტიანის საქმეა. განა ელისეს გასულიერებულ ძვლებს შეეხო ცნობილი მკვდარი, რომელიც მაშინათვე გაცოცხლდა და, რომლის შესახებაც გვამცნობს მეფეთა მე-4 წიგნი (4 მეფ. 13:21)? განა უფლის კვართი გასულიერებული იყო, როდესაც მისგან განიკურნა სისხლმდინარე დედაკაცი? განა სული ჰქონდათ მოციქულ პავლეს ტილოებს და თავსაკრავებს, თუკი ავამდყოფებზე და ეშმაკეულებზე მათი დადებით ეს უკანასკნელნი იკურნებოდნენ? განა წმინდანთა ნაწილებს არ მიჰფენიათ ღმრთის ძალა, რომელიც ზემოთხსენებულ საგანთათვის იყო დამახასიათებელი? მეორე მხრივ, განა სასარგებლო არ არის წმინდანთა ნაწილების პატივისცემა, როდესაც ისინი თვალსაჩინოდ გვარწმუნებენ მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში?
 
გზააბნეული. გვამების თაყვანისცემა განა არ წარმოადგენს გაღმერთების სახეობას?
 
მართლმადიდებელი. სულაც არა, რადგან ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ხორცსა და სისხლს, არამედ ღმრთის უხრწნელ სულს, რომლის ღირს თაზრად იქმნენ მართალთა უხრწნელი ნაწილები.
 
გზააბნეული. მკვდართა სხეულები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება უხრწნელად იდონ, მაგრამ შემთხვევითი, სრულიად გარეგანი მიზეზების გამო, მაგალითად: კარგი (მშრალი) ადგილმდებარეობისა და იქ არსებული სასარგებლო ჰაერის გამო, ან კიდევ ნელსაცხებლების ცხებიდან (ბალზამირებიდან) გამომდინარე. ამრიგად, რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხეულთა უხრწნელება ეს მხოლოდ მკვდარი სხეულის ხანგრძლივი გათავისუფლებაა დროისა და ბუნების მოვლენათა დამანგრეველი ზემოქმედებისგან?
 
მართლმადიდებელი. როდესაც წმიდა ნაწილთა წინააღმდეგ ასეთი არგუმენტი მოჰყავთ, სექტანები, ჩვეულებისამებრ, უთითებენ კიევის გამოქვაბულებზე, მათ თითქოსდა სპეციალურ კლიმატზე, სადაც გარდაცვლილ სხეულთა ხანგრძლივად შენარჩუნებაა შესაძლებელი. მაგრამ ეს გამოქვაბულები ასეთი ხელსაყრელი გარემო რომ ყოფილიყო ყველა გარდაცვლილის სხეულისთვის, მაშინ მასში მყოფი სხეულები ყველა უხრწნელი უნდა ყოფილიყო. არადა ისტორია ამას არ ადასტურებს.
 
როდესაც ბათუ-ხანის შემოსევის დროს თათრებმა კიევი დაანგრიეს, რუსები მტერს, სხვათა შორის, კიევის გამოქვაბულებშიც ემალებოდნენ. მაგრამ გამოქვაბულებმა ვერ იხსნა დევნილები და მრავალი მათგანი იქ შიმშილისგან და მტრის მახვილისგან მოწყდნენ. გამოქვაბულებს გარდაცვლილ სხეულთა უხრწნელად შენახვის ძალა რომ ჰქონდეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ გარდაცვლილთა სხეულები უხრწნელადვე დარჩებოდნენ. არადა ისინი გაიხრწნენ და დალპნენ. მაშ, რატომ ხდება, რომ ამ გამოქვაბულებში ზოგის სხეული იხრწნება, სხვებისა კი უხრწნელად განისვენებს? აშკარაა, რომ ეს არ არის დამოკიდებული გამოქვაბულებზე, არამედ ღმრთის მადლზე.
 
რაც შეეხება სექტანტების მცდელობას წმიდა ნაწილთა უხრწნელება ახსნან ე. წ. გარდაცვლილის სხეულის ბალზამირებით, ამგვარი განმარტების უსუსურობა უკვე იქიდანვე ჩანს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩვეულებად არ აქვთ გარდაცვლილთა სხეულების ბალზამირება. გარდა ამისა, ბალზამირება გარდაცვლილის სხეულს ხწნილებისგან იცავს მხოლოდ დროებით, მაშინ როდესაც წმინდანთა სხეულები უხრწნელად იქნებიან თვით სამყაროს აღსასრულამდე და მეორედ მოსვლამდე. თანაც მრავალი მართალი (მაგ., ღირ. აბრაამი, ლეონტი და იაკობ როსტოველები, ნიკიტა და ანტონი ნოვგოროდელები და სხვები) მოღვაწეობდნენ და ეწამნენ "მღვრიე წყლებში, რომლებიც ათასგვარი ქვეწარმავლითა და სიბლწითაა სავსე. ხოლო გარდაცვალების შემდეგ მათი სხეულები ამავე წყლებში იყვნენ დათქმულნი", მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გამოჩნდა მათი უხრწნელება და ახლა ისინი განდიდებულია მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.
 
აშკარაა, რომ მართალთა ამ სხეულების უხრწნელება ვერ იქნებოდა დამოკიდებული ადგილმდებარეობის განსაკუთრებულ ხელსაყრელობაზე, არც ბალზამირებაზე. ხოლო თუკი ასეა, მაშინ რით ავხსნათ ამ მართალთა სხეულების უხრწნელება, თუ არა მათში არსებული ღმრთის მადლით?
 
გზააბნეული. მოსაგრეები ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში ისე აუძლურებდნენ თავიანთ სხეულებს მარხვით, რომ მათში უკვე ადგილი აღარ რჩებოდა ხრწნილებას.
 
მართლმადიდებელი. ყოველი გარდაცვლილის სხეულში ყოველთვის რჩება სინოტივე და სხვა ელემენტები, რომლებიც ექვემდებარებიან ხრწნილებას. ამასთან მრავალი წმინდანი, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ დატოვა თავისი წმიდა სხეული, სიყმაწვილის ასაკში გარდაიცვალა, მაგალითად, თავადები ბორისი და გლები, წმ. დიმიტრი უგლიჩელი, რომლებიც მოკლულ იქნენ ახალგაზრდულ წლებში.
 
გზააბნეული. სიცივე ან სითბოს არარსებობა იცავს სხეულს გახრწნისგან. ყველასთვის ცნობილია, რაოდენ იოლია ზამთრით ან მყინვარებში (საყინულეებში) გაყინული საგნების შენახვა. ამბობენ, შესაძლოა იგივე დამართნოდათ წმინდანთა სხეულებსაც.
 
მართლმადიდებელი. მართალია, ზოგიერთი წმინდანის სხეული თავდაპირველად ყინულში იდო, მაგრამ შემდეგ ის ინახებოდა სრულიად სხვა პირობებში და, მაინც, არ დაქვემდებარებია გაფუჭებას და ხრწნილებას.
 
ასე, მაგალითად, 1540 წელს სოფელ ბოროვიჩთან ღია კუბოში მდინარე მსტას ჩამოჰყვა უცნობი ყმაწვილის სხეული, რომელიც მრავალ ადამიანს ეცხადებოდა სიზმარში და თავს იაკობს უწოდებდა. სხეული ჯერ ნაპირზე დაასვენეს სამრეკლოში, შემდეგ კი გადაიტანეს ბოროვიჩის მონასტერში, პატრ. ნიკონის დროს კი ქ. ვალდაიში, სადაც დღემდე იმყოფებიან უხრწნელებაში.
 
გზააბნეული. შემდეგ, სინოტივის არარსებობა და ჰაერის სიმშრალე ასევე ხელს უწყობენ სხეულების მთლიანობის შენარჩუნებას. ასე, მაგალითად, მშრალ და ცივ აკლდამებში, რომლებშიც არსებობს ჰაერის გარკვეული გაწევადობა და რომლებიც მოწყობილია ტენიანობისთვის შეუღწეველ ნიადაგზე, გარდაცვლილთა სხეულები განიცდიან შრობას და იქცევიან ულამაზო მუმიებად, როგორიცაა, მაგალითად, პალერმოს კატაკომბები, ან სენტ გოტარდის აკლდამები და სხვა.
 
მართლმადიდებელი. მაგრამ წმინდანთა სხეულები, რომლებიც იმყოფებიან მიწისქვეშა აკლდამებში და საფლავებში, პირიქით - დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ სინესტეში. ასე, მაგალითად, როდესაც ღირ. სერგი რადონეჟელის კუბო იპოვეს, ის თითქმის წყალში იდო. მაგრამ, მიუხედავად სინესტეში 30 წლიანი ყოფნისა, არა თუ ღირსი მამის სხეული შენარჩუნდა, არამედ თვით მისი ტანისამოსიც კი არ დაქვემდებარებია ხრწნილებას.
 
გზააბნეული. ატმოსფერული ჰაერისგან განცალკევება, ძლიერი წნევის დროს, ასევე ხელს უწყობს სხეულების მთლიან შენარჩუნებს. ციმბირში და სხვა ადგილებში პოულობდნენ ცხოველებისა და ადამიანების უხრწნელ სხეულებს.
 
მითითებული პირობების გავლენით (ანუ, როდესაც ჰაერი განცალკევებულია და არსებობს ძლიერი წნევა), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნიადაგი გაჟღენთილია დამპალ-მჟავე ნაერთებით, წყალი ახდენს პირუკი გავლენას, და გახრწნის ნაცვლად ინარჩუნებს სხეულს.
 
მართლმადიდებელი. მართალია, წმ. ნაწილები ჭაობიან ადგილებშიც უპოვიათ, მაგრამ არა ერთნაირ პირობებში. ასე, მაგალითად, ღირ. ადრიანე ონდრუსელი (16-ე ს.), რომელიც მკვლელებმა ჭაობიან ადგილას დააგდეს, ორი წელი იწვა აქ ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ, სანამ არ აიღეს მისმა მოწაფეებმა, მათთვის სიზმარში გამოცხადებული მინიშნების მიხედვით. სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, აქ არ ჰყოფნის საკმაოდ მნიშვნელოვანი პირობა - ატმოსფერულ ჰაერთან განცალკევება. ზუსტად ასე იწვა მზის მწველი სხივების ქვეშ მთელი ხუთი წლის განმავლობაში თავად გლების სხეული, რომელიც მისმა მკვლელებმა დნეპრის ახლოს ტყეში დააგდეს. თვითმხილველი ასე აღწერს ამ სხეულს, რომელიც შემდეგ თავადმა იაროსლავმა გადაიტანა ძმები მოწამეებისთვის სპეციალურად აშენებულ ტაძარში. "ორივე ძმის სხეული (ბორისისა და გლების) თოვლივით ქათათა იყო, მათი ანგელოზივით სახეები ზეციური ნათლით ბრწყინავდნენ, ხოლო მთელი გარემო აივსო კეთილსურნელებით, თითქოსდა გუნდრუკი უხვად მიმოაფრქვიესო".
 
გზააბნეული. სხეულები, როგორც ამბობენ, შეიძლება კიდევ გაქვავების სახით შენარჩუნდნენ. ეს უკანასკნელი ხშირად ხდება მინერალური ხსნარებით გაჟღენთილ ნიადაგზე, განსაკუთრებით კაჟმიწაზე. ეს ხსნარები აღწევენ სხეულის ფორებში, ავსებენ მათ და თანდათანობით აქვავებენ სხეულს. გაქვავებას შეიძლება შევადაროთ მუმიების ბალზამირება.
 
მართლმადიდებელი. ქრისტიანულ წმიდა ნაწილებს ვერანაირად შევადარებთ გაქვავებულობას ან მუმიებს. აი როგორ არის აღწერილი, მაგალითად, წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში მოწ. ნაზარის ნაწილები: "კუბოში, რომელშიც მოწამე იწვა (ლაპარაკობს წმ. ნაწილთა გახსნის თანამედროვე), ჩვენ ვნახეთ სისხლი, თითქოსდა დღეს ნადენი. მისი თავი თმებთან და წვერთან ერთად ისეთი უხრწნელი იყო, თითქოსდა დღეს ჩააწვინესო, ხოლო მისი სახე იმდენად ნათელი გახლდათ, თითქოსდა ახლა დაბანესო; ჩვენც დიდი კეთილსურნელებით აღვივსეთ, რომელიც ყოველგვარ არომატებს აღემატებოდა".
 
წმიდა ნაწილთა ასეთი შენარჩუნება სულაც არ წააგავს გაქვავებულ სხეულს ან მის შენახვას უსახური მუმიის სახით. თანაც მუმია შეიძლება ინახებოდეს მხოლოდ დახშულ ადგილზე, მაგრამ, როგორც კი განიცდის ატმოსფეროს გავლენას, თანდათანობით რღვევას იწყებს. ხოლო წმინდანთა სხეულები, რომლებიც ამოღებულია უძრაობიდან და სამარხიდან, ატმოსფეროს გავლენის, მომლოცველთა ამბორის, ადგილიდან ადგილზე მათი გადატანის და სხვა ფაქტორების მიუხედავად, მაინც უხრწნელი რჩება და გარდაცვლილის კეთილსახოვნებას ინარჩუნებს.
 
გზააბნეული. წმ. ნაწილთა პატივისცემისა და თაყვანისცემის დროს თითქოსდა მრავალგვარ აფიორასა აქვს ადგილი: ამბობენ, რომ ნაწილები ზოგჯერ ყალბია, - მაგალითად, მართალთა და წმიდათა ნაწილებად ჩვეულებრივი ადამიანის ძვლებს ასაღებენ. ზოგჯერ სხვადასხვა ადგილას და ერთდროულად ერთი სახელის მქონე წმინდანს განადიდებენ. აქედან გამოდის, რომ ან წმინდანს ჰქონდა რამოდენიმე სხელუი, რაც შეუძლებელია, ან კიდევ ამ მრავალი სხეულიდან მხოლოდ ერთია ნამდვილი, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნოდა წმინდანს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ყალბია. ამიტომ, განა უმჯობესი არ იქნება, საერთოდ გაუქმდეს წმ. ნაწილთა თაყვანისცემა, ვიდრე იმყოფებოდე მუდმივ შიშში მსგავს ცდომილებაში არ ჩავარდე?
 
მართლმადიდებელი. არ არის უმჯობესი. თუკი ადამიანები ბოროტად იყენებენ ცნობილ საგნებს, ჩვეულებებს, საჭიროა ამის ჩამდენნი დაისაჯონ, მაგრამ მათ გამო სასარგებლო საგნები და ჩვეულებები არ უნდა განადგურდნენ. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ადამიანები არცთუ იშვიათად ბოროტად იყენებენ ენას: ბილწსიტყვაობენ, ილანძღებიან, ცრუფიცობენ და ა. შ.; მაშ, ენები ხომ არ დავაჭრათ ასეთი ბოროტების მოქმედთ, რომლებიც ენას არაჯეროვნად იყენებენ?
 
რაც შეეხება სექტანტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ადგილას და ერთდროულად განდიდებულა ერთი და იგივე სახელის მქონე წმინდანის ნაწილები, - აქაც არაფერია გასაკვირი, მითუმეტეს არ არის რაიმე სიყალბე, როგორც სექტანტები ამტკიცებენ.
 
წმ. მოწამეთა და ღირს მამათა ნაწილები, ხშირად არ იმყოფებიან ერთ ადგილას, არამედ ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა ადგილებში განისვენებენ, როგორც მაგალითად, წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილები. ამასთან მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობენ თანამოსახელე წმინდანები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ. და აი, ამ თანამოსახელე წმინდანთა გარდაცვალებისას, უფალმა ინება უხრწნელებით განედიდებინა ერთიც და მეორეც. აქედან შეიძლება მომდინარეობდეს გაუგებრობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიცრუე.


გაგრძელება იქნება.

წყარო: Миссионерский щит веры в ограждение от сектантских заблуждений / Сост. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : ред. журн. "Миссион. обозрение", 1904 // https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Smolin/missionerskij-shhit-very-v-ograzhdenie-ot-sektantskih-zabluzhdenij/11#source
Назад к содержимому