ანტიერეტიკონი - წმიდა ამბორის მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
წმიდა ამბორის მნიშვნელობა
ქველმოქმედება
წმიდა ამბორი - ეს არის სიყვარულის, პატივისცემისა და ერთგულების სიმბოლო; უბიწო და გულწრფელი ამბორი. წმიდა ამბორს ვხვდებით მართლმადიდებლურ ტრადიციაში. მაგალითად, მართლმადიდებელი ქრისტეანები ერთმანეთს ესალმებიან ლოყაზე სამჯერადი კოცნით ან ერთჯერადი ამბორით, რითაც გამოხატავენ ურთიერთშორის ერთობასა და მთლიანობას.

პირველქრისტეანებში წმიდა ამბორი მოხსენიებულია ახალ აღთქმაში: "მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით" (1 თესალონიკ. 5:26). მოციქულ პავლეს სიტყვებში ასევე ლაპარაკია თვით ამბორის სიწმიდეზე: "მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით" (1 კორინთ. 16:20).

ზოგიერთ რელიგიაში წმიდად ითვლება ასევე მღვდლის ხელის ამბორი და ამ ჩვეულებას ანიჭებენ განსაკუთრებულ სულიერ-ზნეობრივ მნიშვნელობას, თუ ასეთი კოცნა განპირობებულია რელიგიური მოტივებით. ასეთ შემთხვევაში, სასულიერო პირის ხელის ამბორი ნიშნავს არა მარტო მასთან სარწმუნოებრივი ერთობის აღიარებას, არამედ მისი სასულიერო ხარისხის აღიარებასა და პატივისცემასაც.

ამბორს წმიდა ეწოდება კიდევ იმიტომ, რომ კაცობრიობის მოდგმის მტერი (წმიდა წერილის თანახმად ეშმაკი ანუ სატანა) განყოფს ადამიანებს, ხოლო წმიდა ამბორი სულიერად აერთებს მათ.

შეუძლებელია წმიდად იწოდოს ამბორი ადამიანებს შორის, თუ ის ატარებს ინტიმურ გრძნობებს (ხორციელი აღტყინება და ტკბობა), რაც რელიგიური თვალსაზრისით ცოდვილ მიდრეკილებად მიიჩნევა, რომელიც აღიძვრის არა სულის, არამედ ხორცის მიერ. მაგრამ, დედის მიერ საკუთარი შვილის კოცნას თავისუფლად შეიძლება წმიდა ვუწოდოთ, რადგან ამ შემთხვევაში ამბორი მომდინარეობს თვით დედის გულისგან, რაც ადასტურებს კოცნის გულწრფელობასა და სიწმიდეს, რომელიც გამოხატავს საკუთარი შვილისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას.

"ბიბლიურ დროში, წერს ერთ-ერთი ღვთისმსახური, ადამიანის გადაკოცნა მისალმებისას პატივისცემის გამომხატველი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფორმა გახლდათ, განსაკუთრებით ეს ეხება ხელის ამბორს. დააკვირდით, მეორე ადამიანის ხელს რომ ეამბორო, უნდა დაიხარო მისი ხელისკენ, ეამბორო მას და შუბლი მიადო. როგორც უკვე ვთქვით, ამბორი, როგორც სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება მიღებული იყო პირველქრისტეანთა შორისაც: "მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით" (1 თესალონიკ. 5:26).



ამგვარი ამბორით რომის პაპსა და პატრიარქ ბართლომეოსს შორის,
უკვე გამოცხადებულია სარწმუნოებრივი ერთობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთ აღიარება
ეს არის ფოტოზე გამოსახული მწვალებლური ამბორის მთავარი არსი


ჩვეულებრივი მისალმებისგან განსხვავებით, მღვდლის ხელის ამბორი ყოველთვის ხდება მაშინ, როდესაც ის საამბოროდ იძლევა ჯვარს ან კურთხევას და ამას განსაკუთრებული სულიერ-ზნეობრივი მნიშვნელობა გააჩნია. ჯვრის ან კურთხევის მიერ ღებულობს რა ღმრთისგან მადლს, ადამიანი გონებრივად თვით ღმრთის მარჯვენას ეამბორება, რომელმაც მას ესოდენი მადლი უწყალობა.



მოსკოვის საპატრიარქოს "მართლმადიდებელთა" მწვალებლური ამბორი რომის პაპის ხელზე
რომის პაპის გვერდით, კადრში ჩანს მიტროპოლიტი ილარიონიც (ალფეევი).




"მართლმადიდებელი" მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი)
აშკარად კმაყოფილია თავისი დელეგაციის წევრის ამგვარი ანტიმართლმადიდებლური მოქმედებით


ამავე დროს მღვდლის ხელის ამბორი გამოხატავს მისი ხარისხისადმი პატივისცემასაც. ამის შესახებ წერდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი): "ადრინდელ მღვდელს სიხარულით ეამბორებოდით ხელზე კურთხევის დროს, მაგრამ მღვდლის ხელის ამბორი, რომელიც თქვენზე ბევრად ახალგაზრდაა უხერხულად მიგაჩნიათ. განა არ გსმენიათ ისტორია თავად მილოშსა და ახალგაზრდა მღვდელზე? ეს ისტორია ასეთია: ერთი ახალგაზრდა მღვდელი კრაგუევცეში თავად მილოშის თანდასწრებით ლიტურგიას ატარებდა. მოხუცი თავადი ძალიან ღვთისმოშიში იყო, ტაძარში მსახურებამდე დიდი ხნით ადრე მიდიოდა და მის დასრულებამდე გაშეშებულივით იდგა ერთ ადგილას და ღმერთს გულმხურვალედ ევედრებოდა. როდესაც ახალგაზრდა მღვდელმა მსახურება დაასრულა, საკურთხეველიდან გამოვიდა ჯვრითა და ანტიდორით თავადი მიეახლა, რათა ჯვრისა და მღვდლის ხელისთვის ეამბორა. მაგრამ ახალგაზრდა კაცმა ხელი უკან გასწია, თითქოსდა რცხვენია, რომ მოხუცი კაცი, თავადი, მისი ხელის კოცნას ცდილობს. მაშინ თავადმა მილოშმა შეხედა მას და თქვა: "ნება მომეცი ვეამბორო ხელს, რადგან მე შენს ხელს კი არ ვკოცნი, არამედ შენს ხარისხს, რომელიც შენზე და ჩემზე უძველესია!" ვფიქრობ, ეს ნათელს ჰფენს ყველაფერს.

ძველმა თავადმა ეკლესიაში თვით სულიწმიდის სიტყვები გააჟღერა. თავად დაფიქრდით, თუკი თქვენი მღვდელი 25 წლისაა, მისი ხარისხი 1900 წლის გახლავთ. და როდესაც მის ხელს ეამბორებით, კოცნით ხარისხს, რომელიც მან ქრისტეს მციქულთაგან და მათი მემკვიდრეებისგან ხელდასხმულ ეპისკოპოსთაგან მიიღო. ხოლო სამღვდლო ხარისხის კოცნით, თქვენ კოცნით ყველა დიდ მღვდელმთავარს და სულიერ მოძღვარს, რომელთაც კი ეს ხარისხი უტარებიათ მოციქულთაგან დაწყებული დღემდე. თქვენ ეამბორებით წმიდა ეგნატეს (ღმერთშემოსილი - რედ.), წმიდა ნიკოლოზს, წმიდა ბასილს, წმიდა საბას, წმიდა არსენისა და მრავალ სხვა დიდ მამას, რომლებიც დედამიწის მშვენებანი იყვნენ და თავიანთი სიწმიდით დაამშვენეს ზეცაც, რის გამოც "მიწიერ ანგელოზებად და ზეციერ ადამიანებად" იწოდნენ. მღვდლის ხელის ამბორი ჩვეულებრივი ამბორი როდი გახლავთ, არამედ, წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, წმიდა ამბორია (შეად.: 1 კორინთ. 16:20). მაშ, დაუბრკოლებლად ეამბორეთ მღვდლის ხელსა და ხარისხს, რომელიც სულიწმიდის მიერ არის კურთხეული" (Миссионерские письма. Письмо 157) (Иеромонах Иов (Гумеров). Когда и кто ввел обычай целовать благословляющую руку священника?).

აი, ასეთი მნიშვნელობა ჰქონია სასულიერო პირთა (მითუმეტეს მღვდელმთავართა) ხელისა და ხარისხის ამბორს.

ახლა კი დავსვათ კითხვა:
რატომ ეამბორებიან რომის პაპისა და სხვა მწვალებელთა ხელებს ან ლოყას "მართლმადიდებელი" მღვდლები და მღვდელმთავრები? განა ზემოთქმული მათი უსჯულო ქმედების დასტური არ გახლავთ? - ჭეშმარიტად, მწვალებელთადმი წმიდა ამბორის მიგება მათი პატივისცემის, მათი სარწმუნოების მოწონების და მათი სამღვდლო უფლებამოსილებების აღიარებაა და ამიტომაც, ის არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო ადამიანურ მოკითხვად ან მოქმედებად.

ძმანო, ნუ შეცდებით!
- ის ვინც მწვალებელის ხელს კოცნის ან ლოყაზე ეამბორება თვითონაც მწვალებელია და ეს აბსოლუტურად ლოგიკურად გამომდინარეობს თვით ამბორის განმარტებიდან და წმიდა წერილისა თუ დიდი სჯულისკანონის შესაბამისი განწესებებიდან, რომლებიც გვიკრძალავენ მწვალებლებთან ყოველგვარ "ძმურ" ურთიერთობასა და მეგობრობას.

საიტ "აპოკალიფსისის" პუბლიკაცია. მომზადდა ინტერნეტ მასალების მიხედვით.
Назад к содержимому