აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ღმრთისადმი რწმენისაგან განდგომის ორი პერიოდი ანტიქრისტეს გამოცხადებამდე
ავტორი: პროფესორი ალექსანდრე დმიტრის ძე ბელიაევი.
პავლე და პეტრე მოციქულთა ეპისტოლეებში ზოგადად არის წარმოდგენილი კაცობრიობის გონებრივი, ზნეობრივი და რელიგიური მდგომარეობა უკანასკნელ ჟამს და მოცემულია ამ ჟამის საერთო დახასიათება. თუმცა ეს დახასიათება იმდროინდელი კაცობრიობის ცხოვრების ყველა მხარეს არ მოიცავს. მაგალითად, პავლე მოციქულის სიტყვებზე დაყრდნობით (2 ტიმ. 3:1–8), რომ უკანასკნელ დღეებში ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამპარტავანნი, ქედმაღალნი, ავადმოუბარნი, მშობლების ურჩნი, ... არამეგობრულნი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, სასტიკნი, სიკეთის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, გაამპარტავნებულნი და ა. შ., შეიძლება დავასკვნათ, რომ უკანასკნელ ჟამს საერთაშორისო ურთიერთობები დიდ არეულობაში აღმოჩნდება და ომი ადამიანთა ჩვეულებრივ საქმედ იქცევა; თუმცა მოციქული ამის შესახებ პირდაპირ არაფერს ამბობს და ამგვარი დასკვნა შეიძლება მხოლოდ ვიგულისხმოთ.
მოციქულთა ეპისტოლეებში პირდაპირ არაფერია ნათქვამი აგრეთვე სხვა საშინელ უბედურებებზე, რომლებიც უკანასკნელ ჟამს კაცობრიობას დაატყდება თავს. გარდა ამისა, პავლე მოციქული ადამიანთა გონებრივ, ზნეობრივ და რელიგიურ მდგომარეობას უკანასკნელი ჟამის მთელ ხანგრძლივობაზე განაზოგადებს და სწორედ ამიტომ არის ეს მდგომარეობა მხოლოდ ზოგადი ნიშნებით წარმოდგენილი.
მაგრამ უკანასკნელი ჟამი რამდენიმე წელს კი არ გასტანს, არამედ, როგორც ჩანს, საკმაოდ ხანგრძლივი იქნება; ამ ხნის განმავლობაში კი ადამიანთა მდგომარეობა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო ურთიერთობები უკანასკნელ ჟამს უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად შეიცვლება, ვიდრე ოდესმე. ადამიანებს შორის ურთიერთმტრობის მძაფრ ქარცეცხლში, წოდებებსა და ფენებს, ხალხებსა და სამეფოებს შორის გააფთრებული ბრძოლის ვითარებაში, გაბატონებული მდგომარეობა და ბატონობა ერთი ხელიდან მეორეში უფრო ადვილად გადავა, ვიდრე ოდესმე.
საშინელი ეგოიზმი, დაუფიქრებლობა, ზნეობის გარყვნა, ვნებათა აღვირახსნილობა, ღმრთისადმი მოწიწების დაკარგვა, კანონებისა და ხელისუფლების წინაშე შიშის უქონლობა, ყველა ურთიერთობის გაუკუღმართება შეარყევს ყველაზე მტკიცე საყრდენებს, ძირს გამოუთხრის ყველაზე დალოცვილი და მდიდარი ქვეყნების კეთილდღეობას, დაარღვევს ოჯახურ კავშირებს, სამოქალაქო წესრიგსა და მთელ საზოგადოებრივ წყობას, ააგიზგიზებს ამბოხებისა და შინაომების ცეცხლს, ყველგან შუღლსა და განხეთქილებას დაამკვიდრებს და საყოველთაო ომამდე მიიყვანს კაცობრიობას.
ასეთ ვითარებაში აღარაფერი იქნება მტკიცე, საიმედო და შეურყეველი. ცრუწინასწარმეტყველები ხალხში დამაბნეველ წინასწარმეტყველებებს გაავრცელებენ, ცრუმოძღვრები კი თავიანთ უგუნურ გამონაგონებს გაავრცელებენ. ერთი ტირანები დაამხობენ მეორეთ, თავად კი მალე იმავე ხვედრს გაიზიარებენ; მონები მბრძანებლებს ხელიდან გამოსტაცებენ ძალაუფლებას, მაგრამ თავადაც მალე სხვა პატივმოყვარულთა მსხვერპლნი გახდებიან. — საყოველთაო არეულობას კიდევ უფრო გაამწვავებს მძიმე უბედურებანი, რომლებიც იმდროინდელ კაცობრიობას გარეგანი ბუნებისგან ერგება წილად. საშინელი ფიზიკური კატაკლიზმები არა მხოლოდ ხალხებისა და სამეფოების მდგომარეობას შეცვლის, არამედ თავად დედამიწის სახესაც.
თავისთავად ცხადია, რომ იმ მოვლენათა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომლებიც უკანასკნელ ჟამს კაცობრიობას შეარყევს, ამ მოვლენათა მრავალფეროვნება და ის სისწრაფე, რომლითაც ისინი ერთმანეთს მიჰყვება ან ერთდროულად განვითარდება, ხოლო, მეორე მხრივ, იმდროინდელ ადამიანთა უჩვეულო მიდრეკილება ცვლილებებისადმი, არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ანტიქრისტეს უშუალოდ მოსვლის წინ ადამიანთა მდგომარეობა თითქმის ისეთივე იქნება, როგორიც იმ მდგომარეობის დასაწყისში, რომელსაც პავლე მოციქულმა განდგომილება უწოდა.
მართლაც, იესუ ქრისტეს სიტყვაში იერუსალიმის დანგრევისა და სოფლის აღსასრულის შესახებ, აგრეთვე აპოკალიფსში აღწერილ სიმბოლურ ხილვებში, უკანასკნელი ჟამის პერიოდების გარკვეულ გამიჯვნას ვხვდებით, თუმცა ეს გამიჯვნა არცთუ მკაფიოდ და გასაგებად არის წარმოდგენილი. როგორც იესუ ქრისტეს სიტყვიდან, რომელიც ჩაწერილია პირველი სამი მახარებლის მიერ, ისე აპოკალიფსიდან ვიგებთ, რომ სოფლის აღსასრულის წინ უმძიმესი დროება ერთბაშად, უეცრად კი არ დადგება, არამედ გარკვეული, ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში, ერთი მხრივ, ბოროტება თანდათან გაძლიერდება, ხოლო, მეორე მხრივ, უბედურებანი გამრავლდება.
იესუ ქრისტეს სიტყვასა და აპოკალიფსში პირდაპირ და დაწვრილებით არის მითითებული უკანასკნელ ჟამს კაცობრიობის მდგომარეობის მრავალი ისეთი ნიშანი და მრავალი ისეთი მოვლენა, რომლებიც მაშინ უნდა მოხდეს, პავლე და პეტრე მოციქულებთან კი ან სრულიად არ არის მოხსენიებული, ან ერთიანად, ერთ საერთო სურათშია წარმოდგენილი და მხოლოდ ბუნდოვნად არის მინიშნებული. ამიტომ ჩვენ ცალკე თავს ვუძღვნით იმ განდგომილების დახასიათებას, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლამდე იქნება, ანუ უკანასკნელი ჟამის ანტიქრისტემდელი პერიოდის დახასიათებას, რომელიც მოცემულია იესუ ქრისტეს სიტყვაში სოფლის აღსასრულის შესახებ და აპოკალიფსში.
"მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მთ. 24:5-7).
აი, აღწერა იმისა, თუ როგორ იწყება თვალსაჩინოდ, ერთი მხრივ, მრავალი ადამიანის ღმრთისაგან განდგომილება, როდესაც ისინი ცრუქრისტეთა მიერ ცრუ რწმენასა და უღმერთობაში ცდუნდებიან, ხოლო, მეორე მხრივ, საშინელი უბედურებანი, რომელთა უმეტესობას თავად ადამიანები გამოიწვევენ — თავიანთი უღმერთობით, ზნეობრივი გარყვნილებით და, საერთოდ, ბოროტების ყველა იმ თვისებით, რომლებიც პავლე მოციქულმა უკანასკნელი ჟამის ადამიანთა დახასიათებისას მიუთითა.
მოციქულის აღწერით, ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამპარტავანნი, ქედმაღალნი, ბოროტმეტყველნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღმრთონი, არამეგობრულნი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, სასტიკნი, სიკეთის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, გაამპარტავნებულნი და განცხრომის მოყვარენი (2 ტიმ. 3:2–4). ეს ყოველივე ისეთი თვისებებია, რომელთა არსებობის პირობებში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლებელია და რომლებიც გარდაუვლად და სწრაფად გამოიწვევს განხეთქილებას, მეტოქეობას, საყოველთაო მტრობასა და სიძულვილს, ყველას ბრძოლას თითოეულის წინააღმდეგ და თითოეულისას — ყველას წინააღმდეგ; ერთი ხალხის აღძვრას მეორის წინააღმდეგ და საშინელ ომებს.
ომებს, ჩვეულებრივ, კვალდაკვალ მოსდევს ეპიდემიები: ტიფი, დიზენტერია, ქოლერა, შავი ჭირი. ხანგრძლივი და საყოველთაო ომების დროს ყანები დაუთესავი რჩება, ხოლო დათესილი ყანები, ისევე როგორც ბაღები და ვენახები, ითელება და ნადგურდება. ამის შედეგად შიმშილობა გავრცელდება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება პურის ერთი ნაჭრისთვის ახალი, გააფთრებული ომები გამოიწვიოს და ეპიდემიები კიდევ უფრო გააძლიეროს.
თავისთავად ცხადია, რომ ამ ომების გაჩაღებას მცირე დრო არ დასჭირდება. როგორც თავად გამოთქმა — "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ" — გვიჩვენებს, თავისი გავრცელების მასშტაბითა და სისასტიკით ეს ომები ბევრად გადააჭარბებს ნაბუქოდონოსორის, კიროსის, ალექსანდრე მაკედონელის, რომაელ მხედართმთავართა, ატილას, მუჰამედის, ჩინგიზ-ყაენის, თემურლენგის, ვალენშტაინისა და ნაპოლეონის ეპოქათა საომარ მოქმედებებს. ეს მსოფლიო მასშტაბის ომები იქნება.
ომი ერთ ადგილას იფეთქებს, განადგურდება ბაღები და ყანები, გადაიწვება სოფლები, მდიდარი და ხალხმრავალი ქალაქები კი სისხლით შეღებილ ნანგრევებად იქცევა; მოსახლეობა გაიქცევა, აყვავებული ქვეყნები უდაბნოებად გადაიქცევა, ბრძოლის ველებზე დაეცემიან მებრძოლები, ხოლო გადამდები სნეულებები მათ სიცოცხლეს შეიწირავს. ომი თავისთავად ჩაცხრება; მაგრამ დედამიწის ერთ ნაწილში მისი შეწყვეტაც ვერ მოესწრება, რომ მისი სისხლიანი ალი მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და მხარეებს მოედება.
ცხადია, რომ ეს საშინელი დასაწყისი (მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი), რომელიც კიდევ უფრო საშინელი დასასრულის წინაპირობაა, მცირე ხანს არ გასტანს. უკანასკნელი ჟამის ეს პირველი პერიოდი — ცრუქრისტეთა გამოჩენის, ადამიანთა ცრუ რწმენასა და უღმერთობაში შეცდენის, უღმრთოების, გონებრივი და ზნეობრივი დაცემის, საყოველთაო სისხლისმღვრელი ომებისა და ფიზიკური უბედურებების პერიოდი — რამდენიმე კი არა, მრავალი წელი გაგრძელდება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
იესუ ქრისტეს სიტყვაში უკანასკნელი ჟამის დასაწყისის დამახასიათებელ ნიშნად და, ამასთანავე, ანტიქრისტიანობის გამომწვევ მიზეზად მითითებულია მრავალი ცრუქრისტეს გამოჩენა, რომლებიც თავიანთი ცრუ მოძღვრებით მრავალს აცდუნებენ, მრავალს ჩამოაშორებენ ქრისტეს და თავიანთ რწმენაზე მოაქცევენ.
უკანასკნელ ჟამს ღმრთისაგან განდგომილების ამ ნიშანსა და მიზეზზე პავლე მოციქულიც არაერთგზის მიუთითებს. იგი ამბობს, რომ მაშინ "რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი" (1 ტიმ. 4:1–2).
ადამიანთა მაცდუნებელნი საკუთრივ ბოროტი სულები იქნებიან, მაგრამ ისინი ადამიანთა — ცრუმოძღვართა — მეშვეობით იმოქმედებენ. ეს ცრუმოძღვრები თვალთმაქცურად ან საკუთარი თავის უგუნური ცდუნებით მკაცრი ზნეობის ქადაგებას დაიწყებენ, კერძოდ, აკრძალავენ ქორწინებასა და ზოგიერთი სახის საკვების მიღებას, სინამდვილეში კი მოჩვენებითი კეთილმსახურების ამ ნიღბით ადამიანებს თავიანთ ცრუ რწმენაში შეაცდენენ და ქრისტიანებს ქრისტეს ჩამოაშორებენ. შესაძლოა, სწორედ ეს ცრუმოძღვრები, მაღალი ზნეობრივი სიწმინდის მიმთვისებელნი და სხვებისგანაც იმავეს მომთხოვნი, საკუთარ თავს ქრისტეებად გამოაცხადებენ.
მაშინ, როდესაც ერთნი მაცდური ცრუმოძღვრებებით, სიცრუითა და თვალთმაქცური კეთილმსახურებით ჩამოაშორებენ ადამიანებს ქრისტეს, თავს ქრისტედ წარმოაჩენენ და თვალთმაქცურად მიბაძავენ მის მოძღვრებასა და ცხოვრებას; სხვა ცრუმოძღვრები, პირიქით, კადნიერად უარყოფენ ქრისტესა და ღმერთს, იქადაგებენ თავიანთ მოძღვრებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, და დაამკვიდრებენ ზნე-ჩვეულებებსა და წესებს, რომლებიც აშკარად უღმრთო იქნება.
ესენი არიან "მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი" (2 პეტ. 3:3). ხოლო როდესაც ადამიანები მათ საწინააღმდეგოდ დაიწყებენ წმინდა წერილში იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის ნიშნებზე ნაწინასწარმეტყველევ მითითებებზე მინიშნებას, ისინი კადნიერად უარყოფენ მათ მნიშვნელობას და იტყვიან: "სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან" (2 პეტ. 3:4).
ადამიანები მათ ომებზე, შიმშილობაზე, ეპიდემიებსა და მიწისძვრებზე მიუთითებენ, აგრეთვე ზნეობის გარყვნაზეც, მაგრამ ისინი უპასუხებენ: ასე იყო ყოველთვის და ასეც იქნება. როგორც რწმენის ერთობისაგან განდგომილი, მშვინვიერი ადამიანები, რომელთაც სული არ გააჩნიათ (იუდ. 1:19), მათ ექნებათ "თვალები, რომლებითაც ვერ ხედავენ, და ყურები, რომლებითაც არ ესმით" (ეს. 29:10; რჯლ. 29:4; რომ. 11:8). მიუხედავად საშინელი უბედურებებისა, ყველაფრის მიმართ გულგრილნი იქნებიან და ვერც ზნეობის საყოველთაო გარყვნას შეამჩნევენ, ანდა პირდაპირ თანაუგრძნობენ კიდეც მას; ისინი იტყვიან: "მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ, როდესაც უეცრად დაატყდებათ თავს დაღუპვა" (1 თეს. 5:2–3). უეჭველია, მათი უგრძნობელობა და უზრუნველობა ბევრ სხვასაც გადაედება, ხოლო ასეთი კადნიერი დამცინავების თავხედური ქადაგება, რომელიც უარყოფასა და ურწმუნოებას ქადაგებს, ადამიანებს ღმრთისადმი და ქრისტესადმი რწმენისგან არანაკლებ ჩამოაშორებს, ვიდრე ცრუქრისტეთა ფარული, მაცდური და მოჩვენებით კეთილმსახურება.
ცრუქრისტეთა და უღმერთოთა მოძღვრება და საქმიანობა სწორედ ის ძირითადი და პირველადი წყაროები იქნება, საიდანაც "უკანასკნელი ჟამის" დასაწყისშივე გავრცელდება უზნეობა, ცრუ რწმენა, უღმრთოება, ანტიქრისტიანობა და აშკარა უღმერთობა.
მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ ანტიქრისტეს ამ წინამორბედთა ცრუმესიანური და უღმერთო საქმიანობისა და მოძღვრებების დიდი წარმატება (ისინი მრავალს აცდუნებენ) მნიშვნელოვანწილად იმითაც იქნება განპირობებული, რომ იმდროინდელი კაცობრიობის გონებრივ მდგომარეობასა და ცხოვრების მიმართულებაში ისინი ბოროტებას აღმოაჩენენ, აგრეთვე სატანის გაძლიერებული მოქმედებით ისარგებლებენ. სატანა კი, მიწაზე თავისი ბატონობის მოახლოებული აღსასრულისა და საბოლოო განკითხვის წინათგრძნობითა და მოლოდინით (იუდ. 1:6), განსაკუთრებული და საშინელი მძვინვარებით მიმართავს თავის ბოროტ ხრიკებს ღმრთის მორწმუნეთა წინააღმდეგ და განსაკუთრებით — ქრისტიანთა წინააღმდეგ (გამოცხ. 12:12–17).
წარმოიშობიან რა ცრუ რწმენის, ანტიქრისტიანობისა და უღმერთობის ნიადაგზე — რომელთა ნაკლებობა არც დღეს არის ქვეყნიერებაში და იმ დროისათვის კიდევ უფრო გამრავლდება — ცრუქრისტენი და უღმერთონი, გარემომცველ საზოგადოებაში მხარდაჭერის პოვნის შედეგად, გაბედულად და წარმატებით დათესავენ თავიანთ ცრუ მოძღვრებებს და კიდევ უფრო გააძლიერებენ და გაავრცელებენ ცრუ რწმენას, უღმრთოებას, უზნეობასა და უღმერთობას.
გაგრძელება იქნება.
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ. "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
წყარო: Беляев А.Д. Два периода отступления от
веры в Бога перед явлением антихриста // Богословский вестник. 1893. Т. 3. № 7.
С. 1–31.
