განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_18_1_24_ბაბილონის დამხობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ბაბილონის დამხობა

(თ. 18:1-24)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართული:

1. შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. 2. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი, და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა, 3. რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს. 4. და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ. 5. რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი. 6. მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი. 7. ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო. 8. ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი. 9. და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა. 10. შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი. 11. და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს. 12. არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ, და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა 13. და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი. 14. და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი. 15. ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ 16. და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა! 17. რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს. 18. და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?! 19. და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა. 20. იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან. 21. და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს. 22. და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის. 23. და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი. 24. და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა.


ახალი ქართულით:

1. შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით. 2. შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა. 3. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით. 4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. 5. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი. 6. მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას. 7. რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას. 8. ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას. 9. იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს. 10. და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა. 11. ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს, 12. ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს, 13. დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს. 14. შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ. 15. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ. 16. და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო. 17. რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა; 18. და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს? 19. თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა. 20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას. 21. ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება. 22. მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში. 23. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი. 24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
VI. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეოთხე თანამიმდევრობა (თ. 15-19)

ბაბილონის დამხობა (თ. 18:1-24)

1.  შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა  დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით. 2. შეღაღადა და  ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა  სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი  ფრინველის საბუდრად იქცა. 3. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით  დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი  დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.

იოანე ხედავს სხვა ანგელოზს, 17-ე თავის 1-ელ მუხლში აღწერილისგან განსხვავებულს; ისიც ზეცითგან ჩამოდის, როგორც აღწერილია ეს 10-ე თავის 1-ელ  მუხლში; მაგრამ მისგან განსხვავებით სხვა ატრიბუტებით არის აღწერილი. ის  ღრუბლით იყო შემოსილი და თავს ცისარტყელა ეკრა, ამას კი მხოლოდ "დიდი ხელმწიფების" მქონედ ასახელებს და ღრუბელსა და ცისარტყელაზე მინიშნების ნაცვლად ამბობს, რომ "განათდა დედამიწა მისი დიდებით".  ანგელოზის დიდება და ბრწყინვალება არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო თვით  იესუ ქრისტე, არამედ იმაზე, რომ ის უდიდესი მისიით იყო წარგზავნილი; ეს იყო  ქრისტეს მახარობელი, რომელიც ცოდვილ ბაბილონზე საშინელი სამსჯავროსა და  საზღაურის მიგებაზე გვაუწყებსს.

ანგელოზის ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, ბაბილონი თავისი დაცემის შემდეგ "უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა".  ქალაქი სრულიად გაპარტახდება და გაუდაბურდება, რაც ბოროტ დემონთა და  უწმინდურ სულთა საბინადროდ შესაფერისი ადგილია (იხ. ეს. 13:21; 34:14; იერ.  51:37; მთ. 2:43; ლკ. 8:29; 11:24). როგორც ადამიანთა მიერ მიტოვებული და  დემონებით აღვსებული, დანგრეული ბაბილონი ბილწ ფრინველთა საბუდრადაც იქცევა  (იერ. 50:39; სოფ. 2:14; ეს. 102:7); ეს ადამიანთა მიერ მიტოვებული  ქალაქის ან საცხოვრისისთვის დამახასიათებელი ჩვეული შედეგია.



ბაბილონის დაცემისა და მისი გაპარტახების მიზეზი იგივეა, რაც 14-ე თავის 8-ე მუხლში იყო მითითებული; ეს არის მისი გამრყვნელი და ბოროტი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც "მისი  სიძვის მძვინვარე ღვინით დაათრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს  მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით".  გაპარტახებაში, როგორც ღმრთის სამართლიანი მსჯავრით დადგენილ  მდგომარეობაში, აისახება ქალაქის ადრინდელი ყოფის საპირისპირო მდგომარეობა.  რამდენადაც მდიდარი და ფუფუნებით აღსავსე იყო ადრე ეს ქალაქი (გამოცხ.  17:4), იმდენად გაპარტახებული და განადგურებული იქნება ის დაცემის შემდეგ;  თუ ადრე მიწიერი მეფეები თავიანთ სამეფოებთან ერთად ტკბებოდნენ ბაბილონის  გარყვნილი და ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებით, ამიერიდან ის გახდება გამქრალი  სიმდიდრის საწყალობელი ძეგლი; თუ ადრე ვაჭრები აქ მდიდრდებოდნენ და თავიანთ  გემოთმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, ახლა ბაბილონი ქვების უბრალო გროვაა და  მეტი არაფერი.

ასეთი იქნება ბაბილონის ცოდვები და მასზე მოწეული ღმრთის სამართლიანი მსჯავრი.

4.  და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო  ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. 5.  რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა  მისი.

მეოთხე მუხლიდან იწყება სხვა პირის ლაპარაკი. "და  მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო,  რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით". თვით იოანე არ განსაზღვრავს, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ხმა, არამედ მას მხოლოდ "მეორე ხმას" უწოდებს,  რომელიც ისმის ზეცით. ზოგიერთები ამხმაში ჩვეულებრივ ანგელოზს  გულისხმობენ, ან კიდევ ანგელოზს, რომელიც იესუ ქრისტეს სახელით ლაპარაკობს,  მაგრამ სხვები, უფრო სამართლიანად ვარაუდობენ აქ თვით იესუ ქრისტეს,  რომელიც საკუთარი სახელით მიმართავს რჩეულ ქრისტეანებს, როგორც თავისი  სამეფოს მოქალაქეებს. მსგავსი სიტყვებით მიმართავდნენ ოდესღაც ესაია  (48:20; 52:11) და იერემია (50:8; 51:6, 8, 45) ისრაელის ერს და  მოითხოვდნენ მისგან დაეტოვებინათ ბაბილონი. თვით გამოთქმა თავისი ფორმით  ეფუძნება გამოსვლის მუხლებს (19:12) და რიცხვთა წიგნს (16:26).

უფლის განკარგულება "გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო",  ნიშნავს ბოლო ჟამის რჩეულ ქრისტეანთა საბოლოო გამოცალკევებას უკეთური  ანტიქრისტეანული საზოგადოებისგან. "როგორც ლოტს უთხრა უფალმა სოდომში:  "ცხოვნებით იცხოვნე თავი შენი" (დაბ. 19:17) და ისრაელსაც უბრძანა ესაიას  პირით: "განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ, არაწმიდასა ნუ  შეეხებით" (ეს. 52:11), ასევე აქაც, ყოველ მორწმუნეს ეტყივს, რომ საჭიროა  რტის შეურაცხმყოფელთაგან განშორება და მათთან თანაცხოვრებისგან განლტოლვა"  (ანდრია კესარიელი), "რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი  წყლულებით".

"აი,  სულიწმიდა მოგვიწოდებს წინასწარმეტყველის მიერ: "განეშორენით,  განეშორენით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან!  განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!" (ეს. 52:11). აქ კი ისინი,  რომლებიც არიან ჭურჭელნი უფლისანი და ტაძარნი ღმრთისანი, არ გამოდიან მათი  წრიდან და უკან არ იხევენ, რათა უწმინდურებასთან შეხებას აარიდონ თავი და  იძულებულ არ იქმნენ, ჭამონ კერპთშენაწირი და მით შეიბილწონ!

კიდევ  ისმის ხმა ზეციდან, რომელიც ღვთის მონებს ასწავლის, თუ როგორ უნდა  მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში: "გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ  ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით". რამეთუ, ვინც გამოდის  (მათი წრიდან) და უკან იხევს, თავიდან იცილებს ცოდვაში მონაწილეობას, ხოლო  ვინც ბოროტაების თანამოზიარედ რჩება, თავს რისხვას დაიეტეს; ამიტომ  გვამცნო უფალმა, გავიქცეთ და დავიმალოთ დევნულების პერიოდში. ასე ასწავლიდა  და თავადაც ასე იქცეოდა.

უფლის  ღირსეულთ გვირგვინები ენიჭებათ, მისი მიღება კი შეუძლებელია, სანამ ამის  ჟამი არ დაჰკრავს. ამიტომაც ის, ვინც ქრისტეში მყოფობს, მაგრამ დროებით  უკან იხევს, სარწმუნოების აშკარა აღსარებას კი არ გაურბის, არამედ დროს  ელოდება; ხოლო ის, ვინც არ დაიმალა დევნულების ჟამს და დაეცა, ჩანს, იმიტომ  დარჩა მათ წრეში, რომ სარწმუნოებაში უარყოფა ჰქონდა განზრახული... არადა,  ყველას მართებდა მიეტოვებინა სამშობლო და მემკვიდრეობაც კი, რამეთუ  დაბადებულთაგან და მოკვდავთაგან ვინ არ განშორდება თვის ქვეყანას და  დატოვებს მემკვიდრეობას, თუკი სიკვდილის ჟამი ახლოვდება ან საფრთხე  ემუქრება? - მხოლოდ ქრისტე არ უნდა დავუტევოთ, საყვარელნო; მხოლოდ  ცხონებისა და მარადიული საცხოვრისის დაკარგვის უნდა გვეშინოდეს და არა  ამქვეყნიური და წარმავლისა" (წმ. კიპრიანე კართაგენელი).

ამრიგად,  უფალი, როგორც მწყემსი, ერთმანეთისგან განაცალკევებს ცხვრებს თხებისგან  (მთ 25:32). როგორც ლოტს ებრძანა გამოსულიყო სოდომიდან (დაბ. 19:15), ასევე  ებრძანება (მათ 24:15-16) რჩეულ ქრისტეანებს განეშორონ უკეთურთა  საზოგადოებას. ეს ესქატოლოგიური მომენტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც იმ  მოვლენის თანხვედრილი,როდესაც ანგელოზმა, ანუ იესუ ქრისტემ დედამიწაზე  გადმოაგდო თავისი მანგალი და მთელი დედამიწა მოიმკა: როგორც იქ, ასევე აქ  მხედველობაშია საშინელი სამსჯავროს წინა მოსამზადებელი მომენტი. ამიტომაც,  ქალაქში (ბაბილონში) არ უნდა ვიგულისხმოთ რომი და რომის სახელმწიფო,  საიდანაც უნდა გაქცეულიყვნენ ქრისტეანები, რათა მის ნანგრევებსა და  სასჯელში არ მოქცეულიყვნენ და როგორც გარბოდნენ ისინი რომიდან ალარიქის,  ატილასა და სხვათა შემოსევების დროს.

გაქცევისა  და განშორების გარდა ვერავითარი სხვა საშუალება ვერ დაიხსნის ჭეშმარიტ  ქრისტეანთ ანტიქრისტეანული ცოდვილი ცხოვრებისგან და ვერ ააცილებს თავიდან  ღმრთის მრისხანებას.

სამსჯავროს  ჟამი უკვე დგება, ახლოვდება. ბაბილონის ცოდვებმა ცას უწია (მ. 5). ეს არის  ცოდვილიანობის უმაღლესი ხარისხი, როდესაც ის თითქოსდა ცას, ღმრთის საყდარს  უახლოვდება და ღმრთის მრისხანებას იწვევს (შეად. 2 პარ. 28:9; დაბ. 4:10;  18:12; 19:13; იოანე 1:2). ამგვარი მეტაფორული გამოთქმის საფუძველი  მითითებულია იერემიას წიგნში (51:9), სადაც წინასწარმეტყველი ამბობს:  "ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ  ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია" (იერ.  51:9). აივსო ღმრთის მოთმინების საწყაო და მალე მსჯავრის მიგების დრო  დადგება. ღმერთი გაიხსენებს ბაბილონის ყველა უკეთურებას, ყველა მის  უსამართლობასა და უსჯულოებას, რადგან მათ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს. ეს  კი ღმრთის მრისხანე სამსჯავროს დადგომაზე მიანიშნებს. ამ სამსჯავროსა და  მის შემდგომ მოწევნად სასჯელთა სიმძიმეზეა ლაპარაკი 6-ე მუხლში:

6.  მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ;  სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას. 7. რამდენადაც მოჰქონდა  თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას.

ამას იგივე პირი ბრძანებს, რომელიც 4-ე  მუხლშია მოხსენიებული, ოღონდ უკვე სხვა სუბიექტისადმია მიმართული. მაშინ  ხმა უშუალოდ ბოლო ჟამის ქრისტეანთა საზოგადოებას მიმართავდა, რომელსაც  უკეთურთა საზოგადოებისგან გამოყოფა ევალებოდა, როგორც ეს ოდესღაც ლოტს  უბრძანა უფალმა (დაბ. 19:15) და სოდომიდან გამოსვლა დაავალა; ან კიდევ  როგორც ისრაელს მისცა განკარგულება გამოყოფოდნენ კორახს, დათანს და აბირონს  (რიცხვ. 16:24) და მათ საქმეებს არ ზიარებოდნენ.

მართალია, ანდრია კესარიელის განმარტებაში ნათქვამია, რომ "ამას ან იმ უდანაშაულოებს ეუბნება, ვინც  მრავალი ბოროტება განიცადა ამ ქალაქის მმართველთაგან, რამეთუ ჭირთათმენით  წმინდანნი უმეტესი სასჯელის მიზეზად შეექმნებიან თავიანთ მადევარ  ბოროტეულთ; ან ამ სიტყვებით მიმართავს ზეციურ, დამსჯელ ანგელოზებს,  რომლებიც საკუთარ შეურაცხყოფად ღებულობენ ღმრთისა და მის მონათა გმობას",  მაგრამ თანამედროვე კომენტატორები და მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ღმრთის ამ  განკარგულების იარაღნი არიან არა ქრისტეანები, ღმრთის შვილები ან  ანგელოზნი, არამედ ის მეფეები, რომლებიც (17:17) დაწესებულნი არიან ღმრთის  ნების აღსასრულებლად, რათა მათი ხელით დაინგრეს ბილწი ქალაქი ბაბილონი.  სწორედ მათი მისამართით გაისმის განკარგულება "მიაგეთ მას" (ბაბილონს),  როგორც "მან მოგაგოთ თქვენ" (aÙt¾ ¢pšdwken  შეად. ფსალმ. 136:8). (შენიშნვა: სიტყვა "თქვენ" ხელნაწერთა უმეტეს  ნაწილში არ არსებობს, მაგრამ რუსული და სლავური თარგმანები ამ ადგილს ასე  კითხულობენ; შესაძლოა ეს ჩამატება დაშვებულია გადამწერის მიერ გამოთქმის  ფორმალური სისავსის გამოსახატავად. ვის მიაგო ბაბილონმა? არა მარტო რჩეულ  ქრისტეანთ, არამედ საერთოდ მთელს იმდროინდელ მსოფლიოს. მისი გარყვნილი  ცხოვრებისგან, მისი ძალადობისგან იტანჯებოდნენ არა მარტო რჩეული  ქრისტეანები, რომელთაც დევნიდნენ და ავიწროვებდნენ, არამედ ყველაზე უკეთური  მეფეებიცა და ერებიც, რამეთუ სწორედ ისინი არიან ბაბილონის მოძულედ  გამოხატულნი (გამოცხ. 17:16).

"მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ".  შურისძიება, მართალია, "ორმაგად" იწოდება, მაგრამ სრულიად სამართლიანია და  დანაშაულის შესაბამისია, როგორც ნათქვამია: "მისი საქმისაებრ" უნდა მიეგოს  მას. ბაბილონი, თავისი უკიდურესი უსჯულოების გამო სრულიად იმსახურებს ამ  ორმაგ სასჯელსა და ტანჯვას. მისი დანაშაული სწორედ იმაშია, რომ "მისი  სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს  მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით" (შეად.  გამოცხ. 14:4; 17:2, 4). ახლა კი, იმ თასიდან, რომლიდანაც სხვას ასმევდა  სიძვისა და მძვინვარების სასმელს, თვითონ იგემებს, თანაც ორმაგად და უფრო  მწარედ; და როგორც სხვა ერებისა და მეფეებისთვის ბაბილონის სიძვისა და  მძვინვარების თასის შესმა მიზეზი გახდა ამ ხალხებსა და მეფეებზე  თავსმოწევნული ღმრთის რისხვისა (გამოცხ. 14:10), ასევე ჯეროვანია და  სამართლიანი თვითონაც ორმაგი თასი შესვას იმავე რისხვის თასიდან.

წმიდა  მამათა განმარტებით, ამ სიტყვებში ("ორმაგად მიაგეთ") სხვა შინაარსიც  მოიაზრება, კერძოდ, "რისხვის თასი "ორმაგია", რადგან ცოდვილები და სჯულის  დამრღვევნი სასტიკად დაისჯებიან როგორც აქ, ამ ცხოვრებაში, ასევე მომავალ  დაუსრულებელ საუკუნეშიც; ან კიდევ იმიტომ, რომ ისინი დაიტანჯებიან როგორც  სულით, ასევე ხორცით, და რომ სასჯელი ცოდვათათვის არა მხოლოდ გარეგნული,  არამედ შინაგანიც იქნება, რამეთუ საკუთარი სინდისიც დასტანჯავს მათ" (ანდრია კესარიელი).

"არ ვიხილავ გლოვას".  ასეთია განცხრომაში მყოფთა აზრი, რომლებსაც დაუკარგავთ ღვთის შიში და  ფიქრობენ: "არა შევიძრა მე უკუნისამდე" (ფსალმ. 29:7 (6)). ასე ფიქრობს  საკუთარ თავზე ეს ქალაქიც" (ანდრია კესარიელი).

8.  ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი,  და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს  მას.

"სიტყვები "ერთ დღეს" მიანიშნებს ამ ქალაქის თავზე უეცრად თავსდატეხილ ჭირვებაზე და იმ დროის  სიმოკლეზე, როდესაც მახვილის, შიმშილისა და წყლულებისგან დაიწყებს გლოვას,  დაინგრევა და "ცეცხლით დაიწვება". ან კიდევ იმ კონკრეტულ დღეზე, როდესაც ეს  ყველაფერი წინასწარმეტყველებისამებრ მასზე მოიწევა. როდესაც მტრები ქალაქს  დაიპყრობენ, ერთი დღეც საკმარისი იქნება, რათა ყოველგვარი ჭირვება და  მრავალგვარი სიკვდილი მიადგეს დაპყრობილი ქალაქის მცხოვრებთ, ხოლო ღმერთის  ყოვლისშემძლეობა მხოლოდ მართალთა გადარჩენასა და მათ ცხონებაში კი არ  გამოიხატება, არამედ მოუნანიებელ ცოდვილთა სამართლიან დასჯაშიც" (ანდრია კესარიელი).

ოთხი სასჯელით ემუქრება უფალი ბაბილონს: 1. სიკვდილით, რომლის გამოც მრავალრიცხოვანი ქალაქი გაპარტახდება და დაცარიელდება; 2. გლოვით, რომელიც მის ქუჩებში დაისადგურებს; 3. შიმშილით, რომელიც სრულიად შეცვლის ადრე სიმდიდრესა და ნაყროვანებაში დანთქმულ ქალაქს და 4. ცეცხლით, რომელიც ქვების გროვად აქცევს მის ბრწყინვალე ნაგებობებს (გამოცხ. 17:16).

9.  იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და  ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს.
10.  და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო  ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.

ანდრია კესარიელი: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ქვეყნის მეფებად" იწოდებიან მთავარნი, როგორც  ფსალმუნთმგალობელმა თქვა იერუსალიმზე: "შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და  მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს" (ფსალმ. 2:2).  ის მათზე ლაპარაკობს, როგორც ღმრთის მცნებებისგან განდგომილებზე, რომ ისინი  "იტირებენ და ივაგლახებენ", როდესაც იხილავენ მის გაპარტახებას და  შეძრწუნდებიან უეცრად, ესოდენ მოკლე დროში მოწევნული უბედურების გამო".

ქალაქის  საზღაურის საზომად უნდა ვიგულისხმოთ მისი ფუფუნება, რითაც აცთუნებდა და  რყვნიდა ქვეყნის მკვიდრთ, ითრევდა მათ ანტიქრისტიანულ ცხოვრებაში და მით  წარწყმედის გზაზე, მარადიული ტანჯვის გზაზე აყენებდა მის მცხოვრებთ. სწორედ  ამის შესაბამისი იქნება მისი ტანჯვა და ვაება.



ღირ. ბედა პატივდებული ბრძანებს:  "ბაბილონის მთავართა და ვაჭართა ეს გოდება შეიძლება ორგვარად გავიგოთ. ერთი  მხრივ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ როდესაც განკითხვის დღეს  გარდაივლის წუთისოფლის დიდება, უკეთურებს მხოლოდ თავიანთი წარსული  ცხოვრების მოგონებაღა დარჩებათ და იტყვიან: რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ  მედიდურობამ, და რა შეგვძინა სიმდიდრემ და ამპარტავნებამ? ეს ყოველივე  აჩრდილივით განქარდა (სიბრძნე 5:8-9). მეორე მხრივ, როდესაც აწმყოში  შეწყდება საგანთა სიუხვე და მოახლოვდება სხვადასხვა ერთა განადგურება, უკვე  აღარავის ექნება ხორციელ სიამეთა ტკბობის შესაძლებლობა, რომელიც ადრე  გარყვნილ ადამიანთა ხორციელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველგან  მოიპოვებოდა. და მაშინ "იხილავენ მისი ხანძრის კვამლს", - ანუ  განადგურების ნიშანს. და მართლაც, სხვა რაში უნდა მოვიაზროთ ამ წუთისოფლის  წარწყმედა და განადგურება, თუ არა მოახლოვებული გეჰენიის ცეცხლში?"  (გამოცხადების გადმოცემა).

ბაბილონის ადრინდელი სიამაყე და  თავდაჯერებულობა, როგორც ანტიქრისტესეული სამეფოს დედაქალაქისა, რომელიც  თავს იქებს დედოფლობით და არა ქვრივობით, - ეს სიამაყე და  თავდაჯერებულობა სრულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება მის მოულოდნელ  დაღუპვასთან. ის თავს ყოვლადძლიერად და მარადიულად მიიჩნევდა, მაგრამ  განადგურება მას მოულოდნელად დაატყდება, ერთ დღეს და ერთდროულად (ესაია  47:8-9).

ოთხი სასჯელით ემუქრება უფალი ბაბილონს: 1)  სიკვდილით, რომლის გამოც ადრე მრავალრიცხოვანი ქალაქი გაპარტახდება; 2)  ტირილით და გოდებით, რომელიც მოედება მის ქუჩებს; 3) შიმშილით, რომელიც  სრულიად შეცვლის ადრე ფუფუნებაში მოცურავე ქალაქის გარეგნულ მდგომარეობას  და 4) ცეცხლით, რომელიც გააპარტახებს მის ბრწყინვალე ნაგებობათ (17:16).  ამის მიერ დამტკიცდება, რომ "ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს  მას" (მ. 8).

მიტრ. კესარი არელატელის (470 - 543) განმარტებით "მეფენი დაიტირებენ არა ფუფუნების ბოროტებას - რამეთუ მისით სცოდავდნენ, - არამედ იმას, რომ იციან, იღუპება ქვეყნის აყვავება, რომლის მიერაც ემსახურებოდნენ ისინი საკუთარ სიამტკბილობას. "და  მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო  ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა" (მ. 10). "მისი ტანჯვის შიშით შორს დგანანო, - ამბობს იოანე. მაგრამ შორს დგანან არა ხორცით, არამედ სულით, რამეთუ  ყოველს საკუთარი თავის გამო ეშინია, რადგან ხედავს როგორ იტანჯება სხვა  ამაყთა ცილისწამებითა და ძლიერებით.

"ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა". "სული  გვამცნობს ქალაქის სახელწოდებას: მართლაც, ისინი დასტირიან ამ წუთისოფელს,  რომელიც ესოდენ მოკლე დროში სრულიად განადგურდა, და ყველაფერი, რაც კი მათ  ამ სოფელში დააგროვეს, წამში განქარდა" (კესარი არელატელი).

11. ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს,

12.  ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და  პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ  ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს,  

13. დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს,  ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა  და სულს.

14. შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ.

მსოფლიოს  დედაქალაქ ბაბილონთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიო ვაჭრობა.  ამიტომაც ქვეყნის ვაჭარნი ადამიანთა დაღუპვას კი არ იგლოვებენ, არამედ "იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს"

წმ. ბედა პატივდებული
ბრძანებს:  "ისინი დასტირიან წუთისოფლის ყოველგვარი სიამის გაუქმებას, რაც სიამოვნებს  ხორციელ გრძნობებს ან გამოსადეგია გარეგნულად, რადგან სხვადასხვა მეტალები  ახარებენ მხედველობას, სუნამოები - ყნოსვას, სანელებლები - შეგრძნებებს, ღვინო, ხორბალი და ზეთი - კი გემოვნებას. მეტიც, როდესაც ლაპარაკობს საქონელსა და მონებზე,  მიანიშნებს, რომ ამა სოფლის მდიდრებს დაამწუხრებს სხვა ადამიანთა  გამოყენების შეუძლებლობა. როგორც უკვე ვთქვი, - ბრძანებს წმ. ბედა, - ეს წუხილი შეიძლება გავიგოთ ორნაირად: ან ისინი დაიღუპებიან ამ  განადგურებულ სამყაროსთან ერთად, ან ეს საცოდავნი, რომლებმაც სიკვდილის  მიერ დაკარგეს წუთისოფლის სიამეები, ისე იგლოვებენ, როგორც გლოვობენ  საკუთარი ქალაქის ნგრევას".

გამოცხადების მე-8 თავის 11-14  მუხლების განმარტებისას, ერთი თანამედროვე ეგზეგეტი, სამართლიანად  შენიშნავს რომ ასეთი იქნება მომავლის ბიზნეს ცენტრი! გამოცხადება ჩამოთვლის  ფუფუნების საგნებსა და ფართო მოხმარების საქონელს, და უცებ, "ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს" შორის წმიდა იოანე ღვთისმეტყველი "კაცთა ხორცსა და სულსაც" ასახელებს.  "ხორცს" იმდროინდელ რომში მონებს უწოდებდნენ. რომის იმპერიაში ... მონას  ადამიანად არ მიიჩნევდნენ. მაგრამ მონები ხომ მაინც "კაცთა სულები" არიან.  თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად როდია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება  ჩანდეს. წმიდა წერილის სიტყვები მხოლოდ ჩვენს დროში გახდა უფრო გასაგები.  როგორ შეიძლება გაიყიდოს სხეული სულის გარეშე? - ორგანოების ვაჭრობით! არსებობს სულთა პირდაპირი გაყიდვაც - სიცრუისა და მოტყუების მეშვეობით. მოქმედებს ვაჭრობის მთელი სისტემა, რომელსაც PR-ის (პიარი - Public relations —  "საზოგადოებასთან კავშირი") დახმარებით ახორციელებენ. ეს არის საქმიანობა,  რომელიც მიმართულია რაიმეზე ან ვინმეზე საზოგადოებრივი აზრის  ჩამოსაყალიბებლად. ეს არის სულებით ნამდვილი და კლასიკური ვაჭრობა.

პიარი - ეს უბრალო რეკლამა როდია, ეს არის იდეოლოგიის რეკლამა, ღირებულებათა თავსმოხვევა. რეკლამის უმეტესი ნაწილი უკვე დღესვე - საქონლის უბრალო რეკლამა კი არ გახლავთ, არამედ ცოდვის რეკლამაა, ცოდვის  იდეოლოგიის რეკლამაა. ეს არის აზროვნების განსაზღვრული ფორმით შეგნებული და  კლასიკური ვაჭრობა. ყველა სასიკვდილო ცოდვას, გამონაკლისის გარეშე, დღეს  რეკლამირება ეწევა ჩვენი ტელევიზიითა და ქუჩაში გამოფენილი სარეკლამო  ბანერებით.

"ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო...", რომ  მათი საქონლის მოწოდება შეწყდა და რაც აქვთ იმასაც აღარავინ ყიდულობს.  თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისადმი  მომხმარებლური დამოკიდებულება. მრავალი ადამიანი დღეს ფუფუნებაში ცხოვრობს.  წმიდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ლალი და ბადახში (ძვირფასი თვლები) - ღარიბთა სისხლიაო, რადგან იმ ფულით, რაც ძვირფას თვლებზე იხარჯება,  შეიძლებოდა ყველა ღარიბის დაპურება, თანხები კი ძვირფას თვლებსა და  ფუფუნების საგნებში იხარჯება.

ფრაზაში "ცხენები და ეტლები", სხვა  შინაარსიც შეიძლება მოვიაზროთ. კერძოდ, "ეტლებში" იგულისხმება არა საზიდავი  ურიკა, არამედ განსაკუთრებული ეკიპაჟი. რამეთუ, როგორც ანდრია კესარიელი  ბრძანებს: "ლათინური სიტყვა Redium ნიშნავს ოთხთვალას. ამ სიტყვის  მრავლობითი რიცხვის ნათესაური ბრუნვიდან გამოვიდა შემოკლებული ბერძნული  სიტყვა "რედონი". და აი ამ ფუფუნებაზე ხარჯავდა ბაბილონი მთელ თავის  ძალებს. ეს არის სწორედ გაუთავებელი და პერმანენტული მოხმარების  საზოგადოება, სადაც ადამიანებს არასოდეს არაფერი ყოფნით; ის სისტემა,  რომლის დახმარებითაც მდიდრდებოდნენ წუთისოფლის ვაჭარნი. მაგრამ მოვიდა  ბაბილონის სასჯელი და ხელიდა გამოეცალა მას მისი სულის "... სასურველი ხილი ... ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი " ისე, რომ "ვეღარასდროს იპოვის მათ".

15. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ.

16. და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო.

17. რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;

18. და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს?

19.  თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო  ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა  ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა.

ანდრია კესარიელი:
"იოანე  ყურადღებას აქცევს ამ ბაბილონის ტანჯვას და უთითებს იმ საშინელ  უბედურებებზე, რომლითაც დაისჯება ეს ქალაქი, რომელიც ადრე თავს იქებდა  სამეფო ღირსებით. გადატანითი მნიშვნელობით "ზღვად" შეიძლება აწმყო ცხოვრება  იგულისხმებოდეს, რომელიც აღსავსეა ვნებათა ღელვით, რომელშიც, ვითარცა  თევზი ზღვაში, დაცურავენ "მოვაჭრენი". მაგრამ შესაძლოა ისიც, რომ ეს  დაზარალებული ქალაქი, რომელიც ახლოს არის ზღვასთან, თავისი დანგრევით დიდ  ზიანს მიაყენებს "მენავეთა და მეხომალდეთ", რომლებთანაც იგი ვაჭრობდა.  მსოფლიო ბაბილონის, ანუ მსოფლიო აღრევის მევაჭრენიც დაისჯებიან სამყაროს  აღსასრულის წინ; უნუგეშოდ დარჩება მათი მწუხარება გარდასულ დღეთა გამო,  რამეთუ მოენატრებათ განცხრომანი. უნუგეშოდ იგლოვენ სიამტკბილობით გატარებულ  ცხოვრებას, რომელსაც მოაკლდბიან და რომელშიც ამხელს მათ თავიანთი სინდისი.  

მაგრამ, ჩვენი აზრით, ამ შეხედულებას გარკვეულწილად (თუმცა არა სრულიად - "აპოკ". რედ.) ეწინააღმდეგება  ეკლესიის ძველ მამათა აზრი, რომლებიც ამ წინასწარმეტყველებას  განაკუთვნებდნენ რომაულ "ბაბილონს", რამეთუ რომს, ამ მეოთხე მხეცს  (დანიელის მიხედვით), ჰქონდა ათი რქა. სამ რქას აღმოფხვრის მტარვალი  (ანტიქრისტე), დანარჩენებს კი დაიმორჩილებს და გამოჩნდება, როგორც რომის  იმპერატორი, ვითომდა იმისთვის, რათა გააძლიეროს მათი ძალაუფლება,  სინამდვილეში კი იმისთვის, რომ საბოლოოდ მოაოხროს ყველაფერი.

ამიტომაც,  სინამდვილესთან უფრო ახლოს იქნება ის, ვინც "ბაბილონად", როგორც ადრეც  აღვნიშნეთ, მიიჩნევს ამქვეყნიურ ხელმწიფებას, რომელიც ოდითგან დღემდე  ბატონობს როგორც ერთ სხეულში და დაღვარა როგორც მოციქულთა, ასევე  წინასწარმეტყველთა და წმინდანთა სისხლი. რამეთუ, ხომ ამბობენ ხოლმე, "ერთი  მხედრობა" ან "ერთი ქალაქი" - თუმცა ის პირები, რომლებიც მათ შეადგენენ, იცვლებიან - ასევე, სახელმწიფოც იწოდება "ერთად", მიუხედავად სხვადასხვა ადგილებსა და დროში მისი გაყოფისა და განაწილებისა".

მიტრ. კესარი არელატელი ბრძანებს: "როდესაც გინდ იუწყებოდეს სული ბაბილონში გამდიდრებულთა  შესახებ, ის ყოველთვის უთითებს ცოდვათა სიმრავლეზე. ქალაქი იმოსება  "პორფირითა და ძოწეულით" თუ ადამიანები? ამიტომაც იგლოვენ ისინი საკუთარ  თავს, სანამ მათ ძარცვავენ ზემოთ ხსენებულნი. განა "მესაჭენი, მეხომალდენი  და ზღვაზე მოვაჭრენი" შეძლებენ დაინახონ ერთი ქალაქის ხანძარი? მაგრამ ასე  ითქვა, რამეთუ ყველას, ვისაც უყვარს წუთისოფელი და ვინც არის უსამართლობის  მოქმედი შიშობს, როდესაც ხედავს როგორ ნადგურდება მისი იმედი".

მათთვის  მნიშვნელოვანია არა ის, რომ დაიღუპნენ ადამიანები, არამედ ის, რომ დაიღუპა  მათი სიმდიდრე. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად უმნიშვნელონი არიან  ადამიანები მომხმარებელთა საზოგადოებაში. ისინი მხოლოდ მატერიალურ  ღირებულებათა ექვივალენტებს წარმოადგენენ. ამგვარ საზოგადოებაში მთავარია  ფული და მხოლოდ ფული. და ღმერთი ბოლოს მოუღებს ამ უსულო იდეოლოგიას.

"ერთ საათში იავარ-იქნა  ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;  და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა  ამ დიდ ქალაქს?".

აქ ხაზია გასმული, რომ "ერთ საათში იავარ-იქნა"  და გაპარტახდა ესოდენ დიდი ქალაქი თავისი სიმდიდრითურთ . რა ომია ის,  რომელიც ერთ საათში აპარტახებს მთელ ქალაქს? მხოლოდ ითქვა: "ხანძრის  შემყურეთო". არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული  აფეთქება.

ვაჭრობის ძველ ცენტრზე, ტიროსზე წინასწარმეტყველებდა ეზეკიელი, როცა წერდა: "ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის  ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში. შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი  სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და  შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და  მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის  დღეს. შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი. გადმოვლენ შენი  ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე  დადგებიან. შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენს გამო და მწარედ  აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ. თავს  გადაიპარსავენ შენს გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე  მოთქმით დაგიტირებენ. გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და  გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში? როცა  გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი  დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი. როცა ჩაილეწე  ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა  შენთან ერთად. ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენს გამო; მათი მეფეები შიშმა  მოიცვა და სახე მოექცათ. ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენს გამო,  არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე" (ეზეკ. 27:26-36).

როგორც  დაემართა ტიროსს, ისე დაემართება ბაბილონსაც: ყველა ადამიანს გადააქცევენ  საქონლად. ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს ეპყრობა როგორც ნივთს, როგორც  საქონელს, თვითონაც კარგავს პიროვნებას და მას არავინ დაიტირებს. მაგრამ  როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ქრისტიანთ ამის გამო?

20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდანო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.

ანდრია კესარიელი:
"აქ  ანგელოზთა და წმინდანთათვის იტყვის, რომლებიც ცხოვრობენ "ცაში".  მოციქულებსა და წინასწარმეტყველებსაც ეტყვის, იხარონ მათთან ერთად, რამეთუ  ღმერთმა შური იძია ბოროტეულთა მიმართ და მართალთა დამჩაგვრელნი და  შემავიწროებელნი დასაჯა, რამეთუ ქადაგებდნენ ურჯულოებას ქალაქის მცხოვრებთა  შორის; ან კიდევ, "ღმერთის სასჯელი" აღესრულება ამა ქვეყნის პყრობელთა  ზედა ღმრთის მსახურთა მოკვლისთვის; ასე მოიკვლნენ ჭეშმარიტების  ქადაგებისთვის ებრაელთა მიერ წინასწარმეტყველნი, წარმართთა მიერ კი  მოციქულნი. "ხარობდე" მათ დასჯას არა ავი სიხარულით, არამედ ცოდვათა  აკრებისთვის, რათა აქ დასჯილნი უფრო მსუბუქად ისაჯონ მომავალ მარადიულ  სატანჯველში".



21. ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო  ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად  შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.

22. მეჩანგეთა  და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ  დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში.  

23. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.

ანდრია კესარიელი:
"როგორი  სისწრაფითაც იძირება ზღვაში "დოლაბი", ისეთივე სისწრაფით მოხდება  ბაბილონის დაცემა. მას იმდენად მოულოდნელად დაატყება თავს სიკვდილი, რომ  ამის შემდეგ სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ შერჩება. ამაზე მიუთითებს ის, რომ  "მეჩანგეთა, მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმის  მასში", მიზეზი ის კი არის, რომ თავისი ტკბილადმგალობლობითა და  გარძნეულებით ამ ქალაქმა მოხიბლა ყველა ხალხი, თანაც იყო  წინასწარმეტყველებისა და წმინდანების მკვლელთა მეგობარი. ეს ყოველივე,  შესაძლებელია, მიანიშნებდეს ქალდეველთ უკეთურ ბაბილონზე, რამეთუ სხვადასხვა  დროს თვით დღესამომდე დაღვრა მან მრავალ წმინდანთა სისხლი და ხარობდა  თავისი გრძნეულებით. ამიტომაც, ვევედროთ უფალს, რათა მიაგოს ამ ქალაქს  საკადრისი სასჯელი ქრისტესა და მის მონათა წინააღმდეგობისთვის.
Назад к содержимому