აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ათასწლოვანი მეუფება
(თ. 20:4-6)
ახალი ქართულით:
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. 2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. 3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. 4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. 5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. 6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. 7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. 8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, 9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. 10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. 11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. 12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. 13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. 14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. 15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.
ძველი ქართულით:
1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. 2. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. 3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ. 4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა. 5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. 6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა. 7. და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. 8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. 9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. 10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე. 11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ. 12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა. 13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა. 14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. 15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა
ათასწლოვანი მეუფება (თ. 20:4-6)
4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.
6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.
ქრისტესთან და მის წმინდანებთან ერთად ათასწლოვანი მეუფების ხილვა მჭიდრო შინაგან კავშირშია სატანის შეკვრის მოვლენასთან. იოანე ხედავს ტახტებსა და მათზე მსხდომარეთ. სად იდგნენ ეს ტახტები? - კითხულობენ კომენტატორები. ცხადია, არა მიწაზე, რადგან არ არის მითითება ამის შესახებ, არამედ ცაში, რადგან სწორედ იქ იყო წინამსწრობი ხილვა (მ. 1); სწორედ იქ უნდა იყოს ესეც, რაკიღა არაფერია ნათქვამი იდუმალთმხილველის ხილვის სცენის შეცვლაზე.
ეს ტახტები გვაგონებენ 24 მხცოვანს, თუმცა მხოლოდ გვაგონებენ, მათი გაიგივების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ზუსტად ასევე შეუძლებელია ამ ტახტებზე მსხდომარენი გავაიგივოთ მხცოვნებთან. მაშ ვინ არიან ისინი? უპირველეს ყოვლისა არ შეიძლება მათი გაიგივება იმათთაჯნ, ვინც შემდგომ არიან მოხსენიებულნი, "ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულებად" არიან წოდებულნი.; ეს უკანასკნელნი გამოცალკევებულნი არიან პირველთაგან მითითებით, რომ პირველნი დანიშნულნი არიან მსაჯულებად: "ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა...".
ტახტზე მსხდომარენი განსაზღვრულნი არიან როგორც მსაჯულნი. მაგრამ როგორია ამ სამსჯავროს არსი? სამსჯავრო, რომელიც განსჯის როგორც სიკეთეთ ასევე ბოროტებათ, ეკუთვნის მხოლოდ ერთ გულთამხილავ ღმერთს (იოანე 5:22; დაქმე 1:24; 15:8), მითუმეტეს უკანასკნელი და საშინელი სამსჯავრო (20-11; დან. 7:9, 10; მათე 25:31). აქ სამსჯავრო ნაგულისხმევია სიტყვის ზოგადი აზრით, როგორც განსჯა, ამა თუ იმ მხარის მოქმედების შეფასება, ოღონდ განაჩენის გამოცხადების გარეშე. ამ თვალსაზრისით მსაჯულებად მოციქული უწოდებს ყველა ქრისტეანს (1 კორ. 6:2), და მიაწერს თვით ანგელოზთა განსჯასაც კი. მაგრამ აპოკალიფსისის მოცემულ ადგილას არ შეგვიძლია ვიგულისხმოთ ყველა ქრისტეანი, რამეთუ ტატხზე რამოდენიმე მსაჯულს ვხედავთ, დანარჩენები კი "ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულებია". ხომ არ არიან ეს მსაჯულნი მოციქულები? თვით იესუ ქრისტე, ასწავლიდა რა მათ ცათა სასუფეველის შესახებ, ამბობდა, რომ ისინი დასხდებიან თორმეტ საყდარზე რათა გაასამართლონ ისრაელის თორმეტი ტომი (მათე 19:28).
"წმიდა მოციქულებს, - ბრძანებს ანდრია კესარიელი, - მიეცათ საყდარნი სამოძღვრონი, საიდანაც განანათლეს ყოველნი წარმართნი და მომავალ საუკუნეშიც მიეცემათ, აღთქმისამებრ, რათა საჯონ სახარების უარმყოფელნი, როგორც ბრძანებს ამას დავით წინასწარმეტყველი: "რამეთუ მუნ აღხდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებლად ისრაელისა და აღსარებად სახელისა უფლისა, რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი" (ფსალმ. 121:4-5). და ყველა წმინდანს, საერთოდ, ვინც კი ევნო ქრისტესთვის და უარყო ხატი მხეცისა და მისი განდგომის ნიშანი, მიეცემა ძალაუფლება, საჯოს უკეთურნი. ამ ძალაუფლებით დღემდე სჯიან ეშმაკთ და უკვე მონაწილეობენ ქრისტეს დიდებაში, რამეთუ ეზლევათ პატივი მეფობისა და მთავრობისა და გააჩნიათ ღმრთითბოძებული ძალა დემონთა და სხეულებრივ უძლურებათა წინააღმდეგ.
ეშმაკს, ანტიქრისტეს და ცრუწინასწარმეტყველს საერთო აქვთ როგორც სახელები, ასევე ქმედებებიც, რამეთუ თითოეული მათგანი მხეცად არის წოდებული. იმიტომაც არის, რომ სატანა, ანუ გველი შვიდი თავით და ათი გვირგვინმოსილი რქით არის გამოსახული; ანტიქრისტე, ანუ მხეცი, ზღვიდან ამომავალი, მსგავსადვე არის შემოსილი; ხოლო ცრუწინასწარმეტყველი მათი თანაზიარი ძალითც, გონებითაც და ქმედებებითაც, რომელიც მათ მიერ ცთუნებულთა წარსაწყმედად არის მიმართული. ამ წარწყმედას გადარჩენილები დაიმკვიდრებენ სუფევას ქრისტესთან ერთად ვიდრე მეორედ მოსვლამდე, როგორც ეს ზემოთ იყო ნაცვენები, ხოლო მეორედ მოსვლის შემდეგ სრულიად მიიღებენ ქრისტეს მიერ აღთქმულს" (ანდრია კესარიელი).
ამრიგად, ტახტებზე მსხდომარენი, "რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა", უპირველეს ყოვლისა არიან მოციქულები, როგორც ქრისტეანული ჭეშმარიტების მქადაგებელნი, მაუწყებელნი ღმრთის სიტყვისა, რომელიც "ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს" (ებრ. 4:12; შეად. გამოცხ. 2:23). ისინი იყვნენ პირველნი, რომელთად, მაცხოვრის თქმით, მის კვალობაზე, მახვილი უნდა მოეტანათ ამ სამყაროში (მათე 10:34, 35). მოციქულთა შემდეგ საყდრებზე მსხდომარეებში უნდა ვიგულისხმოთ მათი უახლოესი თანამოღვაწენი და სხვა ქრისტეანნი, რომლებმაც სახელი გაითქვეს ქრისტეანული ქადაგებითა და ღვაწლით.
ასე ბრძანებს ნეტ. ავგუსტინეც: "იმის შემდეგ, რაც ბრძანა, რომ ეშმაკი შეპყრობილ იქნა ათასი წლით და აღსასრულის წინ გაათავისუფლებს მცირე ხნით, აპოკალიფსისი მოკლედ გვამცნობს, რას გააკეთებს ეკლესია ან რა მოხდება მასში ამ ათასწლოვან პერიოდში. "და ვიხილე ტახტნი, და მათზე მსხდომარენი, და მიეცა მათ მსჯავრი" (გამოცხ. 20:4). ეს სიტყვები ეხება არა უკანასკნელ სამსჯავროს; აქ უნდა ვიგულისხმოთ ის საყდრები და მათზე მსხდომი ეპისკოპოსები, რომელთა მიერაც იმართება ეკლესია ამ პერიოდში. ხოლო თუ რას ნიშნავს "მსჯავრი რომ მიეცათ" უკეთესს ვერაფერს ვიგულისხმებთ თუ არა უფლის ნათქვამს, რომლის თანახმადაც: "რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს ცათა შინა" (მათე 18:18).
თვით იოანე არ ამბობს, რამდენი იყო ტახტი, არც იმას ამბობს, ვინ ზის ამ ტახტებზე. იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ტახტზე მსხდომარეებში უნდა ვიგულისხმოთ მოციქულნი და ქრისტეანობის სხვა მქადაგებელნი, მეტყველებს მხოლოდ ის მოსაზრება, რომ უპირველეს ყოვლისა სწორედ მათ გაავრცელეს თავიანთი ქადაგებით ქრისტეანობა და მით ხელი შეუწყვეს სატანის ძალის განქარვებას თავის უღმრთო ქმედებაში ხალხთა შორის, წაართვეს მას ძალა ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის ძალით.
იდუმალთმხილველი არც იმას ამბობს, ვინ ან რა ექვემდებარება ტახტებზე მსხდომარეთა სამსჯავროს. მაგრამ აქედანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ მსჯავრს არ ექვემდებარებიან რომელიმე კონკრეტული პიროვნებანი: ანტიქრისტე ან საერთოდ ღმრთის სასუფევლის რომელიმე მტერი, ან კიდევ თავმოკვეთილთა სულები, რომელთა შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი. ტახტებზე მსხდომარეთა სამსჯავროს ექვემდებარება თვით ქრისტეანობის გავრცელების საქმე: ისინი ჭვრეტენ ქრისტეანული ქადაგების წარმატებებს; ისინი ხედავენ ეშმაკის მახეებს, უკეთურთა ბოროტმოქმედებებს, ქრისტეანობის ზეიმის დამაბრკოლებელთ; ხედავენ ღვთისმოსავთა ღვაწლს, და მათ ბრძოლას უკეთურებთან, და ხედავენ რა ყოველივე ამას, მონაწილეობას ღებულობენ ბოროტების დათრგუნვაში და ქრისტეანობისა და სათნოებების გამარჯვებაში.
მოციქულთა და მათ მემკვიდრეთა ეს მდგომარეობა მათი ღვაწლის ჯილდოა (ლუკა 22:29); მათ გვერდით, მართალია არა იმ ზომით, როგორც მოციქულნი, განიდიდებიან სხვა ქრისტეანთა სულებიც და განსაკუთრებით "ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები". რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იესუ ქრისტეს სატანაზე გამარჯვების ნაყოფს იგემებენ მხოლოდ "ტახტებზე მსხდომნი" და "ღმრთის სიტყვისთვის თავმოკვეთილნი", არამედ იმაზე, რომ ეს გამარჯვება უნდა იყოს ნუგეში თავმოკვეთილთათვის, რომლებიც ყველაზე უპირატესად იმსახურებენ ამგვარ სიდიადეს. ამაზე უთითებს თავის მოკვეთის საპირისპირო მოვლენა - გაცოცხლება, აღდგომა; თავმოკვეთილნი ინუგეშებიან იმით, რომ ისინი გაცოცხლდებიან, რადგან: "არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
ეს ტექსტი ერთგვარი კომენტარია მაცხოვრის სიტყვებისა, რომელიც ამბობდა: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28).
ყველა იმ თავმოკვეთილთა სული, რომლებიც ამ სატანჯველს განიცდიან იესუ ქრისტეს ქადაგებისთვის, მისი ჭეშმარიტების მოწმობისთვის, წარმართობისა და უკეთურების "ბნელსა შინა მსხდომთა" განათლებისთვის, ყველა ისინი, ვისაც მოუწია ან მომავალში მოუწევს ეშმაკისა და მის მსახურთაგან უამრავი განსაცდელი, განსაკუთრებით კი მხეც-ანტიქრისტესგან და მისი ცრუწინასწარმეტყველისგან, - ყველა მათგანი როდი დაკარგავენ თავიანთ ჯილდოს, არამედ გაცოცხლდებიან და იმეფებენ ქრისტესთან ერთად ათას წელიწადს. 4-ე მუხლის ეს ბოლო გამონათქვამი ზოგჯერ გამოიყენება ქილიასტების მიერ დედამიწაზე ქრისტესა და მის წმინდანთა ათასწლოვანი მეუფების სამტკიცებლად, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ.
ქილიასტური სწავლება თუ წმიდა წერილს დაეფუძნა, არა ახალაღთქმისეულს, არამედ ძველაღთქმისეულს. ამ სწავლების აღმოცენება დაკავშირებულია ქრისტეანობის პირველ საუკუნეებტან. მას ორმაგი გაგება გააჩნია. პირველი - მწვალებლური, და მისი პირველწარმომშობი გახლდათ მწვალებელი კერინთოსი. თავის სხვა მიმდევრებთან ერთად (ებიონიტები, მონტანისტები, აპოლინარისტები) ებრაული რწმენის შესაბამისად ელოდა, რომ ქრისტე, როდესაც მოაწყობდა თავის ათასწლოვან მეუფებას, მთელის სიდიადით აღადგენდა იერუსალემს და ამ სამეფოში მონაწილეთა ბედნიერება გამოხატული იქნებოდა ყოველგვარ გრძნობით სიამტკბილობაში.
აპოკალიპტური გამოთქმის დამოკიდებულებაზე ამ ქილიასტური ცთომილებისადმი ევალდი ბრძანებს: "იუდეველთ, თავიანთი კაბალისტური წიგნების შესაბამისად, სწამდათ, რომ უკეთურთა ექვსი ათასი წლის ბატონობის გასვლის შემდეგ, მეშვიდე ათასწლეულს დადგებოდა მართალთა განსვენება; დროის ეს პერიოდი თუმცა ყველაზე ბედნიერია, ვიდრე ახლანდელი დრო, მაგრამ არცთუ სრულყოფილი. ეს აზრი ათასწლოვანი მეუფების სესახებ იოანემ გადაიტანა ქრისტეანულ ნიადაგზე".
მაგრამ ევალდის აზრი იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ქრისტეანის ქილიასტური სწავლება თითქოსდა დამოკიდებულია იუდეველთა რწმენაზე, არასწორია. ქილიასტური სწავლება ეკუთვნის არა მარტო მწვალებლებს, არამედ ეკლესიის მამებსაც, ოღონდ გარკვეული ცვალებადობით, სადაც მას მიღებული აქვს სხვა სახე და მათ კერძო შეხედულებას წარმოადგენს. მათი მსჯელობისგან ამ საკითხზე ვრწმუნდებით, რომ მათი სწავლების საფუძვლად გამოყენებული იყო წმ. წერილის ზოგიერთი ადგილი, უპირატესად კი ძველი აღთქმის ზოგიერთი ადგილი, რომლებიც არასწორად და ცალმხრივად იქნა გაგებული.
ყველაზე უძველესი ქილიასტი იყო პაპიუსი, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულთა დროს ცხოვრობდა. ევსები კესარიელის თქმით, მან პირველმა განაცხადა, რომ მიცვალებულთა აღდგომის შემდეგ დედამიწაზე მატერიალური თვალსაზრისით დადგებოდა ქრისტეს სასუფეველი და გაგრძელდებოდა ათასი წელი. "ვფიქრობ, - ამბობს ევსები კესარიელი, -მოციულთა თხრობა შერყვნილი სახით მიიღო, მათგან იგავებით საიდუმლოდ ნათქვამი ვერ გაიგო" (ევსები კესარიელი. საეკლესი ისტორია. III.39).
პაპიუსისგან დამოუკიდებლად ათასწლოვან მეუფებაზე ასწავლიდა წმ. იუსტინე ფილოსოფოსიც. ის თავის თხზულებაში სახელწოდებით "გასაუბრება ტრიფონ იუდეველთან" ამბობს: "მე და სხვა ყველაფერში საღადმოაზროვნე ქრისტეანებმა ვიცით, რომ იქნება ხორციელი აღდგომა და ათასწლოვანი სუფევა იერუსალემში, რომელიც გამშვენდება და განდიდდება, როგორც ბრძანებდნენ ეზეკიელი, ესაია და სხვა წინასწარმეტყველნი (საუბარი ტრიფონ იუდეველთა. თ. 80). მაშასადამე, იუსტინესთვის ათასწლოვანი მეუფების გამართლების საფუძვლად სახელდებოდა ძველი აღთქმის წმიდა წერილი, და ამ თემასთან დაკავშირებით ახალ აღთქმას ის იმოწმებს, როგორც მხოლოდ მეორეხარისხოვანსა და ბუნდოვანს.
ტრიფონ იუდეველთან "გასაუბრების" მომდევნო თავში ვეცნობით წმ. იუსტინეს ასეთ შენიშვნას: "გარდა ამისა, ჩვენში ვინმემ, სახელად იოანემ, ქრისტეს ერთ-ერთმა მოციქულმა, მისდამი მიცემულ გამოცხადებაში იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენი ქრისტეს მორწმუნენი იერუსალემში იცხოვრებენ ათასი წელი, რომლის შემდეგაც იქნება საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით, ერთი სიტყვით სამარადისო აღდგომა და შემდეგ კი საუკუნო სამსჯავრო" (იქვე. თ. 81).
ათასწლოვან მეუფებაზე უფრო დეტალურად მსჯელობს ირინეოსი. იყო რა პაპიუსის მოწაფე, მას მოჰყავს მისი თქმულება მაცხოვრის იგავზე, რომელსაც აფუძნებდა თავის მოსაზრებას დედამიწაზე ქრისტეს ხილული სასუფეველის შესასხებ (ირინეოსი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. V.33). მაგრამ, მოჰყავს რა თავისი შეხედულების დასამტკიცებლად ის, რომ ზეციური იერუსალემის, მარადიული სასუფევლის სახე არის მიწიერი იერუსალემი, რომელშიც მართალნი წინდაწინ ემზადებიან უხრწნელებისა და მარადიული ცხოვრებისთვის, ყოველივე ამის დამტკიცებას ეძებს არა აპოკალიფსისში და ჩვენს მიერ მითითებულ ადგილს (გამოცხ. 20:4-5) კი არ ეყრდნობა, არამედ ძველ აღთქმას და იმოწმებს წინასწარმეტყველთ: ესაიას, იერემიასა და ეზეკიელს (ეს. 26:19; 30:25; 58:14; იერ. 23:7-8; ეზეკ. 37:12-14; 28:25-26).
იყვნენ და არიან ამ მწვალებლური სწავლების თანამედროვე მიმდევრებიც. სწავლება ათასწლოვან მეუფებაზე, ისევე როგორც მწვალებელთა და წმიდა მამათა კერძო შეხედულებანი, ეწინააღმდეგება წმიდა წერილის სხვა ადგილებს, სადაც ჩვენ ვხვდებით მკაფიო მითითებებს იმაზე, რომ: 1) იქნება მხოლოდ ერთი საყოველთაო აღდგომა,როდესაც ანგელოზი დასცემს უკანასკნელ საყვირს საშინელი სამსჯავროს დადგომის წინ (მათე 13:37-43; 25:31-46; იოანე 5:28-29; 6:39-40); 2) იქნება კიდევ ერთი მოსვლა ქრისტესი და ისიც, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანის უშუალოდ გასამართლებისთვის (მათე 125:31-38; 16:27; 20:28; იოანე 13:17) და 3) რომ არის მხოლოდ ორი სასუფეველი, ახლანდელი, მადლის სასუფეველი (1 კორ. 15:23-26) და მომავალი, დიდების დაუსრულებელი, საუკუნო სასუფეველი, რომელიც დადგება საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ და რომლის სუფევას არ ექნება დასასრულ (ლუკა 1:33; 2 პეტრე. 1:11); ამ ორ სუფევას შორის არ არსებობს შუალედური მეუფება არც დროის და არც შინაარსის მიხედვით. ამიტომაც, წმ. ვიქტორინე, მესამე საუკუნის წმიდა მამა, განმარტავდა რა აპოკალიფსისს, სამართლიანად შენიშნავდა: "არ უნდა ვუსმინოთ მათ, ვინც ამტკიცებს, თითქოსდა 1000 წელი ეს არის მიწიერი სუფევა, - ისინი მწვალებელ კერინთოსის თანამოაზრეები არიან". ქილიაზმის დაგმო მეორე მსოფლიო კრებამაც.
მაგრამ თავის მხრივ, თვით აპოკალიფსისიც, კერძოდ 20-ე თავის 4 მუხლი, არაფერს ამბობს იესუ ქრისტეს მიწიერ, ათასწლოვან მეუფებაზე. ჩვენ აქ ვკითხულობთ: "თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს". ლაპარაკია იმაზე, რომ ისინი ცოცხალნი იყვნენ იდუმალთმხილველის თვალში. აქ იგულისხმება ის, რომ თავმოკვეთილნი, დედამიწაზე მათი მდგომარეობის საპირისპიროდ, იოანეს ხილვაში გაცოცხლდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად. არაფერია ნათქვამი მათ სხეულებზე და მათთან ამ სულების შეერთბაზე (რაც არის კიდევაც აღდგომა მკვდრეთით). ის მხოლოდ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ბრძანა თვით იესუ ქრისტემ: "ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, აქვს საუკუნო სიცოცხლე" (შეად. იოანე 6:46). აპოკალიფსისის 20-ე თავის 4-ე მუხლში, ქრისტეს სარწმუნოებისთვის ყველა დევნილთა და წამებულთა სანუგეშოდ ნათქვამია, რომ მათი სულები ცოცხლები არიან და თანაც ცხოვრობენ ცაში, ღმრთის საყდრის წინ.
მიწიერზე აქ არაფერია ნათქვამი, რადგან ქრისტეანნი თავიანთ ნუგეშს უნდა ეძიებდნენ ცაში და არა მიწაზე, სწორედ ცაშია მათი ჭეშმარიტი სამშობლო, მათი ჭეშმარიტი სასუფეველი. იქ, ცაში იმეფებენ ისინი ქრისტესთან ერთად. ხოლო "ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში" (რომ. 14:17).
მაგრამ აპოკალიფსისის 20-ე თავის 4-ე მუხლში აღწერილი ნეტარება - არა არის მარადისობის ნეტარება, ეს არ არის ის სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული, ამიტომაც, ეს ნეტარება - საბოლოო არ არის, ანუ არ არის ის ნეტარება, რომელიც აღუთქვა უფალმა მართალთ საყოველთაო აღდგომისა და მარადიული სუფევის დამკვიდრების შემდეგ. ნეტარი სუფევა, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული, მისივე თქმით, გაგრძელდება მხოლოდ ათასი წელი.
ათასი წელი - ეს ის ათასია, რომლის პერიოდშიც შეიკრა სატანა თავის საქმიანობაში (მ. 3). იგულისხმება, რომ როდესაც სატანა შეკრულია, მაშინ ზეცის ბინადართა ნეტარება, რომლებიც კავშირში არიან მიწიერ, მებრძოლ ეკლესიასთან, არ ირღვევა. მაგრამ როდესაც ათასი წლის გასვლის შემდეგ სატანა გათავისუფლდება საკვრელთაგან და მთელი სიძლიერით გადმოანთხევს თავისი დემონურ ბოროტებას დედამიწაზე, მაშინ უნდა დადგეს ცვლილებები მართალთა ნეტარ სუფევაში, რადგან მაშინ, ანტიქრისტესთან ბრძოლის გამო შეიცვლება დედამიწაზე მცხოვრებთა მდგომარეობა, რომლებიც მუდმივ ერთობაში იყვნენ მედღესასწაულე ეკლესიის მართლებთან და ზეციერ ანგელოზებთან.
ერთია, რითი დამთავრდება მართალთა ათასწლოვანი სიხარული, და სხვაა ის, რომ დედამიწაზე ანტიქრისტეს ხანმოკლე ბატონობის შემდეგ დადგება უფლის მეორედ მოსვლისა და მართალთა საყოველთაო აღდგომის ჟამი. ამის შემდეგ დადგება მარადიული სასუფეველი, როდესაც მართალთა ნეტარება გაორმაგდება იმით, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ მათი შეცვლილი და განდიდებული სხეულებიც. ამგვარად, ათასი წელი, ისევე როგორც 2 და 3-ე მუხლებში, ჩვეულებრივი სამოქალაქო ათასი წელი ან უბრალოდ წელთა სიმრავლე კი არ არის, არამედ დროის ზუსტად განსაზღვრული პერიოდი, რომელიც ღმერთმა დააწესა ახალაღთქმისეული ეკლესიის აღსაშენებლად ისევე, როგორც ადრე დანიშნა დრო ძველაღთქმისეული ეკლესიის აღშენებისათვის. საჭიროა იმდენი დროის გასვლა, რამდენიც სჭირდება ყოველივე იმის აღსრულებას, რაც ღმრთის განგებით უნდა იქნეს აღსრულებული.
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის გამოყენებული რიცხვი 1000, უნდა მივუთითოთ წმ. წერილის სხვა ადგილები, სადაც იგივე რიცხვი მრავალრიცხოვნობისა და სისრულის ნიშნად არის გამოყენებული. უფალი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის არის "წყალობისმყოფელი ათასი თაობის იქით ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი ანდერძის შემსრულებელთათვის" (მეორე სჯლ. 5:10; იერ. 32:18). დავით წინასწარმეტყველი, განმარტავს რა ღმრთის მარადიულობის ცნებას ადამიანური ჟამთაღრიცხვის ენაზე, ამბობს: "ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა" (ფსალმ. 89:4); და წმ. მოციქულიც ამბობდა, რომ "იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე. 3:8).
"სადმე წერილში თუ ნათქვამია, - წერს ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი (XV ს.), - რომ საუკუნე - ეს არის ათასი წელი, უწყოდეთ, რომ თვით ათასი წელი არ არის რაიმე განსაზღვრული, რომლის დადასტურებას ადვილად იპოვით წმ. წერილში. ასე, მაგალითად, დავითი ბრძანებს: "მოიხსენა უკუნისამდე აღთქმისა თვისისაი და სიტყუაი, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად, რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა" (ფსალმ. 104: 8-9). მაგრამ შენ ვერსად იპოვი წერილში, რომ ღმერთს აბრაამისთვის აღეთქვას სიტყვა ათას წლამდე; ყურადღებით ისმინე, რა აღუთქვა ღმერთმა აბრაამს, რამეთუ წერილ არს: "იყო აბრაამ ოთხმეოც და ცხრამეტ წლის და ეჩუენა უფალი აბრაჰამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი, სათნო -იყავ წინაშე ჩემსა და იყავ უბრალო" (დაბ. 17:1). და შემდეგ უთხრა: "და დავადგინო აღთქმა ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა, აღთქმად საუკუნოდ" (დაბ. 1:7). ხედავ, რა თქვა: "აღთქმად საუკუნოდო" და არა "ათასამდე ნათესვად".
შემდეგ ღვთაებრივი დავითი ბრძანებს: "... და ფიცი მისი ისაკის თან და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ" (ფსალმ. 104:9-10). ნუთუ მან ისრაელი შეიყვარა აბრაამზე მეტად? არამც და არამც, მაგრამ საღმრტო წერილისთვის ჩვეულებრივია ათასი უწოდოს წელიწადთა განსაზღვრულ რაოდენობას.
ასევე დიდი ღვთისმეტყველი და მახარობელი იოანეც თავის აპოკალიფსისში ბრძანებს, რომ უბიწო კრავს, ქრისტეს, თაყვანს სცემენ ათას წელს (აპოკ. 20:4-6). აქდან გამომდინარე, ზოგიერტმა დაიწყო იმისი მტკიცება, თითქოსდა ქრისტეს აღდგომიდან ანტიქრისტეს მოსვლამდე დარჩენილი იყო ათასი წელი. მაგრამ დიდი ღვთისმეტყველი ამ ათას წელიწადთა განუსაზღვრელ რიცხვს უწოდებს. თუ არადა, მაშინ, როგორც ეს ესმოდა ზოგიერთ, 500 წლის წინათ უნდა შეეწყვიტათ ქრისტეს თაყვანისცემა და მოსულიყო ანტიქრისტე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რამეტუ, როგორც უკვე ვთქვი, აქ წელიწადთა განუსაზღვრელ რიცხვზეა საუბარი" (ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი).
"სამოთხე ადგილია წმინდანთა განსვენებიასა, როგორც ეს სახარებაში ბრძანა უფალმა. მაშ, რისთვისღა უნდა დატოვონ წმინდანებმა სამოთხე და იხარონ დედამიწაზე? მაცხოვარი ჯერ აღსასრულზე საუბრობს და შემდეგ აღდგომაზე. მან თქვა, რომ "ვარსკულავნი დამოცვივენ ზეცით" (მათე 24:29), ვითარცა ფოთოლნი ლეღვისანი. მაშ, როგორღა იცხოვრებენ ხორციელად აღმდგარნი წმინდანნი დედამიწაზე ათას წელს? თანაც, მოციქულიც მოწმობს, რომ ცეცხლში დაიწვება ყველაფერი, რაც ცაში და დეადმიწაზეა. როგორღა უნდა ისარგებლონ მათ მიწიერი სიტკბოებით?
უფალმა ჩვენ აღგვითქვა "ახალი ცა და ახალი მიწა" (ესაია 65:17). ნუტუ მკვდრეთით აღმდგარ წმინდანებს წილი არ ექნებათ მასში?... ნუთუ განქარდება ღმრთის მიერ აღთქმული და ისინი განიხარებენ მხოლოდ მიწიერით? იოანე თვის აპოკალიფსისში დროებით ნეტარებაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ იმ მარადიულ სიკეთეებზე, რაც ღმერთმა განუმზადა მართალთ. მაშ, როგორღა ფიქრობს ზოგიერთი, რომ ათასი წლის დასრულების შემეგ კვლავ დადგება მიწიერი ყოფის აღსასრული? ეს არ არის სწორი... ამრიგად, ათასი წელი კი არ გაგრძელდება წმინდანთა ნეტარება, არამედ მარადის, რამეთუ თუკი იოანე, თავის აპოკალიფსისში ყველაფრის შესახებ ბრძანებს იგავურად და მინიშნებით, მაშინ "ათასი წელიც" უნდა გავიგოთ დაფარულად და იგავურად. ... ასე, რომ ამ ათასის წელიწადთა უთვალავი რიცხვით მინიშნებულია აღდგომის შემდეგ წმინდანთა მარადიული განსვენება, რომელზეც დაფარულად "ათასი წლით" მიანიშნა" (ღირ. ეფრემ ასურელი).
"თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს".
ნეტ. ავგუსტინე: "სიტყვები: "რომელთაც თაყვანი არა სცეს არც მხეცსა და არც მის ხატს, და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე" (გამოცხ. 20:4) ნათქვამია ცოცხლებზეც და მკვდრებზეც. აქ ნახსენები "მხეცი" განსაკუთრებული მსჯელობის საგანია. მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგო არ იქნება, თუმასში თვით უკეთურ ქალაქს, ურწმუნოთა ერთობას ვიგულისხმებთ, რომელიც მტრობს ღმრთის ქალაქსა და მართალ მორწმუნეთა ერთობას. ხოლო "ხატად", ჩემი აზრით, იწოდება მისი მოჩვენებითობა და თვალთმაქცობა, ანუ იმ ადამიანებში, რომლებიც თითქოსდა აღიარებენ მართალ რწმენას, სინამდვილეში კი ერეტიკოსებივით უსჯულოდ ცხოვრობენ, რამეთუ საკუთარ თავში გამოხატავენ არა იმას, რაც არიან სინამდვილეში და მათი ჭეშმარიტი ხატისაებრ კი არ იწოდებიან, არამედ ამოფარებულნი არიან ქრისტეანთა სახელს.
ამავე "მხეცს" მიეკუთვნებიან არა მხოლოდ ქრისტეს სახელისა და მისი ქალაქის აშკარა მტრები, არამედ ის სარეველებიც, რომლებსაც სამყაროს აღსასრულის წინ აიღებენ მისი სასუფეველიდან, ანუ ეკლესიიდან. ხოლო ესენი, რომელთაც "თაყვანი არა სცეს მხეცს და არც მის ხატს", სხვა ვინღა შეიძლება იყვნენ თუ არა ისინი, რომლებიც შეასრულებენ მოციქულის ნათქვამს: "ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა" (2 კორინთ. 6:14)? ისინი "თაყვანს არ სცემენ მას", ანუ არ უთანაგრძნობენ მას და არ დაემორჩილებიან. "და არ მიიღებენ მის ნიშანს შუბლზე და ხელზე"; არ განუდგებიან ჭეშმარიტ აღმსარებლობას და მათი ხელები არ იქმან ბოროტებას. გაუცხოებულნი ამ ბოროტებისგან, ისინი ან ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში, ამ ხრწნად და მოკვდავ ხორცში, ან კიდევ სიკვდილის შემდეგ უკვე "სუფევენ ქრისტესთან ერთად", მთელ იმ პერიოდში, რომელიც შეესაბამება აწმყოს და რომელიც აღნიშნულია "ათასი წლით".
5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.
6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.
5-ე და 6-ე მუხლების შინაარსი შესავალი აზრია და არა თვით ხილვის გაგრძელება, რომელიც, როგორც ჩანს ეკუთვნის თვით იოანეს. ის თავისგან, უკვე ნანახი ხილვისგან გამომდინარე, შენიშნავს, რომ "დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე".
"დანარჩენები" აშკარად ისინი არიან, ვინც არ შედის 4-ე მუხლში მოხსენიებულთა შორის. ზოგიერტი კომენტატორის მიერ, 4-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოთქმულია შეხედულება, რომ პირველი, ადრინდელი აღდგომა არ შეეხება ყველა მიცვალებულს, არამედ მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. "არ გაცოცხლებულნი" ამ პირველ აღდგომაში დარჩებიან მკვდრებად და ასეთ მდგომარეობაში იქნებიან ათასი წელი. მაგრამ, რადგან შეუძლებელია დავეთანხმოთ აზრს, თითქოსდა იქნება ორი აღდგომა, თანაც დროის ორ განსხვავებულ პერიოდში, არ შეიძლება იმასაც დავეთანხმოთ, თითქოსდა ქრისტეს მოსვლისას მიცვალებულთაგან ერთნი დარჩებიან თავიანთ ადრინდელ მდგომარეობაში.
"პირველი აღდგომა", რომელსაც იოანე უწოდებს ცოცხალ სულთა თავის ხილვას, არ შეიძლება გავიგოთ მიცვალებულ ადამიანთა თავიანთ სხეულებთან კვლავ შეერთების თვალსაზრისით. მართალია ის ამბობს: "ეს არის პირველი აღდგომა", მაგრამ არა თანამიმდევრულობის, ანუ ადრინდელობის მიხედვით, რომელსაც უნდა მოსდევდეს მეორე. ის, რომ იოანეს მხედველობაში არა აქვს ორი ერთნაირი აღდგომა, რომლებიც მხოლოდ დროის მიხედვით არიან განსხვავებულნი, ჩანს იქიდან, რომ შემდეგ ის ლაპარაკობს მხოლოდ პირველ და მეორე სიკვდილზე, მაგრამ "დუმს" "მეორე" აღდგომის შესახებ.
საკუთრივი მნიშვნელობით, მკვდართა აღდგომა მათ შეცვლილ მდგომარეობაში, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი; მის შესახებ ლაპარაკია 12-ე და 13-ე მუხლებში. ხოლო აქ, 5-ე მუხლში, "პირველ აღდგომაში" უნდა ვიგულისხმოთ მიცვალებულთა სულების მდგომარეობა, რომელსაც ჭვრეტდა იდუმალთმხილველი. ეს მდგომარეობა არ შეიძლება მივამსგავსოთ იმ აღდგომას, რომელიც იქნება საყოველთაო სამსჯავროს წინ და რომლის შესახებაც გვამცნობს მოციქული (1 თესალონიკ. 4:16; 1 კორ. 15:23-25). მოციქული (პავლე) აქ ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ მიცვალებულთა ერთადერთი აღდგომა იქნება ცოცხალთა შეცვლამდე, და არ გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ თითქოსდა მოსალოდნელია ორი აღდგომა. ზუსტად ასევე წინამდებარე 5-ე მუხლის მკვდართა პირველ აღდგომაში არ შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანის მიქცევა ქრსიტეანობის მადლისკენ (კოლ. 3:1-2), ღვთისმოსავი ცხოვრებისკენ, ხორციელი ცხოვრებიდან სულიერი ცხოვრებისკენ (იოანე 5:24; ეფეს. 5:14). ეს მიქცევა ხდება დედამიწაზე და ადამიანის პირად ღვაწლამდე. იოანე კი ხედავს ცაში გაცოცხლებულთ, თანაც მათი პირადი ღვაწლისა და ღმრთის სიტყვისადმი ერთგულების დამტკიცების შემდეგ, რადგან, უწოდებს მათ თავმოკვეთილთა სულებს, რომლებიც ქრისტეს ერთგულნი დარჩნენ.
პირველი აპოკალიპტური აღდგომა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ღვთისმოსავთა გადასვლა (აღდგომა) მიწიერი ცხოვრებიდან ზეციერი ცხოვრებისკენ, დამცირებიდან და წამებიდან ღმრთის საყდრის წინაშე დიდებამდე. ეს აღდგომა პირველად იწოდება, რადგან ის უსწრებს და მიუთითებს საყოველთაო აღდგომაზე, რომელსაც მოჰყვება დიდებული და უნეტარესი ცხოვრება მკვდრეთით აღმდგარ სხეულებთან ერთად.
ასეთი ხვედრი მიეგება არა ყოველთ. მრავალი გარდაცვლილი ქრისტეანი და არა ქრისტეანი ვერ მიიღებს დიდებას თავისი მიწიერი ცხოვრების შემდეგ. თავიანთ სხეულთაგან გაყრილნი, ისინი ღმრთის საყდრისა და ნეტარებისგან შორს აღმოჩნდებიან, რადგან უღირსნი იქნებიან მარადიული ნეტარების. ამიტომაც, იოანე ვერ ხედავს მათ როგორც გაცოცხლებულთ, არამედ თავიანთი ცოდვილი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად, განიცდიან არა ნეტარებას, არამედ სინდისის ქენჯნას და სულიერად იტანჯებიან მარადიული გაკიცხვის მოლოდინში.
როგორც ცოდვილთა, ასევე მართალთა ასეთი სულიერი მდგომარეობა გაგრძელდება ათასი წელი, ანუ საყოველთაო აღდგომამდე, როდესაც ყველა თავისი სხეულით აღსდგება საბოლოო განაჩენის მოსასმენად და დაიმკვიდრებს ან მარადიულ სუფევას ან მარადიულ ჯოჯოხეთს. რადგან პირველი აღდგომა ეს არის წინმსწრობი ნეტარება და განდიდება, რომელსაც აღწევენ მხოლოდ სრულყოფილი ქრისტეანები, იოანე მათ ნეტართა და წმიდათ უწოდებს.
მეორე სიკვდილი, როგორც ეს ჩანს 2:11; 20:14 მუხლებიდან, არის მარადიული ტანჯვა, რომელიც ყოველი ცოდვილი ადამიანისთვის დადგება საშინელ სამსჯავროზე მისი განსჯის შემდეგ. ხორციელი სიკვდილი არის სულის გაყრა სხეულისგან და მას ვერ აიცდენს ვერცერთი ადამიანი დედამიწაზე (ებრ. 9:27). მაგრამ არის კიდევ სულიერი სიკვდილი, - და ის ადამიანის ღმრთის მადლისგან განძარცვას წარმოადგენს.
ეს სიკვდილი შეიძლება ავიცილოთ სინანულითა და სათნო საქმეებით, ღვთისმოსაწონი ცხოვრებით; მას აიცილებს ყველა მართალი. მარადიული განკითხვა მოიწევს მხოლოდ მათზე, ვინც გაუცხოებული იყო მადლისგან, იყო დამნაშავე და უწმინდური ღმრთის წინაშე. ამიტომაც, ამდაგვართ არ შეუძლიათ იყონ უფალთან ერთობაში და ამის გამო მარადიულ ტანჯვას დაიმკვიდრებენ. ხოლო მართალნი, თავიანთი სიწმიდისა და უბიწოების წყალობით, სიკვდილის შემდეგაც უფალთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან; და თუკი ამ წუთისოფლის საცთურებმა ვერ შესძლეს მათი განშორება ღმრთისგან, საიქიოში, ცატა სასუფეველში არაფერია ისეთი, რაც კი შეძლებდა ღმრთისგან მათ განშორებას. ისინი იქნებიან ღმრთისა და ქრისტეს მღვდელნი, ანუ ის პირნი, რომლებიც ღმრთის უახლოესნი არიან. ეს არის სწორედ მათი ნეტარების წყაროც, რომელიც უცვალებელია და მარადიული ნეტარების არსს წარმოადგენს.
როგორც ახლა სუფევენ ისინი ქრისტესთან ერთად ცათა სასუფეველში ათასი წელი, ანუ საყოველთაო აღდგომამდე, ასევე იმეფებენ ისინი საყოველთაო აღდგომის შემდეგაც, უკვე მარადიულად, რდგან ღმრთისგან უკვე მათ ვეღარაფერი განაშორებს, ღმრთის მადლს მათ ვეღარაფერი მოაცილებს და ვერავინ მეორე სიკვდილსა და მარადიულ ტანჯვას ვეღარ დაუქვემდებარებს.
ამას გვიდასტურებენ წმიდა მამებიც, მოვუსმინოთ: ანდრია კესარიელი ბრძანებს: "წმიდა წერილიდან ვიცით, რომ არსებობს ორი სიცოცხლე და ორი სიკვდილი: პირველი, ხორციელი და წარმავალი სიცოცხლე მოგვეცა მცნების დარღვევის გამო სამოთხიდან ჩვენი განდევნის შემდეგ, ხოლო მეორე, მარადიული და წმინდანთათვის აღთქმული, მოგვეცემა უფლის მცნებათა აღსრულებისთვის. ამის შესაბამისად არსებობს ორი სიკვდილიც: პირველი - ხორციელი და წარმავალი, ხოლო მეორე - სამარადისო ცეცხლსა შინა გეჰენიისასა, რომელსაც ცოდვილნი დაიმკვიდრებენ. განსხვავებაა მკვდართა შორისაც: პირველნი ისინი არიან, რომელთაც, ესაიას თქმით, "სიცოცხლე არა იხილონ" (ესაია 26:14) და თავიანთი ბოროტი საქმეებით მოაქვთ სიმყრალე და სიკვდილი, ხოლო მეორენი ისინი არიან, რომლებმაც ქრისტეს მიერ მოაკვდინეს ხორციელი ვნებანი, თანაჯვარსეცვნენ მას და მკვდრები არიან ამა სოფლისათვის.
ნამდვილად მკვდარნი არიან და საწყალობელნი ისინი, რომლებიც არა "თანა დაიმარხნენ ქრისტესთან ერთად" და არა "თანა-აღსდგეს მის თანა" ნათლისღებით, არამედ იმყოფებიან სულიერ სიკვდილში. ისინი არ აღსდგებიან ქრისტესთან ერთად, სანამ არ დამთავრდება "ათასი წელი", ანუ დრო, რომელიც მოიცავს პერიოდს მისი პირველი მოსვლიდან მეორე, დიდებით მოსვლამდე. ისინი დაბრუნდებიან მიწაში, როგორც მიწისგან შობილნი და არა სულისგან, რამეთუ მათი სიკვდილი მათზე მოწევნად სატანჯველთა დასაწყისია. ხოლო ისინი, რომელთაც აქვთ წილი პირველ აღდგომაში, ანუ თავისუფლები არიან ბოროტ გულისთქმათა და საქმეთაგან, ნეტარ არიან, რამეთუ არ იხილავენ დაუსრულებელ სატანჯველთ, ანუ მეორე სიკვდილს, არამედ ათასი წლის განმავლობაში, ვიდრე გათავისუფლდებოდეს სატანა და აცთუნებდეს ყველა ხალხს, იქნებიან მღვდელნი ღმრთისა და ექნებათ სუფევა მასთან. თუმცა არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ ჩამოერთმევათ მათ სასუფეველი, არამედ, პირიქით, უეჭველად და უმტკიცესად მიეცემათ იგი წუთისოფლის აღსასრულის შემდეგ, როდესაც მოიწევა მარადიული.
დრო, რომელიც გავა ეშმაკის გათავისუფლებიდან მის განკითხვამდე და ცეცხლის გეჰენაში დასჯამდე, იქნება უმნიშვნელო. ამიტომაც სიტყვები: "იქნებიან მღვდელნი ღმრთისა და ქრისტესი", უნდა გავიგოთ, როგორც განმეორება ადრინდელის, რამეთუ წმინდანთა სასწაულები, რომელიც აწ ვიცით გამოცდილებით, იმ დროს, როდესაც ეს გამოცხადება მიეცა მახარობელს, ჯერ კიდევ მომავალში იყო მოსახდენი.
მაშ ასე, არსებობს ორი სიკვდილი და ამდენივე აღგომა. პირველი სიკვდილი არის ხორციელი, რომლითაც დაისაჯა ადამიანი მცნების დარღვევისთვის, ხოლო მეორე სიკვდილი არის სამარადისო სატანჯველი. ასევე, პირველი აღდგომა - ეს არის განშორება მკვდარ საქმეთაგან დ სულიერი აღორძინება, მეორე კი სხეულის გადასვლა ხრწნილებიდან უხრწნილებაში".
"ხოლო დანარჩენი მკვდარნი არა ცხონდნენ" (გამოცხ. 20:5). რამეთუ აწვე არს ჟამი, ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი" (იოანე 5:25). ცხონდება ის, ვინც ღმრთის სიტყვას ისმენს: მაშინ, როდესაც "დანარჩენნი არა ცხონდნენ". რაც შეეხება დამატებას: "ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე", უნდა გავიგოთ იმ ზომით, რომ ისინი არ ცხონდნენ მაშინ, როდესაც უნდა ცხონებულიყვნენ, ანუ როდესაც სიკვდილიდან უნდა გადასულიყვნენ სიცოცხლეში. ამიტომაც, როდესაც საყოველთაო აღდგომის დღეს გამოვლენ ისინი საფლავითგან, გამოვლენ არა სიცოცხლისა და ცხონებისთვის, არამედ დასასჯელად, რომელიც მეორე სიკვდილად იწოდება. რამეთუ ვინც არ ცხონდა, "ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე", ანუ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც აღესრულება პირველი აღდგომა (ანუ სულიერი აღორძინება ნათლისღების საიდუმლოსა და საეკლესიო საიდუმლოთა მეშვეობით - რედ.), მას არ ესმა ხმა ღმრთის ძისა და სიკვდილიდან არ გადავიდა სიცოცხლეში, როდესაც მოიწევა მეორე აღდგომა. როდესაც ყოველნი აღდგებიან ხორცით ის საბოლოოდ ამ ხორცით გადავა მეორე სიკვდილში. ამის შემდეგ კი ბრძანებს "ეს არის აღდგომა პირველი". ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში (გამოცხ. 20:5-6), ხოლო წილი იმას უდევს, ვინც არა მხოლოდ სიცოცხლეს დაუბრუნდა სიკვდილითგან, რომელ არს ცოდვებით აღსავსე ცხოვრება, არამედ მტკიცედ დგას იმ სიცოცხლეში, რომელსაც დაუბრუნდა.
"მათზეო, - ბრძანებს, - მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება". მაშასადამე, ეს ხელმწიფება სიკვდილს აქვს მათზე, რომლებზეც ზემოთ ითქვა: "დანარჩენნი მკვდარნი არა ცხონდნენ, ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე"; რადგან, რამდენიც იცხოვრა ხორციელად თითოეულმა მათგანმა იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ეწოდება "ათასი წელი", არავინ დაბრუნებია სიცოცხლეს იმ სიკვდილიდან, რომელშიც უკეთურებისა და უსჯულოების მიერ იყო შეკავებული, რათა, მისგან განშორებით გაცოცხლებულს წილი მიეღო პირველ აღდგომაში (ნათლისღებაში) და ხელმწიფება არ ჰქონოდა მასზე მეორე სიკვდილს" (ნეტ. ავგუსტინე).
"მაშ, "ვესწრაფოთ მეორე სიკვდილისგან გათავისუფლებას" (გამოცხ. 20:6; 21:8), რომელიც არის ჯოჯოხეთი, და რომელშიც არ მოიპოვება მომხსენებელი ღმრთისა" (ნეტ. ავგუსტინე).