განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_3_7_13_ფილადელფიის_ეკლესიას - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
მიმართვა ფილადელფიის ეკლესიას

(თ. 3:7-13)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი. 8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი. 9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ. 10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა. 11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი. 12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი. 13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


ახ. ქართულით

7. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს: 8. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი. 9. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე. 10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. 11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. 12. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. 13. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

ქალაქი ფილადელფია ლიდიის ერთ ერთი ქალაქია, რომელიც სარდედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი დამფუძნებელია პერგამოსის მეფე ატალ II ფილადელფოსი, რომლის მიხედვითაც მიიღო სახელწოდება. გადმოცემით, ფილადელფიის პირველი ეპისკოპოსი იყო წმ. იოანე ღვთისმეტყველის მიერ ხელდასხმული დიმიტრი. ფილადელფიელებზე, როგორც გულღია და ღვთისმოსავ ქრისტეანებზე ლაპარაკობს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი მათდამი მიწერილ თავის ეპისტოლეში. დღეისთვის ფილადელფიას თურქებმა სახელი შეუცვალეს და დაარქვეს "ალლაჰ-შეჰრ", რაც "ღმრთის ქალაქს" ნიშნავს და ქრისტეანული ქალაქის იერი გააჩნია.

სხვებისგან განსხვავებულ ამ ეკლესიას უფალი მიმართავს გამოცხადებით, რომელშიც ქება და მოწონებაა გამოხატული.

7. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს.


"უფალი ამბობს "ყველაფერი მამისგან მომეცა მე" (მათე 11:27), რომელმანაც შექმნა ყოველივე და გადასცა მას არა სხვისი, არამედ თავისი. ხოლო "ყველაფერში" არაფერია გამორიცხული, ამიტომაც არის ის მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა, "რომელსაცა აქვს დავითის კლიტე, გააღებს და ვერავინ დაჰხშავს". არავის შეეძლო ცაში, მიწაზე თუ მიწის ქვეშ მყოფთაგანს, აეხსნა ბეჭედი მამის წიგნზე და ეხილა იგი, გარდა კრავისა, რომელიც დაიკლა და საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა. მან იმისგან, ვინაც თავისი სიტყვით შექმნა ყოველი და მისივე სიბრძნით განამშვენა, მიიღო ძალაუფლება ყოველ ქმნილებაზე, როდესაც "სიტყვა ხორცად იქცა" (იოანე 1:14) (წმ. ირინეოს ლიონელი).

"დავითის კლიტედ" ქრისტეს ხელმწიფება იწოდება, რამეთუ "კლიტე" აქ საღმრთო ძალაუფლების სიმბოლოა. შემეცნების საგანძურის გამხსნელია სულიწმიდა, რომელიც არის როგორც დავითის ფსალმუნის, ასევე ყოველგვარი წინასწარმეტყველების გასაღები. პირველი კლიტე ქრისტემ განკაცებით მიიღო, ხოლო მეორე მისი საკუთრებაა, როგორც დაუსაბამო ღმრთისა. ზოგიერთ ძველ ხელნაწერში "დავითის კლიტეს" ნაცვლად - "ჯოჯოხეთის" (კლიტე), რაც სიკვდილ-სიცოცხლეზე ქრისტეს მეუფებაზე მიანიშნებს. ის წმიდაა და ჭეშმარიტი, როგორც თვითარსი ჭეშმარიტება და ქმედითი სიკეთე" (ანდრია კესარიელი).

დავითი, იერუსალიმის მეფე, ბიბლიის ერთ ერთი წინასწარმეტყველური წიგნის, ფსალმუნის ავტორია. მას ჰქონდა იერუსალიმის კარიბჭის გასაღები, ანუ გააჩნდა ძალაუფლება შეეშვა ან არ შეეშვა ქალაქში ვინც გინდა ყოფილიყო (2 მეფ. 5:7; 3 მეფ. 8:1; ესაია 10:24; მიქა 4:8). რადგან ქრისტეანობა არის სულიერი ისრაელის (ეკლესიის) სამეფო, ქრისტეს მიერ "დავითის კლიტეს" ფლობა ნიშნავს, რომ ზეციური იერუსალიმის კარიბჭის გასაღებს ქრისტე ფლობს და მას აქვს ძალაუფლება შეუშვას ან არ შეუშვას ზეციურ სასუფეველში ვინც გინდა იყოს მიუხედავად წოდებისა, თანამდებობისა, ხარისხისა და მდგომარეობისა, რადგან "ყველაფერი ძველად დაბეჭდილი ამჟამად უფლის მადლით გაეხსნა წმინდანთ, რამეთუ ყოველივეს დამასრულებელი ბეჭედი და "დავითის კლიტე" არის თვით ქრისტე მაცხოვარი" (წმ. იპოლიტე რომაელი).

8. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი.

"ფილადელფია პატარა, მაგრამ სარწმუნოებით ძლიერი ქალაქი იყო, ამიტომაც ეუბნება მას მაცხოვარი: "ვიცი შენი საქმენი", ანუ სათნოდ მიჩანსო იგი. მოსესაც ასე ეუბნებოდა: "ვიცი შენ უფროის ყოველთასა"; და "სარწმუნოების ქადაგების კარი განმიღია შენ წინაშე, რომელსაც ვერ დახშავს განსაცდელი". საკმარისია ჩემთვის შენი სარწმუნოება და შენს შესაძლებლობებზე უმეტესს არ მოვითხოვო" (ანდრია კესარიელი).

მაგრამ ფილადელფიას კარები განეხვნა არა მისი საკუთარი ძალის გამო, რომელიც მას, როგორც ყოველ ადამიანს, მცირე აქვს, არამედ მხოლოდ ყოვლადმოწყალე უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო. უფალი მორწმუნე და ღმერთს მინდობილი ადამიანისგან ითხოვს მხოლოდ მისდამი გამოცხადებული ღმრთის სიტყვისადმი ნდობას და, შეძლებისამებრ, ყოველივე იმის აღსრულებას, რაც ამ სიტყვით ეუწყა მას. ეს კი, თავის მხრივ, ქრისტეანული რელიგიის მცნებათაებრ ცხოვრებას გულისხმობს. ამაში გამოიხატება ადამიანის ღმრთისადმი რწმენა და სიყვარული.

9. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე.


9-ე მუხლის სიტყვები წარმოგვიჩენს ფილადელფიის საზოგადოების მიმართებას, ერთის მხრივ, იუდეველებთან, მეორეს მხრივ კი, იუდეო-ქრისტეანული მიმართულების მწვალებლებთან. იუდეველები და იუდეო-ქრისტეანი მწვალებლები, რადგან ქრისტეანებს ცილისწამებებითა და პირდაპირი დევნულებებით ვერ ძლევდნენ, მათ ცთუნებას ეშმაკური მსჯელობით და იმაში დარწმუნებით ცდილობდნენ, თითქოსდა ქრისტე არ ყოფილიყო ჭეშმარიტი მესია და ღმრთის განკაცებული ძე. მაგრამ უფალი ამხნევებს ფილადელფიელებს იუდეველებზე და იუდეო-ქრისტეანებზე გამოთქმული მკაცრი განჩინებით, რადგან მათ "სატანის საკრებულოს" ("სატანის სინაგოგას" - συναγογή) უწოდებს; მიიჩნევს იმ ხალხად, რომელიც თავისი ურწმუნოებისთვის ისჯება და ღირსი არ არის "იუდეველად", ღმრთის რჩეულ ერად იწოდებოდეს.

ყოველივე ამას ემატება წინასწარმეტყველება ქრისტეანული ჭეშმარიტების გამარჯვების შესახებ. ფილადელფიელ ქრისტეანებს ქრისტეს სწავლებისადმი ერთგულებისთვის უფალი აღუთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ისინი, სხვა ქალაქებში მცხოვრები ქრისტეანებისგან განსხვავებით, არა თუ გათავისუფლდებოდნენ დევნა-შევიწროებისგან იუდეველთა და მწვალებელთა მხრიდან, არამედ თავიანთი ღვთისმოსაობისა და სამაგალითო, წმიდა ცხოვრების ძალით, მათ გულებს ღმრთისა და ჭეშმარიტი ეკლესიისკენ მიაქცევდნენ (შეად. ესაია 45:16; 60:14).

""აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე", - ანუ ჩემი სახელის აღსარებისთვის ჯილდოდ მიიღებ მონანულ და მოქცეულ იუდეველთ, რომლებიც დაეცემიან შენს ფერხთ წინაშე და მოითხოვენ შენგან ჩემთან მოსვლას და ნათლისღებას; არ იუდეველებენ განცხადებულად, არამედ გულის სიღრმეში (ანუ გულწრფელად) იუდეველებენ" (ანდრია კესარიელი).

ეს სიტყვები მიანიშნებს, რომ ფილადელფიის პერიოდში მცხოვრები ქრისტეანებისთვის განსაკუთრებულად იქნება გამოხატული ღმრთისადმი მათი ერთგულება, ამის გამო უფალი მათ განსაკუთრებულად შეიყვარებს, რაც ამქვეყნიურ კეთილდღეობაში კი არ გამოიხატება, არამედ იმ მშვიდობასა და მადლიერებაში, მხოლოდ ღვთისმოსავი ადამიანებისთვის რომ არის დამახასიათებელი.

10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

ჯილდო, რომელსაც უფალი 9-ე მუხლში ჰპირდება ფილადელფიელებს მათი ღვთისმოსაობისთვის, 10-ე მუხლში კიდევ უფრო ძლიერდება. ფილადელფიის პერიოდის ეკლესიის ერთგულება და მოთმინება (შეად. 1:9) დაფასებულ იქნება. უფალი მას აღუთქვამს, რომ მათდამი ღმრთის დამოკიდებულება მარტოდენ სიყვარულითა და უფლის ადრინდელი მტრების მის ფერხთით დაგებაში კი არ იქნება გამოხატული, არამედ მათ გათავისუფლებაში იმ განსაცდელისგან, რომელიც ძალიან მალე მთელს ქვეყნიერებასა და მასში მცხოვრებთ დაატყდებათ თავს. ცხადია, ამ სიტყვებში არ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ საყოველთაო უბედურებების დროს, ფილადელფიელები სრულიად გათავისუფლდებიან განსაცდელისგან, არამედ ის, რომ მათთვის ეს განსაცდელი და უსასტიკესი დევნულება შემსუბუქდება.

განსაცდელი, რომელიც ფილადელფიის პერიოდის კაცობრიობას ელოდება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ეშმაკისგან მოვლენილი უბედურებანი, რასაც უფალი, ერთის მხრივ, უკეთურთა დასასჯელად, მეორეს მხრივ კი, მორწმუნეთა შესაგონებლად, რწმენაში განსამტკიცებლად და უმეტესი დიდებისთვის დაუშვებს.

ფილადელფიელებს უფალი აქებს იმისთვის, რომ მათ დაიმარხეს "უფლის სიტყვა მოთმინებისა", ანუ სიტყვები გამოცხადებისა (2 პეტრე 3:1, 11-12; იუდა 21; ტიტე 2:12-13), რომელიც ყველა მორწმუნეს ღმრთის შეწევნისადმი რწმენისა და ჭირთათმენისაკენ მოუწოდებს. და უფალიც, ამ მოთმინებისთვის, მომავალი საშინელი განსაცდელის დროს განაძლიერებს მათ და მისცემს შესაძლებლობას საკუთარი სულის ცხოვნების საქმისადმი ზიანის მიუყენებლად გადაიტანონ ეს განსაცდელნი.

ლაპარაკია გადამწყვეტ ბრძოლაზე ღმერთსა და სატანას შორის, მხეცის დროზე (გამოცხ. თ. 13), რომელიც წინ უძღვის საბოლოო ცხოვნების ჟამს, როდესაც უფალი ზეცითგან მოვალს თავისი ბრწყინვალე მხედრიონით. შემაძრწუნებელი განსაცდელისა და დევნულების ჟამს ეკლესიის შენარჩუნება იმას კი არ გულისხმობს, რომ ეს განსაცდელი მას საერთოდ არ შეეხება, არამედ იმას, რომ მას მიეცემა მათი გადატანისა და დაძლევის ძალა. სხვაგვარად 11-ე მუხლში არ იქნებოდა ნათქვამი, რომ ეკლესია ფხიზლად უნდა იყოს, რათა როდესაც ქრისტე მოვა მოთმინებისა და რწმენის გვირგვინი სხვამ (ეშმაკმა) არ წარიტაცოს.

ანდრია კესარიელი ბრძანებს: "განსაცდელის ჟამად" უწოდა ან მოახლოებულ დევნულებას, რომელიც რომის უკეთურ იმპერატორთაგან იყო მოსალოდნელი და რომელთაგან ამ ქალაქის გათავისუფლებას ჰპირდება; ან კიდევ სამყაროს აღსასრულის ჟამს, ანტიქრისტეს მიერ მსოფლიოში მართლმორწმუნეთა დევნას. ამასაც აარიდებს თავის აღმსარებელთ, როდესაც გაიყვანს მათ ამ ცხოვრებიდან, რათა საკუთარ შესაძლებლობაზე და იმაზე მეტად არ გამოიცადონ, რომელთაც ამ განსაცდელთა დატევნა ძალუძთ".

ისტორიულად, ფილადელფიის ეკლესიაზე ეს სიტყვები ზუსტად აღსრულდა, რადგან საშინელი უბედურებები, რომლებიც თავს დაატყდა ქრისტეანულ და წარმართულ სამყაროს, ასევე დევნულებანი წარმართთა მხრიდან, რომლებიც საშინელი მძვინვარებით ბობოქრობდა სხვა ქალაქებში, ფილადელფიელებს მხოლოდ გაკვრით შეეხო. ამ ისტორიულ ფაქტში მდგომარეობს ღმრთის განგებულების ყოვლისშემძლე ჭეშმარიტება, რომელიც მაცხოვრის ნუგეშს ამართლებს სიტყვებით: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32). მაგრამ, გლობალურ და წინასწარმეტყველურ ჭრილში, ეს სიტყვები კიდევ უფრო მკაფიოდ ეხება მომავლის "ფილადელფიის" ეკლესიას, ეკლესიის "ფილადელფიურ" პერიოდს.

11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.


ეს ნაწინასწარმეტყველევი უბედურებანი, რომელიც წინ უძღვის უფლის საშინელ მეორედ მოსვლას, მალე დადგება, ამიტომაც, "ფილადელფიელი" ქრისტეანები განსაკუთრებულად ფხიზლად უნდა იყონ, რათა ღირსეულად შეინარჩუნონ თავიანთი ზნეობრივი და სარწმუნოებრივი ღირსებები, სხვაგვარად ეშმაკი წაართმევს მათ აღთქმულ ჯილდოს (2 იოანე 1:6; ეფეს. 5:15).


"ამ სიტყვებში მოცემულია დარიგება - იქონიონ მოთმინება და სიმტკიცე, რათა დიდი მოთმინებისთვის გვირგვინოსანჰყოს ის, ვინც თავისი ქველი მისწრაფებებით უკვე უახლოვდება ჯილდოს და, პირიქით, უფალი არ დაიმუქრებოდა სიმართლის გვირგვინის წართმევით, სიმართლეს, დაკარგვის შედეგად, რომ არ მოსდევდეს თვით გვირგვინის დაკარგვა" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

"ჭეშმარიტებით ამბობს "მოვალ ადრე", რამეთუ სახარებაშიც ნათქვამია, რომ უფალი მოვა "მეყვსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაისა" (მათე 24:29). ამიტომაც, მუდმივად გვაფრთხილებს, დავიცვათ სარწმუნოების საგანძური, რათა ვინმემ თვისი მოთმინების გვირგვინი არ წარიწყმიდოს" (წმ. ანდრია კესარიელი).

12. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.

ცხოვნება წაურთმეველი იქნება მხოლოდ ესქატონში, დასასრულს, როგორც ხაზს უსვამს უფლის აღთქმა სიტყვით "მძლეველი". "რადგან სუპოსტატთა მძლეველი ეკლესიის "სვეტად" და სიმტკიცედ იწოდება, რომელსაც, მოციქულის სიტყვისამებრ, შეურყეველი საფუძველი გააჩნია (1 კორ. 3:11; ეფეს. 2:20; 1 პეტრე 2:6).

შემდეგ, "მძლეველს" უფალი აღუთქვამს, რომ "დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს". "ასეთი სვეტის გულზე საღმრთო სახელს და ზეციური იერუსალემის მცნობელობის გულისხმისყოფას დავამტკიცებო, რათა სულიერი თვალებით სასუფევლის მშვენიერებას ხედავდეს და იხილოს ჩემი ახალი სახელი, რომელსაც წმინდანნი მომავალ საუკუნეში შეიმეცნებენ. სიტყვებში "ჩემი ღვთის სახელს", - "უქცეველად ჩვენთვის განკაცებულმა" ქრისტემ მამა იგულისხმა. იერუსალემი ჩამოდის ზეცით, რამეთუ საღმრთო გულისხმისყოფა ანგალოზთაგან დაწყებული ჩვენამდე, აღწევს მხოლოდ მასთან შეერთებით, ეკლესიის თავის, იესუ ქრისტეს მიერ" (წმ. ანდრია კესარიელი).

ახალი იქნება მისთვის აგრეთვე "ქრისტეს სახელი" (შეად. ესაია 62:2). ამაშია განსაკუთრებული ჯილდო, რადგან ეს სახელი ამჟამად უწყის მხოლოდ ქრისტემ (19:12), ის მძლეველს მისცემს ძალაუფლებას, რადგან მის გარდა ეს სახელი არავინ უწყის.
Назад к содержимому