განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_5_ზეციური_კრავი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ზეციური კრავი

(თ. 5)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა. 2. მეყსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე. 3. და მჯდომარე იგი იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ. 4. გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი. 5. და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი; და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი. 6. და წინაშე საყდარსა მისსა, ვითრაცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ. 7. და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ, და მეოთხე მსგავსი არწივსა მფრინვალესა. 8. და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს. 9. და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, 10. დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდარსა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან: 11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.


ახ. ქართულით

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ. 2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. 3. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი. 4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. 5. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული. 6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. 7. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. 8. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა. 9. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, 10. ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: 11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
შინაარსი

III. საღმრთო განგებულების გამოვლენის პირველი თანამიმდევრობა (თ. 4-6)

1. ზეციური კრავი (თ. 5)


1-4. და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას? ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა. და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.

იოანე ამბობს, რომ იხილა წიგნი, დაბეჭდილი შვიდი ბეჭდით. ვერც ცაში, ვერც მიწაზე, და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ აღმოჩნდა შემძლე, აეხსნა ბეჭედი და გადაეშალა წიგნი; "და მე დიდხანს ვტიროდი", ბრძანებს მოციქული. მაგრამ შემდგომ ამბობს, რომ წიგნი გადაშალა "ლომმა იუდას თესლისგან". რა იგულისხმება ამ წიგნში, თუ არა წმ. წერილი? ის გადაშალა მხოლოდ ჩვენმა მაცხოვარმა, რომელმაც განკაცებით, სიკვდილით, აღდგომითა და ამაღლებით გაგვიმხილა ყოველნი საიდუმლონი, მოცემულნი წმ. წერილში. და არავის ზეცაში, ანუ არავის ანგელოზთაგან, ასევე მიწაზე (ანუ ჯერ კიდევ ხორცში მყოფ კაცთაგან), და ასევე, მიწის ქვეშ მყოფთაგან (ანუ ხორცითგან გასულ მიცვალებულთა სულებს), - არავის, გარდა უფლისა, შეეძლო გაემხილა ჩვენთვის წმ. წერილის საიდუმლო. ხოლო, როდესაც გვეუბნებიან, რომ მიწის ქვეშ მყოფთაგან ვერავინ შეძლო, გაეშალა წიგნის, წმ. წერილის საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ იმაში, რომ "მიწის ქვეშ" ჯოჯოხეთის ადგილსამყოფელი ვიგულისხმოთ" (წმ. გრიგოლ დეოლოღოსი).

"წიგნად" გულისხმავყოფთ ღმრთის სიბრძნეს; მასში ჩაწერილია ყოველივე დავითის სიტყვისამებრ; მაგრამ ამ სიმბოლოში საღმრთო განგებულების სიღრმეც შეიძლება ვიგულისხმოთ. წიგნის სულიერი შინაარსი მიუწვდომელია შემეცნებისთვის, მაგრამ გარეგანი, რაც ასოებშია მოცემული, ადვილად მისაწვდომია. "შვიდი ბეჭედი" წიგნის ან სრულ და ჩვენთვის დაფარულ ჭეშმარიტებაზე მიანიშნებს, ან კიდევ ღმრთის სულის განგებულებაზე, რომელსაც ქმნილებათაგან ასევე ვერავინ შეიმეცნებს. "წიგნად" გულისხმავყოფთ, აგრეთვე, იმ წინასწარმეტყველებებს, რომელთა შესახებაც ბრძანებდა ქრისტე, რომელთა ნაწილისა "ჯერ არს აღსრულება" (ლუკა 24:44), ხოლო სრულად აღსრულდებიან მაშინ, როდესაც ამ წუთისოფლის დასასრული მოვა.

"ვერავინ შესძლო... გაეშალა წიგნი"
, ე. ი. არც ანგელოზებს, არც კაცთ, ხორცთა შინა მყოფთ, არც წმინდანთ, ხორცისგან განსრულთ, ძალუძთ, სრულად ჩასწვდნენ საღმრთო განგებულების სიღრმეს, გარდა ღმრთის კრავისა, რომელმაც თავისი მოსვლით აღასრულა მასზე თქმული წინასწარმეტყველებანი". და "ვტიროდითო", ბრძანებს, რადგანაც ანგელოზთა ბუნება და წმინდანთა დასიც, მასავით, უგულისხმოებაში შთავარდნილი ეგონა.

"ნუ სტირ", ეუბნებიან მას, რამეთუ, მართალია, წიგნი ანგელოზთათვის მიუწვდომელია, მაგრამ მას განკაცებული ღმერთი გადაშლის, რომელიც თავისი კაცობრივი ბუნებით არის დავითის მოდგმის, ღვთაებრივი ბუნებით კი ყოველივეს შემოქმედია" (წმ. ანდრია კესარიელი).

5. მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.


"უფალი იესუ ქრისტე ღმერთი, თავისი სამეფო ღირსებით და დიდებით, აქ იწოდება "ლომად" (გამოცხ. 5:5). წმ. წერილი ანტიქრისტესაც "ლომს" უწოდებს მისი ტირანიისა და ძალადობის გამო და ეს მტარვალი ყოველმხრივ მიბაძავს ქრისტეს. ლომია ქრისტე, ლომია ანტიქრისტეც; მეფეა ქრისტე (იოანე 18:37), მეფეა ანტიქრისტეც; ქრისტე ყვეყნიერებას კრავად მოევლინა (იოანე 1:29), კრავად მოაჩვენებს თავს ანტიქრისტეც; თუმც შინაგანად იქნება მგელი მტაცებელი (მათე 7:15). წინადაიცვითა ქრისტემ, ასე მოვა ანტიქრისტეც; უფალმა ყველა ხალხთან და ტომთან წარაგზავნა საქადაგებლად თვისი მოწაფენი, მსგავსად მოიქცევა მტარვალიც და მსოფლიოში წარავლენს ცრუმოციქულებს. მაცხოვარმა "შეკრიბა განბნეულნი" (იოანე 11:52) და ანტიქრისტეც შეკრებს გაბნეულ ებრაელებს. უფალმა აღბეჭდა მისი მორწმუნენი, ადამიანთა დაღდასმას დაიწყებს ანტიქრისტეც. მაცხოვარმა მკვდრეთით აღადგინა და აჩვენა მოწაფეებს თავისი წმიდა ხორცი აღთქმისაებრ: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას" (იოანე 2:19), ანტიქრისტეც აღადგენს იერუსალემში ქვის ტაძარს... და ყოველმხრივ მიბაძავს ქრისტეს" (წმ. იპოლიტე რომაელი).

6. გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი.

კრავის "შვიდი რქა და შვიდი თვალი" ქრისტეს შვიდი სულია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ ესაია (11:2) და ზაქარია (თ. 4). სიტყვები "როგორც დაკლული"მაცხოვრის სიკვდილის შემდგომ აღდგომასა და ცხოვრებაზე მიანიშნებს, მან, როგორც ჭეშმარიტად დაკლულმა კრავმა, თავისი ვნების ნიშნები აჩვენა მოწაფეებს" (წმ. ანდრია კესარიელი).

7-8. მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი. და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.

"ჩანგი" ("ათძალი") ღმრთის სადიდებელ ხმატკბილ გალობას მოასწავებს; "საკმეველი" - მორწმუნეთა ღმრთითსათნო შესაწირავსა და მათ უბიწო ცხოვრებას, რამეთუ, მოციქულ პავლეს თქმით, "ქრისტეს სურნელებანი ვართ" (2 კორინთ. 2:15). "ოქროს თასები" ("ლანკნები") არის სახე გონებისა, რომლისგანაც კეთილი საქმეები და წმიდა ლოცვა გამოდის" (ანდრია კესარიელი).

9-10. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.

"უხუცესნი" ისინი არიან, რომლებიც ძველსა და ახალ აღთქმაში უფალს სათნო ეყვნენ და მთელი ქვეყნიერებისთვის მადლობას შესწირავენ ღმრთის კრავს, რომელიც მოკვდა ჩვენთვის და გამოგვისყიდა".

"ახალ გალობას" გალობენ ძველი სჯულისგან გათავისუფლებული და სულიწმიდით გაბრძნობილი ყოველი ერისა და ტომის ის შვილები, რომლებმაც ნათელ-იღეს. წერილი ბრძანებს, რომ ისინი დაიმკვიდრებენ უფლის მიერ აღთქმულ ქვეყანას" (ანდრია კესარიელი).

"ქრისტემ აიღო და გაშალა წიგნი" (გამოცხ. 6:1), რათა ძველად მის შესახებ დაფარულად თქმული განცხადებულად ექადაგათ "ერდოებზე" (მათე 10:27). აი, რატომ ეუბნებოდა ანგელოზი დანიელს: "საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე" (დან. 12:4; 8:26). ხოლო ქრისტემ ეს წიგნი კი არ დაბეჭდა, არამედ "გახსნა ძველთაგან შეკრული, რათა მისი მადლით შევიმეცნებდეთ "მამის ნებას" და ვირწმუნოთ. კაცთა საცხოვნებლად "მოვლინებული მამის მიერ" (იოანე 6:29) (წმ. იპოლიტე რომაელი).

"საკმეველს" თავის "გამოცხადებაში წმინდანთა ლოცვას უწდებს წმ. იოანე" (წმ. ირინეოს ლიონელი).

11-13. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი; რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა. და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.

"და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ", რამეთუ ღმერთს ადიდებს ყოველი სულიერი და გრძნობისმიერი, ცოცხალი და უბრალოდ არსებული, როგორც ყოველივე არსებულის მიზეზსა და დასაბამს, როგორც ღმრთის მხოლოდშობილსა და ერთარს ძეს, რომელმაც კაცთა მოდგმას მოანიჭა განახლება და პირველდაწყებით პატივში აღადგინა, თუმც კი წერია, რომ მან, როგორც კაცმა, მიიღო მეუფება ყოველ მიწიერზე" (ანდრია კესარიელი).

"მაშ ასე, დაუმორჩილა რა თავის ძეს ყოველივე, "რაც ცაში, მიწაზე და მიწის ქვეშაა", მამა (ამგვარად) ყოველმხრივ აჩვენა მისი პირმშოობა: ღმრთის პირმშოობა იმისთვის წარმოაჩინა, რათა როგორც ძე ღმრთისა, გაცხადებულიყო მისი მეორე იპოსტასოვნება მამის შემდეგ; ანგელოზთა უწინარესი პირმშოობა წარმოჩინდა იმისთვის, რათა გაგვეგო რომ ის, ამავე დროს, უფალია ანგელოზთა; ქალწულისგან შობილის პირმშოობა აჩენს მას, როგორც აღმდგენელს პირველქმნილი ადამისა; ხოლო პირმშოა ის შესვენებულთა იმიტომ, რომ გახდა დასაბამი ჩვენი აღდგომისა" (შეად. კოლოს. 1:18; 1 კორინთ. 15:23) (წმ. იპოლიტე რომაელი).

14. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.

"ოთხი ცხოველი და უხუცესნი"
მიანიშნებენ იმაზე, რომ ანგელოზები და ადამიანები შეადგენენ ღმრთის ერთ სამწყსოსა და ერთ ეკლესიას იესუ ქრისტეს მიერ, რომელმაც შეჰკრიბა განბნეულნი და დაარღვია ზღუდის შუა კედელი. და აი, ოთხ ცხოველთან ერთად, - რომლებიც, როგორც ჩენ გვსმენია, აღემატებიან ანგელოზთა დანარჩენ დასებს, -უხუცესნიც, რომლებიც ცხოვნებულთა სისავსეს გამოხატავენ, ღირსიქმნებიან უგალობონ ღმერთს. დე, ამის ღირსი ვიქმნეთ ჩვენც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიერ, რომელი არის ღმერთი ჩვენი და მომნიჭებელი სუფევისა, რომელსაც ეკუთვნის სიმტკიცე, დიდება და პატივი, მამითა და სულიწმიდითურთ, აწ და, მარადის, და საუკუნითგან მიუკუნისადმდე, ამენ" (ანდრია კესარიელი).
Назад к содержимому