აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისი. ათასწლოვანი მეუფება
(ქილიაზმი და ქილეგორიზმი)
ავტორი. ვალერი სტერხი
ანოტაცია
წიგნი "აპოკალიფსისი. ათასწლოვანი მეუფება (ქილიაზმი და ქილეგორიზმი)" ეძღვნება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ერთ-ერთ ყველაზე სადაო და იდუმალ მონაკვეთს - 20-ე თავს, - რომელიც შეიცავს "ათასწლოვანი მეუფების" აღწერას. წიგნში, წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, წარმოდგენილია ამ წინასწარმეტყველების განმარტების ტრადიციის ანალიზი. წყაროებიდან ზოგიერთი პირველად არის თარგმნილი რუსულ ენაზე წინამდებარე გამოკვლევისთვის.
მღვდელი გრიგოლ მუსოხრანოვი
ვალერი სტერხის წიგნი - "აპოკალიფსისი. ათასწლოვანი მეუფება: ქილიაზმი და ქილეგორიზმი" - თანამედროვე მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს რელიგიურ საკითხს, რომელიც აღმოსავლურ-ქრისტიანულ ტრადიციაში საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, და, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ მივიწყებულია. პრობლემატიკა დაკავშირებულია ბიბლიის ბოლო წიგნის, იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" 20-ე თავის შინაარსთან, კერძოდ დედამიწაზე ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების თემასთან.
ქრისტიანობაში მოცემული მონაკვეთის განმარტების უკვე ჩამოყალიბებული მეთოდიდან, წიგნის ავტორი გამოყოფს ორ ძირითად კონცეპტს - ქილიაზმს და ქილეგორიზმს. პირველი ეფუძნება ტექსტის ბუკვალურ გაგებას, მეორე კი - გადატანით (ალეგორიულ) მნიშვნელობას.
ტერმინი "ქილეგორიზემი" კვლევით ლიტერატურაში არ გვხვდება და ავტორის სიახლეა, რომელიც სპეციალურად შემოიტანა მან ათასწლოვანი მეუფების საკითხთან დაკავშირებულ კონცეპტთა სისტემატიზაციის გასაადვილებლად.
ქილიაზმს ავტორი განაკუთვნებს იუდეოქილიაზმს, რომელიც ქრისტიანული თვალთახედვით მწვალებლურად მიაჩნია და პრემილენიალიზმს, როგორც საეკლესიო-პატრისტიკული სწავლების ვარიანტს.
ქილეგორიზმს ავტორი განაკუთვნებს პოსტმილენიალიზმს და ამილენიალიზმს, როგორც წმიდა მამებისეული ეგზეგეზის ვარიანტებს.
მე-2 განყოფილება მკითხველს აცნობს საკითხის ისტორიას.
მე-3 განყოფილებაში აღწერილია ქრონოლოგიური ასპექტი სწავლებაში ათასლწოვანი მეუფების შესახებ.
მე-4 განყოფილებაში მკითხველი ეცნობა ძველ საეკლესიო მწერალ-ქილიასთა ძირითად ტექსტებს. მოცემულ განყოფილებაში კარგი იქნებოდა განთავსებულიყო ქილიასტური ფრაგმენტები წმ. ვიქტორინე პეტაველის ტექსტებიდან, რომლებიც ლათინურიდან არის თარგმნილი და გამოაქვეყნა ნ. ა. ხანდოგამ. ეს არის ფრაგმენტები არა მარტო აპოკალიფსისის ვიქტორინესეული განმარტებიდან, არამედ ტრაქტატიდან "სამყაროს შექმნის შესახებ". ასევე კარგი იქნებოდა ორიგინალიდან შესრულებულიყო თარგმანი წმ. იპოლიტე რომაელის ტრაქტატის მონაკვეთებისა "გაიუსის წინააღმდეგ".
უკიდურესად საინტერესოა განყოფილება 6ა, რომელშიც მოცემულია ბიბლიური ფრაგმენტები, რომლებშიც შესაძლებელია მათ ქილიასტური განმარტება. ავტორმა ჩაატარა უზარმაზარი სამუშაო, შეკრიბა ტექსტები და განმარტა ისინი პატრისტიკული ქილიაზმის თვალსაზრისით, რის წყალობითაც ბიბლიური ესქატოლოგია ახლებურად წარმოგვიდგება. ჰიპოთეტურად მაინც თუ დაუშვებს ასეთ განმარტებას მკითხველი, ის შეამჩნევს ქრისტიანული ესქატოლოგიის ახალ ჰორიზონტებს, მიწიერი ისტორიის დასასრულის სიუჟეტი წარმოდგება უფრო ეპიკურად და თანმიმდევრულად, ვიდრე ეს აღწერილია დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოებში.
ისტორიის დასასრული დგება არა იმის გამო, რომ ქმნილება "დაბერდა" და ბოროტების ხავსი მოეკიდა, არამედ იმიტომ, რომ დედამიწაზე დადგა საღმრთო განგებულების სისრულე. ქრისტეს და მის წმინდანთა ქილიასტური სამეფო მისი მეორედ მოსვლის შემდეგ გამოიყურება, როგორც ადამიანისთვის მიცემულ საღმრთო აღთქმათა აღსრულება, რომლებიც აღბეჭდილია ბიბლიაში.
"ოქროს საუკუნის" ეს დროებითი ისტორიული ეპოქა დედამიწაზე, წარმოადგენს მოსამზადებელ და გარდამავალ ეტაპს ქმნილების მიერ დასაბამიერი საღმრთო სასუფევლის აღქმისა და მიწიერი ისტორიის ლოგიკური დასასრულისა.
წიგნის ავტორი არ არის პროფესიონალი მეცნიერი და ღვთისმეტყველი, მისი ნაშრომი არ აცხადებს სამეცნიერო კვლევის პრეტენზიას, მაგრამ მასში მოცემულია მრავალი თამამი და საღი არგუმენტი ქილიაზმის დასაცავად, რომლებიც ეფუძნებიან ბიბლიური და წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების სრულიად ორთოდოქსულ ინტუიციას. ავტორი აღნიშნავს და წარმოაჩენს ქილეგორისტული განმარტებების სუსტ მხარეებს ბიბლიური ტექსტების შინაგანი ლოგიკის თვალსაზრისიდან.
წიგნი "ქილიაზმი და ქილეგორიზმი" შეიძლება ჩავთვალოთ ათასწლოვან მეუფებასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესავლად. აღსანიშნავია, რომ ავტორი არ შეუშინდა დამდგარიყო ძველ ქილიასტთა დღეისთვის არაპოპულარულ თვალსაზრისზე და გაეხსნა მისი ბიბლიური და, ნაწილობრივ, საღვთისმეტყველო საფუძვლები.
მოცემული წიგნის მნიშვნელოვან დანამატს წარმოადგენს ვალერი სტერხის მიერ შედგენილი "ქილიაზმისა და ქილეგორიზმის ანთოლოგია", რომლის წყალობითაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს თითქმის ყველა ძირითად წყაროს და კომენტარს, რომლებიც ათასლწოვანი მეუფების საკითხს უკავშირდება. შემოქმედებითი მიდგომით, რასაც ძირითადად მოკლებულია თანამედროვე ღვთისმეტყველება, ქილიასტური სიუჟეტი შეიძლება ორგანულად იქნას შერწყმული ბიზანტიური ინტელექტუალური ტრადიციის კონეტექსში და, მით, ისტორიოსოფიისა და კოსმოლოგიის მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტით, გაამდიდროს ორთოდოქსალური ესქატოლოგია.
წყარო: https://ridero.ru/books/apokalipsis_tysyacheletie/
შესავალი
სტროფები იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (აპოკალიფსისში), სადაც აღწერილია ქრისტესთან ერთად წმინდანების ათასწლოვანი მეუფება, დღემდე გაცხოველებულ დავას იწვევს კომენტატორთა შორის. შეიძლება გამოვყოთ განმარტებათა ორი მიმართულება: ბუკვალური და სიმბოლური. ორივე ეს მიმართულება (ქილიაზმი და ქილეგორიზმი) არაერთგვაროვანია და მთელი რიგი სახესხვაობები გააჩნიათ, რომელთაგან ძირითადი მიმართულებები განხილულია წინამდებარე ნაშრომში. პირველ რიგში ჩვენ დავინტერესდებით ეგზეგეტიკური შეხედულებებით, რომლებიც გაჩნდა I – V საუკუნეთა პერიოდში, რომელიც შემდგომი განმარტებების ფუნდამენტია.
წიგნში მოცემულია ქილიაზმის და ქილეგორიზმის ანალიზი წერილობითი წყაროების საფუძველზე, რომელთაგან ზოგიერთი პირველად არის გადათარგმნილი რუსულად სპეციალურად წინამდებარე ნაშრომისთვის.
განყოფილება 1
ტერმინოლოგია
მილენიუმი (ლათ.: mille - ათასი) - ათასი წელი.
მილენარიზმი ან მილენარიანიზმი (ლათ.: millenarius - ათასის შემცველი) - ეს არის რწმენა მომავლისადმი, გამოხატული ბუკვალურად ან ფიგურალურად, საზოგადოების ათასწლოვანი ფუნდამენტური გარდაქმნა, რომლის შემდეგაც ყველაფერი შეიცვლება.
ქილიაზმი (ბერძნ.: χιλιας - ათასი) ან მილლენიალიზმი (ლათ.: mille - ათასი) - სწავლება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს გამოცხადების 20:1-4 მუხლების წინასწარმეტყველების ბუკვალური განმარტება ქრისტესა და მისი წმინდანების ათასწლოვანი მეუფების შესახებ.
ქილეგორიზმი (ბერძნ.: χιλιας - ათასი; და αλληγορία - იგავი, ქარაგმა) - სწავლება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს გამოცხადების 20:1-4 მუხლების წინასწარმეტყველების განმარტება გადატანითი მნიშვნელობით, ანუ ქრისტესა და მისი წმინდანების ათასწლოვანი მეუფების ქარაგმული, სიმბოლური გაგება.
ქილიაზმის სახესხვაობებს წარმოადგენენ: იუდეოქილიაზმი და პრემილენარიზმი.
იუდეოქილიაზმი - ეს არის ქილიასტური სწავლება მესიის სამეფოზე, რომელსაც ეს სამეფო წარმოუდგენია მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი აზრით, როდესაც მესიის მიმდევრები დატკბებიან ყოველგვარი გრძნობითი სიამოვნებებით. როგორც წესი, იუდეოქილიაზმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მოსეს სჯულის ძველაღთქმისეული საწესჩვეულებო ნაწილის, ანუ იუდაიზმის სრულად აღდგენა.
პრემილენარიზმი ანუ პრემილენიალიზმი (ლათ.: mille - ათასი; პრეფიქსი "პრე" - წინა) - ქილიასტური სწავლება, რომლის თანახმადაც ქრისტეს მეორედ მოსვლა წინ უსწრებს მართალთა მეფობის ათასწლოვან პერიოდს.
***
ქილეგორიზმის სახესხვაობებს წარმოადგენენ: პოსტმილენარიზმი და ამილენარიზმი.
პოსტმილენარიზმი ანუ პოსტმილენიალიზმი (ლათ.: mille - ათასი; პრეფიქსი "პოსტ" - შემდგომი) - ქილეგორიული სწავლება, რომლის თანახმადაც ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდება მართალთა ათასწლოვანი მეფობის შემდეგ, რომელიც ან უკვე დადგა, ან უნდა დადგეს მომავალში. როგორც წესი, პოსტმილენარიზმი ათასწლოვან მეუფებაში გულისხმობს არა ზუსტად 1000 წელს, არამედ დროის ერთგვარ გაწელილ პერიოდს.
ამილენარიზმი ან ამილენიალიზმი (ლათ.: mille - ათასი: პრეფიქსი "ა" - უარყოფა) - ქილეგორიული სწავლება, რომლის თანახმადაც დედამიწაზე მართალთა მეუფების ათასწლოვანი პერიოდი არ იქნება. ათასწლოვანი მეუფების ქვეშ ამილენარისტები გულისხმობენ ან ზეცაში მყოფ გარდაცვლილ სულთა დროებით ნეტარებას საყოველთაო აღდგომამდე, ან კიდევ საყოველთაო აღდგომის შემდეგ მართალთა უსასრულო ნეტარებას.
PS1. თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით ტერმინი "ქილიაზმი" ან "მილენიალიზმი" გამოიყენება იმ სწავლებებთან მიმართებაში, რომლებიც გულისხმობენ გამოცხადების 20:1-4-ის ბუკვალურ განმარტებას. ამასთან დაკავშირებით, ტერმინთა აღრევა რომ თავიდან ავიცილოთ, ტერმინოლოგიური პოზიცია აქ შენარჩუნებულია, ხოლო პოსტმილენარიზმისა და ამილენარიზმის საზოგადო იდეათა მოკლე დასახელებისთვის პირველად შემოგვაქვს ახალი ტერმინი "ქილეგორიზმი" (ანუ "ალეგორიული ქილიაზმი").
PS2. ზოგიერთი ავტორი, ვინც ამ თემაზე წერს, არასწორად იყენებს ტერმინებს და მათ ერთმანეთში ურევს (უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ტერმინებს "პოსტმილენარიზმი" და "ამილენარიზმი"). მკითხველმა თუ იცის ტერმინთა სწორი წაკითხვის პირობები, მსგავსი შეცდომები საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდება, ამიტომ ქვემოთ მოტანილ ციტატებში ტერმინოლოგია ხელუხლებლად არის დატოვებული.
არც ისე იშვიათად შეიძლება გვესმას, თითქოსდა "არც ისე მკაფიოა პრინციპული განსხვავება პოსტმილენიალიზმსა (პოსტმილენარიზმსა) და ამილენიალიზმს (ამილენარიზმს) შორის" (свящ. Николай Ким "Тысячелетнее Царство. Экзегеза и история толкования XX главы Апокалипсиса". СПб, 2003, с.28), ან კიდევ, რომ "ტერმინი ამილენარიზმი წარუმატებელია" (Антони Хукэма "Амилленаризм"//"Значение миллениума" [Anthony A. Hoekema "Amillennialism"//"The Meaning of the Millennium", 1977], იხ. ასევე Джей Адамс "Время близко" [Jay E. Adams "The Time Is at Hand". Philadelphia: Presbyterian and Reformed Publishing Co., 1970. pp.7-11]). მსგავსი გაუგებრობების ნამდვილი მიზეზი ტერმინთა არასწორ განსაზღვრებასა და გამოყენებაში მდგომარეობს.
PS3. არსებობს ქილიასტურ და ქილეგორისტულ სწავლებათა მთელი რიგი სახესხვაობებიც (ადვენტიზმი, იეჰოვიზმი, დისპენსაციონალიზმი, კომუნიზმი და სხვა); როგორც წესი, მათ გააჩნიათ სავარაუდო, ერეტიკული ან არაქრისტიანული ხასიათი. მსგავსი სწავლებების დეტალური ანალიზი წინამდებარე წიგნის ჩარჩოებს სცილდება.
განყოფილება 2
საკითხის მოკლე ისტორია
პრემილენარიზმი გამყარდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების (აპოკალიფსისის) გავრცელების შემდეგ, სადაც ნაუწყებია მკვდრეთით აღმდგარ მართალთა მომავალი ათასწლოვანი მეუფება. ეს სწავლება, თუმც არც ისე მკაფიოდ, შეიძლება ასევე ვნახოთ ბიბლიის სხვა კანონიკურ წიგნებშიც (იხ. განყოფილება 6ა).
ადრექრისტიანულ წერილობით წყაროებში პრემილენარიზმი აისახა წარმოდგენაში წმინდანთა ცალკეული აღდგომის შესახებ (დიდაქე, წმ. კლიმენტ რომაელი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ. პოლიკარპე სმირნელი), ათასწლოვან შაბათში ან მართალთა განსვენებაში (მოციქული ბარნაბა, წმ. იუსტინე მოწამე და ფილოსოფოსი) და ამ პერიოდის ბუნების გარდაქმნაში (მოც. ბარნაბა, წმ. პაპიას იერაპოლელი). წმიდა მამაბის პრემილენარიზმის საკმაოდ საფუძვლიან გადმოცემას ვპოულობთ წმ. ირინეოს ლიონელის წიგნშიი "მწვალებლობათა წინააღმდეგ".
პრემილენარიზმის პოზიციებს მიჰყვებოდნენ ასევე მოციქული ჰერმესი, კლიმენტ ალექსანდრიელი, ეპ. ნეპოტ ეგვიპტელი, ტერტულიანე, წმ. იპოლიტე რომაელი, კომოდიანე ღაზელი, წმ. ვიქტორინე პეტავიელი, წმ. ათანასე დიდი, წმ. მეთოდე პატრელი და ოლიმპიელი, ლუციუს ლაქტანციუსი, წმ. სულპიციუს სევეროსი (სავარაუდოდ), ნეტ. ავრელიუს ავგუსტინე ჰიპონიელი (თავდაპირველად; შემდეგ ის ქილეგორიზმისკენ გადაიხარა).
პრემილენარიზმს ეწინააღმდეგებოდნენ ჰიმენევსისა და ელექსანდრე ფილოტოსის მწვალებლობები (რომელთაც მკვდრეთით აღდგომა ალეგორიულად ესმოდათ) (იხ. 2 ტიმ. 2:16-18; 1 ტიმ. 1:18-20), ებიონიტელთა მწვალებლობა (იუდეოქილიაზმი), მარკიონი (რომელიც სულთა აღდგომას ასწავლიდა), ალოგები (რომლებიც უარყოფდნენ მოციქულ იოანეს ნაწერებს), ორიგენეს მწვალებლობა (რომელიც ასწავლიდა სულთა წინარე არსებობისა და ევოლუციის შესახებ), მარკელოზ ანკვირელის მწვალებლობა (ერთადერთი პოსტმილენარიზმის მამათავრებიდან), აპოლინარი ლაოდიკიელის მწვალებლობა (მის წინააღმდეგ, ამხილებდნენ რა მას იუდეოქილიაზმში, გამოდიოდნენ წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. ეპიფანე კვიპროსელი).
ალოგების ზემოთხსენებულმა მწვალებლობამ გავლენაც კი მოახდინა წმიდა წერილის შემადგენლობაზე, რადგან ზოგიერთი ცდუნებული ქრისტიანი (ასეთები იყვნენ გაიუს რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ევსები პამფილოს კესარიელი) დაეჭვებული იყო აპოკალიფსისის იოანე ღვთისმეტყველისეულ წარმომავლობაში, რის შედეგადაც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება დიდი დაგვიანებით შევიდა ბიბლიის კანონში.
ჰიმენეოსისა და ალექსანდრე ფილიტოსის, ასევე მარკიონის მწვალებლობებმა დროთა განმავლობაში სახე იცვალეს და ალექსანდრიული სკოლის ქილეგორიზმად გადაკეთდნენ (სავარაუდოდ, ორიგენეს გავლენით), რის წინააღმდეგაც მძაფრად ილაშქრებდა ეპისკოპოსი ნეპოტ ეგვიტპელი თავის წიგნში "ალეგორიების მოყვარულთა მხილება". მაგრამ, ამ ახალმა სწავლებამ თავისი დაცვა ჰპოვა აპოკალიფსისის სამოციქულო წარმომავლობის მოწინააღმდეგეებში, როგორებიც იყვნენ: გაიუს რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი და ევსები პამფილოს კესარიელი.
IV საუკუნიდან, რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ, მთელ რიგ ღვთისმეტყველებში პოპულარული ხდება გაიუს რომაელის სწავლება "სატანის შეკვრის" შესახებ (გამოცხ. 20:2), რის საფუძველზე ქილეგორიზმი საბოლოოდ ყალიბდება და მკვიდრდება. ამ პროცესში ქმედითი როლი ითამაშეს: წმ. ეფრემ ასურელმა, წმ. ფილასტერიოს ბრეშიელი, ტიკონიუს (ტიხონიუს) აფრიკელმა, ნეტ. იერონიმე სტრიდონელმა, ნეტ. ავგუსტინე ჰიპონიელმა, ნეტ. თეოდორიტე კვირელმა. შემდეგ ქილეგორიზმმა თავისი ასახვა ჰპოვა ანდრია კესარიელის პოპულარულ ნაშრომში "აპოკალიფსისის განმარტება", რამაც ეს სწავლება კიდევ უფრო გაამყარა.
რუსულ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ქილეგორიზმმა გავრცელება ჰპოვა მიტრპოლიტ მაკარი ბულგაკოვის სახელმძღვანელოს "მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველების" წყალობით. ეს სახელმძღვანელო (უფრო ზუსტად - მასში გადმოცემული ქილეგორიზმი) ულმობლად და საკმაოდ ემოციურად გააკრიტიკა მღვდელმა ბორის კირიანოვმა თავის წიგნში "დედამიწაზე უფლის ათასწლოვანი მეუფების ჭეშმარიტების სრული გადმოცემა".
განყოფილება 3
პრობლემის ქრონოლოგიური ასპექტი
ქრონოლოგიურმა ძიებებმა თავისი ანაბეჭდი დაამჩნია, როგორც ქილიაზმს, ასევე ქილეგორიზმსაც.
მოციქულმა ბარნაბამ ქრისტეს მეორედ მოსვლის განხორციელების დროდ სამყაროს შექმნიდან 6000 წლის შემდგომი პერიოდი მიიჩნია, რომლის შემდეგაც მოხდება რჩეულ მართალთა, ანუ პირველი აღდგომა (გამოცხ. 20:5), შემდეგ კი ათასწლოვანი მშვიდობა (გამოცხ. 20:6); თავისი გამოთვლების საფუძვლად მან აიღო ღმრთის ბიბლიური დღის ხანგრძლივობის ბუკვალური გაგება, რომელიც 1000 მიწიერი წლის ტოლფარდია და ის შესაქმის შვიდ დღეს შეუფარდა(დაბ. 1:1 - 2:3; ფსალმ. 89:5; 2 პეტ. 3:8), ამასთან მეშვიდე დღის, ანუ შაბათის ძველაღთქმისეული აღთქმა (გამ. 20:8; მეორე რჯლ. 5:12; ფსალმ. 23:3-4; იერ. 17:24-25) გაგებულია, როგორც წინასწარმეტყველება ათასწლოვან მეუფებაზე (მოც. ბარნაბას ეპისტოლე, თ. 15).
ანალოგიურ აზრს მიჰყვებოდა წმ. იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე, რომელმაც ამ ყველაფერს დაუმატა განმარტება წინასწარმეტყველ ესაიადან: "ჩემი ხალხის ასაკი სიცოცხლის ხის ასაკივით იქნება და მათი ნაშრომის საქმეები დაძველდება" (ეს. 65:17-25) და ასევე მსჯელობა სიკვდილზე, რომელიც ღმერთმა ადამს უწინასწარმეტყველა, თუკი ის სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფს იგემებდა (დაბ. 2:17), და რომელსაც ათას წლამდე არ მიუღწევია (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 81).
ამას ეთანხმება ასევე წმ. ირინეოს ლიონელი ("მწვალებლობათა წინააღმდეგ", თ. 28:2-3), წმ. იპოლიტე რომაელი ("დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება", წიგნი 4:23-24; "წიგნი ქორონიკონი" (ქრონიკა), კომოდიანე ღაზელი ("აპოლოგეტური გალობა იუდეველთა და წარმართთა წინააღმდეგ"), წმ. მეთოდე პატრელი და ოლიმპიელი ("ათი ქალწულის ნადიმი", სიტყვა IX, ტიციანა, თთ. 1 და 5; ტრაქტატი "ქმნილებათა შესახებ"), ლუციუს ლაქტანციუსი ("საღმრთო დაწესებანი", წიგნი VII, 14).
მოცემული აზრი მოჰყავს წმ. ანდრია კესარიელსაც წმ. იპოლიტე რომაელის დამოწმებით ("აპოკალიფსისის განმარტება", თთ. 28, 54, 63).
დანარჩენ მართალთა და ყოველ ცოდვილთა საყოველთაო აღდგომა იაზრებოდა მეშვიდე ათასწლეულის დასასრულს, რომელიც შეფარდებული იყო მერვე დღესთან ანუ აღდგომასთან: "მთელი გულმოდგინება სათნოებითი ცხოვრებისა მიმართულია შემდგომი საუკუნისკენ, რომლის დასაბამიც "მერვედ" ითქმის, ვინაიდან მომდევნოა იგი გრძნობადი ჟამისა, წრიულად რომ ბრუნავს შვიდეულებში. ამრიგად, ზედწერილი მერვის გამო (ანუ ანუ 11-ე ფსალმუნის ზედწერილი - შემდგ. შენიშვნა) გვირჩევს, რომ არ მივაპყროთ მზერა აწინდელ ჟამს, არამედ მერვის მიმართ ვჭვრეტდეთ, ვინაიდან როდესაც დაცხრება ეს წარმდინარე და წარმავალი ჟამი, რომლის ხანგრძლივობაშიც რაღაც იქმნება, რაღაც კი ისპობა, და როდესაც, ერთი მხრივ, ჩაივლის საჭიროება ქმნა-აღმოცენებისა, მეორე მხრივ კი მეტად აღარ იარსებებს ის, რაც უნდა მოისპოს, ასეთ დროს სასოებადი აღდგომა ცხოვრების სხვა რამ მდგომარეობაში გარდააწესებს ბუნებას და დაცხრება ჟამის წარმავლობითი თვისება, აღარ იქნება რა შემქმნელობითი და გამხრწნელობითი მოქმედება. უთუოდ გაჩერდება მაშინ ჟამის გამზომი შვიდეული და მოედევნება ის "მერვე", რაც არის შემდგომი საუკუნე, ერთ მთლიან დღედ ქმნილი, როგორც ამბობს რომელიღაც წინასწარმეტყველი, უწოდებს რა "დიდ დღედ" (იოველ 2:11) იმ ცხოვრებას, რომელსაც ვსასოებთ. ესაა დღე, რომელსაც ასხივოსნებს არა გრძნობადი მზე, არამედ ჭეშმარიტი სინათლე, მზე სიმართლისა, აღმოსავლეთად წოდებული (ზაქ. 6:12) წინასწარმეტყველების მიერ, ვინაიდან აღარასოდეს მოხდება მისი დაფარვა დასავლეთში" (св. Григорий Нисский, "О надписании псалмов", глава 5) (ქართ. თარგმანი აღებულია გამოცემიდან: წმ. მამათა მემკვიდრეობა თანამედროვე ქართულ ენაზე. წიგნი III. წმ. გრიგოლ ნოსელი. შრომები. ტ. I. თბილისი 2022. გვ. 244 – "აპოკ." რედ.).
გარდა ამისა, იმ დროს გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ ქრისტეს პირველი მოსვლა მოხდა დაახლოებით 5500 წელს სამყაროს შექმნიდან. ასე მიიჩნევდნენ წმ. იპოლიტე რომაელი ("დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება". წიგნი 4, 23-24) და სექტსუს იულიუს აფრიკელი ("ისტორიოგრაფია", 18). ამან ასახვა ჰპოვა ასევე ნიკოდიმოსის აპოკრიფულ სახარებაშიც:
"მაშინ, თქვა შეთმა, მიუახლოვდა რა წმიდა წინასწარმეტყველთ: "როდესაც მე, შეთი, სამოთხის კარებთან ვევედრებოდი უფალს, დაკეტა ისინი მიქაელმა, უფლის მთავარანგელოზმა, და გამომეცხადა ანგელოზი, რომელმაც მითხრა: "წარმოგზავნილი ვარ უფლისგან, და დაწესებული შენი მამის გვამზე. ამიტომაც გეუბნები შენ, შეთ: ნურც იტირებ, ივედრები და ითხოვ ზეთს მოწყალების ხისგან, რათა სცხო მამას შენსას ადამს მისი სხეულის სნეულებათა საკურნებლად. რადგან გარკვეული სჯულის მიხედვით შენ შეგიძლია ის მიიღო მხოლოდ ბოლო ჟამს, როდესაც (სამყაროს შექმნიდან) 5500 წელი აღსრულდება (ზოგიერთ ხელნაწერშია 5505 ან 5555 - შემდგ. შენიშვნა). მაშინ მოვა დედამიწაზე საყვარელი ძე ღმრთისა ქრისტე, რათა აღადგინოს ადამი და გააცოცხლოს მკვდრები. და მოვა იგი მოსანათლავად მდინარე იორდანესთან, და, როდესაც ამოვა იორდანიდან, თავისი მოწყალების ზეთით სცხებს ყველა მისდამი მორწმუნეს, და იქნება იგი ზეთი მოწყალებისა და აღორძინებისა წყლისაგან და სულისა ცხოვრებად საუკუნოდ. მაშინ, ჩამოვა რა დედამიწაზე, ღმრთის საყვარელი ძე ქრისტე შეიყვანს მამას შენსას სამოთხეში ხესთან მოწყალებისა" (ნიკოდიმოსის სახარება, თ. 19)
ამგვარი შეხედულების საფუძველს წარმოადგენდა მეექვსე დღის შუაში ადამის დაბადების (დაბ. 1:26-31) დაკავშირება მეექვსე ათასწლეულის შუა პერიოდში ახალი ადამის (ანუ ქრისტეს) მოვლინებასთან.
ამგვარად, მსგავსი ქრონოლოგიური გამოთვლების ჩარჩოებში, უკანასკნელ ჟამთა მოვლენების დასაწყისი ნავარაუდევი იყო ქრისტეს შობამდე 500 წლის არეალში. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჰქონდა ქილეგორიზმს წარმატება ქრისტიანობის პირველ წლებში. აპოკალიფსისმა ხომ სატანის ზუსტად ათასი წლით შეკვრა იწინასწარმეტყველა (გამოცხ. 20:2-3), ხოლო პოსტმილენარისტებს მხოლოდ 500 წელი გამოსდიოდათ. ამიტომაც პრემილენარიზმი მაშინ მიღებული ქრონოლოგიის თვალსაზრისით უპირატესობის მქონე გახლდათ.
მაგრამ პირველ საუკუნეებში, ახ. წელთაღრიცხვის 500 წელიწადს სამყაროს აღსასრულს ქილეგორისტებიც ელოდნენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ გადაეჭრათ პრობლემა, თუ როგორ ჩაეკვეხებინათ სატანის შეპყრობის 1000 წელი 500 წლიან შუალედში. როგორც ჩანს, პირველად ეს ამოცანა გადაწყვიტა ტიკონიუს აფრიკელმა. ის გამოვიდა იდეით მეექვსე ათასწლეულის მეორე ნახევარი ჩაეთვალათ (მეშვიდე (?)) ათასწლეულად, მსგავსად ისევე, როგორც ითვლიან ქრისტეს სამდღიან დასვენებას საფლავში, თუმცა ისინი არ შეადგენენ სრულ სამ დღე-ღამეს (Тихоний Африканский, "Книга о семи правилах для исследования и нахождения смысла Священного Писания", Правило 5. О временах). ეს იდეა აიტაცეს სხვა ქილეგორისტებმაც - ნეტ. იერონიმე სტრიდონელმა (ვიქტორინე პეტავიელის "აპოკალიფსისის განმარტების" (გამოცხ. 20:1-3) მეორე (იერონიმესეული) რედაქცია, ნეტ. ავგუსტინე ("ღმრთის ქალაქის შესახებ", წიგნი XX, თ. 7), ანდრია კესარიელი ("აპოკალიფსისის განმარტება, თ. 63).
როდესაც ახ. წ.-ის 500 წელი უკან მოიტოვეს, ნათელი გახდა, რომ "უკვე იმაზე მეტი დრო გავიდა, ვიდრე ის, რომლის შესახებაც ნათქვამია წელთა სისრულე ანუ ხუთასი" (ეკუმენიოსი, "აპოკალიფსისის განმარტება", გამოცხ. 12). ღვთისმეტყველთა ნაწილი იხრებოდა აზრისკენ, რომ 6000 წელი ჯერაც არ იყო გასული, მიიღეს რა უფრო მოკლე ქრონოლოგიათა ათვლები სამყაროს შექმნიდან (იხ. მაგ.: Свящ. Борис Кирьянов "Полное изложение истины о Тысячелетнем царстве Господа на Земле", глава 6. О летоисчислении).
მეორე მხრივ, პოსტმილენარისტებში გაჩნდა მიზეზი სამყაროს აღსასრულის დადგომა მიეჩნიათ 1000 წელს; ამის შესახებ წინასწარმეტყველებას მიაწერენ რომის პაპ სილიბისტრო II-ს (ლეგენდის თანახმად, მან ამ წელს აიცილა მეორედ მოსვლა, დაამარცხა რა ეშმაკი).
შემდეგ სამყაროს აღსასრული კიდევ რამოდენიმეჯერ გადაწიეს. ასე, მაგალითად, ანტიქრისტეს მოსვლას რუსეთში ელოდნენ ბიზანტიური წელთაღრიცხვით 7000 წელს (1492 წ. ჩვ. წ.), და ვერ ბედავდნენ პასქალური ცხრილებით გასცდენოდნენ ამ წელს. მაგრამ წინასწარმეტყველებები არ სრულდებოდა და თანდათანობით ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში იმატა აზრმა, რომლის მიხედვითაც: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა" (საქმე 1:7), "რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით" (1 თესალონიკ. 5:2).
წარმოდგენა ბოლო ჟამის მოვლენათა მოულოდნელობაზე, ცხადია, ქრისტიანობის დასაბამიდანვე არსებობდა (მთ. 24:42-51, 25:13; მკ. 13:32-37; საქმე 1:4-8; 1 თესალონიკ. 5:1-10), და მიუხედავად სხვა შეხედულებებისა, მას ეკლესიის მამები მემკვიდრეობითად აღიარებდნენ (იხ. წმ. კლიმენტ რომაელი, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე, თ. 12; მოციქულთა დადგენილებები, 7:31).
მეტიც, ისინიც კი, ვინც სამყაროს აღსასრულს ელოდნენ 6000 წელს, ამას იღებდნენ, როგორც ვარაუდს, და ერთდროულად ქრისტეს მოსვლის მოულოდნელობასაც აღიარებდნენ (წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5, 30, 2; წმ. იპოლიტე რომაელი, დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება. 4:16); ანუ მთლიანობაში ესქატოლოგიურ ქრონოლოგიურ გათვლებს მხოლოდ ადამიანური ცნობისმოყვარეობის წაქეზებად განიხილავდნენ (იხ. წმ. იპოლიტე რომაელი, დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება. 4:22-23).
წყარო: Валерий Стерх. Апокалипсис. Тысячелетие. Хилиазм и хиллегоризм. 2017. Создано в интеллектуальной издательской системе Ridero.
ნაშრომი თარგმნა და მოამზადა საიტ 'აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2023 წ.