აპოკალიფსისი > განმარტება
ბიბლიურ მოწმობათა ერთობა აპოკალიპტურ მოვლენებთან დაკავშირებით
ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ იოანეს სახარებაში არ გვაქვს ცალკე "ესქატოლოგიური" თავი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, თუნდაც "სხვა ენით" (ანუ არა მარტივი ქადაგების სახით, არამედ დაფარული და მეტაფორული ხილვებით), მოწმობს დროებაზე, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ყოველ დღეს "აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 28:20).
თანაც ეს დროება დახატულია იმავე სულიერი ნიშნებით, რაც სინოპტიკურ სახარებათა ესქატოლოგიურ თავებშია მოცემული.
მეტიც, აზრითა და შინაარსით ესქატოლოგიურ თავებში მოცემულ მოვლენათა და ნიშანთა შეფარდება მათ შესაბამის ფრაგმენტებთან, რომლებიც მოცემულია გამოცხადების წიგნში, დამაჯერებლად გვიდასტურებს, რომ ახალაღთქმისეული კანონის ყველა წიგნი ერთმანეთს ასახავს ურთიერთ მოწმობის ძალით.
(შემდეგში წარმოდგენილი შეფარდებანი, რომლებიც აღწერილია ესქატოლოგიურ თავებსა და მსგავსი მტკიცებულებების შემცველ პარალელურ მოვლენებში, რომლებიც მოცემულია გამოცხადებაში, არ განიხილავენ მოტანილ ფრაგმენტთა მნიშვნელობის სისრულეს: ჯერ მხოლოდ ლაპარაკია და ერთი მხრივ სინოპტიკურ სახარებათა ესქატოლოგიურ თავთა და მეორე მხრივ გამოცხადების ცალკეულ მტკიცებულებათა გარეგან მსგავსებაზე).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამი სინოპტიკური სახარების ესქატოლოგიური თავები და მათი შესაბამისი მტკიცებულებები და სიმბოლოები იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, მოწმობენ იმაზე, რომ:
1. ქრისტეს სახელით მოვლენ მაცთურნი, და აღდგებიან ცრუწინასწარმეტყველნი, რომლებიც აცთუნებენ მრავალთ (მათე 24:5, 11; მარკოზი 13:6; ლუკა 21:8).
შეად.:
"ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი" (გამოცხ. 2:2).
"მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 31:11).
"და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი" (გამოცხ. 16:13).
2. იქნება ომები მთელ დედამიწაზე, "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ" (მათე 24:7; მარკოზი 13:8; ლუკა 21:9-10).
შეად.:
"გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი" (გამოცხ. 6:4).
3. "აქა-იქ" ("ადგილ-ადგილ") იქნება შიმშილობა, ჟამიანობა და მიწისძვრანი, ასევე "შფოთი", "საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით" (მათე 24:7, მარკოზი 13:8; ლუკა 21:11).
შეად.:
"შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (გამოცხ. 6:8).
"... და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ (გამოცხ. 6:12, 14).
"ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ" (გამოცხ. 6:15).
ლუკას სახარების 21:11-ში აღწერილ ნიშნებთან დაკავშირებით, შეად.:
"გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს" (გამოცხ. 6:12-13).
შემდეგში ელეონის მთაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებასა და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ნათქვამია, რომ:
4. ქრისტესადმი ურწმუნოების გამო ადამიანები (თვით ოჯახებშიც კი) განეყოფიან ერთმანეთს და შეიძულებენ ერთურთს (მათე 24:10; მარკოზი 13:12; ლუკა 21:16). დაიწყება სარწმუნოების დევნა და მორწმუნეთა შევიწროება. ქრისტიანებს გადასცემენ საწამებლად და მოჰკლავენ (მათე 24:9; მარკოზი 13:9; ლუკა 21:12-13, 17).
შეად.:
"ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:10).
"ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა..." (გამოცხ. 2:13).
"საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ... და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ (გამოცხ. 6:9, 11).
"... განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა" (გამოცხ. 12:17).
და მიეცა იმისი ნება, ... იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
5. მორწმუნეები სულიწმიდის ძალით მთელ მსოფლიოს უქადაგებენ ქრისტეს შესახებ, მსოფლიო კი ამ მოწმობას სიძულვილით მიაგებს პასუხს (მათე 24:9; მარკოზი 13:11-13; ლუკა 21:14-17).
შეად.:
"მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:1-2).
"... განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა" (გამოცხ. 12:17).
"და მიეცა იმისი ნება, რომ ... მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
უნდა აღვნიშნოთ, რომ ელეონის მთაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველების პირველი ნაწილის პროცესები არ მოწმობენ სამყაროს დაუყოვნებლივი აღსასრულის შესახებ. ყველა მოვლენა მიგვანიშნებს მხოლოდ დასაწყისზე და ახალაღთქმისეული დროების გაგრძელებაზე ("ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8; მარკოზი 13:8); "როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული" (ლუკა 21:9)), - მაგრამ არ შეწყდებიან, და ყველა დროებისთვის იქნება დამახასიათებელი ვიდრე უკანასკნელ დღემდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.
მაგრამ აი ერთადერთი ნიშანი, რომელიც წარმოადგენს პასუხს კითხვაზე: "რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" (მათე 24:3) და მართლაც წარმოადგენს დასასრულის ნიშანს, მითითებულია მხოლოდ მათეს სახარებაში: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14).
შეად.:
"ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ" (გამოცხ. 11:7).
ამასთან სრულიად ცხადია, რომ ყველა ჭირვების, დევნულებისა და უბედურების მიუხედავად, რისი გავლაც მოუწევს ეკლესიას ახალაღთქმისეულ პერიოდში, მისი მიწიერი მისია ბოლო დღემდე არ შეწყდება", არამედ წარმატებით დაგვირგვინდება (ანუ "აღსრულდება"):
"და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14; მარკოზი 13:10; ირიბად - ლუკა 21:15).
შეად.:
"ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11).
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:3-4).
"და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის" (გამოცხ. 14:6).
ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს ყველა დევნულებას და ჭირვებას, ის ცხონდება მარადისობისთვის (მათე 24:13; მარკოზი 13:13); "მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული" (ლუკა 21:18-19).
"ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. ... სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:10).
"იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11).
"ვიხილე ტახტნი და იესუს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4).
6. რაც შეეხება იერუსალიმის მომავალ დანგრევას, - უფალი ელეონის მთაზე აფრთხილებს მოწაფეებს, რომ:
მართალნი უნდა გაიქცნენ იერუსალიმიდან (მათეს და მარკოზის სახარებაში ლაპარაკია იუდეისგან გაქცევაზე, როგორც კი გამოჩნდება "მოოხრების სისაძაგლე", რომელიც ნაუწყები იყო დანიელ წინასწარმეტყველის მიერ (მათე 24:15-16; მარკოზი 13:14-15), რადგან ქალაქი სრულიად დაინგრევა (მათე 24:15-22; მარკოზი 13:14-20; ლუკა 21:20-30).
შეად.:
"და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით" (გამოცხ. 18:4).
ხოლო გაქცევის ეს ჟამი მოიწევა დიდი ჭირვების დროს, რომელიც რჩეულთა გამო შემოკლდება (მათე 24:21-22; მარკოზი 13:19-20).
შეად.:
"მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი" (გამოცხ. 7:14).
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ I საუკუნის "დიდი ჭირვების" ჟამი, რომელიც დაკავშირებული იყო "მიწიერი" იერუსალიმის ბუკვალურ დანგრევასთან, ხანმოკლე იყო, - ამ მოვლენათა უწყებისას ლუკას სახარებაში (ლკ. 21:24) აღინიშნება, რომ ღმრთის ერი დაეცემა არა მარტო მახვილისგან, არამედ "ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში", ანუ მოხდება ბაბილონში ებრაელი ერის ძველაღთქმისეული წარტყვევნის მსგავსი რამ (რომელიც, სხვათა შორის, გაგრძელდა მთელი 70 წელი). მაგრამ ახალაღთქმისეული "ბაბილონის ტყვეობა" არ არის დაკავშირებული ბუკვალურ ბაბილონთან, რადგან ის მიმდინარეობს "ყველა ქვეყანაში", - ხოლო ამ "ახალი ტყვეობის", ისევე, როგორც "წარმართთა ჟამის" პერიოდი, რომლებიც "გაქელავენ" იერუსალიმს (ლუკა 21"2), არ იქნება ხანმოკლე (არამედ ბუკვალური აზრით იქნება განუსაზღვრელი).
შეად.:
"ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:1-2).
"და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (გამოცხ. 13:7-8).
გარდა ამისა, ყველა ამ დროისთვის დამახასიათებელი იქნება ცრუქრისტეთაგან და ცრუწინასწარმეტყველთაგან მოვლენილი საცთურები, რომლებიც იქნება ცრუ სასწაულებითა და ნიშნებით (მათე 24:23-26, 28; მარკოზი 13:21-23).
შეად.:
"და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:13-14).
ამავე დროებაში, იერუსალიმის დანგრევის შემდეგვე, პრაქტიკულად მასთან ერთად ("და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ..." (მათე 24:29); "და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს" (მარკოზი 13:24)), გამოჩნდება მოვლენები, რომლებიც მსოფლიოს სამყაროს აღსასრულს აუწყებენ.
ამ მოვლენებს (ნიშნებს) განეკუთვნებიან:
ა) ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, როდესაც შეირყევიან ცათა ძალნი (მათე 24:29; მარკოზი 13:24-25; ლუკა 21:25).
შეად.:
"... შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა..." (გამოცხ. 6:12-13).
ბ) აღრიალდება და აბობოქრდება ზღვა ("...და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა" (ლუკა 21:25)).
გ) "შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში..." (ლუკა 21:25-26).
შეად.:
"ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:15-17).
დ) და ბოლოს, მოხდება კაცის ძის მოვლენა და "როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:27, 30; მარკოზი 13:26; ლუკა 21:27).
შეად.:
"აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ" (გამოცხ. 1:7).
"ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის" (გამოცხ. 19:11).
ე) თანაც ამ მოვლენების დროს ანგელოზები შეჰკრებენ რჩეულთ ოთხთავ ქართაგან (მათე 24:31; მარკოზი 13:27), - ხოლო უკანასკნელი დღის მოვლენას ყველას აუწყებს ანგელოზი "მგრგვინავი" საყვირით (მათე 24:31).
შეად.:
"არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:7).
"მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 11:15).
ამგვარად, ზემოთ აღნიშნული შესაბამისობების საფუძველზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სინოპტიკური სახარებები და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება მომავალს ერთი და იმავე არსებითი ნიშნებით გვიხატავენ, - ხოლო ზოგიერთი ფორმალური განსხვავება შეიძლება განპირობებული იყოს ამ დროების წარმოდგენის განსხვავების მეთოდში (სინოპტიკურ სახარებებში - ერთიანი სიტყვიერი ქადაგებით, ხოლო იოანეს გამოცხადებაში - წინასწარმეტყველურ ხილვათა მონაცვლეობითი პანორამის სხვადასხვა სიმბოლოთი).