აპოკალიფსისი > განმარტება
ცეცხლოვანი ურჩხული შვიდი თავით, ათი რქითა და შვიდი დიადემით
(გამოცხ. 12:1-3)
"სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი" (გამოცხ. 12:3)
ის, რომ "ურჩხულის" სახით იდუმალთმხილველის წინაშე წარმომდგარ ხილვაში აღწერილია კაცთა მოდგმის მტერი, ანუ ეშმაკი, საკმაოდ აშკარაა, - ასე რომ ამ სიმბოლოს "ალტერნატიული" განმარტებები ეკლესიის მიღმაც კი იშვიათად გვხვდება.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "დიდი ცეცხლოვანი (πυρρός) ურჩხულის" ყოველი დეტალი უშუალო გავლენას ახდენს მთელი 12-ე თავის საზოგადო გულისხმისყოფაზე, - აქვს აზრი აღვნიშნოთ, რომ ურჩხული ახლო აღმოსავლეთის ხალხთა წარმოდგენებში არასოდეს არ წააგავდნენ "დასავლურ" ურჩხულებს, ანუ არ ჰქონდათ არც სხეული, ცხოველთა მსგავსად, არც თათები, და არც "მხეცისებრი" თავებიც.
ურჩხული ისრაელიტელთა და მის გარემომცველ ხალხთა წარმოდგენაში გამოიყურებოდა, როგორც ფრთოსანი გველი, - და სწორედ ეს ასპექტი განსაზღვრავს 12-ე თავის მომდევნო მოწმობებს, რომელთა შესაბამისადაც ფრთებს მოკლებული (ანუ ციდან მიწაზე გადმოგდებული) "ზეციური ურჩხული" რაიმე "დამატებითი ტრანსფორმაციის" გარეშე გარდაიქცევა "ჩვეულებრივ" გველად, რომელიც იძულებულია "მუცლით იხოხიალოს" (შეად.: "უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: ... მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:14; გამოცხ. 12:9, 15).
მეტიც, "ურჩხულისა" და "გველის" ვიზუალურ ნათესაობას აქვს კიდევ ერთი ნიშანდობლივი აზრი, რომელიც ახალაღთქმისეულ მოწმობას "ზეციურ" ურჩხულზე აკავშირებს ძველაღთქმისეულ ურჩხულ ლევიათანთან, ანუ "ზღვის გველთან", რომელიც ნახსენებია იობის წიგნში (იობი 3:8; 40:20-26), და ფსალმუნშიც (ფსალმ. 73:14; 10:24-26), ასევე ესაიას წინასწარმეტყველებაშიც (ეს. 27:1).
რაც შეეხება "ცეცხლოვანი ურჩხულის" შვიდ თავს, - რიცხვ "შვიდისთვის" დამახასიათებელი სიმბოლიზმის გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "შვიდთავიან" სიმბოლოში იდუმალთმხილველს წარუდგა ეშმაკისთვის დამახასიათებელი ხელმწიფებისა და ძალის სისრულე.
(ბერძნ სიტყვა πυρρός (პიროს) ბუკვალური აზრით ნიშნავს "ცეცხლოვან-წითელს", და კონტექსტის მიხედვით შეიძლება მიანიშნებდეს არა მარტო "წითელზე", არამედ "წითურზეც", და "ცეცხლოვანზეც", შეად. სხვა სიმბოლოს, რომელშიც აღწერილია ეშმაკის დაცემა: "მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა" (გამოცხ. 8:10)).
გარდა ამისა, კაცთა მოდგმის მტრის წარმოდგენა შვიდი თავით მოწმობს ახალაღთქმისეულ დროებაში წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა გაგრძელებაზე, აღსრულებასა და დამთავრებაზე, რომელიც იწყება დანიელის წინასწარმეტყველების წიგნში, რადგან ოთხ "ძველაღთქმისეულ" მხეცს, რომელთაც წინასწარმეტყველი ხედავდა, როგორც ამომავალთ "დიდი ზღვიდან" (დან. 7:2-7), ერთობლიობაში გააჩნდათ "შვიდი თავი" და "ათი რქა", - ამგვარი სიზუსტის შემთხვევითობა წმიდა წერილის ტექსტისთვის არა თუ ნაკლებად სავარაუდოა, არამედ აბსოლუტურად შეუძლებელია, შეად.:
"ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ... ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და იდგა ერთი მხრიდან, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: "ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!" შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა (დან. 7:2-7).
(იმის შესახებ, თუ რატომ აქვს ფრთოსან გველს, რომელიც "იდგა ქალის წინაშე", არა "გველის" არამედ "მხეცის" თავები, მოგვიანებით ვილაპარაკებთ.
რადგან "დანიელის მხეცთა" ათი რქა ეკუთვნოდა ბოლო, მეოთხე მხეცს, - აშკარაა, რომ "დიდ ცეცხლოვან ურჩხულშიც" ათი რქა არ ნაწილდება "თავებს შორის", არამედ ათივე განლაგებულია მის ერთ-ერთ თავზე.
რაც შეეხება რიცხვ "შვიდს", - ამ რიცხვის შესაბამისი ბიბლური "შვიდეული" სისავსე შეიძლება განსაზღვრავდეს არა მარტო ამაღლებულ, არამედ სხვა ნებისმიერ დასრულებულ მნიშვნელობებსაც. ასე, მაგალითდ, იგავთა წიგნში ლაპარაკია ადამიანთა შვიდ სიბილწეზე (იგავ. სოლ. 6:16-19), ხოლო იგავთა წიგნის სხვა ადგილას - ლაპარაკია ბოროტი გულის შვიდ სიბილწეზე (იგავ. სოლ. 26:25). თვით მაცხოვარი მოწმობს შვიდ "უბოროტეს" სულზე (მთ. 12:45 და ლკ. 11:26), რომელიც თავისთან ერთად მოჰყავს უწმინდურ სულს იმ შემთხვევაში, თუკი მისი ადრინდელი ადგილსამყოფელი არ განიწმინდება და აღვსილი იქნება ახალი შემადგენელით).
ამასთან
ის შვიდი უკეთური გვირგვინი (დიადემა, ბერძნ.:
διαδήματα), რომელიც "ცეცხლოვან ურჩხულს" ადგას შვიდ თავზე, წარმოადგენს
არა მრგვალ ან ოვალურ თავსამკაულს, რომელიც ძვირფასი მეტალებითა და ქვებით იქნებოდა
დამშვენებული (ასეთი აზრი სიტყვა "დიადემამ" მიიღო მოგვიანებით) - არამედ,
განსაკუთრებული თავსაკრავი წარწერით, რომელიც წარმოადგენდა სამეფო ძალაუფლების
ხილულ და "წაკითხვად" სიმბოლოს, და რომელსაც დროთა განმავლობაში დაემატა
"გვირგვინის" ხატება და მნიშვნელობა, რის შედეგადაც ასწლეულების შემდეგ მან
მიიღო თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული სამეფო კორონის (გვირგვინის) სახე.
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვირგვინ-στέφανος-ი და დიადემები-διάδημα არ წარმოადგენენ სინონიმებს და სრულიად განსხვავებულ საგნებზე მიანიშნებენ, ხოლო გამოცხადების წიგნის 19-ე თავში, თავიანთი შინაარსით, გარკვეულწილად უპირისპირდებიან კიდევაც ერთმანეთს, რადგან პირველი (გვირგვინები - στέφανος) გააჩნიათ მხოლოდ ნათლის ძალებს, მეორე კი (დიადემები - διάδημα) - მხოლოდ ბნელეთის ძალებს).
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ დედაკაცის ხილვა, რომელსაც ემოსა მზე, განცალკევებულია ურჩხულის ხილვისგან სიტყვებით "სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში", - ანუ გამოცხადების წიგნის ახალაღთქმისეული მოწმობა ერთმანეთისგან განყოფს ამ სიმბოლოებს თვით ფორმალურ (სიტყვიერ) დონეზეც კი.