განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_12_1_17 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი
ქალი ყრმით და ურჩხული
 
11:19-12:6
 
 
ახ. ქართ.:
 
11.19. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
 
 
12.1-6.
 
1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
   
2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.
 
3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.
 
4. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.
   
5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.
 
6. ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.
 
 
ძვ. ქართ.:
 
11.19. და განეღო ტაძარი ღმრთისაჲ ცათა შინა, და იხილვა კიდობანი იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და სეტყუაჲ დიდი.
 
 
12.1-6
 
1. და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ,
 
2. და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.
 
3. და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი.
 
4. და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი.
 
5. და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა.
 
6. და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე..
 
 
***

 
მიმოხილვა: ღმრთის ტაძარი - იესუ ქრისტეა (ვიტქორინე პეტავიელი). ტაძარი - ეს ეკლესიაა, კიდობანი - ქრისტეს განკაცების საიდუმლო (ტიკონიუსი). ახალი საიდუმლონი - მომავალი საუკუნის სიკეთენი და უკეთურთა დასჯაა (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). უფლის განკაცების კიდობანი ღიაა მთელი სამყაროსთვის (ბედა პატივდებული). სიტყვით შემოსილი ეკლესია მზეზე უმეტესად ბრწყინავს (იპოლიტე რომაელი, ვიქტორინე პეტავიელი). ქალი - ქალწული მარიამია ან ეკლესიაა (მეთოდე პატრელი, ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი, იპოლიტე რომაელი). ეკლესია ტანჯვით შობს მორწმუნეებს (ტიკონიუსი).
 
ურჩხული წითელია კაცთამკვლელობის გამო (ვიქტორინე პეტავიელი). ის არის ეშმაკი, რომელიც ეძიებს, რათა მოჰკლას ქრისტე (ტიკონიუსი, ეკუმენიოსი). შვიდი თავი და ათი რქა - მისი ძალები და მის მიერ ნაშობი ცოდვებია (ანდრია კესარიელი). დედამიწაზე ჩამოყრილი ვარსკვლავები, რომელსაც ურჩხული მოითრევდა - მწვალებლური სექტებია (მეთოდე პატრელი), ან სატანის მომხრე ანგელოზები, ან კიდევ ქრისტეს უარმყოფელი იუდეველები და მმართველები (ვიქტორინე პეტავიელი, ტიკონიუსი, კესარიოს არლელი). ეშმაკი ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო დაეღუპა ყრმა-ქრისტე (ვიქტორინე პეტავიელი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი).
 
ეკლესია მარადის შობს ქრისტეს (იპოლიტე რომაელი, მეთოდე პატრელი, პრიმაზიუსი). უდაბნო, რომელსაც თავი შეაფარა ქალმა - სათნოებათა სავანეა (მეთოდე პატრელი). ღვთისმშობელი ეგვიპტეში იყო ჰეროდეს სიკვდილამდე (ეკუმენიოსი). ეკლესიის დევნულების დროს მართალნი უდაბნოს შეეფარებიან (ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
11:19 მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
 
 
აღთქმათა აღსრულება
   
მაშინ გაიღო ტაძარი ცაში - ეს არის ჩვენი უფლის გამოჩენა. ტაძარი - ეს ღვთის ძეა, როგორც თვად ამბობს: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს (იოანე 2:19-21). კიდობანი მისი აღთქმისა - სახარებისეული წინასწარმეტყველებაა, ცოდვების მიტევება და ის ყველაფერი, რაც უფალთან ერთად მოვა - იოანე ამის შესახებ ამბობს, რომ ეს უკვე ცხადი გახდა.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
როდესაც უფალი ქრისტე დაიბადა, გაიღო ტაძარი ცაში, ანუ ეკლესიაში. ტაძარში შეიძლება ვიგულისხმოთ ქრისტეს სხეული, რის გამოც ამბობს უფალი: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღში აღვადგენ მას (იოანე 2:19). თუმცა კიდობანი ხშირად აღნიშნავს ეკლესიას, აქ ის წერს, რომ კიდობანი გამოჩნდა ტაძარში და, დაურთავს რა - კიდობანი აღთქმისა, ამით შეგვახსენებს, რომ ეს უნდა გავიგოთ უზენაესი მნიშვნელობით. და როდესაც ამბობს - ცაში, იგი გვარწმუნებს, რომ ჩავწვდეთ ერთგვარ საიდუმლოს, რომლის გაგებაც შემდეგნაირად შეიძლება: ტაძარი არის ეკლესია, კიდობანი აღთქმისა - ქრიტეს ხორცშესმის საიდუმლო, რომელიც, ამ კიდობნის მსგავსად, აღთქმის დაფებსაც თავის თავში ინახავდა; ვინც, როგორც ნათქვამია, მოვიდა არა რჯულის მოსასპობად, არამედ აღსასრულებლად (შეად. მათე 5:17. - რედ.). რადგან ღმერთმა ასე აღგვითქვა იერემიას მეშვეობით, რომ კიდობანი აღთქმისა წართმეული იქნება ადამიანის გულიდან (როგორც ჩანს, ის კიდობანი იგულისხმება, რომელიც იუდეველებს ჰქონდათ იერუსალიმში) - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესია იწოდება უფლის ტახტად. ის ამბობს: როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება. იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას (იერ. 3:16-17).
 
ელვა არის ის სრულყოფილებანი, რომელთა მეშვეობითაც უფალმა ქრისტემ ძალა მისცა თავის მოწაფეებს.
 
ქუხილი და გრგვინვა - ქადაგებებია, რომელთა საშუალებითაც, როგორც ჭექა-ქუხილის ღრუბლებმა, მოციქულებმა გაიელვეს ხალხებს შორის.
 
მიწისძვრა - სახალხო აღშფოთების გამომხატველია, რომელიც ხშირად ამომავალ ეკლესიას დევნას ჰპირდებოდა.
 
სეტყვა, მაშინაც კი, როდესაც იგივე ნაყოფს ძირს დასცემს, ყოველთვის თვითონ უფრო მეტად იმსხვრევა და ქუცმაცდება დარტყმის შედეგად და წარმოქმნილი გატიალებისას თავის თავსაც მუსრავს. ანალოგიურად, წარმართთა სასტიკი ბრბო, რომლებიც დევნიდნენ ქრისტეს რწმენას, შემდეგ აღდგნენ რა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ამის შედეგად მათი რიცხვი შემცირდა ან უმნიშვნელო გახდა.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. - როდესაც ეს ითქვა, წმინდანებს დაფარული სიკეთენი და, გარდა ამისა, ერთგვარი ახალი საიდუმლონიც განეცხადათ. რადგან აღთქმის კიდობნის გაღება მიუთითებს ამაზე. მოციქული გვიჩვენებს, რომ მომავალი საუკუნის სიკეთენი დაფარულია დღევანდელი ადამიანებისთვის: არამედ, როგორც დაიწერა: "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (1 კორინთ. 2:9). და რომ არსებობს ერთგვარი საიდუმლოებანი და სხვაგვარი ცოდნა, რომელიც დღევანდელი ადამიანისთვის უცნობია, უფალი განმარტავს: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში (მათე 26:29). წმინდანები ამის ღირსად შეირაცხნენ, ხოლო ცოდვილთა გამო იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა. სწორედ ეს არის მესამე ვაება (აპოკ. 11:14). წიგნი დაფარულად, ჩვენთვის გასაგები საგნების დახმარებით მოგვითხრობს ბოროტეულთა მომავალი სასჯელისა და ღვთის მიერ წარმოგზავნილ საშინელებათა შესახებ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წარმართთ და ურწმუნო ადამიანებს, რომლებიც გაშმაგებულნი იყვნენ ამ ახალი და უცნაური მოძღვრებით, სულგრძელმა უფალმა ბოლოს გაუგზავნა სასჯელი. ჟამი მკვდართა განსჯისა (18-ე მუხლი) გულისხმობს მიცვალებულთა აღდგომის დროს, როცა თითოეულს მიეზღვება სასჯელი თავისი საქმეების მიხედვით. ხოლო ცაში ტაძრის გახსნასა და კიდობნის ხილვაში მოიაზრება იმ სიკეთეთა გამოჩენა, რომლებიც წმინდა ადამიანთათვის არის გამზადებული და დაფარულია ქრისტეში, რადგანაც მასში მკვიდრეობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება (კოლას. 2:9), როგორც მოციქულიც ბრძენბს. ხოლო ეს სიკეთენი მაშინ გამოჩნდება, როდესაც ბიწიერებს მისწვდებათ შემაძრწუნებელი ხმა, ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა, ისე მიეწევათ მათ გეენიის ცეცხლი. ამ დროს იქნება მიწისძვრა და სამყაროს შეცვლა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კიდობანი განკაცებისა
   
ღმრთის ტაძარი, ოდესღაც დედამიწაზე აღჭურვილი, საიდუმლო კრეტსაბმელის მიღმა აღთქმის კიდობანს ინახავდა; ახლა კი, რადგან ძველი ტაძრის კრეტსაბმელი და განყოფის კედელი უფლის სისხლით დაინგრა, ეკლესიაში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ტაძარია და რომლის საცხოვრისი - ცაშია, მისი განკაცების კიდობანი ღიაა მთელი სამყაროსთვის. როგორც ზეციური მანანა იყო დაცული წმიდა ოქროში, ასევე ღვთაება - ეკლესიის წმიდა სხეულში.
 
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
12:1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
 
 
ეკლესიის ხატი
   
ეს არის მამათა, წინასწარმეტყველთა და წმიდა მოციქულთა ძველი ეკლესია,რადგან მან მრავალი ჭირი და ტანჯვა დაითმინა, სანამ არ გამოჩნდა ოდესღაც წინასწარმეტყველთა მიერ დაპირებული მისი ხალხიდან და მის ხორცში. მზით შემოსვა აღდგომის სასოებასა და დიდების აღთქმაზე უთითებს. მთვარე კი ნიშნავს წმინდანთა ბუნებრივ სიკვდილს, რასაც ვერავინ შეცვლის. როგორც ადამიანთა სიცოცხლე იკლებს, ხოლო მომავალში იმატებს, ასევე მძინარეთა (მიცვალებულთა - "აპოკ." რედ.) სასოება მთლიანობაში ჩამქრალი როდია, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არამედ მათაც ექნებათ ბნელში ნათელი, როგორც მთვარე. თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი მამათა გვირგვინებია (სავარაუდოდ, 12 პატრიარქისა - რედ.), რომელთაგან სული (როგორც ჩანს ეს ქრისტეა, ხოლო სული აქ ეხება ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას - რედ.), ქრისტეს ხორციელად შობის თანახმად, ხორცშესხმას აპირებდა.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით. ჩვეულებრივ ითქმის, რომ გვარი იყოფა მრავალ ქვესახეობად, რომლებიც ერთი და იგივეა, რადგან ის, რაც ზეცაა, აქ - ტაძარია ცაში, ან - ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით, ანუ ქრისტეშემოსილი ეკლესია, რომელიც სიყვარულისთვის უგულებელყოფს ყოველივე წარმავალს. რადგან ამ წარმავალი ნივთებით არ არის შეპყრობილი ის, ვინც, წარუვალი სიკეთით განმტკიცებული, სამართლიანად ამბობს: ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს (ფსალმ. 72:28). აქედანვეა ის აღტაცებანი ეკლესიის გამო, რომელსაც ვკითხულობთ: მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი (ქება 6:10), და კიდევ: და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა (ფსალმ. 88:38) (პრიმაზიუსი ამ ადგილას მისდევს ტიკონიუსს - რედ.). ის გონივრულად ამბობს, რომ ეკლესია - მწირია, რადგან ქრისტეს ადამიანური შობის შემდეგ დავინახეთ, რომ მწვალებლებად იწოდებოდა მრავალი ცრუ შეხედულება. ამ ტაძრის შესახებ ლაპარაკობდნენ ერესიარქები, საკუთარი მოსურვებით იგონებდნენ რა სხვადასხვა სწავლებას - სხვას ვალენტინე, სხვას ბარდესანი, სხვას აპოლინარი, სხვას ნესტორი, სხვას ევტიქი და სხვას ტიმოთე ელური. ჭეშმარიტება თითქოსდა მიწიდან აღმოცენდა, და მას შემდეგ განხეთქილებები მოჰყვა. ამის შედეგად მართლმადიდებლებმა და ერთგულებმა მოიპოვეს ჯილდო, მაშინ როდესაც მწვალებლებმა ქრისტეს განკაცების გმობის გამო მარადიული სასჯელი დაიმსახურეს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე - ეს თორმეტი ვარსკვლავი შეიძლება გავიგოთ, როგორც თორმეტი მოციქული. ქალი, რომელსაც ემოსა მზე აღდგომის სასოებას ნიშნავს. ამიტომ დაწერილია: მასინ მზესავით გაბრწყინდებიან მათალნი მათი მამის სასუფეველში (მათე 13:43).
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.
 
 
ეკლესია წუთისოფელში
   
მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული - ეს ნიშნავს, რომ ეკლესია არასოდროს ისვენებს, როდესაც სიტყვს შობს გულიდან და ამავდროულად იდევნება ამ სამყაროში ურწმუნოთა მიერ.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, ანტიქრისტეს შესახებ.
 
 
ანუ თავისი ქადაგებით შეეკრიბა ხალხთა ჩონჩხი. ის იკივლებს მშობიარობის ტკივილებისგან, სანამ არ შემოიკრებს ხალხთა სიმრავლეს ან სანამ მისი წიაღიდან განიდევნებიან პირმოთნენი.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
მუცლად ეღო არა მუცელში, არამედ გონებაში, და კიოდა (ცრემლთა ველზე) მშობიარობის კივილით გაწამებული. ეკლესია სულიერად შობს მათ, ვისაც ამქვეყნად მოავლენს ტანჯვაშ, მაგრამ არ წყვეტს ტანჯვას მათი მოსვლით, ვინც შვა. ასე ამბობს მოციქული: შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე (გალატ. 4:19).
 
ეკლესიას სტკივა ყოველი იმ ადამიანის გამო, რომლებიც ხელახლა უნდა იშნენ წყლიდან და სულიდან მანამ, როგორც მოციქულმა თქვა: სანამ არ გამოისახება თქვენში ქრისტე (გალატ. 4:19).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.
 
 
სატანის სახე
 
წითელი ურჩხული დიდი - წითელი ურჩხული, რომელიც ელოდება ჩვილის დაბადებას, რათა შთანთქას იგი, არის ეშმაკი, ანუ განდგომილი ანგელოზი, რომელსაც სჯეროდა, რომ ყველა ადამიანის სიკვდილი შეიძლება თანაბრად დამდგარიყო (ამ ერთი ჩვილის სიკვდილით). ამასთან, მას, ვინც უთესლოდ იშვა, არაფერი ემართა სიკვდილის წინაშე, ამიტომ (ურჩხულს) არ შეეძლო მისი შთანთქმა, ანუ სასიკვდილოდ გაწირვა. მართლაც, მან დაიწყო მისი გამოცდა, როგორც კაცისა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ის არ იყო ის, ვინც მას მიაჩნდა, დრომდე გაშორდა მას, როგორც ამას მახარობელი ადასტურებს (ლუკა 4:13).
 
იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც იოანემ თქვა, რომ წითელი ურჩხული იყო, ანუ მკვეთრად წითელი, მისი საქმის ნაყოფი აძლევს მას ასეთ ფერს. რადგან დასაბამითგანვე კაცის მკვლელი იყო იგი (იოანე 8:44) და ყველგან თრგუნავდა კაცთა მოდგმას არა იმდენად სიკვდილის ვალით, რამდენადაც სხვადასხვა უბედურებებით. შვიდი თავი - ჩვენ ვამბობთ, რომ შვიდი რომაელი მეფეები არიან, რომელთაგანაც მოვა ანტიქრისტე, როგორც მოგვიანებით ვიტყვით ათი რქა ბოლო ჟამის ათი მეფეა და მათ შემდეგ უფრო სრულად განვიხილავთ.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს არის ეშმაკი. სხვა ნიშანში, რომელიც მან ახსენა, აღნიშნულია თვით ეშმაკის მტრული დამოკიდებულება, რომელმაც შურის ალით აღანთო ჰეროდე, რათა მას ქრისტე მოეკლა, რომლის შესახებაც მან იცოდა, რომ იშვა იუდეველთა მეფე და თავს იკატუნებდა, თითქოსდა თაყვანს სცემდა მას, არადა ყოველი ძალით მის განადგურებას ცდილობდა. შვიდი თავი - მეფეებია, ხოლო რქები - სამეფოები ... რადგან შვიდ თავსა და შვიდ გვირგვინში მან ყველა მეფეთა მეფობა აღნიშნა. ხოლო ათი რქა - ათი მდევნელია, რომლებიც ბოლო ჟამს დიდ მშფოთვარებას მოაწევენ ეკლესიას.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
წიგნში ნათქვამია - სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში, თითქოს საყვედურობს ბოროტების მამამთავარს - სატანას, რომ, იყო რა ზეციერი, ამპარტავნობის გამო გახდა მიწიერი. იგი მას ცაში გამოსახავს, რათა განდგომილმა დაინახოს, თუ რა სიმაღლიდან რა ჯურღმულამდე დაეცა.
 
აჰა, წითელი ურჩხული დიდი - მოციქული სატანას ურჩხულს უწოდებს, რადგან იგი დაიკლაკნა და ასე ამბობს მასზე ესაია: ლევიათანს, გველს დაკლაკნილს (ეს. 27:1). წითელს კი უწოდებს მისი სისხლისმსმელობისა და რისხვის გამო. რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი - წინასწარმეტყველმა იგი მრავალი თავით დაინახა, რის გამოც ღმერს ეუბნება: შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს (ფსალმ. 73:14). იოანე ამბობს, რომ იგი მრავალთავიანია (ხოლო რიცხვი შვიდი აღნიშნავს ბევრს, რაც არაერთხელ ითქვა) იმის გამო, რომ სატანა ჩაიფიქრებს და შეთქმულებას აწყობს ადამიანების წინააღმდეგ მრავალი ხრიკით, რომელთა დახმარებითაც იგი მათ დაიმონებს, რადგან გვირგვინი არის ტირანიის სიმბოლო, ათი რქა მიანიშნებს მის უდიდეს ძალაზე, რადგან რიცხვი ათი სრულყოფილია, რქა კი ძალაუფლების ნიშანია. რადგან ნათქვამია: მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ (ფსალმ. 91:11). რქა რომ ძალაა, შეგიძლიათ გაიგოთ, როდესაც იობის წიგნს წაიკითხავთ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამ შემთხვევაში ცა ჰაერს აღნიშნავს, ხოლო ურჩხული - ეშმაკს (იხ. ფსალმ. 103:26 - რედ.) - იმას, ვინც, როგორც იობის წიგნშია, შერცხვენილ იქნა ღმრთის ანგელოზთაგან (იხ. იობი 40-41 - რედ.). წითელს კი უწოდებს მისი სისხლისმსმელობისა და რისხვის გამო. რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი - წინასწარმეტყველმა იგი მრავალი თავით დაინახა, რის გამოც ღმერთს ეუბნება: შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს" (ფსალმ. 73:14). იოანე ამბობს, რომ იგი მრავალთავიანია (ხოლო რიცხვი შვიდი აღნიშნავს ბევრს, რაც არაერთხელ ითქვა) იმის გამო, რომ სატანა ჩაიფიქრებს და შეთქმულებას აწყობს ადამიანების წინააღმდეგ მრავალი ხრიკით, რომელთა დახმარებითაც იგი მათ დაიმონებს, რადგან გვირგვინი არის ტირანიის სიმბოლო. ათი რქა მიანიშნებს მის უდიდეს ძალაზე, რადგან რიცხვი ათი სრულყოფილია, რქა კი ძალაუფლების ნიშანია. რადგან ნათქვამია: მიამადლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ (ფსალმ. 91:11). რქა რომ ძალაა, შეგიძლიათ გაიგოთ როდესაც იობის წიგნს წაიკითხავთ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4ა. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.
   
 
განდგომილთა ხვედრი
 
დიდი ურჩხული, წითელი, მრავალსახოვანი, მრავალმხრივი, შვიდთავიანი, რქებიანი, რომელიც მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, მომლოდინე, რომ შთანთქას მშობიარე ქალის შვილი, არის ეშმაკი, რომელიც შეთქმულებას აწყობს და მზად არის, შებილწოს განათლებულთა ქრისტეს ერთგული გონება და მათში ხელახლა შობილი სიტყვის ხატება და მსგავსება. მაგრამ ის ვერ აღწევს მიზანს და ვერ იჭერს ნადავლს, რადგან ხელახლა შობილნი აღტაცებულნი არიან ღვთის ტახტის სიმაღლემდე, ანუ ზევით ღვთის ტახტთან, და ჭეშმარიტების შეურყეველ საფუძვლამდე მაღლდება იმ ახალი ადამიანების გონება, რომლემბაც ისწავლეს იქ არსებულის ჭვრეტა და წარმოდგენა, რათა არ აცდუნოს ქვეგართქმულმა ურჩხულმა... მას არ აქვს უფლება დაღუპოს ისინი, ვინც იბრძვის და მწუხარებას ხედავს.
 
ცის ვარსკვლავები კი, რომლებსაც იგი კუდით მოითრევს და მიწაზე გადმოყრის - ერეტიკული სექტებია. რადგან ურწმუნოთა შეკრებებს ბნელი, პირქუში და ქვემოთ მბრუნავი ვარსკვლავები უნდა ეწოდოს, რადგან ისინიც ასევე ითვისებენ ზეციურის ცოდნასა და ქრისტეს რწმენიას, სულის ყოფნას ზეცაში და ვარსკვლავებთან სიახლოვეს, თითქოს სინათლის შვიელბი იყვნენ. მაგრამ ისინი ჩამოყრილნი არიან, რადგან ურჩხულის ხრიკებს აჰყვნენ, რადგან ისინი არ დარჩნენ ღვთისმოსაობის სამმხრივი სახის შიგნით, როდესაც განუდგნენ მის მართლმადიდებლურ თაყვანისცემას. ამიტომ, მათ ცის ვარსკვლავთა მესამედს უწოდებენ, როგორც შეცდომილი სამების ერთ-ერთ რიცხვთან მიმართებით.
 
მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი.
 

კუდი - ეს მტრული წინასწარმეტყველები, ანუ მწვალებლები არიან, რომლებმაც განმეორებითი ნათლისღებით დედამიწაზე ჩამოყარეს ცის ვარსკვლავები, შეერთებულნი მათთან: ისინი არიან - ქალის ფეხებთან. მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ეშმაკმა შეიამხანაგა მისდამი თანაგრძნობის გამო. ესენი არიან ის ანგელოზები, რომლებიც მასთან ერთად ჩამოიყარნენ ციდან, როცა დაეცა.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
იოანეს ნათქვამი, რომ ურჩხული კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, ორგვარად გაიგება. მრავალნი ფიქრობენ, რომ მას შეეძლო წარეტყვევნა მორწმუნეთა მესამედი. მაგრამ უფრო სწორია ვიფიქროთ, რომ აქ ლაპარაკია ანგელოზთა მესამედ ნაწილზე, რადგან სატანა უკვა მანამდე იყო თავადი, როდესაც მისთვის დაწესებული სიმაღლიდან დაეცა.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კუდი - ცრუწინასწარმეტყველები არიან, რომლებმაც ცის ვარსკვლავები, ანუ უბრალო ადამიანები, რომლებიც მათ მიემხრნენ, დედამიწაზე გადმოყარეს. ხოლო როდესაც ვარსკვლავთა მესამედ ნაწილზე ლაპარაკობს, იოანე გვიჩვენებს იუდეველებს და მათ მთავრებს, რომლებმაც უარყვეს ქრისტე, ბოროტი ხმით გაიძახოდნენ, რომ მათ ქრისტე კი არ სურდათ სათავეში, არამედ კეისარი და ამიტომ სიკვდილით დასაჯეს (იხ. იოანე 19:15. - რედ.).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს - სატანამ ანგელოზთა უმრავლესობა დასცა, დაარწმუნა რა ისინი, რომ ღმერთს განდგომოდნენ და ზეციურნი მიწიერად, ნათელნი კი ბნელად აქცია. კუდი - როგორც უკანასკნელი და ცოდვების გამო უკან მდგომი. თვითონ, უწინ ჩაიფიქრა რა სიშლეგე და განდგომილება და ამპარტავნული ზრახვით საკმარისად ასაზრდოვა ისინი, სწორედ ამით მიიყვანა დანარჩენები დაღუპვამდე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამ ვარსკვლავებში, რომლებსაც ურჩხული კუდით მოითრევდა, მოიაზრება პირველი დაცემა ზეცაში, ხოლო ანგელოზთა სიმრავლეში - ციდან გადმოყრილი დაცემული ანგელოზები ან დემონები. მარადიულად განდგომილი ეშმაკი ეკლესიის წინაშე დგას, რათა ის მორწმუნეები, რომლებიც იშვებიან ეკლესიის მიერ აცდუნოს; იგი ყოველთვის იარაღდება ეკლესიის წინააღმდეგ, გაშმაგებით იღვწის და ეკლესიის დევნით დევნის ქრისტეს, რომელიც არის თავი ყველა მორწმუნისა. ამიტომაც სავლეს ასე კი არ უთხრა: რატომ სდევნიო მორწმუნეებს, არამედ - რად მდევნიო მეო. ხოლო "შვილი" არის ყველა მორწმუნე ადამიანი, ეკლესიის ძე, რომელიც გულისთქმებით არ შეგინებულა, არამედ ახოვნად წინ აღუდგა მათ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.


4ბ. და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.
 
 
ეშმაკი ცნობს ქრისტეს
   
წითელი ურჩხული, რომელიც დგას და ელოდება როდის შობს ქალი შვილს, რათა შობისთანავე შთანთქას, - არის ეშმაკი, ანუ განდგომილი ანგელოზი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ყველა ადამიანის სიკვდილი მათი ხორციელი სიკვდილით დადგებოდა. მაგრამ მას, ვინც უთესლოდ იშვა, არაფერი ჰქონია საერთო სიკვდილთან. ამ მიზეზით ეშმაკმა ვერ შეძლო მისი შთანთქმა, ანუ სასიკვდილოდ გაეწირა იგი. რადგან, როდესაც ეშმაკი მასთან მივიდა საცდუნებლად, და გაიგო, რომ ეს ის არ არის ვინც ეგონა, დრომდე გაშორდა მას (ლუკა 4:13).
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ლაპარაკია მოვლენებზე უფლის ცხოვრებიდან. რადგან უნდა დაბადებულიყო ის, ვინც დაარღვევდა მის ბატონობას, სატანა ყურადღებით აკვირდებოდა, რათა, როგორც კი ქალწული შობდა, დაეღუპა ახალშობილი ყრმა. იმიტომ ხომ არ იზრუნა იმაზე, რომ აღეძრა ჰეროდე დაეხოცა მამრობითი სქესის ყველა ყრმა? ესაია გვახარებს: რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ (ესაია 8:4).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
განდგომილი ყოველთვის არის ამხედრებული ეკლესიის წინააღმდეგ და გაძლიერებით ცდილობს ეკლესიის მიერ აღორზინებულნი თავის ლუკმად აქციოს, უმეტესად კი დევნის თვით ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს, ისაკუთრებს რა იმას, რაც მართალთ ეკუთვნის. ამიტომაც ამბობს უფალი: საულ, საულ, რად მდევნი მე? (საქმე 9:4).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეკლესიაში დაბადებულნი
   
უწმიდესი ჯვრის მიერ წმიდა დედამ, ეკლესიამ, მიგვიღო თავის წიაღში, რომელიც, ისევე როგორც ჩვენს ძმებს, სიხარულით შობს ნათლისთვის. ამასთან, როგორც ამგვარი დედის შთამომავალთ (სანამ ის ჭეშმარიტ ნათელს დაუბრუნებდეს წმიდა ნათლისღებით აღორძინებულთ), - მათ, ვისაც წიაღში ატარებს, - ჯეროვანი საკვებით ჰკვებავს და გახარებულნი მათი შობის დღემდე მიჰყავს.
 
მაგრამ მოცემული მდგომარეობა არ ეხება ევას, რომელიც მშობიარობის ტანჯვით გაწამებული შობს არა გახარებულ შვილებს, არამედ მგლოვიარეთ. დედა ეკლესიამ განყო ის, რაც შეაერთა ევამ, - რადგან შთამომავლობა, რომელსაც ევამ თავისი ურჩობის გამო სიკვდილი მიუბოძა, დედა ეკლესიამ მორჩილების წყალობით კვლავ სიცოცხლეში დააბრუნა.
 
ყველა საიდუმლო, რომელსაც ჩვენში ღვთის მონები ასრულებენ: ეგზორციზმები, ლოცვები და სულიერი გალობები, სულის შებერვები (სულის შებერვით ეშმაკის განდევნის წესი - ნათლისღების საიდუმლოს შემადგენელი ნაწილი - რედ.), კვართი, ქედის მოხრა, მორჩილება, - ეს ყველაფერი, როგორც ვთქვი, არის საკვები, რომელიც დედის წიაღში გვაცოცხლებს, რათა ნათლისღებით განახლებულნი წარვუდგეთ ქრისტეს.
 
აპოკალიფსისში მოციქული იოანე ამბობს, რომ დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. ურჩხული რომ ეშმაკია - არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ ეპარება; არც იმაში, რომ ეს ქალწული აღნიშნავს მარიამს, რომელმაც წმინდამ, შვა ჩვენი წმინდა უფალი. მან საკუთარ თავში ასევე მიუთითა წმიდა ეკლესიაზეც: როგორც ღვთისმშობელი, რომელმაც შვა ძე და უმწიკვლო დარჩა, ასევე ეკლესია ყოველ ჟმს შობს თავის წევრებს და არ კარგავს ქალწულობას.
 
კვოტვულდი კართაგენელი, სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ.
 
 
5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.
   
 
ქრისტეს მარადიული შობა
   
ეს ნიშნავს მამრობით შთამომავალს და სრულყოფილ ქრისტეს, ღმრთის ძეს, ღმერთსა და ადამიანს, ნაუწყებს წინასწარმეტყველთა მიერ: სწორედ მას შობს მარადიულად ეკლესია და (მის შესახებ) ასწავლის ის ყველა ხალხს. გამოთქმა: ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე, - ნიშნავს, რომ ზეციური მეფეა, და არა მიწიერი ის, ვისაც ეკლესია მარადის შობს, როგორც ამის შესახებ იუწყება დავითიც სიტყვებში: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (ფსალმ. 109:1).
 
ეკლესია არ შეწყვეტს გულიდან სიტყვის შობას, რომელიც დედამიწაზე ურწმუნოთა მიერ იდევნება. ეკლესია ადამიანებისთვის ყოველთვის შობს ქრისტეს, რომლის "შეჭმასაც" (განადგურებას) ჯერ კიდევ დასაწყისშივე ესწრაფოდა სატანა, ჰეროდეს სახით.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, ანტიქრისტეს შესახებ.
 
 
შობილნი ეკლესიისგან
   
სიტყვის განკაცების საიდუმლო აპოკალიფსისამდე დიდი ხნით ადრე აღსრულდა, იოანე კი მოგვითხრობს აწმყოსა და მომავალზე. ამასთან ქრისტე აქამდე დიდი ხნით ადრე შობილი, არ იყო ატაცებულ შობის შემდეგ ღმრთის ტახტთან იმის შიშით, რომ გველს მისთვის ზიანი არ მიეყენებინა. არამედ, იმისთვის დაიბადა ქრისტე, და იმიტომ გარდამოხდა მამის საყდრიდან, რათა მოეთვინიერებინა ურჩხული, და დაეთმინა ხორცზე მისი თავდასხმა.
 
ამგვარად, შენც აუცილებლად უნდა აღიარო, რომ ეკლესიას წიაღში ჰყავს მოსანათლავები, ისევე როგორც ესაიას მეშვეობით ბრძანებს სული ერთ ადგილას: ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები? (ესაია 66:7-8).
 
ვის გაექცა ის უდაბნოში (გამოცხ. 12:6)? რა თქმა უნდა, ურჩხულს, რათა ამ სულიერ სიონს ეშვა ერი, მამაკაცი, რომელსაც, არ გააჩნდა რა ქალური სინაზე და უძლურებანი, ერთობაში მოსულიყო უფალთან და განმტკიცებულიყო მოშურნეობით.
 
წმ. მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი.
 
 
ჰეროდესგან თავდახსნა
 
თუ ვინ არის ეს დაბადებული ყრმა, შენ მთელი სისავსით გვიმჟღავნებ, ჰოი, იოანე! ამბობ: "რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი". ღმერთის მსგავსო, შენ ღიად დაასახელე ჩვენი მაცხოვარი და უფალი იესუ ქრისტე. რადგან საკუთარი მამა უცხადებს მას: მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ (ფსალმ. 2:8-9).
 
და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მამის ტახტის წინაშე - შხამიანი ურჩხული ჩაუსაფრდა და ჰეროდეს მოუწოდა, ბეთლემში ჩვილები დაეხოცა, რათა სწორედ მათ შორის უფალიც მოეძებნა (იხ. მათე 2:1-18. - რედ.). ბავშვი კი მამის განგებულებით გადაურჩა ბოროტ განზრახვას: რადგან იოსებმა მოისმინა ბრძანება ბავშისა და მისი დედის წაყვანის, ეგვიპტეში გაქცევის შესახებ, სანამ ჰეროდე ცდილობდა ბავშვის სულის პოვნას.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მოტყუებული ეშმაკი
 
სამართლიანად ითქვა, რომ ეკლესიის თავი ქრისტე იბადება თითოეულში, ვინც აღიარებს მის ხელმწიფებას, რადგან თვითონ არის რწმენის მომცემიც და დამასრულებელიც, რომლის წყალობითაც ჩვენ სათნოებით აღვივსებით. რკინის კვერთხით - ანუ ურყევი სიმართლით, ის მართავს სიკეთეს და შემუსრავს ბოროტებას. ის, რაც ეკუთვნის თავს, უერთდება მის ეკელსიას, თითქოს სხეულს, ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით (გალატ. 3:27) და იქნებიან ორივენი ერთ ხორც (ეფეს. 6:31), რომელიც, როგორც მოციქულია მბობს, უნდა გვესმოდეს ქრისტესა და ეკლესიასთან მიმართებითაც (ეფეს. 5:32).
 
და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე - მართალია, ქრისტე, როგორც თავი, პირველი იყო, ვინც აღასრულა რა თავისი საქმე, მამასთან ავიდა, იგივე მოხდა სხეულთნ მიმართებითაც. აქედან გამომდინარეობს მოციქულის შემდეგი სიტყვები: მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას (ეფეს. 2:6); და: ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია (ფილიპ. 3:20); და კიდევ: თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ (კოლას. 3:1).
 
შენ თუ გსურს ეს ყველაფერი გაიგო სპეციალურად ქრისტესთან მიმართებაში, ოღონდ მშობიარობის ტკივილების გარეშე, რომელიც შეუძლებელია განეცადა ნეტარ მარიამს, რომელსაც, როგორც ვიცით ხორციელი ცოდვის არავითარი ვნება არ განუცდია (1), შენ ჯეროვნად შეგიძლია შეაერთო სხვა ეპიზოდები: მაგალითად, წითელი გველეშაპის ხრიკები - ეს არის დევნულებანი, რომელსაც ქრისტე ჰეროდეს გამო დაბადებიდანვე განიცდიდა. ჩვენ შევიმეცნეთ, რომ შემდეგში ვიდრე თვით ჯვარზე სიკვდილამდე უფალმა ისურვა მორჩილება. და როდესაც ურჩხულმა, პირი გააღო მის გასანადგურებლად, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით მოტყუებულ იქნა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
___________________________
 
1. არანაირი ვნება არ განუცდია (საეკლ. სლავ.: Прилог, ასევე აზრი (ბერძნ.: ἡ προσβολή (prosbolē), და ლათ.: conceptus) - ეს არის ასკეტური ლიტერატურის ტერმინი, რომელიც აღწერს ასოციაციის მიხედვით გონების, გულის ან სხეულის უნებლიე მოძრაობას, რომელიც მეხსიერების ან წარმოდგენებისა და წარმოსახვების მიერ იჭრება ცნობიერების სფეროში და დაკავშირებულია გარეგან საგნებთან. ქრისტიანი ასკეტი მწერლების თანახმად, მათთან დაკავშირებით ადამიანებმა უნდა გამოავლინონ გონიერება და სიფრთხილე, რათა არ გააიგივონ მათთან საკუთარი თავი, როგორც ნეიტრალურ იმპულსებთან, რომლებიც მათგანვე გამოდის, როგორც ამას სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელები აკეთებენ. იმ შემთხვევაში, თუკი აზრობრივი ვნება ადამიანში აღძრავს მიდრეკილებას რომელიმე სახის ცოდვისკენ, მან დაუყოვნებლივ უნდა განიშოროს ეს აზრი, როგორც დემონური შთაგონება ისე, რომ არ განიხლოს და არ გააანალიზოს მისი გაჩენის მიზერზები, რაც სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელთათვის ცნობიერებაში შემოღწეული ვნებითი აზრების დამკვიდრების კიდევ უფრო საშიშ მეორე სტადიას უკავშირდება. ქრისტიანულ ასკეტიკაში ზოგადი ორიენტაციისთვის იხ. А. Позов, Основы древнецерковной антропологии. В 2-х томах. Т.1: Сын Человеческий (Мадрид, 1965; Спб., 2008). - რედ.)
 
___________________________
 
 
ქრისტე ყველას დამწყემსავს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც
 
ეკლესიაში თითოეული მონათლულის სახით მარადიულად იბადება ქრისტე, რომელიც მორწმუნეებში ჩანს, როგორც მოციქული ბრძანებს: ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას (ეფეს. 4:13). ქრისტე თავისი რკინის კვერთხით მწყემსავს წარმართებს და დამწყემსავს აღდგომის შემდეგაც, როდესაც წმინდა და სარწმუნოებაში რკინასავით მტკიცე ადამიანებს იმ უძლური სულების მსაჯულებად დაადგენს, რომელთაც ვერ დაიტიეს სარწმუნოების ახალი ღვინო".
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
6. ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.
 
 
სიტყვის პატარძალი
   
მორწმუნეთა გულებში მშობელი მამრობითი სქესის ყრმა - სიტყვაა - და ურჩხულის გააფთრებისგან უდაბნოში უბიწოდ და დაუზიანებლად გაქცეული, ჩვენი დედა ეკლესიაა, როგორც ეს უკვე ვთქვით. უდაბნო, სადაც ის მივიდა და საზრდოობს იქ ათას ორას სამოცი დღე, ჭეშმარიტად თავისუფალია ბოროტებისგან, უნაყოფოა ხრწნილებისთვის, მიუწვდომელია და გაუვალია მრავალთათვის, მაგრამ ნაყოფიერი და მზრდელია, აყვავებული და ადვილად მისაწვდომია წმინდანთათვის, რომლებიც აღვსილნი არიან სიბრძნით და აღმომაცენებელია სიცოცხლის. ეს არის მშვენიერი და მცენარეებით მდიდარი, სათნოებათა კეთილსურნელოვანი სავანე, სადაც იფრქვევა სურნელება, როდესაც აღდგება ჩრდილოდან ქარი, და სამხრეთით მობერავს ქარი (ქება 4:16) და ყველაფერი აღვსილია საღმრთო ნამით, უკვდავი ცხოვრების დაუჭკნობელი მცენარეებით გვირგვინმოსილი, სადაც ახლა ჩვენც ვკრიფავთ ყვავილებს და სუფთა თითებით ვწნავთ დედოფლისთვის ქალწულობის მეწამულ და ბრწყინვალე გვირგვინს. რადგან პატარძალი სიტყვისა სათნოებათა ნაყოფებით არის დამშვენებული.
 
ათას ორას სამოცი დღე, რომლის განმავლობაშიც ჩვენ, ქალწულნი, აქ ვიმყოფებით, არის ისეთი ზედმიწევნითი ცოდნა მამის, ძისა და სულის შესახებ, რომელშიც ჩვენი დედა ხარობს და მხიარულობს... რადგან ათასი, რომელიც ათი ასეულისგან შედგება, სრულყოფილი და სრული რიცხვია და, შესაბამისად, წარმოადგენს მამის სიმბოლოს, რომელმაც ყველაფერი შექმნა თავის თავში და ყველაფერს შეიცავს საკუთარ თავში. ორასი, რომელიც შედგება ორი სრულყოფილი რიცხვისგან, სულიწმიდის სიმბოლოა, ვინაიდან იგი გვამცნობს ძისა და მამის ცოდნას. ხოლო სამოცი, რომელიც შეიცავს ექვს რიცხვს და ათჯერ არის აღებული, არის ქრისტეს სიმბოლო; რადგან ექვსი რიცხვი, დაწყებული ერთეულიდან, შედგება საკუთარი გამყოფებისგან, ისე რომ მასში არც ნაკლებია და არც მეტი; იყოფა რა თავის გამყოფებად, იგი მთლიანად შედგება მათგან. ასე რომ, თუ ექვს რიცხვს გავყოფთ თანაბარ ნაწილად იმავე გამყოფების მიერ, მაშინ გაყოფილი ნაწილებიდან კვლავ მთლიანად იმავე რაოდენობას მივიღებთ.
 
პირველ რიგში, ორზე გაყოფისას ის იძლევა სამს, სამზე გაყოფისას იძლეა ორს, დაბოლოს, ექვსზე გაყოფისას გვაძლევს ერთს და მათგან ისევ მთლიანად თვითონ იმნება თავისივე თავში. როდესაც ორზე გაყოფისას გვაძლევს სამს, და სამზე გაყოფისას - ორს, და ექვსზე გაყოფისას - ერთს, როდესაც ერთმანეთს დაემატება სამი, ორი და ერთი, ის კვლავ მთლიანად ხდება ექვსი. ხოლო ყველაფერი, რასაც სრულად არ სჭირდება მთლიანობისთვის სხვა რამე და თავის თავზე მეტი არასდროს გახდება, უპირობოდ სრულყოფილია.
 
დანარჩენი რიცხვებიდან ზოგი სრულყოფილია, მაგალითად, თორმეტი, რადგან ორზე გაყოფის შემდეგ იგი იძლევა ექვსს, სამზე გაყოფისას - ოთხს, ოთხზე გაყოფისას - სამს, ექვსზე - ორს და თორმეტზე - ერთს, ხოლო ეს რიცხვები, რომლებზეც იყოფა, ისევ რომ შევკრიბოთ, თორმეტს გადააჭარბებს, რაც ამრიგად აღარ იქნება თავისი გამყოფების ტოლი, როგორც რიცხვი ექვსი.
 
სხვები უფრო ნაკლებად სრულყოფილნი არიან, მაგალითად, რვა; რადგან ორზე გაყოფისას იგი იძლევა ოთხს, ოთხზე გაყოფისას - ორს და რვაზე - ერთს; რიცხვები კი, რომლებზეც იგი იყოფა, ისევ რომ შევკრიბოთ მივიღებთ შვიდს, ამიტომ მას კვლავ სჭირდება ერთი, რომ შეივსოს - არა ისე, როგორც ექვსი, რომელიც, ნებისმიერი შემთხვევაში, თავისი თავის ტოლი რჩება.
 
ამიტომ ეს უკანასკნელი ასევე ვრცელდება ღვთის ძეზე, რომელიც საღვთო სისავსისგან ამ ცხოვრებაში ჩამოვიდა. და როდესაც თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა (ფილიპ. 2:7), იგი კვლავ შევიდა თავისი სრულყოფისა და ღირსების სისრულეში, იგი დამცირების დროსაც არ წყვეტდა, ყოფილიყო სრულყოფილი.
 
გარდა ამისა, ამ რიცხვს შეიცავს სამყაროს შექმნა და მოწყობა, რადგან ექვს დღეში ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა და ყველაფერი, რაც მათშია, სიტყვის შემოქმედებითი ძალით, რომელიც მოიცავს ექვს რიცხვს, რომლის მიხედვითაც არსებობს სამმაგი სახე, რომელიც ქმნის სხეულს. რადგან სიგრძე, სიგანე და სიღრმე ქმნიან სხეულს, ხოლო ექვსი რიცხვი ასევე შედგება ამ სამი მხარისგან.
 
მღვდელმოწ. მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი.
 
 
მარიამის ხსნა
   
ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათს ორას სამოცი დღე - განა ჩვილი გადაურჩა ურჩხულის ხრიკებს, ხოლო ქალი განადგურდა? რა თქმა უნდა არა. თავად ღვთისმშობელი გადარჩა ეგვიპტეში გაქცევით, რომელიც იყო უდაბნო, გათავისუფლებული ჰეროდეს ინტრიგებისგან. იქ, - ამბობს იოანე, - ცხოვრობდა და თავს ირჩენდა ათას ორას სამოცი დღე, რაც თითქმის სამნახევარი წელიწადია. რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ღვთისმშობელი ეგვიპტეში დარჩა ჰეროდეს სიკვდილამდე, რის შემდეგაც ანგელოზის ბრძანებამ ისინი კვლავ იუდეაში მიიყვანა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეშმაკის ძალის განადგურება
   
ჩვენ მართებულად მიგვაჩნია ეს ქვეყანა უდაბნოდ, სადაც ქრისტეს მიჰყავს ეკლესია (დათქმულ) მიზნამდე და კვებავს მას. სამყაროში თავად ეკლესია, ქრისტეს დახმარებით, თელავს და ანადგურებს ამპარტავან და ბოროტ ადამიანებს, როგორც მორიელებსა და გველებს, და სატანის ყველა ძალას.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
თავდახსნა უდაბნოში
   
როდესაც, ამბობს იოანე, ანტიქრისტეში მოქმედი ეშმაკი თვით ანტიქრისტეს მიერ ამხედრდება ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინ რჩეულნი და ღირსეულნი, მოიძულებენ რა სამოქალაქო პატივს, ამაოებას და წუთისოფლის სიამეებს, დიდი მეთოდეს თქმით (იხ. მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი. 8.11. - რედ.), თავს შეაფარებენ უდაბნოს, უცხოს ყოველგვარი ბოროტებისა და ნაყოფიერს ყველა სათნოებისთვის, იქაც გაექცევიან მებრძოლი დემონებისა და ბოროტი ადამიანების ვნებათამიერ აძღვრას. სავარაუდოა ისიც, რომ გრძნობისმიერი უდაბნო, როგორც ადრე მოწამეებს, იხსნის მთებში, ხევებში და მიწის ნაპრალებში თავშეფარებულ ქრისტიანთ, რომლებიც გაექცევიან ანტიქრისტეს შეტევებს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ანგელოზთა მხედრობა
ომი ცაში
 
12:7-12
 
 
ახ. ქართ.:
 
7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.
 
8. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.
   
9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.
   
10. მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.
 
11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.
 
12. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.
 
 
ძვ. ქართ.:
 
7. და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ.
 
8. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.
 
9. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს.
 
10. და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.
 
11. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე.
 
12. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.
 
 
 
***
 
მიმოხილვა: სატანა ჩამოგდებულია ციდან ღმრთისადმი დაუმორჩილებლობის გამო (ვიქტორინე პეტავიელი, ეკუმენიოსი). მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზებთან ერთად, დანიელის და ასევე ეზეკიელის თანახმად, შეებრძოლა ეშმაკს (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). განდევნისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ეშმაკი ზიანს აყენებს ადამიანებს (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი) და უწმინდურ სულებთან ერთად სახლდებიან ადამიანებში, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან მიწიერს (კესარიოს არლელი).
 
განდგომილი ეშმაკად იწოდება ღმერთზე ცილისწამების გამო (ანდრია კესარიელი). ანგელოზები სატანის დამხობის შემდეგ გამარჯვების საგალობელს უგალობენ ღმერთს და ადამიანებს ძმებს უწოდებენ (ეკუმენიოსი). გამოსყიდულებში ღმერთი ავლენს წყალობას, უარყოფილებში - სამართლიანობას (პრიმაზიუსი, ეკუმენიოსი). გლოვა - ცრემლი დასჯილთათვის, გალობა - სიხარული წმინდანთათვის (პრიმაზიუსი).
 
 
***
 
 
7-8. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.
   
 
ციდან გადმოყრილები
   
ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის დასაწყისი.
 
მაგრამ მანამ ილიამ უნდა ილოცოს და დადგეს მშვიდობა, მხოლოდ სამი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, როდესაც დასრულდება ილიას ლოცვა, ანტიქრისტე გადმოგდებულ იქნება ციდან, სადაც მას დღემდე გააჩნდა ამაღლების ძალაუფლება, როგორც ყველა განდგომილ ანგელოზს. იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე ამოდის ქვესკნელიდან, ლაპარაკობს მოციქული პავლეც: ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს (2 თესალონიკ. 2:3-4).
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ხილვა, რომელიც აპირებს მოგვითხროს ანტიქრისტესთან დაკავშირებულ მოვლენათა შესახებ, გულისხმობს წინმსწრობი მოვლენის დაწყებას, რასაც ნაწილობრივ ადრეც იხსენებს. რადგან სატანის გადმოგდება ციდან ... უფრო ადრინდელია. ამის შესახებ თქვა უფალმა: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან (ლუკა 10:18). რატომ ამბობს იოანე - ატყდა ბრძოლა ცაში? საღვთო წერილში ნათქვამია, რომ სატანა თაყვანს არ სცემდა ღმერთს, ანუ მან აღიმაღლა ძლიერი და მოუდრეკელი ქედი მის წინააღმდეგ და მას განუდგა. ღმერთი, რომელიც ბუნებით კეთილი და თავმდაბალია, ამას ითმენს, მაგრამ ღვთის ანგელოზებმა ვერ გაუძლეს თავიანთი ბატონის თავხედობას და განაყენეს იგი მათთან ერთად მკვიდრეობისგან. აქედან გამომდინარე, აქ ნათქვამია, რომ მიქაელი, ანგელოზთაგან უდიდესი წინამძღოლი, შეებრძოლა სატანას და მის მეგობრებს და სატანა მასთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ბრძოლა ეშმაკთან
 
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეშმაკმა და მისმა ანგელოზებმა გაბედეს ბრძოლა ცაში, რადგან ღვთის დაშვების გარეშე ეშმაკმა იობის გამოცდაც კი ვერ შეძლო (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.). ცას ის უფრო ეკლესიას უწოდებს, სადაც თითოეული მორწმუნე განუწყვეტელ ებრძვის სულიერ მანკიერებებს. ამიტომ მოციქული ამბობს: რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6:12). ამიტომ იოანე ამბობს, რომ მიქაელი და მისი ანგელოზები ეშმაკს ებრძვიან, რომ თუ ამ ადგილს სწორად გავიგებთ, ღვთის ნებით ის იბრძვის მისთვის, ლოცულობს ყარიბი ეკლესიისთვის და შეეწევა მას. როგორც მოციქული ამბობს: განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე? (ებრ. 1:14). რადგან თავად სახელი მიქაელი ითარგმნება, როგორც "ღვთის შემწეობა" და, შესაბამისად, ეს საქმე საგანგებოდ მისთვის არის განკუთვნილი.
 
დანიელმა თქვა, რომ უკანასკნელი განსაცდელების დღეებში მიქაელი მოვა, რათა ეკლესიას შეეწიოს: იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება (დანიელი 12:1). ანგელოზები ნახსენები არიან, როგორც მისი ანგელოზები მეტყველების გარკვეული წესის შესაბამისად, რასც სხვაგანაც ვხვდებით - მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს (მათე 18:10) - მათი, ანუ ვინც რწმენით დაიწყო ქრისტეში მოქალაქეობა. ასევე აქაც - მისი ანგელოზები ­ რადგან იგულისხმება, რომ ისინი ერთი თავის დაცვის ვეშ იმყოფებიან და ერთი სიცოცხლის მომნიჭებელი სულით არიან დაჯილდოვებულნი (კესარიოს არლელი არაორაზროვნად აიგივებს მიქაელს ქრისტესთან: "მიქაელში იგულისხმე ქრისტე, ხოლო ანგელოზებში მისი წმინდანები" (PL 25 2334). - რედ.).
 
უნდა გვესმოდეს, რომ ეშმაკი და მისი ანგელოზები არა მარტო თვითონ არიან მსგავსნი ბუნებით და ნებით, არამედ ადამიანები, რომლებიც მათ მახეში გებნენ, ეშმაკის იმავენაირ თანამგზავრებად არია ქცეულნი, რადგან ეშმაკის შესახებ ნათქვამია - მტერმა ქნა ეს (მათე 13:28), და იუდას შესახებ - ერთ თქვენგანში ეშმაკია (იოანე 6:70).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.
 
ეს სიტყვები შეიძლება მივაკუთვნოთ ეშმაკის პირველ დაცემას, რომელიც ამპარტავნობისა და შურის გამო ანგელოზის ხარისხისგან იქნა ჩამოგდებული და, აგრეთვე, მეორე დაცემას, როდესაც იგი ძლეულ იქნა უფლის ვნებით (ჯვრაცმით), რაზეც უფალი ამბობს: აწ განისჯება ეს ქვეყანა, ან განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს (იოანე 12:31). ეშმაკის ამპარტავნობა ვერ მოითმინეს ცაში მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა და ამიტომაც, ღვთის ბრძანებით, იგი ზეციდან გადმოაგდეს, როგორც ამას ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ქერუბიმთა მიერ იქნა იგი გამოდევნილი, რომლებიც არიან ანგელოზთა მხედრობანი, რადგან ურჯულოებით იყო იგი აღსავსე (ეზეკ. 28:16). აგრეთვე, უფლის ჯვარცმისას სავსებით დაეცა იგი.
 
პაპიუსიც ბრძანებს: "ზოგიერთ მათგანს, ანუ ადრე ღმრთის ანგელოზთა დასში მყოფთ, უფლება მიეცათ დაუფლებოდნენ და ემართათ დედამიწა, რათა სიკეთით განეგოთ იგი, მაგრამ, - ამბობს შემდეგ, - მოხდა ისე, რომ მათ არაფრად ჩააგდეს თავიანთი ხარისხი" (ციტატა უცნობი ნაშრომიდან - რედ.).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.
 
 
სატანის ბრძოლა ადამიანთა წინააღმდეგ
   
და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში, შედეგად, აღარ იყო უკვე ცაში მისი საცხოვრისი და გადმოვარდა ქვეყნად. მან ეს გრძნობითად განიცადა, ანუ, ჩამოერთვა ანგელოზური და ზეციერი ღირსება, რის შემდეგაც ჩამოგდებულ იქნა ქვეყნად. შემდეგ, რაკიღა ვერ ძალუძს ზიანი მიაყენოს ღმერთს, ებრძვის ადამიანებს, ცდილობს ჩამოაშოროს ისინი უზენაესს, რადგან, ფიქრობს, რომ ამით ვნებას მიაყენებს თვით უფალს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ბრძენი კაცები იმ აზრისკენ იხრებიან, რომ ქვეყანაში იგულისხმება მიწიერი საგნები, რომლებშიც, როგორც მოგეხსენებათ, ეშმაკია ჩასაფრებული ამ წყევლის ძალით: მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე (დაბ. 3:14). სულიერი სფეროდან განდევნილი, თავს ესხმის ქვეყნის იმ ბინადრებს, რომლეთა დამარცხებაც შეუძლია. ამას ნიშნავს, რომ ის გადმოვარდა ზეციდან და დაემხო ქვეყნად.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეშმაკი და ყველა უ წმინდური სული თავიანთ თავადთან ერთად გამიდევნენ წმინდანთა გულიდან ქვეყნად, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ფილოსოფოსობენ მიწიერ სამყაროში და თავიათ იმედებს ამყარებენ ამქვეყნიურზე.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.

 
ეშმაკი ქრისტეს მოსვლის შემდეგ
 
და გარდმოვარდა დიდი ურჩხული ... ქვეყნად და სამართლიანადაც! რამეთუ ვერ დაითმენდა ზეცა ბოროტებას, რამეთუ რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან?! თუმცაღა სიტყვა სატანა-ს წინ (ბერძნულში) დგას წევრი ეშმაკისაგან განსასხვავებლად, ორივე ეს სიტყვა ეშმაკი და სატანა - ერთი და იმავე არსების აღმნიშვნელია. ეშმაკად ის იწოდება იმიტომ, რომ ცილს სწამებს სათნოებათა მოყვარეთ და თვით ღმერთსაც წინაშე კაცთა, როგორც ქნა ეს ადამის წინაშე და შურიან არსებად წარმოუდგენდა მას (დაბ. 3:4-5). მისი სრული დაცემა მოხდა შემდგომად ქრისტეს ჯვარცმისა, რამეთუ, როგორც დიდი ანტონის წინაშე თვითონ აღიარა, აღსრულდა ფსალმუნის სიტყვები, რომლის მიხედვითაც ჯვარცმის შემდეგ მტერისა მახვილი მოაკლდეს სრულიად (ფსალმ. 9:7). ამიტომაც სატანის დაცემა მისივე ბოროტ ზრახვათა დარღვევასა და ზეციდან გადმოგდების შემდგომ ადრინდელი ძალაუფლების წართმევაში მდგომარეობს. ნეტარი იუსტინე, მოწამე და ფილოსოფოსი, ბრძანებს, რომ ქრისტეს მოსვლის შემდგომ საგეჰენიოდ განსჯილი ეშმაკი კიდევ უმეტესი ღმრთისმგმობი გახდა. ის ადრეც გმობდა უფალს, მაგრამ ისე ურცხვად არა, როგორც ახლა, ამიტომაც, როგორც სრულიად სამართლიანად ითქვა მის შესახებ, "ბოროტებაში გასასტიკებულია მისი გული და გაქვავებულია" (იობი. 41:16). მაშ, თუკი სასჯელის მოლოდინი ასე ასასტიკებს მას და უზომო მზაკვრობის მოქმედია, სამარადისო სასჯელში ყოფნის დროს ცეცხლოვანი სასჯელებით ცოდვის ბიწი ერებისგან რანაირად განიწმინდება? ხოლო თუ ვერ განიწმინდება, როგორ შეიძლება ელოდონ მისი მომხრენი სატანჯველთა დასრულებას?!" (იხ. ათანასე 5.26.2, ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია 4.18.9. - რედ.).
 
ამრიგად, მისი დაცემა მდგომარეობს მის მზაკვარ წამოწყებათა და ზრახვათა დარღვევაში და ციდან ჩამოგდების შემდეგ - ადრინდელი მეუფების ჩამორთმევაში. ნეტარ იუსტინე ფილოსოფოსთან და მოწამესთან, ნათქვამია, რომ ქრისტეს მოსვლისა და გეენაში სატანის განსჯის შემდეგ ის კიდევ უფრო მეტი მგმობარი გახდა; მართალია, სატანა ადრეც გმობდა ღმერთს, მაგრამ არა ისე ურცხვად (იხ. წმ ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.26.2; ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. 4.18.9 - რედ.). ამიტომაც მის შესახებ ჭეშმარიტად ითქმის, რომ ბოროტებაში გახევებულს გული ქვასავით გაუმკვრივდა (შეად. იობი 41:16). თუკი უმზაკვრესი გახდა იგი სასჯელის მოლოდინში, როგორ შეძლებს ცეცხლოვანი განცდის მეშვეობით განიწმინდონ ცოდვისგან ან თვითონ ან მისი თანამსახურნი? ხოლო თუკი ამას (განწმენდას - "აპოკ." რედ.) ვერ მიიღებს, როგორ უნდა გააჩნდეს მას საკუთარი ტანჯვის დასრულების სასოება, როგორც ამას ფუჭად მეტყველი ერეტიკოსები ბრძნობენ (ეს არის სწავლება ორიგენისტული აპოკატასტასისის (ყველა საგნის აღდგენის) წინააღმდეგ, რომელიც გაკიცხულ იქნა კონსტანტინოპოლში მოწვეულ V მსოფლიო კრებაზე, 553. - რედ.) ?
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12:10-11. მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.
 
 
ანგელოზთა ძმები
   
წმიდა ანგელოზები, გამოტახავენ რა თავიანთ სიხარულს, რომელიც მათ სატანის განადგურებამ მოჰგვარა, ღმერთს დიდების საგალობელს უგალობენ: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რათა იყოს ის ყოვლისშემძლე, რადგან მისი შემწეობით დავამარცხეთ მტერი.
 
რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. როგორი თავმდაბლობაა წმინდა ანგელოზებისა! როგორ ჰბაძავენ ისინი თავიანთ მეუფეს, როდესაც ადამიანებს თავიანთ ძმებს უწოდებენ! და რა არის გასაკვირი ამაში, როდესაც ყველას მეუფეც არ მოერიდა, ადამიანებისათვის ძმები ეწოდებინა: ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ (ებრ. 2:12) (შეად. ფსალმ. 21:23. - რედ.).
 
მაგრამ, რას ამბობს იოანე სატანას შესახებ? რომ ის განაგდეს; რომ დამხობილ იქნა დიდებისგან. უკვე აღარ შეუძლია იდგეს ღმრთის წინაშე და ცილი სწამოს ადამიანებს. ხოლო ადამიანებმა იმავე ზომით შური იძიეს მასზე, დაამარცხეს რა ის, ვინც დაუმარცხებელი ჩანდა, ვინც ღმრთის წინაშეც კი ბედავდა ამხედრებას. მათ გაიმარჯვეს, მიმართეს რა შემწეობისთვის ქრისტეს პატიოსან სისხლს და მისი მოწმობის სიტყვას, რომელიც მოწამეებმა საკუთარ სიცოცხლეს ამჯობინეს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მართლის სული - ჭეშმარიტების საყდარია
   
ავტორი საკმაოდ ნათლად აჩვენებს, თუ რომელი ცა უნდა ვიგულისხმოთ მომხდარში. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს გამარჯვებით ეკლესიაში გამოვლინდა ცხონება, რომლის წყალობითაც ეკლესიამ ცნობილი ძალაუფლება მოიპოვა შეკრას თავისუფალი და გაათავისუფლოს შეკრული, როდესაც პეტრესადმი თქმულით, როგორც საზოგადო მინიშნება, მოისმინა: მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც (მათე 28:18). არა ის ძალაუფლება, რომელიც მას (ქრისტეს) ყოველთვის ჰქონდა, არამედ ის, რომელიც მან ეკლესიაში მიიღო, როგორც მის წევრთა თავმა იმ დროიდან, რა დროიდანაც თვითონ ისურვა...
 
იყენებს რა მხატვრულ ენას, იოანე ანგელოზების სახით ამბობს: ბრალმდებელი ჩემი ძმებისა, ანუ მომავალში ჩვენი თანამოქალაქეებისა, სადაც ანგელოზები ნეტარებით მკვიდრეობენ, დღეს ერთგულნი მიილტვიან. ანგელოზებს მიენიჭათ უფლება თქვან, რომ ეშმაკი გადმოვარდა ზეციდან და დაემხო ქვეყნად, რომ ისინი ხარობენ მათი ხსნის გამო, ვინც უფალმა ღირსი გახადა, მისი დავანების ტაძარი გამხდარიყო.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.
 
 
ვაი რწმენაში მერყევთ
   
ვინმე, ალბათ იტყვის: თუ სატანის ჩამოგდება ვნებას მოუტანს მიწასა და ზღვას, რატომ დაემხო იგი? იმიტომ, რომ ისინი, ვინც ფხიზლად არიან და ღმერთზე აქვთ დამყარებული სასოება, არა მხოლოდ არ ევნებიან, არამედ სარგებელსაც მიიღებენ. ისინი გამოიწვრთნებიან, როდესაც განსაცდელთა წყალობით უფრო ერთგულნი გახდებიან, და გამოიწრთობიან, როგორც ფოლადი. სატანა ვნებს ზარმაც და მოდუნებულ ადამიანებს, რომლებიც, ალბათ, მაშინვე, მაცდუნებლის გარეშეც, თავად გახდნენ ბოროტნი და უარი თქვეს ტანჯვაზე.
 
როდესაც იოანე ამბობს - ვაი, მიწას და ზღვას - არ გულისხმობს, რომ ეს ვაი ეხება მიწასა და ზღვაზე მცხოვრებ უამრავ ადამიანს. ის გულისხმობს მათ, ვინც, საღვთო წერილის თანახმად, მიწა და მტვერია (შეად. დაბ. 3:19. - რედ.), ვისაც მიწიერი ზრახვები ამოძრავებს, აგრეთვე - არამდგრად, მოხეტიალე და მოუსვენარი გონების ადამიანებს. რადგან საერთო მტერი, როდესაც ეწინააღმდეგება ასეთ ადამიანებს, იმონებს იმ უძლურთ, რომლებიც ნებაყოფლობით ემორჩილებიან მას. იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი - რადგან ეშმაკის დაცემიდან დრო მის განსჯამდე და დასჯამდე, უსასრულო საუკუნეებთან შედარებით, ხანმოკლეა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ტირილი, გალობა და ვაება
   
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანგელოზებთან ეკლესია ითვლება ზეცად. ანგელოზებსა და ადამიანებს მარტებთ, ერთობლივად ხარობდნენ უფალში, რადგან ითვლება, რომ ადამიანები ანგელოზების თანამოღვაწენი არიან, ხოლო ანგელოზები ქრისტეში ადამიანურ ბუნებას ემსახურებიან. ამას მოსდევს - ვაი მიწას და ზღვას...
 
იოანემ გვიჩვენა, თუ როგორი სიხარული ენიჭებათ გამოსყიდულებს, ხოლო დაღუპულებს - გოდება. ამიტომ ეზეკიელი ამბობს, რომ იხილა გრაგნილი, რომელზეც ეწერა "გოდება, გალობა და ვაი" (იხ. ეზეკ. 2:10. სინოდ. თარგმანშია: გოდება, მოთქმა და ვაი - რედ.). გოდებით აღნიშნავს დასჯილთა ცრემლებს, გალობით - წმინდანთა სიხარულს, ხოლო სიტყვით - ვაი გულისხმობს კონკრეტულად უკეთურთა დასჯას, რომლებიც აქაც არიან ნახსენებნი - ვაი, მიწას და ზღვას და ა. შ.
 
ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი - ემორჩილება რა უძლეველ ძალას, იგი უფალს აღიარებს და ამბობს: ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად (მათე 8:29).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წმინდანები - ახალი ცაა
   
ის ამბობს: ჩამოგდებულ იქნა, რათა შენარჩუნებულ იქნას ალეგორია: ყველა დანარჩენი ცაშია, - ანუ ეკლესიაშია, რომელიც იწოდება იმ ცად, საიდანაც წმინდანთა მიერ გადმოგდებული ეშმაკი ჩამოვიდა თავის თაყვანისმცემლებთან, რომლებიც ყოველივე მიწიერისადმი სიყვარულის გამო მიწად იწოდებიან. ის, რომ ზეციდან იქნა ჩამოგდებულ, იოანემ თქვა არა იმ აზრით, რომ ეშმაკი აღმოცენდა ადამიანებში, რომლებმაც უკვე გამოსახეს ზეცა, არამედ იმას, რომ არიან ისეთები, რომლებსაც ეს ზეცა არ გამოუსახავთ. რადგან წმინდანები ვერ გახდებოდნენ ცა, რომ არ დამხობილიყო ეშმაკი.
 
წმ. კესარიოს არლელი. გამოცხადების განმარტება.
 
 
ანგელოზთა თანაგრძნობა
   
ის, რომ ზეცის მკვიდრნი ხარობენ სატანის გადმოგდებას და ტირიან მათ გამო, ვინც სატანის შთაგონებით მიწიერი შეიყვარა, საკმაოდ რეალურია ან ღმრთისმიმბაძველია. ვაი მისი და ზღვის მკვიდრთ! ანუ მათ, რომლებიც არა ზეციურს, არამედ მიწიერსა და ამქვეყნიურს მიაპყრობენ თავიანთ გულისხმას. თუმც, მრავალნი ამქვეყნად მცხოვრებნი სძლევენ მტარვალს, რომელიც განსაკუთრებული გამძვინვარებით ესხმის თავს მორწმუნეთ, რადგან მოახლოებულია მისი სასჯელი. უნდა გვენანებოდეს და ვგლოვობდეთ იმათ, რომლებიც მხოლოდ მიწიერზე, ამქვეყნიურზე ზრუნავენ და ამსოფლიურ, ცხოვრებისეულ ზღვაში ინთქმებიან.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესიის გაქცევა უდაბნოში
ქალის გაქცევა უდაბნოში
 
12:13-17
 
 
ახ. ქართ.:
 
13. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.
 
14. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე.
 
15. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს.
 
16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.
 
17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
 
 
ძვ. ქართ.:
 
13. და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული.
 
14. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.
 
15. და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან.
 
16. და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით.
 
17. და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.
 
 
 
***
 
 
მიმოხილვა: ზეციდან თავისი გადმოგდების გამო ეშმაკს სძულს ეკლესია და დევნის მას (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). ურჩხულის თავის გამჭეჭყავი მოიპოვებს მოწამეობრივ გვირგვინს (მეთოდი პატრელი). უფალმა იოანეს მიანდო მარიამი, როგორც ქალწულობის ფუძემდებელი (ეპიფანე კვიპროსელი). ორი ფრთა - ორი აღთქმაა (პრიმაზიუსი), რომელზეც ეკლესია გადაიყვანება უდაბნოში (ანდრია კესარიელი), სადაც განახლდება სულიწმიდის ნიჭით და ჭვრეტს უფალს (ბედა პატივდებული). გველი ცდილობდა შეემუსრა ქალწული მაცხოვრის ვნებებით (ეკუმენიოსი). მიწა - ქრისტეს კაცობრივი ბუნებაა (პრიმაზიუსი). წმინდანთა მორჩილება მუსრავს ეშმაკის ძლიერებას, რომელმაც ვერ დაამარცხა რა უფალი მის წმინდანთა წინააღმდეგ აღდგა (ანდრია კესარიელი, ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
13. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.
 
 
სატანის შური
 
როდესაც დაინახა ურჩხულმა, თუ რა ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა და რომ ანგელოზთა დიდებიდან განიდევნა, მან სასტიკად შეიძულა ადამიანები და ქალი, ვინც მათი მაცხოვარი შვა და მას დევნა დაუწყო, რათა მოეკლა. დევნა დაუწყო ქალს, რადგან იცოდა, რომ მის მიერ შობილ ძეს ვერ დაატყვევებდა. მას შეშურდა ადამიანებისა, რადგან ისინი უფალმა იხსნა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სიძულვილი ეკლესიისდამი
 
როგორც ზემოთ ვთქვით, ეშმაკი თავის თავში ატარებს ეკლესიის მიმართ დაუცხრომელ სიძულვილს, რადგან, რაც უფრო მძაფრად განიცდის მარცხსა და დამხობას, მით უფრო დაჟინებით აგრძელებს ხრიკების გამრავლებას.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
14. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე.
 
 
დაცვა ეშმაკისგან
 
როდესაც ეშმაკი იძლია ქრისტეს მიერ და სრულიად დაეცა, მაშინ მან დევნა დაუწყო ეკლესიას, რომელიც არის მორწმუნეთა მშობელი, მაგრამ ეკლესიას ორი ფრთა მიეცა - ძველი და ახალი აღთქმისა. ეს არის არწივის ორი ფრთა, რათა გაფრინდეს უდაბნოში და იქ იცხოვროს, რაც ნიშნავს ცოდვისგან უცხო, წმინდა მოღვაწეობას. უდაბნოში დამალვა შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც სულიერი, ასევე გრძნობადი მნიშვნელობით. უდაბნო ოდითგანვე არის ადგილი, სადაც იმალებოდნენ და იმალებიან ჭეშმარიტი მოღვაწე-ქრისტიანები. ასეა ყოველთვის, განსაკუთრებით ანტიქრისტეს მოსვლის დროს, რომელიც სამწელიწად-ნახევარს მოიცავს. ამ დიდი დევნის დროს ანტიქრისტეს დაემალებიან ქრისტიანები გრძნობად უდაბნოში - მთებში, უფსკრულებსა და მღვიმეებში.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ორი არწივი, რა თქმა უნდა, ორი წინასწარმეტყველია, ქალი კი - მთელი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესია, რომელსაც უკანასკნელ ჟამს ირწმუნებს ას ორმოცდაოთხი ათასი ელია წინასწარმეტყველის ქადაგებიდან. ჩემი უფალი იესუ ქრისტე მისი მოსვლის დროს იპოვის მეორე ხალხსაც, რადგან თავად უფალი სახარებაში ამბობს: მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ(ლუკა 21:21), ანუ ყველა, ვინც იუდეაში შეიკრიბება, დაე წავიდეს, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე, რათა გარიდებოდა ურჩხულს (აპოკ. 12:14). დიდი არწივის ფრთები ორი წინასწარმეტყველია, ერთი ელია და მეორე - წინასწარმეტყველი, რომელიც მასთან იქნება.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამრიგად, მოვა რა აქ, ამ ბოროტებისგან უნაყოფო უდაბნოში, ეკლესია თავს ირჩენს მით, რომ ამაღლდება ცამდე ქალწულობის ფრთებით, რომელსაც ღმრთის სიტყვამ ვეება არწივის ორი ფრთა (ეზეკ. 17:3) უწოდა, დაამარცხა გველი და თავისი ნახევარმთვარეობიდან განდევნა პირქუში ღრუბლები.
 
ამრიგად, ნუ გეშინიათ ამ მხეცის ხრიკებისა და ცილისწამებებისა, არამედ მხნედ მოემზადეთ საბრძოლველად, აღიჭურვეთ მაცხოვნებელი მუზარადით და ჭეშმარიტება შეირტყით წელზე (იხ. ეფ. 6:14-17. - რედ.). ... ამასთანავე, გაქვთ რა მხნე და მამაცი სული, შეიარაღდით ამაყი მხეცის წინააღმდეგ. უკან ნუ დაიხევთ და მისი კადნიერება ნუ დაგაბრკოლებთ: სანაცვლოდ თქვენ მიიღებ საკვირველ დიდებას, თუკი, გაიმარჯვებთ და წაართმევთ მას შვიდ გვირგვინს, რომლისთვისაც მოგვიწევს შერკინება, მოციქულ პავლეს სიტყვისამებრ (იხ. Еф 6:12. - რედ.). რადგან ის, ვინც წინდაწინ დაძლევს ეშმაკს და მოაკვდინებს მის შვიდ თავს, ქალწულობის საოცარ ღვაწლს აღასრულებს და სათნოებათა შვიდი გვირგვინის ღირსი შეიქნება (იხ. გამოცხ 12:3. მეთოდესთვის ურჩხულის თავები - შვიდი ცოდვაა; შვიდი გვირგვინი - შვიდი სათნოება - რედ.).
 
ამრიგად ურჩხულის თავი არის თავშეუკავებლობა და ფუფუნება; მისი დამამხობელი ქალწულობის გვირგვინით დამშვენდება. მისივე თავია - შიში და უსასოება; ვინც მას დაამარცხებს მიიღებს მოწამეობრივ გვირგვინს; მისი თავია - ურწმუნოება და უგუნურება, და სხვა მსგავსი უკეთურებიანი; ვინც მათ მოწყლავს და მოკლავს დაიმსახურებს პატივს, როგორც მძლეველი ურჩხულისა. ხოლო ათი რქა და გვირგვინები, რომელსაც ის თავზე ატარებს, როგორც ითქვა, დეკალოგისადმი (ათი მცნებისადმი) წინააღმდეგობაა, რითაც ის ჩვეულებისამებრს აზიანებს მრავალი ადამიანის სულს და მათ ღუპავს, რადგან მარადჟამ იმ მცნების საწინააღმდეგოს იზრახავს, რომელიც ბრძანებს: გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით (მეორე სჯლ. 6:5).
 
აი მისი მხურვალე და სიმწრით აღსავსე რქა - სიძვა, რომლითაც ამარცხებს თავშეუკავებელთ; აი მრუშობა, აი სიცრუე, აი ვერცხლისმოყვარება, აი პარვა და სხვა მისი მსგავსი და მონათესავე ვნებანი, რომლებიც მის კაცთმოძულე თავებზე მძვინვარებენ. თქვენ კი, დაამარცხებთ რა მათ ქრისტეს შეწევნით, საკუთარ თავზე დაიდგამთ ბრწყინვალე ღვთიურ გვირგვინებს, რადგან ჩვენი მოვალეობაა - ყოველგვარ მიწიერს ვამჯობინოთ ზეციერი, და გონება თვითნებობისა და თავაშვებულობისგან დავიცვათ. სხვაგვარად, ადამიანი შეუძლებელია იყოს საკუთარი თავის უფალი და სათნო, თუკი არ მიბაძავს ქრისტეს და მისი ხატისებრ არ იცხოვრებს.
 
წმ. მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი.
 
 
ორი აღთქმა
 
ეკლესია ორ ფრთასავით იყენებს ორ აღთქმას. მათ მიერ განწავლული და მათი მცნებებით დამოძღვრილი, ის ცდილობს, განერიდოს მტრის მახეებს. ის სძლევს ეშმაკს, მათში არსებული მაგალითებით განმტკიცებული (იდეა, რომ ორი ფრთა - ეს არის ორი აღთქმა, სავარაუდოდ მომდინარეობს ტიკონიუსისგან - რედ.). გარდა ამისა. გარდა ამისა, ეკლესია ხელმძღვანელობს ორმაგი სიყვარულით - ღვთისა და მოყვასის მიმართ. მისი განმარტოების ადგილი ჩვენი ამქვეყნიური ყარიბობის ადგილია, რადგან ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ (2 კორინთ. 5:6), რაც უფრო მეტად ახასიათებს იმ გულს, რომელიც ტოვებს ქვეყანას, არა ადგილის დატოვების მნიშვნელობით, არამედ მასზე მიჯაჭვულობის დატევების გაგებით. ამიტომ წინასწარმეტყველი ამბობს: აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისგან, ქარიშხლისგან (ფსალმ. 54:8-9).
 
სახასიათოა, რომ აქ იოანემ არწივის ფრთების სახე მოიხმო, რადგან ცნობილია, რომ არწივს შეუძლია უფრო მეტი მანძილის დაფარვა ჰაერში, ვიდრე სხვა ფრინველებს, თუმცა ძირს დანახული ნადავლის გულისთვის, ბუნებრივი მოთხოვნილებით აღძრული, მაშინვე ეშვება მიწაზე. ანალოგიურად ეკლესიაც: თავის სულიერ წევრებში იგი გონებას ეძებს და სწვდება უზენაესს, მაგრამ სხეულის ტვირთით დამძიმებული ემორჩილება ბუნებრივ მოთხოვნილებათა საჭიროებებს, რის გამოც ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე (რომ 8:22), იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი (რომ. 8:20). და კიდევ: რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის (2 კორინთ. 5:13).
 
პერიოდი სამი წელი და ექვსი თვე აქ კვლავ აღნიშნავს დროს, რომლის პერიოდშიც ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე ქრისტეს ეკლესია იმატებს, გაექცევა კერპთაყვანისმცემლობას და ყოველგვარ გველისებრ შეცოდებას.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეკლესია, ეფუძნება რა ორ აღთქმას, გაურბის ამ წუთისოფლის მშფოთვარებას, ყოველდღიურად ელტვის გონების განმარტოებას სულიერი განსჯის ნავთსაყუდელში და სიხარულით გალობს: ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა (ფსალმ. 54:8). არაფერს არ ეწინააღმდეგება ის, რომ ითხოვს მტრედის ფრთებს, მაგრამ იღებს არწივისას. ჩვენ გვესმის, რომ პირველ ტექსტში ლაპარაკი მიდის ეკლესიაზე, ვისი სიყმაწვილე სულიწმიდის ნიჭის წყალობით არწივის სიყმაწვილესავითაა, მეორეში კი - მისი ფრენის სიმაღლე და მზერის ამაღლებულობა იგულისხმება, რომლის მიერაც ის წმიდა გულით უმზერს უფალს.
 
დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე - ეს ეხება ეკელსიის დროის სისავსეს, რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნული დღეების რაოდენობას. დრო ნიშნავს წელიწადს, დროთა - ორ წელს, ნახევარი დრო - ექვს თვეს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
15-16. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.
 
 
მიწა და ქალი
 
წყალი, რომელიც გველმა პირიდან ამოუშვა, ნიშნავს, რომ მას მოჰყვება ჯარი, მისივე ბრძანებით. ის, რომ მიწამ განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, ცხადყოფს, რომ ქალი გადაურჩა მდევნელებს. მიუხედავად იმისა, რომ (მოციქულმა) გვიჩვენა იგი, - მშობიარობის კივილით გაწამებული, შემდეგ კი, შობის მერე, ლტოლვილი უდაბნოდ, - ეს ყველაფერი ერდროულად არ მომხდარა. რადგან ვიცით, რომ ქრისტეს შობის დრო უკვე დადგა, მაგრამ დრო, როდესაც ქალი უნდა განერიდოს გველს, ჯერ არ დამდგარა.
 
მღვდელმოწამე ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
საღვთო წერილი ალეგორიულად უწოდებს გამოცდას მდინარეს. ერთ ადგილას იოანე ამბობს: როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა (იოანე 2:4). უფალი სხვაგან ამბობს: მოწვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული (მათე 7:25). მდინარე უფლის ტანჯვით გამოცდას ეწოდება. მისი დახმარებით, გველმა სცადა ღვთისმშობლის დახრჩობა. მართლაც, ვინაიდან მდინარეებმა იგი ჯვართა მიიყვანეს და უ დიდესი მწუხარება მოუტანეს, გველმა შეძლო განზრახის შესრულება. და რა უთხრა მას სიმონმა? და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი (ლუკა 2:35). მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან ქალის წინააღმდეგ. მიწამ მდინარე შთანთქა - ეს ნიშნავს, რომ მან თავად მიიღო განსაცდელი, ანუ მიიღო მოკლული უფალი. მაგრამ ამით არ შეეწია მიწა ქალს, არამედ იმით, რომ კვლავ მისცა უფალი. სამი დღის შემდეგ იგი აღდგა მკვდრეთით და დათრგუნა სიკვდილი, რადგან ღვთისმშობელს არ შეეძლო დაემორჩილებინა იგი, ვინც არის სიცოცხლის წინამძღვარი, წმინდა პეტრეს სიტყვის თანახმად (საქმე 3:15). იმისთვის, რომ თხრობა თანმიმდევრულად შესრულდეს, უნდა ვიცოდეთ დასასრული: მაგრამ მიწა შეეწია ქალს. შემდეგ, თითქოს კითხვის პასუხად: როგორ შეეწია? - მოსდევს განმარტება: შთანთქა მდინარე, ანუ საკუთარ თავში მიიღო უფალი, რომლის წინააღმდეგაც ხლართავდნენ ხრიკებს, კვლავ მისცა და ამით შეეწია ქალს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მიწა - ქრისტეს კაცობრივი ბუნება
 
დასაშვებია, რომ აქ მიწად გავიგოთ ეკლესია, როგორც ფსალმუნშია: რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე (ფსალმ. 103:5). სიმტკიცესა ზედა თვისსა, თავის საძირკვლებზე, ანუ წმინდანებზე, რომელთა ლოცვითა და ღვაწლით, რომელთა სწავლა-მოძღვრებით ნადგურდება მტრის აშკარა მზაკვრობანი. მაგრამ უმჯობესი იქნებოდა მიწაში ქრისტეს კაცობრივი ბუნება გვეგულისხმა, რადგან ის არის ჭეშმარიტება, რომელიც დედამიწიდან აღმოცენდა (შეად. ფსალმ. 84:12) და, რომელიც ყოველთვის ღმრთის წინაშეა, მოციქულის სიტყვისამებრ: რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს (ებრ. 9:24).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მორჩილება მუსრავს ეშმაკს
 
როდესაც ეკლესია ურჩხულისგან გაიქცევა, მაშინ ეშმაკი თავისი ჭურჭლიდან ანტიქრისტეს მიერ წყალს ამოუშვებს. ამ წყალში მოიაზრება ბრძანება, უკეთურ დემონთა ანდა სხვადასხვაგვარ განსაცდელთა და ცდუნებათა მოვლინება. ხოლო მიწა შეეწიაო, აქ მიწას უწოდებს წმინდანთა თავმდაბლობას, რომელთაც გააქარწყლეს ეშმაკის ყოველი ღონე (მოსაგრეებს საერო ცხოვრებისგან დიდი მანძილით განშორება გარეგან საცთურთაგან იცავდა - რედ.). მათ მტვრად და ნაცრად მიაჩნდათ თავიანთი თავი, რითაც დაარღვიეს ეშმაკის ყველა ქსელი, რადგან ისე არაფერი მუსრავს და ანადგურებს ეშმაკის ძალას, როგორც თავმდაბლობა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
 
 
ეშმაკის ბრძოლა წმინდანთა წინააღმდეგ
   
რადგან გველის მეორე განზრახვა ვერ განხორციელდა, როგორ მოეპყრა ის მათ, ვინც უფლის შვილებად და ძმებად, ანუ ერთგულებად მოიხსენიება? მან დაიწყო მათი დევნა, რადგან ისინი ქალის თესლისაგან იყვნენ. ერთგულნი ხომ უფლის შვილები და ძმები არიან წერილისამებრ: ”ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ". ან კიდევ: "მე ვიქნები მისი მოსავი". ანდა: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ" (ებრ. 2:12). და კიდევ: აჰა, მე და ეს ყრმანი, უფალმა რომ მომცა (ესაია 8:18). რადგან ისინი - მისი (ქრისტეს) დედის შვილები არიან, აწარმოებს კიდევაც ომს მათ წინააღმდეგ, დევნის მათ და ბოროტებას იზრახავს, ჰკლავს ტირანთა და მბრძანებელთა ხელით, როდესაც ერთგულები აღიარებენ, რომ ქალწულისგან შობილი ღმერთია.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
როდესაც დაინახა ეშმაკმა, რომ იგი უძლურია განაგრძოს დევნა, რომელიც შთანთქა წმინდა მიწის ბაგეებმა, იგი კიდევ უფრო მეტად შეიარაღდა ბოროტების საიდუმლოთი, რომ განეგრძო თავისი მახეების დაგება.
 
რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს, და ა. შ.. იესუ ქრისტეს რწმენით ღვთის მცნებათა დაცვა ნიშნავს ურჩხულთან შებმას, ბრძოლაში მის გამოწვევას. დიდება ღმერთს, რომელმაც ურჩხულის დაუცხრომელ სისასტიკეს სძლია. აჰა, ის, ვინც ცდილობდა ხორციელად შობილი უფლის განადგურებას, დამარცხდა მისი აღდგომით. მოგვიანებით, იგი ცდილობდა მოციქულთათვის ერთგულების წართმევას მოძღვრებისადმი, თითქოს ცდილობდა ქალის, ანუ მთელი ეკლესიის დაშორებას ადამიანური საქმეებიდან. მაგრამ რადგან მას ესეც არ გამოუვიდა, ახლა ის იბრძვის ყველა თაობის ერთგულთა წინააღმდეგ.
 
რის გამოც არის ნათქვამი: დავდექი ქვიშაზე ზღვისა (გამოცხ. 13:1) - ანუ ხალხთა სიმრავლეზე, რომელსაც ქარი აღგვის პირისაგან მიწისა (ფსალმ. 1:4 - რედ.). უეჭველად, მტერი დაეყრდნობა მათ, ვინც მიჩვეულია მისი მტრული ზრახვების მიდევნებას, მოისურვებს ეკლესიის წინააღმდეგ ხრიკების მოწყობას და ომის გაჩაღებას.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.


წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому