აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
დიდი ბაბილონის დასჯა
18:1-24
ახ. ქართ.:
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით.
2. შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა.
3. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.
4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
5. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.
6. მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას.
7. რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას.
8. ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
9. იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს.
10. და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.
11. ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12. ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს,
13. დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს.
14. შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ.
15. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ.
16. და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო.
17. რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;
18. და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს?
19. თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა.
20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
21. ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.
22. მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში.
23. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
ძვ. ქართ.:
1. შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა.
2. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი, და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა,
3. რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს.
4. და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ.
5. რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი.
6. მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი.
7. ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო.
8. ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი.
9. და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა.
10. შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი.
11. და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს.
12. არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ, და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა
13. და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი.
14. და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი.
15. ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ
16. და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა!
17. რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს.
18. და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?!
19. და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა.
20. იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
21. და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს.
22. და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის.
23. და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი.
24. და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა.
***
მიმოხილვა: ჭეშმარიტი სიბრძნე ანადგურებს ცრუს (პრიმაზიუსი, ბედა პატივდებული). ზეციური ძალები ვარსკვლავებზე უფრო ბრწყინავენ (ანდრია კესარიელი). დემონებს უყვართ სისხლისღვრა და მიესევიან ბაბილონს მისი დანგრევისას (ეკუმენიოსი). ბაბილონი თავისი ცოდვებისთვის გახდა დემონთა თავშესაფარი და სამაგიერო მიეზღვება სარწმუნოების დევნისთვის (პრიმაზიუსი). ეშმაკის ქალაქი - ქვეყნის ყველა უწმინდური სულია (კესარიოს არლელი, ბედა პატივდებული). ბაბილონის მცხოვრებნი გამდიდრდნენ ცოდვებით, ჰყიდიდნენ რა სულებს გამდიდრებისთვის (პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი). მრავალი განიდევნება თავისი ადგილიდან (პრიმაზიუსი). ბაბილონის დაცემა სწრაფად მოხდება (ანდრია კესარიელი), და წმინდანთა სისხლის შურისგებულ იქნება (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). ბაბილონი - ცუდ ადამიანთ სიმბოლოა, რომელიც დევნის სიკეთეს (კესარიოს არლელი). მართლებს ცოდვილთა დასჯა კი არ სურთ, არამედ ცოდვის განადგურება (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). ეს არის ძმისმკვლელ კაენის მიმდევარი ქალაქი (კესარიოს არლელი). საცთურში შემყვანებელნი იმავე საცდურებით დაისჯებიან, და ყოველივე, გრძნობათა ორგანოებისთვის სასიამოვნო, გაქრება მომავალ საუკუნეში (ბედა პატივდებული).
***
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით.
ქრისტეს მოსვლა
ვფიქრობ, ეს ნიშნავს ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მოსვლას, რომელსაც ესაიასთან საკვირველი მრჩეველი ეწოდება (ეს. 9:5). პირველად მოსვლის დროს მან თქვა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცატა სასუფეველი (მთ. 4:17) და შემუსრა მიწიერი ხელმწიფების ძალა და განათდა დედამიწა მისი დიდებით, ვინც თავად არის ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად (იოანე 1:9).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ზეციური სიწმიდე
აქ ნაჩვენებია ზეციური ძალებისა და მათი სიწმიდის სინათლე, რომელიც სილამაზით ბევრად აღემატებოდა ვარსკვლავებსა და მნათობებს.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეს ძლიერი, დედამიწის განმანათლებელი ანგელოზი შეიძლება იყოს თვით განკაცებული უფლისა და ეკლესიის მოძღვართა სიმბოლო, რომლებიც, ზეციური სინათლით აღვსილნი, ქადაგებენ სამყაროს აღსასრულის შესახებ და ამბობენ: მოახლოვდა ცათა სასუფეველი (მათე 4:17).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
2. შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა.
3ა. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი,
სახელ ბაბილონის მნიშვნელობა
ანგელოზმა გამოაცხადა ღმრთის განაჩენი ბაბილონზე. ბაბილონი დაემხო იმიტომ, რომ: გახდა ეშმაკთა სამკვიდრო, რადგან უკეთური, კაცთმოძულე და სისხლისმსმელი დემონები, მხოლოდ იმას ეძიებენ, რათა დაღვარონ ადამიანთა სისხლი - ომებში იქნება ეს თუ სხვაგვარი მკვლელობებით, - ისინი ხარობენ მომხდარის გამო, და იქვე მკვიდრდებიან.
ასე რომ, ვინაიდან, როგორც ადრე ითქვა, ბევრი დაიღუპება ქალაქში, ბაბილონი საბოლოოდ იქცევა ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად, რადგან ისინი ისწრაფვიან ადამიანთა დასახლებიდან შორს და იკავებენ უდაბნოებს, თავს იცავენ მათგან, ვინც მათ თვს ესხმის და ნადირობს გარეულ მხეცებზე. რაღაც ამის მსგავსს ამბობდა ესაია წინასწარმეტყველიც ბაბილონზე: მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს, სირინოზებით აივსება მათი სახლები და ეშმაკები დაიწყებენ იქ როკვას. ვირკინტავროსნი დაემკვიდებიან იქ და ბუდეს შეიქმნიან გრძღაბნი ექინთა მათ სახლებში (ეს. 13:21-22).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
თუ ქალაქი დაემხო, რა გაგებით არის ნათქვამი, რომ იგი ეშმაკთა, უწმინდურ სულთა და ფრინველთა საბუდრად იქცა? იმ მნიშვნელობით, რომ, დაემხო რა ცდვების განსაკუთრებული სისაძაგლით, ღირსი აღმოჩნდა, გამხდარიყო ეშმაკთა სამყოფელი (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.) ... გარდა ამისა, ეს ქალაქი, რომელიც ამ სოფლის ზღვაში არაეერთხელ აღდგა ღვთისადმი რწმენის წინააღმდეგ დევნის საშინელი და ძლიერი ტალღბით, ახლა დრტვინავს, გაცილებით უფრო ვიწრო საზღვრებით შეზღუდული და თუხთუხებს, თითქოს ღვინის ტიკშია მომწყვდეული. რადგან სწორედ ამიტომ ვგალობთ ფსალმუნში: შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა (ფსალმ. 32:7). ის ფაქტი, რომ უწმინდური სული შეიძლება ფრინველის სახით იყოს წარმოდგენილი, ეს ჩანს დაბადების წიგნის მონაკვეთიდან, სადაც ნათქვამია, რომ აბრაამმა დააფრთხო სვავები, რომლებიც დააცხრნენ გაკვეთილ მძორებს (იხ. დაბ. 15:11. - რედ.).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
შეიძლება თუ არა ერთი ქალაქის დამხობა მოიცავდეს ყველა უწმინდურ სულს ან ყველა უწმინდურ და ბილწ ფრინველს? ან იმ დროს, როდესაც თვითონ ქალაქი დაემხო, განა შეიძლება განთავისუფლდეს მთელი ქვეყანა უწმინდური სულებისა და ფრინველებისგან და ისინი (ახლა) ერთი ქალაქის ნანგრევებში იცხოვრებენ? არ არსებობს ქალაქი, რომელიც ყველა უწმინდურ სულს დაიტევს, გარდა ეშმაკის ქალაქისა, სადაც ბოროტ ადამიანებში მთელი სიბილწე მკვიდრობს. მეფეები, რომლებიც დევნიან იერუსალიმს, რომელთა შესახებაც იოანემ ისაუბრა, ბოროტი ხალხია, რომლებიც დევნიან ღვთის ეკლესიას.
ყოველთვის, როცა ბაბილონის სახელს გაიგონებთ, საყვარელო ძმებო, ნუ ჩათვლით, რომ ეს ქალაქი ქვებით არის ნაგები, რადგან ბაბილონი ნიშნავს აღრევას, როგორც ეს ხშირად ითქვა. არამედ გაიგეთ, რომ მისი სახელი აღნიშნავს ამპარტავენ ადამიანებს, ქურდებს, რომლებიც სიამოვნებას ეძებენ, და ბოროტეულებს, რომლებიც თავიანთ უკეთურ საქმეებს განაგრძობენ. ისევე როგორც პირიქით: ყოველთვის, როდესაც მოისმენთ იერუსალიმის სახელს, რომელსაც მშვიდობის ხატს უწოდებენ, მასში დაინახეთ ის წმინდანები, რომლებიც ღმერთს ეკუთვნიან.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ამის მსგავსად ესაიამაც იწინასწარმეტყველა ბაბილონზე, ქალდეველთა დედაქალაქზე, რომელიც კიროსმა და სპარსელებმა დაიპყრეს, რომ ის გაპარტახდებოდა და უდაბნოს მხეცებითა და უწმინდური სულებით აივსებოდა (ეს. 13:21-22). ... ეს ბაბილონი ხალხებს თავისი სიძვის ღვინოს ასმევდა, რადგან ის იყო მათი წინამძღოლი რჯულის ყოველგვარად დარღვევის საქმეში. ... ღმერთი თავისი განგებულებით ათავისუფლებს ადამიანებს ყოველგვარი მავნეობისგან, ხოლო ეშმაკნი მათთვის დამახასიათებელი კაცთმოძულეობით, ვითარც მხეცნი უდაბნოს ელტვიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
იოანე ამბობს, - ნუ გეშინია, ჰოი, იერუსალიმო, მიწიერი ქალაქის ძალაუფლებისა, რომელიც სულიერად ანადგურებს საკუთარ თავს სწორედ იმით, რითაც შენზე აღმატებულია - მისი ბოროტი მოქალაქეების სიძულვილით. აი, ესაიამაც დაწერა, რომ ბილწი ალქაჯები დასახლდებიან ბაბილონში. მხოლოდ ეშმაკის ქალაქი იქცევა ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად (ეს. 13:21-22), რომელშიც ყოველი უწმინდური დაისადგურებს ქვეყნის შუაგულში.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
3ბ. ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.
ცოდვის სახეები
სიძვაში იოანე გულისხმობს დაუოკებელ სიხარბეს და ვერცხლისმოყვარეობას, რადგან ასეთია მეძავთა ზნეობა. ქალაქის მცხოვრებლებმა ხომ, რომელზეც იყო ლაპარაკი, შეერივნენ რა ყველა ხალხებს და დაიპყრეს ისინი, მათ ხარკის გადახდა დაუწესეს. ნათქვამია: მეფეებმა, რომლებიც თანამეწილენი არიან მისი, მის ვერცხლისმოყვარებასაც ეზიარნენ, და ვაჭრებიც, მასთან რომ ჰქონდათ საქმე, დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით (ანუ ამ ქალაქის მედიდურობით და გარყვნილებით, მისი ცხოვრების უზნეო წესით), და გასაყიდად გამოფინეს მასში ყველაფერი.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეს ეხება სამი სახის ცოდვას და აგრეთვე აღნიშნავს იმდენივე ადამიანს, რომლებიც კი მათ მიერ არიან ცდუნებულნი. საუბარია სიხარბის შესახებ, რომელსაც, მოციქულის თანახმად, კერპთმსახურებასაც უწოდებენ (კოლას. 3:5), გარყვნილებას - სიძვას და ღორმუცელობას - ფუფუნებას. უფალი გვაფრთხილებს ამის შესახებ, როდესაც ამბობს: ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით (ლუკა 21:34).
წიგნში ნათქვამია, რომ ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან, რადგან ვაჭრები, როგორც ნათქვამია, სიხარბით დამდიდრდნენ, თუმცა ზოგს ურჩევნია ამის განმარტება შემდეგნაირად, რომ ისინი უფრო მეტად გამდიდრდნენ ცოდვებით, ვიდრე მატერიალურად. ხალხები - ესაა მდაბიო ხალხის არაერთგვაროვანი სიმრავლე; სახელწოდება მეფენი მიეკუთვნება მათ შორის იმათ, ვინც დროებით წარემატება; და ვაჭრები - მათ, ვინც მიწიერი სიმდიდრისკენ ისწრაფვიან და, არახელსაყრელი გარიგებით, ყიდიან საკუთარ სულს. ასეთი ადამიანები იქცევიან უფლის ნათქვამის სრულიად საპირისპიროდ: რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? (მათე 16:26).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ფუფუნება და სიმდიდრე სიღარიბეს წარმოშობს
ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან - ანუ ერთმანეთთან. ყველა მეფეს ხომ არ შეუძლია მრუშობა ერთ მეძავთან, მაგრამ, ვიდრე თავად ისინი, ვინც ფუფუნებას მისცემიან, ნათქვამია, რომ მათ ისიძვეს მეძავთან - (ეს ნათქვამია) (მათი) მდიდრული ცხოვრების წესის გამო. შემდეგ მოსდევს: და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით. ამ ადგილას იოანე საუბრობს დიდად ცოდვილ ადამიანებზე: აკი ფუფუნების სიუხვე უფრო მეტად ღარიბებს წარმოშობს, ვიდრე მდიდრებს.
კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
დამნაშავეთა ბელადი
როგორ დაათრო ამ ბაბილონმა თავისი სიძვის მძვინვარე ღვინით ყველა ხალხი? მით, რომ ეს ქალაქი იყო ზეჭარბი თავისი უსამართლოდ მოპოვებული სიმდიდრის გამო, იყო რა ფუფუნებასა და ამპარტავნობაში, თვითონვე იყო მიზეზი ქვეყნის ვაჭართა გამდიდრებისა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
5. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.
შურისგება ბაბილონზე
როდესაც ღვთის ანგელოზებმა აიღეს სოდომელთა ქალაქი და შედეგად დასაჯეს მისი და მეზობელი ქალაქების მკვიდრნი; ან მით უფრო, როდესაც იქ გამოჩნდა ძე ღვთისა და (როგორც ეს წმინდა კირილეს ეჩვენა) - რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მოსცა (იოანე 5:22), ამასთან, როგორც ჩანს, მასთან იმყოფება ბუნებით და არსით მაცოცხლებელი სული (იხ. კირილე ალექსანდრიელი, სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემის შესახებ. 1 (PG 68:169-76) - რედ.), - მაშინ მათ უთხრეს წმინდა ლოტის: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები (დაბ. 19:17). გამოცხადების წიგნი იმავეს გვასწავლის ახლაც; რადგან რომის ასეთ დიდ და ხალხმრავალ ქალაქში არ არის არც ერთი (მართალი კაცი) და მასში არ აღმოჩნდნენ ქრისტეს მსახურები, მათთვის ნათქვამია: გამოდი, მაგისგან ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. რადგან ცოდვებთან ზიარება ნიშნავს იყო თანამონაწილე შურისგებისა - აკი შურისგება ცოდვებით არის გამოწვეული.
რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას. თითქოსდა ნათქვამია, რომ მათ თავიანთი ცოდვების შებილწეს შემოგარენი ჰაერი. ამიტომაც ითქვა, რომ ღმერთი მრავლისმთმენი იყო, მაგრამ ახლა გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
გამოცალკევება ცოდვისგან
როგორც სოდომიდან გამოსვლა უბრძანა ღმერთმა ლოტის: თუ გინდა ცოცხალი დარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები (დაბ. 19:17) და ესაიას: წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმინდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმინდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო! (ეს. 52:11), ასევე აქაც, მორწმუნეებს ეუბნება, გაიქცნენ იქიდან, სადაც ყევლანი ღმერთს შეურაცხყოფენ და ებრძვიან მას.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
იქიდან, რაც თქვა ზეციურმა ხმამ, მოსმენილ იქნა: ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად (რომ. 8:29), და იცის უფალმა, ვინაა მისი (2 ტიმ. 2:19), ან რაღაც მსგავსი. შემდეგ მოდის: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს. ამ ადგილთან დაკავშირებით მე ვფიქრობ ნაგულისხმევია უფლის პირველი მოსვლა, რომლის დროსაც სამყაროს აღსასრულამდე კეთილნი ნებას აძლევენ უკეთურთ შეერიონ მათ, რათა არ იფიქრონ, რომ კეთილები მიტოვებულ უნდა იქნან მათ გამო, ან თავად ისინი უნდა მისდევდნენ ნაყალბევს. რადგან ასე აღსრულდა წინასწარმეტყველება: გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ (2 კორინთ. 6:17), როდესაც სიმართლე სამუდამოდ გამოცალკევდა ცოდვისგან - არა ხორციელი განყოფით, არამედ ნების სრული და მთლიანი განსხვავებით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ამ ადგილას იოანე გვიჩვენებს, რომ ბაბილონი ორ ნაწილად იყოფა, რადგან, როდესაც ისინი, ვინც ღმერთს არის მინდობილი, ბოროტისაგან სიკეთისკენ მიიქცევიან, ბაბილონი გაიყოფა. და ეს ნაწილი, რომელიც მას გამოეყო, ხდება იერუსალიმი. აკი ყოველდღიურად (ადამიანები) ბაბილონიდან იერუსალიმში გადადიან და იერუსალიმიდან ბაბილონში ბრუნდებიან, ვიდრე ბოროტეულნი სიკეთისკენ მოექცევიან და ისინი, ვინც თვალთმაქცურად მართლები ჩანან, ღიად წარმოაჩენენ თავს ბოროტ ადამიანებად.
დაბოლოს, წმინდა წერილში აგრეთვე ნათქვამია ესაიას პირით კარგ ადამიანებზე: წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო! (ეს. 52:11). მოციქული ახსენებს ამ განყოფას, როდესაც ამბობს: ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: "იცის უფალმა, ვინაა მისი", და: "განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს" (2 ტიმ. 2:19).
რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს - ამბობს იოანე - და არ მიოწყლათ მისი წყლულებით. რადგან დაწერილია: მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება (სიბრძნ. 4:7), როგორ შეიძლება მართალი ეზიაროს ცოდვას, რომელიც ქალაქის დამხობამ ბოროტეულთან ერთად გაანადგურა? მხოლოდ მაშინ, როდესაც მართლები ტოვებენ ეშმაკის ქალაქს - ანუ მდიდრულ და უკეთურ ცხოვრებას - და თუ რომელიმე მათგანს სურს დარჩენა და ბაბილონის ვნებებს დანებება, თუ ასე მოიქცევა, მასინ, უეჭველია, ის ეზიარება მის ცოდვებს. (წმინდა წერილში) ხშირად ნათქვამი გამოდი არ უნდა გვესმოდეს ხორციელად, არამედ სულიერი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. გამოდი ბაბილონიდან - ეს ნიშნავს ცხოვრების ცუდ წესზე უარის თქმას. აკი ბაბილონი და იერუსალიმი თანაარსებობენ ერთ სახლში და ერთ ეკლესიასა და ერთ ქალაქში... ისინი ხორციელად ერთად ცხოვრობენ, მაგრამ გულში ერთმანეთისგან გაყოფილნი არიან: რადგან ბოროტი ადამიანების ცხოვრება მუდამ დედამიწაზეა - მათ უყვართ ეს ყვეანა და თავიანთი სულის სწრაფვასა და იმედს მიწაზე ამყარებენ. მართალთ გონება კი, მოციქულის აზრით, ყოველთვის ზეცაშია, რადგან ისინი უზენაესზე ფიქრობენ (იხ. კოლას. 3:2 - რედ.).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
6. მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას.
7. რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას.
8. ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
ორმაგი შურისგება
ნახეთ, როგორ განადგურდა ბაბილონის ხალხი: მას ორმაგად მიეგო. როგორ მიეგო ორმაგად? წმინდანები იბრძვიან, იღებენ ორლესულს მახვილს. მიმდინარეობს ბრძოლა, მკვლელობა, დაყოფა. როგორ მიეგო ორმაგად? როდესაც მან შეძლო ქრისტიანთა დევნა, მოკლა ხორცი, მაგრამ ღმერთი ვერ შემუსრა. ახლა მას ორმაგად მიეგო - წარმართებიც განადგურდნენ და კერპებიც შეიმუსრა.
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ფსალმუნთა განმარტება.
ესაიასთან მის მიმართ ნათქვამია: ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი (ეს. 47:1). და ცოტა უფრო ქვემოთ: იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი (ეს. 47:5). და კვლავ: შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე. ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო. მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა (ეს. 47:7-9). ვის არ ესმის, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ერთი და იგივე წინასწარმეტყველებაა და ქადაგებს ერთი განსაკუთრებული მოვლენის შესახებ?
აპრინგიუსი, ტრაქტატი აპოკალიფსისზე.
ნათქვამია: მისის ცოდვისაებრ, ორმაგად მიაგეთ (სინოდ. თარგმანში: მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ - რედ.). როგორ მიაგებს იგი ორმაგად? ყოვლადბრძენი მოსეს მიერაც უფალმა გვამცნო: არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა (ნაუმი 1:9). მაშ, როგორ მიაგებს იგი ორმაგად? ორმაგად არ ნიშნავს ორმაგ რაოდენობას, არამედ იმას, რომ ღმერთი, კაცთმოყვარეა და მოწყალე, რომელიც ბევრად ნაკლებად დასჯის, ვიდრე ის იმსახურებს, ფიქრობს რა, რომ ორმაგად მიაგებს მაშინაც კი, როდესაც ნაწილს მიაგებს; და არა მხოლოდ ორმაგად, არამედ შვიდმაგად. და როდესაც ეს იცის, წინასწარმეტყველი ამბობს - დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო (ფსალმ. 78:12) - ლოცვაში, როდესაც ევედრებიან ღმერთს მტრის შვიდმაგად დასჯის შესახებ დამსახურების მიხედვით.
ანალოგიურად, ნათქვამია: მიაგეთ მას, ვინც ამ ცხოვრებაში დიდება მიიღო და სიამტკბილობას მიეცა და არ ფიქრობდა ღვთის ნებაზე. რადგან ის ამბობს: მე არასოდეს დავკარგავ მეფობას, რადგან ქვრივობა ნიშნავს მეფობის წართმევას. და არ ვიხილავ გლოვას (მე-7 მუხლი). ამიტომ, მისი ქადილის გამო, უბედურება მყისვე დაატყდება თავს. რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, და ვერავინ შეუშლის ხელს, გამოიტანოს მსჯავრი და განაჩენი; და ჩვენც შეგვიძლია მისგან გავთავისუფლდეთ ქრისტეს მადლით.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ყველა ეს მომავალი მოვლენა უკავშირდება მეორედ მოსვლას, როდესაც უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ ბოროტეულთა საზოგადოება განიდევნება და მიიღებს სამართლიან საზღაურს, რათა ისინი, ვინც დროში სცოდავდა, საუკუნოდ დაისაჯონ. ზუსტად ამას ნიშნავს სიტყვები - ორმაგადაც მიაგეთ და ორმაგად ასვით მას, რათა ყოველი, ვინც ნებარებდა წარმავალი სიამეებით, საუკუნო ტანჯვას მიეცეს.
ფსალმუნში უფალმა იწინასწარმეტყველა, რომ დაიხსნიდა თავისიანებს ამ ვერაგობისგან: ვერაგობისა და ძალადობისგან დაისხნის მათ სულებს (ფსალმ. 71:14). გარდა ამისა, მათ შესახებ ნათქვამია, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი, ვინც ახლა მშიერი და მწყურვალია, მიიღებენ უხრწნელ სიმდიდრეს სიმართლისთვის. ბოროტეულნი აუცილებლად მოკვდებიან, რადგან ღმერთმა მიატოვა ისინი. რადგან ცნობილია, რომ, როგორც სხეული კვდება, როდესაც სული ტოვებს მას, ასევე სულიც კვდება, როდესაც ღმერთი ტოვებს მას. ეს სწორედ ის ტირილია, რომლის თაობაზეც ქრისტე სახარებაში ამბობს: ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით (ლუკა 6:25).
იმის საჩვენებლად, რომ ღმერთს სურს დაიცვას თავისი ხალხი ამ წყლულებისგან, ნათქვამია: რათა არ მოიწყლათ მისი წყლულებით. თითქოს თქვა: რადგან თქვენ უარყავით მათი ნება და არ მიემსგავსეთ მათ ცოდვებში, თქვენ არ მიიღებთ თანაბარ სასჯელს. და ჩვენ ჩვენი ძალებით არ შგვწევს ძალა, თავიდან ავიცილოთ ეს წყლულები, რადგან ეს მხოლოდ ღვთის გულმოწყალებას შეუძლია მოგვანიჭოს. მაგრამ იცავს რა სათანადო წესრიგს, სულიწმიდა აცხადებს, რომ მას, ვინც გულში არ იყო მოხიბლული და არ ურიგდებოდა ცოდვას, სრულებით არ დაატყდება თავს უკეთურთა ტანჯვა: მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება (სიბრ. 3:1).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ღმრთის ყოვლადძლიერება
ერთ დღეს - უჩვენებს ან მოულოდნელობასა და დროის სიმოკლეს, როდესაც მახვილის, შიმშილისა და წყლულებისგან ამ ქალაქს, დანგრეულსა და ცეცხლით დამწვარს, მოიცავს გოდება, ან კიდევ - იმ დღეთა მდინარებას, როდესაც ეს ქალაქი დაიტანჯება, თანახმად წინასწარმეტყველებისა. როდესაც მტრები ქალაქს დაიპყრობენ, ერთი დღეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოიწიოს მასზე ყოველგვარი ბოროტება და სხვადასხვა სახის სიკვდილი. რადგანაც ყოვლისშემძლეა ღმერთი, როგორც ღვთისმოშიშთა ხსნისას, ისე უსინანულო ცოდვილთა დასჯისას.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
(ანგელოზი ლოცულობს) რომ ის, ვინც წარმავალი სიხარულით ნეტარებს, საუკუნო ტანჯვას მიეცეს, რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ და ა. შ. ტკბებოდა რა ამ სოფლის ფუფუნებით, მას არ სურდა რაიმეს გაკეთება, რათა თვიდან აეცილებინა მომავალი სასჯელი, ამიტომ ის მალე დაისჯება, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ტანჯვით. მეორე მხრივ, ზეციური სამშობლოს მოქალაქეებმა, რომლებიც იერუსალიმს საკუთარ სიხარულზე მაღლა აყენებენ, არ სურთ უფლის საგალობელი უცხო ქვეყნის მიწაზე იგალობონ, ანუ არ სურთ განიცადონ ამჯამინდელ საუკუნეში სიხარული, რომელიც მომავალ საუკუნეს ეკუთვნის (შეად. ფსალმ. 136:4, 6. - რედ.).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
9. იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს.
10. და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.
ბაბილონის დაღუპვა
მეფეები სინანულით იგლოვენ არა ფუფუნების ბოროტებას - რადგან მასთან ერთად სცოდავდნენ, - არამედ იმას, რომ მათ იციან, რომ ქვეყნის კეთილდღეობა კვდება, რასაც საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებდნენ. ან ეს ნიშნავს, რომ ისკ რაც მათ ადრე ფუფუნების გამო უყვარდათ, როდესაც ფუფუნებისკენ ისწრაფოდნენ და ერთმანეთს ანადგურებდნენ, ქრება და უჩინარდება, როგორც კვამლი გარდაუვალი ჯოჯოხეთისა.
და მისი ტანჯვის გამო შიშით შორს გამდგარნი - შორს გამდგარნი, არა სხეულით, არამედ სულით, რადგან თითოეულს საკუთარი თავის გამო ეშინია, რადგან ხედავს, რომ სხვა იტანჯება ქედმაღალთა ცილისწამებისა და ძალაუფლების გამო.
ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა - სული ქალაქის სახელს ამბობს: მართლაც, ისინი გლოვებენ ამ ქვეყანას, რომელიც ასეთ მოკლე დროში განადგურდა, მათ მიერ ჩადებული გულმოდგინება, ფუჭ იქმნა და გაცამტვერდა.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ქვეყნის მეფეებად აქ, სავარაუდოდ, მთავრები და წარჩინებულები მოიაზრებიან, როგორც იერუსალიმზე თქვა დავით წინასწარმეტყველმა: ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან (ფსალმ. 2:2). ის საუბრობს მათზე, ვინც უფლის მცნებებს განუდგა, რომლებიც დაიწყებენ გოდებას, როცა იხილავენ ქალაქის დაწვასა და გაუდაბურებას და გაუკვირდებათ მისი ასე უეცრად დაცემა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ბაბილონელი მეფეების, ვაჭრებისა და მეხომალდეების ეს მოთქმა შეიძლება გავიგოთ ორგვარად. ერთი მხრივ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ, როდესაც განკითხვის დღეს ქვეყნის მთელი დიდება წარხდება, ბოროტებს მხოლოდ წარსული ცხოვრება დარჩებათ და იტყვიან: რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა? წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი (სიბრძნ. 5:8-9). მეორე მხრივ, როდესაც დღეს არსებული ნივთების სიუხვე დასრულდება და სხვადასხვა ერების განადგურება მოახლოვდება, ხორციელი სიამოვნებებით ტკბობის შესაძლებლობა წაერთმევათ, რაც მანამდე ყველგან არსებობდა გარყვნილი ადამიანების სურვილების დასაკმაყოფილებლად.
როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს - ანუ განადგურების ნიშანს, რადგან კვამლი ცეცხლიდან ამოდის. მართლაც, კიდევ რა არის ამ ქვეყნის განადგურება და შემუსვრა, თუ არა მოახლოებული ჯოჯოხეთის ცეცხლი?
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება..
გაგრძელება იქნება.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
11. ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12. ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს,
13. დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს.
14. შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ.
ვაჭარნი და ყველა, ვისთანაც საქმე ჰქონდა ქალაქს, სანამ ის იდგა და მართავდა, იტირებენ მისთვის; ხოლო ზეცაში გაიხარებენ ანგელოზები და მართალთა სულები: ეს უკანასკნელნი - რადგან ღვთის განაჩენი აღსრულდა, პირველნი - შურისგების გამო. ისევ (ვაჭრებისა და მეფეთა) ცხოვრების წესის აღწერით, თხრობაში ხაზგასგმულია სულიერი ბაბილონის ვნება.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ისინი გლოვობენ ყველა ამქვეყნიური სანახაობის დაკარგვას და იმას, რაც სასიამოვნოა ხორციელი გრძნობებისთვის ან ვარგისია გარეგნული სარგებლობისთვის. აკი სხვადასხვა სახის ლითონი მიკუთვნება მხედველობას, კეთილსურნელება - ყნოსვას, მალამოები - შეგრძნებას, ღვინო, ხორბალი და ზეთი - გემოვნებას. გარდა ამისა, როდესაც საუბარია სასაპალნე პირუტყვსა და მონებზე, ისინი ნანობენ, რომ დაკარგეს სხვა ადამიანური შემწეობა. როგორც ახლა უკვე ვთქვი, ამ ჩივილის გაგება ორგვარად შეიძლება: ან ისინი დაიღუპებიან ამ მომაკვდავ სამყაროსთან ერთად, ან ის უბედურები, რომ მოესწრნენ სიკვდილს, როდესაც დატოვეს ამქვეყნიური სიხარული, გლოვობენ, თითქოს საკუთარი ქალაქის განადგურებას დასტირიან.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
ვინაიდან ამ ქალაქის დიდი მთავრები აღარ იქნებიან ისინი, ვინც სიძლიერესა და სიმაძღრეში ცხოვრობდნენ, მაშინ უსარგებლო იქნება ასეთი ძვირფასი საგნების ყიდვა და მათი ბოროტად გამოყენება. რადგან ზედმეტის შეძენა გადაჭარბებული ტკბობისთვის უპირატესიად ასეთი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
15. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ.
16. და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო.
17. რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;
18. და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს?
19. თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა.
მონანულნი
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ბევრს ხშირად ეწვევა ასეთი სინანული, თუკი მათ სახე-ხატთან მიმართებით, სათანადოდ უნდა გვესმოდეს ის ადგილები, რომელთაგანაც ის, რასაც ჩვენ ვემხრობით, უნდა უარვყოთ. ანუ, ისინი შორს დადგებიან და იტირებენ, როდესაც ქალაქის ხანძრის კვამლს დაინახავენ, რადგან შორს დგომა ნიშნავს, რომ არ დაეცე მათთან ერთად, ვინც მოკვდა, არამედ სიმტკიცე შეიძინო შემდგარი სინანულის გამო. რადგან დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა (რომ. 14:4). ეს დგომა უნდა გავიგოთ არა ხორციელი გაგებით, არამედ როგორც ძლიერი სულის მოქცევა. ამიტომ, როდესაც ნათქვამია, რომ მკერდში იცემდნენ, სხვა მკვდრებს გლოვობდნენ, უნდა გავიგოთ, რომ ნაყოფის მომცემია მათი სასჯელი. ამ მიზეზით მოციქული ამბობს: თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი (ეფეს. 2:1-3) და ა. შ. ამ სულისკვეთებით. მოციქულის ამ სიტყვების შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მონაკვეთი უნდა გავიგოთ მონანიე ადამიანებთან მიმართებით. იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ადრე ბოროტი არ ყოფილა.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ქვეყნის მოყვარენი
ყოველთვის, როდესაც სული ლაპარაკობს ბაბილონით გამდიდრებულებზე, იგი მიუთითებს ცოდვების სიმრავლეზე. განა ქალაქია პორფირითა და ძოწეულით მოსილი, და არა ადამიანები? ამიტომ, ისინი თავის თავს იგლოვენ, ვიდრე ზემოთ ნახსენებნი ძარცვავენ მათ. განა შეიძლება ყველა მესაჭე, მეხომალდე, ყოველი ზღვაში მოვაჭრე ესწრებოდეს ერთი ქალაქის ხანძარს (იხ. გამოცხ. 18:17-18. - რედ.)? არამედ ნათქვამია - ყველა, ვისაც ეს სოფელი უყვარს და უსამართლობას იქმს, საკუთარი თავის გამო შიშობს, როდესაც ხედავს, რომ მათი იმედები გაცამტვერდა.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
უეცარი დაცემა
იოანე ყურადღებას აქცევს ამ ბაბილონის ტანჯვას, მასზე გლოვით უთითებს უბედურებათა და ჭირვებათა სიდიდეს, რომლითაც დაისჯება ექს ქალაქი, რომელიც ადრე სამეფო ღირებით თავმომწონეობდა. შესაძლოა ზღვაში გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმებოდეს ეს ცხოვრება, რომელიც მუდმივ მღელვარებას განიცდის, ხოლო მოვაჭრეებად - ცხოვრებისეულ მღელვარებაში მოცურავენი, ვითარც თევზნი ზღვაში. მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ ასე დაზიანებული ქალაქი, იმყოფება რა გრძნობისმიერი ზღვის ახლოს და იღებს რა ყველა მასში მოცურავეს, თავისი დანგრევით დაამწუხრებს მათ. და მსოფლიო ბაბილონის, ანუ აღრევის მოვაჭრეებს, ხილული სამყაროს აღსასრულს მოუწევთ ტანჯვა და უნუგეშო გლოვა აწმყო ცხოვრების სიამეთა გამო, როდესაც ისინი მათ ძალდატანებით წაერთმევათ და სინდისი შეაწუხებთ თავიანთი უკეთური საქმეების გამო.
ბაბილონის დაცემა ისევე სწრაფად მოხდება, როგორც დოლაბის ქვა იძირება ზღვაში; და ისე მოულოდნელად იქნება, რომ მისი არანაირი ნიშანწყალიც არ დარჩება. ამაზე უთითებს მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა გაქრობა (მ. 22). ამისი მიზეზი კი იყო ის, რომ თავისი ტკბილხმოვანებით და მომწამლავი ჯადოქრობით აცდუნა მან ყველა ხალხი და ის იყო მიზეზი წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა სისხლისღვრისა.
ყოველივე ამით კი, სავარაუდოდ, აღინიშნება უკეთური სპარსული ბაბილონი, რადგან სხვადასხვა დროს ვიდრე დღევანდლამდე მან მრავალი წმინდანის სისხლი დაღვარა და მუდმივად ერთობოდა ჯადოქრობითა და ათასგვარი საცდურებით. ამიტომაც ჩვენი სურვილისა და ლოცვის საგანი უნდა იყოს ის, რომ ქრისტესა და მის მონათა წინააღმდეგ გამოვლენილი ამპარტავნებისთვის მიიღოს მითითებული დასჯა.
თუმცა, ვფიქრობ, ამგვარ მსჯელობას გარკვეულწილა ეწინააღმდეგება ძველ საეკლესიო მოძღვართა მიერ ნათქვამი, რომლებიც ამ წინასწარმეტყველებას რომის ბაბილონს განაკუთვნებდნენ, რადგან მეოთხე მხეცს - რომის სამეფოს - აქვს ათი რქა, რომლიდანაც ამოიზარდა ერთი, რომელმაც სამი ამოძირკვა, დანარჩენები კი დაიმორჩილა, და გამოჩნდება იგი, როგორც რომის მეფე, მიიღებს რა მშვიდობისმყოფლისა და განმაახლებლის სახეს, და გააძლიერებს მათ მეფობას, სინამდვილეში კი - იმისთვის მოვა, რათა მოახდინოს სრული გაპარტახება.
ამიტომაც არ შეცდება ის, ვინც ბაბილონში, როგორც ადრე ითქვა, იგულისხმებს სამეფოს, რომელიც დასაბამიდან დღემდე ერთ საზოგადო სხეულში მეფობს და ნამდვილად ღვრის სისხლს მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და მოწამეთა. რადგან, როგორც ერთია სახე, ერთია მხედრობა და ერთია ქალაქი, თუმც ყოველი მათგანის შემადგენელი იცვლება - ასევე ერთია სამეფოც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქალაქად და ადგილად დაიყოფა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
მართალთა მსჯავრი
ანუ მოწამეთა მთელმა სისხლმა, რომელიც ბაბილონმა თავის წარსაწყმედად დაღვარა, განიკითხა იგი. და მან იგემა წმინდანთა შურისგება, რომელსაც ის დევნიდა. რადგან იმისთვის, რომ აჩვენოს წმინდანთა სისხლი აღებულია, და აჩვენოს მისი დაცემის სახე, ნათქვამს მოსდევს ფრაზა ძლიერ ანგელოზზე ... მისი წარწყმედის სისწრაფე გამოხატულია დოლაბის ქვის ზღვაში ჩაგდების ძალით.
აპრინგიუსი, ტრაქტატი აპოკალიფსისზე.
ამ მონანულმა ადამიანებმა გაიხარეს ღვთის სამართალით და ილხენდნენ, რადგან, როგორც ნათქვამია, ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ცა აღნიშნავს ანგელოზებს ან წმინდანებს, ზეცაში მყოფთ. წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს უბრძანებს, რომ მათთან ერთად გაიხარონ, რადგან შური ნაძიებია მათთვის, ვინც შეურაცხყო და დაჩაგრა ამ ქალაქის მცხოვრებლებთან მქადაგებლები საღვთო მცნებათა დარღვევითა და ღვთის სიტყვის მსახურთა მოკვდინებით. ასე იყო: წინასწარმეტყველები იუდეველთაგან ისჯებოდნენ სიკვდილით, ხოლო მოციქულები - წარმართთაგან, რომლებსაც ისინი უქადაგებდნენ. მათ (წმინდანებს) უხარიათ სასჯელის მოახლოება არა ბოროტად, არამედ აქვთ მხურვალე სურვილი ცოდვათა შეწყვეტისა, რადგან ცოდვის მსახურნი აქაური სასჯელის მეშვეობით მომავალ ცხოვრებაში ნაკლებად დაისჯებიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ასევე უფალმაც სახარებაში, როდესაც იწინასწარმეტყველა ქყვენიერების დაღუპვა, დაამატა: ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა (ლუკა 21:28), ანუ გულით გაიხარეთ. რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.ეს არის სამართალი, რომელსაც ეძიებდნენ წმინდანთა სულები, და ხმამაღლა შეჰღაღადებდნენ უფალს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? (გამოცხ. 6:10).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
21. ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.
22. მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში.
23. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
კაენის ქალაქი
ამრიგად, იოანე ბაბილონს უწოდებს ერთგვარ ზღვაში ჩაგდებულ დოლაბის ქვას, რადგან დროთა მდინარება ამ ქვეყნის ყველა მოყვარულს დოლაბის ქვასავით ფქვავს და აბრუნებს. მათ შესახებ დაწერილია: ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან (ფსალმ. 11:9).
მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში - იოანე ამბობს, რომ უკეთურთა მხიარულება წარხდება და უკვე აღარ იქნება. მან მიზეზი მიუთითა და თქვა: რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ, ანუ შენს სიცოცხლეში მათ (ყველა შესაძლო) სარგებელი ნახეს. და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
განა ამავე ქალაქმა დახოცა მოციქულები, წინასწარმეტყველები და ყველა სხვა წმინდანი? მაგრამ ეს არის ყველა ამპარტავანის ქალაქი, რომელიც კაენმა დააშენა საკუთარი ძმის სისხლზე და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი (დაბ. 4:17), ანუ (ეს არის მისი) შთამომავლების ქალაქი, რადგან ყველა ბოროტი, ვინც მისი მემკვიდრეა, ვისშიც ბაბილონი მკვიდრობს, დევნის ღვთის ეკლესიას ქვეყნიერების აღსასრულამდე. ამიტომ კაენის ქალაქშია დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, ანუ ხალხისა და მღვდლების (ქალაქში), ტაძარსა და საკურთხეველს შორის (მათე 23:35), ანუ ხალხსა და მღვდლებს შორის. ეს ნათქვამია იმის გამო, რომ არა მხოლოდ ხალხი, არამედ მღვდლებიც იყვნენ შეთქმულნი, ზაქარია რომ მოეკლათ. ეს ის ქალაქია, რომელმაც მოაკვდინა წინასწარმეტყველები და ჩაქოლა მასთან წარგზავნილნი. ეს არის ქალაქი, რომელიც სისხლზეა აგებული, როგორც დაწერილია: ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს (ამბაკ. 2:12).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ამ სამყაროს ქალაქი შედარებულია დოლაბის არამყარ ქვას ცოდვებისა და ცდომილებების სიმძიმის გამო. რადგან ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან (ფსალმ. 11:9), მისი სასჯელი სამართლიანია - ტალღებმა უნდა შთანთქან იგი: აკი მან გაანადგურა ქალაქი იერუსალიმი ურჯულოების ტალღებით, როდესაც ბაბილონის მდინარის პირას მსხდომი მისი მცხოვრებლები გლოვობდნენ ზეციური სიონიდან გადასახლებას. უფალმა კი აღგვითქვა, რომ, თუ ვინმე სხვა აცდუნებს, თვითონაც იმავენაირად დაისჯება (იხ. მთ. 18:6-7. - რედ.). იოანე ეკლესიას ასევე ქვას ამსგავსებს, მაგრამ მტკიცესა და ურყევს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს სტიქიათა შემოტევას (იხ. მთ. 7:24-25. - რედ.).
დოლაბის ქვა ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც ტანჯვა და მწუხარება, რადგან, როგორც მოგვითხრობენ ნეტარი ეგნატეს შესახებ, მას, სიკვდილის პირას მისულს, აღმოხდა: მე ვარ ღმერთის მარცვალი: დაე, მხეცთა კბილებმა დამფქვან, რომ წმინდა პურად ვიქცე (1).
____________
1. ლაპარაკია წმ. ეგნატე ანტიოქიელზე, რომელიც რომის ცირკში მხეცებმა დაგლიჯეს. იხ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ეპისტოლე რომაელთა მიმართ. 4. - რედ.
____________
მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა და ა. შ. - ხუთი გრძნობიდან სმენა ჯერ არ იყო ნახსენები; ახლა მასზე ნათქვამია, რომ ესეც წაერთმევათ სხვა ამქვეყნიურ ნივთებთან ერთად (იხ. ღირ. ბედა პატივდებულის განმარტება. გამოცხ. 18:11-14.-ზე - რედ.). როგორც ჩანს, აქ საუბარია შემდეგზე: რაც ლამაზია გარეგნულად, მელოდიურია მოსასმენად, რბილია შესახებად, სასიამოვნოა სუნით და გემოთი, გაქრება ამ სამყაროდან.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.