განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_5_1_14 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება


თავი 5

იოანე ხედავს დაბეჭდილ წიგნს

5:1-5


ძვ. ქართ.:

1. და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.
 
2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა?  
 
3. და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედვად მისა.  
 
4. და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.  
 
5. და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.
11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.


ახ. ქართ.:

1. და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
 
2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?
 
3. ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა.
 
4. და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
 
5. მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.


***
 
 
მიმოხილვა: დაბეჭდილი წიგნით ნაჩვენებია მთელი წერილი (ორიგენე). ეს წიგნი - მთელი სამყაროა, ასევე ქრისტე, რომელიც გვიხსნის წერილის აზრს (აპრინგიუსი), ან კიდევ ორი აღთქმა, რომელიც ერთმანეთთან არის კავშირში (პრიმაზიუსი)ს. ქრისტეს სიკვდილის შემდეგ გაიხსნა ყველა საიდუმლო (კესარიუს არლელი). ყველაფერი ღმრთის გონებაშია (ანდრია კესარიელი). ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი და გაგვიხსნა წერილის აზრი (ვიქტორინე პეტავიელი, პრიმაზიუსი). წერილის თანახმად, ჯოჯოხეთი - მიწის გულშია (გრიგოლ დიდი). ანტიქრისტე, ადამიანები რომ აცთუნოს, გარეგნულად ქრისტეს იმიტაციას მოახდენს (იპოლიტე რომაელი). წმიდა წერილში ქრისტე - ლომია, და კრავიც (ტიკონიუსი, ავგუსტინე იპონიელი), ასევე ყოველი ქმნილების წყარო (ეკუმენიოსი).
 

***
 
1. და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
 
 
წერილის აზრი
   
რომელი წიგნი ნახა იოანემ, შიგნიდან და გარედან ნაწერი? დაბეჭდილი ისე, რომ არავის შეუძლია არც ამ წიგნის გახსნა, არც ხილვა, არც ბეჭდის ახსნა (მე-2 მუხლი), არამედ მხოლოდ ლომს იუდას ტომიდან, დავითის ფესვს (მე-5 მუხლი), რომელსაც უპყრია დავითის კლიტენი, რომელიც მას გახსნის და მერე ვერავინ დახშავს, დახშავს მას და მერე ვერავინ გახსნის (მე-7 მუხლი)? ეს ნიშნავს, რომ მთელი წერილი ამ წიგნის საშუალებით არის გაცხადებული: გარდან ნაწერი მისი ჩვეული გაგებაა, შიგნით ნაწერი კი - დაფარული და სულიერი.
 
ორიგენე, იოანეს სახარების განმარტება.
 
 
შვიდი ბეჭედი
 
ეს წიგნი, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ იგი შიგნიდან და გარედან არის ნაწერი, არის მთელი რეალური სამყარო, ყველა ქმნილება, რომლის შინაგანსაც იცნობს ღმერთი და რომლის გარეგნულსაც ხედავს. ნათქვამია, რომ წიგნი შვიდი ბეჭდით არის დაბეჭდილი, რათა გამოავლინოს მოცემული შვიდეულის შეზღუდვები, რომელთაც შეიცავს სამყარო. იგივე სხვაგვარად: ეს წიგნი აღნიშნავს ძველი აღთქმის სწავლებას, რომელიც გადმოცემულია ჩვენი უფლის ხელით. შვიდი ბეჭედი ესენია: პირველი - ხორცშეხმა, მეორე - შობა, მესამე - ვნება, მეოთხე - სიკვდილი, მეხუთე - აღდგომა, მეექვსე - დიდება, მეშვიდე - სასუფეველი. ამიტომ ეს არის ქრისტე, რადგან მან ყველაფერი აღასრულა. ყველაფერი, რაც წმინდა წერილში იყო დაფარული და დაბეჭდილი, მან გახსნა და დაბეჭდა.
   
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

აღვიგწერს საღვთო წერილს, როგორც ერთგვარ საღვთო წიგნს, რომელშიც ყველა ადამიანია ჩაწერილი. შესაძლოა, ის წიგნს უწოდებს ღმერთის ხსოვნას ჩვენ შესახებ და მხოლოდ წინასწარმეტყველი მოიხსენიებს მას წიგნაკად (1), როდესაც ამბობს: ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა (ფსალმ. 138:16). ბრძენი მოსე, რომელიც შუამდგომლობდა ცოდვილი ისრაელისთვის, შეჰღაღადებს ღმერთს: ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან (გამ. 32:23). სწორედ ასეთ წიგნს, შიგნიდან და გარედან ნაწერს, ხედავს წმიდა მახარებელი. შიგნიდან ნაწერი შესაძლოა იყვნენ ისრაელიდან ისინი, ვინც ღვთის რჯულს იცავდნენ; ხოლო გარედან ნაწერი - წარმოართები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობას მისდევდნენ, უარეს შემთხვევაში - სანამ ქრისტეს ირწმუნებდნენ. წიგნი ღვთის მარჯვენაში იყო, ეს, როგორც ღრმად მწამს, არის წმინდანთა გზა, რომლებიც ძველად სარწმუნოდ მოქმედებდნენ. ხოლო წიგნი დაფარული და დალუქული იყო შვიდი ბეჭდით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
___________
 
1. Τὀ βιβλιον - კნინობითი ფორმაა სიტყიდან ἡ βιβλος , წიგნი. - რედ.
 
___________
 
 
აღთქმათა ერთობა
 
მარჯვენაში - ანუ ქრისტეში, რადგან ის არის ღმერთის ხელი, ის არის მამის მარჯვენა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარადიულ ნეტარებაში. წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი, ორივე აღთქმაა: გარედან ძველი, რომელიც ხილული იყო; შიგნიდან ახალი, რომელიც შიგნიდან იყო დაფარული (1). ამიტომ მოციქული მიმართავს ებრაელებს და ეუბნება: რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს, არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა. რადგან ვერ უძლებდნენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა (ებრ. 12:18-20) და ა. შ. ახლა კი, თუ შევადარებთ სულიერს სულიერთან, მოდით, ვიფიქროთ არა ხილულზე, არამედ უხილავზე, რადგან ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი (2 კორინთ. 4:18). მაგრამ იმის გამოა ნათქვამი, რომ ეს არის ერთი წიგნი, რომ არ არსებობს არც ახალი აღთქმა ძველის გარეშე და არც ძველი ახლის გარეშე. რადგან ძველი არის ახლის მაცნე და საფარველი, ხოლო ახალი არის ძველის აღსრულება და გამოცხადება; რადგან ძველიც, მართალია, გარედან არის, მაგრამ არ მალავს არაფერს და არ აცხადებს ყველაფერს. ან, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მაცხოვნებელი წიგნის ყოვლითურთ ერთობა სავსეა იმ სახელით, რომელიც ან აღთქმულია, ან აღსრულებულია ორივე აღთქმაში.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
___________
 
2. პრიმაზიუსი ამ ადგილას იყენებს ტიკონიუსს - რედ.
 
___________
 
 
წვდომა ქრისტეს მეშვეობით
   
შვიდი ბეჭდით, - ამბობს ის, - დაბეჭდილი, ანუ დაფარული ყოველი საიდუმლოს სისრულით, რომელიც ქრისტეს ვნებამდე და აღდგომამდე იყო დაბეჭდილი. რადგან რამეს ანდერძი ეწოდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შემდგენელი მოკვდება; იბეჭდება მოანდერძის სიკვდილამდე და იხსნება მისი სიკვდილის შემდეგ. ასევე, ქრისტეს სიკვდილის შემდეგ ცხადდება ყველა საიდუმლო.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
წიგნი - წინასწარმეტყველებანი
   
ამ წიგნში იგულისხმება ყოვლადბრძენი უფლის ხსოვნა, რომელშიც ყოველივე აღნუსხული და ჩაწერილია დავითის სიტყვის თანახმად. ამ წიგნში მოიაზრება, აგრეთვე, საღვთო ხვედრის (სასჯელის) სიღრმეც. გარედან ნაწერი აღნიშნავს უფლის იმი სასჯელს, რომლის შემეცნებაც შესაძლებელია, ხოლო შიგნიდან ნაწერი კი ღვთის იმ სასჯელსა და საქმეებს, რომლებიც დაფარულია ყოველი დაბადებულისგან (შექმნილ არსებათაგან). მაშასადამე, ამ წიგნში ჩაწერილი იყო ყოვლადბრძენი ღვთის ყველა საიდუმლო განჩინება ადამიანთა გამოსახსნელად. წიგნში იგულისხმება წინასწარმეტყველებაც, რომელზეც თვით ქრისტემ თქვა, რომ ისინი ნაწილობრივ აღსრულდა სახარებაში (და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში (ლუკა 24:44)). ხოლო დანარჩენი აღსრულდება უკანასკნელ ჟამს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?
 
 
რჯულის აღსრულება
 
ვიხილეო, ­ - ამბობს, ­- ანგელოზი ... ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას? ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა. აღთქმის გახსნა - ადამიანებისთვის ტანჯვას და სიკვდილის დამარცხებას ნიშნავს.
 
არავინ არის ღირსი იმისა ეს გააკეთოს: ვერც ანგელოზთა შორის ცაში, და ვერც კაცთა შორის დედამიწაზე, ვერც წმინდანთა სულები, ნეტარებაში რომ განისვენებენ, არამედ მხოლოდ ქრისტე - ძე ღმრთისა, რომლის შესახებაც ამბობს: გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი (დაბ. 5:6). მის შესახებ ნაწინასწარმეტყველევი იყო: როგორი სჯული და მსხვერპლიც გინდ ყოფილიყო მასზე განზრახული, მას თვითონ მოუწევდა მისი აღსრულება. ამიტომაც თვითონვე იყო აღმთქმელი (3) და დაამარცხა სიკვდილი. აღმოჩნდა, რომ ის თვით ღმრთის მიერ იყო დაწესებული სჯულიერ მემკვიდრედ და ფლობდა მოკვდავი არსის სუბსტანციასაც - ანუ ადამიანურ სხეულს.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
___________
 
3. მხედველობაშია ის, რომ იესუ ქრისტე წარმოადგენს ახალი აღთქმის აღმთქმელს ან შუამდგომელს. იხ. ებრ. 15:16 - რედ.
 
___________
 

3. ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა.
 
 
ჩვენი ბუნების გამოსყიდვა
   
ნათქვამია, რომ ჯერ ვერავინ გახდა ღირსი ვერც ზეცაში, რაც ნიშნავს, რომ ეს აღემატება ანგელოზების შესაძლებლობებსაც, ოღონდ არა იმიტომ, რომ ანგელოზებმა არ იცოდნენ, უფლის განკაცებისა და სასჯელის საიდუმლო რომ მოდიოდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ვერ აღსრულდება ანგელოზური ბუნებით. რადგან ღვთის ძეს უნდა გამოეხსნა ადამიანი (შეად. ეს. 63:9. - რედ.), როდესაც მიიღებდა ჭეშმარიტ ადამიანურ ბუნებას და თვითონ სურდა ყველაფრის აღსრულება. ამიტომ ესაია ამბობს: არც ანგელოზმა, არც მაცნემ, არამედ თავად უფალმა გამოიხსნა ისინი.
 
ვერც მიწის ქვეშ - არც ერთი გარდაცვლილი წმინდანი არ იყო ღირსი წიგნის გადაშლისა, არც მისი ჭვრეტისა. ჭვრეტა - ანუ გაგება, ამიტომ პავლე ამბობს, რომ იგი უქადაგებს წარმართებს ქრისტეს სიმდიდრეს, რაც გასაგებია (იხ. ეფეს. 3:8. - რედ.), ანუ ახალი აღთქმის გამოცხადებებს, რაც დაფარულია რჯულში, რომელიც ქრისტემ აღასრულა თავისი მოსვლით. ამას ვერავინ შეხედავს მშვიდად, მით უფრო, ვერ აღასრულებს ამას საქმით - რაც ქრისტემ აღასრულა თავისი ნებით. რადგან მათ მხოლოდ ამის წინასწარ განჭვრეტა შეეძლოთ, მაგრამ ვერ აღასრულებდნენ მას.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წერილის აზრის გახსნა
   
მაგრამ ეს სულს აღელვებს, რადგან თუკი იმიტომ ვამბობთ ქვესკნელი, რომ ის მდებარეობს ქვემოთ, მაშინ, როგორც დედამიწაა ცის ქვემოთ, ასევე ქვესკნელიც უნდა იყოს მიწის ქვემოთ. აქედან მომდინარეობს ფსალმუნის სიტყვები: რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან (ფსალმ. 85:13), რათა ნათელი იყოს, რომ უფრო მაღალი ჯოჯოხეთი - ეს დედამიწაა, ხოლო ნამდვილი ჯოჯოხეთი - მიწის ქვეშ. იოანეს ხმაც ეთანხმება ამგვარ შეფასებას, როდესაც ამბობს, რომ ნახა წიგნი, რომელიც შვიდი ბეჭდით იყო აღბეჭდილი (იხ. გამოცხ. 5:1 - რედ.), - და ამიტომაც, არავინ არის ღირსი არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ გაშალოს ეს წიგნი და ახსნას ბეჭედი, შემდეგ კი ამატებს: მე დიდხანს ვტიროდი (გამოცხ. 5:4). მაგრამ შემდეგ ამბობს, რომ ლომი იუდას ტომიდან გახსნისო ამ წიგნს (გამოცხ. 5:5). რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა იგულისხმებოდეს ამ წიგნში, თუ არა წმიდა წერილი, რომელიც მხოლოდ ჩვენმა გამომსყიდველმა გახსნა? ის განკაცდა, მოკვდა, აღდგა მკვდრეთით და ამაღლდა, რითაც გახსნა ყველა საიდუმლო, რომელიც კი მასში იყო. ვერც ცაში, - რადგან ეს არც ანგელოზს შეეძლო; ვერც მიწაზე - რადგან ეს არც ხორცში მცხოვრებ ადამიანს შეეძლო; და ვერც მიწის ქვეშ - ვერავინ იქნა ნაპოვნი ამის ღირსი - რადგან სხეულთაგან გათავისუფლებულ სულებს არ შეეძლოთ გაეხსნათ ჩვენთვის წმიდა გამოთქმათა მნიშვნელობა, ეს მხოლოდ უფალს შეეძლო. შედეგად, რაკიღა წიგნის ასახსნელად ვერც მიწის ქვეშ არის ვინმე ამისი ღირსი, ვერ ვხედავ დაბრკოლებას, რაც ხელს შემიშლიდა მწამდეს, რომ ქვესკნელი იმყოფება მიწის ქვეშ.
 
წმ. გრიგოლ დიდი, დიალოგები.


ეს ხილვა გვიჩვენებს, თუ როგორ გამოგვეცხადა წმინდა წერილის საიდუმლოებანი უფლის განხორციელებით. ვერც ანგელოზმა, ვერც ერთმა მართალმა, ხორცის ბორკილთაგან გათავისუფლებულმა, ვერ შეძლო გამოეცხადებინა საღვთო რჯულის საიდუმლოებანი ან გამოეკვლია ისინი, ვერც წიგნის გადაშლა, ანუ ახალი აღთქმის სინათლის განჭვრეტა. ანალოგიურად, ისრაელის ძეებს არ შეეძლოთ სახეში ეჭვრიტათ ძველი აღთქმის რჯულმდებლისათივს, რომელიც ახალსაც შეიცავს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
4. და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
 
 
იოანესთან ეკლესია ტიროდა, ცოდვებით ტვირთმძიმე, ცრემლებით ევედრებოდა შენდობას, რაც, როგორც ნაჩვენებია, ამ წიგნის გადაშლას გულისხმობდა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ჩემი აზრით, წმინდა იოანე იმიტომ ტიროდა, რომ არავინ აღმოჩნდა ღირსი, ეს წიგნი გადაეშალა და შიგ ჩაეხედა. მან იხილა, რომ თვით წმინდა ანგელოზთა ბუნებაც უგულისხმოებაში აღმოჩნდა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5. მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.
 
 
ლომი იუდას ტომიდან
 
ერთ-ერთ უხუცესში ჩვენ ვცნობთ წინასწარმეტყველთა კრებით სახეს, რომელთა ცნობილი წინასწარმეტყველებანი იმის შესახებ, რომ ქრისტე იუდას ტომიდან გამოისყიდიდა სამყაროს თვისი სისხლით, იყო ეკლესიის ნუგეში. ჩვენ ვკითხულობთ მის შესახებ წინასწარმეტყველებას: ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? (დაბ. 49:9). აკი მის შესახებ, ვინც ნებაყოფლობით მიიღო სიკვდილი დანაშაულის გარეშე და ძალით გაანადგურა სიკვდილი, გვასწავლიან როგორც ლომის, ასევე როგორც კრავის შსახებაც; ძველად ის ნამდვილად ემუქრებოდა სიკვდილს, როდესაც ოსიას პირით ამბობდა: ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? (ოსია 13:14) და ესაიას პირით: იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი (ეს. 11:10). ჭეშმარიტად, თითოეულ მორწმუნესაც, როცა განმარტოებული გულწრფელად მწუხარბს თავისი ცოდვების გამო, ასევე ახსოვს წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება (რომ. 15:4) და იცის, რომ მას აქვს საუკუნო ხსნის იმედი. რასაც ვამბობ, დასტურდება ერთ-ერთი უხუცესის მსგავსი პასუხით. იმავე მიზეზით, წარსულზე მითითებით, იგი წინასწარმეტყველებს მომავალს, რისთვისაც სული დაფარულად ავლენს მომავალს წარსულში მომხდარ მოვლენებში.
 
ტიკონიუსი, აპოკალიფსისის განმარტება.
 
 
შესაბამისად, ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ჭეშმარიტი გამარჯვება მოიპოვა, რადგან იგი მკვდრეთით აღდგა და ზეცაში ავიდა. ამიტომაც აღსრულდა ის, რაც აპოკალიფსისის წაკითხვისას მოისმინე: იმძლავრა ლომმა იუდას ტომიდან. მას უწოდებენ ლომს და მას უწოდებენ კრავს: ლომს - სიმამაცის გამო, კრავს - უცოდველობის გამო. იმიტომ, რომ ლომი უძლეველია, კრავი კი - თვინიერი. ამ დაკლულმა კრავმა თავისი სიკვდილით სძლია ლომს, რომელიც დაძრწის და მსხვერპლს დაეძებს (1 პეტ. 5:8). ეშმაკს ხომ ლომი ეწოდება, არა სიმამაცის გამო, არამედ დაუნდობლობისა. პეტრე მოციქული ამბობს: უნდა ვუფრთხილდეთ ცთუნებებს, რადგან, ამბობს ის, - თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. მაგრამ როგორ დაძრწის? ის ამბობს: როგორც მბრღდვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს. ვინ გადაურჩებოდა ამ ლომის ხახას, ლომს რომ არ ემძლავრა იუდას ტომიდან? ლომი ლომის წინააღმდეგ, კრავი მგლის წინააღმდეგ! ეშმაკმა გაიხარა, როდესაც ქრისტე გარდაიცვალა, მაგრამ თვით ქრისტეს სიკვდილით იძლია ეშმაკი, თითქოს მან სატყუარა მიიღო სათაგურში. მას უხაროდა სიკვდილი, თითქოს სიკვდილის მოთავედ იყო დადგენილი: ის, რაც გაუხარდა, იქიდან იქითკენ კიდეც მიემართება. ეშმაკის ხაფანგი უფლის ჯვარია: სატყუარა, რომლითაც იგი დაიჭირეს, უფლის სიკვდილია, მაგრამ აი, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე აღდგა!
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ქადაგებანი.
 
***
 
რომლის შესახებაც წინასწარ გვაუწყებს წინასწარმეტყველი: როგორც ვერძი, რომელიც დასაკლავად მიიყვანეს, და როგორც კრავი, დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. ვინ არის ის? ის ხომ არა, ვისზეც წინასწარმეტყველი საუბრობს და ამბობს: სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე (ეს. 53:7-8). მე ვხედავ ასეთი (უსაზღვრო) თავმდაბლობის მაგალითს (მხოლოდ) ასეთი (უსაზღვრო) ძალაუფლების მეფეში. როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე (ეს. 53:7), ის თავად არის ლომი იუდას ტომიდან. ვინ არის ეს კრავი და ლომი - მან მიიღო სიკვდილი, როგორც კრავმა და დაამხო იგი, როგორც ლომმა. ვინ არის ეს კრავი და ლომი? ის კრავია ტანჯვაში, ლომი - აღდგომაში. ან იქნებ ტანჯვაში კრავი და ლომი, აღდგომის დროსაც კრავი და ლომია?
 
მოდით ვნახოთ კრავი ვნების დროს. ახლახან როგორც ითქვა: როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. მოდით, შევხედოთ ლომს ტანჯვის დროს. თქვა იაკობმა: წამოდგა, წაიხარა, გაწვა ლომივით (5) მოდით, მკვდრეთით აღდგომის დროს ვნახოთ კრავი. აპოკალიფსისი, რადგან დედების მარადიულ დიდებაზე საუბრობს, ამბობს: რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც გინდ მიდიოდეს იგი (აპოკ. 14:4). მოდით, აღდგომის დროს ვნახოთ ლომი. იმავე აპოკალიფსისში ნათქვამია, რაც ზემოთ უკვე ვთქვი: იმძლავრა ლომმა იუდას ტომიდან, რომელიც გადაშლის ამ წიგნს. რატომ ევნება კრავი? იმიტომ, რომ ბრალის გარეშე (როგორც) დამნაშავემ თავს იდო სიკვდილი. რატომ ევნება ლომი? სიმიტომ, რომ მოკლულმა გაანადგურა სიკვდილი? რატომ აღდგა მკვდრეთით კრავი? რადგან მისი უცოდველობა საუკუნოა. რატომ აღდგება ლომი მკვდრეთით? რადგან მისი ძალა საუკუნოა.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ქადაგებანი.
 
___________
 
4. შეად. დაბ. 49:9: ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? - რედ.
 
___________

როგორც ნათქვამია, მან, ვინც ჩვენს მძლეველს, ეშმაკს სძლია, გადაშალა წიგნი და დაბეჭდა. ვინ იყო ლომი იუდას ტომიდან? რასაკვირველია, ქრისტე, რომლის შესახებაც პატრიარქმა იაკობმა თქვა: წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? (დაბ. 49:9). და წმიდა მოციქულიც ამოწმებს, რომ იუდასგან იშვა ხორციელი უფალი: ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან (ებრ. 7:14). შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რატომ არ უწოდებს მას ესაიას მსგავსად - ამოვა ყლორდი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს (ესაია 11:1) - არამედ დავითის ფესვს? ამას ამბობს და გვიჩვენებს, რომ კაცობრივი ბუნებით ის იყო ყლორტი, რომელიც იესეს და დავითის ფესვიდან ამოვა, ხოლო საღვთო ბუნებით - ის თავად არის ფესვი არა მხოლოდ დავითისა, არამედ ყველა, ხორციელად ხილული და გონიერი ქმნილებისა, რადგან ის არის ყოველგვარი ყოფიერების მიზეზი, როგორც ადრე ითქვა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს ქრისტედ
   
ჩვენი უფალი და მხსნელი ქრისტე იესუ, ძე ღვთისა, მისი სამეფო და დიდებული ღირსებისათვის ნაწინასწარმეტყველევი იყო, როგორც ლომი (იხ. დაბ. 49:8-9 - რედ.); ანალოგიურად, წმიდა წერილში ნაწინასწარმეტყველებია ანტიქრისტეც, როგორც ლომი, ტირანისა და მოძალადის თვისებების გამო. და საერთოდ, მაცდური ყველაფერში შეეცდება დაემსგავსოს ღვთის ძეს. ლომია ქრისტე, ლომია ანტიქრისტეც; მეფეა ქრისტე (იხ. იოანე 18:87. - რედ.), მეფეა, თუმცა მიწიერი, ასევე ანტიქრისტეც. მაცხოვარი გამოჩნდა, როგორც კრავი (იხ. იოანე 1:29. - რედ.); ანალოგიურად, ისიც გამოჩნდება, როგორც კრავი, თუმცა შიგნით იგი დარჩება მგლად. მაცხოვარი წინადაცვეთილი მოვიდა სამყაროში და ისიც ასევე მოვა. უფალმა მოციქულები გაუგზავნა ყველა ხალხს, ისიც ასევე წარგზავნის თავის ცრუ მოციქულებს. მაცხოვარმა შეკრიბა თავისი გაფანტული ცხვარი (იოანე 11:52. - რედ.) - ისიც ასევე შეკრებს გაფანტულ იუდეველ ხალხს. უფალმა ბეჭედი მისცა თავის მორწმუნეებს - ასევე, ისიც მისცემს. უფალი კაცის სახით გამოჩნდა, ისიც კაცის სახით მოვა. მაცხოვარმა აღადგინა და გვიჩვენა თავისი წმინდა ხორცი, როგორც ტაძარი (იხ. იოანე И 2:19 - რედ.). ისიც ასევე აღადგენს ქვის ტაძარს იერუსალიმში.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, ანტიქრისტეს შესახებ.
აპოკალიფსისი
კრავი იღებს წიგნს

5:6-14


ძვ. ქართ.:

6. და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.  
 
7 და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდარსა ზედა მჯდომარისა.  
 
8 და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.  
 
9 და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა,  
 
10 და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა.  
 
11 და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი,  
 
12 რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა, და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა.  
 
13 და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.  
 
14 და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ! და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.  


ახ. ქართ.:

6. გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი.
 
7. მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი.  
 
8. და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.
 
9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,  
 
10. რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.  
 
11. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;  
 
12. რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
 
13. და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.  
 
14. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.


***
 
მიმოხილვა: კრავი - იესუ, სამყაროს განმწმენდელი მსხვერპლი (ორიგენე); ის მსხვერპლად შეიწირა თავისი სხეულისთვის - ეკლესიისთვის (ტიკონიუსი, კესარიოს არლელი). სულის ნიჭები განფენილია მთელ სამყაროში (აპრინგიუსი). ქრისტე - როგორც დაკლული, რადგან ის აღდგა და სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა (ეკუმენიოსი). მხოლოდ ის აღებს მამის წიგნს; ის - პირმშოა შესვენებულთა, მეუფე ზეცისა, მიწისა და ქვესკნელისა (ირინეოს ლიონელი).
 
კრავმა დაამარცხა სიკვდილი, მისგან გაათავისუფლა ხორცი, და ქრისტეს სხეულის მიერ ადამიანი მკვდრეთით აღდგება მარადიული ცხოვრებისთვის (ვიქტორინ პეტავიელი). იესუ სამების საიდუმლოა, რომელიც დღემდე დაფარულია (აპრინგიუსი). ღმრთის ნიჭები - ჩვენი სათნოებებია (ორიგენე). ქნარი - სატანჯველად გადაცემული ქრისტეს სხეულია ( ვიქტორინე პეტავიელი). წმინდანთა ლოცვა - მადლის მოქმედება (პრიმაზიუსი). საკმეველი - მართალთა მსხვერპლი, ქნარი - ღმრთის დიდება (ანდრია კესარიელი).
 
ქნარი - ხორცის მძლეველთა სხეულებია, ხოლო საკმეველი - ჩვენი ლოცვები და ხსოვნა მისი ტანჯვისა და სიკვდილისა (ბედა პატივდებული). ახალი საგალობელი - სარწმუნოების ჩვენი აღსარება (ვიქტორინე პეტავიელი). მეფენი - ვნებებზე გამარჯვებულნი, მღვდლები - ვინც საკუთარი შეწირა ღმერთს (ეკუმენიოსი). ანგელოზები და ადამიანები - ერთი სხეულია, ეკლესიაა (ანდრია კესარიელი).
 

***

 
6. გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე
 
 
კრავი - მთელი სამყაროს განმწმენდელი მსხვერპლი
   
თუ განვიხილავთ იოანეს ნათქვამს, რომელიც იესუზე მიუთითებს და ამბობს: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს (იოანე 1:29), რამაც დაამოწმა განკაცებული ძის მისია კაცთა ცხოვრებაში, უნდა ვაღიაროთ, რომ კრავი სხვა არავინაა, თუ არა ცოცხალი ადამიანი. რადგან კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე (ეს. 53:7), როდესაც ამბობს: უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად (იერ. 11:19). ამიტომაც აპოკალიფსისში მის მიერ ნანახი კრავი ჩანს, როგორც დაკლული. ეს დაკლული კრავი, რომელიც გარკვეული იდუმალი განზრახულობის თანახმად დაიბადა, მთელი სამყაროს განმწმენდელი მსხვერპლია - (მან) თავისი სისხლით გამოგვისყიდა ჩვენ, ცოდვების მონობას მიყიდულნი.
 
ორიგენე, იოანეს სახარების განმარტება.
 
 
ქრისტეს ეკლესია
   
მდგომარე კრავი, როგორც დაკლული. რამდენადაც ხშირად ქადაგებს ეკლესია მოკლული ქრისტეს შესახებ, იმდენჯერვე უნდა დავინახოთ ის კრავი, როგორც მსხვერპლად შეწირული ქვეყნის ბოროტმოქმედების გამო...
 
დაბოლოს, შემდეგ მოჰყვება: შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი. სხვადასხვა სიტყვა აქ ამოწმებს ერთსა და იმავე მნიშვნელობას, რაც რქებით აღნიშნავს სულიწმიდის უმაღლეს წყალობას, რომლის მეშვეობითაც ქრისტე ხელმწიფებს მთელ ქვეყანაზე თავის ეკლესიაში.
 
რომელნი არიან შვიდი სული ღვთისა - არავინ ხელმწიფებს მთელ დედამიწაზე სიმართლის უზენაესობით და სულიწმიდის მადლით განსაკუთრებულად არ განიდიდება, გარდა ქრისტეს ეკლესიისა. ჩვენ გვახსოვს გამონათქვამი, რომ გონივრულია, შვიდი სამყაროს რიცხვად მივიჩნიოთ. ეს ჭეშმარიტად ასეა, ვინაიდან რქები თავზე, და სამართლიანადაც, ერთადერთი, მხოლოდ ეკლესიის სიდიადე არის დავანებული ქრისტეზე, როგორც მან თქვა: ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას (მათე 16:18), თითქოს ამა ამბობდეს: ჩემს თავზე ავაშენებ.
 
ტიკონიუსი, აპოკალიფსისის განმარტება.
 
 
საყდრები, ცხოველები, უხუცესები - ეს ეკლესიაა. კრავი, როგორც დაკლული, - ეს ეკლესიაა თავისი თავითურთ, რომელიც კვდება ქრისტესთვის, რათა ქრისტესთან ერთად იცოცხლოს. და მოწამეები ეკლესიაში შეიძლება გაგებულ იქნან, როგორც კრავი დაკლული.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
რიცხვი შვიდი
 
აქ იოანემ კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენა ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რომელიც მან წარმოადგინა არა როგორც მკვდარი, არამედ როგორც დაკლული. ამბობს, რომ იგი დაინახა ტახტის შუაგულში, ანუ საღვთო ძალიტა და დიდებულებით; და ოთხი ცხოველი, ანუ ის შეიცნო ოთხი მახარებლის თანამიმდევრობით, და უხუცესთა სორის, რაც ნიშნავს დასს წინასწარმეტყველებისა ან მოციქულებისა. ის ამოწმებს, რომ მან იქ ნახა არა დაკლული კრავი, არამედ როგორც დაკლული, ანუ ის, ვინც სიკვდილი დაამარცხა და ტანჯვა დაითმინა.
 
შვიდრქიანი და შვიდთვალიანი - რქებს ძალა და ღირსება აქვთ. რიცხვი შვიდი აღწერს ქვეყნის მდგომარეობას, რომელსაც იგი მართავს ძალაუფლებით, რომლის უძლიერესი მეუფეცაა.
 
შემდეგ იგი შვიდ სულს შვიდ თვალს უწოდებს, ანუ მიუთითებს იმაზე, რომ განდიდებული სულიწმიდა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში მკვიდრეობს შვიდი სათნოების ხარისხით. მოციქული ამის შესახებ ამბობს: ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა (2 კორ. 5:19). და კვლავ: და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში (რომ. 8:11). რადგან სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები (ფსალმ. 18:5), იგი სულებზე საუბრობს, რომლებიც არიან მოვლინებულნი. შეგვახსენებს, რომ არსებობს სულიწმიდის ნიჭები, რომლებიც მთელ ქვეყანაზე არიან გაბნეულნი.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მკვდრეთით აღმდგარი უფალი
 
იოანე უფალს კრავს უწოდებს მისი უცოდველობისა და კეთილი საქმეების გამო. რადგან, როგორც კრავს საწმისის ყოველწლიური შესაწირით მოაქვს სიკეთე, ასევე უფალი აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს (ფსალმ. 144:16). მას ამავენაირად ეწოდება ესაიას წინასწარმეტყველების თანახმადაც: კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე (ეს. 53:7). იერემიას სიტყვებით: უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ (იერ. 11:19). მაგრამ ის იყო კრავი არა დაკლული, არამედ როგორც დაკლული. ქრისტე ხომ მკვდრეთით აღდგა, დათრგუნა სიკვდილი და გაათავისუფლა ჯოჯოხეთი მასში მყოფი სულებისგან, ვინაიდან მისი სიკვდილი არ ყოფილა სიკვდილი მკაცრი შეუქცევადობით, არამედ სიკვდილი, რომელიც მაშინვე იძლია აღდგომით.
 
აღდგომის შემდეგ უფალმა გამოავლინა სიკვდილის ნიშნები: სამსჭვალთა ნაჭდევები, მისი მაცოცხლებელი სხეული, სისხლით დასვრილი, ესაიას სიტყვების თანახმად, რაც წმიდა ანგელოზების პირით თქვა: რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით? (ეს. 63:2). ამიტომ, როგორც დაკლული, ისე წარდგა იგი ხილვაში.
 
შვიდი რქა აღნიშნავს მის დიდ ძალას, რადგან შვიდი, როგორც სრულყოფილი რიცხვი, წარმოადგენს სიმრავლეს, როგორც ძემოთ აღვნიშნეთ; რქები არის ძალაუფლების სიმბოლო, თანახმად წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ (ფსალმ. 74:11), და ამბაკუმის თანახმად: ... ვითარცა ნათელი იყოს, რქანი ჴელთა შინა მისთა (ამბ. 3:4) (5).
 
___________
 
5. ნათელი - როგორც მზის სინათლე; მის ხელთაგან მოდიან მისი სხივები, და ამაშია უფლის ძალის საიდუმლო! - რედ.
 
___________
 
თუ რა არის შვიდი თვალი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი, გვიხსნის, რა თქმა უნდა, ესაია: დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.  ის უფლის შიშით ისულდგმულებს... (ეს. 11:2-3).  
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7. მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი.  
 
 
ძალაუფლება სამყაროზე
   
და უფალმა თქვა: ყველაფერი მამისაგან მომეცა მე (მათე 11:27) - ცხადია, იმისგან, ვინც ყოველივე შექმნა, რადგან მან ქრისტეს გადასცა არა უცხო, არამედ თავისი, საკუთარი. ხოლო ყველაფერში არაფერია გამონაკლისი, და ამიტომაც ღმერთი არის მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს (გამოცხ. 3:7). რადგან ვერავინ ვერც ცაში, ვერც მიწაზე, ვერც მიწის ქვეშ ვერ არის შემძლებელი გახსნას მამის წიგნი და დაინახოს ის, გარდა კრავისა, დაკლულისა და თავისი სისხლით ჩვენი გამომსყიდველისა, რომელმაც მისგანვე, რომელმაც თავისი სიტყვით შექმნა და თავისი სიბრძნით განამშვენა ყოველი, მიიღო ძალაუფლება ყველაფერზე, როდესაც სიტყვა ხორცად იქცა (იოანე 1:14), რათა როგორც ღმრთის სიტყვა ხელმწიფებდა ზეცად, ასევე ჰქონოდა მას ხელმწიფება დედამიწაზე, რადგან ის იყო მართალი კაცი, რომელსაც არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს (1 პეტრე 2:22), - რათა ხელმწიფება ჰქონოდა იმაზეც, რაც მიწის ქვეშაა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს (კოლას 1:18). რათა ყველანი, როგორც უკვე ვთქვი, ხედავდნენ თავიანთ მეფეს, და რათა მამის ნათელი გადმოსულიყო უფლის ხორცზე და მისი გაბრწყინვებული ხორციდან გადმოსულიყო ჩვენზე, და ამგვარად მამის ნათლის შემოსილ კაცს მიეღო უხრწენელება.
 
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ.
 
 
ქრისტეში აღდგომა
   
აქ ის აღებს და ხსნის ბეჭედს (ძველი) აღთქმიდან, რომელიც ადრე დაბეჭდა, რადგან იცოდა, რომ ეს მისი ტანჯვის დადგომამდე დაბეჭდილ და დაფარულ უნდა ყოფილიყო. სჯულმდებელმა მოსემ დაიფარა თავისი სახე და ასე ელაპარაკა ხალხს, უთითებდა რა, რომ უწყების სიტყვები დაფარულია ქრისტეს დრომდე. რადგან, როდესაც ხალხს სჯულს უკითხავდა, აიღო კრავის სისხლითა და წყლით გაჟღენთილი მატყლი და მისით აპკურა მთელი ხალხი, თანაც წინასწარმეტყველებდა: აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ საქმეზე (გამ. 24:8).
 
ამრიგად, დაკვირვებული ადამიანი ორივე უწყებას ერთ მთლიანობად შეაერთებს. რადგან არასაკმარისია იწოდებოდეს ის სჯულად, რამეთუ აღთქმად იწოდება. არავითარი სჯული არ იწოდება აღთქმად, და არაფერი სხვა - აღთქმად, გარდა იმისა, რაც შექმნილია მათ მიერ, ვინც ექვემდებარება კვდომას. და, რაც გინდ აღუთქვან შინაგანად, ეს ყველაფერი აღმთქმელის სიკვდილამდე დაბეჭდილია. მარგამ რადგან მან (ქრისტემ) საბოლოოდ დაამარცხა სიკვდილი და გადალახა ხორცის თვისება, ნათქვამია, რომ ის იყო როგორც დაკლული. ამიტომ (ძველ აღთქმას) ჯეროვნად ეხსნება ბეჭედი კრავისგან, რომელიც იყო როგორც დაკლული და, რომელმაც, როგორც ლომმა, შემუსრა სიკვდილი, აღასრულა ყოველივე აღთქმული მის შესახებ და გაათავისუფლა ადამიანი - ანუ ხორცი - სიკვდილისგან; და შეითვისა მოკვდავთა სუბსტანცია - ანუ ადამიანური ბუნება. როგორც ხორციელად ადამიანებმა მემკვიდრეობად მიიღეს სიკვდილის ვალი, ასევე ხორციელად ყველა მორწმუნე აღდგება მარადიული ცხოვრებისთვის. ასე რომ, თუკი აქამდე მოსეს სახე დაფარული იყო, ახლა იხსნება, და ამიტომაც აპოკალიფსისი გამოცხადებად იწოდება. ახლა აიხსნება ბეჭედი მისი წიგნიდან; ახლა ნათელი ხდება ცხებულის მღვდლობაც, განკარგულებაც, ტაძრის აღდგინებაც და (წინასწარმეტყველთა) უწყებაც.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სამების გაცხადება
 
აქ დროულად არის ნათქვამი: აიღო წიგნი, ანუ ყველა საღვთო საქმის ძალა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან, ანუ მამა ღმერთისგან მიიღო ყველაფერი, როგორც თვითონ თქვა: ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია (იოანე 16:15). მაშინ აიღო ეს წიგნი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარმა, საუკუნეთაგან დაფარული სამების საიდუმლო გაგვიმხილა და გამოუცხადა ნათელი მთელ ქვეყანას.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ძემ მიიღო წიგნი ეკლესიისგან
   
მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი. მარჯვენა უნდა გვესმოდეს, როგორც გამარჯვების ბედნიერება და არა როგორც ხორციელი მარჯვენა, თითქოს ნათქვამი იყოს, რომ მან წიგნი მიიღო მამის სხვა რომელიმე მარჯვენიდან, და თავად ძე არ ის მამის მარჯვენა; მაგრამ რადგან ყოველთვის იმარჯვებს თავის წყალობით ის, ვინც თქვა - გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას (იოანე 16:33) - და რადგან მან თავისი ეკლესია გამარჯვებული გახადა, ნათქვამია, რომ მან წიგნიც მისგან მიიღო.  
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
8. და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.
 
 
სამსხვერპლო ძღვენი
 
სამსხვერპლო ჩვენთვის არის თითოეული მართლის მაგალითი, საიდანაც ჭეშმარიტად და სულიერად აღევლინება სურნელოვანი საკმეველი - სუფთა სინდისისგან მომდინარე ლოცვისა. ამიტომ, აპოკალიფსისში იოანესთან ნათქვამია: საკმეველი არის წმინდანთა ლოცვა და მეფსალმუნე ამბობს: წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმეველად შენს წინაშე (ფსალმ. 140:2).
 
ორიგენე, იოანეს სახარების განმარტება.
 
 
თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა და რომელიც მიიტანა ოცდაოთხმა უხუცესმა, უნდა განვიხილოთ შემდეგნაირად: თასი არის მიჯაჭვულობა ღმერთთან, ანუ სრულყოფილი და სულიერი სიყვარული, რომელშიც ლოცვა სრულდება სულითა და ჭეშმარიტებით.
 
ევაგრე პონტოელი.
 
 
ქრისტეს ხორცი
   
ქნარი, ხეზე გადაჭიმული, ნიშნავს ქრისტეს სხეულს, რომელიც ევნო, ანუ ქრისტეს ხორცს. ოქროს თასი - აღსარება და ახალი მღვდლობის თაობა.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ხორცის ჯვარმცმელები ადიდებენ ქრისტეს
   
თასი, ღვთისთვის სათნო, ღვთისმოსავი აღსარებაა, როდესაც მზაკვარ გულში არაფერია დამალული, არამედ ყველაფერი იღვრება გახსნილი სულიდან. ეს არის დიდი ოქროს ლარნაკი სახლში, რომელიც კეთილსურნელებას აფრქვევს ქრისტეს სათნოსაყოფად. წმინდანთა სიტყვები მადლის საქმეა, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ხსნისათვის, ხოლო მათი სიკვდილი მცირეთა განმტკიცებაა. ქრისტეც, - ამბობს პეტრე, - ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს (1 პეტრე. 2:21). ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ (გალატ. 5:24), ისინი თითქოს ქნარით უგალობენ ქრისტეს, რადგან, როგორც ის მათთვის, ისე ისინიც მისთვის თვალს მიაპყრობენ იესუს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს (ებრ. 12:2).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კეთილსურნელოვანი მსხვერპლი
   
ქნარი ჰარმონიულ და კეთილხმოვან საღმრთო საგალობელს ნიშნავს; ხოლო საკმეველი - მორწმუნეთა კეთილ საქმეებსა და ერთგულ ადამიანთა კერთილსურნელოვან მსხვერპლს აღნიშნავს, რომელიც შეუბილწავი ცხოვრებით მიიძღვანება, როგორც წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს; ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე (2 კორინთ. 2:15). თასი კი სახეა გონებისა, რომლისგანაც კეთილ საქმეთა და წმინდა ლოცვათა კეთილსურნელება გადმოდის.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
უფალმა თავისი ტანჯვით გვიჩვენა, რომ მასში აღსრულდა ორივე აღთქმის ქადაგება და ეკლესია. როდესაც მას დიდებას აღუვლენს, თავს სატანჯველად სწირავს, რათა, მოციქულის მსგავსად, რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისთვის (კოლას. 1:24). ქნარი, ხეზე გადაჭიმული სიმებით, აქ არის სიმბოლო სიკვდილისთვის მზადმყოფი სხეულებისა; თასი გულისხმობს ფართოდ გახსნილ გულს წყალობის შეუნთქვისათვის.
 
ჩვენ გვმართებს უფლის ძიება, როგორც კეთილ საქმეთა ნათელში, ასევე მადლით აღსავსე სულიერ ლოცვაში. ამიტომ კარგად მოიქცნენ დედები, რომელთა შესახებაც ნათქვამია, რომ მათ, როდესაც დილით ადრე მივიდნენ სამარხთან, თან მიიტანეს მომზადებული ნელსაცხებლები. ჩვენი ნელსაცხებელი ლოცვაში ჩვენი ხმებია, რომელშიც უფალს ვანდობთ ჩვენი გულის სურვილებს, რასაც ამოწმებს მოციქული იოანე, რომელიც აღწერს წმინდანთა ყველაზე სუფთა, ყველაზე საიდუმლო სურვილებს: ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა, - ამბობს ის, - ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. რასაც ბერძნულად ნელსაცხებელს უწოდებენ, ლათინურად მას კეთილსურნელება ჰქვია.
 
ამრიგად, დილით ადრე უფლის საფლავზე ნელსაცხებელი მგვაქვს, ვიხსენებთ მის ტანჯვას და სიკვდილს, რაც მან დაითმინა ჩვენთვის და გარეგნულად ვაჩვენებთ ჩვენს მოყვასს კეთილ საქმეთა ნათელს, ხოლო ჩვენს გულში წმინდა და სათუთი მონანიების ალი გიზგიზებს. ასე უნდა მოვიქცეთ გამუდმებით, მაგრმა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკლესიაში ლოცვისთვის შევდივართ და როდესაც საკურთხეეველს მივეახლებით უფლის ხორცისა და სისხლის საიდუმლოს მისაღებად.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,  
 
10. რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.
 
 
ახალი საგალობელი - სარწმუნოების აღსარება
   
უხუცესები - ესენი არიან ღმრთის სათნომყოფელნი ძველ და ახალ აღთქმაში, რომლებიც მთელი სამყაროსთვის შეწირავენ მადლობის მსხვერპლს ღმრთის კავს, რომელმაც გამოგვისყიდა. ახალი საგალობელი ­ - ის არის, რომლის გალობა სულიწმიდით ისწავლეს ასოს სიძველისგან გათავისუფლებულებმა და ყველა ტომისა და ხალხისგან განათლებულებმა. მათზე ამბობს, რომ გამეფდებიან დედამიწაზე, რომელიც უფალმა მდაბალთ აღუთქვა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ოცდაოთხი ცხოველი და ოთხი უხუცესი, რომელთაც უპყრიათ ქნარი და ოქროს თასი, გალობდნენ ახალ საგალობელს: ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება ახალთან ერთად მიუთითებს, რომ ქრისტიანი ხალხი გალობს ახალ საგალობელს, ანუ თავიანთი აღსარების (რწმენის) საჯაროდ აღიარებაა. ახალი ის არის, რომ ღვთის ძე გახდა ადამიანი; ასევე ახალია ის, რომ ადამიანებმა ის სასიკვდილოთ გაწირეს; ახალია ის, რომ მესამე დღეს იგი აღდგა; ახალია, რომ ხორციელად იგი ზეცად ამაღლდა; ახალია - რომ მან ხალხს ცოდვები მიუტევა; ახალია - რომ მან სულიწმიდის ბეჭდით აღბეჭდა ადამიანები; ახალია - რომ მათ მიიღეს ღვთისმსახურება საჯარო ლოცვით და დაუსრულებელი აღთქმების სასუფეველს მოელიან.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ორივე აღთქმის თანხმიერ ჭეშმარიტებაში მოგვანიჭა ქრისტემ ახალი საგალობელი, როდესაც, დასაბამიერმა სიტყვამ, ქალწულისგან ახალი შობით, ახალი ჩვეულებით, როგორც ღმერთმა, ადამიანური ბუნება შეიმოსა, თავისი ნებით დაქვემდებარებული სიკვდილს, მკვდრეთით საკვირველად აღდგა. და როდესაც ისურვა ამაღლებულ იქნა ზეცად. მან გამოაგზავნა სული წმიდა და ერებს მოუხმო. ყველა ამ საქმით მან მოწოდებულ ეკლესიას ახალი საგალობელი მიანიჭა, რათა იგალობოს მსაჯულის მოსვლამდე, და არებოდეს ახალ სიცოცხლეში (რომ. 6:4). ამიტომაც თქვა: და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე (ლუკა 9:23).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ღმრთის მეფეები და მღვდლები
 
ეს გალობა ახალია, რადგან მას გალობენ ხორცშესხმული ღმერთის პატივსაცემად და ხორცშესხმამდე ის ჯერ არ შესრულებულა. რა იყო ეს გალობა? შენ ღირსი ხარ ხალხის გულისთვის აღასრულო ეს ხსნა, შენ ხარ ის, ვინც ჩვენთვის დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოისყიდე მრავალი ცის ქვეშ. და აბსოლუტურად უდავოა, რაც ითქვა: ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისგან. რადგან მან ყველა როდი შეიძინა - მრავალი ისე გარდაიცვალა, რომ არ ირწმუნა, არამედ ისინი, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა ხსნას. წინასწარმეტყველიც ანალოგიურად ამბობს: აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა (ფალმ. 81:8) (6), მაგრამ, ცხადია, ყველა ხალხს არა.
 
________________
 
6. ყოველთა შორის წარმართთა - სეპტუაგინტის ვერსიაა, რომლითაც სარგებლობს ეკუმენიოსი. სინოდალურ თარგმანშია: შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
 
________________
 
 
რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე. დაწერილის გარდა (რომ საუბარია ქრისტეს ერთგულ მსახურებზე, მეფეებსა და ეკლესიათა წინამძღოლებზე), მეფეებში შესაძლებელია ვიგულისხმოთ ისინი, ვინც ვნებებზე ბატონობს და მათით არ ხელმძღვანელობს. ხოლო მღვდლებში კი ისინი, ვინც თავის სხეულს უძღვნის ღმერთს წმინდა და კეთილსასურველ მსხვერპლად (რომ. 12:1), წმინდა წერილის თანახმად.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქედან ცხადია, რომ მღვდლებად ისინი მოიაზრებიან, ვინც ძველსა და ახალ აღთქმაში თავიანთი ცხოვრებით ღმერთს სათნო-ეყვნენ და მთელი ქვეყნიერებისთვის მადლობას სწირავენ ღვთის კრავს, რომელიც ჩვენთვის მოკვდა და გამოგვისყიდა ცოდვათა ტყვეობისგან. ძე ღვთისას, კაცობრიობის მხსნელს ისინი "ახალ საგალობელს" უგალობენ, რომელიც ჯერ არავის მოუსმენია ქვეყნიერების შემქნის დღიდან, რაზედაც მეფსალმუნე დავითი წინასწარ იუწყებოდა: უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა (ფსალმ. 97:1). ხოლო ახალი საგალობელი იმას ნიშნავს, რომ ძველი რჯულის აჩრდილი მოვიშორეთ, ძველი საგალობლებისგან გავთავისუფლდით და სულიწმიდისგან ვისწავლეთ ახალი გალობა. რადგან უფალმა თავისი სისხლით გამოგვისყიდა, ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხის განმანათლებლებად გვაქცია. დედამიწაზე ვიმეფებთ - აქ ახალი მიწა იგულისხმება, რომელიც მშვიდებს, თვინიერებსა და გულწრფელებს აღუთქვა უფალმა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
11. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;  
 
12. რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
 
13. და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.  
 
 
ეკლესია - სხეული ქრისტესი
   
ის ლაპარაკობს არა (ქრისტე) ღმერთზე, რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე (კოლას. 2:3), რომ ის თვითონ იღებს ამ სიბრძნეს, არამედ მის მიერ მიღებულ კაცებასა და ხორცზე, რომელიც არის ეკლესია, ან მის მოწამეებზე, რომლებიც ეწამნენ მისი სახელით. რადგან მისი თაოსნობით ეკლესია იღებს ყველაფერს, როგორც წერია: როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? (რომ. 8:32). აკი კრავს თვითონ მიეცა, რომელიც სახარებაში ამბობს: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც (მათე 28:18), ანუ მას იღებს კაცობრივი ბუნებით და არა საღვთოთი.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ღმერთი - დასაბამი ყოველთა
   
მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა, რადგან ყოველთაგან - სულიერთა და გრძნობისმიერთაგან, ცოცხალთაგან და უბრალოდ არსებულთაგან - ღმერთი ბუნებრივი ქებით იდიდება, როგორც დასაბამი ყოველთა, როგორც მხოლოდშობილი და ერთარსი ძე რმრთისა, და როგორც მომნიჭებელი კაცთადმი განახლებისა, რომელიც მოდის მისი აღდგომიდან, თუმც კი წერია, რომ ხელმწიფება მიწიერსა და ზეციერზე მან მიიღო როგორც კაცმა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
14. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
 
 
ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი მიანიშნებენ იმაზე, რომ ქრისტე ღმერთის მეშვეობით, ანგელოზებისა და ადამიანებისგან შეიქმნა ერთი სამწყსო და ერთი ეკლესია. რადგან მაცხოვარმა ცისა და მიწის გამყოფი კედელი დაარღვია და აი, უზეშთაესი სერაფიმების აღმატებულ დასთან ერთად (რომელთაც ეს ოთხი ცხოველი გამოხატავს) წმინდა ადამიანებიც (უხუცესები) ღირსნი აღმოჩნდნენ მარად ცოცხალი ღმრთისადმი გალობისა და თაყვანისცემისა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому