განმარტება - იოანეს გამოცხადების სქემატური აღწერა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
იოანეს გამოცხადების სქემატური აღწერა
აპოკალიფსური მხედრები
გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მიეცა იოანეს ანგელოზის მიერ, რათა წიგნად ჩაეწერა ხილვა და მიეცა ასიის, კერძოდ: ეფესოს, სმირნას, პერგამოსის, თიატირას, სარდეს, ფილადელფიისა და ლაოდიკიის ეკლესიებისთვის (აპოკ. 1:1-11).

კაცის ძის მსგავსის ხილვა, რომელიც იმყოფებოდა 7 სასანთლეს შორის და მარჯვენა ხელში ეპყრა 7 ვარსკვლავი. გამოცხადება იმის შესახებ, რომ 7 სასანთლე - 7 ეკლესიაა. უფლის განკარგულება იმის შესახებ, რომ იოანემ უნდა ჩაწეროს ხილვა ყოველი ეკლესიისთვის (აპოკ. 1:13-19).

იოანეს აღტაცება ზეციურ ტახტთან. ტახტზე მჯდომის ხილვა, რომელსაც გარს ეკრა ასევე "ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. ... ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი" (აპოკ. თ. 4).

ლვა ტახტზე მჯდომარისა და წიგნისა მის მარჯვენაში, რომელიც აღბეჭდილი იყო 7 ბეჭდით. მხოლოდ "კრავი, როგორც დაკლული" ღირსია და ძალმოსილია ახსნას ბეჭდები და გადაშალოს წიგნი (აპოკ. თ. 5).


კრავის მიერ 7 ბეჭდის ახსნა:

1-ლი ბეჭედი - თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი და მძლეველი (აპოკ. 6:1-2).

მე-2 ბეჭედი - ცხენი, წითელი, რომელზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა (აპოკ. 6:3-4).

მე-3 ბეჭედი - შავი ცხენი, რომელზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი (აპოკ. 6:5-6).

მე-4 ბეჭედი - ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი (აპოკ. 6:7-8).

მე-5 ბეჭედი - ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის მოკლულნი (აპოკ. 6:9-11).

მე-6 ბეჭედი - კრავის რისხვის დღე (აპოკ. 6:12-17).
         
ღმერთის მონათა შუბლების აღბეჭდვა: 144 000 ისრაელელი (12 ათასი ყოველი ტომიდან) და "ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან. ყველა მათგანი სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი" (აპოკ. თ. 7).

მე-7 ბეჭედი - ნახევარ საათიანი დუმილი ზეცაში (აპოკ. 8:1).


შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი (აპოკ. თ. 8:2).

ანგელოზის მოსვლა ოქროს სასაკმევლით. დედამიწაზე ცეცხლის გადმონთხევა (აპოკ. 8:3-5)


შვიდი ანგელოზის მიერ რიგ-რიგობით შვიდი საყვირის დაცემა:
 
1-ლი ანგელოზი - სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა (აპოკ. 8:7

მე-2 ანგელოზი - უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა (აპოკ. 8:8-9)

მე-3 ანგელოზი - ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა; ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმისაფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან,     რადგანაც მწარენი გახდნენ (აპოკ. 8:10-11)

მე-4 ანგელოზი - მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი;და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის (აპოკ. 8:12-13)

მე-5 ანგელოზი - ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა ... და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ (აპოკ. 9:1-12

მე-6 ანგელოზი - 4 ანგელოზის ახსნა, რომლებიც მზად არიან, რათა ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა (აპოკ. 9:13-21)
 

ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი, ემოსა ღრუბელი, თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი. ზეციური ხმა იოანეს უბრზანებს არ ჩაწეროს ის, რასაც იტყვის 7 ქუხილი. იოანეს ებრძანება შეჭამოს ეს წიგნი, რომელიც იოანეს "თაფლივით ეტკბილება პირში" მაგრამ, როდესაც შეჭამს გაამწარებს მის მუცელს (აპოკ. თ. 10).

იოანეს მიეცა კვერთხის მსგავი ლერწამი, რათა გაზომოს ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში (აპოკ. 11:1-2)

უფლის ორი მოწაფე 1260 დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი, რის შემდეგაც "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ". სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევა მათში ღვთისაგან, აღდგებიან მკვდრეთით და ავლენ ზეცად (აპოკ. 11:3-14)

მე-7 ანგელოზმა ჩაბერა საყვირს - და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და       მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე (აპოკ. 11:15-19)


მზით შემოსილი ქალის გამოჩენა, რომელსაც მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. წითელი ურჩხული, რომელიც კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. მაგრამ ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. ქალი კი გაიქცევა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე (აპოკ. 12:1-6)

ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. ურჩხული (სატანა ანუ ეშმაკი) გადმოგდებულ იქნება ციდან და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი, შეებმება დანარჩენებს ქალის მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა (აპოკ. 12:7-17)

ზღვიდან ამოდის მხეცი ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. ურჩხულს მიეცემა ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. ურჩხულს ასევე მიეცემა პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე (აპოკ. 13:1-10)

სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს და მოახდენს      დიად სასწაულებს. აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი (მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი 666) დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე, რათა რაიმ იყიდონ ან გაყიდონ (აპოკ. 13:11-18)

კრავის გამოჩენა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე      მისი სახელი და სახელი მისი მამისა (აპოკ. 14:1-5)


სამი ანგელოზის თანმიმდევრული გამოცხადება:

ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა       ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის (14:6-7)

ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა (აპოკ. 14:8)

ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე (აპოკ. 14:9-12)

თეთრ ღრუბელზე  ღრუბელზე მჯდომარე კაცის ძის მსგავსი, რომელსაც თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი. ანგელოზი შეჰღაღადებს ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად (აპოკ. 14:13-20)

ახალი ნიშანი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა. ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი (აპოკ. თ. 15)


ბრძანება 7 ანგელოზის მიმართ, რომ წავიდნენ და დასთხიონ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა (აპოკ. 16:1)

1-ლი ანგელოზი ღვრის პირველ თასს დედამიწაზე - და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს (აპოკ. 16:2)

მე-2 ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში (აპოკ. 16:3)

მე-3 ანგელოზმა მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა (აპოკ. 16:4-7)

მე-4 ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით (აპოკ. 16:8-9)

მე-5 ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი (აპოკ. 16:10-11).

მე-6 ანგელოზმა დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით. ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამოდის 3 უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი. ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს. და შეჰკრებენ მათ იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია არმაგედონი (აპოკ. 16:12-16)

მე-7 ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად  (აპოკ. 16:17-21)

მე-7 ანგელოზი იოანეს აჩვენებს დიდი მეძავის სამსჯავროს (აპოკ. თ. 17)


იოანე ხედავს ზეცით ჩამომავალ სხვა ანგელოზს, რომელიც იუწყება დიდი მეძავი ბაბილონის დამხობას (აპოკ. თ. 18)

ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთის გამეფება. იოანე ხედავს გახსნილ ცას, თეთრი ცხენს და მის მხედარს, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. ის შემოსილია სისხლით ნაღები სამოსით, და სახელი მისი - ღვთის სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, გამოვლენ, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას. მაგრამ, შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში (აპოკ. თ. 19)

სატანის შეკვრა 1000 წლით. ზეციდან ჩამოდის ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი 1000 წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სატანა საპყრობილიდან გათავისუფლდება და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე (აპოკ. 20:1-10)

დიდი თეთრი ტახტისა და მასზე მჯდომარის ხილვა. მკვდართა გასამართლება მათი საქმეების მიხედვით. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ყველა ცოდვილი, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში (აპოკ. 20:11-15)

ხალი ცა და ახალი მიწა. წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სადაც ის იმეფებს თავის ერთან ერთად. 7-თაგან ერთ-ერთი ანგელოზი აჩვენებს იოანეს დიდ ქალაქს, წმიდა იერუსალიმს, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით (აპოკ. თ. 21)

იოანეს მიეცემა განკარგულება არ დაბეჭდოს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები, რადგანაც ახლოა ჟამი და ბრძანებს თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან,  რაც ჩაწერილია ამ წიგნში (აპოკ. თ. 22).

საიტი "აპოკალიფსისი". 30 დეკემბერი. 2020 წ.
Назад к содержимому