აპოკალიფსისი > განმარტება
მებრძოლი ეკლესიის შვიდი ხატება
თუკი ზეციური ეკლესია უკვე თავისუფალია საცთურთაგან, კაცთა მოდგმის მტრის მზაკვრობათაგან, და უკვე წარმოადგენს მოზეიმეთა ზეციურ საკრებულოს (ებრ. 12:18-24; გამოცხ. 12:12), - წუთისოფელში მცხოვრები ქრისტიანები ჯერაც აწარმოებენ განუწყვეტელ სულიერ ბრძოლას ვნებებთან და წარმოადგენენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც გამოცხადებაში შემდეგ წინასწარმეტყველურ სიმბოლოებშია აღწერილი:
1. ქალი, რომელსაც "მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული" (გამოცხ. 12:2), - ასევე მისი თესლისგან ნაშობთ (გამოცხ. 12:17, შეად. - დაბ. 3:15), "რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა".
(ამასთან
ქალისა და მისი მოდგმის უმთავრეს მტრად გამოდის ციდან გადმოგდებული დრაკონი, გამოცხ.
12:13).
2. წმინდანები, რომელსაც შეებრძოლება "ზღვიდან ამომავალი მხეცი" და მიეცემა "ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა" (გამოცხ. 13:7). ეს წმინდანები გამოავლენენ მოთმინებას და რწმენას (გამოცხ. 13:10), რადგან მოიკვლებიან იმიტომ, რომ თაყვანი არ სცეს მხეცის ხატებას (გამოცხ. 13:15).
გარდა ამისა, ეს წმინდანები გამოცხადებაში კიდევ იწოდებიან იმ ქრისტიანებად, "რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას" (გამოცხ. 14:12, შეად. 1 ინ. 2:3 -8; 1 ინ. 3:4-7; 1 ინ. 3:24; 1 ინ. 5:3; 2 ინ. 1:4-6 და ა. შ.), და მოწოდებულნი არიან შემდგომი (განუწყვეტელი) სიწმიდისკენ ("... მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს" (გამოცხ. 22:11)), - ხოლო მათი ლოცვები აღწერილია საკმევლის სახით, რომელიც ზეცას აღწევს და ღმრთის წინაშე აღევლინება:
"... ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა" (გამოცხ. 5:8).
"მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე" (გამოცხ. 8:3-4).
მნიშვნელობათა ამავე სფეროს განეკუთვნება მებრძოლი ეკლესიის წარმოდგენა ორი მოწმის სახით, რომლებიც ძაძით არიან შემოსილნი (გამოცხ. 11:3), და რომელთაც მხეცი მოკლავს იმის შემდეგ, "როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას" (გამოცხ. 11:7). თუმცა, სამნახევარი დღის შემდეგ გაცოცხლდებიან ("მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ" (გამოცხ. 11:11)), და ავლენ ცაში ღრუბლით ("და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:12)).
(ახალაღთქმისეული
ეკლესიის, როგორც ორი წინასწარმეტყველისა და ორი ზეთისხილის სიმბოლო არც ისე აშკარაა
და უფრო დეტალურად განხილული იქნება გამოცხადების წიგნის 11-ე თავზე მსჯელობისას).
3. უფალში გარდაცვლილნი, რომლებიც ნეტარნი არიან,
რადგან განსვენებას ჰპოვებენ (თანაც, ძველაღთქმისეულ პერიოდში
სიკვდილი არანაირად არ უკავშირდებოდა ნეტარებას, შეად. - ფსალმ. 6:6; ეს. 38:18 და
ა. შ.).
(ამასთან
ქრისტიანთა მიერ რწმენით აღსრულებული საქმეები არ გაცამტვერდება და არ მიეცემა დავიწყებას,
არამედ "თან წაიტანენ თავიანთი საქმეებს" (გამოცხ. 14:13).
4. "ზეციური სამკალი", რომელიც მწიფდება (უკვე მომწიფდა) მთელ დედამიწაზე:
"გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა" (გამოცხ. 14:15-16).
"აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად" (იოანე 4:35).
"მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს" (მათე 3:12).
5. ღმრთის ერი, რომელიც უნდა გამოვიდეს მეძავი ბაბილონიდან, რათა მონაწილეობა არ მიიღოს მის ცოდვებში და არ დაექვემდებაროს მის სასჯელს ("გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით" (გამოცხ. 18:4)).
(იგივე აზრი
ვლინდება ეპიზოდში, რომელიც იმაზე მოწმობს, რომ ღმრთის ერმა სამუდამოდ მიატოვა მეძავი
ბაბილონი: "მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს
შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში..."
(გამოცხ. 18:22-23)).
6. ისინი, ვისაც გაეგზავნა გამოცხადების წიგნის მოწმობანი და წინასწარმეტყველებანი ("და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 22:6)), "მე, იესუმ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს" (გამოცხ. 22:16) და ვისაც გაეგზავნა სიტყვები: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ. 2:7 და სხვა). თანაც ამ მოწმობებთან ერთად უფალი იუწყება, რომ "ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს" (გამოცხ. 22:7) და წარმოადგენს ანგელოზთა თანამსახურს (გამოცხ. 22:9).
7. გარდა ამისა, მებრძოლი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წარმოდგენილია თვით იდუმალთმხილველით. ეკლესიის ეს ხატება იხსნება იმ მომენტში, როდესაც მოციქული იოანე ხდება 10-ე თავის სიუჟეტის მოქმედი პირი და ანგელოზის ხელიდან იღებს "გახსნილ წიგნს". ამას ის აკეთებს არა ბუკვალური აზრით, ანუ "საკუთარი თავისგან", არამედ ყველა ქრისტიანის სახელით, რომლებსაც თავიანთი გულები და სულები გაუხსნიათ ღმრთის მსჯავრისთვის:
"ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:10-11).
(მებრძოლი
ეკლესიის ზემოთხსენებულ ხატებათაგან არის არც ისე აშკარა სიმბოლოებიც. მაგრამ რადგან
მათი დეტალური განხილვა მნიშვნელოვან დროს ითხოვს, - ამ სიმბოლოთა მნიშვნელობაზე დეტალური
მსჯელობა უმჯობესია შესაბამის სიუჟეტთა კონტექსტში ვაწარმოოთ).
ამრიგად, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სწორედ ქრისტეს ეკლესია, რომელიც წარმოდგენილია ორ იპოსტასში (მედღესასწაულე და მებრძოლ ეკლესიებად), წარმოადგენს ძირითად "მოქმედ პირს" მთელ წიგნში, ვიდრე უფლის მადლის მოვანებამდე, როგორც ნათქვამია: "ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან", და რომლითაც მთავრდება გამოცხადების წიგნის ბოლო თავი (გამოცხ. 22:21).
ხოლო იმ ეპიზოდებში, სადაც ლაპარაკია მოვლენებზე, რომლებიც ცისქვეშეთში ხდება, ეკლესია პირდაპირ ან სიმბოლურად მოიხსენიება წუთისოფელში მიმდინარე უსჯულოების ერთადერთ ალტერნატივად.
ამასთან ქრისტიანულ აღთქმათა სისრულე, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია ნაუწყები, ყველაზე გლობალური განზოგადოებით ერთიანდება შვიდ კრებით მნიშვნელობაში, რომლებიც შეუძლებელია დავყოთ მიწასა და ცას შორის, - ხოლო მოზეიმე ეკლესია და ის ეკლესია, რომელიც იმყოფება უსჯულოების სამეფოში, იქ უფლის შესახებ ადასტურებს და იძულებულია წუთისოფელთან განუწყვეტელი სულიერი ბრძოლა აწარმოოს, ერთდებიან ერთ ცნებაში, წარმოადგენენ რა "ქალსა და კრავის სასძლოს" (ანუ ქრისტეს სულიერ სხეულს. შეად. - გამოცხ. 19:7-9; 1 კორინთ. 6:15; 12:27; ეფეს. 4:12; კოლას. 1:24).