განმარტება - მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და შეება "დანარჩენებს მისი მოდგმიდან" (გამოცხ. 12:17) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და შეება "დანარჩენებს მისი მოდგმიდან"

(გამოცხ. 12:17)
გველი-ურჩხული ეკლესიის წინააღმდეგ
"მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუ ქრისტეს მოწმობა" (გამოცხ. 12:17).
 
იმის შემდეგ, რაც ციდან გადმოგდებულმა ურჩხულმა დაინახა და შეიგნო, რომ ქალი, როგორც ადრე და მისი ყრმა, მიუწვდომელი და მოუწყვლელი გახდნენ მისი უკეთური და ბოროტი ზრახვებისთვის, ის, ჯერ-ერთი, კიდევ უფრო გააფთრდა, გადააჭარბა იმ ყოვლისშთანმთქმელ მრისხანებასაც კი, რომლის შესახებაც გამოცხადების 12:12-ში ითქვა.
(აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა ὀργίζω, რომელიც გადათარგმნილია, როგორც "გაშმაგდა", დაკავშირებულია 11-ე თავის პანორამებთან, სადაც იგივე დახასიათებით აღინიშნენ "გაშმაგებული" წარმართები, - გამოცხ. 11:18).
მეორეც, კაცთა მოდგმის უძველესი მტერი იძულებული იყო კიდევ ერთხელ შეეცვალა თავისი ზრახვები, და მთელი საკუთარი მრისხანება ეკლესიის ერთგული შვილების საწინააღმდეგოდ მიემართა, რომლებიც ქვეყნიერებას უფალსა და მაცხოვარზე უქადაგებენ და დამხობილი ურჩხულის სულიერი ხელმწიფების ნარჩენებს აცამტვერებენ.
 
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები, რომლებიც ჯერაც ხორცში არიან, საკუთარი ნებით ვერ თავისუფლდებიან ესოდენ საშიში მეზობლობისგან და, როგორც ურჩხულს წარმოუდგენია, "ფიზიკური" აზრით მუდმივად იმყოფებიან მისი წვდომადობის სფეროში, - ამჯერად (ურჩხულს) გააზრებული აქვს, როგორც მათი, ასევე საკუთარი ძალები და შესაძლებლობები, და ესმის, რაკიღა ქრისტიანები იშვნენ "ქალის თესლისგან", მას არ ძალუძს რაიმე ზიანი მიაყენოს მათ ოდენ საკუთარი ბოროტი ნებიდან გამომდინარე.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკი უკვე აღარ იკვებება ილუზიებით, რომ შეძლებს მათ "შთანთქმას" ან "მდინარესავით წალეკვას" (გამოცხ. 12:4, 15), - მაგრამ მიდის მათთან რათა შეებას ბრძოლაში, ანუ თუმც მათში ხედავს მის მიმართ არათანაბარ ძალას (რადგან ასეთი შეფასება მისი ამპარტავნების "სიმაღლიდან" შეუძლებელია), საკმაოდ სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს მათ.
 
მაგრამ, თუკი ღმრთის მორწმუნენი მტკიცედ დგანან სარწმუნოებაზე, და საკუთარ თავზე არ იქნებიან დაიმედებულნი, არამედ შეწევნას ზეგარდმო ელიან, - გველ-ურჩხული აქაც უძლური ხდება, შეად.:
 
"იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს, რომ შთანთქას. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესუ ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ" (1 პეტ .5:8-10).
 
მეტიც, რადგან ეკლესიის საიდუმლოებებში შობილნი ჭეშმარიტად "დედაკაცის თესლნი" არიან, მათ გააჩნიათ ხელმწიფება "თავი გაუჭეჭყონ გველს", და ამავდროულად თვითონ დაუზიანებელნი იყონ "გველის ნესტრისგან" (რომელსაც ადრე "ქუსლის დაგესლვა" შეეძლო მათში, ვინც კი გაბედავდა "გველის ფეხით გაქელვას"), შეად.:
 
"უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, ... მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:14-15).
 
"აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ" (ლკ. 10:19).
 
"ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი" (მკ. 16:17-18).
 
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ახალაღთქმისეული დროების სულიერი ბრძოლა, სადაც მებრძოლი ეკლესია ებრძვის ციდან გადმოგდებულ ურჩხულს და მთელ მის უკეთურ მხედრობას, საკმაოდ მძიმეა, და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე იბრძვის არა სიკვდილისთვის, არამედ სიცოცხლისთვის, - ქრისტიანები მასში მომგებიან ვითარებაში იმყოფებიან.
 
ხოლო როდესაც ვინმე დაიჭრება ამ ბრძოლაში, - მსგავსი რამ მხოლოდ მისი მცირედმორწმუნეობისა და უგუნურების გამო ხდება, თანაც მსგავსი ჭრილობები ქრისტიანთათვის არ არის მომაკვდინებელი, რადგან მათ ჰყავთ მაცხოვარი, რომელიც მისდამი რწმენითა და სინანულით მიმართვის შემთხვევაში "გველის" ნებისმიერ ნაკბენს კურნავს, შეად.:
 
"და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (ინ. 3:14-15).
 
რაც შეეხება იდუმალ "მოწმობას იესუ ქრისტესი", რომელსაც თითქოსდა შორიდან ხედავს ურჩხული, და ამიტომაც უშეცდომოდ განსაზღვრავს თავისი აგრესიის მიზანს, - გამოცხ. 19:10-ში ასეთი მოწმობა პირდაპირ იწოდება "სულის წინასწარმეტყველებად", ხოლო გარკვეულწილად სხვაგვარი აზრით წარმოადგენს განსაკუთრებულ საღმრთო ბეჭედს და ზეციურ ტაძარს (შეად.: გამ. 28:36-38, ზაქ. 14:20, 2 კორ. 1:21-22, ეფ. 1:13; 4:30, 2 ტიმ. 2:19, გამოცხ. 7:3; 9:4; 19:10 და სხვა).
 
მთლიანობაში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ 12-ე თავში აღწერილია ახალი აღთქმის დროების სულიერი ბრძოლის ყველა ეტაპი, ხოლო თვით უფალი წარმოდგენილია ძედ კაცისად (ანუ ჭეშმარიტ "ქალის თესლად") და პასექის კრავად, რომლის სისხლითაც აღსრულდა კაცობრიობის გამარჯვება გველ-ეშმაკზე.
 
ამ მოვლენათა წყალობით და ძველაღთქმისეული გამოსვლის სიმბოლოთა შესაბამისად ღმრთის ერი არა მარტო გათავისუფლდა "ეგვიპტის ფარაონის" ტყვეობიდან, არამედ მოიპოვა თავისი "სინური გამოცხადება" და თავისი "საველე კარავი" (ანუ მაცხოვრის სრულყოფილი სწავლება და ზეციური ტაძარი, რომელიც ნაჩვენებია გამოცხადებაში), რომელთა საფარველქვეშ ქრისტეს ეკლესია გადის ძველი სამყაროს სულიერ უდაბნოს.
 
ამასთან 12-ე თავში ქრისტეს ეკლესია პირველად წარდგება იდუმალთმხილველის თვალწინ "ქალისა და კრავის პატარძლის" ნიშანდობლივ ახალაღთქმისეულ ხატებაში (შეად.: გამოცხ. 21:9), რომელიც საღმრთო დიდებით არის შემოსილი (გამოცხ. 12:1), და შობს მრავალ ძესა და ასულს (ეს. 49:22; ეს. 66:8, გამოცხ. 12:17).
 
გარდა ამისა, 12-ე თავის სიმბოლოები და ხილვები მოწმობენ იმის შესახებ, რომ კაცთა მოდგმის მტრის დამხობისა და "უკეთურების საფუარისგან" ზეციურ ბინადართა განწმენდის შემდეგ პირმშოთა მთელი ეკლესია იმყოფება "ღმრთის ადგილას" ("... თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ" (გამოცხ. 12:6); "... გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას..." (გამოცხ. 12:14), სადაც ის დაცულია ეშმაკის გააფთრებისგან და მინდობილია უფლისეულ მზრუნველობას.
 
მაგრამ ურჩხული, რომელსაც არ შეუძლია ქალის დაზიანება, რადგან "არწივივით ორი დიდი ფრთა" მიეცა და გაფრინდა მისგან, მთელ თავის სისასტიკეს ანთხევს იმ ქრისტიანთ, რომლებიც "ქალის თესლისგან" იბადებიან და, დგებიან რა რწმენის გზაზე, ქვეყნიერებას უფალსა და მაცხოვარზე უქადაგებენ (გამოცხ. 12:7).
 
ასე რომ, მიწიერი ეკლესია მთელ ახალაღთქმისეულ პერიოდში განიცდიდა და განიცდის აშკარა, უშუალო და საიდუმლო აგრესიას ეშმაკისა და მისი უკეთური მხედრობის მხრიდან, - და იმარჯვებს მხოლოდ იმიტომ, რომ უწყვეტი სულიერი მღვიძარების მდგომარეობაში იმყოფება ("თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (1 ინ. 4:4)).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. "აპოკალიფსისის" რედ. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому