Перейти к контенту

განმარტება - "მიწიერი მეფეების" გლოვა ბაბილონის მეძავზე (გამოცხ. 18:9-10) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"მიწიერი მეფეების" გლოვა ბაბილონის მეძავზე

(გამოცხ. 18:9-10)
აპოკალიფსისის ანგელოზი
"იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს. და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა" (გამოცხ. 18:9-10).

 
გამოცხადების 17-ე თავსა და 18-ე თავის პირველ მუხლებში თუკი მოწმობები მონაცვლეობით და ერთდროულად მიმართავდნენ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს ბაბილონის, იერუსალიმისა და ნინევიის შესახებ, ასევე წინასწარმეტყველებას ამბაკუმის წიგნიდან "ამპარტავან კაცზე" და ა.შ., — გამოცხ. 18:9-დან მოყოლებული თხრობა პრაქტიკულად არ სცილდება ხატებებს, რომლებიც დაკავშირებულია დიდ ქალაქ ტიროსთან, რომელიც წინასწარმეტყველ იეზეკიელის წიგნშია ნახსენები (ეზეკ. 26 – ეზეკ. 27).
 
ამასთან, 18-ე თავის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი, მაგრამ არა ყველაზე აშკარა აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ის მიწიერი მეფეები, რომლებიც წარმოჩენილნი არიან მეძავის საყვარლებად და "თანამონაწილეებად", ხოლო განკითხვის ჟამს "შორიდან მდგომნი" აკვირდებიან მის დამწველ ცეცხლს, ერთი მხრივ, იზიარებენ მის დანაშაულობებს, ხოლო მეორე მხრივ, პირდაპირ დამნაშავენი არიან მის დაღუპვაში.
(ის თვალთმაქცური "გლოვა" და "მოთქმა", რომლითაც მიწიერი მეფეები აკვირდებიან "მისი ხანძრის კვამლს", მოწმობს არა თანაგრძნობასა და მოწყალებაზე, არამედ მათ პირად შიშზე საკუთარი ხვედრის მიმართ, ვინაიდან თითოეული მათგანი მეძაობდა და ძღებოდა დამწვარ მეძავთან და ამიტომაც სრულიად გაცნობიერებიერებულად მოელის შესაბამის სასჯელს.

გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ გამოცხ. 18:9-10-ში მოხსენიებულ მიწიერ მეფეთა შორის უნდა იმყოფებოდნენ ის "ათი მეფე", რომლებმაც "ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ მიიღებენ ხელმწიფებას მხეცთან ერთად, როგორც მეფეები, ერთი საათით", გამოცხ. 17:12, და რომელთა შესახებაც ნათქვამია: "…მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას" (გამოცხ. 17:16), — თუმცა ყველა სხვათაგან განცალკევებით ეს ათი მეფე 18-ე თავში მოხსენიებული არ არის).
რაც შეეხება ბიბლიურ ხატებას მეძავისა, რომელსაც თავადვე მისი თვალთმაქცური საყვარლები გლოვობენ, — სწორედ ეს ხატება იყო გამოკვეთილი წინასწარმეტყველებებში იეზეკიელის წიგნიდან, რომელიც წინასწარმეტყველებდა სამსჯავროს ისრაელის ორ მეძავზე, შეად.:
 
"ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ გადმოღვრილია შენი ქვაბი და გამოჩნდა შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და ყველა შენს საძაგელ კერპთან ბოზობაში, და შენი შვილების სისხლის გამო, რომელთაც მათ აძლევდი, აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიშიშვლეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სიშიშვლეს. დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას. მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს და დააქცევენ შენს სათაყვანო გორაკებს, შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ" (ეზეკ. 16:35-39).
 
"მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცლისთვის და გააუწმიდურეს ის თავიანთი გარყვნილებით; გაირყვნა მათგან და გული აიყარა მათზე. ... ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან; ...  შეგესევიან შუბოსნები, მხედრები, ეტლები უამრავი ხალხით; გარს შემოგადგებიან თოროსანნი ფარ-მუზარადით; სამსჯავროდ მიგცემ მათ წინაშე და თავიანთი სამართლით განგსჯიან. მოვაქცევ თქვენზე ჩემ გულისწყრომას და სასტიკად მოგექცევიან ... წაასხამენ შენს ვაჟებს და ასულებს, დანარჩენებს კი ცეცხლი შთანთქავთ" (ეზეკ. 23:17-25).
 
ასეთივე ცეცხლოვან სამსჯავროს უწინასწარმეტყველებს ბაბილონის ასულს და მასთან მემრუშე უკეთურებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ესაია (საყურადღებოა, რომ სიტყვები "ვერ იხსნეს თავიანთი სულები ალისგან" ეხება არა მხოლოდ მეძავს, არამედ იმ პიროვნებებსაც, რომლებიც "წახეტიალდნენ ყველანი თავ-თავიანთი გზით"), შეად.:
 
"დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად! ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი მშველელი კი არავინ იქნება" (ეს. 47:13-15).
 
ხოლო წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოწმობს, რომ მრავალ წყლებზე მჯდომარე დიდი ტვიროსის დაცემას შეძრწუნებით დააკვირდებიან "კუნძულთა მეფენი", რომლებიც ამ ქალაქთან მასშტაბურ და ორმხრივ სასარგებლო ვაჭრობას ეწეოდნენ, შეად.:
 
"ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენს გამო; მათი მეფეები შიშმა მოიცვა და სახე მოექცათ. ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე" (ეზეკ. 27:35-36).
(სხვათა შორის, ბაბილონისა და ნინევიისგან განსხვავებით, ქალაქები ტვიროსი და სიდონი არ გამქრალან მსოფლიოს რუკიდან და დღემდე არსებობენ, თუმცა ყოფილი სიდიადის უმცირესი ნაწილიც კი ვერ შეინარჩუნეს).
ასეა თუ ისე, მიწიერ მეფეთა ხატებების პირდაპირი მონარქიით ან მმართველობით შემოფარგვლა, რომლებიც ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებში ამა თუ იმ სახელმწიფოს სათავეში დგანან, კატეგორიულად არასწორი იქნებოდა, ვინაიდან მსგავს განმარტებებს გამოცხადების მოწმობები ძალიან შეზღუდულ მტკიცებულებებამდე მიჰყავს, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვთ გამოცხადების მკითხველებთან.
 
მსგავსი დასკვნა დააკმაყოფილებს მხოლოდ იმათ, ვინც ცდილობს შორს დაიჭიროს თავი საყოველთაო ახალაღთქმისეული ჩვენებებისგან და საკუთარი მცდარი წარმოდგენებით ააგოს ერთგვარი ინტელექტუალური თავშესაფარი, რომელშიც, როგორც ჩანს, გამოცხადების მხილებითი ხატებანი პირადად არანაირად ეხებათ (შეად. – "ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ (გამოცხ. 6:15-16).
 
გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ სახელმწიფო მმართველთა დონის მიწიერ მეფეებთან, პირდაპირ თუ ირიბად, არც თუ ისე ბევრი ადამიანი კონტაქტობს, ხოლო მეძავი, როგორც უკვე ვრცლად იქნა განხილული მთელ რიგ წინა პუბლიკაციებში, მოიცავს მთელ კაცობრიობას (ქრისტეს ეკლესიის წევრების გარდა). ამდენად, მიწიერ მეფეთა და დიდი მეძავის გლობალური ორმხრივი სიძვა იძენს შესაბამის მნიშვნელობას მხოლოდ იმ პირობით, რომ თითოეული კონკრეტული ადამიანის მიმართ მიწიერ მეფეთა როლში გამოდიან არა მხოლოდ და არც იმდენად პირდაპირი გეოპოლიტიკური მასშტაბის მიწიერი მმართველები, არამედ ნებისმიერი მიწიერი ხელისუფლება, რომელიც შეესაბამება მის საკუთარ სოციალურ, პროფესიულ და საზოგადოებრივ მდგომარეობას, — ხოლო გამოცხადებაში მხილებულ სიძვად კაცობრიობისა მიწიერ მეფეებთან უნდა მივიჩნიოთ ადამიანის ნებისმიერი, სუბორდინაციით ნაკარნახევი, ბინძური კომპრომისი საკუთარ სინდისთან, რომელთა დანახვა და აღსარებაც ძალუძს სამარიტელ სულს, ხოლო მეძავ სულს — ეს სრულებითაც არ შეუძლია.
 
მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში თვითონ ადამიანი გამოდის ვიღაცისათვის "მიწიერ მეფედ", რომელსაც გააჩნია გარკვეული ამქვეყნიური ძალაუფლება და, ნებით თუ უნებლიეთ, მასზე დაქვემდებარებულ ან დამოკიდებულ ადამიანებს უქმნის ვითარებებსა და პირობებს, რომელშიც ისინი იძულებულნი არიან ჩაიდინონ სულიერი სიძვა, გადაუხვიონ მცნებებს და ჩაიდინონ დანაშაული საკუთარი სინდისის წინაშე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის დაყოფას "მეძავ მეფეებად" და "მრუშ მეძავებად" მკაფიო საზღვრები არ გააჩნია, და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლია უკეთურნი და მცირედმორწმუნენი მიაკუთვნოს, როგორც ერთ, ისე მეორე კატეგორიას (ხოლო ყველაზე ზოგად შემთხვევაში, წარმოადგენს ადამიანს ორივე კატეგორიისადმი ერთდროულ კუთვნილებას).

ვინაიდან ყოველგვარი მცირე და დიდი მიწიერი მეფე, ახალაღთქმისეულ ხანაში, გამონაკლისის გარეშე, იმყოფებოდ ქვეყნად, რომელთაგან უმრავლესობა არ მიისწრაფოდა ღვთისმოსაობისკენ, არამედ მეძაობდა და ფუფუნებას ეძლეოდა ზუსტად ისე, როგორც ამის შესახებ გამოცხადების 18-ე თავი მოწმობს, — მათი "შორიდან დგომა" ბაბილონის მეძავზე უკანასკნელი განკითხვის ჟამს შეიძლება გაგებულ იქნეს არა როგორც ცალკეულ მმართველთა "ფიზიკური" დაშორება ხილული სამყაროს რომელიღაც პირდაპირი გეოგრაფიული ადგილისგან, სადაც გლობალური ხანძარი მძვინვარებს და, რომელი ძველ კაცობრიობას შთანთქავს (რაც ერთი შეხედვით ტექსტს შეესაბამება, მაგრამ არა აქვს არანაირი ბიბლიური ახსნა). თუ "მიწიერ მეფეებად" გავიაზრებთ ადამიანთა კრებით ხატებას, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ამა თუ იმ მიწიერ ხელისუფლებას, — ასეთი ადამიანები, ისევე როგორც ყველა, ვინც დაასრულა თავისი მიწიერი გზა, გარკვეულ დროს სიკვდილისშემდგომ დაშორებაში იქნება ხორცის დამწვარი სამეფოსგან, მაგრამ არა გარეშე დამკვირვებელთა როლში, არამედ როგორც უკეთური კაცობრიობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც უკანასკნელ და საბოლოო ღვთიურ სამსჯავროს ელოდება.
(სწორედ ასეთ აზრებზე მიანიშნებს ის გარემოება, რომ მიწიერი მეფეები თითქოს ერთდროულად არ ისჯებიან მეძავთან ერთად, თუმცა განიცდიან არა უბრალოდ შიშს, არამედ "შიშს მისი სატანჯველისა", ანუ შეგნებული აქვთ, რომ იზიარებენ მეძავის არასახარბიელო ხვედრს. ასე თუ ისე, ვინაიდან "მეძავის მგლოვიარეთა" სისრულე არ შემოიფარგლება "მეფეთა" კატეგორიით, ამ სიმბოლოს განხილვა მომდევნო პუბლიკაციებში გაგრძელდება).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2026 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому