განმარტება - "ქვეყნის" სახე მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის თხზულებებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"ქვეყნის" სახე მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის თხზულებებში
მაცხოვრის გამოცდა
მრავალი ახალაღთქმისეული ცნების მსგავსად, ცნება "ქვეყანა" მოციქულ იოანეს შრომებში იხსნება ყველაზე ზუსტ და გლობალურ-კრებით აზრთა დონეზე, და შედეგად, წარმოადგენს შეხედულებათა მისეული სისტემის განუყოფელ ნაწილს, რომელიც თვით ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და მსოფლაღქმის არსს განსაზღვრავს
 
ასე, მაგალითად, მოციქული იოანე ხარების ერთ-ერთი ფუძემდებლურ აზრად წარმოაჩენს "ქვეყნად" ჭეშმარიტი ნათლის, ანუ თვით იესუ ქრისტეს მოსვლას:
 
"იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი" (იოანე 1:9-10).
 
"მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში" (იოანე 12:46).
 
"ხელახლა მიმართა იესუმ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი" (იოანე 8:12).
 
"სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ" (იოანე 9:5).
 
ეს ჭეშმარიტი ნათელი ქვეყანას ევლინება ღმრთის მსჯავრით, რომელიც უკვე მაცხოვრის მიწიერი ქადაგების დროს დაიწყო:
 
"და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - ზეცისაგანი..." (იოანე 8:23).
 
"იესუმ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ" (იოანე 9:39).
 
"აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (იოანე 12:31).
 
თანაც მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტების ნათლის განსჯის წინაშე წარდგება ყველა, ვინც კი ქვეყნად ცხოვრობს, მათ შორის ქრისტიანებიც (1 კორინთ. 11:32; 1 პეტ. 4:17 და ა. შ.), - ქრისტეს მორწმუნენი არ ერევიან მათ, ვინც "ამა ქვეყნისგან" არიან. რადგან ისინი თავის გულში ამბობენ: "დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას" (გამოცხ. 18:7).
 
მეტიც, ქრისტეს ეკლესია ამ მსჯავრის მიერ განეყოფა ქვეყნად გაბატონებულ ბოროტებას:
 
"არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი" (იოანე 17:15).
 
"ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში" (1 იოანე 2:15).
 
ამ დაყოფის შედეგად კი ეკლესიას და ქვეყანას გააჩნიათ სრულიად განსხვავებული მოტივები და მიზნები, და "ურთიერთსაწინააღმდეგო" (ურთიერთგამომრიცხავ) მდგომარეობებში იმყოფებიან:
 
"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ" (იოანე 16:20).
 
და გააჩნიათ განსხვავებული ხედვა და ქრისტეს გულისხმისყოფა:
 
"ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ" (იოანე 14:19).
 
ასევე განსხვავებული უნარი სულიწმიდის აღსაქმელად:
 
"ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება" (იოანე 14:17).
 
ამასთან მოციქული იოანე განსაკუთრებულად ხაზს უსვამს, რომ ისინი, ვინც ქრისტეს "უკვე ვეღარ ხედავს" (იოანე 14:19), და არ შეიწყნარებს სულიწმიდას, რადგანაც "ვერ ხედავს და არ იცნობს მას" (იოანე 14:17), - ყველანი, გამონაკლისის გარეშე, სხვა სულის მოზიარენი არიან:
 
"ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.  ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას" (1 იოანე 4:5-6).
(შეად.: "ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა" (1 კორ. 2:12 ან ეფეს. 2:2)).
მაგრამ ქვეყნისა და ეკლესიის ურთიერთდაპირისპირებულად წარმოჩენის ყველაზე მთავარი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტეს ამაღლების შემდეგ მისი ახალაღთქმისეული მისია არ დასრულებულა: "ამქვეყნად" დარჩა ქრისტეს ეკლესია, რომელმაც გააგრძელა მისი მისია და მსახურება, ამიტომაც განუწყვეტლად იუწყებას მსჯავრს ღვთისას, რომელიც ყოველ უსჯულოებასა და უკეთურებაზე მოიწევა:
 
"ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი" (იოანე 8:26).
 
"სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 8:26).
 
"ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად" (იოანე 17:16-18).
 
"ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19).
 
თანაც ეს სამსჯავრო "ჟამთა აღსასრულისკენ" როდია გადადებული, - არამედ აღესრულება ყოველ ჟამს სულიწმიდის საღმრთო აღმშენებლობისას (ანუ გამონაკლისის გარეშე ყოველ ახალაღთქმისეულ პერიოდში):
 
"და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია" (იოანე 16:8-11).
 
მეტიც, ქვეყნად ქრისტეს მისიის გაგრძელბა პრინციპულ და აბსოლუტურად გადაულახავ ზღვარს დებს ეკლესიასა და ქვეყანას შორის. რაოდენ აბსტრაქტულად არ წარმოგვიდგებოდეს რწმენის საკითხი განყენებულ ამქვეყნისეულ დისკუსიებში და "რელიგიის სამეცნიერო მხილებებში", - სინამდვილეში საღმრთო ჭეშმარიტებები არ წარმოადგენენ ქვეყნისთვის ერთგვარ განყენებულ იდეალურ ფილოსოფიას, რომელიც საკუთარ თავთან მიმართებაში არ ითხოვს დაჟინებულ ყურადღებას და ყველაზე სერიოზულ დამოკიდებულებას.
 
როგორც ნათელი ბნელთან მიმართებაში, ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც თავისთავად აღასრულებენ ღმრთის მსჯავრს ნებისმიერ ბოროტებაზე, ცოდვასა და უკეთურებაზე, - ასე რომ ქვეყანა, რომელსაც ეს მანკიერებები თავისი ბუნების განუყოფელ ნაწილად გააჩნია, თვით ქრისტიანულ სათნოებათა გამოვლინებებშიც კი გრძნობს მის არა მარტო მომაკვდინებეილ საშიშროებას, არამედ პირდაპირი "კერძო" მუქარასაც (ანუ მასზე აღმართულ ღმრთის მსჯავრს). და თუკი ზოგიერთი სათნოების ცალკეული გამოვლინებებს, ბოროტებაში დანთქმული ქვეყანა, თეორიულად შეიძლება შეურიგდეს (რადგან ისინი ზოგჯერ მისთვისაც სასარგებლოა), - ქრისტიანული სწავლების მთელ სისავსეს ქვეყანა ვერასოდეს შეეგუება და არც შეუძლია შეეგუოს (რადგან ქვეყნად განხორციელებული ქრისტიანული სიმართლე და სიწმიდე არყევს ასეთი სამყაროს თვით საფუძვლებსაც, ანუ ამხელს არა მარტო მასში გაბატონებულ წესებს და ჩვეულებებს, არამედ იმ სიღრმისეულ საფუძვლებსაც, რომლებსაც ქვეყანა საკუთარი "კეთილდღეობის" "საბაზისო პრინციპებად" მიიჩნევს).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქვეყანას" არა აქვს უნარი პასუხი გასცეს ქრისტიანულ მხილებებს და ქრისტიანულ სიყვარულს, ამიტომ ის პასუხობს იმ სიძულვილით, რომლითაც ქრისტეს შეხვდა, და, რომელი სიძულვილის მიდევნებითაც, უარყო იგი (ქრისტე) და ჯვარზე სასიკვდილოდ გაიმეტა.
 
ამრიგად, თავიდანვე, ჯერ კიდევ მიმდინარე ცვლილებების მასშტაბებისა და შეუქცევადობის გაუაზრებლად, ქვეყანამ მხოლოდ მაცხოვარი მოიძულა:
 
"თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი" (იოანე 7:7).
 
შემდეგ, იმისდა კვალად, როგორც კი დაიწყეს მოწაფეებმა ქრისტეს ქადაგება, მოიპოვეს ქრისტიანული სიწმიდე, გამოეყვნენ ქვეყანას და მისი მამხილებლები გახდნენ, - ეს "ბუნებრივი" ბოღმა და სიძულვილი მოწაფეებზეც გავრცელდა:
 
"მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი" (იოანე 17:14).
 
"თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას" (იოანე 15:18-19).
 
შედეგად ქვეყნის მხრიდან სიძულვილის საგანი გახდა ქრისტეს მთელი ეკლესია (შეად.: "მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო..." - მათე. 24:9; იგივე იხ.: მარკოზი 13:13; ლუკა 21:17; მათე 10:22).
 
ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ უფლის აღდგომის შემდეგ სამყაროს მხრიდან სიძულვილი ვითარებებიდან გამომდინარე იღებდა განსხვავებულ ფორმებს, - მაგრამ მას თავისი არსი მაინც არასოდეს შეუცვლია. მეტიც, მოციქული იოანე ცალკე აღნიშნავს, რომ ქრისტიანებს არ უნდა უკვირდეთ არც მიზანმიმართული, მასშტაბური და ზოგჯერ ირაციონალური სიძულვილის არც აღმოცენება და არც არსებობა:
 
"ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ" (1 იოანე 3:13).
 
ყველა ის მიზეზი და პირობა, რომელიც შობს მსგავს დამოკიდებულებას და ქცევას, არ არის შემთხვევითობა ან ვითარებათა დროებითი ან შემთხვევითი დამთხვევა, - პირიქით, ის გამოხატავს პრინციპულ განსხვავებას ქვეყანასა და ეკლესიას შორის განსხვავებათა "სულიერ ბუნებას". ასე რომ იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ქრისტეს ჯვარმცმელი ქვეყანა იმყოფება და რომლის წიაღშიც ბოროტება გამუდმებით იზრდება, - ეკლესიის მიმართ სიძულვილი და აგრესია სრულიად ბუნებრივია, ამასთან უალტერნატივოც.
(ამ კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ საკმაოდ ნიშანდობლივი მომენტი: ქრისტიანობისგან შორს მდგომ ადამიანბს, მტკიცებულებები ქვეყნის "ბუნებრივი" სიძულვილისა და აგრესიის შესახებ ყოველთვის ზედმეტად, გადაჭარბებულად და უბრალოდ გაბუქებულად ეჩვენებათ. მაგრამ თუ დისკუსია ცოტათი მაინც გაიწელება, - ისინი იმწამსვე გადადიან მათთვის ჩვეულ ბრალდებებზე, შეურაცხყოფებზე და ცრუმოწმობებზე, რომელთა მიზანი ბოროტების მთავარ მიზეზად ეკლესიის წარმოჩენა გახლავთ და, რომელიც ყველგან და ყოველთვის ხელს უშლის "განათლებულ კაცობრიობას" მიაღწიოს უსასრულო და დაუჩრდილავ ბედნიერებას).
გარდა ამისა, ბუნებათა ურთიერთგამომრიცხავი განსხვავება (როდესაც ერთნი არიან "ქვეყნისაგან", სხვები კი "ზეცისაგან" (იოანე 8:23)) ირიბად ადასტურებს იმას, რომ სამყაროში არავინ და არაფერია ისეთი, ვინც შეიძლება არსებობდეს ეკლესიის მიღმა, - და ამასთან არ წარმოადგენდეს "ქვეყანას". ასე რომ ეკლესიისა და ქვეყნის გაყოფაში არ არსებობს არც "სასაზღვრო" (ან "გარდამავალი") სივრცე, - არც რაიმე ისეთი, რასაც შეეძლო ამ ვირტუალურ "შუალედურ" სივრცეში ეარსება.
 
(როგორც არ არსებობს "მესამე", გარეგანი, "ნეიტრალური" რამ ორივესთვის, რაც გინდ შეეძლოს ქვეყნისაგან და ეკლესიისგანაც "დაშორება". სამყაროში ხომ არ არსებობს არც ერთი სულიერი წყარო, რომელიც შემძლე იქნებოდა ეშვა, გაესულიერებინა და მხარი დაეჭირა მსგავსი "ყველასგან დამოუკიდებელი" ბუნებისთვის).
 
ხოლო რადგან ქვეყნისა და ეკლესიის ურთიერთდაპირისპირება "არსებითია", ანუ განპირობებულია მათი არსებობის ფაქტით, და ბუკვალურად მათი შეხების ყოველ წერტილში ვლინდება, - ასეთი დაპირისპირება რაიმე მოლაპარაკებას, შერიგებას ან კომპრომისებს გამორიცხავს.
 
და არანაირი ვარიანტი არ რჩება ქვეყნისა და ეკლესიის "მშვიდობიანი თანაარსებობისა" თუ "კეთილმეზობლური" ურთიერთობისთვის.
 
ის სიძულვილი, რომლის შესაბამისადაც ცხოვრობს და მოქმედებს ფიზიკური და "ცისქვეშეთში" მყოფი სულიერი სამყარო, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განუწყვეტელ მასშტაბურ აგრესიაში, რომლის მიზანია გააჩეროს ბუკვალურად ყველაფერი, რასაც კი თუნდაც უმცირეს კავშირიშია ეკლესიასთან..


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому