აპოკალიფსისი > განმარტება
რას ნიშნავს მტკიცებულება "რათა აღსრულდეს წერილი"?
მეოთხე სახარების ერთ-ერთი არსებითი თავისებურება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა "წაკითხულ" იქნას იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიმბოლოებსა და სიუჟეტებში დახატული მნიშვნელობები, მდგომარეობს იმაში, რომ იოანეს სახარება ბუკვალურად სავსეა წინასწარმეტყველებათა დამოწმებებით და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველური ხატებებით. თანაც მოწმობათა ამ სიმრავლეში შედის არა მარტო მოციქულ იოანეს პირდაპირ მოწმობები ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებებიდან.
ხატოვანი და ალეგორიული აზრობრივი კავშირები ძველაღთქმისეულ წერილთან იოანეს სახარებაში ბუკვალურ მნიშვნელობებზე ნაკლები როდია, - ასე რომ ამ პირდაპირ და ირიბ მოწმობათა სისრულეში, სახარებისეულ მოვლენათა კავშირი ძველაღთქმისეულ წერილთან წარმოგვიდგება არა ფრაგმენტარულად, არამედ უწყვეტად.
კერძოდ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ იოანეს სახარებაში აღწერილ მოვლენებს მუდმივად ახლავს სიტყვა "რათა აღსრულდეს წერილი" ან ანალოგიური აზრის მტკიცებულებები (შეად. – იოანე 1:15-36, იოანე 2:17, იოანე 2:19-22, იოანე 5:39,46, იოანე 6:45, იოანე 7:38, იოანე 12:14-16, იოანე 12:38, იოანე 13:18-19, იოანე 14:29, იოანე 15:25, იოანე 17:12, იოანე 18:9, იოანე 18:32, იოანე 19:24, იოანე 19:28, იოანე 19:33-37 და ა. შ.). თანაც ზოგიერთ ეპიზოდში მსგავსი მტკიცებულებები ეკუთვნის თვით მაცხოვარს, - სხვა შემთხვევებში კი ისინი მომდინარეობენ მოციქულ იოანესგან, რომელიც მათ იყენებს, როგორც მოვლენათა თანმდევ კომენტარებად, ასევე ავტორისეულ ბოლოსიტყვაობადაც.
(ცხადია, რომ მოციქული იოანე შერჩევითად აღნიშნავს მიმდინარე მოვლენების შესაბამისობას ძველაღთქმისეულ შინაარსთან, ანუ მსგავს მტკიცებულებებს ყველგან როდი იყენებს, სადაც კი ეს შესაძლებელია. მაგრამ ამ შენიშვნის გათვალისწინებითაც მსგავსი მოწმობების სიხშირე ისეთია, რომ სახარებისეული მოვლენები მეოთხე სახარებაში ერთ მისტიკურ პროცესად წარმოგვიდგება, რომლის მიხედვითაც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი სრულდებიან მთელი თავისი სისავსით.
მეორე მხრივ, თუკი მტკიცებულებები "რათა აღსრულდეს წერილი" ყოველ ეპიზოდში რომ დამოწმებულიყო, სადაც ეს აზრობრივად დასაშვებია, - ისინი რეფრენივით გაიჟღერებდა და თავის აქცენტირებულ მნიშვნელობას დაკარგავდა სწორედ იმ ადგილებში, სადაც მას მოციქული იოანე იყენებს).
ძველაღთქმისეული წერილის ტექსტებისა და სიმბოლოების მრავალი და მუდმივი დამოწმებები, რომლებიც ახასიათებს მეოთხე სახარებას, კიდევ იმ მიზეზით უნდა იქნას აღნიშნული, რომ ესოდენ აზრობრივი აქცენტი არა აქვთ არც მარკოზის და არც ლუკას სახარებებს; ხოლო მათეს სახარებაში ეს ასპექტი გამოხატულია პირდაპირ მოწმობათა უმცირესი რაოდენობით (თანაც, ტექსტების საერთო მოცულობა, ისევე როგორც აღწერილ მოვლენათა რაოდენობა, მათეს სახარებაში უფრო მეტია, ვიდრე იოანეს სახარებაში).
ამასთან იოანეს და მათეს სახარებები ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების დამოწმებისას პრაქტიკულად არ მეორდებიან, - ეს ვითარება დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ მოციქული იოანე თავის სახარებას წერდა უკვე მისთვის ცნობილი სინოპტიკური სახარებების გათვალისწინებით.
(მოციქულების იოანესა და მათესთვის საერთო შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ წინასწარმეტყველებას "ხმა უდაბნოში მღაღადებლისა" (იხ. ეს. 40:3; მთ. 3:3; ინ. 1:23), - და ზაქარიას 9:9-ს ხსენებას, სადაც აღწერილია კიცვზე ამხედრებული უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში (ინ. 12:14 და მთ. 21:5).
ამგვარად, იოანეს სახარება ახალაღთქმისეულ მოვლენებს წარმოგვიდგენს, როგორც ძველაღთქმისეულ მოვლენათა განუწყვეტელ და ყოველმხრივ აღსრულებას.
ხოლო რადგან შედეგად მოციქული იოანე გვიხსნის არა მარტო დრომდე დაფარულ აზრებს, რომლებიც ღმრთის მონათა მიერ იყო ნაწინასწარმეტყველევი, არამედ იესუ ქრისტეს პიროვნებისა და მისიის ჭეშმარიტ მასშტაბს (რომელიც არა მარტო "მოვიდა" წინასწარმეტყველებათა თანახმად, არამედ აღასრულა ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება), - ძველაღთქმისეული მესიანური წინასწარმეტყველებები მეოთხე სახარებაში წარმოგვიდგებიან, როგორც მოწმობანი იესუზე ნაზარეთიდან და მის სრულყოფილ აღთქმაზე (ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები კი წარმოდგებიან სახარებისეულ მოწმეთა როლში, შეად.: - "ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა..." (ებრ. 12:1).
რაც შეეხება ქრისტეში და ქრისტეს მიერ აღსრულებულ ყველა ძველაღთქმისეულ მესიანურ წინასწარმეტყველებას, - მოციქული იოანე მას შემოჰკრებს ურიცხვი რაოდენობის ცალკეული ფრაგმენტებისგან. თანაც ამ რიცხვში შედის ის ეპიზოდები, სადაც ძველ წინასწარმეტყველებათა აღსრულება ადასტურებს "მეორეხარისხოვან" დეტალებსა და ვითარებებს, რომლებიც ვლინდებიან არა პირდაპირ, არამედ თან ახლავან მოვლენებს, იმ ვარიანტის გამორიცხვით, რომ ეს ხდება ადამიანის ჩანაფიქრით.
მაგალითად, ასე მოხდა პილატეს მოულოდნელი უარის შემთხვევაში, როდესაც მან შეცვალა წარწერა ჯვრის დაფაზე (იოანე 19:19-22); და წილისყრისას, როდესაც რომაელმა ჯარისკაცებმა გადაინაწილეს ქრისტეს სამოსი ისე, რომ არ სურდათ დაენაწევრებინათ მაცხოვრის კვართი (იოანე 19:23-24); და ისიც, რომ ჯარისკაცებმა ქრისტეს არ გადაუმტვრიეს წვივები, არამედ მხოლოდ ფერდში განუგმირეს (იოანე 19:33-37), და ა. შ. ანუ მოციქული იოანე ერთი მეორეს მიყოლებით გვამცნებს, რომ ის დეტალები და ვითარებები, რომლებიც ცალკეულ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებათა აღსრულებაზე მოწმობენ, შეიძლებოდა ასე მომხდარიყო მხოლოდ საღმრთო განგებულების შესაბამისად.
როგორც ეს თანდათანობით გაირკვევა მომდევნო მსჯელობებში, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ამ ასპექტშიც იოანეს სახარების მსგავსია, რადგან წმიდა წერილის ბოლო წიგნის ყველა სიუჟეტი და სიმბოლო წარმოადგენს პირდაპირ და მეტაფორულ მოწმობებს იმისა, თუ როგორ სრულდება ახალაღთქმისეულ დროში ყველა მცირე და დიდი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი.