განმარტება - როგორ იქმნებიან გამოცხადების წიგნის სიმბოლოთა პანორამები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
როგორ იქმნებიან გამოცხადების წიგნის სიმბოლოთა პანორამები?
ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან
როგორც უკვე აღვნიშნავდით, მსჯელობა წმიდა ტექსტების სიმბოლურ მნიშვნელობებზე შეუძლებელია ე. წ. "მყარ სიმბოლოთა" გათვალისწინების გარეშე, - ანუ იმ სიმბოლოთა გარეშე, რომელთა მიერაც წმ. წერილის სხვადასხვა ეპიზოდებში დახატულია ან ერთი და იგივე ცნება, ან მასთან მიახლოვებული მნიშვნელობა. თანაც ის მეტაფორები, რომლებიც ბიბლიურ მყარ მნიშვნელობათათვის არის დამახასიათებელი და, რომელთაც მოვლენების, დეტალებისა და ვითარებების სხვადასხვა კომბინაციებში ვხედავთ, "კონტურულად" მინიშნებული იყო ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ წერილში, - თუმცა აზრობრივი სისრულე და წინასწარმეტყველური დასრულება მათ მხოლოდ ახალაღთქმისეული გამოცხადების შუქზე მიიღეს.
 
ზღვა და ღრუბლები, მზე და მთვარე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ქალაქები და სახელმწიფოები წმ. წერილში ნახსენებია არა მარტო ბუკვალური, არამედ სიმბოლური მნიშვნელობითაც.
 
წმ. წერილის მყარ მნიშვნელობათა ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად შეიძლება ვახსენოთ "ღრუბლები" ან "ღრუბელი', რომელიც უფლის დიდების სიმბოლოა; "თაფლი", რომელიც სიმბოლოა სახარებისა; "წვიმა", როგორც საღმრთო მადლის გარდამოსვლის სიმბოლო, და ა. შ.
 
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "განმეორებადი" ბიბლიური სიმბოლოებით აღინიშნებიან არა მარტო განკერძოებული ცნებები (როგორც ზემოთხსენებულ მაგალითებშია). ასეთი ხატებანი შეიძლება საკმაოდ რთულიც იყოს, და გვიხატავდეს როგორც მსოფლიო მოვლენებს, ასევე ერთმანეთთან დაკავშირებულ ცნებათა მთელ სისტემას.
 
წმ. წერილში ბევრი სხვადასხვა მყარი სიმბოლოა, - ამიტომაც ყოველი მათგანის აღწერა და განსაზღვრა, შემდეგ კი მათთვის დამახასიათებელი ამაღლებული მნიშვნელობების წარდგენა ლოგიკურად გააზრებული და გონებისთვის მისაწვდომი სახით, პრაქტიკულად შეუძლებელია (როგორც იმისა, რაც უფლის მიერ აღსრულებულ საქმეთათვის ითქვა: "ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ" (იოანე 21:25)). ასე რომ, ის ბიბლიური ხატებანი, რომლებიც გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ გამოცხადების წიგნის ძირითადი სიუჟეტური ხაზის აგებაში, ჯეროვანი განხილვის გარეშე უნდა დავტოვოთ.
 
მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ წმ. წერილის ზოგიერთი სიმბოლო უბრალოდ კი არ არის დაკავშირებული გამოცხადების წიგნის ხილვებთან და წინასწარმეტყველებებთან, არამედ მისი გლობალური ანუ "შიდასიუჟეტური" მნიშვნელობების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, აუცილებელია, თუნდაც ზოგადად მაინც, მოვნიშნოთ ის "რთული" მყარი სიმბოლოები, რომლებიც არიან:
 
1. ყველაზე მნიშვნელოვანნი (ამ სიმბოლოთა როლისა და "წონის" აზრით "თავის" დროსა და იმ ვითარებებში, სადაც ისინი გამოიყენებიან არა მეტაფორებად, არამედ "პირდაპირი", თავდაპირველი და ბუკვალური, ან კიდევ ისტორიული მნიშვნელობით).
 
2. ყველაზე "მოცულობითნი" (მნიშვნელოვან მოვლენათა, დეტალთა და ვითარებათა აზრით, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ამგვარ სიმბოლოებთან).
 
3. ყველაზე "მყარნი" (ძველსა და ახალ აღთქმაში ამ სიმბოლოთადმი მიმართვების რაოდენობათა აზრით).
 
 
სამყაროსა და კაცობრიობის ხვედრის ხატებანი
 
საყოველთაო მყარი სიმბოლოები და სიმბოლური მოვლენები, რომლებითაც აღნიშნულია სამყაროსა და კაცობრიობის გლობალური და საბოლოო ხვედრი, მოცემულია ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველის მოწმობაში. თანაც ყველაზე ხშირად მსგავსი მნიშნელობები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ცალკეულ ქალაქებთან, სახელმწიფოებთან ან ხალხებთან, რომელთა წარსულმა და მომავალმა თავისი ასახვა ძველი აღთქმის წმიდა წერილში ჰოვა.
 
ცხადია, რომ ბუკვალური აზრით, მთელ რიგ ხალხებთან მიმართებაში, ყოველ მოვლენას თავისი ღირებულება გააჩნია: 1) როგორც ისტორიულ მოწმობას საღმრთო განგებულების ქმედითობის მნიშვნელობით, და 2) როგორც მოვლენას სამოძღვრო და დამრიგებლური მნიშვნელობით, რომლებიც იხსნებიან იმ მოტივებში, მოქმედებებსა და მდგომარეობებში, ვინც მათში ამა თუ იმ მხარის წარმომადგენელია.
 
მაგრამ განსახილველი თემის კონტექსტში მსგავსი "სიმბოლური მოვლენების" ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ყოველ მათგანში იხსნება წინასწარმეტყველური მოწმობა ძველი სამყაროსა და ურწმუნო კაცობრიობის მდგომარეობის შესახებ; ასევე მოცემულია მაცხოვრის მეორედ მოსვლისა და უკანასკნელი სამსჯავროს ყევლაზე არსებითი მინიშნებები, რომლის დროსაც მთელი კაცობრიობა საბოლოოდ დაიყოფა ცხონებულებად და წარწყმედილებად.
(ასეთ "სიმბოლურ-ისტორიულ" მოვლენებში გლობალურ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებს, რომლებიც სამყაროსა და კაცობრიობის მდგომარეობას აღნიშნავენ, განეკუთვნებიან არა მარტო "მთავარი" ცნებები, მაგალითად, სოდომი, ეგვიპტე, ბაბილონი და ა. შ., არამედ მოქმედი პირები, დეტალები და ვითარებები, და ყველა "მეორეხარისხოვანი" მოვლენა, დრო თუ ვადა, რომლებიც წმიდა ტექსტებში გლობალურ წინასწარმეტყველურ სიმბოლოებშია ნახსენები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლიურ მოვლენებში მითითებული ყოველი დეტალი მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, და გვიხატავს იმ უხილავი სულიერი ბრძოლის სხვადასხვა ასპექტს, რომლებიც მსოფლიოსა და ადამიანში ახალი აღთქმის პერიოდში აღსრულდება).
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ რადგან წინასწარმეტყველებთან აღწერილი მოვლენები ისტორიული აზრით აბსოლუტურად რეალურია, და ყოველი მათგანი იწყებოდა, ვითარდებოდა და თავის ლოგიკურ დასრულებას იღებდა კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე, ასევე თავის "ასტრონომიულ" დროში, - ამ მოვლენებს მკაცრი ისტორიული ქრონოლოგია გააჩნიათ.

მაგრამ მათი "მიწიერი" ქრონოლოგია ბევრ ვერაფერს ამატებს მათში მონიშნულ ახალაღთქმისეულ მნიშვნელობებს, - რადგან დროის ის მონაკვეთი და ის ტერიტორიები, რომლებსაც ეს მოვლენები ბუკვალურად მიეკუთვნება, მხოლოდ ლოკალური ეპიზოდებია მსოფლიოსა და კაცობრიობის საკმაოდ მდიდარ ისტორიაში.

ამასთან ამ სიმბოლური თხრობის მხრივ ყოველი მსგავსი მოვლენა იძენს მსოფლიო მნიშვნელობის მასშტაბს, და ერთგვარად "დროზეა აღმატებული", - ასე რომ "დროებანი და ტერიტორიები", რომელთა მიმართაც გამოიყენება ასეთი მოწმობანი მოიცავენ, როგორც მთელ დასახლებულ სამყაროს, ასევე დროის მთელ იმ სისრულეს, რაც საღმრთო განგებულების მიერ ძველი სამყაროსთვის არის განსაზღვრული.

ამრიგად, სამყაროსა და კაცობრიობის ბიბლიურ სიმბოლოებს, რომლებიც ნახსენებია და იგულისხმებიან გამოცხადების წიგნში, შეიძლება განვაკუთვნოთ:


უფლის მიერ მართალი ლოტის გამოხსნა ოჯახთან ერთად - და სოდომის განადგურება (დაბ. 13-19)

ახალაღთქმისეული აზრით სოდომისა და "მიმდებარე ქალაქების" განადგურების მოვლენა წარმოადგენს ძველი მიწისა და ცოდვილი კაცობრიობის საბოლოო ხვედრის სიმბოლოს, რომელიც მას ჟამთა დასასრულს დაატყდება (შეად.: იუდა 7).

ხოლო მართალი ლოტი, რომელიც ღმერთმა ჯერ უკეთური ქალაქის "შიგნით" იხსნა უსჯულოებისგან, შემდეგ კი სოდომიდან გამოიყვანა, და ამიტომაც მასთან ერთად ციდან გადმოსული ცეცხლით არ განადგურდა, არის ღმრთის ახალაღთქმისეული ერის წინასახე, რომელიც წუთისოფელს გამოეყოფა და ცხონების გზას დაადგება.


ისრაელის მონობა ეგვიპტეში, ისრაელის გამოსვლა ეგვიპტიდან და ზღვაში ფარაონის დანთქმა მთელ მის მხედრობასთან ერთად (გამ. 2 – 15)

გამოსვლის დროინდელი ეგვიპტე ერთ-ერთი კრებითი სიმბოლოა ძველი სამყაროისა და კაცობრიობისა, რომლებიც სასტიკ ცოდვილ მონობაში იმყოფებიან (ანუ ახალი აღთქმის გარეშე არიან), - ხოლო ისრაელი ერი, რომელიც მონობიდან გამოჰყავს წინასწარმეტყველ მოსეს, ქრისტეს ეკლესიის წინასწარმეტყველური სახეა, რომელიც ასევე გამოდის წუთისოფლიდან და თავის მაცხოვარს მიჰყვება (შეად.: საქმე 2:38-40).

ამასთან უდაბნოზე გადის ცხონების გზაც, რომელიც ღმრთის ერისთვის ახალაღთქმისეულ მოვლენებში გაიხსნა. ოღონდ ახალაღთქმისეული გამოსვლის უდაბნო ბუკვალური კი არ არის, არამედ "წინასწარმეტყველურია", - ხოლო იმ საკვების სიმბოლოდ, რომელიც ამ უდაბნოს გამვლელ ცხონებულებს ენიჭებათ, "ახალაღთქმისეული მანანა" წარმოჩნდება (იოანე 6:48-58). შეად.:

"მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა" (გამოცხ. 2:17).

"ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე" (გამოცხ. 12:6).

რაც შეეხება ფარაონს, რომელიც ღმრთის ერს თავის ბოროტ ძალაუფლებაში ძალდატანებით აჩერებდა, - მისი სახით დახატულია კაცთა მოდგმის მტერი, ანუ "გველი" და "ეშმაკი", რომელმაც ადამიანი ედემის ბაღში ცოდვისკენ მიდრიკა. სწორედ ეს პერსონაჟი მთელი თავისი მხედრობითურთ (რომელიც არის "წუთისოფლის" კრებითი სიმბოლო) მისდევს მისგან გაქცეულ ახალაღთქმისეულ ისრაელს (ეკლესიას), და ცდილობს მის კვლავ საკუთარ მონობაში ჩაბრუნებას:

"მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (გამოცხ. 12:14).

"მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს" (გამოცხ. 12:15).

მაგრამ, როგორც ეგვიპტის ფარაონი ძველაღთქმისეულ დროებაში, "წუთისოფლის თავადიც" შედეგად მხოლოდ საკუთარ წარწყმედას ჰპოვებს.


იორდანეზე გადასვლა, ისრაელის შესვლა აღთქმულ ქვეყანაში და იერიქონის დაცემა (დანგრევა) (იეს. ნავ. 1 – 6)

უკეთური ქალაქი იერიქონი, ასევე ყველა ის მოვლენა, რომელიც მის ალყასთან არის დაკავშირებული, ძველი სამყაროსა და ხორციელი კაცობრიობის კიდევ ერთი სიმბოლოა, რომელიც დახატულია ბიბლიური ბოლო ჟამის წინასწარმეტყველურ პერსპექტივაში.

ამ სიმბოლოს ჩარჩოებში ბუკვალური ისრაელი წარმოადგენს ზეციურ მხედრობას, რომელიც ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეს უფალთან ერთად ზეციდან ჩამოვა, და დაანგრევს ცოდვისა და ხორცის სამეფოს.

იერიქონის კედლები, რომლებიც მეშვიდე საყვირის შემდეგ დაეცა, ბოლო ჟამს ძველი სამყაროს "საფუძვლებისა" და "სტიქიათა" დანგრევის წინასახეა (შეად.: 2 პეტრე 3:10-12; გამოცხ. 11:15-18).

ხოლო "კეთილგონიერი მეძავი", რომელმაც ჯერ კიდევ ქალაქის (იერიქონის) ალყამდე საკუთარ სახლში უფლის მსტოვრები შეუშვა, წარმოადგენს სიმბოლოს იმ ადამიანის მოქცევისა და რწმენისა, რომელიც ცოდვილ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ეძიებს სულის ცხონებას. ამიტომაც იერიქონის დაცემის შემდეგ მეძავი რააბი და ყველა მისი ახლობელი იერიქონის სხვა მცხოვრებლებისგან განსხვავებით არ დაიღუპებიან, და მისი განუყრელნი ნაწილნი გახდებიან (იეს. ნავ. 6:24).



ისრაელის ბაბილონური ტყვეობა, ისრაელის დაბრუნება ტყვეობიდან და ბაბილონის დანგრევა (მაგ.: იერ. 50-51)

სიმბოლური აზრით "ბაბილონის" ცნებაში ეკლესია გულისხმობს მთელ ძველ სამყაროს და მთელ ცოდვილ კაცობრიობას.

ამასთან ქრისტიანები, როგორც მთელი კაცობრიობა, დაბადებიდანვე ჩამწყვდეულნი არიან ხორცში (ვნებებში), და მთელი თავიანთი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში ერთგვარ "ბაბილონურ ტყვეობაში" იმყოფებიან (თანაც ამ იძულებით ტყვეობაში არიან კეთილი ნებით, - თუმცა მისდევენ სარწმუნოებას და ცხონების გზაზე დგანან).

მსოფლიო ბაბილონი მართლაც "დიდი ქალაქია", რომელიც ფლობს ძალაუფლებასაც, უთვალავ სიმდიდრესაც და უამრავ საცდურებსაც, მაგრამ, "ეგვიპტისგან" განსხვავებით, მას არ შეუძლია მორწმუნეთა დამონება, და წართმევა სჯულისა, რწმენისა და სასოებისა. ხოლო სიმბოლური 70 წლის შემდეგ, ასე თუ ისე, თავის ტყვეებს "ათავისუფლებს" და უშვებს ტყვეობიდან (შეად.: ფსალმ. 89:10).

მიუხედავად ამისა, იმ ბოროტებისთვის რომელსაც მსოფლიო ბაბილონი ღმრთის ერს აყენებდა, ჟამთა აღსასრულს სამართლიან შურისგებად შეუბრუნდება, რომელიც აღწერილია ბაბილონზე მოწევნად უბედურებებში, რომლის შედეგადაც ეს "დიდი ქალაქი" საფუძვლიანად დაინგრევა და სრულ დავიწყებას მიეცემა (შეად.: იერ. 50 – 51; ეს. 21:9; გამოცხ. 14:8; 18:2 და სხვა).

(მსგავს სიმბოლურ მნიშვნელობებს შორის შეიძლება ცალკე აღვნიშნოთ ძველაღთქმისეული მოწმობები იმის შესახებ, რომ ისრაელიტელთაგან ისინი, ვინც ღმრთის სიტყვის მორჩილნი არ იყვნენ, და ბაბილონისადმი ნებაყოფლობით მონობას უარყოფდნენ, - ცხონებას ეგვიპტეში ეძებდნენ. მაგრამ ეგვიპტე ფარაონის "გველური" (სატანური) ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, - ამიტომაც, ყველა მათგანი, ვინც ეგვიპტეში გაიქცა, იქ "მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისგან" დაიღუპა (იერ. 42:22; შეად.: იერ. 43; გამოცხ. 6:8).

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому