განმარტება - "სოფლის" ("ქვეყნიერების") ცნება ახალი აღთქმის წმიდა წერილში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"სოფლის" ("ქვეყნიერების") ცნება ახალი აღთქმის წმიდა წერილში
ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან
ახალი აღთქმის დროებათა მთელ ერთობლიობაში თუ იგულისხმება დრო, რომლის მსგავსი დედამიწაზე ჯერაც არ ყოფილა, - ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოსა და კაცობრიობის ისტორიაში დადგა ერთგვარი მომენტი ან პერიოდი, როდესაც ჟამმა, რომელსაც პირობითად "ძველს" ვუწოდებთ, ადგილი დაუთმო "ახალაღთქმისეულ" დროს. ხოლო რადგან ახალი დროების დასაწყისი მრავალრიცხოვანი მოწმობებით არის ასახული ახალი აღთქმის წერილში, სიმბოლოებსა და ნიშნებში (შეად. - ლკ. 16:16, ინ. 1:51; 14:7, საქმე 2:16-19; 7:56, გამოცხ. 14:13 და ა. შ.), - იმ უმთავრეს კოსმიურ მოვლენაში, რომელშიც დროთა საყოველთაო ცვლილება აღსრულდა, ქრისტიანები ქრისტეს აღდგომის სასწაულს ხედავენ (მთ. 12:39, ლკ. 11:29 და სხვა), რომელმაც დაამხო ცოდვით დაცემის წყევლა და კაცობრიობას ჯოჯოხეთის ბჭეთა შემუსვრა და თვით სიკვდილზე გამარჯვება აუწყა (შეად. – "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორინთ. 15:55, 20-23, ფსალმ. 106:13-20 და სხვა)).
 
ამასთან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი (თუმცა არც ისე აშკარა) მოწმობა იმის შესახებ, რომ ახალი დროება დადგა არა მარტო მათთვის, ვინც ქრისტე ირწმუნა და ღმრთის ახალი ერი შეიქნა, არამედ ობიექტურადაც, მთელი დედამიწის მასშტაბით და მეტიც, მთელი სამყაროს მასშტაბითაც, გამოდის წმიდა ტექსტისთვის ახალი ცნება - "ქვეყანა" (ბერძნ. κόσμος, ანუ "კოსმოსი").
 
რა თქმ აუნდა, დღეს სიტყვათშეხამება და ცნება "ეს ქვეყანა" საკმაოდ ხშირად გამოიყენება, და ამიტომაც სრულიად ჩვეული გახდა. მაგრამ ყოველთვის ასე როდი გახლდათ: ძველი აღთქმის წმიდა ტექსტებში სიტყვა "ქვეყანა" არც ბუკვალურად არსებობდა და არც აღწერილობითაც, - არამედ  გამოიყენებოდა იმ ცნებებსა და განსაზღვრებებში, რომელშიც "მთელი დედამიწა", "დასახლებული სივრცე", "მსოფლიო", "ქვეყანა" და ა. შ. იყო ნაგულისხმევი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მიმართავენ ცნებებს, რომლებსაც სეპტუაგინტა თარგმნის სიტყვებით "დედამიწა" (ბერძნ. γῆ) და "ზეცა" (ბერძნ. οὐρανὸν), ასევე სიტყვით "ოიკუმენა" (ანუ "მსოფლიო", ბერძნ. οἰκουμένη).
 
ასე მაგალითად, სიტყვა და ცნება γῆ ("დედამიწა") მთელი დასახლებული სამყაროს აზრით ძველი აღთქმის ბერძნულენოვან თარგმანებში უკვვე ბიბლიის პირველ წიგნშივე გვხვდება (დაბ. 1 - დაბ. 2), და შემდეგში საკმაოდ ხშირად სწორედ ასეთ (გაფართოებულ) კონტექსტში გამოიყენება:
 
"... ჩემს საზეპუროდ გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა" (გამ. 19:5).
 
"უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას" (1 პარ. (ნეშტთა) 16:23).
 
"ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა" (სოფ. 3:8).
 
ხოლო ყველაზე გლობალური მნიშვნელობების ასახვისთვის, რომლებიც "ყოველ ქმნილებაზე" უთითებენ, სიტყვა "დედამიწას" ("ქვეყანას") სიტყვა "ზეცა" (οὐρανὸν) უერთდება. თანაც ამ ცნებათა საზოგადო აზრად შეერთება ასევე დაბადების ძველაღთქმისეული წიგნის პირველ თავებში ხდება, - და შემდეგში "ქვეყნიერების სისავსე" სწორედ "ქვეყანას პლიუს ზეცა" სიტყვიერი ფორმულით გამოიხატება:
 
"შენ შექმნენი ცა და მიწა და ყოველივე საკვირველი ცისქვეშეთში" (ესთ. 4:17).
 
"ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?" (ეს. 66:1).
 
"ქვეყანა შეტორტმანდება მათ წინაშე, და ცა შეირყევა: მზე და მთვარე დაბნელდებიან და ვარსკვლავები დაკარგავენ ნათელს" (იოველ 2:10).
(ხატებათა ამ კატეგორიას შეიძლება განვაკუთვნოთ მტკიცებულება, სადაც "ქვეყანა" ბუკვალურად არ იხსენიება, მაგრამ იგულისხმება, რადგან წარმოადგენს იმას, რაც განთავსებულია "ცის ქვეშ", შეად. – "დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას" (მეორე რჯლ. 2:25)).
გარდა ამისა, ძველაღთქმისეული წმიდა წერილის ბერძნულ თარგმანში "მთელი ქმნილება" აღინიშნება განსაკუთრებული სიტყვით და ცნებით, როგორიცაა οἰκουμένη ("ოიკუმენა", სიტყვა-სიტყვით – "დასახლება"), რომელიც ფსალმუნებშიც გვხვდება, და წინასწარმეტყველ ესაიას წიგნშიც. ეს სიტყვა რუსულ თარგმანებში წარმოდგენილია სიტყვით "вселенная" (ძველქართულ თარგმანებში სიტყვებით: "ქუეყანაი", "სოფელი", "მკვიდროანი" – "აპოკ." რედ.).
 
"უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა" (ფსალმ. 23:1).
 
"შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა" (ეს. 27:6).
 
"შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან" (ეს. 34:1).
 
რადგან ტერმინოლოგიაში "მიწა"-"ცა"-"ქვეყანა" (რაც, სხვათა შორის, პირველქრისტიანთათვის ჩვეული გახლდათ, რადგან ისინი ეფუძნებოდნენ ძველაღთქმისეულ წერილსა და ტერმინოლოგიას) არ არის ისეთი უკმარობა, რომელიც არ მოგვცემდა შესაძლებლობას დაგვენახა ამ ცნებებით გადმოცემული სრულიად კონკრეტული და განსაზღვრული აზრი, - მოციქულებთან და მახარობლებთან, ვისგანაც დაიწყო მსოფლიო ახალაღთქმისეული ქადაგება, თითქოსდა არც არსებობდა მიზეზი გამოყენებულ ყოფილიყო ტერმინები და ცნებები, რომლებიც ადრე ძველაღთქმისეულ წმიდა ტექსტებში არ გვხვდებოდა.
 
მიუხედავად ამისა, ყველა ახალაღთქმისეული ავტორი, - როდესაც ეხება საკითხებს, რომლებიც ითხოვენ მითითებას "დასახლებულ ქვეყანაზე", "მთელ ქმნილებაზე" და "ხილულ სამყაროზე", - მიმართავს წმიდა ტექსტებისთვის სრულიად ახალ ცნებას κόσμος ("კოსმოსი", რუსულ თარგმანში — "мир") (ძველქართულ თარგმანში: "სოფელი". ახალქართულში კი - "ქვეყნიერება". მაგალითები იხ. ქვემოთ. – "აპოკ." რედ.), რაც ერთ-ერთი უდიადესი მოწმობაა "მთელი ქმნილების" და "მთელი სამყაროს" მდგომარეობის კარდინალური ცვლილებებისა, რომელიც სამყაროს "დროთა ცვლილებას" მოჰყვა.
(მკაცრად რომ ვთქვათ, სეპტუაგინტაში დაბ. 2:1; მეორე რჯლ. 4:19 და 17:3 სიტყვა κόσμος-ი მოცემული გვაქვს, მაგრამ მისით აღინიშნება "ზეციური მხედრობა", - ხოლო გამ. 33:5-6; ეს. 3:18-20,23; ეს. 49:18, 61:10, ნაუმი 2:9 და ზოგიერთ სხვა ადგილებში სიტყვა κόσμος-ს აქვს "მორთულობის", "მოკაზმულობის" ან "გამშვენების" და "მოწყობის" მნიშვნელობა).
მეტიც, წმიდა ტექსტებისთვის ახალ ცნება "სოფელს" ყველა პირველქრისტიანი ავტორი ერთსულოვნად მუდმივად მიმართავს ("κόσμος-სოფელი" არ იხსენიება მხოლოდ იოანეს მოცულობით მცირე მე-3 ეპისტოლეში, იუდას ეპისტოლეში, თესალონიკელთა მიმართ 1-ელ და მე-2 ეპისტოლეებში, ტიმოთესადმი მე-2 და ფილიმონოსადმი მიწერილ ეპისტოლეებში).
 
რადგან ამ ცნებისადმი ყოველი მიმართვა შეიცავს აზრებს, რომელთაც საყოველთაო მასშტაბები და უპრეცედენტო მნიშვნელობები გააჩნიათ, უეჭველია, რომ ცნება "სოფელი" უმნიშვნელოვანესი რგოლია ახალაღთქმისეული ღვთისმეტყველების სისტემაში, და ყველაზე არსებით როლს თამაშობს ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
 
ამასთან "ორიგინალურ" ბერძნულ სიტყვას κόσμος ("კოსმოსი") სხვადასხვა ლექსიკურ მნიშვნელობათა მთელი სპექტრი გააჩნია, რომელიც არ არის შემოფარგლული "მიწის", "ნათლის" ("თეთრი ნათლის" აზრით) ან "ქვეყნიერების" მნიშვნელობებით. ამ სიტყვის აზრი, კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცავდეს ისეთ მნიშვნელობებსაც, როგორიცაა "წესრიგი" და "მოწყობა", ანუ წარმოადგინოს "სოფელი" როგორც ორგანიზებული და განსაზღვრულად მოწყობილი სამყარო (სიტყვა κόσμος-ის ერთ-ერთი შესაძლო თარგმანია აგრეთვე - "უმაღლესი სამყარო (კოსმიური) წესრიგი").
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცნებები, რომლებიც აღინიშნებიან სიტყვით "სოფელი" ("ქვეყნიერება"), შეიძლება სხვადასხვა აზრობრივი მნიშვნელობისანი იყვნენ, - ამიტომაც ამ სიტყვის მნიშვნელობები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება განისაზღვროს ფორმალურად, და გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ ფრაზებისა და მტკიცებულებების ზოგადქრისტიანულ აზრობრივ კონტექსტში, სადაც ეს სიტყვა გამოიყენება.
 
ასე, მაგალითად, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ახალაღთქმისეულ ტექსტებში სიტყვა "სოფლის" მნიშვნელობა "მთელი დასახლებული ხმელეთისა" და "მთელი შესაძლო სივრცის" მნიშვნელობით არ იზღუდება, არამედ მოიცავს ამ "სივრცის" "მოწყობისა" და "არსებობის კანონთა" მცნებას. ზოგიერთ შემთხვევაში კი "შინაგან აღვსებასაც", - ანუ ამ სივრცის ბინადრებსაც და მის "მმართველ იერარქიასაც" (რომელთაც ეკუთვნიან "უფლებანი", "ძალნი" და სხვა. შეად. – 1 პეტ. 3:22, ეფეს. 1:21, კოლას. 2:15). შესაბამისად, ახალაღთქმისეული ღვთისმეტყველების სისტემაში "სოფლის" ცნებას შეესაბამება არა მარტო "სივრცობრივი" კატეგორიები ("დასახლებული ხმელეთი", "ქვეყნიერება", "სამყარო" და ა. შ.), არამედ უფრო განყენებული მნიშვნელობებიც, როგორიცაა "ცისქვეშეთის ბინადართა ერთობლიობა", "ამ გარემოში მოქმედი ძალები" და თვით "იქ მოქმედი ყველა მოვლენისა და პროცესის ერთობლიობა".
 
გარდა ამისა, ძველაღთქმისეული პერიოდის ტექსტებში ისეთი ცნებები, როგორიცაა "დასახლებული ხმელეთი" ან "ცისქვეშეთი", არ ავლენდნენ "შეგნებულობის" არანაირ ნიშნებს, და რაიმე გონიერ ქმედებათა შემძლედ არ გამოიყურებოდნენ, - ხოლო კეთილისა და ბოროტის გლობალურ დაპირისპირებაში არასოდეს წარმოადგენდნენ მხოლოდ ერთ მხარეს (ნათელს ან ბნელს).
 
მაგრამ "სოფლის" ახალაღთქმისეული ცნება ამ კონტექსტშიც სხვაგვარად გამოიყურება, - მეტ-ნაკლებად "პასიურ" და "ნეიტრალურ" აზრს სიტყვა κόσμος-ი მხოლოდ სამი პირველი სახარების ცალკეულ მტკიცებულებებში ინარჩუნებს:
 
"თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა" (ახ. ქართ.: "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული") (მათე 5:14).
 
"ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი" (ახ. ქართ.: " ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი") (მათ 13:38).
 
"... რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?" (ახ. ქართ.: "რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს?" (მათე 16:26, იგივე: მარკოზი 8:36, ასევე ლუკა 25:25).
 
"ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა" (ახ. ქართ.: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად") (მარკოზი 14:9).
 
"და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა" (ახ. ქართ.: "და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას" (მარკოზი 16:15).
 
მაგრამ სინოპტიკურ სახარებათა სხვა ფრაგმენტებში "სოფლის" ცნებაში იწყება ისეთი ნიშნების გამოვლენა, რომლებიც მხოლოდ ბნელეთისა და უკეთურების სამეფოსთვის არის დამახასიათებელი:
 
"კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი" (ახ. ქართ.: "კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი") (მათე 4:8).
 
"ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ახ. ქართ.: "ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური") (მათე 18:7)
 
"და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით, რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი" (ლუკა 12:29-30).
 
რაც შეეხება მოციქულთა ეპისტოლეებს, - მათში "κόσμος-სოფლის" ცნება საბოლოოდ კარგავს "ნეიტრალურობას" და გონიერი გლობალური ძალის აზრს იძენს, რომელიც თავს ავლენს თვისებებით, მდგომარეობებითა და მოქმედებებით, და რომელთაც ცალსახად უკეთური მიმართულება გააჩნიათ.
 
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ცნება "სოფლის" მნიშვნელობათა მთელი სპექტრი საკმაოდ ვრცელია, და ზოგიერთ მომენტში შეუძლებელია ცალსახად განისაზღვროს, - ახალაღთქმისეული ტექსტები მოწმობენ იმაზე, რომ ეკლესიასთან მიმართებაში "სოფელი" ყოველთვის ავლენს თავს, როგორც ერთიანი რამ, მაგრამ მოქმედებს როგორც მტრული დაპირისპირება.
 
"სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ახ. ქართ.: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას") (იოანე 16:33).
 
სხვა სიტყვებით, ის მტკიცებულებანი, სადაც გამოიყენება ეს სიტყვა, გულისხმობენ, რომ სწორედ "სოფელი" არის ყველაზე შესამჩნევი, და ამასთან ყველაზე მტრული "მოქმედი პირი" მებრძოლი (მიწიერი) ეკლესიისთვის ახალაღთქმისეულ ისტორიაში. თანაც ახალაღთქმისეული წმიდა წერილის ყველა ავტორი ამ მიმართებით აბსოლუტურად თანხმიერნი არიან: მოციქულები პეტრა და პავლე, ასევე მოციქული იაკობი სიტყვით "სოფელი" აღნიშნავენ ერთგვარ ერთობასა და მთლიანობას, რომელსაც, ამასთანავე, ძალუძს გამოავლინოს თავისი ანტიქრისტიანული და ღმრთითმბრძოლი ზრახვების ცალკეული, საკმაოდ ვიწრო ასპექტები.
 
ასე, მაგალითად, ახალი აღთქმის წმიდა ტექსტები "სოფლად" საკმაოდ ხშირად ხმობენ არა მარტო ადამიანებს ("... რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ" (ლუკა 12:30), - არამედ ანგელოზებსაც, რომლებიც გასამართლებას ელიან:
 
"... უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა? არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა?" (ახ. ქართ.: "... თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?") (1 კორინთ. 6:2-3).
 
თვით "სოფელი" წარმოდგება გარემოდ, რომელიც სავსეა სიბინძურით, ვნებით და უკეთურებით, - ამიტომაც "სოფელში დანთქმა" ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას მიაღწიოს განწმენდას, კურთხევას და სიწმიდეს:
 
"მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან" (ახ. ქართ.: "წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი") (იაკობი 1:27).
 
"რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა" (ახ. ქართ.: "რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრიდებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია") (2 პეტ. 2:20).
 
"რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა" (ახ. ქართ.: "რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ") (2 პეტ. 1:4).
 
"სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა" (ახ. ქართ.: "ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად") (ტიტ. 2:12).
 
წუთისოფლის ჩვეულებებს წარმოადგენენ ცოდვები და დანაშაულობანი, რომლებშიც (და მხოლოდ მათში) ხორციელდება ეშმაკის უკეთური და დამანგრეველი ძალა:
 
"და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა" (ახ. ქართ.: "და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი") (ეფეს. 2:1-2).
 
ხოლო რადგან ბუკვალურად თავის ყოველ გამოვლინებაში "სოფელი" (ქვეყანა) პირდაპირ ან ირიბად ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის მდგომარეობას, თვისებებს და მოქმედებებს, - სრულიად ცხადია, რომ ქრისტიანული რწმენისაებრ ცხოვრება შეუსაბამოა იმ ცხოვრებისა, რომელიც ამ წუთისოფლის (ამა ქვეყნის) პრინციპებს, წესებს და სულიერ კანონებს ექვემდებარება.
(ასე რომ, ქრისტიანები იძულებულნი არიან თავიანთსა და წუთისოფელს შორის დაიკავონ ერთგვარი "სულიერი დისტანცია", რომელიც საბოლოო ჯამში განაშორებს სოფლისგან მთელ ეკლესიას, მაგ.: იაკობი 1:27, 2 პეტ. 1:4 და სხვა).
გარდა ამისა, მოციქული პავლე "სოფლის" ცნებას უკავშირებს მაქსიმალურად აბსტრაქტულ აზრებს (აბსტრაქტულს ფილოსოფიური, და არა ობივატელური გაგებით), ანუ ოპერირებს ისეთი ტერმინებით, როგორიცაა:
"სოფელი" ("…და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ" (1 კორინთ. 7:31))
"სოფლის საწყისნი" ("ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ" (გალატ. 4:3))
"სოფლის წესნი და ნივთნი" ("ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, ... უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები") (კოლას. 2:8, 20-21)).

თანაც უკვე თვით ფაქტი იმისა, რომ "სოფელთან" დაკავშირებული არიან ცნებები, რომელთაც აბსტრაქციის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვთ, იმაზე მოწმობს, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იზღუდება ტერიტორიულ-სივრცობრივი კატეგორიებით, არამედ მოიცავს უხილავ საწყისებსაც, და მოწყობის საფუძვლებსაც, ასევე მთელი ძველი ქმნილების მდგომარეობას, მოტივთა, მიზანთა და მოქმედებათა სპექტრსაც, რომელიც დამახასიათებელია როგორც მთელი სოფლისთვის, ასევე მისი ცალკეული ბინადრებისთვისაც.
ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ თავისი აზრის სისრულით ტერმინი "სოფელი" საკმაოდ რთულია, და უმეტესწილად ქრისტიანული ღვთისმეტყველებისთვის დამახასიათებელ შეხედულებათა საერთო სისტემის გარეთ არ განისაზღვრება, - ყველა ახალაღთქმისეული ავტორი ამ ცნებას იყენებს ისე, თითქოსდა არც ერთი მისი მრავალდონიანი აზრობრივი ასპექტი არანაირ ახსნას არ საჭიროებს. ანუ ავლენენ სრულ და ცხად რწმენას იმაში, რომ ცნება "წუთისოფლის" ("ამა ქვეყნის") მნიშვნელობები კარგად არის ცნობილი მათი თანამედროვეებისთვისაც, - და გასაგები გახდება ყველა ქრისტიანისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ქრისტეს ეკლესია ხალხებს აუწყებს მისი მოციქულების სიტყვას.


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому