განმარტება - ტაძრისა და საკურთხევლის გაზომვა - და წარმართთა ორმოცდა ორი თვე (გამოცხ. 11:1-2) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ტაძრისა და საკურთხევლის გაზომვა - და წარმართთა ორმოცდა ორი თვე
 
(გამოცხ. 11:1-2)
მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს (გამოცხ. 11:1-2).
 
ღვთისმეტყველთა უმრავლესობა 11-ე თავის პირველი მუხლების კომენტირებისას იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებულ ღვთის ტაძარს მიიჩნევენ ზეციური კარვის სახედ, - ხოლო უფრო განზოგადოებული სახით ამ ხატებაში ხედავენ მთლიანად ქრისტეს ეკლესიას, რომელიც მსოფლიო ახალაღთქმისეული განგებულების პროცესში "იზომება" (1 ტიმ. 3:14-15; ეფეს. 2:19-22).
(ანდრია კესარიელი გამოცხ. 11:1-2 მუხლების განმარტებაში წერს: "ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ცოცხალი ღმრთის ტაძარი არის ეკლესია, რომელშიც ჩვენ სიტყვიერად ვწირავთ").
მაგრამ, არსებობს როგორც თვით "ღმრთის ტაძრის", ასევე იმ ახალაღთქმისეულ მოწმობათა გულისხმისყოფის სხვა ვერსიები, რომლებიც "წინასწარმეტყველური ლერწმით" ამ ტაძრის გაზომვაშია მონიშნული. ასე,მაგალითად, ზოგიერთი კომენტატორი ვარაუდობს, რომ სიტყვა "გაზომე ღვთის ტაძარი" უნდა განვაკუთვნოთ იერუსალიმის ხელთქმნილ ტაძარს. თანაც ფორმალურად ასეთი ვარაუდი დასაშვებია, - რადგან ყველაზე საფუძვლიანი არგუმენტები იმ მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ გამოცხადების წიგნი დაიწერა ხელთქმნილი ტაძრის დანგრევის შემდეგ, მდგომარეობს არა მისი გამოჩენის დროის ბუკვალურ მოწმობებში, არამედ იმ მეტაფორულ მნიშვნელობებში, რომლებიც თვით წიგნშია მოცემული (იხ. წყაროები: 1, 2, 3).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ გამოცხადების წიგნის "სატაძრო" სიმბოლიზმის თავისებურებანი, ასევე ხელთქმნილი ტაძრის გაზომვის მოქმედებები, რომელსაც დაკარგული აქვს ახალაღთქმისეული მიზნებისა და მნიშვნელობების საკრალური აზრი, შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ იდუმალთმხილველის მიერ რომელიღაც მიწიერი ტაძრის გაზომვის ვარაუდები არასწორია.
 
გარდა ამისა, ქილიაზმის (ანუ "მიწიერი ათასწლოვანი მეუფების" თეორიის) მომხრეთა ზოგიერთი მიმდევრის აზრით, გამოცხ. 11:1-2-ში ლაპარაკია არა რომაელ ლეგიონერთა მიერ დანგრეულ "მეორე ტაძარზე", არამედ მომავალ ხელთქმნილ "მესამე ტაძარზე", რომლის აღმართვის შემდეგ თითქოსდა აღსრულდება ის წინასწარმეტყველებანი, რომლებიც ქილიასტების აზრით ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის დროს "არ აღსრულდნენ", და არ განხორციელებულან ახალაღთქმისეულ ზეციურ ტაძარში, რომელსაც ასე თუ ისე ეძღვნება გამოცხადების წიგნის ყველა მოწმობა. მაგრამ რადგან ქილიაზმის მრავალრიცხოვანი ვარიაციებიდან ნებისმიერი მათგანი ეწინააღმდეგება თვით ახალაღთქმისეული გამოცხადების სულს, - უმჯობესია მსგავსი ვარაუდები მათი ავტორების სინდისზე დავტოვოთ და მეტი დრო დავუთმოთ განსჯას, რომელიც აგებულია იესუ ქრისტეს სახარებისა და მისი სრულყოფილი აღთქმის გულისხმისყოფაზე.
 
ამასთან პუბლიკაციათა სერიაში, რომელიც იერუსალიმის ზეციურ ტაძარს ეძღვნება, საკმაოდ დეტალურად განიხილებოდა ზეციური კარვის "არქიტექტურული მოწყობაც", და მიზეზთა ის უდიდესი სიმრავლეც, თუ რატომ არის შესაძლებელი მხოლოდ ხელთუქმნელი ზეციური ტაძარი იწოდებოდეს ახალი აღთქმის ჭეშმარიტ საღმრთო ტაძრად (შეად. - ზაქ. 6:12-13; ებრ. 9:24; ებრ. 9:11-12 და სხვა). იქვე განიხილებოდა განსაკუთრებულ სიმბოლურ მოქმედებათა მეტაფორული აზრი, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ "ტაძრის წინასწარმეტყველური გაზომვა".
 
ხოლო რადგან ტაძრისა და საკურთხევლის გაზომვის განკარგულება იდუმალთმხილველს ეძლევა მაშინათვე, რაც მას მიეცა დავალება ეწინასწარმეტყველა "ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11), - ცხადია, რომ ამ მოვლენებს შორის არსებობს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
 
რაც შეეხება საგანს, რომლითაც უნდა შეასრულოს იდუმალთმხილველმა "ტაძრის" გაზომვა, - ეს არის მსგავსი მიზნებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, რომელსაც მშენებლები ახლო აღმოსავლეთში იყენებდნენ, კერძოდ, სპეციალური ჯოხი, რომელიც წარმოადგენდა განსაზღვრული სიგრძის ლერწამს. გამოცხადების იდუმალთმხილველს ეძლევა გასაზომი ლერწამი, - მაგრამ არა ჩვეულებრივი სამშენებლო, არამედ განსაკუთრებული, ანუ "წინასწარმეტყველური" (რომელიც "აზრთა გასაზომად" არის განკუთვნილი). თანაც სწორედ იმ გაზომვის "არა-ბუკვალურობის" მიზეზით, რომელიც უნდა აღასრულოს იდუმალთმხილველმა, მისთვის მიცემული ლერწმის ნომინალური "საზომი" სიგრძე გამოცხადებაში დასახელებული არ არის. ამგვარი წინასწარმეტყველური ლერწმის მსგავსება "კვერთხთან" იმაზე მოწმობს, რომ ლაპარაკია არა ლერწმისგან გამოთლილ მსუბუქ და პრაქტიკულ ჯოხზე, რომლის სტანდარტული ზომა იმ დროისთვის იყო ექვსი წყრთა (ანუ დაახლ. 3 მეტრამდე).
(წინასწარმეტყველ ეზეკიელის ძველაღთქმისეულ ხილვაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტაძრის ახალაღთქმისეულ გაზომვასთან, ლერწმის ზომა, რომელსაც ანგელოზი იყენებს ტაძრის გასაზომად, ყველას გასაგონად იყო ნაუწყები, - მაგრამ ეზეკიელის ხილვაშიც "ანგელოზური" ლერწამი არ შეესაბამებოდა ჩვეულებრივ "სამშენებლო" ზომას. უფრო ზუსტად ეზეკ. 40 - ეზეკ. 43-ის გასაზომი ლერწამი იმ დროისთვის სტანდარტული ზომისა იყო - "ექვსი წყრთის", - მაგრამ "წყრთად" ამ "სატაძრო" ლერწამში იგულისხმებოდა "წყრთა მტევნითურთ"- ეზეკ. 40:5; 43:13. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მტევნით გაზრდილი ე. წ. "სამეფო წყრთა" სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც სტანდარტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გამოიყენებოდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და წმიდა ნაგებობების ასაშენებლად, - ბიბლიურ "წყრთაში მტევნითურთ" შეიძლება დავინახოთ მეტაფორული აზრი, ანუ "სამეფო წყრთის" ზომით ეზეკიელის წიგნში იზომება მხოლოდ ტაძრის გალავანი და ყოვლადდასაწველი მსხვერპლის საკურთხეველი - ეზეკ. 40:5; 43:13 შეად. გამოცხ. 11:1.
 
ამასთან თვით "ეზეკიელის სამსხვერპლოს" აქვს ხელთქმნილი კარვისთვის "არასტანდარტული" ზომა 12 წყრთა 12-ზე (ეზეკ. 43:16), თუმცა, ზუსტად შეესაბამება ღმრთის ერის საბრძოლო ბანაკის განლაგებას, სადაც ყოველი მხარე ოთხიდან შედგება 12 მეომრისგან. შესაბამისად, ჩვეულებრივი "საზომი" წყრთის გაზრდა "ხელის მტევნის ჩათვლით" განზოგადოებული აზრით შეიძლება წარმოადგენდეს ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოს, რომლის სახესაც წარმოადგენს შეკრული მეომრების შემჭიდროვებული ფარებით შეთანაწყობილი საბრძოლო თავდაცვითი სიმწყობრე, რადგან მეომრის სტანდარტული ფარი "წყრთაზე" სწორედაც რომ ხელის ერთი მტევნით უფრო ფართე იყო.
 
გარდა ამისა, "წყრთის" გაზრდას "მტევნითურთ" აზრი აქვს იმ შემთხვევაშიც, თუკი ყოველი მეომრის მარჯვენა ხელი, რომელიც თავდაცვით მწყობრში დგას, შუბმომართული კი არ არის, არამედ გაშლილია ხელისგულით კურთხევისთვის. და, თუმცა, ტაძრის გალავნისა და სატაძრო საკურთხევლის განსაკუთრებული "სამეფო" ზომით გაზომვის ზუსტი წინასწარმეტყველური აზრი მთლად აშკარა არ არის, - უეჭველია, რომ მსგავსი მოწმობა უ თითებს არა მარტო ამგვარად გასაზომ ნაგებობათა საღმრთო დანიშნულებაზე, არამედ იმ ვითარებაზეც, რომ ამ ნაგებობებში არსებობს "საბრძოლო" აზრი, განლაგებანი და ზომები.
 
ასე, მაგალითად, 144 000 "აღბეჭდილში" (გამოცხ. 7:4-10; 14:1-3) კითხება "ბანაკის განლაგების სქემა", რომელიც შეესაბამება მეომართა ოთხმხრივ საბრძოლო წყობას 12x12-ზე, რომლის საერთო რიცხვი გამრავლებულია 1000-ზე. იხ. შესაბამისი პუბლიკაცია.
 
ასევე "კურთხეული ქალაქს" გამოცხ. 21-ში ასევე აქვს საბრძოლო ბანაკის სულიერი არქიტექტურა:
 
"ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.  ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა" (გამოცხ. 21:14-17).
 
ამიტომაც არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ეზეკიელისთვის გამოცხადებული სატაძრო სიმბოლოები წარმოადგენენ მომავალ ახალაღთქმისეულ კარავს, შეუვალ საღმრთო ციხე-სიმაგრეს საყოველთაო სულიერი ბრძოლის დროებაში).
ასეა თუ ისე, წინასწარმეტყველ ეზეკიელის "სატაძრო" ხილვებთან და ძველი აღთქმის წიგნთა სხვა მსგავს ეპიზოდებთან შედარებით, სადაც გასაზომ სიწმიდეთა ზომები ყველგან პირდაპირი და ბუკვალური აზრით არის ნაუწყები, აპოკალიფსისის 11-ე თავში მოცემული "გასაზომი ტაძარი" შეიძლება მხოლოდ მეტაფორულად გავიგოთ.
(რადგან "გასაზომი ინსტრუმენტის" არც ბუკვალური ზომა და არც გამოცხადების წიგნის "ტაძრისა და საკურთხევლის" გაზომვის "რიცხობრივი" შედეგები არ ხმაურდება, - იდუმალთმხილველის მიერ აღსრულებული "გაზომვების" ერთადერთ არსებით შედეგს წარმოადგენს მსგავსი გაზომვის აღსრულების თვით ფაქტი. თანაც ამ მიზნისთვის უჩვეულო ლერწმის, უფრო სწორედ კვერხთ-ლერწმის გამოყენება, მოწმობს იმაზე, რომ ღმრთის ერისთვის, რომელიც ამავე მუხლებში აშკარად არის დაპირისპირებული წარმართობის მთელ სისავსეს, დადგა ახალაღთქმისეული სულიერი აღმშენებლობის პერიოდი, - და რომ სწორედ ქრისტეს ეკლესიის აღმშენებლობაში, და არა სხვა რომელიმე ყოფილ ან მომავალ ხელთქმნილ ტაძარში "იხსნება" და სრულდება მთელ ძველაღთქმისეული "სატაძრო" წინასწარმეტყველებანი, შეად.: "უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. შენი ძლიერების დღეს შენი ხალხი მზად იქნება წმიდა ბრწყინვალებით; მთიებზე უწინარეს ნამის მსგავსია შენი შობა"" (ფსალმ. 109:1-3)).
მაგრამ გამოცხადების 11-ე თავის პირველი მუხლების ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იდუმალთმხილველს ებრძანა გაეზომა არა მარტო "ღმრთის ტაძარი და საკურთხეველი", არამედ "თაყვანისმცემელნი მასში", რაც მათ ტაძრისგან ერთგვარ განცალკევებულ სიმრავლედ წარმოაჩენს, რომელიც უნდა "დაითვალო", - თუმცა ეს თაყვანისმცემელნი ერთი მთლიანობაა ტაძართანაც და საკურთხეველთანაც, ანუ ისინი წარმოადგენენ სულიერი ნაგებობის განუყოფელ ნაწილს, რომლებიც ექვემდებარებიან "სამშენებლო გაზომვას".
 
ამასთან იდუმალთმხილველისთვის მიცემული გასაზომი ლერწამი არ წააგავს მსუბუქ და პრაქტიკულ ჯოხს, რომლითაც სარგებლობდნენ "მიწიერი" მშენებლები, არამედ წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით ράβδος (რომელიც ნიშნავს "კვერთხს"), - ხოლო სხვა ბიბლიურ მოწმობებში სიტყვა ράβδος-ში ნაგულისხმევია განსაკუთრებული რკინის კვერთხი, რომლითაც სიონის მეფეს და ღმრთის ძეს მოუწევს წარმართთა და ურჯულოთა "დამწყემსვა" (ფსალმ. 44:7, 88:33, 109:2, 1 კორ. 4:21 და ა. შ.), შეად.:
 
"ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი" (ფსალმ. 2:6-9).
 
გამოცხადების მოწმობებშიც რკინა-"რაბდოსი" (ράβδος) სწორედ მეორე ფსალმუნის წინასწარმეტყველური მნიშვნელობის კონტექსტშია ნახსენები და, სწორედაც რომ, როგორც "რკინის" კვერთხი, ანუ განსაკუთრებული წინასწარმეტყველური კვერთხი, რომელიც ეკუთვნის უფალს და მიეცემა მის ეკლესიას, რომლითაც ადასტურებს და განამტკიცებს მის საყოველთაო სულიერ ძალაუფლებას, შეად.:
 
"და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე" (გამოცხ. 12:5).
 
"ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას; რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან" (გამოცხ. 2:26-27).
 
მეტიც, წინასწარმეტყველურ ხილვებში, რომლებიც ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებს ეძღვნება, ეს განსაკუთრებული რკინის კვერთხი უერთდება "სიტყვიერი მახვილის" ცნებასა და ხატებას, რომელიც გამოდის თვით უფლის ბაგეთაგან და, რომლითაც შეიმუსრება ყველა ხალხის ყოველნაირი ურჯულოება:
 
"მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი" (გამოცხ. 19:15).
 
ეს კი ნიშნავს, რომ "კვერთხის მსგავსი ლერწამი", რომელიც მიეცა იდუმალთმხილველს "ღმრთის ტაძრისა და საკურთხევლის, ასევე მათში მლოცველების" გასაზომად, ინარჩუნებს აზრობრივ კავშირს სიტყვა "ლერწმის" "პირველ" მნიშვნელობასთან (მწერლის ინსტრუმენტი, ბერძნ. κάλαμος, - შეად. 3 ინ. 1:13; ფსალმ. 44:2), ანუ უთითებს სიტყვაში გამოვლენილ სრულყოფილ რჯულს ახალი აღთქმისა, რომელსაც აქვს კვერთხის ძლიერება და, რომელიც დაიმორჩილებს წარმართთ, რომლითაც "სამშენებლო" ლერწმისგან განსხვავებით მართლაც შეიძლება "გაიზომოს" არა მარტო ტაძარი და სატაძრო საკურთხეველი, არამედ მისი "ცოცხალი ქვებიც", ანუ "მლოცველები მასში".
(ამ აზრით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სწორედ მოც. იოანეს "მწერლის ლერწმით" აღწევს ჩვენამდე ახალაღთქმისეული მოწმობანი, რომელიც მას კუნძულ პატმოსზე ეუწყა).
ყურადღებას იმსახურებს ახალაღთქმისეული სიმბოლური რეალობა, რომ ძველაღთქმისეულ დროში "ეზეკიელის ტაძარს" ზომავდა კაცი, "რომლის სახე მბზინვარე რვალის სახეს ჰგავდა" (შეად. – "... მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი" (გამოცხ. 10:1)), - ხოლო თვით წინასწარმეტყველი მხოლოდ აკვირდებოდა ამ პროცესს და წარმოებული გაზომვების შედეგებს წიგნში იწერდა.
 
მაგრამ გამოცხადების წიგნში უკვე თვით ეკლესია მოც. იოანეს სახით აღასრულებს ზეციური ქალაქ-ტაძრის გაზომვას, რაც ახალაღთქმისეული დროების რეალობაზე პროეცირებით ქრისტეს მოციქულთა უდიდეს სულიერ სტატუსზე მოწმობს, რომელთაც მიენდოთ არა მარტო მიწიერი, არამედ ყველაზე ამაღლებული "ანგელოზური" განზომილებანი.
(ამასთან ანდრია კესარიელი შენიშნავს, რომ გამოცხადების მოწმობებში "ღმრთის ტაძარი" და "ღმრთის ქალაქი" ერთი მთლიანობაა).
წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნშიც, რომელსაც გამოცხადების წიგნთან მრავალი სიმბოლო და მოწმობა აკავშირებს, ახალაღთქმისეული დროება წარმოდგეება, როგორც დრო ტაძრისა და ღმრთის სახლის აშენებისა; და თუმც "საზომ ინსტრუმენტად" ზაქარიასთან გამოდის არა "ლერწამი", არამედ "სამშენებლო შვეული", - უეჭველია, რომ ეს სიმბოლო წარმოადგენს იმ დღის წინასახეობას, როდესაც ღმრთის ხელთუქმნელი სახლის საძირკველში ჩადებული იქნება ზეციური ტაძრისა და ზეციური იერუსალიმის ქვაკუთხედი (ზაქ. 3:9), შეად.:
 
"იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ" (ზაქ. 4:8-10).
 
თანაც მღვდელი ზორობაბელი, რომელსაც უჭირავს "წინასწარმეტყველური" შვეული, წარდგება თვით მაცხოვრისა და მთელი ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასახეობრივი მნიშვნელობით, რომელიც მოწოდებულია "მწყობრად აგებისკენ", რათა "წმიდა ტაძრად აღიმართონ უფალში" (შეად. ეფეს. 2:19-22).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან თვით უფალმა "დაუდო საძირკველი ამ სახლს", - თვით უფალი მოიყვანს ზეციურ სახლსა და ტაძარს სრულ საღმრთო სრულყოფილებაში, შეად.: - ზაქ. 4:9, "... და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:20).
ამრიგად, "კვერთხის მსგავსი ლერწამი", რომელიც "ტაძრისა და საკურთხევლის, ასევე მასში მლოცველთა" გასაზომად არის განკუთვნილი, უბრალოდ კი არ აგრძელებს და ამთავრებს მრავალრიცხოვან ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს მომავალი დიადი მესიანური ტაძრის მშენებლობაზე, რომლის ძალაუფლება გავრცელდება მთელ ქვეყნიერებაზე და, გამონაკლისის გარეშე, ყველა ხალხზე, - არამედ წარმოადგენს "კვერთხს" და თვით ღმრთის სიტყვის "მახვილს", რომელიც გადაეცა ქრისტეს ეკლესიას, როგორც მსოფლიოში ახალაღთქმისეული საქადაგო "ინსტრუმენტი".
 
"შენ კი ადამის ძევ, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძრის ამბავი, რომ შერცხვეთ თავიანთი უკეთურობებისა და გაზომონ შენობა. თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაუწერე, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ" (ეზეკ. 43:10-11).
 
რაც შეეხება "გარეთა ეზოს", რომელიც დროებით "მიეცა წარმართებს", - ასეთ "ეზოს" წარმოადგენს დღეს მთელი ძველი სამყარო, სადაც მეფობს ურჯულოება, ხოლო ვერაფერი მარადიული და შეურყეველი აქ არც იბადება და არც იქმნება.
 
ამიტომაც მსგავსი სივრცის გაზომვას სრულყოფილი "ზეციური საზომით" არანაირი აზრი არა აქვს.
 
მიუხედავად ამისა, ამ ეზოს "გარეთა" ეზო შეიძლება ეძოდოს მხოლოდ ზეციურ საკურთხეველთან და შიდა ეზოსთან მიმართებაში, სადაც სულიერი აზრით იმყოფება ყოვლადდასაწველი მსხვერპლის ახალაღთქმისეული საკურთხეველი, ანუ ქრისტეს მიწიერი ეკლესია, - მაგრამ ყველაზე გლობალური აზრით საწმიდარის "გარეთა ეზო" შედის "სამყაროს სატაძრო კომპლექსის" საერთო არქიტექტურულ კომპოზიციაში.
 
ასე რომ წარმართებს შეუძლიათ იყონ გარეთა ეზოში მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ექვემდებარებიან "ახალაღთქმისეულ სულიერ კვერთხს".
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნოები და ურჯულოები იბრძვიან მიწიერი ეკლესიის წინააღმდეგ და "ქელავენ" კიდევაც მას იქ, სადაც ეძებნებათ შეხების წერტილები, - ისინი დრომდე საღმრთო "რკინის კვერთხის" ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან.
 
მაგრამ ძველი სამყაროს უკანასკნელი დღეების დროს დადგება მომენტი, როდესაც ისინი არ შემოიფარგლებიან "თავიანთი" გარეგანი ეზოთი, აღდგებიან "რკინის კვერთხის" წინააღმდეგ, რომელიც აკავებს და ამარცხებს მათ ურჯულოებას, გადავლენ მათთვის დაშვებულ სულიერ საზღვრებს, - და, ამგვარად, თვითონვე დაიტეხენ თავზე განადგურებასა და წარწყმედას).
ასეა თუ ისე, იმ დროის განმავლობაში, როდესაც წარმართებს შესაძლებლობა ექნებათ "გაქელონ წმიდა ქალაქი", უკვე განსაზღვრულია, დათვლილია და შეზღუდულია (შეად. – "... იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი" (ლკ. 21:24), თანაც მათთვის გამოყოფილი დრო "ორმოცდა ორი თვე" (გამოცხ. 11:2) "მათემატიკურად", კალენდრული წლებით შეესაბამება სამწელიწად ნახევარს, მაგრამ არსებითად წარმოადგენს ახალაღთქმისეული შვიდეულის პირველ ნახევარს (რომელიც "ასტრონომიული" გაგებით აითვლება არა წლებით, არამედ ათასწლეულობით). და შემთხვევითი არ არის, რომ გამოცხადების შემდეგ თავებში იგივე "ორმოცდა ორი თვე" ქვეყნიერებაში მოქმედებს მხეცი, "რომელიც ზღვიდან ამოდის" (გამოცხ. 13:1-5), - რადგან ეს არის ერთი და იგივე სულიერიმოვლენის ორი სახე, კერძოდ მსოფლიო ურჯულოების მეფობისა, რომელიც ებრძვის ღმრთის ჭეშმარიტების სამეფოს.
 
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის არსებითი ვითარება, რომ ერთი და იგივე ვადა, რომელიც ბუკვალური აზრით შეესაბამება სამწელიწად ნახევარს, ეკლესიის მტრების მიმართ გამოყენებულია რიცხვით "42" (თვე, გამოცხ. 11:2; 13:5), - ხოლო ეკლესიასთან მიმართებაში აითვლება დღეების მიხედვით (როგორც "ათას ორას სამოცი დღე", - გამოცხ. 11:3; 12:6). ასე რომ "უკეთურების ორმოცდა ორი თვის" სიმბოლოში სხვა დანარჩენთან ერთად გვეხსნება წინასწარმეტყველური კავშირი ძველ სამყაროზე ახალაღთქმისეულ მსჯავრსა და ბიბლიურ მოვლენებს შორის, რომლებშიც ორმა დათვმა დაგლიჯა ორმოცდა ორი ყმაწვილი, რომლებიც უყვიროდნენ "მელოტ" წინასწარმეტყველ ელისეს (4 მეფ. 2:24, შეად, წარმართთა "ქცევა" ეკლესიის მისამართით); და კიდევ, რომელშიც იეჰუმ დახოცა უკეთურ ოქოზიას 42 ძმა აქაბისა და იეზაბელის სახლიდან (4 მეფ. 10:12-14; შეად.: - "... ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ" (გამოცხ. 2:20)).
 
ამასთან ვადა "ათას ორას სამოცი დღე" ახალაღთქმისეული გაგრძელებაა "ათას ორას ოთხმოცდაათი დღისა" დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან (დან. 12:11), და ის "დანიელის დღეებს" სრულ შვიდ წლამდე ავსებს, ანუ "დიდი წინასწარმეტყველური შვიდეულის" შესრულებამდე, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ქვეყნიერებისა და კაცობრიობის მთელ ისტორიას.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ყველა ვერსიის ჩამოთვლა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს სამი დაფარული ვადის "განმარტებაზე", რომლებიც დანიელის წიგნში და გამოცხადებაშია ნახსენები, შესაძლებლად არ მიგვაჩნია. მაგრამ ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა გამოცხადებაში აღწერილი სისრულის გათვალისწინებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თუკი რომელიმე ვადა, რომელიც ძველაღთქმისეულ დროებაშია ნაუწყები, იდუმალთმხილველის მიერ ნახსენები არ არის, - მაშასადამე, ეს ვადა გახსენებას არ ითხოვს, რადგან ის უკვე შესრულდა ძველი აღთქმის ეპოქის ბუკვალურ მოვლენებში, ან კიდევ სახარებისეულ მოვლენებში, რომლებიც წინ უსწრებდნენ გამოცხადების წიგნის დაწერას.
 
ასეა თუ ისე, გამონაკლისის გარეშე, გამოცხადების წიგნის ყველა დროითი სიმბოლო შემდგომშიც განხილული იქნება, ოღონდ არა ცალკეული მუხლებისა და სიუჟეტების კონტექსტში, - არამედ ამ სიმბოლოებთან დაკავშირებული ყველა ეპიზოდის განხილვის შემდეგ).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому