განმარტება - ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი
(გამოცხ. 5:6-7)
ზეციური კრავი საყდარზე
"და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე" (გამოცხ. 5:8-10).
 
როგორც კი კრავი, "როგორც დაკლული", საყდარზე მჯდომისგან აიღებს ზეციურ წიგნს, ცხოველები და უხუცესები "პირქვე დაემხობიან" კრავის წინაშე, ხოლო უხუცესებს "უეცრად" ხელში გაუჩნდებათ "ოქროს ქნარები და ოქროს თასები", საკმევლით სავსე (ადრე, გამოცხადების წიგნში არც ერთი და არც მეორე არ იყო ნახსენები; შეად. რიცხვ. 7:84-86).
 
აქვე ზეციურ ტაძარს საზეიმო საგალობლის ხმები ავსებს, - ასე რომ ამ მომენტიდან იდუმალთმხილველი უბრალოდ ზეციურ წმინდანთა კრებულს კი არ უმზერს, არამედ მოზეიმე კრებას (ებრ. 12:23), რომელიც ხმამაღლა ადიდებს კრავს, როგორც კაცობრიობის მაცხოვარს და მას საღმრთო პატივსა და დიდებას მიაგებს.
(აქ საკმაოდ ნიშანდობლივია ის, რომ მოსეს მცნებების თანახმად და ხელთქმნილი კარვის განაწესის შესაბამისად თაყვანისცემა "სამღვდლო" გალობითურთ და საკმევლის კმევით განწესებული იყო და ნებადართული იყო მხოლოდ ღმრთის თაყვანისცემის დროს. შეად.: გამ. 30:34-38; 20:2-5, ფსალმ. 70:22-24, ლევ.. 16:12-13 და სხვა.

ხოლო რადგან გამოცხადების 5:8-ში მოცემული ორმაგი საღმრთო თაყვანისცემა მიეგება კრავს - ეს პირდაპირ და უეჭველად მოწმობს მის ღვთაებრიობაზე).
ამასთან სრულიად ცხადია, რომ მსგავსი თაყვანსაცემი მოქმედბანი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კრავმა საყდარზე მჯდომისგან ხელში აიღო ზეციური წიგნი, რომელიც სამყაროს ყველა სხვა ბინადარისთვის ხელმიუწვდომელი იყო. და თვით "ახალი საგალობელი", რომელიც, მათ შორის, კრავის უეჭველ ღირსებას ადასტურებს, და აღიარებს: "ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა", ჟღერს არა "მანამ", არამედ იმის შემდეგ, რაც წიგნი უკვე "გადავიდა" საყდარზე მჯდომიდან კაცობრიობის მაცხოვარზე.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთი "დაგვიანება" საზეიმო საგალობლისა წიგნის "აღებასთან" დაკავშირებით სულაც არ არის შემთხვევითი, - რადგან აქამდე, ამ მნიშვნელოვან მომენტამდე სამყაროში უბრალოდ არ იყვნენ ისინი, ვისაც შეგნებული ჰქონდა კრავის საღმრთო ღირსება და შეეძლო ამ შეგნებისამებრ "ახალი საგალობელი" ეგალობა.
(ბერძნ. სიტყვა καινός — უბრალოდ "ახალს" კი არ გულისხმობს, არამედ პრინციპულად ახალს, არსებითად და ხარისხობრივად ახალს; იმას, რასაც მსგავსება არ გააჩნია. ხოლო ბერძნ სიტყვა ὠ̨δὴ-ს გააჩნია იგივე აზრი, რაც სიტყვას "ოდა", - ანუ ეს უბრალოდ "საგალობელი" კი არ არის, არამედ ამაღლებული ქება და დიდების შესხმა, შეად.: გამოცხ. 14:3; 15:3).
"გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი" (გამოცხ. 5:6).

ის, რომ ლომი, არის იუდას ტომიდან (გამოცხ. 5:5) და აქვე წარდგება იდუმალთმხილველის წინაშე არა როგორც ლომი, არამედ როგორც კრავი, თანაც "როგორც დაკლული", მოწმობს იმაზე, რაოდენი გასაოცარი გზით (ნებაყოფლობითი დამცრობის გზით) და რაოდენ ძვირი საფასურით (უსამანო მემსხვერპლეობის ფასით) არის მიღწეული ძლევა, რომელიც იმედსა და ნუგეშს ანიჭებს წარწყმედის გზაზე მდგომ კაცთა მთელ მოდგმას.
 
ამასთან მაცხოვრის ბერძნული სახელდება ἀρνίον ("არნიონი"), ანუ "კრავი") ზეციური კრავის ხილვას უკასირებს სრულიად განსაკუთრებულ და ძველაღთქმისეული ტექსტებისთვის უნიკალურ იერემიას წინასწარმეტყველებასთან, - და პირდაპირ უთითებს ამ ამაღლებულ-პოეტური, გასაოცარი და საიდუმლო (დრომდე) წინასწარმეტყველების დასაბამიერ მესიანურ აზრზე:
 
"უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი" (იერ. 11:19).
 
ხოლო რადგან იერემიას წიგნის მოწმობა ძველაღთქმისეული წერილის ბერძნული თარგმანის ერთადერთი ადგილია, სადაც მაცხოვრის აღსანიშნად გამოყენებულია სიტყვა "არნიონი", - გამოცხადების წიგნი, სადაც კრავი ასევე "არნიონად" იწოდება, თანაც არა ერთხელ, არამედ 27-ჯერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სწორედ იესუ ქრისტეს და ახალ აღთქმას ეძღვნება ყველა მცირე და დიდი მესიანური წინასწარმეტყველებანი.
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ გამოცხ. 5:6-ში ახალაღთქმისეული აზრით იხსნება მორიგი ხილვა ზაქარიას წიგნიდან, რომლის თანახმადაც მორჩის მოსვლის შემდეგ (ანუ ქრისტე მაცხოვრის მოსვლის შემდეგ. ზაქ. 3:8) მომავალი ტაძრის საძირკველში დადებულ იქნება განსაკუთრებული "ცოცხალი და შვიდთვალიანი ქვა", რომლის მიერაც ყველა მიწიერი ცოდვა "აღიხოცება".
 
"რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესუს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს" (ზაქ. 3:9).
 
ამავე ძველაღთქმისეულ წიგნში, უკვე იმ ხილვაში, სადაც მოცემულია ორ ზეთისხილის ტოტზე დამტკიცებული ოქროს სასანთლე, "უფლის თვალებად", რომლებიც თავიანთი მზერით მოიცავენ მთელ დედამიწას და ტაძრის აშენებით ხარობენ, წარმოგვიდგება ამ ოქროს სასანთლის შვიდი ანთებული ლამპარი:
 
"რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ" (ზაქ. 4:10).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადების წიგნის მოწმობები წარმოადგენენ "საყდართან მდგომ" კრავს და აღთქმულ მორჩს (ზაქ. 3:8), - რომელიც არის ის ქვაკუთხედი, რომელიც ახალი აღთქმის ზეციური კარვის შეურყეველ ლოდად არის დადებული
 
ხოლო, რადგან აწ ცხადია, რომ სწორედ ღვთაებრივი კრავი არის ძველ აღთქმაში ზაქარიასთვის ნაჩვენებ ოქროს შვიდლამპრიან სასანთლესთან მდგომი ორი ზეთისხილის რტოს ფესვი და საძირკველი, - ზეციური საყდრის წინაშე ანთებული შვიდი ლამპარი და "შვიდი რქა" (ანუ ძალები) წარმოადგენენ ზეციურ კრავს, და იმ "შვიდ თვალს" (ანუ ყოვლისმცოდნეობასა და სიბრძნეს), რომლითაც ღვთაებრივი კრავი ბუკვალურად აკვირდება "მთელ დედამიწას" (ზაქ. 4:2-14).
 
ამასთან ყველაზე ზოგადი აზრით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ კრავის გამოცხადება ხდება არა მარტო "მიმდინარე მოვლენათა ცენტრში", არამედ თვით მთელი სამყაროს ცენტრშიც (ანუ ზეციური საყდრისა და ზეციური კრების წინაშე), - ხოლო ყველა ამ მოვლენასთან დაკავშირებული ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველება იმდენად კონკრეტულად და იმდენად ქრისტოცენტრულად წარმოდგება, რომ ამგვარი მოწმობის შემდეგ უბრალოდ შეუძლებელია მათში დავინახოთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს პიროვნებისგან და მისიისგან განსხვავებული აზრი.
 
"მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი" (გამოცხ. 5:7).
 
იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ კრავს შეეძლო აეღო ზეციური წიგნი "მჯდომარის მარჯვენიდან", პროფ. ლოპუხინს მოჰყავს კორნელიუს ლაპიდეს (Cornelius Cornelii a Lapide) საკმაოდ საინტერესო შენიშვნა: "რითი აიღო? - კითხულობს კორნელიუს ლაპიდე, და პასუხობს - ფეხებით, მაგრამ ეს სიმბოლურად უნდა გავიგოთ" (ციტატის დასასრული).
 
მეტიც, არსებობს კიდევ ერთი მსგავსი კითხვა: "საიდან და სად მოვიდა კრავი?". ბუკვალურად სულ ახლახან (გამოცხ. 5:6) "კრავი იყო როგორც დაკლული" და იდგა "ამ ყველაფერს შორის", ანუ სწორედ იქ, სადაც იმყოფება ზეციური საყდარი, - ამიტომაც მთლად გასაგები ვერ არის, სად უნდა "მოსულიყო" იგი.
 
მაგრამ რადგან თვით სიტყვები "მოვიდა" და "აიღო" ზოგადი აზრით აღნიშნავენ მოძრაობას და მოქმედებას, გამოყენებულს გამოცხ. 5:6-7 აღწერილ მოვლენათადმი, ისინი უნდა აღვიქვათ არა ბუკვალური, არამედ განყენებული აზრით, როგორც საღმრთო ჩანაფიქრის აღსრულება, რომლის თანახმადაც უფალი განკაცების სასწაულში გარდამოხდა ციდან მიწაზე; შემდეგ თავისი ხორცით, რომელიც ჯვარს ეცვა, და სისხლით, რომელიც ჯვარს მიასხა, ზეცაში აიღო წიგნი, რომელიც საყდარზე მჯდომს მარჯვენაში ეპყრა.
 
ასეა თუ ისე, ბუკვალურად ორიოდ სიტყვით ("მოვიდა და აიღო") იდუმალთმხილველი გვიხატავს უდიადეს და გასაოცარ მოვლენას, რომლის შედეგადაც "კრავი, როგორც დაკლული" (გამოცხ. 5:6) ”ქვეყნიერების დასაბამიდან" (გამოცხ. 13:8; 1 პეტ. 1:19-20) გაეხსნა კაცობრიობას და მთელ სამყაროს მის მიერ, ვინც "... დაკლულ იქმნა და თავისი სისხლით გამოგვისყიდა "ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან" (გამოცხ. 5:9). ასე რომ ამ აზრში ზეციური წიგნი "აღებულ" იქნა არა ხელებით, არამედ "ფეხებით", - და ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც მაცხოვარი ნებაყოფლობით ავიდა მათით თავის ჯვარზე.
 
ხოლო იოანეს სახარების პროლოგის შუქზე ზეციურ საყდართან კრავის "მისვლის" ხატებაში იხსნება ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა კიდევ ერთი ყველაზე ამაღლებული ასპექტი, რომლის შესაბამისადაც დიადი წიგნი, რომელიც ეპყრა საყდარზე მჯდომს ბუკვალური აზრით არ გადასულა "ხელიდან ხელში", - არამედ ქრისტესთან იყო მარადის, და "გაიხსნა" უკვე მაცხოვრის განკაცების შემდეგ. ასე რომ ყველა მისი ბეჭდის გასახსნელად კრავს არ დასჭირვებია რაიმე სხვა ცალკეული მოქმედებანი: მან ახსნა ბეჭდები და ზეციური წიგნი გახსნა საკუთარ თავში, ანუ თავის სიცოცხლეში, სიკვდილსა და აღდგომაში, შეად.:
 
"სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. ... ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (ინ. 1:14-18).
 
თანაც ასეთ აზრობრივ პროექციაში საიდუმლო ზეციური წიგნი, რომელსაც შვიდი ბეჭედი აქვს, თვით უფლის სახეა, - რადგან არსებითად ის თვითონ არის საყდარზე მჯდომის "მარჯვენა", ასევე საღმრთო ნებისა და სრულყოფილი საღმრთო გამოცხადების განხორციელება (შეად.: "... ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი" (ინ. 6:27; 1 ტიმ. 3:16 და სხვა).
 
მეტიც, როგორც სინას მთის ქვეშ მიმდინარე მოვლენათა შედეგი, სადაც დაიმტვრა გამოცხადების ფილაქნები და ყოველი შემცოდე ისრაელელი დაექვემდებარა სასჯელს "მწარე წყლით", - ასევე, დიდების უფლის ჯვარცმით გაეხსნა მთელ კაცობრიობას საღმრთო მსჯავრი, რომლის მრავალგვაროვანი განხორციელებანი თან სდევენ გამოცხადების წიგნის ყველა შემდგომ სიუჟეტსა და ხატებებს, შეად.: "ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (ინ. 3:18-19).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому