განმარტება - წიგნთა წიგნი: იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
წიგნთა წიგნი: იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
იოანეს გამოცხადება
ყველა დროისა და ყველა ქრისტიანული კონფესიის ღვთისმეტყველებს არასოდეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება უნიკალურია არა მარტო ახალი აღთქმის კანონისთვის, არამედ მთლიანად წმიდა წერილისთვისაც.
 
თხრობის სიმბოლიზმი და მეტაფორულობა; წიგნის საერთო კომპოზიციის სირთულე; საკმაოდ უჩვეულო მოვლენების, სახეებისა და სიუჟეტების გასაოცარი მრავალფეროვნება; მოქმედ პირთა მრავალრიცხოვნება; უამრავი მკაფიო დეტალი და წვრილმანი ყოველ პატარა ფრაგმენტში; დიდი რაოდენობით ურთიერთკავშირი ყველა სიუჟეტურ ხაზს შორის, - ბუკვალურად, ყოველი დეტალი ამ დახასიათებიდან შეიძლება გამოცხადების წიგნის განსაკუთრებულ თავისებურებად იწოდოს.
 
ამასთან, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების არც ბუკვალური აზრებია ბოლომდე ცხადი და გარკვეული. ასე რომ, სწორედ აპოკალიფსისს გააჩნია ყველაზე მეტი რაოდენობის ურთიერთწინააღმდეგობრივი, ხშირად კი ურთიერთ გამომრიცხავი განმარტებები. ერთადერთი, რაშიც კი პრაქტიკულად ყველა ღვთისმეტყველი თანხმდება (ვისაც კი ამ წიგნის განმარტება უცდია), - მდგომარეობს იმაში, რომ მისი სიმბოლოების აღქმის სირთულე არ იზღუდება ცალკეული ფრაგმენტებით ან სახეებით, არამედ ეს ყოველივე მთლიანობაში ახასიათებს მთელ წიგნს, მთელ გამოცხადებას. გარდა ამისა, გამოცხადება - ახალი აღთქმის ერთადერთი წიგნია, რომელიც საეკლესიო ღვთისმსახურებისას არ იკითხება.
 
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ვამტკიცოთ თითქოსდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება არ მონაწილეობდეს ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში. პირიქით, ამ წიგნის როლი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედგვით ჩანს, - ასე რომ, ცოტა წინ გავიჭრებით და ვიტყვით, - ქრისტიანული ეკლესიის პირველი და ძირითადი საღვთისმეტყველო წიგნი სწორედ გამოცხადებაა.
 

 
მცირე აზიის ნახევარკუნძული, სადაც იმყოფებოდნენ ქალაქები: ეფესო, სმირნა, პერგამოსი, თიატირა, სარდე, ფილადელფია და ლაოდიკია (ანუ "გამოცხადების შვიდი ეკლესიის" ქალაქები). ხედი კოსმოსიდან.


გამოცხადების ყველა ზემოთნახსენები თავისებურება თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვნად გამოიყურება. მაგრამ ამ წიგნის სრულფასოვანი შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაა ახალი აღთქმის წმიდა წერილის ბოლო კანონიკური წიგნი, ის წმიდა წერილის დამამთავრებელი აკორდია.

მომდევნო მსჯელობებში მისი სწორედ ეს ასპექტი იქნება აღნიშნული და გახსნილი, როგორც ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე მისი სიმბოლოებისა და სიუჟეტების უმრავლესობის განმარტებისას.

წმიდა წერილის კანონში გამოცხადების წიგნის მდგომარეობას თუ ისეთ შეფასებას მივცემთ, რომ ეს არის წმიდა წერილის ყველაზე არსებითი თავისებურება, შეუძლებელი იქნება ყურადღება არ მივაპყროთ იმ ვითარებას, რომ წმიდა წერილის ღვთითშთაგონებულ კანონს, რომელიც ძველი და ახალი აღთქმის მრავალი წიგნისგან შედგება, სწორედ "გამოცხადება" აგვირგვინებს, წიგნი, რომელიც დატვირთულია რთულად ასახსნელი სიმბოლიზმით.
 
აღსანიშნია ის გარემოება, რომ სამყაროსა და ადამიანის შექმნის საკმაოდ გასაგები და თანმიმდევრული თხრობის, პატრიარქთა და ისრაელი ერის ისტორიის მკაფიო აღწერის, სახარებათა, მოციქულთა საქმეებისა და ეპისტოლეების მარტივი და მისაწვდომი ჭეშმარიტებების გადმოცემის შემდეგ, - წმიდა წერილის კანონის ტექსტები რაღაც მიზეზით სიმბოლოთა საიდუმლო ენაზე, მინიშნებებსა და მეტაფორებზე გადადიან.
 
რა თქმა უნდა, მრავალი მოვლენა, სახე და წინასწარმეტყველება, რომელიც ძველი აღთქმის წიგნშია აღწერილი, ასევე რთულია აღსაქმელად, მაგრამ ახალი აღთქმის წმიდა ტექსტებში ყველაზე დიადი და ამაღლებული საიდუმლოებებიც კი (ღმრთის განკაცება, მაცხოვრის პიროვნება, მისი ჯვარცმა, აღდგომა და ა. შ.) წარმოდგენილია პირდაპირ, ნათლად და მისაწვდომად.
 
ახალაღთქმისეულ წერილში ასევე მარტივად არის გადმოცემული სულიწმიდისეული საღმრთო აღმშენებლობის დასაბამი: წმიდა ეკლესიის დაფუძნება იუდეაში, მოციქულთა მიერ სახარების ქადაგება და მრავალი სხვა. მიუხედავად ამისა, ახალი აღთქმის ბოლო წიგნში, რაღაც აზრით, მრავალი აზრი მარტივი და გასაგები ვეღარ ხდება, - ხოლო ამ აზრთა ფორმები და მონახაზები კვლავ დაფარულ სახეს იძენს. თანაც იმდენად დაფარულს, რომ გამოცხადების წიგნის ზოგიერთი სიმბოლო უფრო იდუმალია, ვიდრე ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა ყველაზე რთულად გასაგები ფრაგმენტები.
 
ამასთან მორწმუნე ადამიანთათვის ცნობილია, რომ მსოფლიოში შემთხვევით არაფერი ხდება. ხოლო შემთხვევითობები იმაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეკლესიის დაფუძნებასთან და აღმშენებლობასთან, ოდითგანვე შეუძლებელი იყო. ამიტომ ქრისტიანს გაფიქრებაც კი არ შეუძლია, თითქოსდა გამოცხადების წიგნი წმიდა წერილის კანონში საღმრთო ჩანაფიქრის გარეშე მოხვდა და იქ განსაკუთრებული ადგილი შემთხვევით დაიკავა.
 
შესაბამისად, არ არის შემთხვევითი არც ის, რომ სახარებისეულ მოწმობებს აგვირგვინებს მთელი რიგი დაფარული ქარაგმები, სიმბოლოები და სახეები, რომლებიც მთლიანობაში წმიდა ახალაღთქმისეული ტექსტებისთვის დამახასიათებელი არ გახლავთ.
 
მეტიც, მსგავსი შენიშვნა სამართლიანია გამოცხადების წიგნთან დაკავშირებითაც: არანაირი შემთხვევითობა არ არის იმაში, რომ მისი მრავალი სიმბოლო და მოწმობა დღემდე, თითქმის 2000 წლის შემდეგაც, იდუმალების ფარდის მიღმაა, და არ გვაძლევს შესაძლებლობას თავისუფლად განვსაზღვროთ მისი შინაარსი.
 
აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის იდუმალება არა მარტო ობიექტურია, არამედ სუბიექტურიც, რადგან მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საკმაოდ სადავო ტრადიციით, რომლის კალაპოტში თვით სიტყვა "აპოკალიფსისი" მხოლოდ და მხოლოდ "სამყაროს აღსასრულად" აღიქმება. ხოლო გამოცხადებისადმი, როგორც წიგნისადმი დამოკიდებულება, რომელიც ამ აღსასრულზე გველაპარაკება, მთელ რიგ სპეციფიკურ მოლოდინებს აყალიბებს მის მიზნებთან და აზრებთან დაკავშირებით.
 
თუმცა, ესქატოლოგიურ მოვლენებს თუ ქრისტიანული ღვთისმეტყველების ტერმინებში წარმოვიდგენთ, "ჟამთა დასასრული" ბუკვალურად არ გულისხმობს "სამყაროს აღსასრულს". რადგან საღმრთო ნათელი არა თუ არ დასრულდება, არამედ გაიმარჯვებს და აღავსებს კიდეც ყოველს.
 
ანუ სამყაროსთვის განსაზღვრული დასასრული დადგება, - მაგრამ ეს იქნება გარდამავალი დაბოლოვება. პირველ რიგში კი ეს სიბნელის დასასრული იქნება. ბერძნულიდან ბუკვალურ თარგმანში ἀποκάλυψις "დასასრულს" და "დასრულებას" კი არ ნიშნავს, მითუმეტეს არც "მსოფლიო კატასტროფას" და "სამყაროს აღსასრლს", არამედ - "გამოცხადებას", რაც გულისხმობს "გახსნას", "გამოჩენას" და "გამოვლინებას".
 
ამიტომაც, სანამ ადამიანი აპოკალიფსისის სიუჟეტებიდან და სიმბოლოებიდან გამომდინარე რაიმე მოლოდინის ჩამოყალიბებას დაიწყებდეს, ის აუცილებლად უნდა დაეთანხმოს მარტივ, ცხად და სრულიად ობიექტურ წესს, რომლის თანახმადაც წიგნის შინაარსი უპირველეს ყოვლისა მის სახელწოდებაში აისახება.
 
ასეა თუ ისე, სრულიად ცხადია, რომ ბუკვალურად ყოველი მისი თავისებურების, თვით მისი ბუნდოვანებისა და იდუმალების მეშვეობით, - გამოცხადების წიგნი რაღაცაზე ლაპარაკობს და რაღაცაზე მოწმობს.
 
ხოლო ჩვენ, წინამდებარე პუბლიკაციებით (ვგულისხმობთ პუბლიკაციათა სერიას აპოკალიფსისის შინაარსზე) მოწოდებულნი ვართ თუნდაც ნაწილობრივ მაინც გავარკვიოთ, კონკრეტულად თუ რა აზრებია მოცემული ამ საიდუმლო წიგნის მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მოწმობებში.

მასალა მომსაზდებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому