Перейти к контенту

განმარტება - ხალხის კურთხევა ზეციური ტაძრის ღვთაებრივი ტახტის წინაშე - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
ხალხის კურთხევა ზეციური ტაძრის ღვთაებრივი ტახტის წინაშე
აპოკალიფსისის ანგელოზი
ვაგრძელებთ რა საუბარს სამყაროს უდიადეს ტახტზე, რომელიც გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველს გამოეცხადა, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ეს ტახტი წმინდა წერილში "მარადიულად" (ფსალმ. 44:7, ფსალმ. 92:2 და სხვ.), ანუ თვით ქვეყნიერების შექმნიდანვე დადგენილად იწოდება, — თუმცა ძველი აღთქმის დროს ისრაელი ხალხის კურთხევის ადგილი და წყარო იყო არა "მაღალი და აღმატებული" ზეციური ტახტი (ეს. 6:1), არამედ მოსეს ხელთქმნილი კარავი.
 
მიუხედავად ამისა, მრავალი წინასწარმეტყველი მოწმობდა, რომ მომავალ ჟამთა შემდეგ "სინური" კურთხევა აღთქმის კიდობნისგან (რომელიც ძველი აღთქმის ტაძრის "სიწმიდის ცენტრში" იმყოფებოდა, ანუ იმ ადგილას, სადაც მომავალ კარავში ღვთაებრივი ტახტი უნდა გამოჩენილიყო) ადგილს დაუთმობდა მადლისმიერ წმიდა მსახურებას სიონის მთაზე ზეციურ იერუსალიმში, რომელიც უშუალოდ შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის ტახტის წინაშე სრულდება, შეადარეთ:

"მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან, და მიგიყვანთ სიონში. დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად. როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება. იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას" (იერ. 3:14-17).
 
"დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი" (იერ. 17:12).
 
ხოლო ამ წინასწარმეტყველებების აღსრულებაზე ახალი აღთქმის რეალობებში პირდაპირ მოწმობს მოციქული პავლე, როდესაც მარადიულ ღვთაებრივ ტახტს წარმოაჩენს არა როგორც "სამეფოს ტახტს", "მართლმსაჯულების ტახტს" და ა.შ., არამედ როგორც "მადლის ტახტს", — და მოუწოდებს მაცხოვრის მორწმუნეებს, ამ ტახტს  "მიუდგნენ", როგორც თავიანთი ჭეშმარიტი ახალაღთქმეული კურთხევის (და არა თეორიულ-დეკლარატიული, მხოლოდ რიტუალური ან გონებრივი სფეროთი შემოსაზღვრულ) ადგილს, შეადარეთ:
 
"მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის" (ებრ. 4:16)
 
რაც შეეხება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნს — ვინაიდან იდუმალთმხილველის თითქმის ყველა ზეციური ხილვა ზეციური ტაძრის ცენტრში მყოფი დიადი ტახტიდან იწყება, (გამოცხ. 4:2-4), პირდაპირ მოწმობს იმას, რომ წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები ღვთის ჭეშმარიტი დიდების კარავი რეალობად იქცა, ხოლო ამ ხელთუქმნელი ტაძრის მღვდელმთავრის სახით ადამიანმა მიიღო წვდომა, როგორც თვით ტახტისადმი, ასევე ტახტზე მჯდომისადმი, და ქმნილების ყველაზე დაფარულ საიდუმლოებებს (ანუ სათავეთა სათავეს, მთელი კაცობრიობისა და მთელი ქმნილების ყოფიერების საფუძველსა და წყაროს, ხოლო საბოლოო ჯამში — ადამიანის ყოფიერების არსს) ეზიარა.
 
შესაბამისად, დასრულდა ის დრო, როდესაც ისეთმა მართლებმაც კი, როგორიც იობი იყო, არ იცოდნენ სად ეძებათ უზენაესი და როგორ მიახლოვებოდნენ მის ტახტს (შეადარეთ — "ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?" (იობ. 23:3)), — ხოლო წინასწარმეტყველები ვერ ხედავდნენ ღვთაებრივ ტახტს ცხადად და მას აღწერდნენ, როგორც განხილვისა და გააზრებისათვის მიუწვდომელს, "ქერუბიმებზე აღმატებულს", შეადარეთ:
 
"ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ" (ეზეკ. 10:1).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალაღთქმეულ რეალობაში, გამოცხადების წიგნში, იდუმალთმხილველი ზეციურ ტახტს ხედავს არა განყენებულ სიმბოლოებში, არამედ გარდაუვალი ჭეშმარიტი აზრით: როგორც სამყაროს სულიერი ცენტრი, რომელიც არის როგორც მიზეზი, ასევე წყარო ყველაზე არსებითი საყოველთაო მოვლენებისა. ამასთან, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ გამოცხადების ტაძრის ხილვები ვითარდება ზეციური ტახტიდან ერთდროული მიმართულებით "ცენტრიდან კიდისკენ" და "ზემოდან ქვემოთ" (ანუ სრული შესაბამისობაშია როგორც სულიერ იერარქიასთან, ასევე მნიშვნელობათა იერარქიასთან, შეადარეთ – მათ. 23:16-22), – ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები ისე ჟღერს, თითქოს შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის მარადიული ტახტი ტაძრის შიგნით "დადგება", არსებითად, პირიქით, ტაძარი და ზეციური ქალაქი შენდება წმიდა ღვთაებრივი ტახტიდან და მის გარშემო.
 
ხოლო ვინაიდან მთელი ახალაღთქმისეული სახლთმშენებლობა და მთელი მომავალი საუკუნე მტკიცდება მარადიულობის მამის ტახტიდან (ეს. 9:6), ანუ აბსოლუტურად ურყევ და მუდმივ საფუძველზე, – ამიტომ ის, რაც ახალაღთქმეულ ჟამში შეიქმნა, აღარ შეირყევა, ხოლო მომავალი საუკუნე აღარასოდეს დასრულდება. მართალია, ზეციური ტაძარი, როგორც გარკვეული განზოგადოებული ცნება ახალ სამყაროში არ არსებობს (გამოცხ. 21:22), –მაინც, მეორედ მოსვლის მოვლენებში, როგორც მარადიული ტახტის გარშემო დამკვიდრებული ზეციური ქალაქი, ასევე მასში დასახლებული ხალხი, რომელსაც თავს დაჰყურებს თვით ღვთისა და კრავის სამოსელი-კარავი, ღვთაებრივ მარადიულობაში გადავლენ არსებითი რყევების გარეშე (შეადარეთ ძვ. აღთქმ. – დან. 3:100; 7:14, 27, ფსალმ. 44:7; 88:37-38, იერ. 3:17; ახ.აღთქმ. – ებრ. 1:8 და ა.შ.).
 
გარდა ამისა, გამოცხადების წინასწარმეტყველური პანორამები მოწმობს, რომ სწორედ ზეციური ტახტიდან გამოვლენ უკანასკნელი საყოველთაო სამსჯავროები, რომლებიც დაამარცხებს ყოველ უკანონობას, ურწმუნოებასა და უღვთოებას შეადარეთ:
 
"უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი. წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა - ნაწილი სასუმელისა მათისა" (ფსალმ. 10:4-6).
 
და ამავე აზრით, გამოცხადების წიგნში ღვთაებრივ ტახტთან ერთად იხსენიება ზეცაზე დამტკიცებული "ადამიანური" ტახტები, რომლებიც განლაგებულია უშუალოდ შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის ტახტის წინაშე (გამოცხ. 4:4; 11:16; 20:4). ეს პირდაპირ მოწმობს ახალი აღთქმის ზეციურ ტაძარში ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების აღსრულებაზე სამსჯავროს ტახტების შესახებ, რომლებიც დაყენებულია უზენაესის ტახტთან ჯერ კიდევ მანამ, სანამ ამ ტახტებზე მსხდომებს ჩაბარდება ახალი და სრულყოფილი სამყარო:
 
"ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. ... მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები. ... ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დან. 7:9-14).
 
(შეად.: დან. 7:9 – გამოცხ. 4:2-4; დან. 7:10 – გამოცხ. 5:9; 7:9; დან. 7:13 – გამოცხ. 5:6-7, "... და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი" ლკ. 22:30)
 
უფრო მეტიც, ზეციურ ტაძარში მყოფი სამეფო ტახტის გათვალისწინებით, ეს ტაძარი გამოიყურება როგორც მეფე სოლომონის ხელთქმნილი სახლის აზრობრივი და წინასწარმეტყველური დასრულება, რაც ახალაღთქმეული სახლმშენებლობის საბოლოო მიზნად წარმოაჩენს არა საზღვრებად დაყოფილ კარავ-ტაძარს, არამედ ერთიან უფლის სახლს, რომელიც მოწყობილია როგორც საყოველთაო "იერუს" – "ალიმი", ანუ როგორც "მშვიდობის ქალაქი" და როგორც მთელი გამოხსნილი კაცობრიობის მარადიული სავანე, შეადარეთ:
 
"ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ. და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ. იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა. რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა" (ფსლამ. 121:1-4).
(წინა პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ ძველი აღთქმის დროს სამეფო ტახტი იმყოფებოდა არა ტაძარში, არამედ სოლომონის სახლში, - ხოლო ამ სახლის შესასვლელთან, რაც ასევე ძალზედ სიმბოლურია, დაყენებული იყო სამეფო სამსჯავროს ტახტი, 3 მეფ. 7:7, 3 მეფ. 10:18-20).
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში იხსენიება სხვა ტახტიც, რომელიც ეშმაკმა გადასცა "ზღვიდან ამომავალ მხეცს", რომელიც პირდაპირ და ირიბად უპირისპირდება ზეციურ ტახტს და "სატანის ტახტად" და "დრაკონის ტახტად" იწოდება, შეადარეთ:
 
"ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა …" (გამოცხ. 2:13)
 
"და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2).
 
"მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე..." (გამოცხ. 16:10).
 
ხოლო ვინაიდან ის ადგილი, სადაც გარკვეულ დრომდე დამტკიცებულია ურჯულოების ტახტი, ცისქვეშეთია (მაგ., გამოცხ. 2:13), — სრულიად ცხადია, რომ ეკლესიის გალავნის გარეთ (ანუ ამ ქვეყნად) ხორციელდება არა იმდენად ზეციური ტახტის კანონები, რამდენადაც ეშმაკის ტახტიდან "განვრცობადი" დანაშაულები და გმობანი.
 
რაც შეეხება გამოცხადების წიგნში ნახსენებ ტაძრის სხვა სხვა ატრიბუტებს, — თითოეული მათგანი ახალაღთქმისეულ აზრობრივ პანორამებში თავის ადგილს სწორედ ზეციურ ტახტთან მიმართებაში იკავებს (მაგ., "… ტახტის წინ, საკურთხეველზე", გამოცხ. 8:3; "ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა... ", გამოცხ. 4:6).
(აქ შეიძლება განვმარტოთ, რომ ძველაღთქმისეული კარვის დროს საღვთისმსახურებო ნივთების რიტუალური მნიშვნელობა და ამ ნივთებთან დაკავშირებული გადატანითი სულიერი აზრები აღნიშნული იყო არა მხოლოდ მათ სახელწოდებებსა და მათი ხელთქმნილი კურთხევის წესებში, როგორებიცაა, მაგალითად, "დიდი სიწმიდე" (გამ. 29:37, გამ. 30:10), არამედ იმ მასალებშიც, რომელთაგანაც ეს ნივთები იყო დამზადებული. ანუ აზრებისა და ფასეულობების "დაღმასვლა" ზეციურიდან მიწიერისკენ წარმოდგენილი იყო მასალების თანმიმდევრული ცვალებადობითაც, რომლის თანახმადაც, განსაკუთრებულ სიახლოვეზე ცასთან მოწმობდა ძვირფასი ქვები და ოქრო, ქვედა სტატუსზე მდებარეობდა ვერცხლი, მის შემდეგ სპილენძი, შემდეგ კი რკინა, ხე და თიხა, შეადარეთ – 2 ტიმ. 2:20-21. ამასთან, მსგავსი მატერიალური სიმბოლიზმი აისახება არა მხოლოდ ხელთქმნილი კარის საზღვრების მოწყობაში და ამ საზღვრების შესაბამის საღვთისმსახურებო ნივთებში, — არამედ ზოგიერთ წინასწარმეტყველურ ხილვაშიც, რომელთაც არ გააჩნიათ ცხადი კავშირი ხელთქმნილი ტაძრის მოწყობასთან და ატრიბუტებთან, როგორიცაა, მაგალითად, დან. 2:31-33.
 
შესაბამისად, ახალაღთქმეულ ზეციურ კარავში იდუმალთმხილველი ხედავს არა უბრალოდ ნივთებს და ამ ნივთების დამახასიათებელ "ზეციურ მასალებს", არამედ მათ სულიერ სტატუსსაც, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ის საკურთხეველი, რომელიც ტახტის წინაშე იმყოფება, — ოქროს საკურთხეველი, რომელსაც თან ერთვის თანაბრად მნიშვნელოვანი ოქროს სასაკმევლე, გამოცხ. 8:3).
ამასთან, პირველი (შეუდარებელი ღვთაებრივი ტახტის შემდეგ), ოქროს დონეზე პატივსაცემ ატრიბუტებს შორის, ზეციურ ტაძარში არის განსაკუთრებული ოქროს შვიდლამპრიანი სასანთლე, რომელიც დამყარებულია პირდაპირ ზეციური ტახტის წინაშე, საიდანაც იღებს სათავეს გამოცხადების წიგნის ყველა ხილვა და მოწმობა:
 
"მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი" (გამოცხ. 1:12)
 
თუმცა ახალაღთქმეული ოქროს სასანთლის წინასწარმეტყველური სიმბოლიზმი უმჯობესია განხილულ იქნას იმ სიმბოლოთა და სიუჟეტთა განხილვის შემდეგ, რომლებიც ორ სატაძრო საკურთხეველთან არიან დაკავშირებულნი და, რომელთაგან პირველი მდებარეობდა ხელთქმნილი კარვის შიდა ეზოში, ხოლო მეორე დაყენებული იყო ტაძრის შიგნით განსაკუთრებული მთლიანი ფარდის წინ, რომლის უკანაც მდებარეობდა "წმიდათა წმიდას" სტოა აღთქმის კიდობნით.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому