Перейти к контенту

აპოკრიფები - აპოკრიფები – ძველი და ახალი აღთქმის საიდუმლო წიგნები - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > აპოკრიფები
აპოკრიფები – ძველი და ახალი აღთქმის საიდუმლო წიგნები
აპოკრიფული ლიტერატურა
აპოკრიფებთან, როგორც წესი, ასოცირდება რაღაც აკრძალული და იდუმალი. ისინი სახარებებთან და სხვა წმიდა ტექსტებთან ერთად გაჩნდნენ. იმის შესახებ, თუ რა არის აპოკრიფები, როგორი სახისაა ისინი და როგორ უნდა მოვეკიდოთ მათ, გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ანტიკურობის მცოდნე და ისტორიკოსი, არქეოლოგი, მთარგმნელი, ბიზანტიისა და ადრეული ქრისტიანობის მკვლევარი, სრეტენსკის სასულიერო აკადემიის სამაგისტრო პროგრამის "ძველი ეკლესიის ისტორიის" ხელმძღვანელი – ანდრია იურის ძე ვინოგრადოვი.
 
 
– ანდრია იურის ძევ, დავიწყოთ განსაზღვრებით: კონკრეტულად რა არის აპოკრიფი?
 
აპოკრიფების განმარტება საკმაოდ რთულია. პირდაპირი მნიშვნელობით, ბერძნული სიტყვა „აპოკრიფი“ ნიშნავს „დაფარულს, საიდუმლოს, რომელიც დაპირისპირებულია ერთგვარ საერთო ცოდნას“. აპოკრიფებს, როგორც წესი, უწოდებენ ძველი და ახალი აღთქმის ავტორთა იმ ტექსტებს, რომლებიც არ შესულან წმიდა წერილის კანონში. ამიტომ, იმის გაგება, თუ რა არის აპოკრიფი, შეუძლებელია ძველი და ახალი აღთქმის კანონის გააზრების გარეშე.
 
 
– მაშინ, გთხოვთ, რამდენიმე სიტყვა თქვით კანონსა და მის ფორმირებაზე.
 
– I საუკუნეში, როდესაც ახალი აღთქმის წიგნები იქმნებოდა, კანონის იდეა ჯერ კიდევ არ არსებობდა. მოციქულ პავლეს ეპისტოლეები განკუთვნილი იყო კონკრეტული თემებისთვის და მხოლოდ დროთა განმავლობაში გახდა ისინი ეკლესიის საერთო მონაპოვარი. ამის პარალელურად იწყება ტექსტების ჩამოყალიბება, რომლებიც ან განზე დგანან ახალაღთქმისეული ტექსტებიდან, ან გვაძლევენ ახალაღთქმისეულ მოვლენათა პარალელურ ვერსიას. ასეთი ტექსტები სულ უფრო მრავლდება და დროთა განმავლობაში ჩნდება საჭიროება, გამოიყოს ნამდვილი ტექსტები იმ ტექსტებისგან, რომლებსაც შემდგომში აპოკრიფულს უწოდებენ.
 
კონსტანტინეს დროს ქრისტიანობის ლეგალიზაციამდე არ არსებობდა ახალი აღთქმის წიგნების არავითარი ზოგადსაეკლესიო კანონი, თვით IV საუკუნეშიც კი ვხედავთ, რომ ძველი და ახალი აღთქმის წიგნების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სრულიად განსხვავებული ტექსტები. მხოლოდ V საუკუნისთვის ყალიბდება საბოლოოდ წმიდა წერილის წიგნთა კანონი.
 
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპოკრიფის, როგორც კანონის საწინააღმდეგო წიგნის გაგებაც არ არის აბსოლუტური, რადგან თვით წმიდა წერილის კანონიც დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა და ზოგიერთი ტექსტი, რომელსაც ჩვენ კანონიკურს ვუწოდებთ, აპოკრიფულად მიაჩნდათ. მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებამ თავისი ადგილი ახალი აღთქმის კანონში მხოლოდ IV საუკუნეში ჰპოვა, მაშინ როდესაც ტექსტები, რომლებსაც ახლა აპოკრიფულად მივიჩნევთ, წმიდა წერილის საკმაოდ ავტორიტეტული კოდექსების კანონში შედიოდა.
 
თუმცა, ზოგჯერ ტერმინი „აპოკრიფი“ უფრო ფართოდ გამოიყენება – არა მხოლოდ ახალაღთქმისეული და ძველაღთქმისეული არაკანონიკური წიგნების მიმართ. მაგალითად, აპოკრიფულ ვერსიებს გამოჰყოფენ წმინდანთა ცხოვრებებშიც – ანუ ეს არის ვერსიები, რომლებიც აშკარად შორდებიან თავდაპირველ ვარიანტს ან შეიცავენ რაიმე ფანტასტიკურ დეტალებს.
 
 
– როგორ დაიწყეს აპოკრიფების გამოყოფა კანონიკური წიგნებისგან?
 
– აპოკრიფული წიგნების მრავალფეროვნება გააცნობიერეს IV საუკუნეში, ეკლესიის მამებმა. ბევრ ტექსტში მათი იდეური სამყარო საწინააღმდეგო იყო იმისა, რასაც ნიკეის კრება ქადაგებდა და რაც ეკლესიურ მოძღვრებად იქნა დამტკიცებული. ამ ტექსტებიდან ბევრი, მაგალითად, შეიცავდა დოკეტიზმის მოძღვრებას – წარმოდგენას ქრისტეს მოჩვენებითი განკაცების შესახებ, რომ მან თითქოსდა მიიღო მხოლოდ ადამიანის სახე, მაგრამ რეალური ტანჯვა არ განუცდია. აპოკრიფები ხშირად გამოიყენებოდა არაქრისტიანულ მოძღვრებებში, მაგალითად, მანიქეველების მიერ, ამიტომ უკვე V საუკუნისთვის აპოკრიფები ხვდებიან აკრძალულ წიგნთა სიებში. IX საუკუნისთვის ხდება გამარჯვება არაკანონიკურ ტექსტებზე: მათი ნაწილი საერთოდ ქრება, ნაწილი გადამუშავდება, ხოლო მცირე ნაწილი, რომელიც არ შეიცავდა ეკლესიისათვის საწინააღმდეგო რაიმე მოძღვრებას, დაცულ იქნა.
 
ზოგადად, აპოკრიფები კლასიფიცირდება დაახლოებით ისევე, როგორც ახალი აღთქმის ტექსტები. არსებობს აპოკრიფული სახარებები, აპოკრიფული მოციქულთა საქმეები, აპოკრიფული ეპისტოლეები და აპოკრიფული გამოცხადებები. ეს კლასიფიკაცია ნაწილობრივ პირობითია, რადგან, მაგალითად, აპოკრიფული სახარებების სახელწოდებით არსებობს ძალიან განსხვავებული ტექსტები. კერძოდ, თომას აპოკრიფული სახარება შედგება ლოგიებისგან, იესუს გამონათქვამებისგან; არსებობს ტექსტები, რომლებიც მოგვითხრობენ იესუს ბავშვობაზე; ან ნიკოდიმოსის სახარება, სადაც მოტანილია ქვესკნელში ქრისტეს გარდამოსვლის ისტორია.
 
 
– საერთოდ, რატომ გაჩნდნენ აპოკრიფები? რატომ ქმნიდნენ ადამიანები გამოგონილ ისტორიებს?
 
– ახალაღთქმური წიგნების არსი, როგორც კანონიკურის, ისე აპოკრიფულის, პირველ რიგში მდგომარეობს ღვთაებრივი მოძღვრების გადმოცემაში. ფორმალური მხარე გულისხმობს მოვლენათა აღწერას, ის გარკვეულწილად მეორეხარისხოვანია. ბევრი ადრეული ქრისტიანი თვლიდა, რომ ღვთის შესახებ მათაც ისეთივე მოძღვრება და ღვთაებრივი გამოცხადება ჰქონდათ, როგორიც ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების ავტორებს, მით უმეტეს, რომ ერთიანი, საყოველთაოდ სავალდებულო მოძღვრება ეკლესიაში არ არსებობდა, და თემები ხშირად იმ მოძღვრებას აღიარებდნენ, რომელიც მათთვის მათი დამაარსებლების მიერ იყო გადმოცემული.
 
ჩვენ ვიცით, რომ II საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა მოხეტიალე "მოციქულები": ისინი დადიოდნენ თემიდან თემში და რაღაცას ქადაგებდნენ, ამიტომაც არ არსებობდა ერთგვაროვნება, არამედ არსებობდა ის, რასაც ჰეტეროდოქსიას უწოდებენ. მაგრამ ვინაიდან ბევრი თავის შეხედულებებს ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა და სურდათ, რომ ეს შეხედულებები რაიმე ავტორიტეტით დაედასტურებინათ, ისინი ადგენდნენ ტექსტებს, რომლებსაც ამა თუ იმ მოციქულის ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი პიროვნების სახელს მიაწერდნენ, რათა მათთვის ავტორიტეტულობა მიენიჭებინათ.
 
 
– დღეისთვის რომელი აპოკრიფული ტექსტებია ყველაზე ცნობილი და გავრცელებული?
 
– უნდა ითქვას, რომ, ყველაზე მეტად ის აპოკრიფებია გავრცელებული, რომლებიც ასე თუ ისე მიღებულ იქნა ეკლესიის მიერ. პირველ რიგში, ეს შეიძლება ითქვას იაკობის პროტოევანგელიონზე – ღვთისმშობლის ბავშვობის ისტორიაზე, საიდანაც მომდინარეობს ჩვენი მრავალი საეკლესიო დღესასწაული, მაგალითად, ტაძრად მიყვანება, და დიდწილ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმწერლობითი ტრადიცია.
 
სხვა აპოკრიფები ასეთი მასშტაბით არ მიუღიათ, მაგრამ, თუნდაც არ მიღებულიყვნენ, გავლენა მოახდინეს ქრისტიანულ ჰიმნოგრაფიასა და ხატწერაზე. მაგალითად, ნიკოდიმოსის სახარებამ წარმოშვა ჯოჯოხეთში შთასვლის ხატწერა და ზოგადად ჯოჯოხეთში ქრისტეს ყოფნისა და ქადაგების მთელი ისტორია. კერძოდ იმისა, თუ როგორ გამოიყვანა მან იქიდან მართალნი. ზოგიერთი აპოკრიფი მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მიღებული, გადამუშავების შემდეგ.
კერძოდ, მოციქულთა აპოკრიფული საქმეებიდან იღებს სათავეს გადმოცემა მოციქულ პეტრეს თავდაყირა ჯვარცმის, მოციქულ პავლეს თავისკვეთის, მოციქულ ანდრიას ჯვარზე გაკვრის, იოანე ღვთისმეტყველის მშვიდობიანი აღსასრულისა და აკლდამიდან მისი სხეულის გაუჩინარების, ინდოეთში მოციქულ თომას ქადაგების შესახებ და სხვა. ამ აპოკრიფებს, არსებითად, მოჰკვეთეს ბოლო ნაწილები – წამებათა აღწერილობები – და ისინი შინაარსით მართლმადიდებლურ ტექსტებად გადააკეთეს, მაშინ როდესაც მათი ადრინდელი შინაარსი, რომელიც არ შეესაბამებოდა დამტკიცებულ ღვთისმეტყველებას, ეკლესიის მიერ ამოღებულ იქნა.
 
გადმოცემები მოციქულებზე ჩვენთან დიდწილად სწორედ მოციქულთა აპოკრიფული საქმეებიდან მოდის, მაგალითად, ცნობილი ისტორია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შესახებ ე. წ. "თადეოზის საქმეებში" – ავგარის ისტორია, სადაც თავდაპირველად ფიგურირებს ქრისტეს წერილი მისადმი, შემდეგ კი ჩნდება ხელთუქმნელი ხატი.
 
აპოკრიფულმა ეპისტოლეებმა მცირე გავლენა მოახდინეს ქრისტიანობაზე და დღეისთვის ნაკლებად არიან გავრცელებულნი. ხოლო აპოკრიფულ გამოცხადებებთაგან ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვეს არა ძველმა გამოცხადებებმა – მაგალითად, პეტრეს აპოკალიფსისმა ან პავლეს აპოკალიფსისმა, – არამედ უფრო გვიანდელმა გამოცხადებებმა, რომლებიც უკვე ბიზანტიურ ხანაში გაჩნდა. ისინი ძალიან აქტიურად გადაწერებოდა, მათ შორის სლავებისთვისაც: მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმოსვლა ჯოჯოხეთში, ან ნეტარი თეოდორას ხილვა ბასილის ახლის ცხოვრებიდან, საიდანაც მომდინარეობს წარმოდგენა სულის მიერ საზვერეთა გავლაზე სიკვდილის შემდეგ. ეს გამოცხადებები ძალიან ძლიერ გავლენას ახდენდა ხალხურ რელიგიურობაზე.
 
 
– ანდრია იურის ძევ, შესაძლებელია თუ არა ცალკეული აპოკრიფებიდან გარკვეული სარწმუნო ცნობების ამოღება ეკლესიის ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ? ანდა შეგვიძლია თუ არა ჩვენ მათი შესწავლა როგორც ტექსტებისა, მაგრამ მხოლოდ კვლევითი თვალსაზრისით?
 
– აქ უნდა განვასხვაოთ ორი მხარე. რა არის ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი აპოკრიფებში და რა უნდა შევისწავლოთ – ეს არის მათ მიერ ადრექრისტიანული თემების მოწყობის აღწერა, ვინაიდან ეს ტექსტები სწორედ ასეთ თემებში გაჩნდა. დიდი აპოკრიფული საქმეები და მრავალი სხვა ტექსტი პირველი საუკუნეებიდან გვამცნობს იმას, თუ როგორ იკრიბებოდნენ ქრისტიანები, როგორ აღასრულებდნენ ევქარისტიას, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მიცვალებულთა მიმართ, მათდამი ლოცვის მიმართ, ნათლობისა და მოწამეობის მიმართ და სხვა. ეს არის პირდაპირი წყაროები ადრექრისტიანული გარემოდან.
 
რაც შეეხება იმ ცნობებს, რომლებსაც ისინი გვაწვდიან, გასათვალისწინებელია ის, რომ ვინაიდან ამ ტექსტების მრავალი ავტორი დოკეტიზმის მიმდევარი იყო, ფაქტებთანაც შესაბამისი მიდგომა ჰქონდათ. ფაქტი მათთვის ძვირფასი იყო არა თავისთავად, არამედ როგორც რაიმე საღვთისმეტყველო იდეის გამოხატულება, რის გამოც მოციქულთა ან ქრისტეს მრავალი ქმედება აპოკრიფულ საქმეებსა თუ სახარებებში აღწერილია მხოლოდ კონკრეტული საღვთისმეტყველო აზრის დასადასტურებლად.
 
მაგალითად, იოანეს საქმეებში არის სცენა, სადაც მოციქული იოანე მოწაფეებთან ერთად ჩერდება რომელიღაც პატარა სასტუმროში: საწოლები თითქმის არ არის, იატაკზე სძინავთ. უეცრად ყველა ხვდება, რომ ირგვლივ უზარმაზარი რაოდენობის ბაღლინჯოა. მათ არ შეუძლიათ დაძინება, და მაშინ იოანე ლოცვით განდევნის ბაღლინჯოებს. დილით კარებთან მათ დახვდებათ ამ ბაღლინჯოთა გროვა, რომელიც უკან შებრუნებას აპირებდა. მოციქულმა თქვა: „შეხედეთ, როგორ ემორჩილებიან უსიტყვო ქმნილებანი ღვთის სიტყვას – რამდენად უფრო მორჩილნი უნდა ვიყოთ ჩვენ მათზე“. ცხადია, მთელი ეს ისტორია მხოლოდ იმისთვისაა მოგონილი, რომ ეთქვათ, რა არის მორჩილება. ამ გაგებით, თავად აპოკრიფების ავტორები ხშირად არც კი გულისხმობდნენ იმის მართებულობას, რასაც ყვებოდნენ.
 
ამავე იოანეს საქმეებში მოთხრობილია, როგორ დაანგრია მან არტემიდას ტაძარი ეფესოში. კონტექსტიდან ცხადია, რომ ავტორმა არც კი იცის, სად დგას არტემიდას ტაძარი: მას ჰგონია, რომ ის მთაზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ის დაბლობზე იდგა. ავტორი არასოდეს ყოფილა ეფესოში და არაფერი იცოდა ტაძრის შესახებ – მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მართალი რწმენის ტრიუმფის იდეა კერპთაყვანისცემის სიცრუეზე.
 
რა თქმა უნდა, აპოკრიფების შინაარსს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მათ საფუძვლად შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გადმოცემები, რომლებიც სხვა წყაროებითაც დასტურდება, მაგალითად, ზოგიერთი მოციქულის – სულ მცირე, მოციქულ პეტრესა და პავლეს – გარდაცვალების ადგილის შესახებ, ან საღვთო ისტორიის სხვა რაიმე მოვლენის შესახებ. თუმცა ხშირად აპოკრიფებში ისინი ისე მჭიდროდ არიან გადახლართული გამოგონილთან, რომ მათი გარჩევა შეუძლებელია. იგივე იაკობის პროტოევანგელიონი დიდწილად დაწერილია იმისთვის, რათა ქალწული მარიამი დაეცვათ წარმართთაგან: ისინი მას თითქმის მეძავს უწოდებდნენ, რომელმაც რომელიღაც რომაელი ჯარისკაცისაგან ძე გააჩინა. ტექსტში წარმოდგენილია მისი გენეალოგია, მისი მაღალი წარმომავლობა, მისი ბავშვობის ისტორია. ამ ტექსტის მრავალი მოტივი შეიძლება მიმართავდეს ძველი იერუსალიმური თემის რომელიმე გადმოცემას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი პირდაპირ არის ნასესხები წმიდა წერილის წიგნებიდან.
 
 
– ანდრეი იურის ძე, თქვენ ახსენეთ ისტორია ბაღლინჯოებზე. კიდევ რომელ თვალსაჩინო და არაჩვეულებრივ სიუჟეტს გაიხსენებდით აპოკრიფებიდან?
 
– აპოკრიფები გადავსებულია ასეთი სიუჟეტებით. ყველაზე, შეიძლება ითქვას, თვალსაჩინო ამ მხრივ არის აპოკრიფული ე. წ. "მოციქულთა მცირე საქმეები", რომლებიც უკვე მიმართულია არა იმდენად რომელიმე ალტერნატიული სარწმუნოების წარმოჩენისადმი, რამდენადაც საინტერესო ეგზოტიკური სიუჟეტებისადმი.
 
არსებობს ცნობილი აპოკრიფი იმის შესახებ, თუ როგორ გაემგზავრნენ მოციქულები ანდრია და მათე კანიბალების ქალაქში. აქ, კანიბალებში, მართალია, იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ისინი ზიარებაში ჭამენ ქრისტეს ნამდვილ სხეულს და სხვამენ მის სისხლს, თუმცა ავტორის თვალსაზრისით ეს ასე არ არის: არ არსებობს ქრისტეს რეალური განსხეულება ევქარისტიულ ძღვენში. ხოლო ამ ტექსტის გაგრძელებაში აღწერილია მოციქულთა თავგადასავალი ამ ქალაქში: კანიბალები იძენენ მხეცის სახეს, მათ ეზრდებათ საშინელი ეშვები – და მხოლოდ ნათლობისას იბრუნებენ ადამიანურობას.
 
პავლესა და ანდრიას საქმეებში მოთხრობილია, თუ როგორ ჩაყვინთა მოციქულმა პავლემ ზღვის ფსკერზე, ამგვარად აღმოჩნდა ჯოჯოხეთში, საიდანაც ამოიტანა ქრისტეს მიერ დამსხვრეული ჯოჯოხეთის კარიბჭის ნატეხი, რომლითაც მოციქული შემდეგ სასწაულებს ახდენდა.
 
ასეთი ისტორიები, განსაკუთრებით გვიანდელ აპოკრიფულ საქმეებში, ძალიან ბევრია. გვხვდება წმინდა იუმორისტული ეპიზოდებიც, რომლებიც უნდა აჩვენებდეს მოციქულთა ძლევამოსილებას, მაგალითად, როგორ აღადგენს მკვდრეთით მოციქული პეტრე ორ გამომშრალ სარდინს, რომლებსაც ხედავს ჩამოკიდებულთ მაღაზიის ვიტრინაში.
 
 
– როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თანამედროვე მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა წაიკითხონ აპოკრიფები? შეუძლიათ თუ არა მათ რაიმე სასარგებლოს გამოტანა აპოკრიფებიდან? თუ უმჯობესია არ შეეხონ აპოკრიფებს?
 
– მე ვფიქრობ, რომ მათი წაკითხვა შეიძლება, მაგრამ ფრთხილად, კომენტარებით. თავისთავად, ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში სიფრთხილით ეკიდებოდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას, რომელიც ახლა კანონიკურად არის აღიარებული: ბიზანტიაში მისი წაკითხვა მხოლოდ კომენტარებით იყო დაშვებული. ჩემი აზრით, რომ გვქონდეს აპოკრიფების კარგი გამოცემები კომენტარებით, სადაც განმარტებული იქნებოდა ამა თუ იმ საკითხთა ფანტასტიურობა ან არაფანტასტიურობა, მაშინ მათი წაკითხვა ძალიან საინტერესო იქნებოდა.
 
– არსებობს თუ არა აპოკრიფების საერთოდ რაიმე გამოცემა?
 
– დიახ, არსებობს მრავალი სხვადასხვა გამოცემა, მაგრამ ისინი არ არიან მკაცრად სისტემატურები და ხშირად შესრულებულია არა ორიგინალიდან, არამედ სხვადასხვა ენებზე არსებული ტექსტების თარგმანებიდან. ჩემი ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა – შევასრულო მოციქულთა საქმეების ყველა ძველი აპოკრიფული და სრული თარგმანი. მე გამოვაქვეყნე მოციქულ იოანეს საქმეთა თარგმანი და წიგნი მოციქულ ანდრიას საქმეთა შესახებ, მალე გამოვა წიგნი მოციქულ პეტრეს საქმეებზე, ასევე არსებობს ელენა მეშჩერსკაიას მიერ შესრულებული თომას საქმეების სირიული ტექსტის თარგმანი, და მეტ-ნაკლებად ნათარგმნია მოციქულ პავლეს საქმეთა ფრაგმენტები.
 
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ დიდი აპოკრიფული საქმეები ნათარგმნია. არსებობს აპოკრიფული სახარებების თარგმანები, მაგრამ ისინი ყველა სხვადასხვა ხარისხისაა, და რაიმე ერთიანი კარგი გამოცემა, როგორიც არსებობს, მაგალითად, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე, რუსულ ენაზე, სამწუხაროდ, ჯერ არ არის.


წყარო: https://monastery.ru/tserkov/apokrify-taynye-knigi-vetkhogo-i-novogo-zaveta/
Назад к содержимому