აპოკრიფები - ენოქის წიგნის აპოლოგია 0_1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია
ენოქის წიგნი
წიგნის ავტორი: ეპისკოპოსი მიტროფანე (ბადანინი).

წიგნის ანოტაცია: სევერომორსკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ეპისკოპოს მიტროფანეს (ბადანინი) წიგნი, - ეს არის საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც თავის მიზნად ისახავს ერთ-ერთი უძველესი წმიდა ტექსტის აპოლოგიას (ბერძნ. ἀπολογία –"გამართლება", "დაცვა"), რომელიც კი შემორჩა კაცობრიობის ისტორიას. ეს ტექსტი გახლავთ "ენოქის წიგნი", რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი წყაროა, რომელიც მოგვითხრობს წარღვნამდელი კაცობრიობის ცხოვრებაზე, რომელმაც გადაიტანა ბუმბერაზთა საშინელი ეპოქა და, რომელიც ბოლოს მსოფლიო წარღვნით დასრულდა.

"ენოქის წიგნი" დაუმსახურებლად არის გამოდევნილი საღვთისმსახურებო გამოყენებიდან და მიკუთვნებული ძველაღთქმისეულ აპოკრიფულ ლიტერატურას. ეპისკოპოსი მიტროფანე ხაზს უსვამს მის ავტორიტეტს და აღნიშნავს, რომ მას იმოწმებდნენ როგორც მოციქულები, ასევე ქრისტიანობის პირველი საუკუნის წმიდა მამები.

ავტორი გვთავაზობს უფრო გაბედულად მოვნიშნოთ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების საზღვრები, მკაფიოდ განვსაზღვროთ მისი ისტორია პრინციპით "მანამ და შემდეგ". თუკი ადამიანის ცხოვრების ხარისხს ცოდვით დაცემამდე და ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ ღვთისმეტყველებაში ტრადიციულად დიდი ადგილი ეთმობა, წარღვნამდელი კაცობრიობისა და ასევე მის შემდეგ დაბადებული ადამიანების სულიერ ცხოვრებაზე ცნობები აშკარად არასაკმარისია. ეპისკოპოს მიტროფანეს აზრით, არ არსებობს სრული გაგება იმისა, რომ სამყაროში ქრისტეს მოსვლით დადგა აბსოლუტურად ახალი რეალობა და კაცობრიობა ამიერიდან სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანობამდელი ცხოვრებისგან. და ჩვენ თუ რაღაცაც ვერ ვაკვირდებით ჩვენს ამჟამინდელ სულიერ რეალობაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არც უწინ არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში.
ავტორის შესახებ: ეპისკოპოსი მიტროფანე (ბადანინი ალექსეი ბასილის ძე) - სევერომორსკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი.

დაიბადა 1953 წლის 27 მაისს, ლენინგრადში. 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. 1979 წლიდან იყო გემის მეთაურის თანამდებობაზე, შემდეგ კი მეთაურობდა სხვადასხვა კლასის ხომალდებს. 1995 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია. 1997 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება.

1998 წლიდან მუშაობდა მურმანსკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის პრეს-მდივნად და ხელმძღვანელობდა ამავე ეპარქიის საგამომცემლო საქმიანობას. მან დააფუძნა გაზეთი "Православный Североморск" ("მართლმადიდებლური სევერომორსკი") და იყო მისი პირველი რედაქტორი, რომლის ბაზაზე შემდეგ მოაწყო და სათავეში ჩაუდგა მურმანსკის ეპარქიის გაზეთს "Православная миссионерская газета" ("მართლმადიდებლური მისიონერული გაზეთი").

1999 წელს ჩააბარა წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (დღეისთვის "წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი), რომელიც დაამთავრა 2005 წელს და შევიდა ასპირანტურაში. 2000 წელს აღიკვეცა ბერად სახელით მიტროფანე და მიიღო მღვდლის ხარისხი.

2013 წლის ნოემბრამდე მიტროფანე (ბადანინი) წარმოადგენდა ტერის ოლქის კეთილმოწესესა და სოფ. ვარზუგის მიძინების სამრევლოს წინამძღვარს. ის იყო მურმანსკის ეპარქიის წმინდანთა კანონიზაციის კომისიის თავმჯდომარე.

იღუმენი მიტროფანე (ბადანინი) არის მრავალი წიგნისა და უკიდურესი ჩრდილოეთის ისტორიაზე დაწერილი მრავალი პუბლიკაციის ავტორი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

2009 წელს იღუმენ მიტროფანეს (ბადანინი) მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი დისერტაციისთვის, რომელიც მან დაწერა რუსეთის ისტორიის ეკლესიის კათედრაზე წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი # 111), მურმანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა სევერომორსკის ეპარქია, რომლის ეპისკოპოსადაც არჩეულ იქნა იღუმენი მიტროფანე (ბადანინი).


"ადამი და ცოლი მისი"
 
ჩვენი პირველწინაპრების რომელი ცოდვისთვის დასაჯა ღმერთმა კაცთა მოდგმა, რისთვის იქნა "დაწყევლილი მიწა"? ყოველი იტყვის: იმისთვის, რომ ადამმა დაარღვია მცნება და აკრძალული ხის ნაყოფი იგემა. მაგრამ, მოდი, მივმართოთ ბიბლიის ტექსტს და დავინახავთ, რომ უფალი, უპირველეს ყოვლისა, ამისთვის სულაც არ კიცხავს პირველ ადამიანს, არამედ იმისთვის, რომ "... დედაკაცს დაუჯერე". და მხოლოდ ამის შემდეგ ითქვა: "და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის" (დაბ. 3:17). აი ასე, იმთავითვე იქნა გადანაწილებული პრიორიტეტები მცნების დარღვევაში, რომელიც ადამმა ჩაიდინა. "ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი" (ზირ. 25:27). პირველწინაპართა დანაშაულის იგივე ასპექტს ხაზს უსვამს მოციქული პავლეც: "ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა" (1 ტიმ. 2:14).
ენოქის წიგნი
ცოდვით დაცემა
მხატვ. ჰუგო ვან დერ ჰუსი. 1480 წ. ადამი "იჯერებს თავისი ცოლის ნათქვამს" (შეად. დაბ. 3:17).
გვერდით გველია ადამიანის თავით, რაც მხატვრის ჩანაფიქრია.
ჩვენ პირველწინაპრებს კარგად ესმოდათ ცხოველთა ენა, მათ შორის გველისაც, რომელიც "ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის" (დაბ. 3:1).


ყურადღება მივაპყროთ იმას, როგორ ითქვა ეს უფლის მიერ: "რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ" (დაბ. 3:17), ანუ ეს მცნება, ისევე როგორც, სხვა დანარჩენი მცნება ედემში, მიეცა მხოლოდ ადამს. როდესაც მათ უფალი აწესებდა, ევა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. საკუთრივ, ამაზე ითამაშა გველმა, როდესაც ადამის კომპეტენტურობაში ეჭვი ჩანერგა: "მართლა თქვა უფალმა...?" (დაბ. 3:1). მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დაასრულა სამოთხეში ადამიანის ცხოვრების კანონების გადმოცემა, უფალმა პირველად ილაპარაკა ვინმე "შემწეზე", რომელიც სჭირდებოდა ადამიანს: "თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩინოთ შემწე, მისი მსგავსი" (ძვ. ქართ.: "არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი") (დაბ. 2:18).
ენოქის წიგნი
"ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა…" (დაბ.2,22).
მართლმადიდებლური ხატი. ცოლი - ადამის განუყოფელი ნაწილი.


როგორც ცნობილია, ადამიანისთვის შემწეების ძებნა თავიდან წარმოებდა "ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს" (დაბ. 2:20) შორის. მაგრამ ქმნილებათა უდიდეს რაოდენობასა და "ყველა სულდგმულს შორის" ვერავინ აღმოჩნდა "მისი მსგავსი". შედეგად საჭირო შემწე შეიქმნა თვით ადამისგან - "უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო", ხოლო "ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (დაბ. 2:21-22).
 
დედაკაცის ჩვენს მიერ განხილული თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს გავხსნათ ღმრთის თავდაპირველი ჩანაფიქრი ადამიანზე, კერძოდ, დედაკაცზე. სწორედ ეს ჩანაფიქრი განსაზღვრავს ყოფიერების მის თავდაპირველ, ჭეშმარიტ სტატუსს: "რას წარმოადგენს ადამი? - ღმრთის ქმნილებას? ხოლო ევა? - ამ ქმნილების ნაწილს" (Григорий Богослов, святитель. Избранные творения. М.: Изд. Сретенского монастыря. 2005. С. 83. (შემდეგში: Григорий Богослов. Избранные творения.)).
 
" და თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი", ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ქმნილება თვით ჩემგან შედგება. ამიტომაც ადამი არ აძლევს თავის შემწეს კერძო სახელს, რადგანაც "ფლობის აქტის" აღსრულება საჭირო არ არის - დედაკაცი ისედაც მისი ნაწილია: "დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული" (დაბ. 2:23). ორი არსების ეს გასაოცარი ერთობა თვით სამოთხიდან განდევნამდე ასეც იწოდებოდა: "ადამი და მისი დედაკაცი" (დაბ. 2:25).
 
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ უფლის ჩანაფიქრი ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით სრულად განხორციელდა მხოლოდ ადამისადმი მისი "ცოლის" მიერთებით, ანუ, როდესაც ადამიანი გახდა "წყვილი", "ორობა".
ენოქის წიგნი
"…დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (დაბ. 2,22).
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოზაიკა, XII ს. ქ. მონრეალი (სიცილია).
უფალს ადამთან მიჰყავდა ყოველი მიწიერი ქმნილება, და ისიც მათ სახელებს არქმევდა. ცოლს სახელი არ მისცემია, რადგა ის იყო კაცის ნაწილი, რომელსაც ადამი ერქვა.

საინტერესოა, რომ "ორობის" ეს ჩანაფიქრი თავიდანვე შეიმჩნევა დაბადების წიგნის სტროფებში: "თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ისინი ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:26) (ბიბლიის თანამედროვე თარგმანებში ცდილობენ შეცვალონ ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი - ავტ.).
 
გავიხსენოთ, რომ, დაბადების წიგნის ტექსტის მიხედვით, ყველაფერი, რაც კი შექმნა ღმერთმა, "კარგი იყო". და მხოლოდ ერთადერთხელ მთელი შესაქმის პერიოდში ღმერთმა გამოიყენა სიტყვა "არ ვარგა": "თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის მსგავსს" (ძვ. ქართ.: და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი" – "აპოკ." რედ.) (დაბ. 2:18).
 
ამ მტკიცებულებაში უფალი გვიხსნის ადამიანის თავდაპირველი დანიშნულების საიდუმლოს მუდმივ შინაგან ურთიერთობაში იყოს თავის "ძვალთაგანთან და ხორცთაგანთან" (დაბ. 2:23). ადამიანი ღმერთმა ჩაიფიქრა, როგორც "ორობა" (1)"და იქნებაან ორივენი ერთ ხორც" (მათე 19:5). მაგრამ ამასთან ასეთი "ადამიანი-ორობა" განუწყვეტელ ერთობაში იყო ღმერთთან. ანუ, როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, როდესაც ხსნის სამებობის საიდუმლოს: "ორობა გადალახულია... სამება თავის სრულყოფილებაში იკვრება" (Григория Богослова, архиепископа Константинопольского, творения. М., 1889. Ч. II. С. 180. Цит. по: Давыденков Олег, иерей. Догматическое богословие. Курс лекций. Ч. I и II. М.: ПСТБИ, 1997. С. 143). შექმნა რა "ადამიანი-ორობა", უფალმა დასაბამი მისცა ადამიანთათვის წმიდა ღვთაებრივ პირთა შიდაურთიერთობის მიუწვდომელ საიდუმლოსთან თანაზიარებას და ადამიანის ზრდას ერთგვარი მცირე "სამების" სტატუსამდე. და ეს კანონზომიერია, რადგან, ნებისმიერი სხვა ქმნილებისგან განსხვავებით, უფალმა "ადამის სახით, ჩაბერა რა მას ცხოველმყოფელი სული, შემოქმედი ღმრთის სამპიროვნობა გამოავლინა". მხოლოდ ადამიანია შექმნილი სამიპოსტასოვანი ბუნების ხატად" (Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии). М.: «Паломник», 1993. Ч. 3. С. 201. (Далее: Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии)).

__________________

1. ამ ფაქტის გაგება დამახასიათებელია მართლმადიდებელი მსოფლმხედველობისთვის: "ადამისგან აღებული, იგივე (ცოლი) იწევს თავისი ადგილისკენ, რათა ერთი მთლიანი ადამიანი წარმოქმნას" (Никон (Воробьев), игумен. Нам оставлено покаяние. Письма. М., 1997. С. 219.)

__________________
 
ასეთ შემთხვევაში ნავარაუდევი და ადამიანთათვის მიცემული საღმრთო განკარგულების - "აღორძნდით და განმრავლდით" - შემდგომი აღსრულება შთაგონებულ უნდა ყოფილიყო წმიდა სამების პირთა მოქმედების ცნობილი საღვთისმეტყველო პრინციპით: "მამისგან, ძის მიერ სულიწმიდით" (Лосский В.Н. Догматическое богословие // Богословские труды. М., 1972. № 8. С. 143.). ამ ანალოგიიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავბედოთ და ვივარაუდოთ, რომ ყოველი ახალი კაცის დაბადება ქვეყანაზე მომდინარე უნდა ყოფილიყო "მამისგან, დედის მიერ სულიწმიდით".
 
აშკარაა, რომ ადამიანთა თანამედროვე გამრავლების სახე უკიდურესად არაშესაფერისია იმ სტატუსისა, რომელიც ადამიანში იყო ჩადებული შექმნისთანავე. "ღამისეული, მონური და ვნებითი ჩვენი წარმომავლობა" (Григорий Богослов, свт. Цит. по: Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии). С. 25) პრინციპულად შეუთავსებელია "ღმრთის ხატებასთან და მსგავსებასთან", რომელიც ჩვენში ცხოვრობს. ამ პრობლემის გაგებას ვისმენთ საღმრთო ფსალმუნთმგალობელის სიტყვებში: "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფსალმ. 50:7).
 
ამიტომაც, თუკი ვეცდებით ჩავწვდეთ თავდაპირველი, დასაბამიერი საღმრთო ჩანაფიქრის არსს "ადამისა და მიცის ცოლის" გასაოცარ არსებასთან დაკავშირებით, ჩნდება დარწმუნება, რომ ადამიანი-ორობის მიღების ეს პრინციპი შემდეგშიც უცვლელად, ედემურად უნდა დარჩენილიყო. ასეთ შემთხვევაში "ადამსა და მის ცოლს" შემდეგშიც უნდა გაეჩინათ ადამის ძენი მათ მიერ თავთავიანთი ნეკნებიდან საკუთარ ცოლთა მოპოვების პერსპექტივით. ადამიანი სრულფასოვანი არსება ხდება მხოლოდ "ორობითი" მდგომარეობის მოპოვებით, ანუ მაშინ, როდესაც "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (ეფეს. 5:31).
 
წინდაწინ აღვნიშნავთ, რომ ადამიანის თავდაპირველი სტატუსის ხსენებას გვიღვივებს სახარებისეული თხრობა, რადგან თავისი "შობით ქალწულისგან ქრისტე აუქმებს ადამიანური ბუნების გაყოფას მამაკაცურ და ქალურ ნაწილებად" (Лосский В.Н. Очерк мистического богословия восточной церкви. Догматическое богословие. М., 1991. С. 104. (Далее: Лосский. Очерк мистического богословия)).
ენოქის წიგნი
ევას შექმნა
მხატვ. პაოლო ვერონეზე (1575-1580)
 
 
შეიძლებოდა გვევარაუდა კიდევ ერთბაშად "ორობითის" დაბადება, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება საღმრთო განკარგულებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ დროთა განმავლობაში "მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბ. 2:24). ანუ ადამიან-ორობითის, როგორც ნამდვილი ადამიანური ოჯახის ფორმირება მოგვიანებით უნდა მოხდეს, თავის დაწესებულ დროს, როგორც, საკუთრივ, იყო ადამის შემთხვევაშიც. ასე განუმარტავს უფალი თავის მოწაფეებს ცოლის მოპოვების პროცესს: "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (მათე 19:5). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბერძნულ დედანში უფრო ზუსტად არის მითითებული "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიკრულ იქნება თავის ცოლზე და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (იხ. ეფეს. 5:31). ანუ ადამიანი თვითონ კი არ წყვეტს "მიეკროს" თუ არა, არამედ უფალი "მიაწებებს" მას თავის ცოლს.
 
შესაქმის აღმწერელი ადამის პირით ზუსტად გადმოსცემს იმ არსების ბუნებას, რომელსაც შეიძლება "ცოლი" ეწოდოს. ცოლი - ეს არის ის, ვინც წარმომდგარია ადამისგან, ის არის ადამის "ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი" (შეად. დაბ. 2:23). მაქსიმე აღმსარებელი ხაზგასმით უწოდებს ცოლს "ნეკნს": "ადამმა, მიიღო რა სიტკბოება, რომელიც მას მისმა ნეკნმა შესთავაზა, კაცობრიობა გამოაგდო სამოთხიდან" (Максим Исповедник, преподобный. Творения. Богословские и аскетические трактаты. М.: «Мартис». 1993. Кн. 1. С. 262. (შემდეგში: Максим Исповедник. Творения. Кн. 1.)). ანუ, თავდაპირველი საღმრთო დადგინებით, ცოლი - ეს ყოველთვის "ქმრის ნეკნია". ცოლად შეიძლება იწოდებოდეს მხოლოდ ის, ვინც "აღებულია ქმრისგან", როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, და არა ისე, როგორც ახლაა - აბსოლუტურად უცხო არსება.
 
ღირ. ეფრემ ასურელი ასაბუთებს ამ აზრს, ეფუძნება რა სიტყვებს დაბადების წიგნიდან, რომელიც მამაკაცისა და დედაკაცის ერთდროულ შექმნას მოწმობს: "შექმნა ღმერთმა კაცი, ... მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27). ღირსი მამა წერს: "მოსე მიგვანიშნებს, რომ ევა უკვე იყო ადამში იმ ძვლის სახით, რომელიც ადამისგან გამოღებულ იქნა. თუმცა ევა მასში იყო არა გონებითად, არამედ სხეულებითად. მაგრამ ამასთან არა მარტო სხეულებითად, არამედ მშვინვითა და სულით, რადგან ღმერთს არაფერი მიუმატებია ადამისგან გამოყებული ძვლისთვის, გარდა სილამაზისა და გარეგნობისა" (Ефрем Сирин, преподобный. Толкование на Пятикнижие. М.: «Сибирская Благозвонница», 2017. С. 42).
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
თავდაპირველი კაცი
 
გავიხსენოთ, რომ კაცთა თავდაპირველი გამრავლების ეს საიდუმლო თემა თვით მოციქულმა პავლემაც კი არ განავითარა თავის ეპისტოლეში, და მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა: "საიდუმლოჲ ესე დიდ არს" (ეფეს. 5:32)
 
ჩვენ კი საკუთარი ცნობისმოყვარე გონებით ცოტათი შევყოვნდებით ღმრთის ჩანაფიქრის ამ საიდუმლოზე, რომელიც პირველქმნილ ადამიანებთან არის დაკავშირებული და, გავაგრძელებთ რა განსჯას, დავასკვნით, რომ ყოველ "ახალ ადამს" მომავალში თვითონ უნდა ეშვა საკუთარი თავიდან ცოლი, როგორც საკუთარი თავის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მომენტია ყოველი ზრდასრული ადამისთვის -   ერთი ნეკნის გამოღება და მის ადგილას ხორცი ჩადება (იხ. დაბ. 2:21), ის შეიძლებოდა მსგავსი ყოფილიყო მოწიფულ ასაკს მიწევნულ ყმაწვილთა ინიციაციის თანამედროვე პრაქტიკისა. "არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად" (ფსალმ. 138:15). ანუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია საღმრთო შეწევნის გარეშე, რათა უფალმა ღმერთმა კვლავ  "ძილქუში (საეკლ. სლავ.: изступление. - ავტ. // ძვ. ქართ.: განკჳრვებაჲ - "აპოკ." რედ.) მოჰგვაროს ადამს, დააძინოს და გამოუღოს ერთი ნეკნი და შექმნას დედაკაცი". ეს ქალის გაჩენის ეს მექანიზმი კაცობრიობის შემდგომი ისტორიისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და განუხრელი რომ არ ყოფილიყო, მაშინ უფალი პირველ დედაკაცს ამ გართულებების გარეშე შექმნიდა, ზუსტად ისევე, როგორც ადამი "შექმნა მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა" (დაბ. 2:7). როგორც, საკუთრივ, შეიქმნა სხვადასხვა სქესის სხვადასხვა მიწიერი ქმნილება. ეს მტკიცებულება არ მოგვეჩვენება ესოდენ ეგზოტიკურად, თუკი გვეხსომება, რომ ადამიანის ცხოვრების ყველა ფუძემდებლური მოვლენების უცილობელი მონაწილე, ისევე როგორც მთლიანად მთელი მისი არსებობისა, უნდა ყოფილიყო ღმერთი. სხვაგვარად არც იყო შესაძლებელი, რადგან ადამიანი ჩაფიქრებული იყო, როგორც ღმრთის სახლი (!).
 
გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: "მისი სახლი ჩვენა ვართ" (ებრ. 3:6). ამაზე მსჯელობს ღირ. მაკარი დიდიც: "როგორც ცა და მიწა ღმერთმა შექმნა ადამიანის საცხოვრისად, ასევე კაცის სხეული და სული მან თავისთვის შექმნა" (Макарий Великий, преподобный // Добротолюбие. М.: Сретенский монастырь. 2004. Т 1. С. 149 (შემდეგში: Макарий Великий. Добротолюбие)). მაგრამ ადამიანმა, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, სამოთხე დატოვა. თავის მხრივ, უფალმაც დატოვა ეს უღირსი "სახლი", მისცა რა ადამიანს ამიერიდან თვითონ გადაეწყვიტა ამოცანა "ინაყოფიერეთ და იმრავლეს, და აავსეთ დედამიწა" (დაბ. 1:28). ყოველდღიურ საცისკრო ლოცვებში ქრისტიანი წუხს ამ დანაკარგის გამო და უფალს ღმრთის სახლად ყოფნის დაკარგული სტატუსის დაბრუნებას სთხოვს: "ღმრთის სულის სახლად შემქმენ მე".
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან. ბენჯამინ უესტი (1738-1820), აშშ.
 
სამოთხიდან განდევნილი ადამიანების "სამოსი" იყო საკმაოდ პირობითი, რადგან მათ " გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს". რაც შეეხება "ტყავის სამოსს", რომელიც ადამსა და ევას მათი ცოდვით დაცემის შემდეგ მისცა უფალმა, იგულისხმება ადამიანის ახალი სხეული, რომელმაც თავდაპირველი ანგელოზური სინატიფე დაკარგა.
 
 
ამაშია პრინციპული და ტრაგიკული განსხვავება ცოდვამდელ, ედემისეულ ადამიანსა და ცოდვით დაცემის შემდგომდროინდელ ადამიანს შორის. სიცოცხლე ღმერთის გარეშე ყველა ჩვენგანის ნორმა გახდა, რაც დასაბამიდან შეუძლებელია ყოფილიყო.
 
მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, "ადამიანს უვნებობით უნდა ეძლია საკუთარ თავში სქესებად გაყოფა". ასეთი ადამიანური არსება - "ორობა", როდესაც უკვე "ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც" (მათე 19:6), თავის თავში ატარებდა იდეალურ სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში მყოფი მუდმივი ურთიერთობის გასაოცარ სრულ ჰარმონიას.
 
ჩვენ ვიცით, რომ დღემდე ყოველი "ადამი" დაბადებიდან ილტვის თავისი ცოლისკენ, ყოველთვის ეძებს ერთობას მისგან აღებულ თავის ნაწილთან, "რათა თავისი მთლიანობის ნაწილი ჰპოვოს თავის შემწეში" (Филарет Московский (Дроздов), святитель. Толкование на Книгу Бытия. Filaret_Moskovskij/tolkovanie-na-knigu-bytij a). და აქ არ არის საჭირო მოტივაცია და იძულება "გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი", რადგან ამ ერთობის ორივე მონაწილე ფაქტიურად და გულწრფელად ჰყვარობენ საკუთარ თავს, რომლებიც სხვაში ცხოვრობენ. გრძნობათა ამ სიმაღლისკენ მოგვიწოდებს ჩვენ მოციქული: "ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს" (ეფეს. 5:28).
 
ცოდვით დაცემით გაყოფილი ორი ნაწილის ერთმანეთისკენ დასაბამიერი ლტოლვის გამოძახილს წარმოადგენს უძლიერესი საბაზისო სქესობრივი ინსტინქტი. ინტიმური შეერთების მოკლე წუთებში ადამიანი თითქოსდა უბრუნდება თავის პირველდაწყებით, სამოთხისეულ მდგომარეობას, და ცდილობს "მიეკროს თავის ცოლს" და გახდეს მისი "ერთხორცი". კვლავ და კვლავ ცდილობს ის განიცადოს ედემში დაკარგული ნეტარი ერთობა თავის დაკარგულ ნაწილთან და თუნდაც მცირე ხნით დაიამოს მარტოობის კაეშნის ეს მუდმივი ტკივილი.
 
ის სტრესი, რომელიც გადაიტანა ორად გახლეჩილმა და ედემიდან განდევნილმა ადამიანმა, ყოველთვის მისი თანმდევი იქნება. ადამიანები შექმნილნი იყვნენ ღმერთთან ნეტარი ერთობისთვის, მოწოდებულნი იყვნენ "ზიარებოდნენ უკვდავ სილამაზეს და მონაწილენი ყოფილიყვნენ ღმრთის საიდუმლო საუბრებისა" (Максим Грек, преподобный. Избранные творения. М.: «Благовест», 2014. С. 10). და, რა თქმა უნდა, ეცხოვრა სრულ ჰარმონიაში "თავის ნახევართან" და მთელ სამყაროსთან ერთად. ამიტომაც არის, რომ დღევანდელი ადამიანი ესოდენი დაჟინებით ილტვის ამ მოღიავებული სიცარიელის შესავსებად, ეძებს ახალ-ახალ განცხრომასა და სიამტკბილობას, რადგან "სიამტკბილობის გარეშე მას (გულს) არსებობა არ შეუძლია" (Игнатий (Брянчанинов), святитель. Аскетические опыты. СПб., 1905. Т IV С. 413 (შემდეგში: Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты)). და, საკუთრივაც, ჩვენი სასოება უფლის მიმართ, ლტოლვა ზეციური სასუფევლის ნეტარი მწვერვალებისკენ, არსებითად, ბრწყინვალე ჯილდოს წინასწარ განცდაა და ნუგეშია "ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ" (1 ტიმ. 6:17).
 
მაგრამ ჯერ-ჯერობით, ქვეყანაში, "ღელესა მას გლოვისასა" (ფსალმ. 83:7) მცხოვრები ადამიანი ახალ სიამოვნებათა და შთაბეჭდილებათა უსასრულო და მომქანცველ ძიებაშია. თუმცა, არაფერს შეუძლია მისი ნუგეშისცემა, რამეთუ ამ ქვეყნად არ არსებობს ის, რაზეც ასე ნაღვლობს მისი სული, არამედ არის მხოლოდ "გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა" (1 იოანე 2:16).
 
არარსებულის ძიებაში უფალი გვთავაზობს მხოლოდ ერთ ნაღდ საშუალებას შევაჩეროთ ხორციელი ვნების ეს ცოდვილი რბოლა და ნაღვლიანი სევდა დაკარგულის გამო სხვაგვარად დავირწყულოთ. ეს მოხდება მაშინ, როდესაც გული აღადგენს გაწყვეტილ ცოცხალ კავშირს თავის ზეციერ მამასთან და, შევა რა მასთან ურთიერთობაში, იგემებს ჭეშმარიტ სულიერ სიტკბოებას. "მხოლოდ მაშინ შეძლებს ის დამათრობელი ხორციელი ვნებისგან გათავისუფლებას. ხორციელი სიყვარული ღვთაებრივი სიყვარულით უკუიგდება, და ხორციელი ცეცხლი უსაგნო ცეცხლით" (Прп. Иоанн Лествичник. Слово XV, гл. 3. Цит. по: Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. IV. С. 413).
 
მაგრამ ზოგჯერ ჩვენს დროში ვხედავთ, ადამიანის ამ ორი ნაწილის შეერთებისკენ ურთიერთმიზიდულობა როგორი მტანჯველი ვნება ხდება და "ბოროტი ვნება" სრულიად ეუფლება უბედურ ადამიანებს. ამგვარად შეპყრობილი ადამიანი, "მოცულია რა ამ ხორციელი სიყვარულით, ყველაფერს ითმენს, ოღონდ დაუახლოვდეს იმ ადამიანს, ვის მიმართაცა აქვს ლტოლვა ისე, რომ არც საჭმელით კმაყოფილდება და არც სასმელით, არც ძილში აქვს მოსენება და არც სხვა რამ სასიამოვნოსა თუ მანუგეშებელში. და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ თავისი სული სამუდამოდ წარწყმიდოს ცეცხლის გეენაში" (Феодор Студит, преподобный // Добротолюбие. М., Сретенский монастырь. 2004. Т. 4. С. 136. (შემდეგში: Феодор Студит. Добротолюбие)).
 
როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ საშიშროებას, უკვე ვთქვით: "თუკი შეიყვარებ ღმერთს და მტკიცედ იდგები მის სიყვარულში, ვერავითრი ვნება ვერ მოგერევა და ხორცის ვერანაირი ნდომა ვერაფერს დაგაძალებს" (Симеон Новый Богослов, преподобный. Слова. В 2-х томах. М.: «Правило веры». 2015. Т. 1. С. 506. (შემდეგში: Симеон Новый Богослов. Слова)).
 
ამ რთულ საკითხში ჩვენში სწორად რომ განვალაგოთ სულიერი ორიენტირები, აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სქესობრივი გზით ადამიანთა გამრავლების დღევანდელი მეთოდი "ადამისა და მისი ცოლის" გაყოფის შედეგია. შეერთების ცხოველური ფორმა დასაბამიდან არც კი იყო მოაზრებული" ("ადამიანი არ იყო დაქვემდებარებული თესლისგან ცხოველური დაბადების კანონს: ღმრთის თავდაპირველ ჩანაფიქრში ადამიანის ქორწინებით გამრავლება არ მოიაზრებოდა" (С. Л. Епифанович. Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. Аzbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/maksim-ispovednik), რადგან ეს არის შედეგი იმისა, რომ "ადამიანი მიემსგავსა პირუტყვს და გონიერი ქმნილებიდან პირუტყვად და ღვთაებრივიდან მხეცად გადაიქცა" (Григорий Синаит. Творения. С. 8).
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
ადამი და ევა. მხატვ. ალბრეხტ. დიურერი. 1507 წ.
 
რენესანსის მხატვარი პირველ ადამიანებს გრძნობით-რეალისტური მანერით გამოხატავს, რადგან არ ძალუძს აჩვენოს ცოდვით დაცემამდე ადამიანის ბუნების პირვანდელი სიფაქიზე და უცოდველობა.
 
 
ღირ. მასქიმე ამის შესახებ სრულიად განსაზღვრულად ბრძანებს: "კაცთა მოდგმის გამრავლება სხეულებრივი შეერთებით კი არ უნდა ხდებოდეს, რომელიც სასჯელია ცოდვით დაცემისთვის, არამედ სასწაულებრივი და ღვთაებრივი სახით, მამაკაცის თესლის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 236).
 
"მაგრამ, შენ იტყვი, როგორ უნდა დაბადებულიყვნენ ათასები? - სვამს კითხვას იოანე ოქროპირი. - მაგრამ მეც გკითხავ: როგორ დაიბადა ადამი? როგორ დაიბადა ევა? ხომ ქორწინების გარეშე? რა თქმა უნდა, შეუძლიათ იკითხონ: ნუთუ ასე უნდა დაბადებულიყვნენ ყველანი? ასე თუ ისე, მე ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ღმერთს არაფერში სჭირდებოდა ქორწინება დედამიწაზე ადამიანთა გასამრავლებლად" (Иоанн Златоуст, святитель. Творения // Беседы на Книгу Бытия. М., 1993. Т. 1. С. 177 (შემდეგში: Иоанн Златоуст. Творения)).
 
მართლაც, ადამიანის განდგომამ ზეციერი მამისგან გამოიწვია ის, რომ ადამიანთა გამრავლების საქმეში ღმერთი აღარ ჩაერია. შემთხვევით როდი ამახვილებს მოციქული პავლე ყურადღებას პრინციპულ მომენტზე, რომ ქორწინება ღმრთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია: " თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის" (1 კორინთ. 11:12).
 
აი რას ბრძანებს ღირ. მაკარი ეგვიპტელი ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ერთობის ტრაგიკულ დანაკარგზე: "ჩვენ არ ვამბობთ, რომ ადამიანი სრულიად დაიკარგა, განადგურდა და მოკვდა; ის მოკვდა ღმრთისთვის და უკვე საკუთარი ბუნებით ცოცხლობს" (Макарий Египетский, преподобный. Духовные беседы, послание и слова. М.: «Правило веры». 2013. С. 162).
 
ღმრთისგან განდგომილმა და ცვალებადი, ცხოველური ხორცით, ამ "ტყავის შესამოსელით" შემოსილმა ადამიანმა განაყოფიერების და გამრავლების სახეც ცხოველური მიიღო.
 
იმის შესახებ, რომ ასე როდი ჰქონდა ჩაფიქრებული ღმერთს და კვლავაც, საყოველთაო აღდგომის შემდეგ ასე როდი იქნება, რადგან ადამიანები აღდგებიან თავიანთი პირვანდელი სახით, ბრძანებს თვით უფალი: "საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან" (ლუკა 20:36).
 
და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები მარტოხელა ზეციური მოხეტიალეები იქნებიან. ისინი კვლავ დაიბრუნებენ ადამის პირვანდელ პატივს და შეძლებენ ღმრთის შეწევნით თავიანთი ნეკნი-დედაკაცის ამოგდებას. ის, რომ პირველი ადამიანი კაცთა მომავალი თაობების პირველსახეა, რომლებიც იცხოვებენ "ახალ ცასა და ახალ მიწაზე" (გამოცხ. 21:1), მოწმობს მოციქული პავლე: "... ადამი ... არის მომავლის ხატი" (რომ. 5:14). და ასევე, "როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორინთ. 15:49).
 
ამის შესახებ ნათლად ბრძანებენ წმიდა მამებიც: "კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობა არის ქალწულება" (Алфавит духовный. Кн. 1. Гл. 7, 8. Цит. по: Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. ТIV С. 412). და ამ აზრით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამიწაზე დააბრუნა ხსოვნა, როგორც ცოდვით დაცემის დროს დაკარგული ჩასახვის ბუნებრივი  სახისა, ასევე შვილის შობისა, რომელიც არ ითხოვდა ადამიანის ქალწულების დარღვევას.
 
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა: რაში გვჭირდება ეს საკმაოდ უჩვეულო განსჯანი, რომელიც ესოდენ შორსაა ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისგან? ისინი საჭიროა იმისთვის, რათა სრულფასოვნად შევიგნოთ იმ კატასტროფის გრანდიოზულობა, რომელიც ედემში მოხდა, და ჩვენი დღევანდელი "პირუტყვული" ცხოვრების განსხვავების ხარისხი ღმრთის მიერ თავდაპირველად ჩაფიქრებული ცხოვრებისგან. ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ საღად შევხედოთ იმას, თუ როგორი უღირსი და მდაბიო ცხოვრება მოიწყო ადამიანმა, როდესაც ღმრთის გარეშე ცხოვრება ინება, და იგრძნო ათასწლეულების განმავლობაში ყველა მისი ამპარტავნული "მიღწევების" უმწეობა და სისულელე.
 
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ადამიანი, როგორც "ღმრთის ხატება და მსგავსება", შეუძლებელია ბედნიერი იყოს და წარმატებით არსებობდეს მისი პირველხატის გარეშ, რაზეც უფალი ბრძანებს: "უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოანე 15:5).
  
გაგრძელება იქნება.
 
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედ.
  
წყარო: Митрополит Митрофан (Баданин). "До и после. Апология книги Еноха". Мурманск. Издательство Мурманской епархии 2019. Издание 2-е дополненное.
Назад к содержимому