აპოკრიფები - ენოქის წიგნის აპოლოგია 2 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია
ენოქის წიგნი

ენოქი და მისი შვილთაშვილი ნოე

ზემოთმოტანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაინანს "ნოესი ეშინოდა", - ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მართალი ნოე გახლდათ კაცობრიობის სინდისი, რომელიც წარღვნას გადაურჩა. ძველი ეპოქის ორი უდიდესი პატრიარქის, ენოქისა და ნოეს ძალა, და მათი განსაკუთრებული რჩეულობა ღმრთის წინაშე, არაერთხელ არის ხაზგასმული წმიდა წერილში: "ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს" (ზირ. 44:15).
ენოქის წიგნი
ნოე აშენებს კიდობანს. ი. კაროლსფელდის გრავიურა. 1857 წ.

ნოემ "ჰპოვა მადლი უფლის თვალში" (დაბ. 6:8), რადგან "მართალი და სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე" (დაბ. 6:9). წმ. იოანე ოქროპირი ყურადღებას ამახვილებს იმ დროის განსაკუთრებულ ვითარებაზე, რომელშიც ნოე მაინც ღმრთის ერთგული რჩება: "მან სათნოება დაიცვა იმ გარყვნილ და ცოდვილ მოდგმაში, სადაც მის წინაშე სათნოების ნიმუში არ არსებობდა და ყველა მისცემოდა ცოდვას" (Иоанн Златоуст, святитель. Беседы о диаволе. Часть III. https://pravoslavie.ru/2944.html).

ენოქიც იმ სამყაროში იტანჯებოდა, "მოეწონა უფალს და თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა" (ზირ. 44:16). "დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, - განაგრძობს იესუ ზირაქის ძე, - რადგან მიწიდან იქნა ატაცებული" (ზირ. 49:16).

ენოქი თავის წიგნს წერს იმ შორეულ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს ჯერაც არ დაჰკარგვოდათ ღმრთის ძალა და ედემის კურთხევა. უნდა გვესმოდეს, რომ ბევრწილად ისინი ჩვენგან განსხვავებული ადამიანები იყვნენ, როგორც წარმოუდგენელი დღეგრძელობით, ასევე სხეულის ზომებით და გაუგონარი ფიზიკური შესაძლებლობებით.

მაგალითად, ენოქის ძის "მათუსალას სრული ხანი იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა" (დაბ. 5:27). თვით ენოქმა "მხოლოდ" "სამას სამოცდახუთი წელი" იცოცხლა "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:23, 24). დღეს ჩვენთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო, თუ როგორ "წაიყვანა იგი ღმერთმა". ზუსტად ასევე გვიკვირს, როგორ მოუწოდებდა რთულ ცხოვრებისეულ ვითარებებში ენოქის შვილთაშვილი ნოე თავის პაპას და ისიც გულდასხმით ესაუბრებოდა მას. ბიბლიამ ამისი დეტალები არ დაგვიტოვა, ხოლო "მან, ვინც დაინტერესდება და იკითხავს, საით გადაასახლა ღმერთმა ენოქი, და ნუთუ ის დღემდე ცოცხალია, - უნდა უარყოს კაცობრივი მოსაზრებები და თავი დაანებოს ღმრთის საქმეთა ჩხრეკას, არამედ ირწმუნოს ის, რაც წმიდა წერილშია მოცემული" (Иоанн Златоуст. Творения. Т. 1. С. 194). ხოლო თვით ენოქის წიგნი მისი ძის მათუსალას პირით განმარტავს: "ენოქის სახელი სიცოცხლეშივე ასწვდა ძეს კაცისას, სულთა უფალს" (ენოქი 12:1).

პატრიარქმა ენოქმა თავისი სიმართლითა და რწმენით "სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5). წარღვნამდელი კაცობრიობის ეს მართალი ძლიერ სწუხდა კაცთა შორის გარყვნილების საშინელ მატებაზე და სამყაროს მომავალ დასჯაზე, ანუ მსოფლიო წარღვნაზე წინასწარმეტყველებდა: "ჩემს შემდეგ მეორე შვიდეულში აღდგება უდიდესი ბოროტება და გამრავლდება სიცრუე, რომლის დროსაც, იქნება პირველი აღსასრული, მაგრამ, რომლის დროსაც ერთი კაცი გადარჩება" (ენოქი 19:8). როგორც ვიცით, ეს "ერთი კაცი", რომელმაც "მადლი ჰპოვა უფლის თვალში" (დაბ. 6:8) იყო მართალი ნოე, ენოქის შვილთაშვილი.

ენოქის წიგნს მოჰყავს ნოეს დაბადების საინტერესო დეტალები. ნოეს მამა ლამექი შეძრწუნებული იყო, როდესაც მან თავისი ახალდაბადებული შვილი დაინახა: "მე დავბადე უჩვეულო ძე; ის ადამიანს კი არა, ზეციურ ანგელოზთა შვილს უფრო ჰგავს, რადგან ჩვენგან განსხვავებულია: მისი თვალები მზის სხივთა მსგავსია, მისი თმები ვერძის საწმისივითაა, მისი სახე კი ბრწყინვალეა. გააღო მან თავისი პირი და იწყო ლოცვა ზეციერი უფლის მიმართ, და მომეჩვენა, რომ ეს ბავშვი ჩემგან კი არა ანგელოზებისგან დაიბადა; მეშინია, მის დღეებში არ მოიწიოს დედამიწაზე დიდმა განსაცდელმა" (ენოქი 20:2, 3). ლამექის თხოვნით მისმა მამამ მათუსალამ, "ქვეყნის დასალიერზე" რჩევისთვის ენოქს მიაშურა, რადგან იცოდა, რომ "მისი საცხოვრისი ანგელოზთა გვერდითაა".

ენოქმა გახსნა მომავალ მოვლენათა საიდუმლო და ახალშობილი ყრმის რჩეულობა. "თქვენ იცით, რომ ჩემი მამის იარედის საუკუნეში (1422 წწ. სამყაროს შექმნიდან) ზოგიერთი ანგელოზი, გარდამოხდა ზეცით და დაარღვია უფლისადმი მიცემული სიტყვა. მათ სცოდეს, დაარღვიეს სჯული და დაეცნენ ქალებთან, რომლებმაც მათ შვილები გაუჩინეს. დიდი უბედურება მოიწევა დედამიწაზე, იქნება წარღვნა, და საშინელი წარწყმედა მთელი წლის განმავლობაში. ხოლო ეს ძე, რომელიც თქვენთან იშვა, დედამიწაზე დარჩება, მისი სამი ვაჟი კი მასთან ერთად გადარჩება" (ენოქი 20:13-16).
ენოქის წიგნი
გერმანელი მხატვრის ლოვის კორინთის ტილოზე "წმიდა ანტონის გამოცდა" (1897 წ.) განსაკუთრებულად არის ხაზგასმული იმ არსებათა რეალობა, რომლებიც ებრძვიან მოსაგრეს და, რომელთაც შეუძლიათ მასთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა, რასაც ამ უდიდესი მოღვაწის ცხოვრებაც ადასტურებს.

ნოეს განსაკუთრებულ რჩეულობაზე მეტყველებს იუბილეთა წიგნიც: "თავისი ცხოვრებით ის აღემატებოდა ყველას კაცთა შორის, ენოქის გარდა, რადგან ის იყო სრულყოფილი მართალი" (Юбил.10,24). გარდა ამისა, ცნობილია, რომ "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24). ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზე მცხოვრებ მხოლოდ ორ მართალს - ენოქს და ილიას არ უგემიათ სიკვდილი. უფალმა ილია და ენოქი "გადაასახლა" ერთგვარ საიდუმლო მიწიერ ადგილას, სადაც ისინი აპოკალიფსისის დადგომას ელოდებიან. ამის შესახებ წერს მოციქული პავლე: "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5).

როგორც ენოქმა, ასევე ნოემ განსაკუთრებული როლი ითამაშეს წარღვნამდელი ისტორიის უმძიმესი დრამის გადალახვაში, რომელიც დაკავშირებული იყო დარაჯთა პანდემიასთან: "ნუ გეშინია ენოქ, შენ ხარ მართალი კაცი და სიმართლის მწერალი; ამოდი აქ და ისმინე ჩემი სიტყვა! წადი ზეცის დარაჯებთან და უთხარი: "აღარ იქნება მშვიდობა თქვენთან"" (ენოქი 3:41-52). ასე დაავალა უფალმა ენოქს საღმრთო განაჩენი გამოეცხადებინა უდიადეს ანგელოზთათვის - დაცემულ დარაჯთათვის.

თავის მხრივ ნოეც იძულებული იყო პირდაპირ მიემართა ღმრთისთვის, როდესაც მის შემწეობას ითხოვდა ბნელეთის სულთაგან თავდასაღწევად, იმ ამაზრზენ დემონთაგან, გარდაცვლილ ბუმბერაზთა მბორგავ სულთაგან, რომელთაც სიმშვიდე არ უწყიან. "და დაიწყეს უკეთურმა დემონებმა ნოეს შვილიშვილთა ცთუნება და ამოხოცვა. და მოვიდნენ ნოეს შვილები თავიანთ მამასთან, ნოესთან, და მოუთხრეს მას დემონთა შესახებ, რომლებიც ცდილობენ გადაჰხარონ ისინი მართალი გზიდან, უბნელებენ გონებას და ხოცავენ მის შვილთა შვილებს" (Юбил.10:2). უნდა ითქვას, რომ იუბილეთა წიგნის მიხედვით, ღმრთის შეწევნის მეძიებელი ნოე თავის ვედრებას იწყებდა კარგად ცნობილი ლოცვით: "ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო" (რიცხვ. 16:22).


ენოქის წიგნის საიდუმლო

წინა თავებში ჩვენ დავიმოწმეთ საკმაო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აღიარებულ იქნას უნიკალურად და რომელსაც მხოლოდ ენოქის წიგნი ფლობს. საკუთრივ, ამას თვით ავტორიც ამბობს: "და მხოლოდ მე, ენოქი, ვჭვრეტდი ყოველივეს საზღვრებს, და არც ერთ კაცს არ უხილავს ის ისე, როგორც მე ვიხილე" (ენოქი 4:26). რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს მოწყობის ეს დაფარული მოწმობები და დეტალები ნაკლებად ახდენენ გავლენას სახარებისეული სწავლების მაგისტრალურ მიმართულებაზე, რომელსაც ქრისტიანი ცხონებისკენ მიჰყავს. მაგრამ ვფიქრობ არ გვაქვს უფლება უკუვაგდოთ უხილავი სამყაროს მოწყობისა და მისი საკრალური ყოფიერების უძვირფასესი დეტალების ესოდენ დიადი სურათი.

შესაძლოა სწორედ საკრალური ინფორმაციის ამ მასშტაბურობის გამო ჩათვალეს ენოქის წიგნი "ძნელად გასაგებ" და ზედმეტად "მისტიკურ" წიგნად, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუშალა მის ჩართვას წმიდა წერილის კანონში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი "უარყოფის" ისტორია ეხება დიდ პრობლემას: "ქრისტიანული მისტიკის სწორ განვითარებას ხელს უშლიდა V-VI საუკუნეების დამწერლობის მისტიკური ალღოს დაკნინება და ფილოსოფიური მოთხოვნილებები, ასევე ამ სფეროში მთელი რიგი ცთომილებების გამოჩენა, როგორიც იყო, მაგალითად, მესალიანელთა და სხვა გვიანდელ მისტიკურ სექტათა მწვალებლობანი" (22).

________________

22. IV ს.-ის მიწურულიდან ორიგენისტებზე და ასკეტებზე დაწყებულმა დევნულებამ ხელი შეუწყო იმას, რომ V ს-დან ასკეტიკა განვითარდა პრაქტიკული მორალიზმის განხრით". იხ. Епифанович С. Л. Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. М.: «Мартис», 2003. С. 30. (Далее: Епифанович. Максим Исповедник. // Епифанович С.Л. Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. С. 31. Прим. 1).
________________

აქ უნდა აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი განსხვავება ენოქის წიგნში დაცული ინფორმაციის ბუნებასა და იოანე ღვთისმეტყველის მიერ ჩაწერილ ხილვებს შორის. მოციქულ იოანეს გამოცხადებაში, ისევე როგორც ბიბლიის სხვა მრავალრიცხოვან აპოკალიპტურ პასაჟში, მოტანილია ვიზიონერული გამოცდილება, ანუ გამოცხადება, რომელთა ღირსიც გახდნენ ღმრთის განსაკუთრებული რჩეულები. მისტიკური ხასიათის ეს ხილვები მათ წერილობითად დააფიქსირეს. ენოქის შემთხვევაში სხვა ვითარებაა: "დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული" (ზირ. 49:16). "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი" (ებრ. 11:5). მაშასადამე, ენოქი აღწერს იმას, რასაც ის უშუალოდ აკვირდებოდა თავისი "ფიზიკური" მოგზაურობების დროს, იმის შემდეგ, რაც "ატაცებულ იქნა დედამიწიდან".

როდესაც ამ დანაკარგებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ იმავე მიზეზით დიდი კითხვის ქვეშ იდგა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ჩართვა ახალი აღთქმის წმიდა წერილის კანონში (23).

________________

23. წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება არ მოიხსენიება 364 წელს ლაოდიკიის ადგილობრივი კრების მიერ დამტკიცებული ბიბლიის კანონიკურ წიგნთა შორის. მხოლოდ წმ. ათანასე დიდის ავტორიტეტმა, რომელმაც დაიცვა აპოკალიფსისის კანონიკურობა, შესაძლებელი გახადა ამ წიგნის აღიარება, რაც გააკეთეს კიდევაც მომდევნო კრებებმა, იპონიასა (383 წ.) და კართაგენში (419 წ.).
________________
ენოქის წიგნი
სიცოცხლისა და სიკვდილის ხე

ბერტოლდ ფურტმეირის მინიატურა (1491 წ.). ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, მიუნჰენი. ნახატზე ქალწული მარიამი, როგორც ახალი ევა, ადამიანებს მარადიული ცხოვრების ნაყოფით აპურებს, განსხვავებით ძველი ევასგან, რომელმაც ქვეყნიერებაში სიკვდილი შემოიტანა.

 
ამ აზრით ენოქის გამოცდილება უნიკალურია, და მრავალი იმისგან, რაც მან მოგვითხრო, უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ მრავალი "თეთრი ლაქა" კაცობრიობის უძველეს ისტორიაში, ისევე როგორც აღვადგინოთ სულიერი სამყაროს უფრო მთლიანი საკრალური სურათი და, შესაძლოა, თვით "ღმრთის ბუნებისაც". როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ხოლო ენოქი აიყვანა ღმერთმა, მაგრამ მისწვდა თუ არა ის ღმრთის ბუნებას თუ ჯერაც უნდა მისწვდეს - უცნობია" (Св. Григорий Богослов. Избранные творения. С. 30).

ამიტომ, მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ენოქის წიგნის გამოცხადების კიდევ რამოდენიმე საინტერესო ასპექტი. თავის მოგზაურობაში ენოქი აღწერს მის მიერ ნანახ დიად მთას და "სამეფო ტახტს, რომელიც კეთილსურნელოვანი ხეებით იყო გარშემორტყმული". ენოქი ხედავს წარმოუდგნელად კეთილსურნელოვან ხეს, "რომლის კეთილსურნელება მე ჯერ არასოდეს მიყნოსავს არც ერთი ხისგან; და არც ერთი სურნელება არ ჰგავდა იმ ხის სურნელებას; მისი ფოთლები, ყვავილები, ღერო არასოდეს ლპება, მისი ნაყოფი მშვენიერია და ძლიერ წააგავს პალმის კუნწულას" (ენოქი 5:23).

ადამი და ევა
 ადამი და ევა სიცოცხლის ხის ნაყოფთან

ფოტო აღებულია საიტიდან: поисков.рф


ენოქის მიერ ნანახს განმარტავს წმიდა ანგელოზთაგან ერთ-ერთი მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც "იყო ჩემთან". კერძოდ, მან ენოქს უთხრა: "ეს მაღალი მთა, რომელსაც ხედავ, და მისი მწვერვალი, რომელიც უფლის საყდარს წააგავს, მისი ტახტია, სადაც დაჯდება წმიდა და დიადი, უფალი დიდებისა, მარადისობის მეფე, როდესაც ის ჩამოვა, რათა ეწვიოს დედამიწას".

როგორც ჩანს, ეს სწორედ ის მთაა, რომელსაც ეპოტინებოდა მთიები (ანუ სატანა - "აპოკ". რედ.) თავისი დაცემის წინ: "ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე" (ესაია 14:13).

ხსენებულ ხესთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს ხე კარგად არის ცნობილი დაბადების წიგნის მიხედვით: "აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, ... შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა..." (დაბ. 2:9). საკუთრივ, იმ დიადი ძალის გამო, რაც დაფარულია ამ ხეში, და ადამინის შემდგომი დაუმორჩილებლობის გამო ჩვენი პირველწინაპრები განდევნილ იქნენ სამოთხიდან და "თქვა უფალმა ღმერთმა: ... არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს" (დაბ. 3:22). ანუ სამოთხიდან განდევნის მიზანი იყო დაცემულ ადამიანებს ამ ხის ნაყოფის ჭამით არ მოეპოვებინათ უკვდავების სტატუსი: "რათა ბოროტებაც არ გამხდარიყო უკვდავი". სწორედ ასე მიიჩნევს VI ს-ის ბერი და ღვთისმეტყველი ლეონტი ბიზანტიელი: "ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი ადამის პიროვნებაში გახდა ხრწნადი და მოკვდავი, რადგან ის, რაც ადამს უხრწნილებასა და უკვდავებას ანიჭებდა იყო - ხე სიცოცხლისა, რაც მას წაერთვა სამოთხიდან განდევნით" (Григорий Богослов. Избранные творения. С. 106. Леонтий Византийский. Сборник исследований. С. 331).



"ბოროტი დემონები ღიად ეცხადებოდნენ და ბილწავდნენ ქალებსა და ყრმებს" (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი)

დაცემული ანგელოზი იუპიტერი იღებს არწივის სახეს და ყმაწვილ განიმედს სოდომური ცოდვისკენ უბიძგებს. (მხატვ. ესთაშ ლესიუერი (Eustache Lesueur или Le Sueur). 1650 წ. ლუვრი. პარიზი)


ამის შესახებ წერს ენოქიც, როდესაც მთავარანგელოზ მიქაელის სიტყვები მოჰყავს: "და ამ კეთილსურნელოვან ხელს მოკვდავთაგან არავინ უნდა მიეკაროს დიდი სამსჯავროს დრომდე, როდესაც ყველაფერი გამოსყიდული იქნება და დასრულებული იქნება მარადისობისთვის, მაშინ მიეცემა ეს ხე მართალთა და მორჩილთ. მისი ნაყოფისგან მიეცემათ სიცოცხლე რჩეულთ; ის გადაირგვება ჩრდილოეთით წმიდა ადგილზე, - უფლის, დიადი მეფის ტაძრისკენ. მაშინ გაიხარებენ სრული სიხარულით წმინდანები; ისინი თავიანთ ძვლებში შეისრუტავენ ხის სურნელებას, და უსასრულოდ იცხოვრებენ დედამიწაზე, როგორც ცხოვრობდნენ მათი მამათმთავრები; იმ დროს უკვე აღარ შეეხება მათ არც ურვა არც ჭირვება, არც შრომა და არც ტანჯვა". მაშინ მე განვადიდე დიდების უფალი, მარადიული მეფე იმისთვის, რომ ასეთი რამ გაამზადა მართალთათვის და დაუსრულებელი ნეტარება აღუთქვა მათ" (ენოქი 5:28, 32).

წმიდა მამათა უმრავლესობას არ ეეჭვებოდა იმ ხეების რეალურობა, რომელთაც ენოქი აღწერს. ამას ხაზს უსვამს წმიდა წერილის მისტიკურ-მჭვრეტელობითი აღქმისა და მისი ალეგორიული განმარტების ისეთი მოყვარული, როგორიც იყო ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "თუ ვინმე იტყვის, რომ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე ხილული ქმნილებაა, ჭეშმარიტების წინააღმდეგ არ შესცოდავს, რადგან ეს ქმნილება ბუნებრივად იღებს სიტკბოებას და ტანჯვას" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 29).
ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან
ფსალმუნის ილუსტრაცია. 1170 წ. ინგლისი.

როგორც ვხედავთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამოთხის ხის ნაყოფი ვაშლი არ ყოფილა დაცულია ქრისტიანობის გასულ საუკუნეებშიც.

შემდეგ, თავის მოგზაურობაში, ენოქს ხვდება სწორედ ის "ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა" (დაბ. 2:9, 17), ან როგორც თვითონ წერს: "ხე სიბრძნისა, რომელიც უდიდეს სიბრძნეს ანიჭებს ყოველს, ვინც კი მის ნაყოფს იგემებს". ენოქის რეაქცია ამ "მაცთუნებელ" ხეზე სრულიად ადამიანურია: "და მე ვთქვი: "რაოდენ მშვენიერია ეს ხე და რაოდენ ბრწყინვალეა იგი და რაოდენ მაცთუნებელია მისი ნაყოფი" (ენოქი 5:60). ენოქის თანხმლები მთავარანგელოზი რაფაელი განმარტავს: "ეს სწორედ სიბრძნის ის ხეა, რომლის ნაყოფიც იგემეს შენმა წინაპრებმა, შენმა მხცოვანმა მამამ და მხცოვანმა დედამ და მოიპოვეს სიბრძნე, რისგანაც აეხილათ თვალები და გაიგეს, რომ შიშვლები იყვნენ და განიდევნენ სამოთხიდან".

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ენოქი, ითვალისწინებს რა ამ მცენარის განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის ისტორიაში, მის დეტალურ აღწერასაც გვაძლევს: "ის კერატონიას (24) წააგავს, მისი ნაყოფი ვაზის ნაყოფივითაა და უმშვენიერესია; მისი სურნელება ყველგან ვრცელდება და შორ მანძილზეც აღწევს" . ამ ხის მშვენიერება ვერ უთავსდება იმ კატასტროფულ შედეგს, რომელიც მისი ნაყოფის გასინჯვამ მოაწია ადამიანებს. როგორც ჩანს, აქ სასარგებლო იქნება ღირ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტება: "ეშმაკმა, რომელმაც თავისი ბოროტების შხამი შემეცნების ხეში ჩაღვარა, ამ ხის ნაყოფის გასინჯვით ადამიანთა ბუნება დაღუპა" ((იხ. Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 259).

_______________________
 
 
24. ბარდოსანი კერატონია (ლათ. Ceratonia siliqua), ანუ კერატის ხე (რუსულად: Рожковое дерево – "აპოკ." რედ.) (ფოტო იხ. ქვემოთ). მაგრამ, კერატონიასგან განსხვავებით, შემეცნების ხე, როგორც ვხედავთ არის არა ბარდოსანი, არამედ ყურძნის მსგავსი. ასე რომ ვაშლი აქაც არაფერ შუაშია. ეს ხე იზრდება ხმელთაშუა ზღვის არეალში. მისი ნაყოფი შეიცავს ტკბილ რბილობს (დაახლ. 50% შაქარი). ნაყოფი საკვებში გამოიყენება, როგორც ტკბილეული.
 
 
_______________________
კერატონია
კერატონია
ზენა სამყაროზე თავისი უშუალო დაკვირვების გარდა, ენოქი გვიყვება იმაზეც, რაც ხილვებში ნახა და, რომლებშიც მას სამყაროს მომავალი გამოეცხადა. ასე მაგალითად, ის ხედავს მომავალ "ათასებს და მილიონებს, მრავალ უთვალავ ხალხს, რომლებიც სულთა უფლის დიდების წინაშე იდგნენ", და ხარობს, "მართალთა და რჩეულთა ამ უდიდესი სიმრავლის გამო, რომლებიც წარსდგებიან უფლის წინაშე და იხარებენ უკუნითი უკუნისამდე" (ენოქი 7:12).

ენოქი ხედავს მართალთა და წმიდათა მომავალ სავანეებს. "აქ დავინახე, როგორ ლოცულობდნენ და ივედრებოდნენ ისინი კაცთა შვილების გამო; სიმართლე წყალივით მოედინებოდა მათ წინაშე და მოწყალება, ნამივით ეფინებოდა მათ სულებს, და ასე იქნება მათში უკუნითი უკუნისამდე... დავინახე, რომ მათ საცხოვრებელს ჰფარავდა სულთა უფალი, როგორ იყვნენ გამშვენებულნი მართალნი და რჩეულნი მის წინაშე, ისე ბრწყინავდნენ თითქოსდა ცეცხლივით ანათებენო; მათი პირი სავსე იყო დიდებისმეტყველებით და მათი ბაგენი აქებდნენ სულთა უფლის სახელს, სიმართლე დიოდა მათ წინაშე" (ენოქი 7:12, 13).

სამოთხის ამ სანახების ხილვისას ენოქი შესძახებს: "აქ ვისურვებდი ცხოვრებას, - ჩემი სული ილტვოდა ამ საცხოვრებელისკენ" და ამატებს: "აქ ადრევე იყო გამზადებული ჩემთვის სავანე, რადგან ასე იყო ჩემთვის განწესებული სულთა უფლის მიერ" (ენოქი 7:14). რჩეულობის ამ ნიუანსს, რომელიც ნახსენებია ენოქის წიგნში, აღნიშნავს მოციქული პავლეც: "გარდაცვალებამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5). გასაოცარი გულწრფელებით ჰყვება ენოქი თავის განცდებს: "დიდხანს ვათვალიერებდი იმ ადგილს, და მეც ვადიდე უფალი და ვამბობდი: "ქებათა ქება მას, დე იდიდოს მისმა სახელმა აწ და სამარადისოდ" (ენოქი 7:16).

გაგრძელება იქნება.

Назад к содержимому