Перейти к контенту

აპოლოგეტიკა - არსებობს თუ არა ერთი ზნეობრივი კანონი და როგორ არის ის დაკავშირებული ღმერთთან? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
არსებობს თუ არა ერთი ზნეობრივი კანონი და როგორ არის ის დაკავშირებული ღმერთთან?
მაცხოვრის ჯვარცმა
ჩვენ შეგვიძლია ვგრძნობდეთ ჩვენი რწმენის ჭეშმარიტებას, მაგრამ ყოველთვის ვერ ავხსნით ან ვერ დავამტკიცებთ მას ურწმუნო ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვისშიც ჩვენი მსოფლმხედველობა რატომღაც გაღიზიანებას იწვევს. ათეისტის გონივრულმა შეკითხვებმა შეიძლება ჩიხში შეაყენოს თვით ყველაზე გულწრფელად მორწმუნე ქრისტიანიც კი.

იმის შესახებ, თუ როგორ და რა უნდა ვუპასუხოთ ათეისტთა გავრცელებულ არგუმენტებს, მორიგ დიალოგში "დიალოგი ათეისტებთან: მართლმადიდებლური არგუმენტები", საუბრობს ჩვენი მუდმივი ავტორი სერგეი ხუდიევი.

წინათ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ღმერთის არსებობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ზნეობრივი არგუმენტი. მაგრამ ზნეობრივი არგუმენტის წინააღმდეგ შეიძლება წამოვიდეს არაერთი შესაძლო წინააღმდეგობა… განვიხილოთ ისინი უფრო დეტალურად.

ბიბლიაში არის მაგალითები იმისა, თუ როგორ ცვლიდა ღმერთი ზნეობას – ანუ აბსოლუტური ზნეობა არც ღმერთთან არსებობს…?
 
აქ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ორი რამ. ზნეობრივი არგუმენტი სრულიად არ არის დამოკიდებული ბიბლიაზე, ეკლესიაზე ან იმაზე, რასაც ღვთისმეტყველები ზოგადად "სპეციალურ გამოცხადებად" მოიხსენიებენ. ის მიეკუთვნება ე.წ. "ზოგად გამოცხადებას" – იმას, რაც ღმერთის შესახებ ბიბლიური გამოცხადების მიღმა შეიძლება ვიცოდეთ. ის საერთოდ არ მიმართავს ბიბლიას ან ეკლესიას. ის მიგვანიშნებს ზნეობრივი კანონმდებლისა და მსაჯულის ყოფიერებაზე, და მიგვანიშნებდა მაშინაც კი, ბიბლია თვალითაც რომ არასოდეს გვენახა. ამიტომ ბიბლიის კრიტიკა არანაირად არ ასუსტებს ამ არგუმენტს.
 
ბიბლიის კრიტიკაზე პასუხი ცალკე იქნება გაცემული, სხვა ნაწილებში; ახლა მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ბიბლია არის ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის ისტორია, და, რა თქმა უნდა, ადამიანთა მიერ ღვთის კანონის გაგება (თუმცა არა თვით ეს კანონი) იცვლებოდა.

აბა, როგორია ობიექტურობის კრიტერიუმები ზნეობრივ სფეროში? თქვენ ამბობთ, რომ ჩვილების მკვლელობა ამორალურია, მე ვეთანხმები, მაგრამ არსებობდნენ საზოგადოებები, რომლებიც ჩვეილებს ღვთაებებს სწირავდნენ, მათი მორალური ობიექტურობა სხვაა.
 
"ობიექტურად" – ნიშნავს იმას, რაც არსებობს ჩვენსა და ჩვენი აზრებისგან დამოუკიდებლად, მათ შორის სხვა ადამიანთა აზრებისგანაც. არსებობდნენ საზოგადოებები, სადაც ბაალისთვის ჩვილების მსხვერპლად შეწირვა სწორად მიაჩნდათ, იყვნენ საზოგადოებები, სადაც მონის სიცოცხლის ხელყოფა დანაშაულად არ ითვლებოდა, ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც დასაშვებად მიაჩნიათ დედის საშვილოსნოში მყოფი ჩვილების სიცოცხლის ხელყოფა. ზნეობის "ობიექტურობა" ნიშნავს, რომ სიკეთე და ბოროტება არ იცვლება იმ შეხედულებათა მიხედვით, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაშია მიღებული.
 
ამასთან, რა თქმა უნდა, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა არის შესაბამისი ამ ობიექტური ზნეობრივი კანონისთვის და რომელი ქმედებები გამომდინარეობს მისგან. ზუსტად ასეა საქმე ჩვეულებრივ, იურიდიულ კანონთან დაკავშირებითაც – მხარეთა ადვოკატები, ცხადია, განსხვავებულად განმარტავენ კანონს, თითოეული – თავისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ იმისთვის, რომ მხარეებს შორის გაიმართოს სასამართლო პროცესი (და არა ჩხუბი), ისინი უნდა მიმართავდნენ ერთსა და იმავე კანონთა კრებულს. ამა თუ იმ ადამიანთა პრეტენზიები (საფუძვლიანია ისინი თუ არა), რომ მათი პოზიცია "სამართლიანია", შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი რეალურია.

სხვადასხვა საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა ზნეობრივი ნორმები – ის, რაც ნორმალურად მიაჩნდათ, მაგალითად, აცტეკებს, ჩვენს მიერ აღიქმება როგორც ველურობა. მაშ, არსებობს თუ არა ჭეშმარიტად საყოველთაო კანონი?
 
ჩვენ ყველანი ვგმობთ იმ საზოგადოებებს, სადაც მიღებული იყო დაუსჯელად მონების მოკვლა ან ჩვილების მსხვერპლად შეწირვა – ეს კი აუცილებლად ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ გარკვეულ ზნეობრივ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანური საზოგადოების შეფასება. როდესაც ჩვენ ვგმობთ ერთ საზოგადოებებს ველურობისა და სისასტიკის გამო, ხოლო სხვებს ვაქებთ განვითარებულობისა და ჰუმანურობის გამო, ჩვენ უკვე ყველა მათგანს ვუთავსებთ ერთ საერთო, უნივერსალურ სტანდარტს.

ზნეობა – ეს არის ინსტინქტი, რომელიც ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა ჯოგური პრიმატები სწავლობდნენ თანამშრომლობას და ჯოგშიდა კონფლიქტების დაძლევას.

ამ განმარტების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის არასწორ კითხვას პასუხობს. ჩვენ სავსებით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჯოგის ცხოველები, მათ შორის პრიმატები, გამოიმუშავებენ ქცევის გარკვეულ წესებს ჯოგის შიგნით. უფრო მეტიც, შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ ჯოგის ცხოველებს შეუძლიათ ზოგჯერ გამოავლინონ ის, რასაც ჩვენ საკუთარი ჯგუფის წევრების მიმართ "ალტრუიზმს" ვუწოდებთ. მაგრამ ეს საერთოდ არ პასუხობს კითხვას: "რატომ უნდა მოვიქცე მე გარკვეული წესით?" ჯერ კიდევ დევიდ იუმმა XVIII საუკუნეში მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ სამყაროს შესახებ ფაქტებიდან არანაირად არის შესაძლებელი ჩვენი მოვალეობების გამოყვანა ("არსებულიდან" არ გამომდინარეობს არანაირი "სათანადო", ე.წ. "იუმის გილიოტინა").
 
ჯოგურმა პრიმატებმა გამოიგონეს ერთმანეთის დახმარება? ძალიან კარგი, მოხარული ვარ მათ გამო, მაგრამ რას მავალდებულებს ეს მე? როგორ შეუძლიათ გარკვეულ სავარაუდო (და დიდი ხნის მკვდარმა) ევოლუციურმა წინაპრებმა მიმანიშნონ, თუ რა უნდა ვქნა და რა არ უნდა ვქნა?

წყარო: foma.ru.

მასალა თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому