აპოლოგეტიკა - ქრისტეს გარეშე არ არსებობს ცხონება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
ქრისტეს გარეშე არ არსებობს ცხონება!
მაცხოვრის ჯვარცმა
"იეს ქრისტე ... ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს".
 
(საქმე 4:10-11).
 
სამწუხაროდ, დღემდე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც, თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებენ, და სერიოზულად მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ცხონება, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა, არაქრისტიანთათვის. მათი აზრით, ისინიც, ვისაც ქრისტესი არ სწამს, თუკი კარგ საქმეებს იქმან, ასევე ცხონდებიან.
 
მსგავსი შეხედულებები არახალია, ისინი ადრეც იყო ცნობილი. ამ ცდომილების უარყოფას არაერთი პულიკაცია და წერილი მიეძღვნა. მათ შორის ყურადღებას იპყრობს ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) წერილი, რომლიდანაც დავიმოწმებთ რამოდენიმე ფრაზას, თუმცა ისინი მთლიანი წაკითხვის ღირსია:
 
"ფრიად დამამწუხრებელი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან რაში მდგომარეობს ქრისტიანობა! კითხვა, რომელსაც გვაძლევთ, ახლა ზედიზედ გაისმის. "რატომ არ უნდა ცხონდნენ, - წერთ თქვენ, - წარმართები, მაჰმადიანები და ე. წ. მწვალებლები? მათ შორისაც არიან კეთილი ადამიანები. ამ უკეთილშობილეს კაცთა წარწყმედა ღმრთის მოწყალების საწინააღმდეგოა!... უგუნურება და უკიდურესი ამპარტავნებაა თავს ცხონებულად მიიჩნევდე, ხოლო სხვა სარწმუნოებათა წარმომადგენლებს წარწყმედილებად!"
 
შევეცდები, შეძლებისდაგვარად, რამოდენიმე სიტყვით გიპასუხოთ. აი ჭეშმარიტი სწავლება ამ საგანზე, ეს არის წმიდა, საყოველთაო ეკლესიის სწავლება: ცხონება ღმერთთან დაბრუნებაში მდგომარეობს. ეს ურთიერთობა კაცთა მთელმა მოდგმამ პირველმშობელთა ცოდვით დაცემის შედეგად დაკარგა... ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა რომ აღდგეს, სხვაგვარად ადამიანები რომ ცხონდნენ, აუცილებელი იყო კაცთა მოდგმის ცოდვების გამოსყიდვა... ადამიანთ ყველა კეთილი საქმე უძლურია, და ჯოჯოხეთში ჩადის, მაგრამ ის ერთი უმძლავრესი კეთილი საქმით შეიცვლება - ეს არის რწმენა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიმართ...
 
ამაოდ და მცდარად ფიქრობთ და მეტყველებთ, რომ კეთილი წარმართები და მაჰმადიანებიც ცხონდებიან, ანუ ღმერთთან კავშირს დაამყარებენ! ამაოდ შესცქერით საწინააღმდეგო აზრს, როგორც სიახლეს, როგორც შემოპარულ ცდომილებას! არა! ასეთია მუდმივი სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიისა - ძველაღთქმისეულისაც და ახალაღთქმისეულისაც. ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ ცხონების მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს - ეს არის გამომსყიდველი! ის (ეკლესია) აღიარებდა, რომ ჩვენი ბუნების უდიადესი სათნოებებიც კი ჯოჯოხეთში შთახდებიან...
 
ქრისტესადმი რწმენის გარეშე ცხონების შესაძლებლობის ამღიარებელი უარყოფს ქრისტეს და, შესაძლოა, უნებლიედ ღმრთისმგმობელობაშიც ვარდება" (სრული ტექსტი იხ. აქ: Святитель Игнатий (Брянчанинов). Письмо о ересях. http://hristov.narod.ru/abheres.htm).
 
ეპ. ეგნატეს ეს წერილი საკმაოდ ცნობილია, თუმცა, სამწუხაროდ, არც ისე ფართედ, როგორც ეს სასურველი იქნებოდა. მე ხშირად მიწევდა მის მომხრეთათვის დამემოწმებინა აზრი იმის შესახებ, რომ არამართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან; მათი რეაქცია ადვილი ამოსაცნობი იყო; ჩემი მოსაუბრენი ცდილობდნენ ეს შეხედულება "ეპისკოპოს ეგნატეს პირად აზრად" გამოეცხადებინათ, და არა "საეკლესიო სწავლებად", რომელთანაც ისინი მხოლოდ თავიანთ აზრებს აიგივებდნენ, და რომლებიც სრულიად საწინააღმდეგონი იყვნენ ეგნატეს სიტყვებისა.
 
ეს, უნდა ითქვას, საერთოდ დამახასიათებელია თანამედროვე მოდერნისტული ცნობიერებისთვის - "კერძო შეხედულებად" მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებაში გამოაცხადონ ყველაფერი, რაც თვით მოდერნისტის მართლაც კერძო შეხედულებას ეწინააღმდეგება.
 
მაგრამ ეპისკოპოს ეგნატეს სიტყვები მეტყველებენ იმაზე, რომ ის თავის წერილში გადმოსცემს არა საკუთარ შეხედულებას, არამედ სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. გარდა ამისა, ჩვენ თუ მივმართავთ სხვა წმიდა მამებს, მათ თხზულებებშიც იმავე ჭეშმარიტებას ამოვიკითხავთ.
 
ჩვენი ეკლესიის სხვა მოღვაწენიც ასე მსჯელობდნენ. აი, მაგალითად, რას წერს ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი: "ვერავინ გამართლდება ღმრთის წინაშე და ვერავინ ცხონდება ქრისტეს გარეშე, არამედ მხოლოდ რწმენით ქრისტეს მიმართ... რადგან არავის ძალუძს ქრისტეს გარეშე თავი დაიხსნას ეშმაკისგან, ცოდვისგან, სჯულისმიერი წყევლისგან და ჯოჯოხეთისგან. და ეს ყველაფერი მოცემულია ქრისტეს მოკლე სიტყვებში: "თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით" (ინ. 8:36) (Тихон Задонский, святитель. Об истинном христианстве. II. 1: 2).
 
ეპისკოპოს ეგნატემდე ათასი წლით ადრე, ზუსტად ასეთი კითხვა დაუსვეს ღირ. ანასტასი სინელს: "თუ ვინმე ქრისტესადმი ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს იქმს, შევა თუ არა ის ცათა სასაუფეველში?" და წმიდა ანასტასიმ ასე უპასუხა: "რადგან უფალი ეუბნება ნიკოდიმეს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (ინ. 3:5), მაშინ ნათელია, რომ (ყველა, ვისაც არა სწამს ქირსტე) ვერ შევა ამ სასუფეველში. მაგრამ არავინ დაკარგავს თავის ღვაწლს: რამეთუ ქრისტესადმი ურწმუნოც მიიღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებითა და ამა ცხოვრების სხვა სიამეებით, მსგავსად იმ მდიდრისა, რომელსაც აბრაამისგან ესმა: "შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები" (ლუკა 16:25), ვინაიდან მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში ძლიერ განსხვავდება იმისგან, ვინც აქ სიკეთეს არ იქმოდა. რადგან, როგორც მართალთათვის "ბევრი სავანეა" ღმერთთან, ასევე ცოდვილთათვისაც ბევრი სხვადასხვა სასჯელია" (Анастасий Синаит, преподобный. Вопросы и ответы. 7).
 
ამრიგად, წმ. ანასტასი, ისევე როგორც ეპისკოპოსი ეგნატე, ადასტურებს, რომ ქრისტეს მიმართ ურწმუნონი, რომლებიც არ შობილან წყლისაგან და სულისა, ანუ მოუნათლავები არიან, სიკვდილის შემდეგ ვერ შევლენ ღმრთის სასუფეველში, თუმცა მათ მიერ აღსრულებული სიკეთენი, უდავოდ, მისაგებელის გარეშე არ დარჩება.
 
ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც მოწმობს: "დიდი სიკეთეა ქრისტესადმი რწმენა, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ცხონება" (Симеон Новый Богослов, преподобный. Слова. Слово 37).
 
წმ. კირილე იერუსალიმელიც წერს: "ის, ვინც კეთილი იყო საქმეებით, მაგრამ არ აღბეჭდილა წყლისგან, ვერ შევა ცათა სასუფეველში. გაბედული სიტყვაა, მაგრამ ჩემი როდია; ასე განსაზღვრა თვით მაცხოვარმა" (Кирилл Иерусалимский, святитель. Огласительные поучения. 3).
 
წმ. იოანე ოქროპირიც შეგვაგონებს: "გესმოდეთ ყველას, განათლებისგან (ნათლისღებისგან) გაუცხოებულთ: შეძრწუნდით და იგლოვეთ! საშინელია ეს მუქარა, და საშინელია განჩინება! შეუძლებელიაო მისთვის, ამბობს ქრისტე, ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, შევიდეს ცათა სასუფეველში, რადგან ის ჯერაც ატარებს სამოსელს სიკვდილისა, სამოსელს წყევლისა და ხრწნადობისა, მას ჯერაც არ მიუღია უფლის ბეჭედი, და ის ჯერაც სხვისია; მას სასუფეველში შესასვლელი ნიშანი ჯერაც არ გააჩნია" (Иоанн Златоуст, святитель. Беседы на Евангелие от Иоанна. 25. 1).
 
შეგვეძლო კიდევ დაგვემოწმებინა ციტატები, რადგან ამ ჭეშმარიტებას ერთხმად აღიარებს სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ყველა წმიდა მამა, მაგრამ ღვთისმოსავ ქრისტიანთათვის დამოწმებული მასალაც საკმარისია, ხოლო მოდერნისტებს რაც გინდ დაუმოწმე, მაინც ეცოტავებათ.
 
ბუნებრივად, თუკი წმიდა მამათა სიტყვებს აღვიქვამთ არა როგორც ღმრთისმხილველთა მოწმობას ერთ, მათ მიერ შემეცნებულ ჭეშმარიტებაზე, არამედ როგორც "კერძო შეხედულებას", მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება ეს "კერძო აზრი", - ერთი, შვიდი თუ ათასი.
 
მეტ-ნაკლებად ღვთისმოსავ ქრისტიანს არ შეიძლება შემაძრწუნებლად არ მოეჩვენოს აზრი, რომ ჭეშმარიტება დაფარულია, განუსაზღვრელია და შეუმეცნებელია, - არადა სწორედ ეს აზრი დგას მოდერნისტული სურვილის უკან "დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანთა კერძო შეხედულებად" ჩათვალოს და დაშალოს მთელი წმიდა გადმოცემა. და პირიქით, სწორედ ეს საზარელი აზრი ამოძრავებს მათ, ვისაც ძლიერ არ სურს, რომ ჭეშმარიტება განსაზღვრებადი და შემეცნებადი იყოს, რადგან მაშინ მოუწევთ საკუთარი თვალსაზრისის  უარყოფა, რომელიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. იმ ჭეშმარიტებას, რომლის შესახებაც უფალმა თქვა: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" (ინ. 8:32). ქრისტიანობის გამათავისუფლებელი ჭეშმარიტება კი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტე მოვიდა და დიდი საფასური გადაიხადა იმისთვის, რათა ცხონება მიენიჭებინა კაცთათვის, და რომ ქრისტეს გარდა "არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12).
 
და თუმც ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმზე მკაფიოდ და ნათლად აცხადებს: "ვინც არ შეიწყნარებს გამოსყიდვის მადლს, რომელსაც ქადაგებს სახარება, როგორც ერთადერთ საშუალებას გამართლებისა ჩვენი უფლის წინაშე - ანათემა!", მრავალი მოდერნისტი ჯიუტად ცდილობს ბინდი მოჰფინოს ჭეშმარიტებას და საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოსდა ამ ქვაკუთხედ საკითხში არანაირი სიცხადე არ არსებობს.
 
მათ უყვართ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თითქოსდა დაუშვებელი კადნიერებაა მიისაკუთრო ღმრთის მსჯავრი, და ამტკიცო, რომ არაქრისტიანთაგან არავინ ცხონდება, რომ ამის გადაწყვეტა მხოლოდ ღმერთს ძალუძს.
 
ვიმეორებთ რა წმიდა წერილსა და გადმოცემაში არაერთხელ გამოთქმულ ჭეშმარიტებას, ჩვენ ამით სულაც "არ ვკადნიერდებით და არ ვისაკუთრებთ ღმრთის მსჯავრს", პირიქით, გამოვხატავთ ამ მსჯავრიდან იმას, რაც უკვე თვით ღმერთმა გაგვიცხადა: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:16).
 
ჩვენ კი არ "ვკადნიერდებით", არამედ ქრისტემ თქვა, რომ ის არის ჭეშმარიტება, და არ არის მასში არავითარი სიცრუე. ეკლესიის რწმენა უკანასკნელი სამსჯავროსადმი სულაც არ შემოიფარგლება მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ასეთი სამსჯავრო დადგება, არამედ ასევე შეიცავს ძირითად კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც აღსრულდება იგი - და მათში უმთავრესია ქრისტეს შეგნებული მიღება.
 
ცხონება ქრისტეს გარეშეც შესაძლებელი რომ იყოს, მაშინ ის, შედეგად, ქრისტემდეც შესაძლებელი იქნებოდა, და თუ ასეა, მაშ რატომ მოვიდა ქრისტე დედამიწაზე ადამიანებთან, და არა მარტო მოვიდა, არამედ სასიკვდილოდ გაწირა თავი? და მაშინ, რატომ ვუწოდებთ მას მაცხოვარს, ისევე როგორც მოციქულები უწოდებდნენ მას, და თვითონაც უწოდებდა საკუთარ თავს? როგორ თქვა მან, რომ "რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა" (ლკ. 19:10), თუკი, აღმოჩნდება, რომ კაცობრიობა მის მოსვლამდე სულაც არ იყო წარწყმედილი, არამედ სულაც თავისუფლად ცხონდებოდა არაქრისტიანული რელიგიების მეშვეობით?
 
თუკი ქრისტე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ ადამიანთა ცხონების უკვე არსებულ შესაძლებლობებს კიდევ ახალი "ოპცია" შემატებოდა, შემოეთავაზებინა უბრალოდ ცხონების ახალი, "გაუმჯობესებული" ვარიანტი, მაშინ ის მაცხოვარი კი არ იქნებოდა, არამედ "გამაუმჯობესებელი". მაგრამ თვით მისი სახელი "მაცხოვარს" ნიშნავს, ანუ თვით იესუს სახელიც კი ამხელს და უკუაგდებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება კაცი ქრისტეს გარეშეც ცხონდეს.
 
ცნობილია, რომ, როდესაც უდაბნოში ქრისტეს გამოცდიდა, სატანა ამ დროს წმიდა წერილის სიტყვებს ციტირებდა. ამ სახარებისეული ეპიზოდის განმარტებაში ღირ. ეფრემ ასურელი წერს: "ის, რაც მას სჭირდებოდა, აიღო წმიდა წერილიდან, ხოლო რაც მას ეწინააღმდეგებოდა, ის გამოტოვა. ასე იღებენ მწვალებლებიც წერილიდან იმას, რაც საჭიროა მათი მაცდური სწავლებისთვის, და ტოვებენ იმას, რაც მათ ცდომილებას ეწინააღმდეგება, რათა ამით ნათლად აჩვენონ მოწაფენი რომ არიან სატანისა" (Ефрем Сирин, преподобный. Толкование на Четвероевангелие. 4).
 
იმ აზრის მომხრენი, რომ მთავარია ადამიანი კეთილი იყოს და კეთილ საქმეებს იქმოედეს, და ცხონება ქრისტეს შემეცნებისა და მიღების გარეშეც შესაძლებელია, რადგან მნიშვნელობა არა აქვს ვინ და როგორ სწამს, ცდილობენ მოიტანონ ციტატები წმიდა წერილიდან, რომლებიც თითქოსდა მათ ცდომილებას ადასტურებს. კერძოდ, უთითებენ მოციქულთა სიტყვებს იმის შესახებ, რომ "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის" (საქმე 10:35) და რომ, "როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, ... ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ..." (რომ. 2:14-15).
 
სანამ ამ არგუმენტს განვიხილავდეთ, საჭიროა გაკეთდეს მცირედი შესავალი.
 
წმიდა მამები ერთხმად ამბობდნენ, რომ არ არსებობს ცხონება ქრისტესა და მისი ეკლესიის გარეშე. და ეს უბრალოდ შემთხვევითობა ან "აზრთა დამთხვევა" როდია. წმიდა მამებს ესმოდათ, რომ ქრისტესა და ეკლესიის გარეშე ცხონების დაშვების შესაძლებლობა სრულიად უაზროს ხდის უფლის განკაცებას, ვნებებს, სიკვდილს და მის მკვდრეთით აღდგომას, და საერთოს აზრს უკარგავს თვით ქრისტიანობას.
 
იგივეს ამბობდა მოციქული პავლეც: "თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე" (გალატ. 2:21). მოციქული პირდაპირ წერდა, რომ ღმრთის მიერ მოცემული ძველი აღთქმის სჯულის შესრულებითაც კი შეუძლებელია ცხონების მიღწევა, ახლა კი უცებ მას მიეწერება ზრი, თითქოსდა არა მარტო ისინი, ვინც თაყვანს სცემდა ჭეშმარიტ ღმერთს და მის სჯულს აღასრულებდა, არამედ ისინიც, ვინც კერპებს სცემდნენ თაყვანს და არაფერი უწყოდნენ საღმრთო გამოცხადებისა, შეიძლება გამართლებულ იქნენ ღმრთის წინაშე!
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოციქული პავლე, რომელიც ამბობდა, რომ წარმართები, რომლებიც სწირავენ მსხვერპლს, "დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ" (1 კორ. 10:20), და რომელიც შესძახებდა: "რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (2 კორინთ. 6:15), მოდერნისტების აზრით, მათი თანამოაზრე ხდება იმაში, რომ თურმე ღმრთის სასუფეველში ერთმანეთის თანაზიარნი იქნებიან ისინი, ვინც პატივს მიაგებდა ჭეშმარიტ ღმერთს, და ვინც დემონებს სწირავდნენ და არა ღმერთს, ვინც ევედრებოდა ქრისტეს, და ვინც თაყვანს სცემდა ბელიარს.
 
იოლი შესამჩნევია, რომ მსგავსი აზრი სრულიად აბსურდულია. ცხადია, რომ მოდერნისტების მიერ შემოთავაზებული განმარტება არა მარტო ეწინააღმდეგება წმიდა მამებისეულ განმარტებას, არამედ პირდაპირ იმხილება მამათა მიერ, კერძოდ იოსებ ვოლოკოლამელისგან:
 
თუკი "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის" (საქმე 10:35), მაშინ რატომ არ ჩატოვა პეტრემ კორნელიუსი და მისი სახლეულნი ადრინდელ რწმენაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეშინოდათ ღმრთისა და ყველაზე მეტადაც აღასრულებდნენ კეთილ საქმეებს, არამედ უბრძანა მათ მონათლულიყვნენ ქრისტეს სახელით? ყველა ხალხში მცხოვრები ღვთიმოშიში და სიმართლის მიხედვით მოქმედი ღვთისთვის სათნო რომ ყოფილიყო, რატომ უნდა ეთქვა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს თავისი წმიდა მოწაფეებისთვის: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მთ. 28:19-20)? და კიდევ ასე ბრძანა უფალმა იესუ ქრისტემ: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:16).
 
დიდმა მოციქულმა პეტრემ თქვა: "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის" (საქმე 10:35), მაგრამ მან ქრისტეს განკაცებამდე, მის ჯვარცმამდე და აღდგომამდე მცხოვრები მართლები იგულისხმა, თანაც იგულისხმა ის ადამიანები იუდეველთა ან სხვა ხალხთა შორის, ვისაც ეშინოდა ღმრთისა და მისი სიმართლის მიხედვით მოქმედებდა, თაყვანს არ სცემდა კერპებს, არამედ ჭეშმარიტ ღმერთს, როგორც კორნილიუსი და მისი მსგავსნი. ხოლო ქრისტეს განკაცების, მისი ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ "არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12), გარდა უფლისა იესუ ქრისტესი. უფალი თავის სახარებაში ამბობს, რომ ის, ვინც არ იშვება წყლისგან და სულისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა, ვერ ცხონდება, თუნდაც ყველა ადამიანზე უმართლესი და უკეთილშობილესი იყოს.
 
ამრიგად, ეს მოციქულმა პეტრემ თქვა მართალი კორნილიუსის შესახებ, რომელიც მონათლა, და ვის შესახებაც ღმერთმა თვით გამოუცხადა მოციქულს... ახლა კი ღვთისთვის ადამიანები სათნოა მათი ნათლობისა და კეთილ საქმეთაკენ სწრაფვის გამო. ქრიტეს განკაცებამდე ღმერთს მართლები ღმრთისადმი შიშიდა და მართალი ცხოვრებისთვის ესათნოვებოდა... ცხადია, რომ მოციქულმა ეს სიტყვები ქრისტეს განკაცებამდე მცხოვრებ მართლებზე თქვა, მათზე, ვისაც ეშინოდა ღმრთისა, ცხოვრობდა სიმართლით და კერპებს არ ეთაყვანებოდა. ისინი იგულისხმა მოციქულმა პავლემაც, როცა ბრძანა: "როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, ... ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ..." (რომ. 2:14-15) (Иосиф Волоцкий, преподобный. Просветитель. 5).
 
ხშირად იმ ცდომილების მომხრეები, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ქრისტეს გარეშეც შესაძლებელია ცხონება, არგუმენტად უთითებენ მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელ ქრისტიანთა მცირერიცხოვნობას. მათი აზრით, აქედან გამოდის, რომ არ შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წევრთა ცხონებაზე იყოს ლაპარაკი, რადგან სხვაგვარად გამოვა, რომ გადარჩენილთა რაოდენობა ძალიან მცირე იქნება, წარწყმედილთა კი - უამრავი.
 
მაგრამ განა ამაზე არ ამბობდა უფალი იესუ ქრისტე: "შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მთ. 7:13-14). "მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი" (ლკ. 14:24), "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ" (ლკ. 12:32).
 
უფალმა თავიდანვე აღნიშნა ის სამწუხარო რეალობა, რომ წარწყმედილთა რაოდენობა მეტია, ცხონებულთა კი - ნაკლები. თუმცა, დიდება ღმერთს, დღეს ცხონებულთა რაოდენობა აღმატება ნოეს დროს კიდობანში გადარჩენილთ მსოფლიო წარღვნის დროს, ხოლო ეს კიდობანი, როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან, ქრისტეს ეკლესიის წინასახე იყო.
 
გარდა ამისა, მითითებული ცდომილების მომხრეებს უყვართ ლაპარაკი იმ უბედურ "უბრალო" წარმართებზე, მუსლიმებზე ან კათოლიკეებზე, რომლებსაც თითქოსდა "ობიექტურად" არ ჰქონდათ შესაძლებლობა მართლმადიდებლები გამხდარიყვნენ, რადგან მათ ადგილებამდე ჯერაც არ მიუღწევიათ მართლმადიდებელ მისიონერებს. ამასთან ამის მთქმელებმა თითქოსდა არ იციან ღმრთის განგებულების შესახებ, რომელიც პირდაპირ საწინააღმდეგო დამოკიდებულებას გვიჩვენებს: ეს "აბორიგენები" იმიტომ კი ვერ გახდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ მათამდე მოციქულებმა ვერ მიაღწიეს, არამედ იმიტომ, რომ მათკენ ღმერთმა არ გაუშვა ისინი, რადგან თავისი წინამცნობელობით უწყოდა, რომ მათგან არავინ მიიღებდა ჭეშმარიტების ქადაგებას.
 
ამ უცნობლობაში მათი ასეთი შენარჩუნებაც ღმრთის მოწყალების გამოხატულება გახლდათ, რადგან "ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება" (ლკ. 12:47-48). და პირიქით, თუკი უფალი ხედავს ადამიანს, ვისი გულიც წრფელად ეძიებს ჭეშმარიტებას, თუნდაც ეს კაცი ისეთ ხალხში ცხოვრებდეს, რომელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს მართლმადიდებლობაზე, ასეთი კაცისთვის უფალი მოაწყობდა შესაძლებლობას მიეღო მართლმადიდებლობა.
 
ასე მისცა მან, მაგალითად, XII საუკუნეში ერთ გერმანელ-კათოლიკეს გაეგო მართლმადიდებლობის შესახებ, და ისიც, მოქცევის შემდეგ ცნობილი გახდა როგორც პროკოფი უსტიუჟელი; იმავე საუკუნეში ღმერთმა ასეთი შესაძლებლობა მისცა ერთ ვოლჟსკელ ბულგარელ მუსლიმს, და ისიც, მოქცევის შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც წმიდა აბრაამ ბულგარელი; შემდეგ ასწლეულებში უფალმა ასეთი შესაძლებლობები მისცა ერთ მონღოლ-წარმართს, და ისიც, მოქცევის შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც პეტრე ორდინელი. ეკლესიის მთელი ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით.
 
"ღმერთი სიყვარულია, სიმართლეა და ყოვლადძლიერებაა. ღმრთის ქმედებანი გამოწვეულია მისი სიყვარულით, განსაზღვრულია სიბრძნით და აღვსილია ძლიერებით; შედეგად, ადამიანთა უმეცრება ღმერთზე არ შეიძლება აიხსნას ისტორიული ვითარებებით, რადგან ისტორიის საჭე ღმრთის ხელშია. ასეთი განმარტება მაჩვენებელი იქნებოდა ღმრთის დეტერმინიზირებისა გარეგანი ვითარებებითა და ისტორიული კანონზომიერებებით. მაშასადამე, კაცთა უმეცრება, რომელთაც უნარი არა აქვთ მიიღონ ჭეშმარიტება, ასევე ღმრთის მოწყალებაა ადამიანებისადმი. ასე, მაგალითად, გედეონმა უკან, სახლში დააბრუნა ჯარის ნაწილი, რადგან იცოდა, რომ ბრძოლაში ეს ადამიანები უკანმოუხედავად გაიქცეოდნენ" (Рафаил (Карелин), архимандрит. О современном неогностицизме // http://karelin-r.ru/newstrs/28/1.html).
 
როდესაც აკვირდები იმ ადამიანთა არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, ვინც შესაძლებლად მიიჩნევს მოუნათლავთა ცხონებას, გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ ავიწყდებათ არა მარტო საღმრთო განგებულება, არამედ თვით ღმერთიც.
 
"კარგი" ადამიანი მათთვის არის ის, ვინც არ სცოდავდა სხვა ადამიანთა წინაშე და ქველმოქმედი იყო ყველას მიმართ. მათი აზრით, ამგვარი ცხოვრების გამო, ასეთი პიროვნებები ცხონების ღირსნი ხდებიან.
 
მაგრამ თვით მოსეს სჯულის ათი მცნებაც არ შემოიფარგლა სხვა ადამიანებისადმი მოვალეობებით და ყველაზე უპირველეს მოვალეობად ადამიანს ღმრთის თაყვანისცემა დაავალა: "მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ... არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. არ გაიკეთო კერპები, ... არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი... " (გამ. 20:2-7).
 
გამოდის, რომ ისეთ უმძიმეს ცოდვებს, როგორიცაა ღმრთისადმი ურწმუნობა, ქრისტეს არცნობა და უპატივცემობა, მოდერნისტები ცოდვად არ მიიჩნევენ. მათი აზრით ეს ყველაფერი რაღაც წვრილმანებია. განა შეიძლება, ამბობენ ისინი, ასეთი "წვრილმანის" გამო ადამიანს მოაკლო მარადიული ერთობა მასთან, ვისი ცნობაც და თაყვანისცემაც მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ სურდა?
 
ვუპასუხებთ: არა თუ შეიძლება, არამედ გარდაუვალიცაა, რადგან სიკვდილის შემდეგ ღმერთთან ერთობა ლოგიკური გაგრძელება იმ ერთობისა, რომელიც ადამიანმა უკვე აქ, მიწიერ ცხოვრებაში აირჩია და რომელიც მხოლოდ ქრისტესა და მის ეკლესიაში მოიცემა. ზუსტად ასევე, გარდაცვალების შემდეგ ღმრთისგან მოკვეთა ლოგიკური გაგრძელებაა იმ მოკვეთისა, რომელიც ადამიანმა აქ, ამ ცხოვრებაში აირჩია და საკუთარი თავი ამ საშინელ განაჩენს თვითონვე დაუქვემდებარა, ხოლო ღმერთსა და მისი ჭეშმარიტების ძიებას მან თავმოყვარეობა და ცოდვის სიყვარული ამჯობინა.
 
ღმერთი არის ერთადერთი ნამდვილი წყარო სიკეთისა და სიხარულისა. სიკეთისგან მოკვეთა არის ტანჯვა. ისინი, რომლებმაც თავისი სიცოცხლით დაადასტურეს ღმერთთან ყოფნის გადაწყვეტილება, მასთან მარადიულად იქნებიან, და ბუნებრივად, მარადიულ ნეტარებას ეღირსებიან. ხოლო ისინი, ვინც ღმერთს რაიმე სხვა ამჯობინა და არ შეუერთდა მას ევქარისტიის საიდუმლოში, მარადისობაშიც განკვეთილნი აღმოჩნდებიან სიკეთისა და სიხარულის წყაროსგან და მარადიულად დაიტანჯებიან. "ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის" (გალატ. 6:7).
 
ასევე აუცილებელია გავიხსენოთ ერთი ჭეშმარიტება: "რწმენა, ნათლისღება და ევქარისტია - ეს მოლაპარაკების პირობები კი არ არის, რომელიც უნდა შეასრულო; ეს ღალა ან გადასახადი კი არ არის, რომლის გადახდაც მევალეს ევალება, რათა ამოძვრეს ვალების ორმოდან; ეს ცოდვილისადმი ღმერთის პრეტენზიები კი არ არის, რომელიც შეიძლება აპატიო, თუ ადამიანს აქვს ვალის გადახდის ან შეთანხმების (ხელშეკრულების) პირობების შესრულების საშუალება. რწმენა, ნათლობა და ევქარისტია უშუალოდ ადამიანს ეხება, მის პიროვნებას, მის ბუნებას, მის ურთიერთობას სულიერ სამყაროსთან. ნათლობითა და ევქარისტიით ის ახალი ქმნილება ხდება. მადლი განაახლებს მის პიროვნებას, ასულიერებს მის ბუნებას, გარდაქმნის მის სულს, აკურთხებს სულის ყველა ძალას, მკვდრეთით აღადგენს სულს და ადამიანს ქრისტესთან სამუდამო ერთობისთვის განამზადებს... მომავალ საუკუნეში გაგვეხსნება ის, რაც აქ, დედამიწაზე, მოვიხვეჭეთ, სხვაგვარად მიწიერი ცხოვრება, როგორც თვითგამორკვევის პერიოდი უაზრო გახდებოდა" (იქვე).
 
მღვდელმოწამე ილარიონი (ტროიცკი) ამბოდა: "შეიძლება დიდად გავიკვირვოთ ის, რაოდენ შორს მიდიან ადამიანები ქრისტიანობის საკუთარ "განმარტებებში". რასაც კი მოისურვებენ, იმწამსვე პოულობენ სახარებებში. თურმე, ნუ იტყვით და, ყოველი ამაო ოცნება და ბოროტგანზრახული აზრიც კი შეიძლება გამართლებულ იქნას სახარებისეული ავტორიტეტით.
 
არა, ქრისტესადმი რწმენა მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი და განსაზღვრული ადამიანისთვის, როდესაც მას გულწრფელად სწამს ეკლესიისა; მხოლოდ მაშინ იწმინდება რწმენის ეს მარგალიტი, მხოლოდ მაშინ არ შეერევა მას ყოველგვარი თვითნებური შეხედულებებისა და მსჯელობების ნაგავი. ამის შესახებ ამბობდა სწორედ მოციქული პავლე, როდესაც ეკლესიას "ჭეშმარიტების სვეტსა და სიმტკიცეს" უწოდებდა (იხ. 1 ტიმ. 3:15)" (Иларион Троицкий, священномученик. Христианство или Церковь // http://apologia.narod.ru/lasttime/ilarion/hr_ch.htm).
 
ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი წერდა: "ჭეშმარიტია მხოლოდ ის ცხოვრება, რომელსაც ეძიებენ და ჰპოვებენ უფალ იესუ ქრისტეს სახელით. ყველა დანარჩენი - სიკვდილი და ხრწნილებაა. ადამიანური ისტორიის ცხელ უდაბნოში მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ერთადერთი ღია და დაუშრეტელი ოაზისია, რომელიც არწყულებს და აცხონებს ნებისმიერ მომსვლელს. ყველა დანარჩენი, რაც კი სიცხით გათანგულ და დაღლილ მოგზაურს შეიძლება წყაროდ მოეჩვენოს, მხოლოდ გახურებული ქვიშის ელვარებაა, მირაჟია, მსგავსი წყლის ელვარებისა და დემონური საცდურისა" (Николай (Велимирович), святитель. Беседы. Неделя вторая по Пасхе: Евангелие о сомнении и вере апостола Фомы).
 
 
წყარო: https://pravoslavie.ru/29058.html

მასალა ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому