აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის ღალატი კალენდრული რეფორმით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
მართლმადიდებლობის ღალატი კალენდრული რეფორმით
მაცხოვრის შობა
ნაწილი I



ავტორი: ეპისკოპოსი გრიგოლი (გრაბე) († 1995 წ.). ეპისკოპოს გრიგოლის ეს სტატია ინგლისურ თარგმანში დაიბეჭდა ჟურნალში "Orthodox Life" №6, 1983.
 
პუბლიკაცია ქვეყნდება მცირედი შემოკლებით.

აღმოცენდა ერთგვარი პოლემიკა რეფორმის არსთან დაკავშირებით, რომლის გამოც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ამერიკაში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ (კალენდრული რეფორმა) ეს არის გადასვლა უფრო სრულყოფილ წელთაღრიცხვაზე. ამის შესახებ წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან მხოლოდ ის, რომ მათ სურთ საეკლესიო დღესასწაულები (განსაკუთრებით შობა) იზეიმონ კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად (ხაზგასმები (დამუქებები) ყველგან ავტორისაა - "აპოკ". რედ.). მათში ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი არც ერთი სტატია, რომელიც დაწერილი იქნებოდა საქმის ცოდნით მეცნიერ-ასტრონომის მიერ.
 
საინტერესოა, რომ მოულოდნელად გამოჩნდა ერთი სპეციალისტის ასეთი სამეცნიერო ნაშრომი, მაგრამ ის იულიანური კალენდრის მომხრე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კრებულში, "Контекст" ("კონტექსტი"), 1978 წ, დაიბეჭდა ა. ნ. ზელინსკის ძალზედ საინტერესო გამოკვლევა სათაურით "ძველრუსული კალენდრის კონსტრუქციული პრინციპები". ეს არის 45 გვერდიანი სტატია და ის უამრავ სხვადასხვა წყაროს ეფუძნება.
 
ჩვენ არ დავიმოწმებთ ავტორის მთელ სამეცნიერო არგუმენტაციას, არამედ მხოლოდ შემოგთავაზებთ ამონაწერებს მისი ნაშრომიდან, ანუ უპირატესად მის დასკვნებს. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ ეს ნამუშევარი განსაკუთრებული კეთილსინდისირებით გამოირჩევა. რადგან ის უმეტესწილად კონცენტრირებულია პასქალიაზე, ავტორმა შეისწავლა მასთან დაკავშირებული საეკლესიო-საღვთისმეტყველო ლიტერატურა ყველაზე ფართო დიაპაზონში.
 
ძველ მსოფლიოში, განსაკუთრებით ეგვიპტეში, სხვადასხვა კალენდრული სისტემების შემუშავებისა და განვითრების მოკლე ისტორიის შემდეგ, ავტორი მივიდა იმ სისტემასთანაც, რომელიც ცხოვრებაში იულიანური კალენდრის სახელითაა ცნობილი. პირველმა მსოფლიო კრებამ ის საეკლესიო იულიანური კალენდრისა და პასქალიის საფუძვლად დააწესა.
 
ამრიგად, ამ კალენდრის უარყოფა და კათოლიკურ კალენდარზე გადასვლა, არის პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილების არაკანონიკური დარღვევა, რის შესახებაც ქვემოთ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ. ზელინსკის ნაშრომი აჩვენებს, როგორი სიძნელეები ჩნდება მთელი სეკლესიო-საღვთისმსახურებო წლის შეთანხმებაში პასქალიასთან, თუკი გამოვიყენებთ გრიგორიანულ კალენდარს.
 
ზელინსკი წერს: "... საკუთრივ იულიანურმა კალენდარმა არცთუ დიდი ხანი იარსება - თავისი დამფუძნებლის რეფორმიდან (46 წ. ჩვ. წ.-მდე) ვიდრე ნიკეის კრებამდე, რომელიც ჩვ. წ.-ის 325 წელს მოიწვია კონსტანტინე დიდმა. ამ ცნობილი კრების შემდეგ, რომელმაც, მნიშვნელოვან დოგმატურ დადგენილებებთან ერთად, ყველა ქრისტიანისთვის გამოიმუშავა პასქის გამოანგარიშების ერთიანი წესი და ერთი ერა "ქვეყნიერების შექმნიდან", იულიუს კეისრის კალენდარი საეკლესიო-იულიანურ კალენდრად იქცა და ამგვარი გართულებული სახით, როგორც უნიკალური კალენდარი, ათას წელზე მეტ ხანს ემსახურა მთელ შუასაუკუნეობრივ ქრისტიანობას".
 
"არსებითად, საეკლესიო იულიანური კალენდარი იყო ის დიდი ინდიქტიონი, ან წელთაღრიცხვის ციკლი, რომელსაც წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება".
 
"ასტრონომიული თვალსაზრისით ნიკეის კალენდრული რეფორმა მდგომარეობდა იმაში, რომ დროის ათვლის იულიანურ სისტემაში, რომელიც მკაცრად იყო ორიენტირებული მზეზე (ანუ გამომდინარეობდა მზის წელიწადის საშუალო სიდიდიდან, რაც შეადგენდა 365,25 დღეს), შემოტანილ იქნა "მთვარის დინება", ანუ მთვარის მოძრაობა მისი ფაზების ცვლილებითურთ. ეს უკანასკნელი გამოწვეული იყო პასექის უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისა და მასთან დაკავშირებული გარდამავალი თორმეტი დღესასწაულის ზუსტი ფიქსაციისთვის. მაგრამ ქრისტიანთა პასექი თავის მხრივ დამოკიდებული იყო იუდეველთა პასექზე, რომელიც მოსეს დროიდან მხოლოდ სავსემთვარეობისას იზეიმებოდა. აი საიდან გაჩნდა ქრისტიანთა საეკლესიო კალენდარში მთვარის რიტმისა და მზის რიტმის შეერთების აუცილებლობა.
 
თავისი რეფორმირებული სახით საეკლესიო იულიანურმა კალენდარმა არა მარტო შეასრულა ეს ამოცანა, რომელიც პასუხობდა საეკლესიო ღვთისმსახურების მოთხოვნებს, არამედ ზღვარი დაუდო დავას რომს, კონსტანტინოპოლსა და სხვა ეკლესიებს შორის იმის შესახებ, თუ როდის უნდა აღნიშნულიყო ახალაღთქმისეული პასექი და ამისთვის როგორი წესებით უნდა ეხელმძღვანელათ" (გვ. 67-68).
 
ზელინსკი დეტალურად განმარტავს იმ ამოცანის მთელ სირთულეს, რომელიც პირველი მსოფლიო კრების მამათა წინაშე იდგა. ის განსაზღვრავს მას, როგორც პოვნას მეთოდისა, რომელიც მთვარის რიტმს აკავშირებს მზის რიტმთან.
 
"... ამასთან ეს კავშირი უნდა გამოხატულიყო ისეთ მათემატიკურ სიდიდეებში, რომლებიც შეძლებდნენ საფუძვლად დასდებოდნენ მთვარისა და მზის კალენდარს, - სწორედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ძველ მამათა ეს ამოცანა" (გვ. 68).
 
გამოთქვამს რა ზოგად კალენდრულ-ასტრონომიულ მოსაზრებას, ზელინსკი მიდის განსაზღვრულ დასკვნამდე:
 
"... ქრისტიანი პასქალისტები, მისდევდნენ რა სახარებისეულ ტრადიციას და მოვლენათა თანმიმდევრულობას, რომლებიც იესუ ქრისტეს ცხოვრების ბოლო დღეებთან არის დაკავშირებული, სრულიად შეგნებულად ელტვოდნენ იმას, რათა ახალაღთქმისეულ პასექს, ერთი მხრივ შეენარჩუნებინა თავისი ისტორიული კავშირი ძველაღთქმისეულ პასექთან, ხოლო მეორე მხრივ - ყოფილიყო სრულიად დამოუკიდებელი მისგან.
 
ეს ვითარება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქრისტიანული პასექი ამის გამო მოძრავი დღესასწაული გახდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებულ პირობათა დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდებოდა. ამ აზრით მეტონოსოზიგენური ციკლი მათთვის იდეალური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. მასზე დაფუძნებული ქრისტიანული პასქალიის კალენდრულ-ასტრონომიული მექანიზმი, როგორც ვრწმუნდებით, სრულიად დამოუკიდებელია ებრაული პასქალური მექანიზმისგან.
 
რა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს დავას, რომ ასტრონომიულ სავსემთვარეობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით ძველაღთქმისეული პასექი თითქოსდა არ აჩენდეს უკეთესის მოსურვების გრძნობას. მაგრამ ქრისტიან პასქალისტებს, სავარაუდოდ, ბრწყინვალედ ესმოდათ, რომ კალენდრულ საკითხში ე. წ. ასტრონომიული სიზუსტის მიდევნება - ერთდროულად სრულიად შეუსრულებელი და არასაჭირო რამეა. სინამდვილეში, სავსემთვარეობასთან დაკავშირებული ის სიზუსტეები, რომლითაც გამოირჩევა ებრაული პასქა, საკუთარ თავში შეიცავს უზუსტობას მზესთან მიმართებაში (ყოველ 210 წელიწადში ერთდღიანი ხანგრძლივობის განსხვავებას), რადგან ებრაული წლის საშუალო სიგრძე, რომელიც აგებულია ჰიპარქის ციკლით, აჭარბებს მის ტროპიკულ სიდიდეს (365 გრად. 5 სთ. 48 წთ. 46 სეკ.).
 
ამრიგად, თუკი ქრისტიანული პასქალიის 14 ნისანის პირობითი (სიმბოლური) თარიღები წინ უსწრებენ ბუნიობას ერთი დღე-ღამის სიჩქარით 128 წელიწადში, რეალური (ასტრონომიული) მნიშვნელობა ებრაული პასქალიისა უსწრებს ბუნიობას 210 წლის სიჩქარით. ეს უკანასკნელი ხდება იმიტომ, რომ კალენდრულ-ასტრონომიული მიმართებით მთვარის მოძრაობა შეუძლებელია შევუერთოთ მზის მოძრაობას, შეუძლებელია მთვარის თვის სიგრძე შევუთანაწყოთ მზის წლის ხანგრძლივობას. ამ აზრით ნებისმიერი მზე-მთვარის კალენდარი, და ასევე ნებისმიერი კალენდარი საზოგადოდ, არ იქნება აბსოლუტურად ზუსტი, რადგან "სიზუსტის" ცნება აქ საერთოდ ფარდობითი ცნებაა. ამიტომაც, კალენდრულ საქმეზე ლაპარაკი შეიძლება იყოს არა რაიმე აბსტრაქტულ "ასტრონომიულ სიზუსტეზე", არამედ გარკვეულ საშუალო მნიშვნელობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ შესაკრებთა მკაცრი რიტმული თანაფარდობებიდან, რამეთუ კალენდრული რიტმის ნებისმიერი დარღვევა - ეს არის არა მარტო ისტორიული ან კალენდრულ-ასტრონომიული ქრონოლოგიის დარღვევა, არამედ საერთოდ ცხოვრების დარღვევაც. რიტმული კალენდრული შესაბამისობები თავის საფუძველში ციკლურია, იქნება ეს მთვარის მოძრაობა, მზის მოძრაობა თუ ორივეს შეთანაწყობა. ამიტომაც, ნებისმიერი მცდელობა კალენდარში რაიმე "მარადიულად" იქნას დამაგრებული საბოლოო ჯამში წარუმატებლობისთვის არის განწირული" (გვ. 84-85).
 
ზელინსკი მიიჩნევს, რომ გრიგორიანული რეფორმა განპირობებული იყო სწორედ ამგვარი მისწრაფებით - "მარადიულად" დაემაგრებინა ის, რაც კალენდარში სრულიად შეუძლებელია. აღიარებს რა იმ ფაქტს, რომ ასტრონომიული სიზუსტე გრიგორიანულ კალენდარში აღემატება იულიანურის სიზუსტეს, ზელინსკი წერს, რომ "შეცდომა მაინც არსებობს, და ის დროთა განმავლობაში უფრო გაიზრდება". მაგრამ, ზელინსკი იულიანური კალენდრის უდიდეს უპირატესობას გრიგორიანულთან შედარებით მიიჩნევს იმაში, რომ მასში პერიოდი დღეთა მთლიანი რიცხვისგან უფრო მოკლეა. იულიანურ კალენდარში ასეთი პერიოდი შეადგენს 4 წელიწადს, მაშინ როდესაც გრიგორიანულში 400-ს.
 
"თუკი გავიხსენებთ, - წერს ზელინსკი, - რომ ნებისმიერი კალენდრული პერიოდის არსი დღეთა მთლიანი რიცხვის მინიმალურ მონაკვეთში მდგომარეობს, რომლის ამოწურვის შემდეგ ქრება წლის მიღებული საშუალო სიგრძის საწინააღმდეგო ერთგვარი ცდომილება, ამ თვალსაზრისით, გრიგორიანელებმა კალენდარი გაართულეს, რადგან მათ მსოფლიო ქრონოლოგიაში ასეთი უზარმაზარი ხანგრძლივობის კალენდრული პერიოდი შემოიტანეს. გარდა ამისა, გრიგორიანული ასწლეულის საშუალო სიგრძე (ნაკიანი საუკუნეების შემოტანით) ტოლი აღმოჩნდა დღეთა დაწილადებული რაოდენობისა (3624,25 დღე), რაც უკვე ელემენტარული ქრონოლოგიის თვალსაზრისით თავისთავად უცნაურად გამოიყურება" (გვ. 86-87).
 
ზელინსკი გრიგორიანული რეფორმის ერთ-ერთ მიზეზს ხედავს პაპის მცდელობაში გაზაფხულის ბუნიობის თარიღი დაუბრუნოს პირველი მსოფლიო კრების თარიღს. იულიანური კალენდრის თანდათანობითი წინსწრება გაზაფხულის ბუნობაზე იწვევდა მშფოთვარებას, რომ პასექი, როგორც გაზაფხულის დღესასწაული, თანდათანობით ზაფხულისკენ გადაიწეოდა და ამით გამოწვეული იქნებოდა საშიშროება დარღვეულიყო წელიწადში მისი ტრადიციული საგაზაფხულო მდგომარეობა.
 
"რადგან გაზაფხულის ბუნიობა გრიგორიანული რეფორმისთვის ემთხვეოდა უკვე არა 21 მარტს, არამედ 11 მარტს, იმისთვის, რათა ადრინდელ ადგილს დაბრუნებოდა, 10 დღე დაემატა", წერს ზელინსკი (გვ. 87).
 
"მაგრამ, - აგრძელებს იგი, - ასწორებდა რა იმას, რაც პასექთან დაკავშირებული საეკლესიო კანონების დარღვევად ეჩვენებოდა, რომმა სწორედაც რომ თვითონ დაარღვია მთავარი ქრისტიანული დღესასწაულის ძირითადი კანონი. ასე, მაგალითად, ანტიოქიის 1-ლი კანონი ბრძანებს: "თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაბედავს განცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმინდა კრება ამიერიდან ეკლესიისთვის უცხოდ ჩათვლის". ანტიოქიის კრების ეს დადგენილება მეორდება "ნიკონის მესაჭე წიგნშიც" ("Никоновская Кормчая"). თავისთავად იგულისხმება, რომ ამ კანონში არ უნდა მოვიაზროთ რაიმე ანტი-იუდაური მიმართულება. აქ ლაპარაკი იყო უბრალოდ იმაზე, რომ შენარჩუნებულ ყოფილიყო მოვლენათა ის თანმიმდევრობა, რომელიც გადმოცემულია სახარებისეული ისტორიით და გამყარებულია ქრისტიანული ტრადიციით. ამავე თანმიმდევრულობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტეს ჯვარცმა მოხდა იუდაური პასექის წინ (14 ნისანს), ხოლო აღდგომა - მის მეორე დღეს (16 ნისანს). დროის მასშტაბი მცირეა, მაგრამ მოვლენათა მასშტაბები (ტრადიციული ქრისტიანული ისტორიისთვის) ისეთია, რომ ადგილებს ვერ შეიცვლიან" (გვ. 87-88).
 
ზელინსკი აღნიშნავს, რომ წმიდად ასტრონომიული ხასიათის მიზეზებით, შუასაუკუნეებში იყო შემთხვევები, როდესაც იუდაური პასექი ემთხვეოდა დასავლელ ქრისტიანთა პასექს, ხოლო რეფორმამდე არასოდეს ყოფილა, ქრისტიანთა პასექი ებრაელთა პასექზე ადრე დამდგარიყოს. ის განმარტავს თუ რატომ არის ეს შეუძლებელი:
 
"უკვე ადრინდელ ქრისტიანებს ნათლად ესმოდათ, რომ მისტიკურ-სიმბოლურ პლანში ახალაღთქმისეული პასექი ნიშნავს კრავის ძველაღთქმისეული მხვერპლშეწირვის შეცვლას იესუ ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით, რომელიც მასში წარდგება, როგორც "ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს" (იოანე 1:29).
 
"ამიტომაც, ტრადიციული თვალსაზრისით დრო და დრო ამ მოვლენათა თანმიმდევრული შეცვლა მისი ყოველწლიური მოგონების დროს (ანუ პასექის ზეიმობა ჯვარცმის დადგომამდე იუდაური კალენდრის მიხედვით - ეპ. გრ.) ნებით თუ უნებლიედ მათი აზრის დამახინჯებას ნიშნავს. გარკვეულწილად გამოცანად რჩება, კათოლიკურმა ეკლესიამ ამგვარი ნაბიჯი მაინც რატომ გადადგა?" (გვ. 88-89).
 
ზელინსკი შენიშნავს, რომ ერთი ასწლეულის განმავლობაში (1851-დან 1950 წლის ჩათვლით) კათოლიკური პასექი თხუთმეტჯერ უსწრებდა ებრაულ პასექს. მის მიერ დამოწმებული პაპ გრიგოლ XIII-ის 1582 წლის 24 თებერვლის ბულადან (ლათ.  bulla — "ბეჭედი" – "აპოკ." რედ.) "Inter Gravissimas" ჩანს, პაპი იმედოვნებდა, რომ "ბუნიობა აღდგებოდა არა მარტო ძველთაგან მისთვის გამოყოფილ ადგილზე, რომლიდანაც ნიკეის კრების დროიდან მან დაახლოებით 10 დღით უკან დაიხია, და XIV მთვარესაც (1) დაუბრუნდებოდა ის ადგილი, რომლისგანაც ის ამჟამად ოთხი თუ ხუთი დღით იყო გადახრილი, არამედ დააწესებდა ისეთ მეთოდს, რომლითაც მიღწეული იქნებოდა ის, რომ ბუნიობა და XIV მთვარე თავიანთი ადგილებიდან უკვე აღარასოდეს დაიძვრებოდნენ".
 
____________________________
 
1. იგვეა, რაც სავსემთვარეობა. "პირველ მთვარეს" ძველ დროებაში უწოდებდნენ ე. წ. ნეომენიას. ეს ბერძნული სიტყვა აღნიშნავს "ახალმთვარეობას", მაგრამ ოდნავ განსხვავებული აზრით. ახლა ახალმთვარეობაში იგულისხმება მთვარისა და მზის შეერთების მომენტი. ანუ, ეს არის მთვარის ფაზა, როდესაც მისი ეკლიპტიკური გრძლიობა ისეთივეა, როგორიც მზისა. ამგვარად, ამ დროს მთვარე დედამიწასა და მზეს შორის დაახლოებით ერთ ხაზზე იმყოფება. როდესაც ისინი ზუსტად ერთ სიგრძეზე განთავსდებიან, მაშინ ხდება მზის დაბნელება. ნეომენია კი ეს არის მთვარის ნამგლის გამოჩენა საღამოს ცაზე (ახალმთვარეობის შემდეგ თანამედროვე გაგებით). ნეომენიის დღე ითვლებოდა პირველ დღედ, ხოლო სავსემთვარეობად 14-ე დღე, ანუ 13 დღის შემდგომ ("აპოკ". რედ. - წყაროები: https://ru.wikipedia.org/wiki/Новолуние //
 
____________________________
 
ამასთან დაკავშირებით ზელინსკი შენიშნავს:
 
"ამრიგად, სახეზეა განზრახვა, ქრისტიანულ კალენდარში, რომელიც იმ დროისთვის უკვე 1000 წელზე მეტ ხანს ითვლიდა, შეტანილ ყოფილიყო რადიკალური გაუმჯობესება. მაგრამ, როგორც ჩანს, დავიწყებულ იქნა ერთი უმარტივესი ჭეშმარიტება, კერძოდ ის, რომ კალენდარში შეუძლებელია რაიმეს "მარადიულად" დამაგრება, რომ "მარადიულობის" კატეგორია შეიძლება რაიმეს მიმართ იყოს გამოყენებული, მაგრამ არა კალენდრულ-ასტრონომიული სიდიდების მიმართ, რომლებიც არსებითად დროა, შედეგად კი - ცვალებადობაა.
 
მიუხედავად იმისა, რომ გრიგორიანული კალენდრის სიზუსტე ტროპიკული მზის წელიწადის სიდიდის მიმართ საკმაოდ დიდია, ის მაინც იძლევა ცდომილებას, რომელიც 3.280 წლის განმავლობაში ერთ დღეს უტოლდება... რაც შეეხება XIV მთვარეს, ცდომილება აქ განუზომლად დიდია: თითქმის ისევე, როგორც ებრაულ კალენდარში. კათოლიკეებში დაახლოებით ყოველი 210-ე ასტრონომიული პასქალური სავსემთვარეობა ერთი დღე-ღამით გადაასწრებს ბუნიობას, აღმოჩნდება მეორე ადგილზე, ანუ კვლავ დაირღვევა ნიკეის კრების კანონი იმ ბუკვალური გაგებით, რომელიც მას გრიგორიანულმა რეფორმამ მიანიჭა.
 
რაზე მეტყველებს ეს გარემოება? მხოლოდ ერთ რამეზე: შეუძლებელია მიღწევა იმისა, რაზეც რომის პაპი გრიგოლ XIII ოცნებობდა, ანუ იმისა, "თითოქსდა მომავალში ბუნიობა და XIV მთვარე თავიანთი ადგილებიდან არასოდეს დაიძვრიან".
 
გრძნობდნენ თუ არა პასუხისმგებლობას ამ უბრალო დასკვნებში გრიგორიანული რეფორმის გამტარებლები? უნდა ვიფიქროთ, რომ დიას, მაგრამ საქმის არსი არ იცვლებოდა, რადგან დღეები იმყოფებოდნენ კულტურულ-ისტორიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური მიზეზების მთელი კომპლექსის ძალაუფლებაში, რომლებმაც მოამზადეს ის, რასაც "ახალი დროების" ეპოქას ვუწოდებთ" (გვ. 90).
 
აქ ავტორს აშკარად მხედველობაში აქვს კათოლიციზმის ვიწრო-კონფესიური ინტერესები აღმოსავლურ-მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ბრძოლის საქმეში.
 
იმ დროს, როდესაც მუშავდებოდა გრიგორიანული კალენდარი, პარალელურად მუშავდებოდა მასთან უთანხმოებაში მყოფი მეცნიერის ჟოზეფ სკალიგერის ტრაქტატი, რომელიც 1583 წელს დაიბეჭდა სათაურით "ახალი შრომა დროის ათვლის გაუმჯობესების საკითხში". ის თითქმის გრიგორიანულ რეფორმასთან ერთად გამოიცა. სკალიგერი დაბეჯითებით ადგა იმ აზრს, რომ მხოლოდ იულიანური კალენდრულ-ქრონოლოგიური სისტემა შეიძლება უზრუნველყოფდეს მსოფლიო ქრონოლოგიის დღეთა უწყვეტობას, რადგან მისი მიხედვით დღეთა ანგარიში შეიძლება უწყვეტად და თანმიმდევრულად ვაწარმოოთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ნებისმიერი პირობითი საწყისი თარიღიდან დაიწყება.
 
"სწორედ ამიტომ, - წერს ზელინსკი, - იულიანურ დღეთა ათვლა საფუძვლა დუდევს ყველა ქრონოლოგიურ და ასტრონომიულ გათვლებს, დამოუკიდებლად იმისა, მიმართულნი არიან ისინი წარსულისკენ თუ მომავლისკენ. მზის და მთვარის დაბნელებები, ცვალებად ვარსკვლავთა მაქსიმუმები და მინიმუმები და მრავალი სხვა ასტრონომიული მოვლენა შეიძლება გამოვხატოთ მზის დღე-ღამის განსაზღვრული დადებითი რიცხვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ათვლა იულიანური დღეებით იწარმოებს" (გვ. 90).
 
"სკალიგერის იულიანურმა პერიოდმა არანაკლები მნიშვნელობა შეიძინა მსოფლიო ისტორიულ ქრონოლოგიაში, რადგან მან შექმნა სხვადასხვა კალენდრული თარიღების დაკავშირების შესაძლებლობა, გამოხატა რა ისინი იულიანური დღეებით. ვფიქრობთ არ არის საჭირო იმის ხაზგასმა, რომ მთელი თავისი ღირსებებით მითითებული პერიოდი საკუთარ ძველ პროტოტიპს - ნიკეური პასქალიის დიდ წლიურ წრებრუნვას უნდა უმადლოდეს. ამ აზრით პარადოქსალური რჩება ის ფაქტი, რომ იგივე პერიოდი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ჩვენი დღეების ვერც ასტრონომია და ვერც ქრონოლოგია, პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრისთვის უვარგისად გამოაცხადა.
 
ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ გასული საუკუნის მიწურულს მსჯელობა იმაზე მიზანშეწონილია თუ არა რუსეთის გადასვლა გრიგორიანულ სტილზე, თავისი დროის ერთ-ერთმა უგანათლებულესმა ადამიანმა ვ. ვ. ბოლოტოვმა (საეკლესიო ისტორიის დოქტორი, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი 1854-1900 წწ.), რომელიც რუსეთში კალენდრულ რეფორმასთან დაკავშირებულ კომისიაში მონაწილეობდა, ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "რუსეთში იულიანური სტილის გაუქმებას უკიდურესად არასასურველად მივიჩნევ. მე ადრინდელივით პრინციპული პატივისმცემელი ვარ იულიანური კალენდრისა. მისი უკიდურესი სიმარტივე წარმოადგენს მის სამეცნიერო უპირატესობას ყოველგვარი სხვა გასწორებული კალენდრების წინაშე. ვფიქრობ, რომ რუსეთის კულტურული მისია ამ საკითხში მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ რამოდენიმე ასწლეულით შევინარჩუნოთ იულიანური კალენდარი და, მით, გავუადვილოთ დასავლელ ხალხებს სრულიად არასაჭირო გრიგორიანული კალენდრიდან შეურყვნელ ძველ სტილთან დაბრუნება" (გვ. 106).
 
ბოლოტოვთან ერთად, კალენდრული რეფორმის შესაძლებლობის განხილვებში იულიანური კალენდრის პრინციპული მომხრე იყო სხვა დიდი რუსი და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი მენდელეევი. ასეთივე შეხედულება ჰქონდა უდიდეს ასტრონომს კოპერნიკს, რომელმაც უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო გრიგორიანულ რეფორმაში, რომელიც უკვე გამომუშავდა 1514 წელს ლატერანის კრებაზე.
 
საინტერესოა ასევე ცნობილი ასტრონომის, რუსეთის ასტრონომიული საზოგადოების ნამდვილი წევრის ე. ა. პრედტეჩენსკის გამოხმაურება, რომელსაც ზელინსკიც იმოწმებს. პატივს მიაგებდა რა დიდი ინდიქტიონის პირველ შემდგენლებს, ის წერდა:
 
"სავარაუდოდ, მრავალი უცნობი ავტორის ეს კოლექტიური შრომა, ისე შესრულებული, რომ დღემდე უბადლოა და სწორუპოვარი. გვიანდელი რომაული პასქალია, რომელიც დღეს დასავლეთის ეკლესიის მიერაა მიღებული, ალექსანდრიულთან შედარებით იმდენად მძიმეწონიანია და მოუხერხებელი, რომ გვაგონებს იაფფასიან სურათს იმავე საგანზე შექმნილ მხატვრულ ტილოსთან შედარებით. ამასთან ერთად, ეს საშინლად რთული და ტლანქი მანქანა დასახულ მიზანსაც კი ვერ აღწევს" (გვ. 99-100).
 
ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ნაშრომს, რომელიც კალენდრულ სტილს ეძღვნებოდა და, უნდა ითქვას, ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება ზელინსკის გამოკვლევას ვერ სამეცნიერო დასაბუთებით, და ვერც გადმოცემის სიმკვეთრით. მისი ნაშრომი შესანიშნავია იმითაც, რომ მასში გამოვლენილია კალენდართან და პასქალიასთან დაკავშირებულ საეკლესიო მასალათა და მოსაზრებათა სიღრმისეული წვდომა. ჩვენ ის მხოლოდ მოკლედ გადმოვეცით, გამოვტოვეთ საკმაოდ მრავალი რამ, განსაკუთრებით სამეცნიერო-ასტრონომიული მასალიდან, რომელიც სპეციალური მომზადების არმქონე მკითხველისთვის ნაკლებად მისაწვდომია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზელინსკის ნაშრომი მალე უცხოელი მკითხველებისთვისაც დაიბეჭდება. თუმცა, ეს გარკვეულ დროს წაიღებს, არადა, კალენდრის საკითხი ფართოდ განიხილება. ჩვენს შემოკლებულ თხზულებაშიც კი, მკითხველი დაინახავს, რომ მოდერნისტთა რწმუნებისდა მიუხედავად, გრიგორიანუილ კალენდარი არ წარმოადგენს პროგრესს მეცნიერების სფეროში, პირიქით - უკეთესიდან ადამიანები უარესისკენ მიჰყავს და ამ უარესის გამო შემოაქვს განხეთქილება.
 
სხვათა შორის, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საქმის ასტრონომიულ მხარეს არცთუ მთავარი მნიშვნელობა გააჩნია. ვისა აქვს ჩვენს მრევლში დიდი ცოდნა ასტრონომიის სპეციალურ სფეროში? არა მარტო ასტრონომიული სიზუსტის გამო მივდევთ იულიანურ კალენდარს. უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმის საღვთისმსახურებო და დოგმატური მხარე. სწორედ ის ეხება ქრისტიანულ ცნობიერებას და მორწმუნეთა სინდისს.
 
ნიკეის მამები, რომლებმაც მყარ ნიადაგზე განამტკიცეს ეკლესიის საღვთისმსახურებო ცხოვრებაში დანერგილი კალენდარი, როგორც ეს ჩანს ზელინსკის შესანიშნავი ნაშრომიდან, უეჭველად სულიწმიდის მიერ იყვნენ განბრძნობილნი. მათი ღმრთითშთაგონებული შრომა საეკლესიო გადმოცემაში შევიდა. ათასი წელი იცავდა მას რომის ეკლესიაც, მანამ, სანამ თანდათანობით არ დასცილდებოდა მართლმადიდებლობას. მისი დაკარგვა კი შემდეგ კალენდრის ცვლილებაშიც აისახა.
 
ამ დროს, წმ. ბასილი დიდი თავის 87-ე და 91-ე კანონებში განმარტავს, რომ გადმოცემისა და ძველი ჩვეულებების შენარჩუნებას ისეთივე მნიშვნელობა გააჩნია, როგორც დაწერილი დოგმატის დაცვას. 91-ე კანონის მიხედვით: "ეკლესიაში დაცულ დოგმატებსა და ქადაგებებს შორის ზოგიერთი წერილობითი დამოძღვრებით გვაქვს, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემით მიგვიღიებიეს, საიდუმლოდ. ერთსაც და მეორესაც ერთნაირი ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის, და ამას არავინ ხდის საკამათოდ, ვინც კი ოდნავ მაინც გაცნობიერებულია საეკლესიო განწესებებში. რადგან, თუკი უარვყოფთ დაუწერელ ჩვეულებებს, როგორც დიდი ძალის არმქონეთ, მაშინ აუცილებლად ვავნებთ სახარებას მნიშვნელოვან საკითხებში, ან უფრო მეტიც - ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა დაგვრჩება" (კანონის ქართული თარგმანი აღებულია გამოცემიდან: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. დალმატია-ისტრიის ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებებით. II ტომი. თბილისი 2021, გვ. 428 – "აპოკ." რედ.).
 
ცნობილი კანონისტი ეპ. ნიკოდიმოს მილაში წმ. ბასილი დიდის 87-ე კანონის განმარტებაში, წერს: "ჩვეულებასთან დაკავშირებით ბასილი დიდი წერს, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის - ყურადღების გამახვილება ჩვეულებაზე, რადგან ჩვეულებას კანონის ძალა აქვს. მას ეკლესიაში ყოველთვის კანონის თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდა, თუკი ეკლესია მის გამამართლებელ საფუძველს ხედავდა და თუ იგი განწმენდილი იყო ხანგრძლივი პრაქტიკული გამოყენებით" (იქვე. გვ. 420. – "აპოკ." რედ.).
 
იულიანური კალენდარი პასქალიასთან ერთად მიიღო ნიკეის კრებამ და განწმენდილია ეკლესიაში ათასწლეულზე მეტი ხნის გამოყენებით. ამიტომაც, მასზე უარის თქმა და მისი დარღვევა, უკვე ეკლესიის შესახებ დოგმატის დარღვევის ტოლფასია. გასაგებია, რომ მართლმადიდებლური სინდისი ამას არ შეურიგდება და ადამიანები, რომლებიც მას იცავენ, განუდგებიან ასეთი ცოდვის ჩამდენ ეპისკოპოსებს.
 
მოდერნიზმის სულისკვეთების გავლენით, ახლა ძალიან იოლად უყურებენ ძველ განწესებებს, რომელიც მთელი ეკლესიის სახელით გაკეთდა. VII მსოფლიო კრების მე-7 კანონის თანახმად "პირველ ცოდვებს სხვა ცოდვებიც მოჰყვება". სწორედ ამ სულით უნდა აიხსნას ის, რომ მსოფლიო კრების განსაზღვრება და თითქმის ორათასწლოვანი ჩვეულება მთელი ეკლესიისა კალენდართან მიმართებაში 1920 წლის შემდეგ ცალკეულმა ეკლესიებმა გადასინჯვას დაუქვემდებარეს ისე, რომ არც კი დაეკითხნენ დანარჩენ ეკლესიებს, რომლებიც ერთგულად მისდევდნენ გადმოცემას. ახალ კალენდარზე გადასვლით, მითუმეტეს, რომ ეს ხდებოდა არა ეკლესიის სისავსის მიერ, ირღვეოდა ის, რაც ნიკეის განსაზღვრების საფუძველში იდო პასქალიის შესახებ. რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, პირველი მსოფლიო კრება მიზნად ისახავდა სწორედ იმას, რათა მთელ ეკლესიას ერთდროულად, ერთი პირით და ერთი გულით ედღესასწაულოა წმიდა პასექი და სხვა დღესასწაულები. ნიკეის კრებას ასტრონომიული სიზუსტე იმდენად არ ადარდებდა (თუმცა ცდილობდა მის შეძლებისდაგვარად დაცვასაც), რამდენადაც ყველა ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრების ლოცვითი ერთობა.
 
როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო კრების საქმეები წერილობით არ შემორჩენილა, მაგრამ მათ შესახებ დეტალურად დაწერა წმ. იმპერატორმა კონსტანტინემ (სრული ტექსტი იხ. ქვემოთ):
 
"... აქ ასევე გამოკვლეულ იქნა ის, რაც პასექის დღესასწაულობის დღეს ეხება, და საერთო აზრით ყველა ქრისტიანისთვის, სადაც გინდ ცხოვრობდნენ ისინი, სასარგებლოდ მიჩნეულ იქნა უწმიდესი პასექის მაცხოვნებელი დღესასწაული აღნიშნულიყო ერთსა და იმავე დღეს. რადგან რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი და ბრწყინვალე, როდესაც დღესასწაული, რომელიც ჩვენში უკვდავების იმედს ნერგავს, ყველეს მიერ შეუცვლელად, ერთი და იგივე წესითა და ერთნაირი თანმიმდევრობით იზეიმება? უპირველეს ყოვლისა ურიგოა ამ უწმიდესი დღესასწაულის აღსრულება იუდეველებთან ერთად, რომლებმაც, თავიანთი ხელები უსჯულო საქმით მოისვარეს და, როგორც უწმინდურები, სულიერი სიბრმავით სამართლიანად დაისაჯნენ..."
 
"მაცხოვარმა ჩვენ სხვა გზა მიგვითითა; ჩვენს უწმიდეს ღმრთითთაყვანისცემას დროის თავისი წესრიგი და თავისი რჯული ეკადრება...
 
"ჩვენ მაცხოვარმა სხვა გზა მიგვითითა; ჩვენს წმიდა ღმრთისთაყვანისცემას დროის თავისი მიმდევრობა და თავისი კანონი ეკადრება... ხოლო ეს ყველაფერი რომც არ შემოგთავაზებოდათ, თქვენს კეთილგონიერებას მართებდა თვითონ ყველანაირად ეზრუნა, რათა ჩვენი წმიდა სულები არაფერში ყოფილიყვნენ თანაზიარნი და თანამოინახენი ყველაზე უვარგის ადამიანთა ჩვეულებებისა. გარდა ამისა, ასევე უნდა გულისხმავყოთ, რომ უთანხმოება ისეთ საქმეში, რწმენის ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით უკიდურესად ეწინააღმდეგება ღვთისმოსაობას... თავად განსაჯეთ თქვენი სიწმიდით, რაოდენ ცუდია და შეუფერებელია ის, რომ ცნობილ დროს ერთნი მარხულობენ, სხვები კი ღრეობენ, და თანაც, პასექის დღეების შემდეგ, ერთნი დროს ზეიმობასა და სიმშვიდეში ატარებენ, სხვები კი დაწესებულ მარხვებს იცავენ. ამიტომაც ღვთაებრივმა განგებულებამ ინება, რათა ეს ყველაფერი ჯეროვნად გასწორებულიყო და ერთი წესის ქვეშ მოქცეულიყო... მოკლედ რომ ვთქვათ: საერთო მსჯავრით დაწესებულია, - პასექის უწმიდესი დღესასწაული ყველამ ერთსა და იმავე დღეს იზეიმოს. უკადრისობაა უთანხმოება ესოდენ წმიდა საგნის მიმართ, და უმჯობესია მივდიოთ ისეთ დადგენილებას, რომელშიც უცხო ცდომილებისა და ცოდვის უმცირესი შენარევიც კი არ მოიპოვება. ესოდენ მრავალი წმიდა ეპისკოპოსის ღმრთითშთაგონებული განსჯით მხიარულად შეიწყნარეთ, როგორც უზენაესი ნიჭი და ჭეშმარიტად საღმრთო მცნება: რადგან ყველაფერი, რაც კი ეპისკოპოსთა წმიდა კრებაზე დადგინდა, საღმრთო ნებას უნდა მიეწეროს.
 
ამრიგად, გამოუცხადებთ რა კრების დადგენილებას ჩვენს ყველა საყვარელ ძმას, მოქმედებაში უნდა მოიყვანოთ როგორც ის, რაზეც ადრე იყო მსჯელობა, ანუ საყოველთაო რწმენის ხსენებული ხატება, ასევე პასექის უწმიდესი დღის დაცვა..."
 
1583 წლის 20 ნოემბრის კონსტანტინოპოლის კრებამ რომის წინადადებაზე მიეღოთ ახალი კალენდარი გამოსცა განსაზღვრება, რომელშიც ანათემას გადაეცა რომაულ-კათოლიკური ყველა ცდომილება. ამ განსაზღვრების მეშვიდე პუნქტი ეხება კალენდარსაც. აი რა არის მასში ნათქვამი:
 
"ვინც არ მისდევს ეკლესიის ჩვეულებებს და იმას, რაც ბრძანა შვიდმა მსოფლიო კრებამ წმიდა პასექსა და თვენზე, და კეთილად განაწესა მივყოლოდით მას; ასევე ისურვებს მიჰყვეს გრიგორიანულ პასქალიას და თვენს, ის, როგორც უღმრთო ასტრონომები, წმიდა კრებათა ყოველ დადგენილებას ეწინააღმდეგება და სურს მათი შეცვლა და დაუძლურება, ანათემას გადაეცეს - განიკვეთოს ქრისტეს ეკლესიისგან და მართალთა საკრებულოდან".
 
ისმის კითხვა: თუკი მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას ასე სწამდა 325 წელს და გაიმეორა იგივე 1583 წელს და კვლავ 10 წლის შემდეგ ოთხი პატრიარქის სახით იგივე დაადასტურა, რა შეიცვალა იმ დროიდან? განა თავისი მნიშვნელობა დაკარგა მართლმადიდებლური რწმენის ერთობამ და საეკლესიო ლოცვამ, რომლისთვისაც ასე იღვწოდნენ პირველი და შემდგომი მსოფლიო კრებათა მამები? ისინი ზრუნავდნენ იმაზე, რათა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს დღესასწაულები ერთად ეზეიმა. მიუხედავად ამისა, ჩვენი საუკუნის ოციან წლებში, ადგილობრივმა ეკლესიებმა, ბერძნული ეკლესიიდან მოყოლებული, დაიწყეს ახალი კალენდრის შემოტანა, არც იდარდეს იმაზე, რომ მათი ძმები სხვა ეკლესიებში (იერუსალიმში, რუსეთში, სერბეთში, და მაშინ ჯერ კიდევ ბულგარეთში) აგრძელებდნენ ძველი წეს-განგების შენარჩუნებას.
 
ამასთან არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რომ თვით გრიგორიანული კალენდრის შემოტანა ტარდებოდა სრულიად არაკანონიკური გზით და უსამართლოდ, პირველი მსოფლიო კრების განსაზღვრებათა მიზნების საწინააღმდეგოდ.
 
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1923 წლის თებერვალში ბერძნულ სამეფოში, სამოქალაქო ცხოვრებისთვის შემოიტანეს გრიგორიანული კალენდარი, თანაც განაცხადეს, რომ ეკლესიაში იულიანური კალენდარი ჯერაც ძალაში რჩებოდა. ამის შემდეგ ათენის არქიეპისკოპოსად არჩეულ იქნა ქრიზოსტომოს პაპადოპულოსი. მან კრებაზე განაცხადა, რომ საჭიროა საეკლესიო კალენდრის შეცვლა ისე, რომ ის თანხმიერი იყოს სამოქალაქო კალენდრისა. მაგრამ, კრებამ აღიარა, რომ საჭიროა ჯერ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებთან შეთანხმება, განსაკუთრებით კონსტანტინოპოლთან. ამ დროს, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა 1924 წელს "საშუალო" გადაწყვეტილების წინადადებით გამოვიდა: მიეღოთ ახალი კალენდარი ძველი პასქალიით. მთელი საქმე ისეთი აჩქარებით წარმოებდა, რომ უკვე 1924 წლის 20 იანვარს მიღებულ იქნა კონსტანტინოპოლის თანხმობა, ხოლო იმავე წლის 23 მარტს საბერძნეთის ეკლესია ახალ კალენდარზე გადავიდა ისე, რომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა გადაწყვეტილებებს არ დაელოდა.
 
ეპისკოპოსი პავლე, თავის ძალიან ავტორიტეტულ სტატიაში, რომელიც სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ორგანოში "Гла́сник"-ში დაიბეჭდა (1982 წლის ნოემბერს) ვერ პოულობს ამგვარი აჩქარების რაიმე განმარტებას. მას უკვირს, რომ ეს არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა გააკეთა, რომელიც 1923 წელს თვითონვე მონაწილეობდა სახელმწიფო კომისიაში, რომელმაც დაადგინა: "მხედველობაში ვიღებ რა, რომ ბერძნული ეკლესია, ისევე როგორც სხვა ავტოკეფალური ეკლესიები, თუმც დამოუკიდებელნი არიან შინაგანად, მაინც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან და გაერთიანებულნი არიან ეკლესიის სულიერი ერთობის პრინციპით, შეადგენენ ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიას და, შედეგად, არც ერთ მათგან არ შეუძლია მეორისგან გამოყოფა და ახალი კალენდრის მიღება იმის გარეშე, თუ ჯერ სხვა ეკლესიათა მიმართ სქიზმატური არ გახდება".
 
ეპისკოპოსი პავლე შენიშნავს, რომ ამის საწინააღმდეგოდ და ნაჩქარევად, ახალი კალენდრის მიღებით, საბერძნეთის ეკლესიამ დაივიწყა, როგორც დამოწმებული განსაზღვრება, ასევე პატრიარქ იოაკიმე III-ის პრინციპული განცხადება, რომელიც მის ეპისტოლეში გაკეთდა, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაივიწყა სულ რაღაც ნახევარი წლის წინ შემდგარი თათბირის (1923 წლის მაისი) დადგენილება, რომელიც მის სატახტო ქალაქში შედგა. ორივე შემთხვევაში მხედველობაში იყო მიღებული, რომ რეფორმა ითხოვდა ყველა ეკლესიათა საერთო თანხმობას და სიფრთხილეს თავის გადაწყვეტაში, რათა ერში საცთური არ გამოეწვია. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ კონსტანტინოპოლის ამ თათბირში მონაწილეობდა საზღვარგარეთის რუსული ეკლესიაც არქიეპისკოპოს, შემდგომში კი მიტროპოლიტ ანასტასის სახით.
 
ერთი ეკლესიის მიერ ასე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გასამართლებლად, რაც თათბირის დადგენილებას ეწინააღმდეგებოდა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამამართლებელი არგუმენტი, რომლებიც ეპისკოპოს პავლეს კეთილსინდისიერად მოჰყავს.
 
უპირველეს ყოვლისა, ბერძნული ეკლესიისთვის ძნელი იქნებოდა მონაწილეობა არ მიეღო ეროვნულ დღესასწაულში, რომელიც ხარების დღეს იმართებოდა და, რომლის ჩატარებას უკვე თითქოსდა ახალი კალენდრით აპირებდნენ. თუმცა, ეს არგუმენტი, უქმდება, რადგან ახალ კალენდარზე სახელმწიფოს გადასვლასთან დაკავშირებულ სამეფო განკარგულების მე-4 პარაგრაფში მითითებული იყო: "25 მარტის ეროვნული დღესასწაული და ყველა განსაკუთრებული საზეიმო დღეები, არსებული კანონების თანახმად, იულიანური კალენდრის შესაბამისად უნდა გაიმართოს".
 
შემდეგ იმოწმებდნენ იმას, რომ თითქოსდა, ახალი კალენდრის ეკლესიაში დანერგვას განსაკუთრებულად მეფე ცდილობდა, რომ ასეთი მოთხოვნა წამოყენებულ იქნა მთავრობის მიერ და, რომ თითქოსდა ამისკენ ელადის ეკლესიას იუგოსლავიის ელჩმა უბიძგა, როდესაც არქიეპისკოპოსი დაარწმუნა, რომ სერბეთის ეკლესიაც შეუერთდა ამგვარ გადაწყვეტილებას. სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა და სერბეთის ეკლესია ამაზე არ დათანხმებულა. საეკლესიო თვალსაზრისით სამოქალაქო ხელისუფლების ყოველგვარი ზეწოლა, თუნდაც მეფისა, მას ადგილიც რომ ჰქონოდა, არ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი.
 
"როგორც გინდ იყოს, - წერს ეპისკოპოსი პავლე, - ამ სიჩქარემ წინასწარი განმარტებისა და მომზადების გარეშე, თანამედროვე ბერძნული ეკლესიის ერთ-ერთ უსერიოზულესი პრობლემა გამოიწვია - ძველ-კალენდრული განხეთქილება" (გვ. 276).
 
მოგვიანებით, ახალი კალენდარი მიიღეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიებმა. უკანასკნელმა ეს გააკეთა მრავალი წლის შემდეგ, თითქმის ახლახან, სავარაუდოდ იმისთვის, რომ კომუნისტური მთავრობისა და ეკლესიათა საბჭოსთვის ეამებინა.
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საბერძნეთის ეკლესიამ პირველმა შემოიღო კალენდრული რეფორმა, რომელიც პირველი მსოფლიო კრების პასქალიის საწინააღმდეგოა, და მოწყდა მთელი ეკლესიის მიერ დღესასწაულთა ზეიმობის ერთდროულად დაცვის ერთობლივ დადგენილებას, რომელიც პირველმა მსოფლიო კრებამ დაამკვიდრა.
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო იმ მიზნის პირდაპირ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც კალენდართან დაკავშირებით დასახა ნიკეის კრებამ. იმ დროს (1924 წ.) ახალ სტილზე კატეგორიულ უარს ამბობდნენ: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის და სხვა ეკლესიები ("Церковныя Ведомости" № 11 и 12, 1924 г., стр. 4).
 
მოვლენათა ძალიან ობიექტურმა გადმოცემამ ეპისკოპოსი პავლე შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა: "როგორც ჩანს ვარაუდობდნენ, რომ თუ ყველა ეკლესია არა, მათი უმრავლესობა მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და მისი დამკვიდრების პირველობა პერსტიჟის საკითხად განიხილებოდა. შესაძლებლობა იმისა, რომ საბერძნეთი სწორედ ასე უყურებდა ამ საქმეს, ჩანს კონსტანტინოპოლში მისი წარმომადგენლის წარმოდგენიდან, რომლის თანახმადაც, ახალი კალენდრით სარგებლობას და პასქალიის შეცვლას, ექნებოდა "უდიდესი მორალური მნიშვნელობა და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მთელ კულტურულ სამყაროზე, რომელიც დიდი ქრისტიანული დღესასწაულების ზეიმობის საკითხში ნებაყოფლობით დაუახლოვებდა ორ ქრისტიანულ სამყაროს - აღმოსავლეთსა და დასავლეთს " (გვ. 276).
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღესასწაულთა ერთობლივი ზეიმობის დარღვევა, რომელიც ერთობაც ნიკეის კრებამ დააწესა, აღესრულებოდა პოლიტიკური საფუძვლის გამოყენებითა და ბერძნული მთავრობის საამებლად, ასევე "ორი სამყაროს", მართლმადიდებლურისა და მწვალებლურის "დასაახლოვებლად". რეფორმა გატარებულ იქნა მათ გულის მოსაგებად, და არა მართლმადიდებლობის დასაცავად ან გასაძლიერებლად. რამდენი ეკლესიაც შეერთებოდა ამაში ელადის ეკლესიას - ისინი მართლმადიდებლობის გაძლიერების საქმეს კი არ უერთდებოდნენ, არამედ ხელს უწყობდნენ მწვალებლობათა განმტკიცებას. ეს იყო ცოდვა ჩადენილი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ თუ საქმენი მისი ნაყოფის მიხედვით უნდა ვიცნოთ (მთ. 7:16), ვხედავთ, რომ ნიკეის განსაზღვრების დარღვევის ცოდვა შეიძლება ახარებდეს მხოლოდ მწვალებელთ, სამაგიეროდ ეს ანგრევს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას.

 
მართლმადიდებლობის ღალატი კალენდრული რეფორმით. ნაწილი II

წყარო: oseraphim.livejournal.com

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому