Перейти к контенту

აპოლოგეტიკა - რისთვის შექმნა ღმერთმა ისინი, რომლებიც წარწყმდებიან? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
რისთვის შექმნა ღმერთმა ისინი, რომლებიც წარწყმდებიან?
მაცხოვრის ჯვარცმა
სარჩევი:
 
შეკითხვა ფორუმზე "რწმენის ანბანი"
 
ყველა ადამიანი შექმნილია მარადიული სიხარულისთვის
 
ბედნიერების დაძალება შეუძლებელია
 
იქნებ ჯობდა, არ შექმნილიყვნენ?
 
უყვარს თუ არა ღმერთს ისინი, ვინც დაიღუპება?
 
გამწარებული ცოდვილი სიყვარულს რისხვად აღიქვამს
   
იქნებ არარსებობა ჯობდეს ჯოჯოხეთს?



* * *
 
 
 
შეკითხვა ფორუმზე "რწმენის ანბანი"
 
არც ისე დიდი ხნის წინ, საიტ "რწმენის ანბანის" ("Азбука веры") ფორუმზე, ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა იკითხა: "რატომ არ მოაწყო ღმერთმა ისე, რომ ადამიანებს სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ გაქრობა შეძლებოდათ? ღმერთი ხედავდა კაცობრიობის მთელ მომავალს და შეეძლო ისე მოეწყო, რომ ისინი, ვინც არასწორად გამოიყენებდა თავისუფალ არჩევანს, საერთოდ არ დაბადებულიყვნენ. ანუ წინ აღდგომოდა მათ დაბადებას. დაიბადებოდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ღმერთს აირჩევდა, ანუ სწორად გამოიყენებდა თავისუფალ ნებას. მას შეეძლო სხვანაირადაც მოეწყო – ნება დაერთო გამქრალიყვნენ, არარობაში გადასულიყვნენ ისინი, ვისაც არ სურს მარადიულად ტანჯვა".
 
აქ ორი იბადება ორი კითხვა: "რატომ შექმნა ღმერთმა ის ადამიანები, რომლებიც, როგორც მან წინდაწინ უწყოდა, დაიღუპებოდნენ?" და "მას შემდეგ, რაც მათ საბოლოოდ უარყვეს იგი, რატომ არ დააბრუნა ისინი არარობაში?"
 
ორივე მათგანი განხილვის ღირსია - რასაც ეძღვნება კიდევაც ეს სტატია.
 

ყველა ადამიანი შექმნილია მარადიული სიხარულისთვის
 
მაშ, რისთვის შექმნა ღმერთმა ისინი, ვინც (როგორც მან წინასწარ უწყოდა) საბოლოოდ უარყოფდა მას და დაიღუპებოდა? პირველი და უმარტივესი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ღმერთმა ისინი, ისევე როგორც ყველა ადამიანი ზოგადად, მარადიული სიხარულისთვის შექმნა.
 
ღმერთი ძალიან, ძალიან ბედნიერია – ნეტარია, როგორც ეკლესიაში ვამბობთ. მას, თავისი წმინდა უხვმოწყალების გამო სურს, საკუთარ ნეტარებას აზიაროს სხვებიც - მის მიერ შექმნილი არსებებიც, - ანგელოზებიც და ადამიანებიც. არავინ არასდროს შექმნილა ჯოჯოხეთისთვის, და ბოროტებაში გახევებული ცოდვილის დაღუპვა არაფრით აუქმებს იმ ფაქტს, რომ ღმერთმა იგი მარადიული ნეტარებისთვის შექმნა. ამის განმარტება შეიძლება მაგალითებით.
 
ბოროტმოქმედს შეუძლია სახრახნისითაც ("отвертка") ჩაიდინოს მკვლელობა; მაგრამ სახრახნისი არასდროს შექმნილა მკვლელობის იარაღად. ის შეიქმნა, როგორც შემოქმედებითი საქმის ინსტრუმენტად. მის შემქმნელებს არასდროს მიუციათ მისთვის დანაშაულის ჩადენის დანიშნულება. მხოლოდ დამნაშავის ბოროტი ნებით იქცევა იგი იარაღად.
 
ასევე, ნიჭებიც, რომლებიც ღვთისგან მივიღეთ - მათ შორის თვით ჩვენი არსებობაც - არასდროს ყოფილა განკუთვნილი ბოროტებისა და დაღუპვისთვის.
 
ღმერთმა ადამიანს მისცა გონი – რათა შეეცნო ღმერთი, მის მიერ შექმნილი ქვეყანა და თვითონაც შეექმნა რაღაც კეთილი. მაგრამ ადამიანს შეუძლია თავისი გონი ბოროტისთვის გამოიყენოს. მას შეუძლია საზრიანი იყოს ბოროტებაში და მზაკვრულ გეგმებს აწყობდეს. მაშ, აუქმებს თუ არა ეს გონის თავდაპირველ, კეთილ დანიშნულებას? რა თქმა უნდა, არა.
 
თუკი ადამიანი ხელებს სხვების საცემად იყენებს, ენას კი – ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, ეს არ აუქმებს იმას, რომ მისი ხელებისა და ენის დანიშნულება სულ სხვაა. ისინი ამისთვის არ შექმნილა.
 
ასევე, ადამიანსაც მთლიანად შეუძლია ღრმად დაამახინჯოს საკუთარი თავთან დაკავშირებული განგებულება - მაგრამ ეს არ აუქმებს იმას, რომ თავდაპირველი განგებულება მასთან მიმართებაში კეთილია. ნებისმიერი ცოდვა ნიშნავს, რომ ჩვენთან დაკავშირებული ღვთის ნების წინააღმდეგ ვმოქმედებთ - და ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთისა და დანიშნულების წინააღმდეგაც. დაღუპული სულები ირჩევენ არა იმას, რაც ღმერთმა განიზრახა მათთვის.
 
ღმერთი ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი ქმნილებები მიიყვანოს თავიანთ ჭეშმარიტ და მარადიულ ნეტარებამდე - რომლის მოპოვებაც მხოლოდ მასში და მისი მადლით შეგვიძლია.


ბედნიერების დაძალება შეუძლებელია
 
ამ ნეტარების დაძალება შეუძლებელია - ისევე, როგორც შეუძლებელია ჭეშმარიტი ბედნიერების დაძალება ზოგადად. შეუძლებელია ადამიანი გახადო ბედნიერი ქორწინებაში, ან მეგობრობაში, ან შემოქმედებაში მისი თანხმობის გარეშე - უფრო მეტიც, მისი მონაწილეობის გარეშე.
 
ბედნიერი რომ იყო, აუცილებელია ფლობდე თავისუფალ ნებას - ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ სრულიად აუცილებელი პირობაა.
 
არსება, რომელსაც არ გააჩნია პირადი ნების თავისუფლება - მაგალითად, კურდღელი - შეიძლება განიცდიდეს სიამოვნებას ან ტკივილს, შიშს ან კმაყოფილებას. მაგრამ არა ბედნიერებას. ბედნიერებისთვის აუცილებელია თავისუფალი, თვითშეგნებული პიროვნება.
 
ხოლო ასეთ პიროვნებას შეუძლია უარის თქმაც. ეს არის საშინელი, წარმოუდგენელი სისულელე - უარყო ის მარადიული ნეტარება, რისთვისაც შეგვქმნეს - მაგრამ ჩვენ მას მუდამ ვიმეორებთ, კვლავ და კვლავ. როგორც კ. ს. ლუისმა შენიშნა: "კაცობრიობის მთელი ისტორია ეს არის ღმერთის გარეშე ბედნიერების პოვნის მტანჯველი და ამაო ცდების ისტორია".
 
ბიბლია მრავალგზის ამბობს, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანის გადარჩენა და ჭეშმარიტების შეცნობამდე მათი მისვლა (1 ტიმ. 2:4). არავინ და არასდროს შექმნილა მარადიული წარწყმედისთვის. ღმერთმა თითოეული ადამიანი დედის საშვილოსნოშივე ქსოვილებით გამოქარგა და თითოეულს მარადიული და ნეტარი ცხოვრებისკენ მოუწოდა.
 
როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველი ამბობს: "განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს" (ეზეკ. 18:23). "ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ" (2 მეფ. 14:14).
 
ღმერთი ყოველნაირად ცდილობს თავისი ყველა ქმნილების გადასარჩენად. მისი განგებულება იმდენად შორს მიდის, რომ ის ადამიანი ხდება და იღებს მტანჯველ სიკვდილს თავისივე ქმნილებების ხელით, რათა ისინი მარადიულ და ნეტარ ცხოვრებაში დააბრუნოს. როგორც მახარებელი ამბობს:
 
"ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 3:16).
 
მაგრამ ღვთის ეს მაცხოვნებელი მოქმედებები არაფრით არ გვაკარგვინებს თავისუფლებას – შესაბამისად, ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ხსნას.
 
წმიდა წერილი გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ბოლომდე გაჯიუტდება და საუკუნოდ დაიღუპება. ეს საშინლად ჟღერს - და ეს უნდა გვაშინებდეს კიდეც, - მაგრამ ასეთია რეალობა. გადასარჩენად საჭიროა დამორჩილდე და მიენდო ღმერთს. ეს თავისუფალი ნების აქტია, და ჩვენ ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ ყველა ადამიანი შეასრულებს მას. თქვენ არ შეგიძლიათ გარანტირებულ ჰყოთ სხვისი თავისუფალი არჩევანი.
 
წარწყმედა - ჯიუტ და გასასტიკებულ ცოდვილთა არჩევანია და არა ღმრთისა. წინასწარმეტყველები მუდამ გლოვობენ ადამიანთა ბოროტებაში გასასტიკებას, რითაც ისინი საკუთარ თავს იღუპავენ - მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი განუწყვეტლივ არწმუნებს მათ, შეიცვალონ გზა: "ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო" (იერ. 6:16).
 
როგორც მაცხოვარი ეუბნება ფარისევლებს: "თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ" (იოან. 5:40).
 
განჭვრეტს თუ არა ღმერთი ასეთ შედეგს? დიახ. მას გააჩნია ყოვლისმცოდნეობა, და მისთვის არაფერია მოულოდნელი. მან ზუსტად იცის, ვინ მიიღებს ღმერთს საბოლოოდ და ვინ დარჩება ბოლომდე გახევებული ღმრთის უარყოფაში.
 
მაგრამ - კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ - მოუნანიებელი ცოდვილების დაღუპვა მათი არჩევანია და არა ღმრთისა.


იქნებ ჯობდა, არ შექმნილიყვნენ?
 
შეეძლო თუ არა ღმერთს წინასწარ გამოერიცხა ყოფიერებიდან ისინი, ვინც საბოლოოდ უარყოფს მას და დაიღუპება? ამის გასარკვევად, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ.
 
ღმერთს არ შეუძლია შექმნას ის, რაც ლოგიკურად აბსურდულია.
 
ზოგჯერ ამბობენ: "განა ღმერთი ვალდებულია დაემორჩილოს ლოგიკას?" მაგრამ ეს მცდარად დასმული კითხვაა. ლოგიკა ეხება ჩვენს ენას - და გვაძლევს საშუალებას, განვასხვავოთ აზრიანი გამონათქვამები უაზროთაგან.
 
შეუძლია თუ არა ღმერთს, მაგალითად, შექმნას მრგვალი კვადრატი? არა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ღვთის შესაძლებლობები შეზღუდულია, არამედ იმიტომ, რომ გამოთქმა "მრგვალი კვადრატი" (ყოველ შემთხვევაში, ქართულ ენაში) არ ნიშნავს არაფერს, რაც პრინციპში შეიძლებოდა შექმნილიყო - ეს უაზრო ფრაზაა.
 
ღმერთს არ შეუძლია შექმნას ნათელი სიბნელე, ან ცხელი სიცივე, ან თხევადი ვერძი, რომელიც წვეტიან ცაში დაფრინავს - რადგან ეს მოთხოვნები შეიცავს წინააღმდეგობებს განსაზღვრებებში და, შესაბამისად, უაზროა.
ამგვარ უაზრო მოთხოვნათა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე "ქვეყანა, რომელშიც ადამიანები (და ანგელოზები) თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში, მაგრამ არ არსებობს არავინ, ვინც არასწორ არჩევანს გააკეთებდა".
 
თავისუფალი ნება ნიშნავს, რომ ადამიანი თავად არის თავისი გადაწყვეტილებების ავტორი - არავინ, თვით ღმერთიც კი, არ განსაზღვრავს მის არჩევანს მის ნაცვლად.
 
თუკი თქვენ არსებობთ ქვეყნიერებაში, საიდანაც წინასწარ გამორიცხულია ყველა დაღუპული, თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ არასწორი არჩევანის გაკეთებას - რადგან თავად თქვენი არსებობის ფაქტი იქნებოდა მიმანიშნებელი იმისა, რომ აუცილებლად სწორად აირჩევთ.
 
ეს იგივეა, რომ გვეთქვა: "თქვენ გაქვთ თავისუფალი არჩევანი - დაქორწინდეთ ან დარჩეთ უცოლოდ. მაგრამ რადგან ღმერთმა წინასწარ გამორიცხა ყოფიერებიდან ყველა, ვინც უცოლოდ რჩება, თქვენ აუცილებლად დაქორწინდებით". ეს უაზროს ხდის თვით "თავისუფალი არჩევანის" ცნებას.
 
ნამდვილი არჩევანი თუ არსებობს - მიმართო ღმერთს ან უარყო იგი, - ზოგიერთი არასწორად აირჩევს. ეს მათი არჩევანია, და ღმერთმა, რა თქმა უნდა, იცის მის შესახებ, მაგრამ აძლევს მათ ამისი გაკეთების შესაძლებლობას.


უყვარს თუ არა ღმერთს ისინი, ვინც დაიღუპება?
 
ზოგჯერ მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ, რომ ღმერთს უყვარს კეთილი ადამიანები და სძულს ბოროტები, მაგრამ ეს ასე არ არის. ღმერთს უყვარს მთელი მისი ქმნილება - კეთილი ადამიანებიც და ბოროტებიც, წმიდა ანგელოზებიც და დაცემულებიც. მას "თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც" (მათ. 5:45).
 
ყოველივე არსებული მისი სიყვარულით არის დაცული ყოფიერებაში - ვერავინ და ვერაფერი ვერ იარსებებდა მომდევნო წამშიც კი, რომ არა მისი კეთილნებელობა.
 
ყოველი მომდევნო ამოსუნთქვა, რომელსაც აკეთებს ადამიანი (თვით ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი), ღვთის სიყვარულის ძღვენია. "ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ" (საქმე 17:28).
 
ქმნილება სიყვარულის საქმეა. მაგრამ ღვთის სიყვარული უფრო შორს მიდის - ღმერთი ხდება ადამიანი, იესუ ქრისტეს პიროვნებაში იღებს ტანჯვასა და სიკვდილს ბოროტ, გარყვნილ, ღვთისა და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ცოდვილთა გულისთვის. როგორც მოციქული ამბობს: "ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი. ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა, მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიერ" (ტიტ. 3:3-6).
 
ღმერთს უყვარს დაღუპული სულები ჯოჯოხეთში, ღმერთს უყვარს სატანაც და დემონებიც. ღმერთს არ გააჩნია სიძულვილი არც ერთი თავისი ქმნილების მიმართ. აბსოლუტურად ყოველივე შექმნილი ჩაძირულია მისი სიყვარულის ოკეანეში და სხვანაირად ვერც იარსებებდა.
 
მაგრამ ეს სიყვარული ყოველთვის პიროვნული ხასიათისაა და სხვადასხვაგვარად ვლინდება მის სხვადასხვა ქმნილებათა მიმართ.
 
კეთილი ანგელოზებისა და ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ ღვთის სიყვარული, კერძოდ, იმაში ვლინდება, რომ მას სურს ისინი სრულჰყოს სიკეთეში. დაცემული ანგელოზებისა და მოუნანიებელი ცოდვილების მიმართ ეს სიყვარული, სხვა საკითხებთან ერთად, იმაში ვლინდება, რომ ღმერთი ზღუდავს მათ ჩამოცურებას უარესი და უმეტესი ბოროტებისკენ.
 
თვით მარადიული განკითხვაც "ეშმაკისა და მისი ანგელოზებისა" არის სიყვარულის გამოვლინება - ღმერთი აღმართავს ბარიერს იმ ბოროტების გზაზე, რომელსაც ისინი საკუთარ თავსა და სხვა ქმნილებებს აყენებენ. თვით ბოროტთა თვალსაზრისით, ეს ბარიერი ტანჯვის წყაროა, მაგრამ სინამდვილეში ღვთის სიყვარული მასშიც ვლინდება.
 
ერთი და იგივე რეალობა შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც სიყვარულად, ისე რისხვად - იმისდა მიხედვით, თუ რომელი მხრიდან შევხედავთ მას. ერთხელ ვესაუბრე ერთ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდობაში, 1990-იან წლებში, ბანდიტი გახდა. ის "დგამდა მეწარმეებს მრიცხველზე" და მონაწილეობდა სისხლიან დაპირისპირებებში, რომლებშიც მისი კრიმინალი "კოლეგები" იღუპებოდნენ. საბოლოოდ ის შეიპყრეს, გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს.
 
ეს, უდავოდ, ძალზედ მტანჯველი გამოცდილება იყო - ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის გარშემორტყმული იყო შიშით აღვსილი პატივისცემით, ჭამდა ძვირადღირებულ რესტორნებში, ყიდულობდა "ელიტური" მეძავების მომსახურებას, ახლა კი იძულებული იყო ციხის ბალანდა ეჭამა და მის მკაცრ წესებს დამორჩილებოდა.
 
ღვთის რისხვამ - და ადამიანურმა რისხვამაც - საბოლოოდ სძლია მის ურჯულოებას. ის მძაფრ სიძულვილს განიცდიდა მათ მიმართ, ვინც ის ციხეში გამოამწყვდია, და ფიცულობდა, რომ საშინლად იძიებდა შურს მათზე, როცა თავისუფლებაში გავიდოდა.
 
მაგრამ, ციხეში მან მოისმინა სახარების ქადაგება. დაფიქრდა საკუთარ ცხოვრებაზე. მოინანია და თავისუფლებაში სრულიად სხვა ადამიანად გავიდა. შეიცვალა მისი დამოკიდებულებაც ციხეში გატარებული გამოცდილების მიმართ. ახლა იგი მადლიერებით იხსენებს, რომ ციხეში ჩასვეს და ამით იხსნეს ბოროტებაში შემდგომი ზრდისაგან. ის ხვდება, რომ სწორედ ღვთის სიყვარულმა, რომელიც მის ხსნას ეძიებდა, დაუშვა მისი დაპატიმრება. "ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ... კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი" (ფსალ. 118:67, 71).
 
გაბოროტებული დამნაშავის თვალსაზრისით, რომელიც პატიმრობაშია, ის იტანს მძვინვარებასა და რისხვას და მძიმე სასჯელს; ხოლო მონანიებული დამნაშავის თვალსაზრისით, რომელმაც საგნებზე ჭეშმარიტი წარმოდგენა შეიძინა, ეს იყო ღვთის სიყვარულის მხსნელი საქმე.
 

გამწარებული ცოდვილი სიყვარულს რისხვად აღიქვამს
 
მაგრამ რა მოხდებოდა, თუ დამნაშავე არ მოინანიებდა, არამედ გახევდებოდა თავის სიამაყეში, ბოროტებასა და სიძულვილში, და მხოლოდ იმაზე იოცნებებდა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა?
 
ვაი, რომ ასეც ხდება. იქნებოდა თუ არა მისი სასჯელი ღვთიური განგების სიყვარული მის მიმართ? დიახ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში განგება შეზღუდავდა მის ზრდას ბოროტებაში და დაიცავდა სხვა ადამიანებს.
 
ის, რაც ღვთის (და ადამიანის, რომელიც ღვთის მხარეს დადგა) მხრიდან გამოიყურება როგორც სიყვარულისა და წყალობის საქმე, ბოროტმოქმედის მხრიდან გამოიყურება როგორც სიძულვილისა და რისხვის გამოვლინება: ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის, ამაყი და თვითკმაყოფილი, დროს ძვირადღირებულ რესტორნებში ბრწყინვალე ქალებთან ერთად ატარებდა, ახლა კი დადის ციხის დერეფანში, და ხელები ზურგს უკან დაულაგებია.
 
ერთხელ სასამართლო ფსიქიატრის წიგნს ვკითხულობდი სოციოპათებზე - ადამიანებზე, რომელთაც ხასიათის უმძიმესი დეფექტები აქვთ და ავლენენ მუდმივ უხალისობას, არ სურთ მშვიდობიანად იცხოვრონ სხვებთან და პატივი სცენ კანონს. ის ახსენებდა სიტუაციას, როდესაც მშობლებმა პოლიციას გადასცეს საკუთარი შვილი - სერიული მკვლელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ის არ უყვარდათ - რა თქმა უნდა, უყვარდათ, თუმცა, მან ისინი სრულიად დატანჯა. მაგრამ ისინი (სამართლიანად) თვლიდნენ, რომ ცხოვრების დარჩენილი ნაწილის ციხეში გატარება უკეთესი იქნებოდა, როგორც მისი პოტენციური მსხვერპლებისთვის, ასევე მისთვისაც.
 
რადგან მათი შვილი მკვლელი იყო, მოსიყვარულე მშობლებს სურდათ ის სამი ადამიანის მკვლელად მაინც დარჩენილიყო და არა ოცდაათისა. შვილი შეიძლება იყოს ისეთი, რომ ყველაზე საუკეთესო, რისი გაკეთებაც მოსიყვარულე მშობლებს მისთვის შეუძლიათ, მისი ციხეში გაგზავნაა. რა თქმა უნდა, ის ამას საშინელ ღალატად აღიქვამს - ასეთი სახის მძიმე სოციოპათები ხომ არასოდეს არაფერში ადანაშაულებენ საკუთარ თავს, - მაგრამ ეს, შესაძლოა, მართლაც ყველაფერი იყოს, რისი გაკეთებაც მისთვის შეიძლება.
 
სიყვარულს ყოველთვის არ სურს, რათა საყვარელი კმაყოფილი იყოს. წარმოიდგინეთ მამა, რომლის წინაშეც არჩევანი დგას: შენი შვილი შეიძლება გახდეს ნარკობარონი, ფლობდეს ძალაუფლებასა და სიმდიდრეს, ტკბებოდეს ყველა იმ სიამოვნებით, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, და საერთოდ ცხოვრობდეს სრულ კმაყოფილებაში, ან იყოს ღარიბი და პატიოსანი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მძიმედ იშრომებს.
მოსიყვარულე მამა ამჯობინებს შვილისთვის ღატაკ, მაგრამ პატიოსან ცხოვრებას - რადგან სიყვარულს სურს არა მხოლოდ ის, რომ საყვარელი კმაყოფილი იყოს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის იყოს კეთილი ადამიანი.
 
ბოროტმოქმედად ყოფნა ტანჯვაზე უფრო საშინელია, თუმცა ბოროტმოქმედები ამას ვერ ხვდებიან. ცოდვა იმდენად ამახინჯებს ადამიანის აღქმას, რომ საკუთარი ქცევის შედეგებთან შეჯახებისას ცოდვილი საკუთარ თავს უსამართლობის მსხვერპლად ხედავს.
 
ერთხელ ვმუშაობდი ორგანიზაციაში, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელიც გამუდმებით შარზე იყო, აკრიტიკებდა სხვებს და ყველას ამცირებდა, რითაც აუტანელ ატმოსფეროს ქმნიდა. მცდელობებს, დაეყოლიებინათ, რათა მოთმინებით გაერკვიათ და დაელაგებინათ კონფლიქტები, შედეგი არ მოჰქონდა. დიდხანს, საკმაოდ დიდხანს ითმენდნენ მას, შემდეგ კი საბოლოოდ გაათავისუფლეს. ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინათ. ზედმეტად დიდხანს იყენებდა ის ბოროტად სხვების სიკეთეს, მშვიდობიანობასა და მოთმინებას. მაგრამ თვითონ ის სიტუაციას სრულიად სხვანაირად ხედავდა - თვალთმაქცმა, მატყუარა და უთვისტომო ადამიანებმა შეიპყრეს და გააძევეს იგი, სამართლიანი და ღვთისმოსავი ადამიანი, თითქმის წმინდანი, რომელიც სიმართლისთვის დაზარალდა.
 
ასე ხდება – ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას უსამართლოდ ავიწროებენ და დევნიან, მაშინ როდესაც სინამდვილეში მის მიმართ უდიდეს სულგრძელობას იჩენენ.
 
იმას, რაც სინამდვილეში სიყვარულისა და შეწყნარების გამოვლინებაა, ცოდვაში გახევებული ხედავს როგორც სიძულვილს, მძვინვარებასა და რისხვას.
 

იქნებ არარსებობა ჯობდეს ჯოჯოხეთს?

მაგრამ საერთოდ ღირდა თუ არა ისეთი ქვეყნიერების შექმნა, რომელშიც ზოგიერთი გონიერი ქმნილება უარყოფს ღმერთს და გარესკნელის ბნელში წავა? დიახ. ღვთის ქმნილება არის კეთილი ძღვენი, რომლითაც გადარჩენილნი მარადიულად იხარებენ. მაგრამ თვით წარწყმედილთათვისაც კი არსებობა სიკეთეა. ჩვენთვის ეს შეიძლება უცნაურად ჩანდეს - ჩვენ გვგონია, რომ "მარადიულ ტანჯვას" ყველა არარსებობას ამჯობინებდა. ზოგიერთ რელიგიურ თემს სწამს, რომ ღმერთი უბრალოდ გაანადგურებს მოუნანიებელ ცოდვილებს, დააბრუნებს მათ არარსებობაში, საიდანაც ისინი აღმოწოდებულნი იყვნენ.
 
მაგრამ რას ნიშნავს არარსებობის უპირატესობა? კლინიკური დეპრესიით ან ფიზიკური ტკივილით გამოფიტულმა ადამიანმა შეიძლება თვითმკვლელობა ჩაიდინოს – მაგრამ არა იმიტომ, რომ მას არარსებობა სურს, არამედ იმიტომ, რომ ტანჯვისგან თავის დაღწევა ნებავს. ის თუ როგორმე მოიშორებს ტანჯვას (ან თუნდაც ისწავლის მასთან ერთად ცხოვრებას), მისი გაქრობის სურვილიც მოისპობა. ეს არ არის არარსებობისკენ სწრაფვა, როგორც ასეთისა.
შესაძლებელია უფრო მძიმე შემთხვევაც – სიძულვილი საკუთარი თავის და სხვების მიმართ, როგორც მსროლელის შემთხვევაში, რომელიც შეიარაღებული მიდის ხალხმრავალ ადგილას და კლავს ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება, შემდეგ კი საკუთარ თავსაც იკლავს. სიძულვილს შეიძლება სურდეს არარსებობა – მაგრამ ეს არ იქნებოდა სიკეთე. თვით ყველაზე მოძულე ადამიანისთვისაც კი.
 
ცოდვილის აღშფოთება ღმერთისა და მოყვასის მიმართ შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ მას შეიძლება არარსებობა უნდოდეს - განსაკუთრებით მაშინ, თუ ამით ის როგორმე დააზარალებს თავის "მტრებს". სავსებით შესაძლებელია, რომ ჯოჯოხეთში დაღუპული სულები მოისურვებდნენ გაქრობას - ღმერთის და საკუთარი თავის სიძულვილის გამო. მაგრამ ღმერთი არ ანადგურებს მათ - რადგან ის სიძულვილს სრულიად მოკლებულია.
 
ღვთის სიყვარული დაუდებს ზღვარს განუკურნებელ ბოროტებას, გამოუჩენს უკანასკნელ წყალობას მათ, ვინც სხვაგვარი წყალობის გამოჩენის შესაძლებლობას არ აძლევს, მისცემს მათ იმდენ სიკეთეს, რამდენის მიღებაც მათ შეუძლიათ. რადგან არსებობა არის სიკეთე, ჭეშმარიტების შეცნობა არის სიკეთე, ბოროტებაში ზრდის გზაზე შეჩერება არის სიკეთე.
 
ის, რასაც თვით ბოროტები აღიქვამენ როგორც მტანჯველ სასჯელს, იქნება შედეგი არა იმისა, რომ ღმერთს სძულს ისინი და სურს მათი ტანჯვა - ეს არანაირად არ არის ასე, - არამედ იმისა, რომ ცოდვამ უკიდურესად დაამახინჯა მათი რეალობის აღქმა. ასეთია ცოდვის საშინელი დაბნელება.

ღმერთს არ გააჩნია სიძულვილი არც ერთი თავისი ქმნილების მიმართ - და ეს სრულიად უცხოა მისი ბუნებისათვის. იგი არ შლის ყოფიერებიდან არც დაღუპულ სულებს, არც სატანას და დემონებს - რადგან მათი ამჟამინდელი მდგომარეობითაც კი ისინი მისი სიყვარულის საგნად რჩებიან.


წყარო: azbyka.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому