სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" მიხედვით
შინაარსი:
ავტორი: კამენეც-პოდოლსკისა და ბრაცლავის ეპისკოპოსი ამბროსი (პოლიანსკი).
წინათქმა
შესავალი
წინასწარი ცნობები ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" შესახებ - თხზულების გაჩენის ისტორიული ვითარებები, მისი მნიშვნელობა, მიზანი, ამოცანა, გეგმა, შინაარსის დაყოფა. ჩვენი ნაშრომის წყაროები და სახელმძღვანელოები.
თავი I
სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ
თავი II
ღმრთის სასუფევლის სახელწოდება მის შესახებ ავგუსტინეს სწავლებაში
თავი III
ღმრთის სასუფევლის შინაგანი ბუნება, არსი და გარეგანი ისტორია ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით
ა. ღმრთის სასუფევლის მეფე და მისი თვისებები
ბ. ღმრთის სასუფევლის ქვეშევრდომები და მათი დახასიათება. მიწიერი სასუფევლის საწყისი ისტორია, მისი წევრები და მათი დახასიათება
თავი IV
ღმრთის სასუფევლის "საიდუმლონი" მის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში. მიწიერი სასუფეველი.
თავი V
დამატებითი შენიშვნები ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთან დააკვშირებით ღმრთის სასუფეველზე და დეკ. სვეტლოვის შეხედულება ამ სწავლებაზე
დასკვნა
ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მნიშვნელობა ღმრთის სასუფეველზე დედამიწაზე ოქროს საუკუნის დამყარების თანამედროვე მოლოდინებთან მიმართებაში
***
წინათქმა
საკითხი ღმრთის სასუფევლის შესახებ ჩვენს საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ნაკლებად დამუშავებულია, თუმცა, ახალი აღთქმის ამ სფეროში შრომები ჯერაც გაგვაჩნია. სამაგიეროდ წმიდა ეკლესიის მამათა და მოძღვართა თხზულებების გამოკვლევები საერთოდ არ გვაქვს. არის მხოლოდ ერთი თხზულება, რომელიც თავის მიზნად ისახავს ნეტ. ავგუსტინეს სრული მსოფლმხედველობის გადმოცემას. ჩვენ ვგულისხმობთ თავად ევგენი ტრუბეცკოის ნაშრომს: "დასავლური ქრისტიანობის რელიგიურ-საზოგადოებრივი იდეალი V საუკუნეში. ნაწილი I. ნეტ. ავგუსტინეს მსოფლმხედველობა". ამ ნაწარმოების ერთი ნაწილი, სხვათა შორის, წარმოადგენს ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გადმოცემას ღმრთის სასუფველზე მისი თხზულების "ღმრთის ქალაქის" მიხედვით. მაგრამ ეს არის მთლიანი გამოკვლევის მხოლოდ ნაწილი, რომელიც თავის სპეციალურ მიზნად არ ისახავს ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების სრულ დამუშავებას. ეს უკანასკნელი (სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ) აქ გადმოცემულია მოკლედ, მხოლოდ ზოგადად. თანამედროვე რუსულ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ღმრთის სასუფევლის შესახებ ამგვარი გამოკვლევის არარსებობის გამო ყოველგვარი ძალისხმევა, რომელიც სპეციალურად მიმართული იქნებოდა ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა თხზულებების მიხედვით ღმრთის სასუფევლის შესახებ სწავლების განსახილველად, ძლიერ სასურველია.
თანამედროვე საერო ლიტერატურის ამ მიმართულებას საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებსაც თუ მივუერთებთ, ნაშრომის შექმნის სურვილი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ცნობილია, რომ ბოლო დროს ყველგან შეინიშნება ადრინდელი იდეალებისგან საზოგადოების მობრუნება და ახლის ძიება, საგანთა აწმყო მდგომარეობით უკმაყოფილება და ცხოვრების განახლების წყურვილი. ტანჯვამ და მონობამ შეურაცხყო კაცობრიობა, რაც მას ძლიერ მოყირჭდა; ის ეძებს, ელის შემსუბუქებას, სიმშვიდეს, განახლებას; ის თავის ცნობერებასა და გულში ღმრთის სასუფეველს და დედამიწაზე ოქროს საუკუნეს ნატრობს.
ლიტერატურა, როგორც ყოველთვის, ასახავდა რა ამ ოცნებებს, საზოგადოების მოლოდინებს, ამავდროულად მას სთავაზობდა ეს ოცნებები ცხოვრებაში, რეალურ ყოფიერებაში გადაეტანა. დღეს ბევრია კაცობრიობაზე მზრუნველი. ყველა მათგანს ერთმანეთში რაღაც საერთო გააჩნიათ, მომავალი ოქროს საუკუნე დედამიწაზე უხეშ-გრძნობით, მატერიალურ კეთილდღეობად წარმოუდგენიათ.
მათი აზრით, ღმრთის სასუფეველი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ამ მიწიერი ცხოვრების სიკეთეებით დაუბრკოლებლად ისიამოვნებენ იმ ზომით, რა ზომითაც შეძლებს ამას თითოეული მათგანი. ღმრთის სასუფევლის განხორციელების საშუალებებთან დაკავშირებით კი ჩვენს რუსულ ლიტერატურაში შეიძლება აღვნიშნოთ რამოდენიმე მიმართულება. ასე, მაგალითად, ლ. ნ. ტოლსტოი თავისი მიმდევრებითურთ დედამიწაზე ღმრთის სასუფევლის დაფუძნების ერთადერთ პირობად მიიჩნევს ბოროტებისადმი თავის წინაღუდგომლობას თავისი სახარების სხვა მცნებებთან ერთად. "პროგრესისტები" დედამიწაზე ოქროს საუკუნის დამყარების მთელ სასოებას უკავშირებენ მხოლოდ კაცობრიობის ბუნებრივ პროგრესს, მისი ცხოვრების ყველა სფეროში. მარქსისტები დედამიწაზე უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საშუალებას ხალხის ეკონომიკური ცხოვრების პირობების გარდაქმნაში ხედავენ. და ბოლოს, ე. წ. სოციალ-დემოკრატები - საზოგადოების გარდაქმნაში, ქვეყნის სახელმწიფოებრივი წესრიგის შეცვლაში, და მნიშვნელობა არა აქვს მათთვის მშვიდობიანი გზით განხორციელდება ეს თუ ძალადობრივი გზით.
ყველა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, ღმრთის სასუფევლის საკითხის გამოკვლევას ეკლესიის მამათა და მოძღვართა სწავლებების მიხედვით ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ ამ მიმართულებათა წარმომადგენლებს აჩვენებს, თუ როგორ ესმით ღმრთის სასუფეველი ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს, აქედან გამომდინარე, როგორი საშუალებები შეიძლება არსებობდეს მისი (ღმრთის სასუფევლის) განსახორციელებლად დედამიწაზე და რა ზომით არის შესაძლებელი ის (ღმრთის სასუფეველი) დედამიწაზე; ამ ყველაფრით კი აჩვენებს, სწორად ესმით თუ არა ღმრთის სასუფეველი მის თანამედროვე მაძიებლებს, სწორ საშუალებებს გვთავაზობენ თუ არა დედამიწაზე მის დასაფუძნებლად და, აქედან გამომდინარე, შეუძლიათ თუ არა ელოდონ მას, თუ მათი ოცნებები ოცნებებადვე უნდა დარჩეს.
ძვირფას თანამემამულეთა ყურადღებას მივაპყრობთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების შეძლებისამებრ განხილვას ღმრთის სასუფეველზე, როგორც ის არის გადმოცემული მის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ". ნეტარი ავგუსტინეს სწავლებას სწორედ იმიტომ გთავაზობთ, რომ მის სწავლებას ეკლესიის სხვა მოძღვრებთან შედარებით, მიცემული აქვს დასრულებული სახე: ეკლესიის ყველა მამათა და მოძღვართაგან მხოლოდ ნეტარმა ავგუსტინემ დაწერა სპეციალური ტრაქტატი ღმრთის სასუფევლის შესახებ.
შესავალი
წინასწარი ცნობები ნეტ. ავგუსტინეს თხზულებაზე "საღმრთო ქალაქის შესახებ" - თხზულების გამოჩენის ისტორიული ვითარებები, მისი მნიშვნელობა, მიზანი, ამოცანა, გეგმა და შინაარსის დაყოფა. ჩვენი თხზულების წყაროები და სახელმძღვანელოები.
ვფიქრობთ, ზედმეტია ნეტ. ავგუსტინეს მშვენიერი და იშვიათი ბიოგრაფიის აქ გადმოცემა: ღმრთის სასუფევლის შესახებ მისი სწავლების მართებული გაგებისთვის, შედეგად კი, ჩვენი ნაშრომისაც, მისი ცხოვრების ფაქტებს უშუალო მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ხოლო მისი ცხოვრებით დაინტერესებულთ, შეუძლიათ მას გაეცნონ საკუთრივ მისავ "აღსარებაში", და სხვადასხვა ავტორთა მრავალ წიგნებში, რომლებიც მოკლედ თუ უფრო ვრცლად გადმოსცემენ დიდი იპონიელი ეპისკოპოსის ცხოვრების ვითარებებს. ჩვენ კი პირდაპირ შევუდგების მისი თხზულების "საღმრთო ქალაქის" განხილვას და რამოდენიმე ცნობას მხოლოდ მის შესახებ გაცნობებთ. ჩვენ აქ გავიგებთ თხზულების გამოჩენის ისტორიულ ვითარებებს, მის მნიშვნელობას, მიზანს, ამოცანას, გეგმას და ა. შ. ეს ყოველივე კი ნათელს მოჰფენს თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას ღმრთის სასუფევლის შესახებ.
ნეტ. ავგუსტინეს ხსენებული თხზულების გაჩენის ისტორიული ვითარებებისა და წარმართობასთან ბრძოლის მისი მნიშვნელობის გამოსარკვევად, საჭიროა, შეძლებისდაგვარად, მთელი სისრულით განვიხილოთ ისტორიული ვითარებები და ქრისტიანობისა და წარმართობის დაპირისპირების მდგომარეობა იმ პერიოდში, რომელიც წინ უძღოდა მის გამოჩენას. მაგრამ რადგან ეს უკანასკნელი ნაშრომი (იხ.М. Красин "Творение блаженного Августина "De civitate Dei" как апология христианства в его борьбе с римским язычеством". Казань, 1873) გაკეთდა ჯერ კიდევ ჩვენამდე, არასაჭირო განმეორებების თავიდან ასაცილებლად დასაშვებად მივიჩნევთ არ გადმოვცეთ იგი მთელი სისრულით, არამედ მხოლოდ მოკლედ მივანიშნოთ ის მდგომარეობები, რომლებიც საკმარისი სიცხადით მიუთითებენ ავგუსტინეს თხზულების გამოჩენის მიზეზებსა და ვითარებებს.
ეს მდგომარეობები შემდეგია.
როდესაც ქრისტიანობა გაცნდა, წარმართობას ნებსით თუ უნებლიედ თავისი დამოკიდებულება უნდა გამოემჟღავნებინა მისდამი. თავიდან მან ქრისტიანობას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ქრისტიანობას იუდეველობის ერთ-ერთ სექტად მიიჩნევდა. მაგრამ ქრისტიანობის ახლოს გაცნობამ წარმართებს აჩვენა, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება: მისი ტენდენციები საკმაოდ დიდია, და რაც მთავარია - რომაელ წარმართებს ენათესავება (ჩვენც სწორედ ქრისტიანობასთან მათი დამოკიდებულება გვაინტერესებს). ეს უკანასკნელნი, როგორც ცნობილია, სრულიად იყვნენ გატაცებულნი სახელმწიფოთი. ისინი ყველაფერ დანარჩენს მას სწირავდნენ.
რომაელი წარმართებისთვის სახელმწიფო საკუთრივი აზრით ღმერთიც კი იყო, მისი განხორციელება კი - იმპერატორი გახლდათ. მსოფლიო მონარქია - აი ძველ რომაელთა სანუკვარი ოცნება. ქრისტიანობაც სწორედ იმას აცხადებდა, რომ ის მოწოდებულია დაიპყროს ყველა ხალხი. წარმართთაგან ზოგმა მას საკუთარი მიზნის განხორციელების საშუალებად მიიჩნია, რადგან იმ დროისთვის წარმართობა უკვე გაცვდა, დაძველდა და ამიტომაც ქრისტიანობაში გადავიდნენ; სხვები კი, პირიქით, მას შეხვდნენ, როგორც საშიშ მეტოქეს ერთსა და იმავე საქმეში და, რა თქმა უნდა, ყველა ღონეს იყენებდნენ იმისთვის, რათა გზიდან ჩამოეშორებინათ.
იწყება ბრძოლა წარმართობისა ქრისტიანობასთან. პირველ პერიოდში, კონსტანტინე დიდამდე და ქრისტიანობის გამარჯვებამდე, ეს ბრძოლა კონცენტრირებული იყო ამ უკანასკნელის გარეგან მხარეზე - კერძო, საშინაო ცხოვრებაზე, ქრისტიანთა ქცევაზე, ღვთისმსახურებაზე და განსაკუთრებით მათ დამოკიდებულებაზე სახელმწიფოსადმი. ქრისტიანობის შინაგანი მხარე, მისი სწავლა-მოძღვრება, წარმართებს არ აინტერესებდათ.
კონსტანტინე დიდის დროს ქრისტიანობა გაბატონებული რელიგია გახდა. მაგრამ ბრძოლა მაინც არ წყდებოდა. იმპერატორის მიერ ქრისტიანობის მიღებით, წარმართები არ დაიბნენ. თავიანთი ადრინდელი, დაძველებული ნაგებობა მათ ახალ საფუძველზე გადაიტანეს. ასეთ საფუძვლად მათ გამოადგათ ნეოპლატონიზმი - ეკლექტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც წარმოადგენდა ყველა იმდროინდელი რელიგიური და რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების ნაზავს, რომლიდანაც არც ქრისტიანობა გამოირიცხებოდა.
ამ ნეოპლატონიზმით განახლებული წარმართობა ახალი ძალებით აგრძელებს ბრძოლას ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის დროს პირველის რიგებში ქრისტიანობასთან მიმართებაში ჩნდება ორი ძირითადი მიმართულება.
წარმართთაგან ერთი პარტია, კონსერვატიულ-პოლიტიკური, ქრისტიანობისადმი თავის დამოკიდებულებებში ადრინდელ ნიადაგზე იდგა. ქრისტიანობას ის უყურებდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და უარყოფდა მას როგორც რელიგიას, რომელიც სრულებით არ მიესადაგებოდა რომაულ სახელმწიფო წყობილებას. წარმართობამ რომს მისცა დიდება და ბრწყინვალება; მისცემს კი ამ უკანაკსნელს ქრისტიანობა, უცნობია, - აი მათი მთავარი საფუძველი ქრისტიანობის უარსაყოფად.
მეორე პარტია, მეცნიერთა და რაციონალისტთა, ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო შორს წავიდა. მან განიზრახა თავს დასხმოდა ამ უკანასკნელის სწავლა მოძღვრებას, მის ძირითად პუნქტებს. ამგვარად, ამ პარტიაში ბრძოლა ქრისტიანობასა და წარმართობას შორის პირველის გარეგანი მხარიდან მის შინაგან მხარეზე გადადის. ამ ფაზაში ის წინამორბედზე უფრო სერიოზული იყო, მაგრამ მაინც დიდ საშიშროებას ვერ უქმნიდა ქრისტიანობას.
საქმე იმაშია, რომ ნეოპლატონიზმი, რომელმაც ქრისტიანობის მტრები გააღვიძა, მათ მიერ არ ყოფილა ათვისებული, როგორც მთლიანი სისტემა, რომელიმე პირთან ან სკოლასთან მიმართებაში, არამედ ნაგლეჯებად, ნაწყვეტებად. ამის გამო წარმართების თავდასხმა ქრისტიანობაზე ატარებდა კერძო, ცალკეულ ხასიათს, ანუ წარმართები ვერ უარყოფდნენ ქრისტიანობას, როგორც მთლიან დოქტრინას, მის შინაგან საფუძვლიანობას, არამედ თავს ესხმოდნენ მის მხოლოდ ცალკეულ პუნქტებს, რომლებიც მათ განსაკუთრებულად სუსტად მიაჩნდათ. ეს ბრძოლა, პროფ. კრასინის მოსწრებული გამოთქმით, ატარებდა "პარტიზანულ ხასიათს". უფრო საშიში თავდასხმები ქრისტიანობას ელოდა მომავალში.
V საუკუნის დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი დროება რომის სახელმწიფოს ისტორიაში. მეზობელი ველური ტომების თავდასხმები, რომლებიც ამ დროიდან დაიწყო, თითქმის არ წყდებოდა. გუთებმა ალარიხის მეთურობით, ერთი წლის შემდეგ კი რადაგაისის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდეგ უშუალოდ მოჰყვა სტილიქონი, შემდეგ კი ისევ ალარიხი, - სწრაფად დაამხეს რომის ძლიერება. ხოლო რომის იმპერია, ჯერ კიდევ მანამდე, ადრინდელ ხელისუფალთა სულმოკლეობითა და უდარდელობით დაუძლურებული, ვერ იყო შემძლე წარმატებით აღდგომოდა ველურ ტომთა თავდასხმებს და ხანმოკლე, ზოგჯერ წარმატებული წინააღმდეგობისდა მიუხედავად, საბოლოოდ დაეცა.
410 წელს რომი აიღო ალარიხმა და თავის მეომრებს გადასცა გასაძარცვავად. თვით ქალაქი დაინგრა; მცხოვრებლები ზოგი დახოცეს, ზოგს კი პატივი აჰყარეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს; ქონება, ოქრო და ძვირფასი ქვები გაიტანეს; ხელოვნების ძეგლები დაწვეს და გაანადგურეს. ქებული რომი, მთელი მსოფლიოს ეს ამაყი მმართველი, როგორც წარმართები ფიქრობდნენ, ნანგრევებად იქცა. შთაბეჭდილება, რომელიც რომის დაცემამ ქრისტიანებზე, განსაკუთრებით კი წარმართებზე მოახდინა, გამაოგნებელი იყო.
რა იყო ამ საშინელი მოვლენის მიზეზი? აი კითხვა, რომელიც უპირველესად იბადებოდა უკვე გაოგნებული წარმართების გონებაში, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ თავიანთი ისტორიის ყველა მოვლენაში დაენახათ ღმერთების ან წყალობა ან კიდევ სასჯელი. მათ წარმოდგენაში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ორი მიზეზი: პირველი - ღმერთებმა თავიანთი თაყვანისმცემლები დასაჯეს ქრისტიანობის დაშვებისთვის, რომელიც ღმერთებს უარყოფდა; მეორე კი - ქრისტიანთა ღმერთი სჯიდა წარმართებს ქრისტიანობისადმი მათი მტრობისთვის. მაგრამ წარმართებს არ შეეძლოთ დაეშვათ მეორე მიზეზი, რადგან მათთან ერთად გაპარტახების უბედურება თავს დაატყდათ ქრისტიანებსაც. მაშასადამე, რჩება მხოლოდ ერთი - რომი დაეცა ქრისტიანთა მიზეზით. და აი, ნიაღვარივით წამოვიდა ბრალდებები ქრისტიანებზე. ყველანი აღდგნენ ქრისტესა და ქრისტიანთა წინააღმდეგ. ბრალდებებს, გმობებს, ცილისწამებებს, კიცხევას, დაცინვებს დასასრული არ უჩანდა. ქრისტიანობის არსებობა უკვე საფრთხის წინაშე დადგა. ადრე თუ წარმართობა ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების ცალკეულ პუნქტებს ესხმოდა თავს და მშვიდად განიხილავდა მის ავკარგიანობას, ამჯერად მთელი ძალით და ბოღმით დაატყდა მთელ ქრისტიანობას, მის შინაგან მნიშვნელობას, როგორც რომის დაცემის მიზეზს და თავისი აგრესია მისი ყველა პუნქტის წინააღმდეგ მიმართა. "გმობდა და კიცხავდა მათ, როგორც საღ აზრთან შეუთავსებელთ, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი პირობების საწინააღმდეგოს", და ამავდროულად, "საკუთარ რაციონალურ და მისტიკურ დოქტრინებს უპირისპირებდა" (Красин М. С. 140).
რომაელ ღვთაებათა თაყვანისცემა - იმპერიის თავმომწონეობისა და დიდების მიზეზია; ხოლო ქრისტიანობა, რომელიც მკრეხელურად უარყოფდა იმ ღმერთებს, - რომის დაცემის მიზეზი. აი, ის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებდა ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყველა ბრალდება. საჭირო გახდა ამ უკანასკნელის დაცვა. მაგრამ იმდროინდელი სასულიერო დასი გამოირჩეოდა არა მარტო უმეცრებით, არამედ განუყოფლად იყო დაკავშირებული ცრურწმენებთან, ფუფუნებასთან, სიმდიდრესთან, სიხარბესთან, აქედან გამომდინარე კი ახასიათებდა უწმინდური ცხოვრება და თვით რწმენის მერყეობაც. ქრისტიანობის ასეთი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მის დაცვას ვერ შეძლებდნენ. და ასეთ დროს მხოლოდ ერთს, მაგრამ დიდ ადამიანს შეეძლო საკუთარ მხრებზე ეზიდა ქრისტიანობის წინააღმდეგ წარმართობის მხრიდან წამოყენებულ ბრალდებათა მთელი სიმძიმე, დაეცვა პირველი და უარეყო მეორე. ჩვენ ვგულისხმობთ ნეტარ ავგუსტინე იპონიელს.
თავის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" მან წარმართებს აჩვენა, რომ ქრისტიანობა არა მარტო არ ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას, არამედ სწორედ ის პასუხობს მის მოთხოვნებს, სწორედ ის განსაკუთრებულად სასარგებლოა ადამიანთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის; რომ ქრისტიანობა არა თუ არ იყო მიზეზი იმპერიის დაცემისა, არამედ ქრისტე კიდევ წყალობდა რომაელ წარმართებს; პირიქით, წარმართობაა სწორედ სიცრუე, მოტყუება, ცრურწმენა, ჯანსაღ აზრთან შეუსაბამობა; სწორედ მან გახრწნა ფიზიკურად და სულიერად რომაელი მოქალაქეები, ხოლო რომის იმპერია დანგრევამდე მიიყვანა. აქედან, რომი თავის წარმართობასთან ერთად უნდა დაცემულიყო - მხოლოდ ღმრთის ქალაქი დგას მარად ურყევად. სწორედ მასში უნდა გადავსახლდეთ, და მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ცხოვრება.
ასეთია ისტორიული წარმომავლობა, მნიშვნელობა და უახლოესი მიზეზი ნეტ. ავგუსტინეს თხზულების "საღმრთო ქალაქის"გამოჩენისა.
უკვე ნათქვამიდანაც ნათლად ჩანს დიდი წმინდანის შრომის მთავარი მიზანი - ეს არის ქრისტიანობის დაცვა და წარმართობის უარყოფა, ღმრთის ქალაქის სიდიადის ჩვენება მის საპირისპირო მიწიერ ქალაქთან შედარებით.
აქედან ნათელი იყო ნეტ. ავგუსტინეს ამოცანაც - გადმოეცა წარმართობის დოქტრინები მათი კრიტიკული განხილვით და წარმოეჩინა ქრისტიანობის დოგმატური შინაარსი და ისტორიული მნიშვნელობა; სხვაგვარად რომ ვთქვათ - აღწერა ღმრთის ქალაქი მის წარსულ, აწმყო და მომავალ მდგომარეობაში, პარალელურად კი - დაეხატა მიწიერი ქალაქი, მათი შედარების მიზნით, რათა განდიდებულიყო ღმრთის ქალაქი, რადგან ყოველი საგანი სხვასთან შედარების გზით უკეთ შეითვისება, ვიდრე თავისთავადი განხილვისას.
თავის მხრივ, აქედან პირდაპირ განისაზღვრება ნეტ ავგუსტინეს თხზულების გეგმა და შინაარსის დაყოფა. სრულიად ბუნებრივია, რომ ნეტ. ავგუსტინე თავისი თხზულების პირველ ნაწილს უძღვნის წარმართობის განხილვას და უაროფას, როგორც ის აისახა მისი საუკეთესო წარმომადგენლების - პლატონის, აპულეოსის, ვარონისა და სხვების დოქტრინებში. მეორეში ის გადმოსცემს თავის დადებით შეხედულებებს ქრისტიანობაზე წარმართთა შეხედულებების უარყოფით და ამის პარალელურად - გვაძლევს ქრისტიანობის გარეშე, უფრო ზუსტად, ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე მყოფ ხალხთა ისტორიული ხვედრის აღწერას და გვაძლევს მათ დახასიათებას.
ამგვარად ნეტ. ავგუსტინეს თხზულება "ღმრთის ქალაქის შესახებ" იყოფა ორ მთავარ ნაწილად: პირველი - უარყოფითი, რომელიც მოიცავს პირველ ცხრა წიგნს, და მეორე - დადებითი, რომელიც შედგება ბოლო თორმეტი წიგნისგან. ყველა ეს მთავარი ნაწილი კიდევ იყოფა პატარ-პატარა ნაწილებად.
პირველი ნაწილის პირველი წიგნი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მთელი თხზულების შესავალი. აქ ნეტ. ავგუსტინე მიმოიხილავს წარმართთა ანტიქრისტიანულ შეხედულებებს, რომლებიც უშუალოდ რომის დანგრევის ფაქტით არის გამოწვეული) ქრისტიანობა - სახელმწიფოს ნგრევის მიზეზია; ქრისტიან ქალთა შეურაცხყოფა და სხვა).
პირველი ნაწილის შემდეგი ცხრა თავი შეიცავენ ორ მთავარ აზრს და ამიტომაც იყოფიან ორ მცირე ნაწილად. წარმართთაგან ერთნი თავიანთ ღმერთებს პატივს მიაგებდნენ იმიტომ, რომ მათგან დროებით სიკეთეებს მოელოდნენ. პირველ ოთხ თავებში ცხრიდან, ანუ მე-2 თავიდან მე-5 თავის ჩათვლით, ნეტ. ავგუსტინე უარყოფს წარმართობის ამ ცდომილებას.
სხვა წარმართები ამბობდნენ, რომ ღმერთები მარადიული ცხოვრების გამო უნდა იქნან პატივდებულნი. დანარჩენ ხუთ თავში ცხრიდან, ანუ მე-6 თავიდან 10-ე თავის ჩათვლით, ნეტ. ავგუსტინე ამტკიცებს წარმართთა ამ შეხედულების უსუსურობას.
მეორე მთავარი ნაწილი იყოფა სამ მცირე ნაწილად: პირველი - თავები 11-დან 14-ეს ჩათვლით - ორივე ქალაქის ღმერთების წარმომავლობა; მეორე - თავები 15-დან 18-ეს ჩათვლით- მათი გაგრძელებაა და, ბოლოს, მესამე - თავები 19-დან 22-ეს ჩათვლით - ერთისა და მეორეს საბოლოო ხვედრი.
ახლა შეგვეძლო შევდგომოდით თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გადმოცემას საღმრთო ქალაქის შესახებ. მაგრამ სანამ ამას ვიზამდეთ, სასარგებლოდ მივიჩნევთ გადმოვცეთ ახალაღთქმისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენი თხზულება არანაკლებ მოიგებს თავისი სისრულითა და სიცხადით. თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით საგნები შედარების მეშვეობით უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ ჩვენს წინაშე მათ განმასხვავებელ თავისებურებებს (Блаженный Августин. О Граде Божием. Книга 1, глава 35, страница 59. Издательство Спасо-Преображенского Валаамского монастыря. М., 1994, в четырех томах. Репринт. Киев, 1905-1910) (შემდგომ ციტატებში ჩვენ მივუთითებთ მხოლოდ წიგნს (რომაული ციფრი), თავს (არაბული ციფრი) და გვერდს (არაბული ციფრი) ნეტ. ავგუსტინეს ამ გამოცემიდან).
ხოლო ახალაღთქმისეული სწავლების გადმოცემაში ჩვენ გვექნება სხვა "საგანი", რომლის შედარებასაც შევძლებთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთნ. ამით თხზულების სისავსეც მოიგებს, რადგან გადმოცემული იქნება არა მარტო ნეტ. ავგუსტინეს სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ, და თავისთავად ნათელიც გახდება მისი (სწავლების) დამოკიდებულება სახარებისეულ სწავლებასთან იმავე საგანზე. გარდა ამისა, ჩვენ რომ არ გადმოგვეცა სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფეველზე, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევდა სპეციალურ თავში ნეტ. ავგუსტინეს სწავლების სრული შეფასების მიცემა.
რაც შეეხება წყაროებს და სახელმძღვანელოებს, რომლებითაც ვიხელმძღვანელეთ წინამდებარე ნაშრომის დაწერისას, ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინესეული სწავლების გადმოცემისას ხელთ გვქონდა ერთადერთი წყარო - თვით ნეტ. ავგუსტინეს თხზულება "საღმრთო ქალაქის შესახებ".
სახელმძღვანელოთა შორის მთავარი მნიშვნელობა ჩვენთვის ჰქონდა მ. კრასინის თხზულებას: "Творение блаженного Августина "De civitate Dei» как апология христианства против язычества"". შემდეგ მას მოსდევენ თხზულებები: თავად ევგენი ტრუბეცკოის "Религиозно-общественный идеал западного христианства в V веке. Часть 1. Миросозерцание блаженного Августина". Москва, 1892; მღვდელმონაზონ გრიგოლის "Сочинение блаженного Августина "О Граде Божием" как опыт христианской философии истории". Харьков, 1891; ა. პ. ლოპუხინი "Промысел Божий в истории человечества". СПб., 1898; სკვორცოვი "Блаженный Августин как психолог"; ზოგიერთი თავი თხზულებებიდან: ლ. ი. პისარევის "Учение блаженного Августина, епископа Иппонского, о человеке в его отношении к Богу". Казань, 1894; ნ. როდნიკოვის "Учение блаженного Августина о взаимных отношениях между государством и Церковью". Казань, 1897.
ღმრთის სასუფევლის შესახებ ახალაღთქმისეული სწავლების უმთავრესი სახელმძღვანელოები გახლდათ:
"Новозаветное учение о Царстве Божием" —А. Иванов-ის თხზულება ყაზანის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა კრებულში. Выпуск 2-й. Казань, 1901; დეკ. პ. სვეტლოვის "Идея Царства Божия в ее значении для христианского миросозерцания (богословско-апологетическое исследование)", დაიბეჭდა 1902 წლის "საღვთისმეტყველო კრებულში" ("Богословский Вестник"). იწყება მაისის თვის წიგნიდან.
წაკითხულ იქნა: მ. ბოგოსლოვსკის "Идея Царства Божия в Ветхом и Новом Завете". დაიბეჭდა გამოცემაში "Православный Собеседник" 1887 წ., ნაწილი 3, გვ. 246-266; Н.Г. "Новозаветное учение о Царстве Божием в новейшей богословской литературе западной" — დაიბეჭდა ჟურნალში "Чтения в обществе любителей духовного просвещения" 1894 წ., წიგნი 12-ე, გვ. 747-814; ნ. მ. ივანცევის "Новое протестантское учение о Церкви в ее отличии от Царства Божия". დაიბეჭდა "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное Обозрение") 1878 წ, ივლისისა და ოქტომბრის წიგნებში; ვლადიმერ სოლოვიოვის "Царство Божие и Церковь в откровении Нового Завета", დაიბეჭდა "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное Обозрение") 1885 წ, ტ. 3, გვ. 23-49.
გაგრძელება იქნება
წყარო: Учение о Царстве Божием по сочинению блаженного Августина «О Граде Божием» / Священноисповедник Амвросий (Полянский) - Тверь : Изд. Булат, 2003.
ნაშრომის ქართული თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.