სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
წერილები აგნოსტიკოსს ქრისტიანობის დასაცავად
ავტორი: პროფ. არლი ჰუვერი.
შინაარსი:
ავტორის შესახებ
დოქტორი არლი ჰუვერი არის პროფესორი, რომელიც ამჟამად ასწავლის Abilene Christian University-ში (აბილინი, ტეხასი, აშშ). მანამდე ის იყო Pepperdine University-ის ისტორიისა და ფილოსოფიის პროფესორი, აგრეთვე Columbia Christian College-ის აკადემიური დეკანი. დოქტორი ა. ჰუვერი არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალებში.
წინასიტყვაობა
როდესაც პეტრემ ქრისტიანებს მოუწოდა, ყველასთვის მიეგოთ პასუხი, ვინც კი მოითხოვდა მათი სასოების ახსნას (1 პეტ. 3:15), მან ზოგიერთ ჩვენთაგანს წინასწარ განუსაზღვრა წიგნების დაწერა აპოლოგეტურ თემებზე. მიმაჩნია, რომ ყოველ თაობას სჭირდება ერთტომეული ნაშრომი, რომელიც ქრისტიანობის დასაბუთებათა ძირითადი მასალის ყოვლისმომცველ მიმოხილვას მოიცავს. მე ყოველთვის მახარებს წიგნი, რომელიც შეიძლება მივცე ურწმუნოს და ვუთხრა: "აიღე, წაიკითხე ეს და შეიტყობ, რისი მჯერა, აგრეთვე შეიტყობ არაერთ კარგ განმარტებასაც იმისა, თუ ასე რატომ მჯერა".
მას შემდეგ, რაც ვცადე ასეთი წიგნის დაწერა, შევიგნე, რომ ეს საქმე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. იმისთვის, რათა ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხო და ამასთანავე დავწერო წიგნი, რომელიც ზომით ნიუ-იორკის სატელეფონო დირექტორიას არ გაუტოლდება, საჭირო გახდება ბევრი მასალის შემცირება და არაერთი პრობლემის გამარტივება. რა თქმა უნდა, მასალის გამარტივებისას ჩნდება საფრთხეც – მისი გადამეტებული გაუბრალოებისა. მიუხედავად ამ რისკისა, იმედი მაქვს, რომ დავწერე წიგნი, რომელიც თანამედროვე თაობას ქრისტიანული აპოლოგეტიკის პრობლემატიკის შესავლად გამოადგება. ვცდილობდი, შემეთავსებინა ქრისტიანობის ფილოსოფიური საფუძველი (თავები 1–8) მის ისტორიულ საფუძველთან და მეცხრე თავთან (სათაურით "რატომ არის მნიშვნელოვანი ისტორია?"), რომელიც ამ ორ მთავარ ასპექტს შორის კავშირს ამყარებს.
ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: მიმაჩნია, რომ თეისტურ საკითხებში საჭიროა შუალედის დაცვა. მე არ ვეთანხმები კათოლიკეებს და არ ვამტკიცებ, რომ ღმერთის არსებობა სრულად დამტკიცებადია, აგრეთვე არ ვეთანხმები ბარტს და არ ვამტკიცებ, რომ ქრისტეს გარეშე ათეისტად დავრჩებოდი. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც მოისმენს ღმრთის დასაცავ არგუმენტებს, შეიძლება, სულ მცირე, დაბნეული აგნოსტიკოსი, ხოლო უფრო სავარაუდოდ, დეისტად დარჩეს.
მკითხველს მივმართავ მეორე პირითა და ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე იმ მიზეზით, რომ მიმაჩნია: აპოლოგეტიკა წარმოდგენილი უნდა იყოს მისი ყველაზე ცოცხალი სახით. ქრისტეზე მოწმობა ხომ სრულიად პიროვნული საქმეა. როდესაც ვამბობთ: "აი, რაში მდგომარეობს დასაბუთებანი", ჩვენ, არსებითად, ვაცხადებთ: "აი, რაში მდგომარეობს დასაბუთებანი, რომელთაც ჩემი თვალთახედვით ვუყურებ; იმედი მაქვს, რომ თქვენც იხილავთ იმავეს". აპოლოგეტიკა ნაწილობრივ ხელოვნებაა, ნაწილობრივ მეცნიერება. სარწმუნოებრივი ღვაწლისას ყოველი თაობა და ყოველი ინდივიდი რაღაც თავისებურს გამოხატავს. და მაინც, ცალკეულ ადამიანთა უნიკალური გამონათქვამების გარდა, არსებობს მასალის არსი, რომელიც ნეტარი ავგუსტინეს დროიდან და, თუნდაც ახალი აღთქმის პერიოდიდან, თითქმის არ შეცვლილა.
თავი 1
ათეიზმის შეუძლებლობა
ძვირფასო აგნოს! დარწმუნებული ვარ, გსურთ იცოდეთ, რატომ მოგმართავთ "აგნოსად". "აგნოს" არის სიტყვა "აგნოსტიკოსის" შემოკლება და ეხება იმ პირს, რომელმაც თავი აარიდა გადაწყვეტილების მიღებას ღმერთის არსებობის საკითხზე. აგნოსტიკოსი ყოველთვის ამბობს, რომ მან არ იცის, არსებობს თუ არა ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ ღმერთის არსებობის სასარგებლო და საწინააღმდეგო მტკიცებულებანი არცთუ დამაჯერებელია.
ვინაიდან ახლა უკვე ვიცი, თუ როგორ მოგმართოთ, აგნოს, მსურს განვმარტო ამ წიგნის დაწერის მიზანი. მე ვარ ქრისტიანი, მორწმუნე, და მსურს, რომ თქვენც გახდეთ ქრისტიანი. მოდი, პირველივე თავიდან ერთმანეთის წინაშე გულწრფელნი ვიყოთ: მე მიზნად ვისახავ, დაგარწმუნოთ, რომ მოექცეთ იესუ ქრისტესკენ. თუ შიშობთ, რომ ქრისტიანობის დამცავი მტკიცებულებები საკმარისია თქვენს დასარწმუნებლად, მაშინ უმჯობესია, ახლავე სერიოზულად მოაქციოთ ყურადღება ქრისტიანობის დასაცავად გამოტანილ ჩემს არგუმენტებს.
ალბათ იტყვით: "თქვენ იმ ადამიანს არ მიმართავთ. მე ხომ აგნოსტიკოსი კი არა, უბრალოდ ათეისტი ვარ. მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს". მართლა? დარწმუნებული ხართ, რომ ეს იცით? მეჩვენება, რომ შემიძლია დაგარწმუნოთ ასეთი დოგმატური ათეიზმის შეუძლებლობაში. ამაში მდგომარეობს პირველი თავის მიზანი. განა უცნაური არ არის, პირველივე თავში რომ მინდა იყოთ აგნოსტიკოსი, თუმცა, როგორც დამფასებელი აგნოსტიკოსი, ხოლო წიგნის დანარჩენ ნაწილში – მოგაქციოთ ქრისტიანობისკენ. თუ სწორად ვმსჯელობთ, მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ ინტელექტუალური ოდისეა თეზისით: ვერავინ იქნება ათეისტი. თუ თქვენ არ ხართ თეისტი, მაშინ, ლოგიკის ძალით, შეიძლება იყოთ მხოლოდ აგნოსტიკოსი.
თქვენ თუ ტიპიური ათეისტი ხართ, მაშინ, სავარაუდოდ, იცავთ რამდენიმე ძირითად მტკიცებას. დიდი ალბათობით, თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ სამყარო შედგება მატერიისაგან, რომ რწმენა არის ნაკლებად საიმედო და სამარცხვინო თავშესაფარი სუსტი გონების ადამიანთათვის და, რომ გონიერი ადამიანები უნდა იყენებდნენ მეცნიერულ მეთოდს. მოდი, ამ მტკიცებების გამოყენებით დავამტკიცოთ, რომ თქვენ არ ხართ ათეისტი.
ა. დოგმატური ათეიზმის შეუძლებლობა
აგნოს, თქვენ რომ გცოდნოდათ, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ გეცოდინებოდათ ყოველივე, რისი ცოდნაც შესაძლებელი იქნებოდა რეალობის შესახებ, – სხვაგვარად, ის ერთი ფაქტი, რომელიც შეიძლება გამოგრჩეთ, შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს სწორედ ღმერთის არსებობას. ღმერთის არსებობა არის შესაძლებლობა, მაგრამ, თქვენი დოგმატური მტკიცებით, ღმერთი არ არსებობს. თქვენ ამით, არსებითად, ამტკიცებთ, რომ იცით ყოველივე, რისი ცოდნაც შესაძლებელია რეალობის შესახებ, რომ ამ რეალობაში არანაირი ღმერთი არ არის. და რომელი ჯანსაღი გონების მქონე ადამიანი იტყვის, რომ მან იცის ყოველივე, რისი ცოდნაც შესაძლებელია რეალობის შესახებ?
მაგალითად, დავუშვათ თქვენ გაქვთ ჩანთა ბურთულებით და გსურთ დაამტკიცოთ, რომ მასში შავი ბურთულები არ არის. ამის დასადგენად დაგჭირდებათ ყველა ბურთულის ერთდროულად დანახვა. თუ ეს პირობა დაცული არ არის, მაშინ თქვენი სიტყვები დაუმტკიცებელი დარჩება. ამ მაგალითში ჩანთა წარმოადგენს სამყაროს (უნივერსუმს) და თქვენ ამტკიცებთ, რომ მასში ღმერთი არ არის. იცით თუ არა დანამდვილებით, თუ რა არის ზუსტად ამ ჩანთაში?
დავუშვათ, რომ თქვენ გაქვთ ჩანთა ბურთულებით და გსურთ დაამტკიცოთ, რომ მასში შავი ბურთულები არ არის. ამის დასადგენად დაგჭირდებათ ყველა ბურთულის ერთდროულად დანახვა. თუ ეს პირობები არ არის დაცული, მაშინ ვერანაირად ვერ დაამტკიცებთ თქვენს მტკიცებას. ამ მაგალითში ჩანთა წარმოადგენს სამყაროს (უნივერსუმს) და თქვენ ამტკიცებთ, რომ მასში ღმერთი არ არის. იცით თუ არა დანამდვილებით, თუ რა არის ზუსტად ამ ჩანთაში?
მივიყვანოთ ეს მსჯელობა აბსურდამდე. დავუშვათ, თქვენ იწყებთ ღმერთის ძიებას აქ, დედამიწაზე. თქვენ ყველა ბრტყელ ქვას აყირავებთ ჩვენს პლანეტაზე. ღმერთი არ არის. თქვენ სტუმრობთ მარსს. ღმერთი არც იქ არის. ამის შემდეგ თქვენ სტუმრობთ იუპიტერს, ნეპტუნს, ურანს, პლუტონს, მთელ ირმის ნახტომს, ანდრომედას და სხვა ადგილებს სამყაროში. და კვლავ, ღმერთი არსად არის. მაგრამ ამის შემდეგაც ასი პროცენტით იქნებით დარწმუნებული ღმერთის არარსებობაში? რა მოხდება, თუ ამ გზის განმავლობაში ღმერთი მუდამ თქვენზე ერთი ნაბიჯით წინ მიდიოდა, მოხერხებულად არიდებდა თავს თქვენი მცდელობებს გეპოვათ იგი.
ვიცი, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის სულელურად ჟღერს, მაგრამ მსურს სერიოზული შენიშვნა გავაკეთო: თქვენ დაგჭირდებოდათ ყველაფერზე ყველაფრის ცოდნა და ამავდროულად ყოველგან ერთდროულად ყოფნა რათა უაპელაციოდ განგეცხადებინათ: "მე ვიცი, რომ ღმერთი არ არის". ნამდვილი ათეისტი რომ იყოთ უნდა გქონდეთ ყოვლისმცოდნეობისა და ყოველგანმყოფობის უნარ-ჩვევები – ატრიბუტები, რომლებსაც ჩვენ ჩვეულებრივ მხოლოდ ღმერთს მივაწერთ. ერთი სიტყვით, თავად უნდა იყოთ ღმერთი, რომ ამტკიცოთ ღმერთის არარსებობა!
ბ. სინამდვილეში თქვენ გწამთ ზებუნებრივი
აგნოს, თუ ამ პუნქტს ეთანხმებით, მაშინ მომდევნო ჯერზე ჩიხში მოგამწყვდევთ შემდეგი პუნქტის მიხედვით. როგორც კი იტყვით, რომ არ გაქვთ ყოვლისმცოდნეობა, შემიძლია გაჩვენოთ, რომ თქვენ სინამდვილეში გწამთ ზებუნებრივის. თქვენ თუ მატერიალისტი ხართ, ანუ გწამთ, რომ ყველაფერი არსებული შედგება მხოლოდ მატერიისგან ან ბუნებისაგან, მაშინ ეს ყველაფერი, ალბათ, რაღაც სიტყვიერ ხუმრობად მოგეჩვენებათ. მაგრამ დაფიქრდით ამაზე: ვერავინ უარყოფს, ცნობილი რეალობის მიღმა უცნობი სფეროს არსებობას. თუ ჩვენ გამოვიყენებთ სიტყვას "ბუნებრივი" იმ სამყაროს მიმართ, რომელიც აქამდე შევიცანით, მაშინ ნათელია, რომ არსებობს "ზებუნებრივიც", ვინაიდან "ზე" მიუთითებს იმ რაღაცაზე, რაც ცნობილის მიღმა არსებობს. ამდენად, ზებუნებრივი ეხება ფაქტების, ძალების, არსებებისა და კანონების მთელ კომპლექსს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობია. ბევრი ურწმუნო იყენებს სიტყვას "ზებუნებრივი" ფანტაზიების, ოკულტიზმის, იდუმალი, წარმოუდგენელი ან წარმოსახვითი მოვლენების მიმართ, მაგრამ ჩვენ თუ მას ზემოთ მოცემული განმარტების შესაბამისად გამოვიყენებთ, მაშინ შეგვიძლია ამ საკითხის კვლევა ყველასათვის მისაღები საერთო საფუძვლიდან დავიწყოთ.
ნათელია, რომ მატერიალისტის რწმენით ცნობილი სამყაროს მიღმა სხვა რეალობაც არსებობს, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ უცნობი რეალობა ყველა თავისი ნიშნით ცნობილი სამყაროს მსგავსი უნდა იყოს. მას სწამს, რომ ისიც მატერიისგან შედგება და, რომ ისიც "ბუნებრივია". ის ამტკიცებს, რომ სამყარო თავისი მთლიანობით ერთგვაროვანია, ანუ ერთი ბოლოდან მეორემდე იმავე საგნისგან, კერძოდ, მატერიისგან შედგება. მაგრამ რა უფლება აქვს ადამიანს, დაჟინებით ამტკიცოს უცნობი რეალობა შედგება ამისგან შედგება თუ იმისგან? როგორ უნდა ვიცოდეთ ამდენი უცნობი სამყაროს შესახებ? როგორც ჩანს, ადამიანი ჯერ უნდა გაეცნოს უცნობ რეალობას, სანამ დარწმუნებით იტყვის, რომ უცნობი სამყარო ყველა ნიშნით ცნობილი სამყაროს მსგავსია. და განა ჯერ არ უნდა ნახოს სამყარო მის მთლიანობაში, რომ შემდეგ განაცხადოს: "ის მატერიალურია"? ნუთუ შეუძლებელია უცნობი სამყარო ძირეულად განსხვავდებოდეს ბუნებრივი სამყაროსგან? განა არამატერიალური, ზეემპირიული და სულიერი სამყაროების არსებობა და რეალობა რაიმე შეუძლებლობაა?
შენიშნეთ, პატივცემულო აგნოს, იმისთვის, რათა უარყოფითი მტკიცება "ღმერთი არ არის" ისევე დაამტკიცოს, როგორც დადებითი მტკიცება "ყველაფერი შედგება მატერიისაგან", ადამიანს ყოვლისმცოდნეობის უნარი უნდა ჰქონდეს. ეს კი მიგვიყვანს მესამე მტკიცებამდე.
გ. თქვენ გაქვთ გარკვეული რწმენა
თქვენ თუ უარყოფთ, რომ ფლობთ ყოვლისმცოდნეობას, და აღიარებთ ზებუნებრივის არსებობას, მაშინ ნამდვილად გარკვეული რწმენა გქონიათ. შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ არ არის რელიგიური რწმენა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე დასაწყისია, ვინაიდან რელიგიური რწმენაც სათავეს ზოგადი (საერთო) რწმენიდან იღებს. ჩვენ მთელ ერთ თავს მივუძღვნით რწმენის არსის განხილვას და კიდევ ერთ თავს – მტკიცებულებათა საკითხს, მაგრამ ამჟამად შეგვიძლია განვსაზღვროთ რწმენა, როგორც მტკიცებულების მიღება, რომლის დამტკიცებაც პირდაპირი მეთოდებით არ შეგვიძლია. როდესაც რაღაცას ვამტკიცებთ პირდაპირი მეთოდებით, ამას ცოდნას ვუწოდებთ; ხოლო როდესაც არაპირდაპირ მეთოდებს ვიყენებთ, - რწმენას ან დარწმუნებას.
არ შეიძლება რწმენა განვსაზღვროთ, როგორც ბრმა ნახტომი გაურკვევლობაში. ეს უფრო ნათელში შესვლაა. რწმენის განათებაა, შესაძლოა, უფრო დაბურულია, ვიდრე ის ნათელი, რომელსაც ჩვენ ცოდნას ვუწოდებთ, მაგრამ ის სიბნელე როდია. რწმენა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს რაიმე მოწმობებს, თუმცა ისინი, შესაძლოა, ყოველთვის სრულყოფილი არ იყოს. რწმენა შუალედურია დარწმუნებულობასა და მიმდობლობას შორის.
ასეთი განსაზღვრებისას სრულიად ნათელია, რომ ყველა ადამიანს გააჩნია რწმენის გარკვეული ზომა. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რაიმე ფილოსოფიის მიღება მის გარეშე შეუძლებელია. ყოველ ადამიანს გააჩნია შეხედულებები, ჰიპოთეზები, თეორიები, განმარტებითი პოსტულატები, რომელთა შესახებაც ის ფიქრობს სამყაროსთან, განსაკუთრებით მის უხილავ და მის მიერ შეუცნობელ ნაწილებთან მიმართებაში. ყველა ადამიანს, პრინციპში, გააჩნია მსოფლმხედველობა (გერმანული სიტყვის "Weltanschauung"–ის შემცვლელი არსებითად არ არსებობს) და ყველა მსოფლმხედველობა სცდება ემპირიული რეალობის საზღვრებს. თუ თქვენ, აგნოს, გაქვთ რაიმე საზოგადო ფილოსოფიური შეხედულება, მაშინ უკვე იმაზე მეტი რწმენა გქონიათ, ვიდრე თქვენ თვითონ ხართ მზად აღიაროთ.
ამიტომ, შეცდომაა იმის მტკიცება, თითქოსდა მხოლოდ ქრისტიანები აწყდებიან სირთულეს: რწმენა ლოგიკის წინააღმდეგ. ყველა მოაზროვნე ადამიანი – თუ ისინი მართლა მოაზროვნეები არიან – აწყდება ამ პრობლემას. არამორწმუნესაც კი უჩნდება კითხვა: სად მთავრდება ჩემს მსოფლმხედველობაში ცოდნა და სად იწყება რწმენა? თუ თქვენი ფილოსოფიური რწმენის შესაბამისად, თქვენ აღიარებთ "სხვა (უცნობი) სამყაროს" არსებობას, მაშინ მსჯელობისას თქვენ კიდევ შორს უნდა წახვიდეთ და გვითხრათ, თუ რა არის თქვენთვის წყარო და ავტორიტეტი? თქვენ უნდა განსაზღვროთ, რისი მიღება ან უარყოფა შეიძლება უცნობი სამყაროს მიმართ და რის საფუძველზე? ამ პუნქტში თქვენ საერთოდ არ განსხვავდებით რელიგიური ადამიანისაგან. რწმენისა და ლოგიკის პრობლემა არის საერთო ფილოსოფიური პრობლემა, რომელიც განსაზღვრულ უნდა იქნას ნებისმიერ მსოფლმხედველობაში.
მე თუ აქამდე გონივრულად ვმსჯელობ, აგნოს, მაშინ თქვენ არ ხართ მხურვალე ათეისტი. თქვენ აღიარებთ ზებუნებრივს და ეთანხმებით მტკიცებას, რომ მაინც გაქვთ რაღაც რწმენა. ეს ჯერ კიდევ არ გხდით თეისტად ან ქრისტიანად, მაგრამ პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგმული გაქვთ. თქვენ უკვე გახდით "პატივდებული აგნოსტიკოსი", "გულწრფელი სკეპტიკოსი", ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული, თუ როგორ უნდა იფიქროს ღმერთზე, მაგრამ რომელიც ასევე მზადაა ისწავლოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებანი. ამ მტკიცებულებებს წიგნის დანარჩენ ნაწილში განვიხილავთ.
გაგრძელება იქნება.
წყარო: azbyka.ru
პუბლიკაცია ითარგმნა და ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
