სწავლანი > ასკეტიკა
მონაზვნობაში შესვლა და მისგან გამოსვლა
ნაწილი II
მონაზვნური ტრადიციის ჩამოყალიბება; მონაზვნური ცხოვრების წესის დაფუძნება; მონაზვნობის აღმოცენების მიზეზები; კინოვია - იდეალური ქრისტიანული თემი; აღმოსავლური და დასავლური მონაზვნობის დამფუძნებლები; პირველი მონაზვნური წეს-განგებების აღმოცენება.
ავტორი: ბერდიაკვანი ნიკონ გოროხოვი.
ფსკოვო-პეჩორის მიძინების მონასტრის ბერდიაკვან ნიკონის (გოროხოვი) პუბლიკაციების სერია "მონაზვნობაში შესვლა და მისგან გამოსვლა" (სამეცნიერო ხელმძღვანელი - დეკ. ვლადისლავ ციპინი), ეძღვნება თანამედროვე საეკლესიო ცხოვრების ფრიად აქტუალურ და საჭირბოროტო პრობლემებს. ამასთან ავტორი თავის ნაშრომში არა მარტო ეფუძნება ეკლესიის მამათა თხზულებებს, კანონიკურ დადგენილებებსა და ეკლესიის ისტორიის გამოკვლევებს, არამედ ითვალისწინებს მონასტრების მხცოვანთა და სულიერ მოძღვართა მდიდარ გამოცდილებას, მონასტრებში არსებული ბერ-მონაზვნური ცხოვრების მთელ წეს-რიგს.
***
1. პახომი დიდი - კინოვიალური მონაზვნობის დამფუძნებელი
ეგვიპტეში კინოვიალური მონაზვნობის დამფუძნებლად ღირ. პახომი დიდი მიიჩნევა (Скабалланович М. Толковый Типикон. М., 1995. С. 221). აბბა პალამონის მოწაფემ ღირ. პახომიმ პირველად მოაწყო საერთო საცხოვრებელი მონასტერი. ეს მოხდა ზეგარდმო გამოცხადებით. ჯერ ღირ. პახომის სიზმარში ხმა ჩაესმა, რომელმაც მას უთხრა, რათა იმ ადგილას დაეფუძნებინა მონასტერი, სადაც ის იმ მომენტში იმყოფებოდა (ამ ადგილს კი ტაბენესე ერქვა (1)), შემდეგ ხილვაში მას წარუდგა ანგელოზი და სპილენძის დაფა გადასცა, რომელზეც მონაზვნური საერთო საცხოვრებლის პირველი განწესებები ეწერა (იქვე. გვ. 455). იმის შესახებ, თუ რა იყო დაწერილი სპილენძის დაფაზე (მონაზვნური ცხოვრების პირველდაწყებითი განწესებები), შეიძლება წავიკითხოთ პალადიუსთან "ლავსაიკონში" (2), საეკლესიო ისტორიკოს სოზომენთან, დიონისე მცირესთან, ნიკიფორე კალისტესთან (Феофан Затворник, свт. Древние иноческие уставы. М., 1994. С. 15). პირველად მოცემული იყო განწესებათა მცირე რაოდენობა, მაგრამ შემდგომში ისინი, საჭიროებისდა კვალად, პახომიანური მონასტრების სხვა მოძღვრებისგან შეივსო.
______________
1. "ერთხელაც, ამ უდაბნოში მნიშვნელოვანი მანძილი რომ გაიარა, ერთ მიტოვებულ სოფელს მიადგა, რომელსაც ტაბენესე ერქვა და ილოცა, რათა თავისი სიყვარული გამოეხატა ღმრთის მიმართ. და როდესაც ლოცვაში იყო, ხმა ჩაესმა - აქამდე მას ჯერ კიდევ არ ჰქონოდა ხილვები, - რომელმაც მას უთხრა: "აქ დარჩი და დააფუძნე მონასტერი. რადგან შენთან ბერ-მონაზვნობის მრავალი მსურველი მოვა" (Хосроев А.Л. Пахомий Великий. Из ранней истории общежительного монашества в Египте. СПб., 2004. С. 508).
2. "და მისცა მას სპილენძის დაფა, რომელზეც დაწერილი იყო შემდეგი (სიტყვები): "მიეცი თითოეულს შესაძლებლობა ჭამოს და სვას მისი ზომის შესაბამისად და განუსაზღვრე სამუშაო იმისგან გამომდინარე, რამდენსაც ჭამს. ნუ დაუშლი ნურც მარხვას, ნურც ჭამას... სხვა მონასტრიდან მოსული სტუმარი, რომელ მონასტერსაც სხვა განაწესი აქვს, ვერც ჭამას შეძლებს მათთან, ვერც დალევას, თუკი ის მგზავრი არ აღმოჩნდება. ხოლო ის, ვინც მათთან დასარჩენად მოვიდა, სამი წლის განმავლობაში არ უნდა მიიღონ თვით მონასტერში, არამედ, აღასრულებს რა უფრო მძიმე სამუშაოს, სამი წლის შემდეგ ამ მონასტრის მონაზონი გახდება" (Палладий Еленопольский, еп. Лавсаик, или Повествование о жизни святых и блаженных отцов. Коломна, 2003. Глава 32. О Пахомии и табеннесиотах).
3. "… ღირ. ანტონის მონასტრები ანაქორეტული ტიპის იყო, რომელიც ერთგვარ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენდა ანაქორეტობიდან მკაცრ საერთო-საცხოვრებლამდე" (Скабалланович М. Толковый Типикон. С. 214).
______________
პახომი დიდამდე არსებობდნენ ე. წ. ანაქორეტული მონასტრები (3), რომლებიც პახომისეულ მონასტრებამდე მცირე ხნით ადრე გაჩნდნენ, მაგრამ დაწერილი წეს-განგებები მათ არ ჰქონდათ. დისციპლინა და შიდა წესრიგი ამ პირველდაწყებით მონასტრებში ამ სახის მონაზვნობის უდიდეს დამფუძნებელთა (მაგ.: ანტონი დიდის, მაკარი დიდის) სულიერ ავტორიტეტს ეყრდნობოდა. "მათში არა თუ არ იყო რაიმე სახის წერილობითი განწესება, არამედ ცხოვრების წესიც კი არ იყო გაწერილი დეტალურად; იყო მხოლოდ ამგვარი წყობის საერთო სულისკვეთება" (იქვე).
კანონები, რომლებიც პახომის გადაეცა, ეხებდა საკვებს, საცხოვრებელს, საძმოს შრომას, ძილსა და მღვიძარებას, ტანისამოსს, ურთიერთობას უცხო ადამიანებთან, შიდასამონასტრო დისციპლინას, ლოცვების რაოდენობას და ა. შ. კანონებში ხაზგასმულია ის მომენტი, რომ, რადგან ადამიანებში ბევრია განსხვავება, კანონებიც ისეა შედგენილი, რათა ყველაზე უძლურთ სიმძიმედ არ დააწვეთ. თავისი გაჩენის დღიდან განწესებებში მკაფიოდ არის მითითებული მონასტერში მიღების პირობები.
ეპ. თეოფანე დაყუდებული, რომელმაც 19-ე საუკუნეში გამოსცა "ძველი სამონასტრო წეს-განგებების" კრებული, "ტაბენესესეულ" განწესებებს იმოწმებს ნეტ. იერონიმესმიხედვით, ანუ ლათინური თარგმანიდან. თარგმანი იტალიელი ბერების თხოვნით შეასრულა თვით ნეტ. იერონიმემ: "თებაიდის საერთო-საცხოვრებელ მონასტრებსა და მეტანოიას (Μετάνοια) მონასტერში, რომელმაც საბედნიეროდ თავისი სახელწოდება კანონიდან სინანულად შეცვალა, მრავალი ლათინი ცხოვრობს, რომელთაც არც ეგვიპტური იციან, არც ბერძნული, რომელთათვისაც პახომის, თევდორესა და ორსისის "განწესებანი" დაიწერა. ისინი პირველნი იყვნენ თებაიდასა და ეგვიპტეში, ვინც პირველებმა ჩადეს საერთო-საცხოვრებელი მონაზვნობის საფუძვლები, მისდევდნენ რა ღმრთისა და ანგელოზის მითითებას, რომელიც ღმერთმა მის დასაფუძნებლად გამოაგზავნა... მე მოვიწვიე მწერალი და ჩვენს ენაზე ვუკარნახე ტექსტები, რომლებიც ეგვიპტურიდან ბერძნულზე იყო თარგმნილი, რითაც დავემორჩილე ამ პატივდებულ კაცთა, - არ ვიტყვი თხოვნას, არამედ - ბრძანებას. მე ასევე მსურდა, რათა ევსტოქიას მიეღო ის, რაც მას შეეძლო მონაზონ ქალთადმი გადაეცა, როგორც სახელმძღვანელო, რათა ჩვენს ძმებს შეძლებოდათ ეგვიპტელ, ანუ ტაბენესელ მონაზონთა მაგალითის მიყოლა", - ასე წერდა ნეტ. იერონიმე თავის კორესპონდენტებს რომში (Хосроев А.Л. Пахомий Великий. С. 56).
უდავოდ, ეს თარგმანი სრულად არ ასახავს ტაბენესეს სავანის მთელ წეს-განგებას, რადგან ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყალიბდებოდა და აუცილებლობიდან გამომდინარე იწერებოდა, ხოლო ბევრი რამ ზეპირი ტრადიციით იყო დაცული. ის, რაც ჩვენს თემას ეხება, ასახულია ამ განწესებების მე-9 თავში (პუნქტები 47-60), რომელიც ასეც იწოდება "სავანეში მიღება".
2. მონაზვნად მიღება წმინდა პახომი დიდის წესდების მიხედვით
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ წმინდა პახომი დიდის მონასტრები დახურული საძმოები იყო, და იქ მოხვედრა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. იმ დროისათვის, როცა იქ მივიდა წმინდა კასიანე, ეს მონასტრები უკვე თავიანთი განვითარების უმაღლეს ეტაპს იყვნენ მიღწეულნი, და მონაზვნად მიღება განსაკუთრებული გამორჩევითა და სიფრთხილით სრულდებოდა (4). იქ არ იღებდნენ ყველა მსურველს განურჩევლად, არამედ ყოველი მომსვლელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიცდებოდა. ეს იყო გამოცდა ნებისა და განზრახვის სიმტკიცეზე (5).
ახალმოსულს აბარებდნენ სასტუმროს ზედამხედველს (ეს იყო აბბა, მონასტრის ერთ‑ერთი ნდობით აღჭურვილი პირი - გამოცდილი და დამტკიცებული მონაზონი‑მოხუცი), რომლის მოვალეობაში შედიოდა ახალი კანდიდატების ხელმძღვანელობა და მათი ვარგისიანობის გამოცდა მონაზვნური ცხოვრებისთვის (6).
______________
4. "ტაბენესეს სავანეში ღვაწლის მსურველს საფუძვლიანად გამოცდიდნენ" - Пальмов Н.Пострижение в монашество. Чины пострижения в монашество в Греческой Церкви. Киев, 1914. С. 127.
5. "მართალია, წმინდა პახომი დიდის მონასტრები მრავალრიცხოვანი იყო, მათში მიღება მაინც არ ხდებოდა სწრაფად და განურჩევლად" - Феофан Затворник, свт. Древние иноческие уставы. С. 103.
6. "კარიბჭესთან ღვთისმოშიში და მკაცრი, მაგრამ სტუმართმოყვარე ძმები დააყენა, რათა სტუმრები მათი ღირსების მიხედვით მიეღოთ; მათთანვე იყვნენ მონაზვნობის მსურველები, რომელთაც ხსნის გზაზე ამზადებდნენ მანამ, სანამ მონაზვნურად შემოსებოდნენ" - Хосроев А.Л. Пахомий Великий. С. 204
______________
უპირველესად, ახალმოსულებთან საღვთო წერილის შესწავლას ეწეოდნენ. ვინაიდან მონაზვნობა არის სახარებისეული ცხოვრების სრულყოფილი სახე, მონაზონთა მთავარი საქმიანობა მთელი საღვთო წერილის სრული და სიღრმისეული დაუფლება გახლდათ. მორჩილი იწყებდა ფსალმუნის ზეპირად სწავლას და სახარების ზოგიერთი ნაწილის დამახსოვრებას. ეს ყოველივე იყო მისი მოთმინების, სიბეჯითისა და ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის გამოცდა.
ყოველი, ვინც საძმოში ახლად შემოსული იყო, პიროვნულ შემოწმებას გადიოდა. უპირველესად განისაზღვრებოდა მოსულის სტატუსი. იკვლევდნენ, ვინ იყო მოსული, რომელი სოციალური ფენიდან, რა მდგომარეობის ადამიანი, ხომ არ იყო გაქცეული მონა, ხომ არ ჰქონდა ჩადენილი რაიმე ბოროტი საქმე, ხომ არ ემალებოდა სასამართლოს ან რაიმე სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს, ხომ არ ჰყავდა მიტოვებული ოჯახი, და ხომ არ იდგა მის უკან სხვა დანაშაულობანი. ამის შემდეგ არკვევდნენ მონასტერში მოსვლის მიზეზს, აგრეთვე იკვლევდნენ იმ გარემოებებს, რომლებმაც მონაზვნური ცხოვრების მაძიებელი ასეთ ნაბიჯამდე მიიყვანა (7).
ყველა მონასტრის წინამძღვრებს ევალებოდათ, რათა მსურველები მხოლოდ სათანადო გამოცდის შემდეგ მიეღოთ. ეს გამოცდა თავდაპირველად იმაში მდგომარეობდა, რომ ახალმოსული შვიდიდან ათ დღემდე მონასტრის კარიბჭესთან უნდა გამოეცადათ. მას უარყოფდნენ, დასცინოდნენ, აგდებდნენ და მის მიმართ განზრახ უხეშად იქცეოდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ ასეთ მკაცრ ადგილას ცხოვრება მისთვის შეუძლებელი იქნებოდა და, რომ მონაზვნური ცხოვრება უკიდურესად მძიმეა. ეს იყო გადაწყვეტილების სიმტკიცისა და განზრახვის ურყევობის გამოცდა (8).
ამის შემდეგ მოსულს ავალებდნენ ისეთი ბრძანებების შესრულებას, რომლებიც ჯანმრთელი და რაციონალურად მოაზროვნე გონებისთვის აბსურდულად მოსჩანდა. ეს განზრახ კეთდებოდა, რათა ახალმოსული შეჩვეულიყო საკუთარი თავისა და საკუთარი გონების ნდობაზე უარის თქმას. მოსულის ცოდვით დაზიანებულ ნებაზე ეს ზედამხედველობა ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ეფექტური იყო. მსმენელობისა და მორჩილების სწავლით ახალმოსული იძენდა ნამდვილი სიმდაბლის გამოცდილებას, რომელიც სწრაფ სულიერ ზრდას ხელს უწყობდა (9).
როგორც ამბობს უფალი: "აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს" (ეს. 66:2).
______________
7. ამ პირველი გამოცდის შემდეგ მას იღებდნენ სასტუმროში, და მასზე ზრუნვა ან თავად სასტუმროს ზედამხედველს, ან მის დაქვემდებარებაში მყოფ რომელიმე ძმას ევალებოდა. ავალებდნენ შეესწავლა უფლის ლოცვა და რამოდენიმე ფსალმუნი. ამით ცხადდებოდა, რამდენად ჰქონდა მას გულმოდგინება საღვთო საგნებით დაკავებისადმი. ამითი ვლინდებოდა, თუ ვინ იყო იგი და რა მიზეზით ტოვებდა საერო ცხოვრებას: ხომ არ ჰქონდა ჩადენილი რაიმე ბოროტება და შიშის გამო ხომ არ იყო გაქცეული თავისი ადგილიდან, რათა დროებით თავი სავანისთვის შეეფარებინა; ან ხომ არ იმყოფებოდა ვინმეს ხელისუფლების ქვეშ (ანუ ხომ არ იყო ვიღაცის მონა). ასევე ამოწმებდნენ, მზად იყო თუ არა განეშორებინა თავი ყოველგვარი ნათესაური გრძნობისგან, ქონებისადმი ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან და საერთოდ ყველაფრისგან, რასაც ამქვეყნად ტოვებდა, რათა მონასტერში შესვლის შემდეგ მისი სული არ ყოფილიყო გატაცებული მონასტრის გალავნის მიღმა არსებულზე ფიქრებით" - Феофан Затворник, свт. Древние иноческие уставы. С. 103)).
8. "ვინც ამქვეყნიდან მოვა, უპირველესად უნდა განეშოროს ამპარტავნების ტვირთს და გამოცდის შემდეგ იქნას მიღებული. ამისთვის ერთი კვირა მონასტრის კარიბჭესთან გაატაროს: ძმათაგან არავის ჰქონდეს მასთან ურთიერთობა და არანაირად მოეფეროს; პირიქით, ზიზღითა და გაუცხოებით მოექცნენ. თუ ამ ყველაფრის შემდეგაც მტკიცედ დარჩება და კარზე კაკუნს არ შეწყვეტს, მონასტერში შესვლაზე უარი არ ეთქვას" (იქვე. გვ. 196).
9. "თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ახალმოსულში მყარი ზნეობრივი ხასიათის ჩამოყალიბებას. ამ მხრივ არაფერზე არ ზრუნავდნენ იმდენად, როგორც იმაზე, რომ ახალმოსული მიჩვეულიყო საკუთარი ნებისა და საკუთარი განსჯის უარყოფას და დამკვიდრებულ ყოფილიყო სრულ მორჩილებაში. მათ შთააგონებდნენ, რომ მიცემული ბრძანებები ისეთივე კრძალვით მიეღოთ და ისეთივე მზადყოფნით შეესრულებინათ, თითქოს ისინი უშუალოდ თავად ღმერთისაგან მომდინარეობდა. დაკისრებულის შესახებ მსჯელობა არ დაიშვებოდა და საერთოდ ებრძანებოდათ, არაფერში დაეჯერებინათ საკუთარი გონებისა და განსჯისთვის. რათა ეს უკანასკნელი უფრო სწრაფად და საიმედოდ განემტკიცებინათ, ხშირად აძლევდნენ ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულება ყოველგვარ გონივრულობას მოკლებული ჩანდა. ეს კეთდებოდა იმ აზრით, რომ ვინც ასეთ შემთხვევებში უსიტყვოდ მორჩილია, უთუოდ ასევე მორჩილი იქნება ყველა სხვა ვითარებაშიც" (იქვე. გვ. 105-106).
______________
ეგვიპტელ მამათა აზრით, ამპარტავნებასთან ბრძოლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი ღვაწლი, რომელზეც მთლიანად იყო დამოკიდებული მონაზვნის მთელი მომავალი სულიერი ცხოვრება. ვინც გზის დასაწყისშივე არ აღმოფხვრიდა ამპარტავნების მრავალთავიან სულს - საკუთარი ნების მოკვეთით, დამდაბლებული ცხოვრების წესით, მორჩილების ღვაწლით - ის შემდგომშიც ვერ შეძლებდა ეგემა სულიწმინდი ნაყოფნი ("ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს" - იაკ. 4:6).
მონასტრების წინამძღვრებს ასევე ევალებოდათ, არ მიეღოთ მდიდრები, ვიდრე ისინი სრულად არ უარყოფდნენ მთელ თავიანთ ქონებას და მონასტერში სრულიად ღარიბები არ მივიდოდნენ. თუმცა ეს წესი მხოლოდ მდიდრებს არ ეხებოდა, არამედ ყველას, ვისაც თუნდაც უმცირესი ქონება ჰქონდა - თუნდაც ერთი მონეტა (10).
წესდებაში მკაცრად იყო დადგენილი, რომ მონასტერში მოსვლამდე აუცილებელი იყო ყოველგვარი მონახვეჭისგან განთავისუფლება (ანუ მატერიალური საკუთრების სრული უარყოფა). ამასთან ერთად, მონასტრები არ იღებდნენ შემომსვლელთაგან არანაირ შესაწირს ან ქონებრივ შემონატანს, რადგან ისეც ხდებოდა, რომ ზოგიერთი, გარკვეული დროის შემდეგ მონაზვნად აღკვეცას ნანობდა, კვლავ ერში ბრუნდებოდა და კადნიერად მოითხოვდა მონასტრისგან საკუთარი ფულის დაბრუნებას, რომელიც იმ დროისთვის, სავანისა და საძმოს საჭიროებებზე, უკვე დახარჯული იყო (11).
წერა-კითხვისა და სარწმუნოების საფუძვლების სწავლება ახალმოსულებთან მუშაობის ერთ‑ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა; ამიტომ ყველას, ვინც მონასტერში მოდიოდა, ავალდებულებდნენ, თუნდაც მათი სურვილის წინააღმდეგ, საღვთო წერილი და ფსალმუნნი ზეპირად ესწავლა. ამის შედეგად ტაბენესეს მონასტრების მრავალი მონაზონი ზეპირად იცნობდა მთელ საღვთო წერილს - როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმას (12).
მონაზვნის გონება, თითქოს უნდა ცურავდეს საღვთო წერილის სიტყვებში: "რაც უნდა აკეთო, ყოველივესთვის საფუძვლად გქონდეს საღვთო წერილი" (Там же. С. 15).
______________
10. "თუ ვინმეს მდიდართაგან და დიდი ქონების მფლობელთაგან სურს ამქვეყნის უარყოფა, უპირველესად განახორციელოს ღვთის ნება და უშუალოდ მისადმი მიმართული უფლის ბრძანება, რომელიც მან მდიდარ ყრმას უთხრა: "წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი, აიღე ჯვარი და შემომიდექ მე" (მარკ. 10:21). აბბამ უნდა დაარწმუნოს იგი, რომ არაფერი დატოვოს საკუთარ თავისთვის, გარდა ქრისტეს ჯვრისა, რომელიც უნდა იტვირთოს და მიჰყვეს უფალს; თუ სურს მონასტრისთვის რაიმე ნაწილის შეწირვა, იცოდეს, რომ ეს მას არავითარ უპირატესობას არ ანიჭებს მონასტერში; თუ თავისი მონებისგან რომელიმეს მოიყვანს მონასტერში, აღარ ჰყავდეს იგი მონად, არამედ ძმად - რათა ყველაფერში სრულყოფილი იყოს ეს ადამიანი" (იქვე. გვ. 196).
11. წმინდა კასიანე ასევე ამბობს, რომ ახლად შემოსულს არ ეძლეოდა უფლება, შეენარჩუნებინა თავისი ყოფილი ქონებიდან რაიმე, თუნდაც ერთი მონეტის ოდენობით. არც მონასტერში იღებდნენ მისგან არაფერს, რათა იგი არ გაამპარტავნებულიყო მათ წინაშე, ვისაც არაფერი შეუტანია, და აგრეთვე იმისთვის, რომ, თუ ოდესმე საჭირო გახდებოდა მისი გაძევება, მას სასამართლოს გზით არ მოეთხოვა უკან შეტანილი ქონება; რამაც შეუძლებელია უსიამოვნებათა გარეშე ჩაიაროს იმ შემთხვევაში, როდესაც შეტანილი შეწირულობა უკვე მონასტრის საჭიროებებზეა დახარჯული (იქვე. გვ. 104).
12. "მას შემდეგ, რაც იგი ყველა წესსა და რიგს შეეჩვეოდა - რაც, როგორც უნდა ვივარაუდოთ, დიდხანს არ მოითხოვდა, - ავალებდნენ კიდევ ოცამდე ფსალმუნის, ორი ეპისტოლეს ან წმინდა წერილის რომელიმე სხვა ნაწილის ზეპირად დამახსოვრებას. თუ იგი წერა‑კითხვის უცოდინარი იყო, მას (არ ელოდებოდნენ სანამ თავად ისწავლიდა) დაუნიშნავდნენ მასწავლებელს და ყველაფერს ზეპირად, მოსმენით ასწავლიდნენ: ამისათვის იგი მიდიოდა განსაზღვრულ მოძღვართან პირველ, მესამე და მეექვსე საათზე და, მის წინ მდგომი, გულმოდგინედ ითვისებდა დაკისრებულს ყოველგვარი მადლიერებით…
თუმცა, წერა‑კითხვის უცოდინარ ახალმოსულს ამ მდგომარეობაში არ ტოვებდნენ: პირველადი ზეპირი შესწავლის დასრულების შემდეგ მას ავალებდნენ კითხვის სწავლას, თუნდაც თავად არ ჰქონოდა ამის სურვილი. ამისათვის უწერდნენ ასოებს, მარცვლებსა და სიტყვებს და განუმარტავდნენ კითხვის მთელ მექანიზმს. საერთოდ, მონასტერში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინებოდა კითხვა და რომელსაც ზეპირად არ ემახსოვრებოდა რაიმე ნაწილი წმინდა წერილიდან — სულ მცირე, ფსალმუნთა წიგნი და ახალი აღთქმა" (გვ. 105).
______________
გამოსაცდელ ვადაზე მყოფთ ათავსებდნენ განსაკუთრებულ ნაგებობაში, მონასტრის გალავნის გარეთ. როდესაც დარწმუნდებოდნენ მათ სრული და ურყევ გადაწყვეტილებაში - დამორჩილებოდნენ მონაზვნურ მცნებებს, და სხვა დაბრკოლებებსაც ვერ პოულობდნენ მათი სავანეში მიღებისათვის, დეტალურად აცნობდნენ ყველა მონასტრულ წესრიგს, რათა მათ მტკიცედ სცოდნოდათ, როგორ ევალებოდათ ქცევა და შემდგომი ცხოვრება. თუმცა, მონასტრის შიგნით ისინი ჯერ კიდევ არ შეჰყავდათ (13).
შემდეგ ახალმოსულს აძლევდნენ საკმარის დროს იმისთვის, რათა პრაქტიკულად განსწავლულიყო და ცხოვრების ახალ წესს შეჩვეოდა (14).
ახალბედა მონასტრის ერთ‑ერთ სახლში შედიოდა, რომელსაც თავისი უფროსები და იერარქია ჰყავდა, ასევე განსაზღვრული მორჩილებები ჰქონდა დაწესებული. ახალმოსული ჩაირიცხებოდა ერთ‑ერთ ათეულში და სრულად ემორჩილებოდა ამ ათეულის უფროსს; ამასთან, მისი შემდგომი ცხოვრება მიმდინარეობდა გამოცდილი ბერის - სულიერი მოძღვრის კონტროლქვეშ, რომელიც მას ყველაფერს ასწავლიდა და მის წარმატებებზე უფროსობას აცნობებდა.
მონასტერში დასახლებისთანავე ახლად მოსულს მონაზვნური სამოსი ეძლეოდა. მონაზვნად მიღების მომენტს განსაზღვრავდა მონასტრის აბბა, მოსულის სულიერი წინსვლის მიხედვით: ზოგს დაუყოვნებლივ იღებდნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, თუ გამოვლინდებოდა რაიმე არსებითი დაბრკოლება, მიღებას გადადებდნენ (15).
______________
13. ამგვარად დარწმუნებულნი, რომ მისი განზრახვა მტკიცეა, ყველაფერს განშორდა და ღმრთისადმი ძლიერი სიყვარული ამოძრავებს, შესაბამისად, შესაძლებელია მისი მონასტერში მიღება, ამის შემდეგ უამბობდნენ მას მონასტრული ცხოვრების ყველა წესს: როგორ უნდა იქცეოდეს სავანეში, ეკლესიაში, ტრაპეზზე და რა სახის მორჩილებებს უნდა ასრულებდეს, რათა წინასწარ სცოდნოდა, პირობები დახვდებოდა შიგნით. ამასთანავე, როგორც ჩანს, ეკითხებოდნენ იმასაც, იცოდა თუ არა რაიმე ისეთი ხელობა, რომელიც მონასტრისთვის გამოსადეგი იქნებოდა, და თუ არ იცოდა - რა უფრო ეხერხებოდა და რისკენ იყო მიდრეკილი (იქვე. გვ. 103).
14. ღირსი კასიანეს სიტყვებით, ახალმოსულის აღზრდის წესი ასეთი იყო: "ბერად შემოსვის შემდეგ იგი ერთი წლის განმავლობაში ასრულებდა მორჩილებას სასტუმროში; შემდეგ კი, მონასტრის შიგნით მიებარებოდა უხუცესს - ათეულთმთავარს". ყოველი ახალმოსული შედიოდა საცხოვრებელ სახლში, ძველი ძმების გარემოცვაში, და მისი სწავლება მთლიანად ზედამხედველის მოვალეობად ითვლებოდა. ამასთან, სხვათა მაგალითი სიტყვაზე მეტად ასწავლიდა. გარდა ამისა, მათი მთელი ცხოვრება მეტად მარტივი იყო და გარეგანი ფორმის მხრივ ხანგრძლივ სწავლებას არ მოითხოვდა. შინაგანი წარმატებისათვის კი საზღვარი არ არსებობდა: აქ თითოეული საკუთარ თავს ახალმოსულად მიიჩნევდა" (იქვე. გვ. 106)).
15. "მონასტერში მიღების აქტს არ გააჩნდა საეკლესიო მნიშვნელობა, არამედ მონასტრული თემის შიდა საქმედ, ასე ვთქვათ, შინაურ მოვლენად მიიჩნეოდა; ამიტომაც იგი სრულდებოდა ყოველგვარი ეპისკოპოსის ან სასულიერო პირის მონაწილეობის გარეშე და უბრალოდ აბბა მიერ - ანუ მონასტრის წინამძღვრის მიერ აღესრულებოდა, რომელსაც თავდაპირველად სამღვდელო ხარისხი არ გააჩნდა" (Пальмов Н. Пострижение в монашество. С. 21))".
______________
განაწესებში მონაზვნად აღკვეცის რიტუალი აღწერილი არ არის. შესაძლებელია, რომ პახომის სავანეებში თვით აღკვეცის წესი (იგულისხმება თმის აღკვეცისა და მონაზვნური აღთქმების მიცემის ერთდროულობა) პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული. ყოველ შემთხვევაში, განაწესები მკაფიოდ უთითებენ მხოლოდ მონაზვნური სამოსით საზეიმო შემოსვის მომენტს, რომელიც მონასტრის ტაძარში, მთელი საძმოს თანდასწრებით აღესრულებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მომენტი - საერო სამოსის გახდისა და მონაზვნურ სამოსში შემოსვის აქტი - მონაზვნობაში შესვლას ნიშნავდა.
და ბოლოს, წესდებაში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ ბერის ცხოვრების მთელ წყობაში დაცული უნდა ყოფილიყო თანმიმდევრობა, განსაკუთრებით კი ასკეტურ ღვაწლში:
"ანგელოზისგან მოცემულ წესში (მუხლი 15) ნათქვამია: "უმაღლეს ღვაწლზე სამწლიანი გამოცდის დასრულებამდე ნუ დაუშვებ ახალმოსულს; მხოლოდ სამი წლის შემდეგ, როდესაც იგი ყველა შრომით მორჩილებას შეეჩვევა, დაე შედგეს ამ ასპარეზზე"".
ამრიგად, უძველესი დროიდანვე, მონაზონთა ღვთითგაბრძნობილმა მოძღვრებმა დაადგინეს სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი მათთვის, ვინც მონაზვნობის რიგებში შესვლას ესწრაფვოდა.
აი, დაახლოებით ის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდებოდა მიღება წმინდა პახომი დიდის მონასტრებში.
პირველ რიგში, მონაზვნურ საძმოში მიღებას (ანუ მონაზვნურ ცხოვრებაში შესვლას) აღასრულებდა თვით მონასტრის მთავარი აბბა (ამბა).
მეორე, მონაზვნობაში შესვლის საზეიმო აქტი (ისევე როგორც მონასტერში მიღება) ხდებოდა მთელი მონასტრის საძმოს თანდასწრებით.
მესამე, მიღებულს საზეიმოდ უცვლიდნენ სამოსს: ხსნიდნენ საერო ტანსაცმელს და მონაზვნურ სამოსში მოსავდნენ.
მეოთხე, ახალმიღებული აქვე, ტაძარში, ამავე მონასტრის მთელი საძმოს თანდასწრებით აძლევდა აღთქმას, რომ შეასრულებდა ყველა მორჩილებას და დაიცავდა სავანის ყველა წესდებას.
მეხუთე, მონაზვნად მიღებულს საბოლოოდ მიეცემოდა საცხოვრებელი ადგილი მონასტრის შიგნით და დაწესდებოდა კონკრეტულ მორჩილებაზე.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი ერთობლიობაში წარმოადგენდა მონაზვნობაში მიღების არსს წმინდა პახომი დიდის სავანეებში. ბერის მონაზვნური სამოსი, წმინდა იოანე კასიანეს მოწმობის მიხედვით, შედგებოდა იმ ტანსაცმლისაგან, რომელიც პახომის მონასტრებში იყო მიღებული, კერძოდ: ლევიტონი, სარტყელი, პარამანდი, კუნკული, მილოტი (ბერძნ.: μηλωτή, ლათ.: pallium – "აპოკ." რედ.), მცირე მანტია, სანდლები; ხოლო გზაში თან ატარებდნენ კვერთხს.
როგორც წესდებიდან ჩანს, ტაბენესელი ბერების ცხოვრების სავალდებულო პირობად მიიჩნეოდა ხშირი და დეტალური აღსარება სულიერ მოძღვართან. ახალმოსულს ევალებოდა გაეხსნა მისთვის ყველა თავისი ფიქრი და განზრახვა - როგორც ცოდვილი, ისე კეთილი. ეკრძალებოდა საკუთარ ფიქრებზე დაყრდნობა მანამ, სანამ ისინი სულიერი მოძღვრის მიერ არ იქნებოდა მოწონებული ან დაგმობილი.
რადგან პირველ მონასტრებში პრაქტიკულად არ იყვნენ მღვდელმონაზვნები, სულიერი მოძღვრის მოვალეობას უბრალო მხცოვანი ბერები ასრულებდნენ, რომლებიც სულიერ ბრძოლაში დიდად გამოცდილნი და განსაკუთრებული მადლმოსილი ნიჭებით იყვნენ დაჯილდოებული, ხოლო ამ მორჩილებაზე კურთხევა მონასტრის მთავარი აბბასგან ჰქონდათ მიღებული. თავდაპირველად ესენი იყვნენ წმინდა პახომი დიდის უახლოესი მოწაფეები, რომლებიც მან თავისი მრავალი მონასტრის წინამძღვრებად დააყენა (16).
______________
16. "რათა გონებაში არ შეპარულიყო და გულში არ დანერგილიყო რაიმე ამაო და ცოდვილი ზრახვა, მათ (ისევე, როგორც ყველას) ევალებოდათ თავიანთი აზრების დაუფარავად გამჟღავნება უხუცესების წინაშე, რათა მტერს (ეშმაკს) არ მოესწრო რაიმე დამღუპველის ჩაგონება. ამით ისინი თვითონაც შეიმეცნებდნენ საკუთარ პიროვნებას და უფროსებსაც აცნობდნენ, ხოლო უფრორე გამოცდილებით რწმუნდებოდნენ იმაში, რომ სწორედ ის არის ბოროტება, რისი გამჟღავნების სურვილიც არ გააჩნიათ" - Пальмов Н.Пострижение в монашество. Чины пострижения в монашество в Греческой Церкви. Киев, 1914. С. 127.
______________
გაგრძელება იქნება.
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
წყარო: https://sdamp.ru/news/n2004/
