სწავლანი > ასკეტიკა
მონაზვნობაში შესვლა და მისგან გამოსვლა
ნაწილი III
ავტორი: ბერდიაკვანი ნიკონ გოროხოვი.
ფსკოვო-პეჩორის მიძინების მონასტრის ბერდიაკვან ნიკონის (გოროხოვი) პუბლიკაციების სერია "მონაზვნობაში შესვლა და მისგან გამოსვლა" (სამეცნიერო ხელმძღვანელი - დეკ. ვლადისლავ ციპინი), ეძღვნება თანამედროვე საეკლესიო ცხოვრების ფრიად აქტუალურ და საჭირბოროტო პრობლემებს. ამასთან ავტორი თავის ნაშრომში არა მარტო ეფუძნება ეკლესიის მამათა თხზულებებს, კანონიკურ დადგენილებებსა და ეკლესიის ისტორიის გამოკვლევებს, არამედ ითვალისწინებს მონასტრების მხცოვანთა და სულიერ მოძღვართა მდიდარ გამოცდილებას, მონასტრებში არსებული ბერ-მონაზვნური ცხოვრების მთელ წეს-რიგს.
***
1. ღირსი იოანე კასიანე რომაელი
"ღირსი იოანე კასიანე რომაელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბეთლემის მონასტრის მონაზონი იყო; აქედანვე იმოგზაურა ეგვიპტეში, რათა გაცნობოდა იქაურ განდეგილთა და მონასტერთა ცხოვრებას, და იქ 390-400 წლები გაატარა" (Скабалланович М. Толковый Типикон. М., 1995. С. 238). მ. სკაბალანოვიჩის სამართლიანი შენიშვნის თანახმად, იმ ხანებში, როდესაც ღირსი იოანე ეგვიპტის მონასტრებს სტუმრობდა, ისინი უკვე განვითარების მწვერვალზე იმყოფებოდნენ, ამიტომაც ბუნებრივია, რომ მათმა ტიპიკონმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა გაფართოებისა და შინაგანი ცხოვრების დეტალური მოწესრიგების მხრივ. ტიპიკონი ჯერ კიდევ განვითარების საფეხურზე იმყოფებოდა და მასზე მონაზვნური ტრადიციები უდიდეს გავლენას ახდენდნენ (1).
______________
1. "კინოვიური ცხოვრების წყობა, რომელსაც ღირსი კასიანე ეგვიპტეში აკვირდებოდა, რაც გინდ ახლოს იდგეს ნეტარი იერონიმეს მიერ რედაქტირებულ პახომის "წესებთან" და ამ უკანასკნელის დაკვირვებებთან, აშკარად ავლენს განვითარების შემდგომ საფეხურსა და ზოგიერთი დეტალის, განსაკუთრებით კი ლოცვისა და ღვთისმსახურების უფრო ზუსტ განსაზღვრებას" (იქვე. გვ. 238).
______________
რაც შეეხება სავანეში მიღებას, ღირსი პახომის წესებს პრაქტიკულად არავითარი ცვლილება არ განუცდიათ. ღირსი იოანე კასიანე ამბობს: "მოკლედ მოგახსენებთ იმ პირობებზე, რომელთა თანახმადაც ღვთისკენ მოქცევის მსურველნი საერთო საძმოში უნდა შევიწყნაროთ, რისთვისაც ნაწილობრივ ეგვიპტელ, ხოლო ნაწილობრივ ტაბენესელ მონაზონთა წესებს ვსესხულობთ" (Иоанн Кассиан Римлянин, преп. Писания. М., 1993. С. 28).
პირველ ყოვლისა, ძალაში რჩება წესი, რომელიც ახალბედისთვის მონასტრის კარიბჭეს გარეთ ათდღიან ყოფნას აწესებს, რათა მისი მოთმინება და სიმდაბლე გამოიცადოს. "ის მიწაზე უნდა ემხობოდეს გამვლელ ძმათა წინაშე, რომლებმაც შეიძლება ეჭვი შეიტანონ მის გულწრფელობაში და იფიქრონ, თითქოსდა მონასტერში შესვლა მას არა ღვთისმოშიშების, არამედ გასაჭირის გამო სურს; მან უნდა აიტანოს სხვადასხვა შეურაცხყოფა და ლანძღვა" (იქვე).
მეორეც, სავანის უფროსი მონაზვნები ყურადღებით იკვლევენ, გააჩნია თუ არა მოსულს რაიმე ქონება, და ბერობის მსურველს სთავაზობენ დატოვოს მთელი სიმდიდრე ქვეყნად, "თუნდაც ეს ერთი მონეტა იყოს", და სავანეს ყოველგვარ ამქვეყნიურ საზრუნავთაგან სრულიად თავისუფალმა მიაშუროს. ანუ ახალმოსული ნივთებისგან და ფულისაგან სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ამ პირობის დაცვას იმიტომ ითხოვდნენ, რომ წინამორბედ მონაზონთა გამოცდილებიდან გამომდინარე: მოღვაწეზე შინაგანი ან გარეგანი ბრძოლის გაძლიერების შემთხვევაში, მისი ღვთისადმი სასოება შეიძლებოდა ამქვეყნიური სიმდიდრის სასოებისკენ მიდრეკილიყო; შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ ახალმოსულს ბერული ცხოვრების სიმკაცრისთვის ვერ გაეძლო და უკან, ქვეყნად დაბრუნებულიყო, თუკი იქ რაიმე ქონება ექნებოდა შერჩენილი. "ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი" (მათ. 6:21). კაცი, რომელსაც ქვეყნად თუნდაც მცირედი სიმდიდრე შერჩა, "ვერ შეძლებს დიდხანს დაემორჩილოს სავანის წესებს, ვერც საძმოს სიმწირესა და სიმკაცრეს აიტანს " (Иоанн Кассиан Римлянин, преп. Писания. М., 1993. С. 28).
სავანეთა აბბები მკაცრად ითხოვდნენ, რომ ახლადმოსულებს არანაირი ვალი არ ჰქონოდათ არც ნათესავთა, არც სახელმწიფოსა და არც საზოგადოების წინაშე. არ იღებდნენ გაქცეულ მონებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს, დეზერტირებს, მოვალეებს, რომლებიც ვალს ან სახელმწიფო ბეგარას გაექცნენ, ანდა ოჯახიდან გაქცეულ მარჩენალებს.
შემდგომში ახალბედებისაგან სავანის სასარგებლოდ ფულსაც კი აღარ იღებდნენ. საწყის წესებში მსგავსი აკრძალვა არ ყოფილა. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სავანეები სახსრებში მწვავე საჭიროებას აღარ განიცდიდნენ, ჩათვალეს, რომ ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა, ყველა მოსული თანაბარ პირობებში მიეღოთ. რადგან ახალბედა სავანეს თუ ვერ შეეწყობოდა, "იმ შემთხვევაში, თუ ის საძმოში დარჩენას ვერ შეძლებდა, გასვლისას სავანის საზიანოდ მკრეხელურად არ მოეთხოვა ის, რაც თავისი განკერძოების დასაწყისში გულმხურვალედ შესწირა" (იქვე. გვ. 29).
რადგან ასეთი შემთხვევებიც არ ყოფილა იშვიათი, როდესაც ზოგიერთი, მონდომებით შეწირავდა რა სავანეს ფულს ან ქონებას, შემდგომ გულცივობისა თუ ცდუნების გამო კარგავდა რწმენის მხურვალებას, ტოვებდა სავანეს და ქვეყნიურ ცხოვრებას უბრუნდებოდა. აი, მაშინ, უკან (საერო ცხოვრებაში - "აპოკ." რედ.) დაბრუნებისას ისინი უსამართლოდ მოითხოვდნენ თავიანთი ქონების დაბრუნებას, მაშინ როდესაც ის უკვე დიდი ხნის წინ იყო გამოყენებული სავანის საჭიროებებისთვის. შემდეგში ეს განდგომილნი საერო სასამართლოებსაც მიმართავდნენ და სავანის წინააღმდეგ დავებს აღძრავდნენ. მსგავსი შემთხვევების შემდეგ, წმიდა მამებმა დაადგინეს, რომ ახლადმოსულთაგან არაფერი მიეღოთ, რათა თავიდან აეცილებინათ მათგან მომდინარე ყოველგვარი ცდუნება.
ბერობის კანდიდატები თავდაპირველად სავანის მახლობლად მოღვაწე მოხუცი ბერის მორჩილებაში იგზავნებოდნენ. იქ, მოხუცი ბერის ხელმძღვანელობით, ისინი მგზავრთა შეწყნარებასა და მათთვის მსახურებას ეწეოდნენ. და მხოლოდ მოხუცი ბერისადმი ერთწლიანი უდრტვინველი მორჩილების შემდეგ შეიყვანდნენ ახალბედას სავანეში და უკვე სხვა, უფრო გამოცდილი მონაზვნის ხელმძღვანელობას აბარებდნენ. ეს ახალი მხცოვანი ბერი ათი უმცროსი მონაზვნის უფროსი იყო და სწორედ მას მიამაგრებდნენ ახალბედას. მოხუცი ბერი ვალდებული იყო, ახალბედასთვის ყოველგვარი მონაზვნური სათნოება ესწავლებინა და სავანის აბბას წინაშე მასზე პასუხისმგებელი იყო.
განზრახვის სიმტკიცის მრავალმხრივი გამოცდის შემდეგ, ახალბედას სავანეში შეიყვანდნენ და მის საერო სამოსელს მონაზვნურით ცვლიდნენ. ამას, ჩვეულებრივ, თავად სავანის აბბა აღასრულებდა, რის შემდეგაც ახლადმოსული მონაზონი ხდებოდა. ყველა მონაზონი სავანისგან სრულად იყო უზრუნველყოფილი. კიდევ ერთი წესი ის იყო, რომ მონასტერში არავის ჰქონდა რაიმე საკუთრება: ყველაფერი საერთო იყო.
საერო სამოსელს, წინდახედულობით, ბერად აღკვეცისთანავე არ ყრიდნენ, არამედ შესანახად სავანის ეკონომოსს აბარებდნენ. და მხოლოდ მაშინ იშორებდნენ მას (მას გლახაკებს ჩუქნიდნენ), როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ ახალი მონაზონი არ უძლურდება ღვაწლში, არ დრტვინავს, არ ზარმაცობს და არ ეცემა სასოწარკვეთილებაში, არამედ მტკიცედ მიუყვება არჩეულ გზას და ძალიდან ძალაში განმტკიცდება.
ხოლო თუ ახალბედა იმედებს ვერ ამართლებდა და იწყებდა დრტვინვას, ზარმაცობას, განკითხვას, ურჩობას და ყოველივეში, რაც მონაზვნურ ცხოვრებას ეხებოდა, უწესო იყო, მაშინ "გახდიან მას მონაზვნურ სამოსელს, ჩააცვამენ საკუთარს და განდევნიან. მონაზვნური სამოსლით არავის აძლევენ წასვლის უფლებას, რამეთუ უპრიანად არ მიაჩნიათ მისი ტარება იმისთვის, ვინც თავის განზრახვაში გაცივდა" (იქვე, გვ. 30). ეს კი, უეჭველად, იმისთვის კეთდებოდა, რომ თავიდან აეცილებინათ საყვედური ჭეშმარიტ მონაზონთა მიმართ მათგან, ვისაც ქვეყნად მცხოვრებთათვის ცდუნების დათესვა შეეძლო. ესენი იყვნენ მოჩვენებითი ცრუმონაზვნები, რომლებიც მონაზვნურ სამოსელს ატარებდნენ, ხშირად დადიოდნენ ადგილიდან ადგილზე, ერეოდნენ საერო და საეკლესიო საქმეებში, მოწყალებას ითხოვდნენ, უქმ ცხოვრებას მისდევდნენ, პირადი სარგებლისათვის მონაზონთა გარეგნულ სახეს იყენებდნენ და ეკლესიის სხეულზე პარაზიტობდნენ.
ღირსი იოანე კასიანეს თქმით სავანიდან გასვლა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლებოდა ხდებოდა: პირველ შემთხვევაში ეს იყო თვითნებური გაქცევა ქვეყნად, რაც ფარულად, ღამით აღესრულებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თვით სავანე დევნიდა დაუდევრებს. მაშინ სავანიდან დაუდევარი მონაზვნის განდევნის პროცესი მთელი საძმოს საერთო განაჩენით აღესრულებოდა. უღირს მონაზვნებს ყველას თანდასწრებით, საჯაროდ, გახდიდნენ მონაზვნურ სამოსელს, კვლავ საერო სამოსს ჩააცმევდნენ და ამგვარად, სავანიდან ქვეყნად შერცხვენილს აგზავნიდნენ.
ეს წესები ღირსმა იოანემ ეგვიპტის მონასტრებში სტუმრობისას შენიშნა, საერთო საძმო-ბერობის დამფუძნებლის, ღირსი პახომი დიდის გარდაცვალებიდან უკვე მრავალი წლის შემდეგ.
2. ღირსი ბენედიქტე ნურსიელი
ღირსი ბენედიქტე ნურსიელი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ღირსი იოანე კასიანე რომაელის დებულებებს, მათ შორის თავისი წესდების იმ განყოფილებაშიც, რომელიც მონასტერში მიღებას ეძღვნება და რომელსაც ეწოდებოდა: "მონასტრის გარეთ გამოცდა და მასში შესვლისას ყოველგვარი საკუთრების ჩამორთმევა". მასში მოკლედ იყო ჩამოთვლილი მონასტერში მიღების ძირითადი წესები. აქ მითითებულია მონასტერში მოსულთა ათდღიანი გამოცდაც, გამოსაცდელის ვინაობის შემოწმებაც და ასევე მოთხოვნები უხვეჭელობის, მორჩილების გავლის, წმინდა წერილის შესწავლისა და მონაზონთა სხვა მოვალეობების მიმართ (2).
ზემოთ მოყვანილი ყველა წესდება სათავეს იღებს ერთსა და იმავე წმინდა მამათა ტრადიციაში, რომელიც აღმოსავლეთში, კერძოდ, ეგვიპტეში, მონაზვნური ცხოვრების აღმოცენების უძველეს პერიოდში ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ცალკეულ დეტალებში განსხვავდებიან. ხოლო ძალისა და მნიშვნელობის მიხედვით, ისინი ღირს მამათა ერთსულოვან შეხედულებას გამოხატავენ მონაზვნად მიღებისა და მონასტრიდან გამოსვლის საკითხზე.
______________
2. "ამრიგად, როდესაც ვინმე მოდის სურვილით, რომ კინოვიის წესდებისადმი (დისციპლინისადმი) მორჩილებაში იქნეს მიღებული, მას მანამდე არ უშვებენ შიგნით, ვიდრე ათი დღე ან უფრო მეტხანს კარიბჭის გარეთ არ დარჩება... ამ დროს მთელი ყურადღებით აკვირდებიან, რათა მასთან არ დარჩეს არაფერი მისი ძველი ქონებიდან, თუნდაც ერთი პოლუშკა" (წმ. თეოფანე დაყუდებული, "უძველესი სამონასტრო წესდებები". მოსკოვი, 1994. გვ. 556).
______________
3. წმინდა ბასილი დიდი
წმინდა მამათა ტრადიციის მეორე წარმომადგენელი, რომელმაც სხვებზე მეტად მოახდინა გავლენა საერთო ცხოვრების სამონასტრო წესდებების ჩამოყალიბებაზე, არის წმინდა ბასილი დიდი, კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსი. თუ ღირსი პახომის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მისი წესდება ზეგარდმო გამოცხადების შედეგად ჩამოყალიბდა, წმინდა ბასილის წესდება შეიძლება მივიჩნიოთ მისი ღრმა განსჯის ნაყოფად იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეში იდეალური ცხოვრება, რომელიც მთლიანად სახარების მცნებებზეა დაფუძნებული.
ბასილი დიდის მიერ დაწერილი "ასკეტიკური წესები" არ წარმოადგენს მონასტრული ცხოვრების ცალკეული დეტალების რეგლამენტაციას, როგორც ღირსი პახომი დიდის "წესები". ისინი, ერთგვარად, ასკეტიზმის ზოგად თეორიას წარმოადგენენ და ამიტომ ადვილად ერგება სამონასტრო ცხოვრების სხვადასხვა პირობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ზოგადი სახელმძღვანელო მონაზვნური ცხოვრების სხვადასხვა ფორმისთვის. "ამ წესდებაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ის უგულებელყოფდა მონასტრული ცხოვრების იმ წვრილმანებსა და ცალკეულ დეტალებს, რომლებსაც გვიანდელ რედაქციებში ღირსი პახომის "წესები" ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა" (სკაბალანოვიჩი მ. "ტიპიკონის განმარტება". გვ. 255).
წმინდა ბასილის შეხედულებები მონაზვნობაზე ჩამოყალიბდა იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომელთაც იგი სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში მოგზაურობის დროს შეხვდა. ამ შეხედულებების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა მისმა პირადმა ასკეტურმა ცხოვრებამაც. ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პონტოსა და კაპადოკიის უდაბურ ადგილებში. ბასილი დიდი ხელმძღვანელობდა მრავალ მონაზონს, რომლებიც მის მიერ ამ მხარეებში დაარსებულ მონასტრებში იყვნენ შეკრებილნი. ამ მონაზონთათვის წესებს თავად ბასილი წერდა.
წმინდა ბასილი რომის იმპერიის მცირე აზიის მხარეებიდან იყო წარმოშობით. მისი მშობლები მდიდარ მიწათმფლობელთა არისტოკრატიას მიეკუთვნებოდნენ და ამ მხარეებში მრავალი მამული ჰქონდათ. ბასილმა კარგი განათლება მიიღო კესარია კაპადოკიის, ათენისა და კონსტანტინოპოლის სხვადასხვა სკოლაში. მან იმდროინდელი მეცნიერების სრული კურსი შეისწავლა და, მისი თანამედროვეების შეფასებით, ყველა მათგანში დიდ წარმატებას მიაღწია. სწავლის დასრულებიდან მალევე ის მშობლიურ ქალაქ კესარიაში დაბრუნდა. იქ იგი რიტორიკას ასწავლიდა და საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა.
მაგრამ წმინდა ბასილს ამქვეყნიური საზრუნავი ამძიმებდა. ის უფრო მაღალ სრულყოფილებას ეძიებდა და ეს სრულყოფილება მონაზვნურ ცხოვრებაში ჰპოვა.
"როდესაც წმინდა ბასილმა გადაწყვიტა ასკეტური ცხოვრების დაწყება, მან მოისურვა ეპოვა რომელიმე ძმა, რომელმაც ეს ცხოვრების წესი აირჩია და რომელიც მისთვის ხელმძღვანელი იქნებოდა. წმინდა ბასილის სამშობლოში, კაპადოკიაში, უკვე ბევრი განდეგილი ცხოვრობდა, მაგრამ ისინი მუდმივად ურთიერთობდნენ ამქვეყნიურ სამყაროსთან და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონდათ (ეგვიპტელი განდეგილების მსგავსად). ამიტომ ისინი წმინდა ბასილის იდეალს ვერ აკმაყოფილებდნენ" (Там же. С. 256).
ამის შემდეგ ბასილი წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა სირიაში, ეგვიპტესა და პალესტინაში. იქ მან ახლოს გაიცნო მრავალი კეთილმსახური მოღვაწის მონაზვნური ცხოვრება. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კი დასახლდა ანისაში, საგვარეულო მამულში. აქ ის თავის ძმასთან, ნავკრატიოსთან ერთად, განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. მასთან აქვე ჩამოდიოდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
სწორედ აქ დაწერა მან იდეალური მონაზვნური ცხოვრების პირველი წესები.
"წმინდა ბასილის განდეგილური ცხოვრების ნაყოფი იყო ორიგენეს თხზულებებიდან ამოწერილი ნაწყვეტების კრებულის, "ფილოკალიის", შედგენა. მან ასევე შეადგინა "მონაზონთა წესების" კრებული, რომლის პირველ მონახაზებადაც შეიძლება ჩაითვალოს მისი ორი წერილი: Ep. 2 და Ep. 22 (Amand de Mendieta. 1949. P. 86–102). ამ ნაშრომს წმინდა ბასილი მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრუნდებოდა და პასუხობდა მის მიერ დაარსებული თემების მკვიდრთა მოთხოვნებს (Humbertclaude. P. 38)" (Святитель Василий Великий // Православная энциклопедия. Т. 7. М., 2004. С. 137).
წმინდა ბასილის ეპისკოპოსად ხელდასხმამდე, დაახლოებით 360–361 წლებში, დაიწერა ე.წ. "ზნეობრივი წესები" (Regulae morales) (3).
______________
3. "ზნეობრივი განწესებანი" (τα ήθικά), სულ 80 განწესებისგან შედგება და თითოეული მათგანი კიდევ თავებად იყოფა. წესები მართლაც წმინდა წერილის სიტყვებით არის ჩამოყალიბებული და განსაზღვრავს მთლიანად ქრისტიანულ ცხოვრებასა და ყოფას როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად სხვადასხვა მდგომარეობაში" (Сагарда Н.И., Сагарда А.И. Полный курс лекций по патрологии. СПб., 2004. С. 783).
______________
მღვდლად ხელდასხმის შემდეგ, ადგილობრივი ეპისკოპოსის დავალებით სულიერად ხელმძღვანელობდა ასკეტ-ევსტათიანელებს და მათთვის დაწერა "მცირე ასკეტიკონი". ის შედგებოდა კითხვა-პასუხებისგან, რომლებიც მონაზვნური ცხოვრების სხვადასხვა საკითხს ეხებოდა.
370 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ეპისკოპოსი გახდა, წმინდა ბასილი დიდი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და მის მიერ დაარსებულ მონასტრებზე სულიერ ზრუნვას განაგრძობდა. ამ მონასტრებისთვის მან უფრო ვრცელი წესები შეადგინა, რომლებსაც მოგვიანებით "დიდი ასკეტიკონი" ეწოდა. სწორედ ეს არის "წმინდა ბასილი დიდის სამონაზვნო განწესებები". ეს წესები შეიძლება განვიხილოთ როგორც "ერთიანი, სისტემური ტრაქტატი, რომელშიც ასახულია მონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბებადი დისციპლინა, გამსჭვალული სახარებისეული სულით" (Святитель Василий Великий // Православная энциклопедия. Т. 7. С. 147).
გაგრძელება იქნება.
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
წყარო: https://sdamp.ru/news/n2004/
