ესქატოლოგია - იმის შესახებ, იცის თუ არა ქრისტემ სამყაროს დასასრულის დღე და ჟამი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
წმ. ბასილი დიდი

 
 
იმის შესახებ, იცის თუ არა ქრისტემ სამყაროს დასასრულის დღე და ჟამი
მეორედ მოსვლა
___________________________________

1. "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: წინამდებარე ეპისტოლეს დასათაურება მივეცით მისი შინაარსიდან გამომდინარე. დედანში მას უბრალოდ ეწოდება "ეპისტოლე 236. იმავე ამფილოქიოსს". ტექსტში არსებული დამუქებები ჩვენია.

___________________________________

 
1. უკვე მრავალს უკვლევია სახარებისეული ნათქვამი იმის შესახებ, რომ უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, არ იცის სამყაროს დასასრულის დღე და ჟამი (შდრ. მარკ. 13:32). მას განსაკუთრებით ხშირად მიუთითებენ ანომეები მხოლოდშობილის დიდების დასამცირებლად, არსების მიხედვით არსმსგავსობის და ღირსების მიხედვით უკნინესობის დამამტკიცებელ საბუთად, ვინაიდან ვისაც არ აქვს ყველაფრის ცოდნა, არ შეუძლია იგივე ბუნება ჰქონდეს, არც ერთი მსგავსების მქონედ იყოს შემეცნებული იმასთან, ვინც მომავლის წინასწარცოდნითა და წინასწარმჭვრეტელობით გარემოიცავს საკუთარ თავში ყველაფრის ცოდნას; ეს შენმა სიბრძნემ ახლა შემოგვთავაზა, როგორც სიახლე. ისე, რომ ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გითხრათ ყველაფერი ის, რაც ბავშვობიდანვე გვსმენია მამათაგან და რაც მშვენიერებისადმი სიყვარულის გამო გამოუძიებლად მივიღეთ.

მართალია, ეს ვერ უარყოფს ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლთა უსირცხვილობას (რომელი არგუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს მათ თავდასხმებზე უფრო ძლიერი?), მაგრამ მას შესაძლოა საკმარისი დამარწმუნებლობა ჰქონდეს უფლის მოყვარეთათვის და მათთვის, ვისაც რწმენიდან მოუგია წინასწარჭვრეტა, რომელიც უფრო ძლიერია გონებისმიერ დასაბუთებებზე.

"არავინ", ჩანს, განზოგადებული სიტყვაა და ამ სიტყვიდან არც ერთი პირი არ გამოირიცხება. მაგრამ იგი არ გამოიყენება ასე წმიდა წერილში, როგორც შევნიშნეთ შემდეგ მონაკვეთთან: "არავინ არის სახიერი, გარდა ერთის - ღმერთის" (მარკ. 10:18). ეს მონაკვეთი იმაზე მეტყველებს, რომ ძე არ განაყენებს აქ საკუთარ თავს სახიერის ბუნებისგან. მაგრამ ვინაიდან მამა პირველი სიკეთეა, სიტყვაში "არავინ", ვფიქრობთ, რომ გულისხმობს სიტყვას "პირველი". ასევე ესეც: "არავინ იცის ძე, გარდა მამისა" (შდრ. მათე 11:27). აქ არ აბრალებს სულიწმიდას უმეცრებას, არამედ მოწმობს, რომ საკუთარი ბუნების ცოდნა პირველს მამას აქვს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ნათქვამით, "არავინ იცის" (მათე 24:36), მამას მიაკუთვნებს მყოფთა და მყოფადთა პირველ ცოდნას, და ამ ყველაფრის მეშვეობით ადამიანებს პირველ მიზეზე მიუთითებს. სხვაგვარად, როგორ შეეთანხმება ეს წმიდა წერილის დანარჩენ მოწმობებს, ან როგორ შესძლებს იგი თანხვედრას ჩვენს საერთო შეხედულებებტან, ვისაც გვწამს, რომ მხოლოდშობილი "არის ხატი ღმრთისა, უხილავისა" (2 კორ. 4:4), ამასთან, ხატი არა სხეულებრივი მოყვანილობის, არამედ თავად ღმრთეებისა და ღმრთის არსებაში სემეცნებული დიდებულებისა, როგრიცაა ხატი ძალისა და ხატი სიბრძნისა, რამდენადაც ქრისტე იწოდება "ღმრთის ძალად და ღმრთის სიბრძნედ"? (1 კორ. 1:24).

შემეცნება, ცხადია, ნაწილია სიბრძნისა და ძე არ ასახავს, არ გამოხატავს საკუთარი თავში სრული სახით სიბრძნეს, თუკი მას რაიმე აკლია. მაშ როგორ არ აჩვენა მამამ მას, "რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1:2), საუკუნეთა უმცირესი ნაწილი, ის დღე და ჟამი? ან როგორ შეიძლება აკლდეს ყოველთა შემოქმედს მის მიერ შექმნილთა შესახებ ცოდნის უმცირესი ნაწილი? იმან, ვინც ამბობს, რომ დასასრულის მოახლოებისას ასეთი და ასეთი ნიშნები გამოჩნდება ზეცასა და დედამიწის სხვადასხვა მხარეში (შდრ. მათე 24:2-51), როგორ შეიძლება, არ იცოდეს საკუთრივ დასასრულის შესახებ? როდესაც მათზე ამბობს: "ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" (შდრ. მათე 24:6), განსაზღვრავს ამას არა როგორც დაეჭვებული, არამედ როგორც მცოდნე.

ამასთან, შემდგომ, კეთილგონიერებით თუ განვიხილავთ, უფალი ადამიანებს მრავალ რამეს ეუბნება თავისი კაცობრივი ბუნებიდან. მაგალითად, "მასვი მე წყალი" (იოანე 4:7) წარმოადგენს უფლის ნათქვამს, რომელიც ხორციელ საჭიროებას ასახავს. თუმცა მთხოვნელი არ ყოფილა უსულო ხორცი, არამედ ღმრთეება, რომელსაც განსულიერებული ხორცი მიუღია. ამგვარად, ახლაც, ვინც მიაკუთვნებს უმეცრებას მას, რომელმაც ყველაფერი განგებულებით (ანუ განხორციელების შედეგად - გამომც. შენიშვნა) მიიღო და "წარემატებოდა ღმრთისა და ადამიანთა წინაშე სიბრძნითა და მადლით" (ლუკა 2:52), იგი არ გასცდება კეთილმსახურებითი აზრის საზღვრებს.

2. შენმა შრომისმოყვარებამ დაიდოს სახარებისეული გამონათქვამები და ერთმანეთს შეუდაროს მათესა და მარკოზის მიერ თქმული. რადგან ისინი, როგორც ჩანს, ერთადერთნი ეთანხმებიან ერთმანეთს ამ ადგილას. მათეს სიტყვები ამგვარია: "მაგრამ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ცათა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36); ხოლო მარკოზისა: "მაგრამ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ცათა ანგელოზებმა ზეცაში, არც ძემ, არამედ მამამ" (მარკ. 13:32). მაშ, რა არის ამ სიტყვებში ღირსშესანიშნავი? ის, რომ მათე არაფერს ამბობს ძის არცოდნის შესახებ, არამედ ჩანს, რომ მარკოზის აზრს ეთანხმება სიტყვებიდან: "არამედ მხოლოდ მამამ". ვფიქრობთ, რომ "მხოლოდ" ნათქვამია ანგელოზთაგან გამოსაყოფად, ხოლო ძე, არცოდნის გამო, არ არის დაყენებული საკუთარ მონათა გვერდით.

არ ცრუობს ის, ვინც ამბობს: "ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია" (იოანე 16:15). ერთ-ერთი მათგანი კი არის "იმ დღისა და ჟამის" ცოდნა. ამგვარად, მათეს ნათქვამში, უფალმა დუმილით აუარა გვერდი საკუთარ პირს, როგორც ნაგულისხმევს, და თქვა, რომ ანგელოზებმა არ იციან, ხოლო იცის მხოლოდ მამამ, მამის ცოდნა კი, როგორც ამტკიცებს მდუმარებით, მისი ცოდნაც არის, რადგან სხვა მუხლებშიც აქვს ნათქვამი: "როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მე მამას" (იოანე 10:15). ხოლო თუ მამა იცნობს მთელს ძეს მთლიანად, ისე, რომ შეიმეცნა მასში დაუნჯებული მთელი სიბრძნე, თანაბრადვე იქნება იგიც შეცნობილი ძის მიერ, ანუ, მთელი მასში არსებული სიბრძნით და მომავლის წინასწარცოდნით. ვფიქრობ, ასეთი განმარტება უნდა მიეცეს მათეს ნათქვამს: "არამედ მხოლოდ მამამ".

რაც შეეხება მარკოზის სიტყვებს, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ ძეს გამოჰყოფს ცოდნისგან, მათ ვგებულობთ ამგვარად: რომ არავინ იცის, არც ღვთის ანგელოზებმა, არამედ არც ძეს ეცოდინებოდა, რომ არა მამა; ანუ, მიზეზი ცოდნისა ძეში მომდინარეობს მამისგან. ეს განმარტება კეთილგონივრულად განწყობილის მსმენელისთვის არ არის ნაძალადევი, რადგან მას არ ერთვის "მხოლოდ", როგორც მათესთან. მარკოზთან ნათქვამს კი ასეთი მნიშვნელობა აქვს: იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ღვთის ანგელოზებმა, არამედ არც ძეს ეცოდინებოდა, რომ არა მამა, რადგან მამისგან აქვს მას მიცემული ცოდნა. ხოლო დიდად კეთილსაქებარი და ღმრთივმშვენიერი იქნება, თუ ვიტყვით ძის შესახებ, რომ ვისი თანაარსიც არის ის, მისგანვე აქვს ცოდნაც და ყვეალაფერი ის, რითაც შესაძლებელია მისი ხედვა ყოველგვარ სიბრძნესა და დიდებაში, რომელიც მის ღმრთეებას შეეფერება.

წყარო: წმიდა ბასილი დიდი. ეპისტოლეები. ნაწილი II. ეპისკოპოსობისას დაწერილი ეპისტოლეები. ეპისტოლე 236. თბილისი. 2019. გვ. 408-411.
Назад к содержимому