აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მეექვსე მსოფლიო კრების მიერ
წმ. გრიგოლ ნოსელის შერაცხვა "წმიდა და ნეტარ მამათა" რიცხვში
შეიძლება თუ არა იყოს "მართლმადიდებლური აპოკატასტასისის" სასარგებლო არგუმენტი?
ავტორი: დიაკვანი დიონისე ანაპრიენკო.
საყოველთაო ცხონების (აპოკატასტასისის) მომხრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს მისი მართლმადიდებლური გაგება, თავიანთი შეხედულების დასამტკიცებლად არცთუ იშვიათად იმოწმებენ წმ. გრიგოლ ნოსელის (†391) ესქატოლოგიურ შეხედულებებს. ამასთან ისინი აცხადებენ, რომ VI მსოფლიო კრებამ ის ჩარიცხა "წმიდა და ნეტარ მამათა" რიცხვში (იხ., მაგ.: Иларион (Алфеев), митр. Духовный мир преподобного Исаака Сирина. 7-е изд. М.: Издательский дом «Познание»: Издательство Московской Патриархии Русской Православной Церкви, 2017. С. 412, сноска; Осипов А. Посмертная жизнь души. Из времени – в вечность. Беседы современного богослова. М.: Данилов мужской монастырь, 2017. С. 125). "მართლმადიდებლური ენციკლოპედიაც" სტატიაში წმ. გრიგოლ ნოსელის შესახებ იუწყება, რომ "VI მსოფლიო კრებამ (681 წ.) წინა კრებების კვალად გრიგოლის სახელი "წმიდა და ნეტარ მამათა" რიცხვში ჩართეს (კან. მე-2) (Григорий, свт., еп. Нисский // Православная энциклопедия. М., 2006. Т. 12, С. 520). მას ეთანხმება "ვიკიპედიაც" - სტატიაში "აპოკატასტასისი" (https://ru.wikipedia.org/wiki/Апокатастасис). რას წარმოადენს წმ. გრიგოლის "სახელის ჩართვა" წმიდა და ნეტარ მამათა რიცხვში, რომელიც VI მსოფლიო კრებამ მოიხსენია? და არის თუ არა ის მოწმობა იმისა, რომ ეკლესიამ მართლმადიდებლურად აღიარა მისი ესქატოლოგიური სწავლება?
ტრულის (მეექვსე, ანუ როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, მეხუთე-მეექვსე) კრების (691-692 წწ.) მე-2 კანონში წმ. გრიგოლ ნოსელის სახელი მართლაც მოხსენიებულია "ჩვენს წმიდა და ნეტარ მამათა" შორის. ტრულის კრებამ შეადგინა 102 კანონი, რომელსაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსოფლიო კრების განწესებათა ავტორიტეტი გააჩნია, რითაც შეავსო ორი წინამორბედი მსოფლიო კრების "უმოქმედობა" - მეხუთესი და მეექვსესი, რომლებიც მხოლოდ დოგმატური თემებით იყვნენ დაკავებულნი.
რას ამბობს ტრულის კრების მე-2 კანონი? ვკითხულობთ: "ბრწყინვალედ და უაღრესად ყურადღების ღირსად მიიჩნია ამ წმინდა კრებულმა ისიც, რომ ამიერიდან სულის საკურნებლად და ვნებათა დასაცხრომად მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხომოცდახუთი კანონი. ... ერთსულოვნებით ვბეჭდავთ ყველა სხვა წმინდა განწესებებსაც დადგენილთ ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების მიერ, ესენია... (Правила святых Вселенских Соборов с толкованиями. М.: «Сибирская Благозвонница», 2011. С. 284, 285) (ქართ. თარგმ. იხ. მეექვსე საეკლესიო კრების კანონმდებლობა - "აპოკ." რედ.).
შემდეგ ამ კანონში მოტანილია მსოფლიო კრებათა, ზოგიერთი ადგილობრივი კრების და ზოგიერთი წმიდა მამის განწესებანი, რომელთა შორის მოხსენიებულია წმ. გრიგოლ ნოსელიც. კანონი მთავრდება აკრძალვით იმ პირთათვის, ვინც "დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში" იმხილება. როგორც მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაშია ნათქვამი: "მე-2 კანონში კრებამ შეაჯამა ეკლესიის მართლმკვეთელობა წინა კრებების პერიოდში, და ჩამოთვალა კანონები, რომლებიც მიღებულ იყო მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე, ასევე წმიდა მამათა კანონები" (Вселенский VI Собор // Православная энциклопедия. М., 2005. Т. 9, С. 637).
ამრიგად, ტრულის კრებამ თავისი ავტორიტეტით აღბეჭდა "წმიდა და ნეტარ მამათა" განწესებების ჯგუფი, რომელთა შორისაც არის წმ. გრიგოლ ნოსელის კანონებიც, რომლებიც ამოწერილია მისი კანონიკური ეპისტოლედან მელიტინელ ეპისკოპოს ლიტოსადმი (390 წ.). თავის ეპისტოლეში წმ. გრიგოლ ცოდვებს ჰყოფს 3 ჯგუფად იმის შესაბამისად, თუ სულის რომელი ნაწილიდან არიან ისინი წარმომავალნი: სიტყვიერი (გონიერი) ძალისგან, გულისთქმებისგან (სურვილებისგან) თუ გულისწყრომისგან (გაღიზიანებისგან და გაბრაზებისგან). ასეთია ზოგადი სახით დანაშაულობათა დაყოფა შინაგანი წყაროს თვალსაზრისით, რომლისგანაც ისინი მოედინებიან და გვთავაზობს სასჯელებს ამგვარი შეცოდებებისთვის.
წმ. გრიგოლ ნოსელის თქმით დანაშულობა შეიძლება დაიყოს ბოროტმოქმედების სახეობის, დარღვეული კანონის დიდი ან მცირე მნიშვნელობისა და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, და გვთავაზობს სასჯელებს ისეთი დანაშულობებისთვის, როგორებიცაა: ცდომილებანი, სჯულის დარღვევის ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა, როგორიცაა: სარწმუნოების უარყოფა, მწვალებლობა, სქიზმა (განხეთქილება), მკვლელობა, ჯადოქრობა, სიძვა, მრუშობა, სისხლის აღრევა, ქალების მოტაცება და სხვა.
წმ. გრიგოლ ნოსელის კანონთა ტექსტის გაცნობა შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ სწავლებამ საყოველთაო ცხონების შესახებ ვერანაირი ასახვა ვერ ჰპოვა მათში. ამ კანონთა განმარტებებში ცნობილი ბიზანტიელი კანონისტები იოანე ზონარა და თევდორე ბალსამონი (XII ს.), ასევე ეპისკოპოსი ნიკოდიმე (მილაში) (XIX ს.) არაფერს ახსენებენ მათში ნაგულისხმევ თუ მათი ავტორის, ანუ წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ აღსარებულ სწავლებაზე საყოველთაო ცხონების შესახებ.
ამრიგად, ტრულის კრებამ დაამტკიცა წმ. გრიგოლ ნოსელის კანონი, რომელიც ეხება სინანულის პრაქტიკას, რომელშიც არანაირად არის ასახული სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ. ამასთანავე, კრების მამებმა წმინდანს "წმიდა და ნეტარი მამა" უწოდეს - მათ მიერ დამტკიცებული კანონების სხვა ავტორებთან ერთად. მაგრამ მოცემული ფაქტიდან წინდაუხედაობა იქნებოდა გაგვეკეთებინა დასკვნა, თითქოსდა ამგვარი სახით კრებამ მოგვცა მოწმობა გრიგოლ ნოსელის მთელ სწავლა-მოძღვრებით შეხედულებათა მართლმადიდებლურობის შესახებ ან საკუთარ თანხმობა მათთან მიმართებაში.
ამრიგად, ცხადია, რომ ტრულის კრების მამებმა დაადასტურეს თვიანთი რწმენა მისი სიწმიდისადმი, მაგრამ თვით ეკლესიის მიერ მოღვაწის წმინდანად განდიდება "არ ნიშნავს ყველა მისი საქმისა და ნაწერის სრულიად უნაკლოდ აღიარებას. აღიარებს რა წმინდანთა მიერ ნათქვამისა და დაწერილის მაღალ ავტორიტეტს, ეკლესია მათ აზრებს და ნაწერებს არ მიაკუთვნებს უცდომელობის სტატუსს. წმ. მამათა თხზულებებში ეკლესიის მიერ ჭეშმარიტად აღიარებულია არა საზოგადოდ ნებისმიერი აზრი, რომლებიც მათშია მოცემული, არამედ მხოლოდ ის მოცემულობები, რომლებშიც შეიმჩნევა ე. წ. მამათა კონსენსუსი (consensus patrum)" (Канонизация // Православная энциклопедия. М., 2012. Т. 30, С. 270).
ვპასუხობთ რა კითხვებს, რომლებიც ამ მცირე სტატიის დასაწყისში იყო დასმული, უნდა ვთქვათ შემდეგი. ტრულის მეექვსე მსოფლიო კრებაზე (691-692 წწ.) მოხდა წმ. გრიგოლ ნოსელის კანონთა დამტკიცება, რომლებიც ეხებოდა სინანულის პრაქტიკას და არ შეიცავდა სწავლებას აპოკატასტასისის შესახებ. მისი კანონები ჩართულ იქნა "წმიდა და ნეტარ მამათა" თხზულებების რიცხვში, რომელთა "შეცვლა და გაუკუღმართება" აკრძალულია. ამასთან წმიდა კრების მიერ წმ. გრიგოლ ნოსელის წოდება "წმიდა და ნეტარ მამად" არ წარმოადგენს მოწმობას იმისა, რომ ეკლესიამ მართლმადიდებლურად აღიარა მისი ესქატოლოგიური სწავლებანი (1).
_______________________
1. წმ. გრიგოლ ნოსელის "აპოკატასტასისის" შესახებ უფრო დეტალურად იხ. ჩვენი საიტის პუბლიკაცია: უარყოფა სწავლებისა საყოველთაო ცხონების შესახებ (წმიდა წერილზე, წმიდა მამათა შრომებსა და მსოფლიო კრებათა საქმეებზე დაყრდნობით).
_______________________
წყარო: pravblog.ru
პუბლიკაცია გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ. "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
