აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
"არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება":
რატომ არ მოხდა სამყაროს აღსასრული მოციქულთა სიცოცხლეში?
პრობლემის არსი, ძირითადი ციტატები
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა" (მათე 10:23)
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში" (მათე 16:28; იხ. ასევე: მარკოზი 9:1; ლუკა 9:27)
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება" (მათე 24:34; მარკოზი 13:30; ლუკა 21:32)
მოციქულ პავლეს სიტყვები საკუთარ თავზე, როგორც მეორედ მოსვლის თვითმხილველზე (1 თესალონიკ. 4:15-17)
ჰე, მოვალ მალე
დასკვნა
ავტორი: დოცენტი, ღვთისმეტყველების კანდიდატი ალექსეი სერგის ძე კაშკინი.
***
პრობლემის არსი, ძირითადი ციტატები
მართლაც, ახალ აღთქმაში შეიძლება ვიპოვოთ მრავალი გამონათქვამი, რომლებშიც, ერთი შეხედვით, ლაპარაკია იმაზე, რომ ქრისტე მალე უნდა მოვიდეს დიდებით (ის, რასაც მეორედ მოსვლას უწოდებენ), უკვე მოციქულთა (ან ზოგიერთი მათგანის) ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდშივე. აი ძირითადი ციტატები, რომლებიც გამოხატავენ მითითებულ იდეას:
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა (მათე 10:23).
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში (მათე 16:28; მარკოზი 9:1; ლუკა 9:27).
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება (მათე 24:34; მარკოზი 13:30; ლუკა 21:32).
ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით (1 თესალონიკ. 4:15-17).
აჰა, მოვალ მალე (გამოცხ. 3:11, 22:7, 20).
იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა მითითებული ფრაგმენტი შეიძლება განიმარტოს სხვაგვარი აზრით და არ არის სავალდებულო მათში დავინახოთ ქრისტეს მეორედ მოსვლის იდეა მოციქულთა ცხოვრების პერიოდში. მოდი, განვიხილოთ ისინი თანმიმდევრობით.
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა" (მათე 10:23).
ეს სიტყვები ორგვარად განიმარტება: ან ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უახლოეს მოვლენებთან მიმართებაში, ან კიდევ ესქატოლოგიური თვალსაზრისით (1).
______________
1. "ესქატოლოგია (ბერძნ. ἔσχατος (эсхатос) - საბოლოო, უკანასკნელი, და λόγος (ლოგოსი): სიტყვა, გამოთქმა) - მართლმადიდებლური სწავლება სამყაროსა და კაცობრიობის საბოლოო ხვედრის შესახებ. იხ. https://azbyka.ru/esxatologiya. ასეთია "ესქატოლოგიის" ცნების ტიპიური განსაზღვრება, რომელიც გავრცელებულია საღვთისმეტყველო ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. მაგრამ სურვილი გვიჩნდება მოცემული კონცეფცია შევავსოთ ბიბლიური ღვთისმეტყველების დეტალური და ზუსტი განმარტებით, რომელიც წარმოდგენილია ფ. დევისის (Philip R. Davies) სტატიაში "ესქატოლოგია დანიელის წიგნში". ესქატოლოგია - ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის რწმენა იმისა, რომ ისტორია მიედინება განსაზღვრული, ღმრთითბოძებული მიმართულებით, და ღმერთი ისტორიაში მოქმედებს იმისთვის, რათა უზრუნველყოს ეს მიმართულება. ესქატოლოგიური რწმენა შეიძლება დაკავშირებული იყოს წინასწარმეტყველებებთან, მაგრამ მათგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს. აქ საკვანძო ცნებაა "ესქატონი" - მომენტი, როდესაც ღმერთი გადაჭრით ერევა ისტორიის მსვლელობაში თავისი მიზნების განსახორციელებლად. თუკი ესქატონი დადგა, ასეთი სწავლება უკვე "რეალიზებულ ესქატოლოგიად" იწოდება; ხშირად ესქატონი ივარაუდება ახლო ან შორეულ მომავალში. უკანასკნელ შემთხვევაში ეს მომავალი განიხილება, როგორც ვითრება, რომელიც კონტრასტულია აწმყოსთან მიმართებაში. Davies Ph. R. Eschatology in the book of Daniel. // Journal for the Study of the Old Testament. Vol. 5, Iss. 17, 1980. P. 38–39.
______________
განმარტება უახლოეს ისტორიულ კონტექსტში შეიძლება იყოს ასეთი: ქრისტემ წარაგზავნა ისინი იუდეის ქალაქებში საქადაგებლად, ამ დროს თვითონ განმარტოვება სურდა. მაგრამ ქრისტე თითქოსდა მათ ეუბნება: სულით ნუ დაეცემით, მალე კვლავ შევერთდებით. ასეთ გაგებას უჭერს მხარს წმ. იოანე ოქროპირი: "უფალი საუბრობს იმ დევნაზე, რომელიც მის ჯვარცმასადა ვნებაზე ადრე უნდა აღსრულდეს და არა იმაზე, რომელიც შემდეგში მიელით" (Иоанн Златоуст, свт. Беседа 34 на Матфея евангелиста, 1 // Он же. Полное собрание творений. В 12-ти тт. Т. VII, кн. 1. М., 2008. С. 375) (ქართ. გამოცემაში: წმ. იოანე ოქროპირი. 34-ე ჰომილია მათეს სახარებაზე. ჰომილიები. ტ. V. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2016 წ. გვ. 422 – "აპოკ." რედ.).
სხვა აზრს გვთავაზობს ღირ. ეფრემ ასურელი: მისი აზრით, აქ ლაპარაკია მოციქულთა ქადაგებაზე ქრისტეს აღდგომის შემდეგ: "მესამე დღეს მისი (ქრისტეს) აღდგომის შემდეგ, რომელიც არის მისი გამოვლენა, მათ ეწვევა მისი (ქრისტეს) ძალი" (Ефрем Сирин, преп. Толкования на Четвероевангелие. // https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanija-na-chetveroevangelie/8)
და ბოლოს, არსებობს ესქატოლოგიური ინტერპრეტაციაც (2), მაგრამ ის ამ სიტყვების გამოყენებას ვარაუდობს უკანასკნელი თაობის ქრისტიანებთან მიმართებაში. მაშინ ამ სიტყვების აზრი ასეთი გამოდის: ქრისტე უფრო ადრე მოვა, ვიდრე მისი მიმდევრები სახარების ნათლით გაანათლებენ ყველა იუდეველს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათეს სახარება უპირატესად იუდეველთათვის დაიწერა, სრულიად ლოგიკურია აქ დავინახოთ იდეა, რომლის მიხედვითაც ქრისტეს მიმდევრები "ისრაელის ქალაქების" განათლებას ჟამთა აღსასრულამდე გააგრძელებენ; ეს არის - ეკლესიის ისტორიული მისია" (Blomberg C. Matthew. // The New American Commentary. Vol. 22. Nashville: Broadman & Holman Publishers. 2001. P. 176; Лэдд Дж. Э. Богословие Нового Завета. Пер. с англ. СПб: «Библия для всех», 2003. С. 223).
______________
2. იგივე აზრია გატარებული პროფ. ა. ი. ოსიპოვის კომენტარებშიც: "ებრაელებს მოწინავე ადგილები უპყრიათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, იცავენ რა კავშირს ერთმანეთს შორის, ამით ერთგვარ მსოფლიო ისრაელს აყალიბებენ; ასეთ შემთხვევაში ქრისტეს ეს სიტყვები შეიძლება გაგებულ იქნას ისე, რომ ძე კაცისა მოვა მანამ, სანამ მსოფლიო სამოციქულო ქადაგება დედამიწის (ისრაელის ქალაქების) ყველა კუთხე-კუნჭულს მიაღწევს" (Осипов А. И. Жизнь с Еванглием. Комментарии к Евангелию от Матфея. Изд. 2-е, доп. и испр. М.: «Никея», 2019. С. 121).
______________
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში"
(მათე 16:28; იხ. ასევე: მარკოზი 9:1; ლუკა 9:27).
ეს ციტატა - ყველაზე ტიპიურია; რწმენა იმისა, თითქოსდა ქრისტემ მოციქულებს დიდებით მოსვლა მათივე ცხოვრებაში აღუთქვა ან თითქოსდა მოციქულები ქრისტეს მეორედ მოსვლას უახლოეს დროშივე ელოდნენ, სწორედ ამ გამოთქმას ეფუძნება. განმარტებისთვის საკვანძო ფრაგმენტს წარმოადგენს შემდეგი დეტალები: ჯერ-ერთი, ვინ არიან ზოგი აქ მყოფთაგანნი, მეორეც, რას ნიშნავს სიტყვები: სანამ არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში (მარკოზის სახარებაში ასეა: სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით (მარკოზი 9:1); ხოლო ლუკასთან ასე: სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს (ლუკა 9:27)? საჭიროა მოკლედ განვიხილოთ ამ მონაკვეთის განმარტების ისტორია.
ღმრთის სასუფეველი - ფერისცვალება. ძველი კომენტატორები (წმ. იოანე ოქროპირი, ეპისკოპოსი ბასილი სელევკიელი (V ს.), ღირ. იოანე დამასკელი, დასავლეთის ეკლესიის მამათა უმრავლესობა) ამ სიტყვების აღსრულებას კონტექსტის საფუძველზე ფერისცვალების მოვლენაში ხედავდნენ (სრადგან ეს წინასწარმეტყველება ყველა სინოპტიკოსტან წინ უსწრებს უფლის ფერისცვალების შესახებ თხრობას); ამგვარი გაგების შემთხვევაში "ზოგიერთები" არიან - პეტრე, იაკობი და იოანე, რომლებიც ფერისცვალების მოწმენი გახდნენ. მაგრამ მოცემულ განმარტებას გააჩნია აშკარა სიძნელეები: ჯერ-ერთი, ძალიან მოკლე დროა წინასწარმეტყველებასა და ფერისცვალების მოვლენას შორის - სულ 6 დღე (ამ დროისთვის საეჭვოა მსმენელთაგან ვინმეს "ეგემა სიკვდილი", არადა ფრაზა "ზოგი აქ მყოფთაგან" ვარაუდობს, რომ მხოლოდ ნაწილი მიაღწევს სავარაუდო მოვლენამდე) (Beasley-Murray G. R. Jesus and the Kingdom of God. Grand Rapids: Eerdmans, 1986. P. 187). მეორეც, მარკოზის სახარებაში (იხ. მარკ. 9:1) მიმღეობა "მომავალს" დგას პერფექტის ფორმაში ἐληλυθυῖαν: ტექსტის ეს თავისებურება "ვარაუდობს არა გარდამავალ მოვლენას, არამედ სასუფევლის დამკვიდრებას. ამიტომ შეუძლებელია ის ფერისცვალებას ეხებოდეს" (Кассиан (Безобразов), еп. Лекции по Новому Завету. Евангелие от Марка. Paris, 2003. С. 88).
ღმრთის სასუფეველი - ეკლესია. წმ. გრიგოლ I დიდი, რომის პაპი, ძალმოსილებით მომავალ ღმრთის სასუფეველში გულისხმობდა ეკლესიას, რომელიც I საუკუნის მიწურულისთვის გავრცელდა და დამტკიცდა რომის იმპერიის ტერიტორიაზე. მართლაც, ეკლესია შეიძლება იწოდოს ღმრთის სასუფევლად დედამიწაზე; სწორია ისიც, რომ ქრისტეს ზოგიერთმა მსმენელმა (როგორც მინიმუმ, მოციქულმა იოანემ) მიაღწია I საუკუნის მიწურულამდე და თვითმხილველი იყო იმისა, "ოიკუმენეს" ტერიტორიაზე, თუ როგორ იქმნებოდა ეკლესია "ძალმოსილებით". ეს აზრი დომინირებდა შუა საუკუნეებში, შემდეგ მას მიმდევრები გაუჩნდა კათოლიკე და ზოგიერთ პროტესტანტ მეცნიერს შორის.
ღმრთის სასუფევლის გამოვლენა - ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით. მარტინ ლუთერი და ჟან კალვინი, მოგვიანებით კი კარლ ბარტიც, მოცემული წინასწარმეტყველების აღსრულებას ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ხედავდნენ; იდეა, რომ ღმრთის სასუფეველი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოვლინდება "ძალმოსილებით", ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში (შეად. რომ. 1:4; 2 კორ. 13:4; ფლპ. 3:10). გასაგებია, რომ ამ მომენტამდე მაცხოვრის სიტყვების ყველა მსმენელმა როდი იცოცხლა (როგორც მინიმუმი, იუდა, შესაძლოა, ჯერაც ერთ-ერთი იყო იქ მყოფ ადამიანთაგან) (Brooks J. Mark. // New American commentary, vol. 23. Nashville: Broadman, 1991. P).
იერუსალიმის დანგრევა - სასუფეველის გამოვლინებაა? იოჰან იაკობ ვეტშტეინი (XVIII ს.) და კარლ ფრიდრიხ კეილი (XIX ს.) იცავდნენ იმ თვალსაზრისს, რომ აქ ლაპარაკია იერუსალიმის დანგრევაზე 70 წ-ს ჩვენი წელთაღრიცხვით; მართალია, იერუსალიმის დანგრევასა და უკანასკნელ სამსჯავროს შორის რეალური პარალელები სახარებაში არსებობს, მაინც, ამ განმარტების მიღების მთავარ პრობლემას ქმნის შემდეგი: ღმრთის სასუფევლის მოსვლა ვარაუდობს ცხონებას და სიხარულს, და არა კატასტროფასა და სამსჯავროს.
ქრისტეს მოსვლით ღმრთის სასუფეველი უკვე დადგა. XX ს-ში გარკვეული პოპულარობა მოიპვა განმარტებამ რომელიც "რეალიზებული ესქატოლოგიის" (3) კონცეფციის სულისკვეთებით არის ფორმულირებული; ამ იდეის ავტორად მიიჩნევა ჩარლზ დოდი.
______________
3. განხორციელებული (რეალიზებული) ესქატოლოგია (ინგლ.: Realized Eschatology) - ერთ-ერთი თანამედროვე ეგზეგეტური თეორიაა, რომელიც ეხება ახალაღთქმისეული ესქატოლოგიის განმარტებას. პირველად ის ჩამოაყალიბა ჩარლზ დოდმა თავის წიგნში "იგავები სასუფეველზე" (1935), თუმცა მის იდეებს ხშირად იყენებდნენ სხვა ეგზეგეტებიც (მაგალითად, ტრუბეცკოი და ოულდემი). დოდის კონცეფციის თანახმად, ღმრთის სასუფეველი სამყაროში მოვიდა ქრისტეს სწავლებით, რაც უკავშირდებოდა არა მარტო მომავალს, არამედ განხორციელდა უშუალოდ ქრისტეს მსახურებაში, მის ქადაგებაში, სიკვდილსა და აღდგომაში" (Мень А., прот. Библиологический словарь: В 3 т. М., 2002. Т. 2: К–П. С. 319).
______________
მაგალითისთვის განვიხილოთ ამ განმარტების გადმოცემა ეპისკოპოს კასიანეს (ბეზობრაზოვი) კომენტარში. ის გამომდინარეობს იქიდან, რომ ქრისტეს სიტყვების აზრი, როგორც ეს ახასიათებს მისი იგავების უმეტესობას, უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოდ მიღებულ წარმოდგენებს. ესქატოლოგიური სამსჯავროს მოლოდინი დამახასიათებელი იყო იუდაური ტრადიციისთვის, ასე რომ ასეთი კონცეფცია არანარი სიახლის მატარებელი არ უნდა ყოფილიყო იუდეველთათვის. მაშინ, "რჩება სხვა ვარიანტი. უფალს საერთოდ არ ჰქონდა მხედველობაში ესქატოლოგიური ვადები, და განსხვავებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არ განაპირობებდა იმ დროით, რომელიც უნდა გასულიყო აღთქმულის აღსასრულებლად. უფრო, მას სურდა ეთქვა, რომ - ჯერ კიდევ ესქატოლოგიურ აღსრულებამდე - სასუფევლის მოსვლას ძალმოსილებით, რაღაც განსაკუთრებული აზრით, ეღირსებიან მცირედნი რჩეულნი, როგორც ჩანს, მოწაფეები ხალხის საპირისპიროდ. ეს არის სასუფევლის განჭვრეტა. ... ქრისტეს მიმდევრობა ჯილდოვდება სასუფევლის დიდებაში მონაწილეობით (8:38). მაგრამ ესქატოლოგიურ აღსრულებას უპირისპირდება მოსწრება აწმყოში (9:1). ეს მოსწრება არის - მოწაფეთა ხვედრი. გამოთქმა: "ღმრთის სასუფეველი, მომავალი ძალმოსილებით", არ ეწინააღმდეგება ამ გაგებას. მოციქულთა ეპისტოლეები მოწმობენ სწორედ ძალის (δύναμις, შეად. Кол. 1:11 და სხვა) მოვლინებაზე ძველქრისტიანულ თემებში (Кассиан (Безобразов), еп. Лекции по Новому Завету. Евангелие от Марка. Paris, 2003. С. 89).
ანალოგიური სულისკვეთებით მსჯელობს ჩვენი თანამედროვე, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი არქიმანდრიტი იანუარი (ივლიევი): "ყურადღებით თუ მოვისმენთ იესუ ქრისტეს ესქატოლოგიურ ქადაგებას, ნათელი გახდება, რომ მისი ძირითადი თემა - სახარებაა, რომელიც ქადაგებს უკვე დამყარებულ ღმრთის სასუფეველზე: ის ავლენს თავს აქ და ახლა. მაგრამ ახლოვდება კატასტროფა, როგორც საბოლოო აღსასრულისა და მეორედ მოსვლის ნიშანი. უნდა ვისარგბლოთ დროით და ვიფხიზლოთ, რადგან ლაპარაკია სიკვდილსა და სიცოცხლეზე. ... არ დაგვავიწყდეს, რომ მათე მიმართავს თავის ეკლესიას. სწორედ მათ, ვინც კითხულობს და ისმენს მის სახარებას, პირდაპირ ეუწყა: აქ, ჩვენ შორის, ჩვენს ეკლესიაში - იესუს სიტყვების ჭეშმარიტების მოწმეები იმყოფებიან. ჩვენ ვნახეთ და ვადასტურებთ, რომ ღმრთის სასუფეველი უკვე მოვიდა იესუ ქრისტეს პიროვნებასთან ერთად, რომელიც ჩვენს შორის მყოფობს" (Ианнуарий (Ивлиев), архм. Евангелие от Матфея. Богословско-экзегетический комментарий. Т. 2: Мф 13:1 – 28:20. М.: Издательство ББИ, 2021. С. 105, 106).
თვალსაზრისი, რომ ქრისტემ მეორედ მოსვლა იუწყა ჯერ კიდევ მოციქულთა ცხოვრების პერიოდში. ამგვარად, ჩვენ განვიხილეთ ფრაზის: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში, არაბუკვალისტური განმარტების ვარიანეტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ XVIII ს-მდე არ ყოფილა პრეცედენტი, რათა ქრისტეს ეს სიტყვები ვინმეს განემარტოს იმ აზრით, რომ ქრისტეს მსმენელები უეჭველი მოწმეები იქნებოდნენ მისი მეორედ მოსვლისა. ამ ასპექტში "პიონერები" გამოდგნენ იმ მიმართულების წარმომადგენლები, რომელსაც ზოგჯერ "უარყოფით ბიბლიურ კრიტიკას" უწოდებენ: ჰერმან რეიმარიუსი (XVIII ს.) დავიდ შტრაუსი და ერნესტ რენანი (XIX ს.). ეს კონცეფცია, რომელიც ბიბლიური კრიტიკის წიაღში იშვა, ფართოდ გავრცელდა. ამგვარი გაგების მიღებას და ლოგიკურ განვითარებას მივყავართ ორიდან ერთ დასკვნამდე: ან ქრისტეს არ უთქვამს ხსენებული სიტყვები, ისინი შემდეგში დაამატეს მახარობლებმა (რომლებიც გამოხატავდნენ სამოციქულო ეკლესიის რწმენას), ან კიდევ ქრისტემ დაუშვა შეცდომა (ასეთი გაგებით "შეცდომა" განიხილება, როგორც ქრისტეს ადამიანური ბუნების გამოხატულება (Лэдд Дж. Э. Богословие Нового Завета. Пер. с англ. СПб: «Библия для всех», 2003. С. 232)). გასაგებია, რომ არც პირველი, და არც მითუმეტეს მეორე ვარიანტები მისაღები არ არის მართლმადიდებლური ბიბლიური ტრადიციისთვის.
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება" (მათე 24:34; მარკოზი 13:30; ლუკა 21:32).
არსებობს საცთური ქრისტეს ეს სიტყვები დაკავშირებულ იქნას უკვე გაანალიზებულ ფრაზასთან იმის შესახებ, რომ მისი (ქრისტეს) ზოგიერთი მსმენელი ღმრთის სასუფევლის მოსვლის მომსწრე გახდება. მაგრამ აქ სულ სხვა კონტექსტია და ამიტომ აზრიც სხვაგვარია. განსახილველი გამოთქმა ყველა სინოპტიკურ სახარებაში გამოიყენება იმ ესქატოლოგიურ ქადაგებაში, რომელიც ასევე "მცირე აპოკალიფსისად" იწოდება და, რომელშიც გაერთიანებულია 70 წელს იერუსალიმის დანგრევისა და მეორედ მოსვლის თემები.
გამოთქმის საკვანძო დეტალები: ეს მოდგმა და ყოველივე ეს - ეხება იერუსალიმის დანგრევის თემას. ყურადღება უნდა მიექცეს ანალოგიურ ფრაზას მათეს სახარებაში: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე (მათე 23:36). - ის ზუსტად ეხება შურისგებას, რომელიც ელოდება იუდეველთ ქრისტეს მოკვლისა და მოციქულთა დევნისთვის. ამგვარად, განსახილველ გამოთქმასი ქრისტე ლაპარაკობს დაღუპვაზე, რომელიც გამზადებულია მისი თანამედროვეებისთვის: ეს თაობა პასუხს აგებს მის მიერ დაღვრილი სისხლისთვის (Beasley-Murray G. R. Jesus and the Kingdom of God. Grand Rapids: Eerdmans, 1986. P. 191).
მოციქულ პავლეს სიტყვები საკუთარ თავზე, როგორც მეორედ მოსვლის თვითმხილველზე (1 თესალონიკ. 4:15-17).
აქ მოციქული პავლე თუმც კი ამბობს: ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, მაგრამ მოცემულ გამოთქმაში აქცენტი გაკეთებულია მის მეორე ნაწილზე, სიტყვებზე: უფლის მოსვლამდე, და არა სიტყვაზე ნაცვალსახელზე ჩვენ. თუმცა, კ. ნ. ფამინსკი, თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტებების შემდგენელი "განმარტებით ბიბლიაში", დასაშვებად მიიჩნევ, რომ მოციქულ პავლეს სწამდა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის ცოცხალი მოწმე იქნებოდა: "ჩვენ მაინც იმ აზრისკენ ვიხრებით, რომ მოციქულს შეეძლო ჰქონოდა იმედი ყოფილიყო პარუსიის (4) ცოცხალი მონაწილე".
______________
4. პარუსია (ბერძნ.: παρουσία (პარუსია) – თანდასწრება, ყოფნა, მოსვლა, მოვლინება) - ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საღმრთო გამოცხადებით უფალ იესუ ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლის აღთქმის აღსრულებას. სიტყვა პარუსია ითარგმნება, როგორც მოსვლა, და როგორც ყოფნა, თანდასწრება. ასეთი ორაზროვნება უთითებს იმაზე, რომ პარუსია გაიგებოდა არა მხოლოდ ესქატოლოგიურად, არამედ მისტიკურადაც, როგორც ღმრთის ყოფნა სამყაროში (https://azbyka.ru/parusiya).
______________
ის არ იტყოდა: "ჩვენ ცოცხლად შთენილნი", ლაპარაკი სრულიად შორეულ მოვლენაზე რომ ყოფილიყო. უნდა გვახსოვდეს, რომ პარუსიის მოლოდინის სიცხოველე მოციქულმა პავლემ თავისი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა" (Фаминский К. Н.. 1-е послание святого апостола Павла к Фессалоникийцам. // Толковая Библия, или комментарий на все книги Св. Писания Ветхого и Нового Завета под редакцией А.П. Лопухина. Т. XIII: Послания Ап. Павла: к Коринфянам, Галатам, Ефесянам, Филиппийцам, Колоссянам, Фессалоникийцам, Тимофею, Титу, Филимону и к Евреям и Откровение св. Иоанна Богослова. СПб, 1913. С. 350).
მაგრამ მის შეხედულებას შეიძლება დავუპირისპიროთ ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის მტკიცე და შეუპოვარი მტკიცებულება: "ეს სიტყვები საფუძველს გვაძლევენ ვიფიქროთ, თითქოსდა მოციქული დარწმუნებული იყო, რომ ის და ყველა მორწმუნე, მის დროში, უფლის მეორედ მოსვლამდე ცოცხლად დარჩებიან, რომ ის დედამიწაზე მათსავ სიცოცხლეში აღსრულდება. მაგრამ არ შეიძლება მოციქულის სიტყვებში ამგვარი შეხედულების გულისხმობა, რადგან ეს მეორედ მოსვლის დროის განსაზღვრის ტოლფასი იქნებოდა, არადა თვით მოციქული ამბობს, რომ ამ დროის განსაზღვრის მცდელობა არ ეგების. სხვაგვარად, ის საკუთარი თავისვე წინააღმდეგი აღმოჩნდებოდა. რატომ ესმის ზოგიერთს სიტყვა: ცოცხლად შთენილნი ისე თითქოსდა ნათქვამი ყოფილიყო: დავრჩით, ანუ თუ დავრჩებით უფლის მეორედ მოსვლამდე ვიცოცხლებთ. ბერძნული მეტყველების სიმწყობრე ხელს არ უშლის ამგვარ თარგმანს. წმიდა მამებიც, ხედავდნენ რა, რომ უფლის მოსვლა არ აღსრულდა მოციქულის სიცოცხლის საზღვრებში, ვარაუდობდნენ, რომ ამგვარი სიტყვებით, "ის საკუთარ თავზე კი არ მეტყველებდა, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც იმ დრო-ჟამამდე ცხოვრება მოუწევდათ" (თეოდორიტე). "როდესაც გამოიყენა გამოთქმა: ჩვენ, მას მხედველობაში ჰქონდა არა საკუთარი თავი, არამედ მართლმადიდებელნი" (ოქროპირი). "რადგან ცოცხლებზე ლაპარაკობდა (რომლებიც ცოცხალნი იქნებიან უფლის მეორედ მოსვლის ჟამს) და თვითონაც ჯერაც ცოცხალი იყო, გამოიყენა საზოგადოდ ჩვეულებრივი გამოთქმა: ჩვენ, ცოცხლად შთენილნი" (დამასკელი).
სხვები დასაშვებად არ მიიჩნევენ პირობითობებს და მოციქულთან გადამწყვეტ, უპირობო მდგომარეობას ხედავენ. და ამასაც შეიძლება დავეთანხმო. უფალმა თქვა: მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა (ლუკა 12:40). რადგან საათი არავინ იცის, ამ ჟამს ვერავინაც ვერ განსაზღვრავს; მაგრამ სწორედ ამიტომაც ყოველი ადამიანი მას მზადყოფნით უნდა ელოდოს, ისე იცხოვროს, თითქოსდა ამ წუთას მოიწევს მასზე მისი უკანასკნელი დღე და თქვას, როგორც მისთვის უკვე აღსრულებულ მოსვლაზე. ამ აზრით ლაპარაკობს მოციქულიც საკუთარ თავზე და ყველა მორწმუნეზე, როდესაც მეორედ მოსვლის თვითმხილველობაზე მსჯელობს. როგორც მოციქული იმ დროს, იმდროინდელ მორწმუნეებთან ერთად, ასევე ყოველი დროის ყოველი მორწმუნე ასე უნდა ფიქრობდეს. აი, სადაცაა მოვა უფალი, - და ჩვენ, უფლის მოსვლამდე დაშთენილთ, ასე და ასე შეგვემთხვევა" (Феофан Затворник, свт. Толкования посланий Апостола Павла к Солунянам, к Филимону, к Евреям. М.: Правило веры; Звенигород (Моск. обл.): Саввино-Сторожев. ставропиг. мужской монастырь, 2005. С. 213-214).
ჰე, მოვალ მალე
ეს ფრაზა, რომელიც ხშირად მეორდება იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში და, რომელიც არ შეიცავს არს ვადებს, არც აქტუალიზაციას თანამედროვეთათვის, შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უბრალო მითითება მეორედ მოსვლის მოახლოვებაზე ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით: ქრისტიანები არ უნდა დაძაბუნდნენ, არ უნდა მოეშვნენ, არ უნდა მოდუნდნენ (იგავში ნახსენებ ქალწულთა მსგავსად), არამედ ყოველთვის მზადყოფნაში იყონ უფალთან შესახვედრად, რათა ღირსეული ნაყოფები მიართვან მას (სხვაგვარად შეიძლება უნაყოფო ლეღვის ხვედრი გაიზიარონ). მეორედ მოსვლა ნებისმიერი მომენტში და უსწრაფესად მოხდება, რაშიც გვარწმუნებენ ცნობილი სახარებისეული გამონათქვამები: ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც (მათე 24:27) და კიდევ: ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ (მათე 24:36).
დასკვნა
ამგვარად, ახალი აღთქმის განხილული ფრაზებიდან იმ იდეის შემჩნევა, თითქოსდა ქრისტე თავის მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებს ჯერ კიდევ მისი თანამედროვეების ცხოვრებაში, შეიძლება შევამჩნიოთ მხოლოდ ერთ გამონათქვამში, რომელიც სხვადასხვა ვარიანტით გხვდება ყველა სინოპტიკოსთან: მათე 16:28; მარკ. 9:1 და ლუკა 9:27. ამასთან მითითებული გამონათქვამის ბუკვალისტური გაგება გაჩნდა მხოლოდ XVIII ს-ში, და გავრცელდა XIX ს-ში. თუმცა, ამ ფრაზისთვისაც შეიძლება დიდი რაოდენობის ალტერნატიული განმარტების შერჩევა, რომლებიც არ ვარაუდობენ წინააღმდეგობას წინასწარმეტყველების აზრსა და ეკლესიის ისტორიას შორის. მეტიც, ალტერნატიული განმარტებების უმრავლესობა უფრო ძველია და მრავალი ავტორიტეტული მომხრე ჰყავს.
დასასრულ გავიხსენოთ ბიბლიის განმარტების მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური პრინციპი: განსაზღვრული საღვთისმეტყველო დოქტრინების ფორმულირების დროს, რომლებიც წმიდა წერილის ტექსტებიდან გამოჰყავთ, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ფართო კანონიკური კონტექსტი. მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლება სახარების სხვადასხვა ნაწილიდან აღებულ ერთ-ორ გამონათქვამზე ავაგოთ კონცეფციები შორს მიმავალი დასკვნებით, არამედ საჭიროა სრულად განვიხილოთ სხვა გამონათქვამებიც ამავე საკითხზე, რომლებსაც სხვაგვარი შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნიათ.
ჩვენს თემასთან დაკავშირებით ეს პრინციპი ასე მუშაობს. დიახ, უდავოდ, ახალ აღთქმაში არის გამონათქვამები, რომლებშიც ასახულია მეორედ მოსვლის სიახლოვის აზრი, თანაც ზოგჯერ ეს სიახლოვე იმდენად რელიეფურად არის აღწერილი, რომ ჩანს, თითქოსდა "ყველაფრის აღსასრული" ჯერ კიდევ მოციქულთა დროს უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს ფრაზები გაწონასწორებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის გამონათქვამებით, რომელთაც საწინააღმდეგო ხასიათი გააჩნიათ, და რომლებშიც ნათლად არის გამოხატული სამყაროს აღსასრულის დროის გადადება ან სრული განუსაზღვრელობა. აი ამგვარი შინაარსის ძირითადი ციტატები:
მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ (მარკოზი 13:33).
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა (მათე 24:44).
მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ (მათე 24:36)
და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ (ლუკა 17:22).
იგავი ათ ქალწულზე (მათე 25:1-12) - სიძე მოდის მოსალოდნელი ვადის გასვლის შემდეგ, მოგვიანებით, რის შემდეგაც ნათქვამია: მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა (მათე 25:13).
ეს დაკვირვება შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ფუძემდებლური ასპექტი, რომლის შესახებაც სტატიაში უკვე რამოდენიმეჯერ ითქვა: მეორედ მოსვლის აღსრულების ჟამის განუსაზღვრელობა - ახალი აღთქმის ესქატოლოგიური წინასწარმეტყველების პრინციპული იდეაა. ამ პლანში სახარების სწავლება სრულად შეესაბამება ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ წიგნებს. წინასწარმეტყველებს, როდესაც "უფლის დღეზე" ლაპარაკობდნენ, ერთი მხრივ, მხედველობაში ჰქონდათ განუსაზღვრელი მომავალი, მაგრამ ასევე ხაზს უსვამდნენ მისი სიახლოვის მოტივს. ისინი ფლობდნენ უნარით თვალი გაეწვდინათ აწმყოსა და მომავლისთვის, ოღონდ მათ განუყოფელ ერთობლიობასა და გადაუჭრელ წინააღმდეგობაში. "წინააღმდეგობა უკანასკნელი ჟამის მოლოდინის სიახლოვესა და გადადებას შორის ახასიათებს მთელ ბიბლიურ ესქატოლოგიას ... "სინოპტიკურ სახარებათა საერთო იდეა ნათელია. მკითხველებმა არ იციან, როდის დადგება აღსასრული; მათ არ შეუძლიათ თქვან, მოხდება ეს ხვალ, შემდეგ კვირას თუ შემდეგ წელიწადს; არ შეუძლიათ მათ იმისი თქმაც, დიდი ხნით უნდა ელოდონ თუ არა მეორედ მოსვლასს. ძირითადი აზრი ასეთია: მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა" (მათე 25:13) (Лэдд Дж. Э. Богословие Нового Завета. Пер. с англ. СПб: «Библия для всех», 2003. С. 233).
წყარო: Кашкин А.С. Не прейдет род сей, как всё сие будет: почему конец света не случился еще при жизни апостолов?
azbyka.ru