ესქატოლოგია - სასიხარულო აპოკალიფსისი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
სასიხარულო აპოკალიფსისი
აპოკალიფსისი
საშინელი სამსჯავრო: სიყვარულის საქმე

ქრისტეანისთვის საშინელი სამსჯავრო - ყველაზე სასიხარულო მოვლენაა ყველა იმათგან, რაც კი შეიძლება მან ამქვეყნად წარმოიდგინოს. ბოლოს და ბოლოს გაცხადდება ჭეშმარიტება, იზეიმებს სამართლიანობა, აღსდგებიან მკვდრები; ცოდვა, ჯოჯოხეთი და სიკვდილი კი სამუდამოდ დამარცხდებიან.

ქრისტიანობა - ღრმად ოპტიმისტური რელიგიაა. აპოკალიფსისი ქრისტიანისთვის - უდიდესი ჰეპი-ენდია ისტორიაში. ნიშანდობლივია, რომ შიში ანტიქრისტეს წინაშე ხშირად დევნის ქრისტეს მოსვლის სასიხარულო მოლოდინს. უნდა ითქვას, ეს არის "ქრისტიანულობის" ერთგვარი ზომა -რამდენად გახარებული ელოდება ადამიანი ან საზოგადოება სამყაროს აღსასრულს.


სამართლიანია თუ არა ღმერთი?

იმქვეყნიური მისაგებელისა და საყოველთაო სამსჯავროს იდეა სახარებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ქრისტემ მოსპო ეს იდეა, როდესაც მოაწყო "მსჯავრი სამსჯავროზე". რადგან ქრისტიანობის უმთავრესი იდეა -უცოდველის სიკვდილი ცოდვილთათვის - "ნორმალური სამართლიანობისთვის" აბსურდულია, ის ეწინააღმდეგება სამართლიანობის ადამიანურ გაგებას.

მაგრამ, თუ ღმერთი სამართლიანია კაცობრივი გაგებით, მაშინ ჩვენ ყველანი განწირულები ვყოფილვართ, რადგან ყველანი ცოდვილები ვართ. წმიდა წერილი კი სხვა რამეს გვასწავლის: "რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 3:17-19).

დანაშაული და სასჯელი - ეს ქრისტეანობაზე არ არის ნათქვამი. ჩვენი "ვალი" ანულირებულია. ჩვენ, ცოდვილები, ქრისტეს, ამ ერთადერთი უდანაშაულოს სიკვდილით ვართ გამოსყიდულნი. გამოსყიდვა - მართლმსაჯულების საპირისპირო რამეა. ეს სამყარო დგას აღებ-მიცემობის ურთიერთობაზე, კარმაზე, ურთიერთგაცვლაზე, მიგებაზე. მაგრამ უფალი "უგუნურია" და "უსამართლო" - ის მარტო საკუთარი განკაცებით ანგრევს სამყაროს სისტემას, და ჩვენ ვგებულობთ მის ყოვლისმიმტევებელ სიყვარულს - მისი უსასრულო მარადიული სიხარულის მეორე მხარეს.
რაც ქრისტემ გააკთეა "საკუთარ თავში", იგივეს აკეთებს ეკლესია, მისი სხეული, მთელი კაცობრიობის ისტორიაში. და საშინელი სამსჯავრო - ამ პროცესისი უკიდურესი წერტილია, უსაზღვრო სიყვარულის საბოლოო გამოხატულებაა.


წიგნები აპოკალიფსისზე

წმ. გრიგოლ დეოლოგოსი გვასწავლის, რომ სამყაროს აღსასრული - სიხარული და ზეიმობაა.
"მათ, ვისაც ღმერთი უყვართ, ებრძანათ იმხიარულონ და იზეიმონ სამყაროს აღსასრულის გამო, რადგან იმწამსვე, როგორც კი გადავა ის, ვინც არ უყვარდათ, მოიპოვებენ იმას, ვინც უყვართ. შეუძლებელია ღმრთის ხილვის მოსურნე მართლმორწმუნე წუხდეს სამყაროს შერყევის გამო, რადგან იცის, რომ ამ რყევების მოჰყვება მისი ისტორიის დასასრული. წერილ არს: "აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს" (იაკობ 5:4). შედეგად, ვინც არ ხარობს წუთისოფლის აღსასრულის მოახლოვების გამო, ის ამ უკანასკნელის მეგობარია, ამის გამო კი ღმრთის მტერიც. თუმცა, შორს მორწმუნისგან ამგვარი აზრი, შორს მათგან, ვინაც რწმენით იცის, რომ არსებობს სხვა ცხოვრება, და საქმით ამტკიცებენ მისდამი სიყვარულს. რამეთუ გლოვა სამყაროს ნგრევის გამო ახასიათებთ მათ, ვინც თავის გულში დანერგა მისი სიყვარულის ფესვები, რომელთაც არ სურთ მომავალი ცხოვრება და არც კი სჯერათ მისი არსებობის".

თანამედროვე ღვთისმეტყველთა თქმით: საუკუნო სამსჯავრო - ეს სიყვარულია რას ნიშნავს ეს სამსჯავრო? ნუ ვიფიქრებთ, რომ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ღმერთი იყო სიყვარული და ახლა, უცებ სიმართლის ჯამი დადგა. არაფერიც! წმ. იოანე ოქროპირმა ბრწყინვალედ ბრძანა ღმრთის სამართლიანობაზე ადამიანთან დაკავშირებით: "ღმრთის სამართლიანობას თუ ითხოვს, მაშინ სამართლიანობის კანონით თავიდანვე უნდა მოვმკვდარიყავით". არაგონივრულია ღმერთი ამ სამსჯავროზე წარმოვიდგინოთ მართლმსაჯულების ბერძნულ ქალღმერთ თემიდასავით, რომელსაც აკრული აქვს თვალები. საშინელი სამსჯავროთი კაცობრიობის ისტორიის ეს უკანასკნელი აქტი, რომელიც გვიხსნის მისი მარადიული ცხოვრების დასაწყისს, ასე იმიტომ იწოდება, რომ უკანასკნელი საყვირის შემდეგ (1 კორ. 15:52), ყოველი ადამიანი მიიღებს თავის საბოლოო გადაწყვეტილებას - იყოს ღმერთთან თუ სამუდამოდ დაშორდეს მას და დარჩეს მისი "სასუფევლის" გარეთ. მაგრამ ქრისტე უკანასკნელ სამსჯავროზეც უცვალებელ სიყვარულად რჩება, რომელიც მიიღებს ყოველს, რომელსაც ჭეშმარიტება, სიყვარული და ნათელი სურს, და არ დაარღვევს ადამიანის ნების თავისუფლებას (პროფ. ოსიპოვი).

ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა საკუთარი ცხოვრების აზრზე უნდა ფიქრობდეს. ჩვენ შეიძლება მოვესწროთ სამყაროს აღსასრულს, მაგრამ შეიძლება ვერ მოვესწროთ. მიუხედავად ამისა, ყოველი ჩვენთაგანი აუცილებლად მოესწრება საკუთარ სიკვდილს; და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს სიკვდილი იქნება სამყაროს ის აღსასრული, რომელიც სხვა ცხოვრებაში გადასვლას ნიშნავს. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როდის ან როგორ მოხდება ეს, არამედ იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორია ჩვენი სიცოცხლის ღირებულება, რას ვაკეთებთ იმისთვის, რათა გავამართლოთ ჩვენი არსებობა, რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ცხოვრებაში იმისთვის, რათა ჩვენივ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ გვექცეს ნეტარებად, და არა დაუსრულებელ სატანჯველად? რას ვაკეთებთ იმისთვის, რათა საშინელი სამსჯავრო ჩვენთვის იყოს არა საშინელება, არამედ ცხოვნება, მარადისობაში გადასვლა და დაუმთავრებელი სიხარული? (ვ. ალფეევი).

"სამყაროს აღსასრული - ქრისტესადმი სიყვარულის საზომიაო", - ამბობს სერგი ბულგაკოვი. დრო და დრო ქრისტეს მოსვლის მოლოდინის გრძნობა და სულის ყივილი "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ", სულში ისე აენთება, რომ თავისი იმქვეყნიური ნათლით გააბრწყინვებს. ეს აღუხოცელი გრძნობაა და დაუშრეტლად უნდა არსებობდეს ქრისტეანულ კაცობრიობაში, რამეთუ, ცნობილი აზრით, სწორედ ის არის ქრისტესადმი სიყვარულის საზომი. თუმცა, ესქატოლოგიზმს შეიძლება ჰქონდეს ორი სახე - ნათელი და პირქუში. უკანასკნელს მაშინ ვხედავთ, როდესაც ის ჩნდება ისტორიული შიშისა და ერთგვარი რელიგიური პანიკის შედეგად. მაგრამ ესქატოლოგიზმს შეუძლია (და ვალდებულიც არის) ახასიათებდეს ქრისტესადმი სწრაფვის ნათელმოსილება. იმისდა მიხედვით, თუ როგორ მივიწევთ ისტორიაში, მასაც ვუახლოვდებით, და მისგან გამომავალი სხივები, მისი მეორედ მოსვლის გრდანდიოზული ნათელი უფრო შესაგრძნობი ხდება. ქრისტეს მეორედ მოსვლა ჩვენთვის იმდენად საშინელი არ არის, რამეთუ ის მოდის, როგორც მსაჯული, რამდენადაც დიდებული, რამეთუ მობრძანდება თავისი დიდებითა და ბრწყინვალებით; ის არის ყოველი ქმნილების აღსრულება. დიდებულება, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულისთვის იყო დამახასიათებელი, მის მიერ მთელს ქმნილებას გადაეცემა, გამოჩნდება ახალი ცა და ახალი მიწა, ფერცვლილი, გარდაქმნილი და თითქოსდა ქრისტეს მიერ ისიც მკვდრეთით აღდგენილი მთელს კაცობრიობასთან ერთად. ეს მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომასთან ერტად, რომელსაც აღასრულებს ქრისტე თავისი ანგელოზებითურთ (ს. ბულგაკოვი).

ნიკოლოზ ბერდიავი ამბობდა: "ღვთის სასუფეველი ეს არის წუთისოფლის კატასტროფა". როგორც წესი სახარებისეული მცნებები სრულიად განუხორციელებელნი და შეუძლებელნი არიან. მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცისთვის შესაძლებელია ღმრთისთვის. მხოლოდ ქრისტეში და ქრისტეს მიერ განხორციელდება სრულყოფილება, ზეციერი მამის სრულყოფილების მსგავსი და მართლაც დგება ღმრთის სასუფეველი. სახარების საფუძველში დევს არა სჯული, თუნდაც ახალი, არამედ თვით ქრისტე, მისი პიროვნება. ასეთია გამოსყიდვისა და მადლის ახალი ეთიკა. ჩვენ ვცხოვრობთ ორ პლანში, სჯულისა და მადლის ქვეშ, ბუნებრივ და სულიერ წესრიგში, და ამაშია ქრისტიანის უსაზღვრო სიძნელე და სირთულე ამ წუთისოფელში. სჯულის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობს კაცობრივი საზოგადოება, აშენებს თავის სამეფოს და ცივილიზაციას. და სახარებისეული გამოცხადება ღვთის სასუფევლის შესახებ სჯულის წესრიგში მცხოვრები და მოღვაწე წუთისოფლისთვის არის კატასტროფა, აპოკალიფსისი და საშინელი სამსჯავრო.


იგავი საშინელ სამსჯავროზე:

მოყვასისადმი დამოკიდებულება = დამოკიდებულებას ღმრთისადმი


"და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მათე 25:31-40).

ბიბლიის თანახმად მოყვასისადმი დამოკიდებულება - ეს ჩვენი დამოკიდებულებაა ღმრთისადმი. და სწორედ ეს დამოკიდებულება გახლავთ უდანაშაულობის ან დამნაშავეობის კრიტერიუმი უკანასკნელ საშინელ სამსჯავროზე.


ღმერთს არ სურს ვინმეს განსჯა

რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 3:17-19).

ღმერთს არ სურს ვინმეს განსჯა, არამედ მათი ცხოვნება სურს. ჩვენი მისდამი დამოკიდებულება - უკვე არის მსჯავრი, რომელსაც საკუთარ თავს მივაგებთ.


სასიხარულო აპოკალიფსისი

"სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი" (იოანეს გამოცხადება 22:17).

ქრისტიანები მოუთმენლად ელიან სამყაროს აღსასრულს. ამიტომაც ჟღერს ასეთი სიდიადით და გამარჯვების სიხარულით აპოკალიფსისის წიგნის ბოლო სიტყვები: "ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20).
Назад к содержимому