აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
საზვერეთა შესახებ
შინაარსი:
ცნება საზვერეთა შესახებ
რაზეა დაფუძნებული მოძღვრება საზვერეთა შესახებ და რას წარმოადგენენ ისინი?
რაში მდგომარეობს საზვერეთა ცნებისადმი მიდგომათა განსხვავება?
ორი მიდგომიდან რომელია ყველაზე მართებული?
გვხვდება თუ არა ცისკენ განსაკუთრებული ამაღლების შემთხვევები?
ციტატები საზვერეთა შესახებ
***
საზვერეები ("საბაჟო პუნქტები"):
1) ადამიანის სიკვდილისშემდგომ, სულის გამოცდის ადგილები, რომელთაგან თითოეულზე განსაკუთრებული დემონები – მეზვერენი – ადამიანებს მათ მიერ ჩადენილ ცალკეულ ცოდვათათვის აზღვევინებენ;
2) სულის სიკვდილისშემდგომი გამოცდა, რომელიც ამჟღავნებს მის მორალურ მდგომარეობას, აღესრულება მიუკერძოებელი მსაჯულის თვალწინ, ანგელოზთა და დემონთა უშუალო მონაწილეობით, და გავლენას ახდენს კერძო სამსჯავრო განჩინებაზე.
ცნება საზვერეთა შესახებ
საზვერეები არის კერძო სამსჯავროს ხატოვანი, სიმბოლური წარმოდგენა: მიწიერი ცხოვრების შედეგთა შეგნება დაცემულ სულთა მეშვეობით, რომელთაც ღმერთი ნებას რთავს იყონ თავისი მართლმსაჯულების იარაღები.
მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, ადამიანის სიკვდილის შემდეგ (როდესაც სული გაეყრება სხეულს) ანგელოზთა მიერ მიღებული ქრისტიანის სული ღმერთისკენ ამაღლდება. ამ გზაზე ადამიანის სულს ეგებებიან დემონები – ყოველგვარ ცოდვათა და მანკიერებათა დასაბამნი. ისინი თავიანთი ბრალდებებით ხელს უშლიან მის ამაღლებას. ამგვარი ბრალდებების პროცესს ეწოდება სწორედ საზვერეები ან წვალებანი.
მტანჯველებად (მეზვერეებად) აქ გამოდიან დაცემული სულები (დემონები). ისინი ამხელენ ადამიანის სულს მის მიერ ჩადენილ ცოდვებში, ცდილობენ გამოავლინონ მასში ფესვგადგმული ვნებები. ცოდვითი ვნებების მხილებისას ისინი "ცდილობენ იპოვონ მასში მათთან ნათესაობა, თავიანთი ცოდვილიანობა, საკუთარი დაცემა და ჩააგდონ იგი ჯოჯოხეთში' (ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვი). საზვერეებში ადამიანის ცოდვები ბათილდება საპირისპირო სათნო საქმეთა ან შესაბამისი მონანიების მეშვეობით" (თეოფანე დაყუდებული).
საზვერეები ქრისტიან სულთა ხვედრია, სადაც მათში მჟღავნდება ქრისტიანთა ერთგულება ან ღალატი თავიანთი მაცხოვრისა და გამომსყიდველის – ღმერთკაც იესუ ქრისტესადმი.
"ხოლო ქრისტესადმი ურწმუნონი და საერთოდ ყოველნი, რომელთაც არ შეუცნიათ ჭეშმარიტი ღმერთი, ამ გზით ვერ ამაღლდებიან, რადგან მიწიერი ცხოვრებისას ცოცხლობდნენ მხოლოდ ხორცით, სულით კი უკვე დაფლულნი არიან ჯოჯოხეთში, და როდესაც ისინი მოკვდებიან, დემონები ყოველგვარი გამოცდის გარეშე იტაცებენ მათ სულებს და აგდებენ გეენასა და უფსკრულში" (ნეტარი თეოდორას გადმოცემა საზვერეთა შესახებ).
"როგორ ველურობადაც გინდ ეჩვენებოდეთ "ჭკუის კოლოფებს" სწავლება საზვერეთა შესახებ, მათი გავლა მაინც არავის ასცდება" (თეოფანე დაყუდებული).
რაზეა დაფუძნებული მოძღვრება საზვერეთა შესახებ და რას წარმოადგენს ისინი?
მოძღვრება საზვერეთა შესახებ ეფუძნება წმიდა წერილსა და ეკლესიის წმიდა გადმოცემას. დემონთა სურვილზე, იბატონონ ადამიანზე, ღვთაებრივი გამოცხადება არაერთგზის მოწმობს. მაგალითად, ეშმაკის შესახებ ნათქვამია, რომ იგი "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტ. 5:8). თავისთავად ცხადია, რომ ეშმაკის სურვილი შთანთქას თავისი მსხვერპლი, არ შემოიფარგლება მისი მიწიერი ცხოვრების საზღვრებით, არამედ ვრცელდება სიკვდილისშემდგომ ცხოვრებაზეც. სწორედ ამ კონტექსტში ხდება გასაგები ჯოჯოხეთის ბიბლიური გამოსახვა (პერსონიფიცირება) ურჩხულისა და მისი უსაზღვროდ გაღებული მტაცებლური ყბის (ესაია 5:14) და გაუძღომელი მუცლის სახით (ზირაქი 51,7). ვინაიდან ჯოჯოხეთში ადამიანი ჩადის მხოლოდ სულით, ანუ სხეულისაგან სულის განყოფის შემდე, თვით შესაძლებლობა, შეიპყრონ და გამოკეტონ ადამიანის სული ჯოჯოხეთში, დემონების წინაშე იხსნება სწორედ ამ პერიოდში.
სატანა წერილში მოხსენიებულია, როგორც ჰაერის მთავარი (ეფეს. 2:2). ჰაერი კი არის მიწისზედა სივრცის ის სფერო, რომლის გავლითაც ამაღლდებიან ცისკენ გარდაცვლილთა სულები (საქმე 1:9). სწორედ აქ ვითარდება დემონურ ძალთა მთელი ბრძოლა სულის დასაუფლებლად, რომელსაც ეშმაკი, მისდამი დაქვემდებარებულ დემონებთან ერთად, "დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში" (ფსალმ. 9:30).
მაგრამ აი, მოულოდნელობა: უბრალოდ, აიღოს და ტყვედ ჩაიგდოს ადამიანის სული, წაართვას იგი მეუფეთა მეუფეს, ანუ ქრისტეს, ეშმაკს არ ძალუძს (იობ. 2:6). ვინაიდან, თუმც ძლიერია იგი, მაგრამ არა ყოვლისშემძლე, როგორც ღმერთი. ამიტომაც ცდილობს ის მიაღწიოს ბატონობას სულზე, ცდილობს წარმოაჩინოს იგი უღირსად და, რაც მთავარია, ვერ შემძლედ იცხოვროს წმიდათა სასუფეველში.
რადგან ეშმაკი არის ცილისმწამებელი და ტყუილის მამა, და თანაც "დასაბამიდან კაცის მკვლელი" (ინ. 8:44), გასაგებია, რომ ღმრთის ჩარევა და მის წმიდა ანგელოზთა მზრუნველობა რომ არ იყოს, სამართლიანი მხილების საფარქვეშ ნებისმიერს დასწამებდა ცილს და დაღუპავდა, რადგან " სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს" (ინ. 8:44).
აქედან მომდინარეობს ღვთაებრივი შეწევნის აუცილებლობაც, აქედანაა ლოცვაც: "უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე" (ფსალ. 7:2).
სულის გამართლების ამოცანას, მისი სათნო საქმეების (აზრების, სურვილების და სხვ.) გახსენებას, ღმერთი ანგელოზებს აკისრებს, ვინაიდან "ყველანი მომსახურე სულები არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე" (ებრ. 1:14).
სულებზე ანგელოზთა მზრუნველობის კლასიკური მაგალითია იგავი მდიდარსა და ლაზარეზე: "მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს" (ლუკ. 16:22). ხოლო მაგალითი სულის აღებისა ბოროტი დემონების მიერ გვხვდება იგავში უგუნურ მდიდარზე: "უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს" (ლუკ. 12:20).
ერთმანეთისაგან განსხვავდებიან რა იერარქიული ხარისხებით, ბოროტებითა და მზაკვრობით, დემონები, ამასთანავე, საქმიანობის მიმართულებებითაც განსხვავდებიან, რაც სულთა დაღუპვას უკავშირდება. ამ კუთხით, ცოდვათა გარკვეული სახეობებისთვის სულებს "აზღვევინებენ" განსაზღვრული დემონები – ე. წ. მეზვერეები. ყოველივე ეს ხდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად: ჯერ ერთ ადგილას სულისაგან გამოიკითხება ცოდვათა ერთი სახეობა, შემდეგ, მეორე ადგილას – მეორე, და ა. შ., გამოცდების დასრულებამდე (ზოგჯერ ოცზე მეტი ასეთი ტიპის ადგილს ითვლიან). სული ამ დროს იტანჯება და საშინელ ჭმუნვას განიცდის.
ადგილები, სადაც გამოიცდებიან ცისკენ მიმავალი სულები, იმ ადგილების ანალოგიით, სადაც ადამიანებს გადასახადებსა და ხარკებს აკისრებენ, "საზვერეებად" იწოდებიან (სიტყვიდან "მეზვერე" – გადასახადების, ხარკის ამკრეფი). ასეთი პარალელი მისაღებია არა იმიტომ, რომ ნებისმიერი გადასახადების ამკრეფი აპრიორი დემონებს ემსგავსება და პირიქით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ ძველად მეზვერენი ხშირად მიმართავდნენ მევახშეობას და ჩადიოდნენ უსამართლობასა და სისასტიკეს.
რაში მდგომარეობს საზვერეთა ცნებისადმი მიდგომათა განსხვავება?
ეკლესიის გადმოცემისთვის მრავლად არის ცნობილი საზვერეთა გავლის გამოცდილება. პრინციპში, მათი ახსნა ორ, ერთმანეთისთვის არაურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებამდე მიდის. ზოგიერთის აზრით, საზვერეთა გავლა არის გამოსაცდელი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ღვთაებრივ გადაწყვეტილებას, - ანუ კერძო სასამართლოს; ხოლო მეორეთა განცხადებით, ეს სასამართლო სწორედ საზვერეებით იწყება.
ასე, მაგალითად, ღირსი მაკარი ალექსანდრიელის მოწმობით, ღვთის სასამართლო სულის მიმართ აღესრულება სხეულიდან განსვლიდან მეორმოცე დღეს. მანამდე სული კიდევ ორჯერ ამაღლდება ღვთის თაყვანსცემად – მესამე და მეცხრე დღეს. ამასთან, პირველი ორი დღე ის იმყოფება მიწაზე; მესამედან მეცხრემდე შემოიფრენს ზეციური სამოთხის სივრცეებს, ხოლო მეცხრედან მეორმოცემდე – მოიხილავს ჯოჯოხეთის უფსკრულებს (იხ. ვრცლად: მაკარი ალექსანდრიელის სიტყვა "მართალთა და ცოდვილთა სულების განსვლის შესახებ, ანუ, როგორ განშორდებიან ისინი სხეულს და როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან").
ხოლო ანტონი დიდი, სულთა ამაღლების ჭვრეტისას, ხედავდა დიდ გოლიათს, რომელიც ცდილობდა მათთვის ცისკენ მიმავალი გზა დაეკეტა. გოლიათს დემონები ეხმარებოდნენ. ზოგი სული ამ გზას წარმატებით გადიოდა, ზოგი კი ქვემოთ ემხობოდა (იხ. ვრცლად: ცხოვრება ღირსი ანტონი დიდისა).
მსგავსი რამ აღწერილი აქვს წმინდა გრიგოლ დიალოგოსს. სულის გამოცდა, მისი გამოსახვით, მდგომარეობდა იდუმალი ხიდის გავლაში აყროლებული მდინარის ზემოთ, რომლის მიღმა გადაშლილი იყო მშვენიერი და სურნელოვანი მინდორი. მართალთა სულები თავისუფლად გადადიოდნენ მასზე, ხოლო ცოდვილები ვერა და ხიდიდან ცვივოდნენ (იხ.: დიალოგები. საუბრები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სულის უკვდავების შესახებ, წ. 4, თ. 36).
ორი მიდგომიდან რომელია ყველაზე მართებული?
სულის ხვედრის განსაზღვრაში, საზვერეთა როლის როგორც პირველი, ისე მეორე შეფასება სრულად შეესაბამება წმიდა წერილის ასოსა და სულს:
როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მსაჯულად აღიარებულია უფალი, მისი ზუსტი გაფრთხილების თანახმად: "მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ" (მეორ. 32:35); "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19).
როგორც პირველი, ისე მეორე ახსნა თანხვდება ფორმულას: " ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის" (გალ. 6:7); "ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27).
ამასთან, გარკვეული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეორე მიდგომა მაინც უფრო მკვეთრად ამახვილებს ყურადღებას იმ ზნეობრივ ჭეშმარიტებაზე, რომ ზეციურ სავანეებში გადასახლების შესაძლებლობა დაკავშირებულია სულის შინაგან უნართან, იცხოვროს ღმერთთან და მოყვასთან ერთობაში, იცხოვროს წმიდათა კანონისა და ნორმების მიხედვით. თუ სულმა მიწიერი ცხოვრების განმავლობაში ასეთი უნარი არ გამოიმუშავა, ის ჯოჯოხეთში სატანჯველად არის განწირული. რას მოიმოქმედებს ის წმიდათა სასუფეველში? ამასთან, ეს მიდგომა უფრო აშკარად ეთანხმება სიტყვებს: "რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ" (ზირ. 11:26).
გვხვდება თუ არა ცისკენ განსაკუთრებული ამაღლების შემთხვევები?
ისტორიამ იცის ასეთი მაგალითები. საერთოდ კი, რაც უფრო წმინდაა სული, მით უფრო თავისუფალია მისი მისწრაფება ზეცისკენ. მაგალითად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სული მიძინების შემდეგ პირადად მიიღო ქრისტემ.
ციტატები საზვერეთა შესახებ
"მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პირდაპირი მნიშვნელობით აღიქმება ცნობები საზვერეებზე – იქნება ეს ძველი თუ თანამედროვე ცნობები – მოძღვრება იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ელის გამოცდა, საყოველთაოდ მიღებულად უნდა ჩაითვალოს მართლმადიდებლური ტრადიციისათვის. ამ გამოცდას დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოებში "კერძო სამსჯავროს" უწოდებენ, იმ საყოველთაო საშინელი სამსჯავროსგან განსხვავებით, რომელზეც ყოველი ადამიანის სიკვდილისშემდგომი და საბოლოო ხვედრი განისაზღვრება" (მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევი).
"ყოველი ჩვენთაგანი მხურვალედ უნდა ვევედრებოდეთ ღმერთს, რათა ჩვენი სიკვდილის დროს გვიხსნას განსაცდელთაგან და ეშმაკის თავდასხმებისგან" (აღმოსავლეთის კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებლური აღსარება).
წყარო: azbyka.ru
