სწავლანი > განმარტებანი
წმიდა იოანე ოქროპირი
ამაღლების საკითხავი
უფალი ჩვენი ძე ღვთისა მისი მოსვლისას არ უნახავთ ანგელოზებს. მაგრამ მისი ამაღლება მოწაფეებმა ნახეს. მისი ჩვენთან მოსვლა ანგელოზებს არ უხილავთ, რადგანაც მისი ძალა უხორცოდ და ფარულად გადმოვიდა ზეციდან და ქალწულზე დამკვიდრდა.
ადამიანებმა მისი ცად ასვლა იმის გამო დაინახეს, რომ მიწიერი ხორცით ავიდა ზეცაში, ღრუბელმა მიიღო იგი, ქალწულს ახარა და ღრუბელმა მიიღო.
მისი ღვთაებრიობის შეერთება ჩვენს ადამიანურობასთან დედამიწაზე მყოფი ქალწულის სხეულში მისი დამკვიდრებით მოხდა. ხოლო ადამიანური ბუნების გამდიდრება იმით გაცხადდა, რომ ჩვენი ადამიანური ხორცი ღრუბელმა აამაღლა. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც, ვიდრე ჩვენთნ იყო იგი, თავის ძლიერებას დაამცრობდა, რომ ეს (ჩვენი) უძლურება მიეღო.
როცა ჩვენი ხორცი თავისთან (ზეცაში) აჰქონდა, მთელი თავისი დიდებითა და სიმდიდრით მაღლდებოდა. ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იმ ხორცმა, ქალწულისგან რომ მიიღო და ადამიანებს ეჩვენა, ამქვეყნიური დიდებულება შეიმოსა.
ღრუბლებში ასულმა თან აიტანა დიდებულება და ანგელოზების თაყვანისცემა მიიღო, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ჩვენი ადამიანურობა მის ღვთაებრიობას ეზიარა და გამდიდრდა ზეცაში. ამიტომ ხმამაღლა იღაღადა და თქვა: თავისი მარჯვენით აგვიყვანა ჩვენ ზეცაში, წინასწარმეტყველი კი ამბობს: "მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები და აიწიეთ, მარადიულო კარიბჭეებო, რომ შემოვიდეს დიდების მეფე" (ფსალმ. 23:7) და ესეც: "უთხრა უფალმა ჩემს მეუფეს: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავცემდე შენს ფეხთქვეშ" (ფსალმ. 109:1).
მოციქული კი განმარტავს: ვისაც წინასწარმეტყველი უფალს უწოდებს - როდესაც იგი თავის მშობლის მარჯვნივ დაჯდება, იგი ისაა, ვისაც გაბრიელმა უწოდა უფალი, როდესაც ქალწულის ყურს ეუბნებოდა მის შესახებ. იმის გამო იმყოფებოდა უფალი მოციქულებთან ერთად ორმოცი დღის განმავლობაში და მხოლოდ მერე იმისთვის ამაღლდა, რომ მოწაფეები თავის აღდგომაში დაერწმუნებინა.
აღდგომისთანავე რომ ცაში ასულიყო და მოწაფეებთან ერთად არ დარჩენილიყო, იფიქრებდნენ, რომ ის მოჩვენება იყო და არა ნამდვილად გაცოცხლებული. რადგანაც, როდესაც მათ გამოეცხადა, აჩვენა თავისი ხელები, ნალახვრალი გვერდი და უთხრა: დამინახეთ და იგრძენით, რადგან ეს მე ვარ და ნუ იმერყევებთ.
თუკი ახლა, როდესაც ქრისტეს აღდგომაში დასარწმუნებლად მოწაფეებს მრავალი მიზეზი ჰქონდათ და მაინც, მათი გონება ისე ძრწოდა, რომ ტალღებზე მოქანავე ნავებს ჰგავდნენ, მაშინ რაღა იქნებოდა, მათთან ერთად რომ არ ყოფილიყო ქრისტე? ორგულების თესლი მრავლად დაითესებოდა მათ შორის!
დარჩა და ჭამა მათთან ერთად, ოღონდაც შიმშილის გამო კი არა, მათ სანუგეშებლად; მოიკითხა და ესაუბრა კიდეც. უბრძანა, ყველა დაბადებულისთვის ექადაგათ სახარება; წავიდა მათგან, როგორც ადამიანი და როგორც ღმერთი მათთან იმყოფებოდა. გამარჯვებული ამაღლდა ჩვენი მეუფე და დაჯდა თავისი მამის მარჯვნივ. როგორც თქვა მოციქულმა: "შენი საბრძანებელი, ღმერთო, მარადიულია!" (ებრ. 1:8); დავითმა კი თქვა: "მყოფობს უფალი და მშვენიერება მოსავს მას" (ფსალმ. 92:1).
ამ ორმოცი დღის განმავლობაში მარხვის აღვირი მოგვაცილა უფალმა, რადგანაც ამბობს: ქორწილის მაყარი არ მარხულობს და არც გლოვობს, ვიდრე მათთანაა სიძე; მაგრამ დადგება სიძის ამაღლების დღე და ისინი მარხვას დაიწყებენ (მათე 9:5).
ახლა მოციქულთა მარხვას შეუდექით, რადგანაც მათი ქადაგების შვილები ვართ. ამიტომ წესად გვაქვს, რომ მარხვით ვნუგეშობდეთ, რათა ჩვენი სულები ქრისტეს ტაბლიდან გამოიკვებონ.
დაე, ინებოს დღეიდან ჩვენმა გამარჯვებულმა უფალმა, - დიდებით რომ ამაღლდა დღეს და ჩვენც აგვიყვანა ზეცად იმ ხორცით, რომელიც ჩვენგან მიიღო, - რომ ამ დღესასწაულის აღსრულების ღირსები ვიყოთ, დიდებასა და მადლობას ვეუბნებოდეთ და თაყვანს ვცემდეთ მამას, ძესა და სულიწმიდას, ამჟამად და სამარადისოდ, დროის დასასრულამდე. ამინ.
წყარო: რჯული ქრისტესი. ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ამაღლება. ამაღლების საკითხავი. წმიდა იოანე ოქროპირის ნათქვამი. გამომცემლობა "ალილო". თბილისი 2018 წ. გვ. 59 - 61.
საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 9 მაისი.