განმარტებანი - "არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
"არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო"

(მთ. 7:22-23)

საუკუნო სამსჯავრო
"მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22-23).
 
იმ დღეს - ღმრთის სამსჯავროზე, რომელიც ყოველი კაცისთვის მისი გარდაცვალების დღესვე დგება და ყველა ადამიანისთვის საყოველთაო აღდგომის ჟამს მოიწევს.
 
ქრიტეს ეს სიტყვები სერიოზული გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ეძიებს არა ცხოვრების სიწმიდეს, არა ვნებათაგან გათავისუფლების საშუალებებს, არამედ "ნათელმხილველებს", "სასწაულთმოქმედებს", "მკურნალებს". უფალი მრავალ ასეთ "წმინდანს" ეტყვის: "გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო". რაშია ამგვარი პასუხის მიზეზი?
 
როგორც ჩანს, არც წინასწარმეტყელებანი, არც უფლის სახელით ეშმაკთა დევნა, არც სხვა რაიმე სასწაული, რომელიც შეიძლება ადამიანმა აღასრულოს ან მომდინარეობს მისი გვამიდან (ნაწილებიდან), თავისთავად ამ ადამიანის სიწმიდის ნიშანს არ წარმოადგენენ, შედეგად, არც ამ სასწაულთა მაცხოვნებლობას. წმიდა იოანე ოქროპირი პირდაპირ წერს: "იმ დღეს (სამსჯავროზე) ქრიტე დააჯილდოვებს არა მათ, ვინც სასწაულებს იქმოდა, არამედ მათ, ვინც იცავდა მის მცნებებს... და სწავლებაში ნეტარებათა შესახებ უფალი არსად ახსენებს საკვირველთმოქმედთ, არამედ მხოლოდ მართლიად მცხოვრებთ (მათე 5:3-12). ... მრავალი დევნიდა დემონთ, მაგრამ რადგან იქმოდნენ უსჯულოებას, არა თუ საკვირველ ადამიანებად ვერ შეიქნენ, არამედ სასჯელსაც კი დაექვემდებარნენ".
 
ღირ. იოანე კასიანე რომაელი წერდა: "არავინ უნდა იქოს თავი ღმრთისგან ბოძებული ნიჭებითა და სასწაულებით, არამედ ყოველი თავს მხოლოდ საკუთარი სათნოებებით უნდა იწონებდეს, რომლებიც ითხოვენ გონებრივ მოღვაწეობას და გაძლიერებულ მონდომებას. რამეთუ ძალიან ხშირად... გარყვნილი გონებისა და რწმენის მოწინააღმდეგე ადამიანები ეშმაკებსაც კი დევნიან და მრავალგვარ სასწაულებსაც იქმან". ამგვარ სასწაულთა ნაყოფები ყოველთვის დამღუპველია.
 
ღირ. იოანე კასიანე რომაელი სასწაულებრივ კურნებათა სამ მიზეზს ასახელებს. "კურნებათა პირველი მიზეზი, - წერს ის, - ღვთის მადლია, რომელიც სასწაულებს იქმს და, რომელიც ეძლევათ რჩეულ და მართალ კაცებს... მეორე მიზეზი - ეკლესიის დამოძღვრაა, ან რწმენა მათი, რომლებსაც სნეულები განკურნებისთვის მოჰყავთ, ან კიდევ მათი, ვისაც კურნების მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში კურნების ძალა ზოგჯერ უღირსთაგანაც კი მოდის, და ცოდვილთაგანაც, რომელთა შესახებ მაცხოვარი სახარებაშიც ბრძანებს... ხოლო კურნების მესამე ძალა დემონთა საცთურებითა და მზაკვრობებითაა გამოწვეული. ადამიანი, რომელიც აშკარა ვნებებს არის მიცემული, შეიძლება ზოგჯერ საკვირველთმოქმედი იყოს და ამიტომ მრავალმა იგი ღმრთის მონად მიიჩნიოს... ამისგან ხდება ის, რომ დემონები, - გაჰყვირიან რა ამგვარ ადამიანთა სახელებს, რომელთაც სიწმიდის ნიშანწყალიც კი არ ახასიათებთ და არანაირი სულიერი ნაყოფები არ გააჩნიათ, - იღებენ ისეთ სახეს, თითქოსდა მათი სიწმიდე წვავდეს მათ და იძულებულნი არიან გაექცნენ მათ ლოცვებს".
 
ამიტომ საჭიროა უდიდესი სიფრთხიოლე, რათა ღმრთის სასწაულად არ მივიჩნიოთ უცნობი მოვლენა ან პირდაპირ დემონური მზაკვრობა, რომელმაც შესაძლოა უკურნებელი ვნება მოგვაყენოს. გამოცდილი მოსაგრე მამები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ძნელია ამა თუ იმ უჩვეულო მოვლენის ბუნების განსჯა, ქრისტიანს ასეთ რჩევას აძლევენ: არ დაგმო და არც მიიღო! არ დაგომ, რადგნა ის, შესაძლოა, ღმრთისგანაა, მაგრამ არ მიიღო, რათა ეშმაკის საფრხეში არ მოექცე და ძლიერ არ ივნო! დარჩი ნეიტრალურ პოზიციაზე.
 
წმიდა მამები მოსაგრეს ავალდებულებენ ილოცონ ამგვარი მოვლენების გამოჩენისას, გულგრილნი იყონ მათ მიმართ და არ მიაქციონ ყურადღება, საკუთარი თავი კი ღმრთის წმიდა გამოცხადებების, წმიდა ანგელოზებისა და წმინდანთა ხილვის უღირსად ჩათვალონ. მამები, ერთი მხრივ, გვამცნებენ არ დავგმოთ მოვლენები, რათა ჩვენდა უნებურად სიწმიდის მგმობელები არ აღმოვჩნდეთ, მეორე მხრივ კი - არანაირად არ ვენდოთ მოვლენას, და ნაჩქარევად ჭეშმარიტ სასწაულად არ მივიჩნიოთ, რათა მზაკვარი სულების მახეში არ გავებათ.წმიდა მამები სასწაულებს არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან "სასწაულები, იწვევენ რა გაკვირვებას, ნაკლებად შეეწევიან წმიდა ცხოვრებას".
 
ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამბობდა: "დროთა განმავლობაში, ქრისტიანობის თანდათანობითი დაუძლურებისა და ზნეობრიობის დაზიანების კვალად წმიდა კაცებიც შემცირდნენ. ბოლოს კი საერთოდ გაქრნენ. ამავდროულად ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ღვთისმოშიშება და ყოველივე წმიდისადმი პატივისცემა, დაკარგეს მორჩილება, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავი არა თუ სასწაულთა აღმასრულებლებად, არამედ მათი ხილვის ურღირსებადაც უნდა მიეჩნიათ, პირიქით, სასწაულებს უფრო ელტვიან, ვიდრე ოდესმე. თავდაჯერებულობითა და უმეცრებით გაბრუებული ადამიანები, განურჩევლად მიისწრაფვიან ყოველივე სასწაულებრივისადმი, არც თვითონ ამბობენ უარს მონაწილენი იყონ სასწაულებისა და სრულიად დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ. ასეთი მიმართულება უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ დროს, რომელშიც გასაოცარ და მრავალრიცხოვან სასწაულთა სანახაობები უნდა გაიშალოს, რათა წარწყმედისკენ წაიყვანოს ხორციელად მოაზროვნეთა უბედური პირმშოები, რომლებიც მოტყუებული და ცთუნებულნი იქნებიან ამ სასწაულებით".
 
"ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი" (მათე 7:24-27).
 
ერთადერთი მყარი ფუნდამენტი, რომელზეც შეიძლება აშენდეს და დადგეს ადამიანის ცხონების სახლი, საკუთარი დაცემულობის გამოცდილებითი შემეცნებაა და საკუთარი დაცემული ბუნების ძალისხმევით მისი განკურნების შეუძლებლობის შეგნებაა. ამგვარ შეგნებას ადამიანი უმნიშვნელოვანეს მდგომარეობამდე - მორჩილებამდე მიჰყავს. მაგრამ ასეთი შემეცნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ადამიანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით (და არა უბრალოდ ე. წ. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით). ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: "ქრისტეს მცნებების შესრულება ადამიანებს საკუთარი უძლურების შეგნებას ასწავლის".
 
ხოლო ქვიშაზე აგებული სახლი, - ეს არის გარეგნულად ეკლესიური, მაგრამ იმგვარი ცხოვრება, რომელსაც ადამიანი არ მიჰყავს საკუთრი ცოდვილიანობის შეგნებასთან და, შედეგად, არც მორჩილებასთან. ღირ. ისააკ ასურელი ამ შემთხვევისთვის განსაზღვრულად ბრძანებს: "მისაგებელი... იქნება... არა სათნოებათათვის და არა მის გამო შრომისთვის, არამედ მათგან ნაშობი მორჩილებისთვის. თუკი ის დაკნინდება, პირველი ორი ღვაწლი ამაო აღმოჩნდება". სწორედ ეს ჰქონდა მოციქულს მხედველობაში, როდესაც მიმართავდა ტიმოთეს: "ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს" (2 ტიმ. 2:5).
 
 
zen.yandex.ru
Назад к содержимому