განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები - 6 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეს სასწაულთა შესახებ

იგავები და ქადაგებანი
იესუ ქრისტე და ფარისევლები
დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы)


შინაარსი:

მწიგნობრებსა და ფარისევლებზე, რომლებმაც არ მიიღეს სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ

"როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას" (მათე 21:45).

ამ ჯგუფს უმთავრესად განეკუთვნებიან მისი შემდგომი იგავები: "სხვადასხვა დროს დაქირავებულ მევენახეებზე" (მათე 20:1-6); "იგავი ორ ძეზე"( მათე 21:28-31); "მევენახეებზე, რომლებმაც მათი პატრონის მემკვიდრე მოჰკლეს" (მათე 21:33-36); "მეფის შესახებ, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი" (მათე 22:1-15).

ამ იგავების ნაწილი გალილეაში წარმოითქვა, ნაწილი იუდეაში, მაგრამ ყველანი ფერისცვალების შემდეგ (მათე თ. 17), მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ბოლო წელიწადს, როდესაც საბოლოოდ გამოიკვეთა მისი წინააღმდეგობა მწიგნობრებთან, ფარისევლებთან და ებრაელი ერის სხვა ოფიციალურ ბელადებთან. მაგრამ, შეუძლებელია ითქვას, რომ ზემოთდასახელებულ იგავებს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ, რომლებიც ეხებოდნენ იმ ეპოქას, როდესაც ქრისტე ძველ ებრაელთა შორის ცხოვრობდა.

თავისი სიღრმისეული მნიშვნელობით მათ ასევე გააჩნიათ ვრცელი მნიშვნელობა, რომლებიც ეხებიან ყოველ ეპოქას და ყოველ ერს, რომელიც ისმენს ღმრთის სიტყვას და იღებს ან არ იღებს ქრისტეს სწავლებას ღმრთის სასუფეველის შესახებ.
იგავი სხვადასხვა დროს დაქირავებულ მევენახეებზე
იგავი სხვადასხვა დროს დაქირავებულ მევენახეებზე

(მთ. 20:1-16)

ყოველ სახარებისეულ იგავს აქვს თავისი მთავარი აზრი, რომელიც ერთგვარ "ღერძს" წარმოადგენს თხრობის ყველა დეტალის გასაგებად. იგავში მევენახეებზე, რომელთაც დღის სხვადასხვა დროს მოუწოდეს და რომელთაც ერთნაირი ანაზღაურება მიიღეს, მთელი აზრი მდგომარეობს ქრისტეს სიტყვებში: "მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი" (მათე 19:30).

"ვინაიდან, - ბრძანებს მაცხოვარი, - მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინანა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ" (მათე 20:1-7)..

ეკლესიის ისტორიის განთიაზე, ცათა სასუფეველისკენ მომწოდებელი საღმრთო სიტყვა უპირველეს ყოვლისა ებრაელი ერის წიაღში გაისმა. ძველი ისრაელი, ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა პირით, ვიდრე თვით იოანე ნათლისმცემელამდე, ხოლო უკანასკნელ ჟამს თვით ღმერთკაცის პირით, პირველი იქნა მოწოდებულ უფლის ვენახში სამუშაკოდ.

შემდეგ კი ღმრთის სიტყვა მთელ მსოფლიოს მოდო. ის ყოველ ჟამს, "დილაუთენიიდან მზის ჩასვლამდე", მოუწოდებს ცალკეულ ადამიანებს და მთელ ხალხებს ქრისტეს ნიადაგზე სამოღვაწოდ, საღმრთო ღვაწლისკენ მოუწოდებს "ყველა, უქმად მდგომ სხვა მუშებს", ანუ სულიერად უმუშევართ.

ჟამნები, - მესამე, მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე - შეიძლება მიანიშნებდეს ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებს, როდესაც ესა თუ ის ერი პირველად იყო მოწოდებული ღმრთის სასუფევლის მშენებლობისკენ, ან კიდევ ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების სხვადასხვა მომენტს (სიყმაწვილე, მოწიფულობა, სიბერე), როდესაც გულს პირველად ესმის და იღებს ღმრთის სიტყვის მოწოდებას. უფრო სწორად, - ეს არის ერთიც და მეორეც. და, ყოველ შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, როგორც ღვთითრჩეული ერი, მოწოდებულ იქნენ ებრაელები. "დილაუთენია", სწორედ მათზეა ნათქვამი.

იგავის მეორე ნაწილი ლაპარაკობს თუ როგორ უნაზღაურებს ბატონი თავის მუშებს ნამუშაკევს.

"რომ მოსაღამოვდა, - თქვა ქრისტემ, - ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე".

"საღამო" - ეს არის შრომითი რის დასასრული, ანუ სიმბოლურად - ეკლესიის მიწიერი ისტორიის ან ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების დასასრული, მისი სიკვდილის ჟამი.

"მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენანის პატრონს და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი? მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?"

აქ ადამიანურ, ფორმალური სამართლიანობა, ცდილობს საკუთარი თავი დაუპირისპიროს ღმრთის მოწყალებასა და სიყვარულს. მევენახეები არ დაიწყებდნენ ბუზღუნს თავიანთ ბატონზე, მას "უკანასკნელთათვის" ერთ დინარზე ნაკლები რომ მიეცა, ანუ იმდენი, რამდენიც საკმარისი არ იქნებოდა დასაპურებლად. რა თქმა უნდა, მათ სულაც არ აღელვებდათ "დღის ბოლოს" მოსულნი, მაგრამ მათ სულებში გაჩნდა შური, უსიყვარულობა, არაკეთილმოსურნეობა, განკითხვა ბატონის ვითომცდა უსამართლო მოწყალებისა, რომელიც ეხებოდა მათ ამპარტავნებას -"როგორ გაბედა მან, "პირველად" მოწოდებულნი შეედარებინა მათთვის, ვინც სულ ბოლოს მოვიდა?

გრძნობათა მორალურად უკნინესმა მთელმა ამ გამამ, რომელმაც მოიცვა "პირველები", უკვე არსებითად დაამცირა მათი შრომის ხარისხი უფლის ნიადაგზე. რადგან ცუდი განწყობით შეიძლება მთელი დღეც იმუშაო და ვერანაირი სიკეთე ვერ მოიმოქმედო; ხოლო "ერთ საათში" შეიძლება საქმე გაკეთდეს ბევრად უკეთ, თუკი ის გულმოდგინედ, საქმისადმი სიყვარულითა და ბატონისადმი ნდობით კეთდება.

მევენახეთა შეფასება აღმოჩნდა ფორმალური, ხოლო ბატონისა სულიერ-მორალური. და სწორედ ამ შეფასებით, "უკანასკნელნი" გახდებიან "პირველნი", ხოლო "პირველნი" – "უკანასკნელნი", და შესაძლოა საერთოდაც კი ვერ მიიღონ მონაწილეობა ცათა სასუფეველში. "რადგან, - დაამატა ქრისტემ, - მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი" (მათე 20:16).

ამ ჭეშმარიტებას ქრისტე უფრო დეტალურად განმარტავს იგავში "მეფეზე, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი" (მათე 22:1-15).
იგავი ირი ძის შესახებ
იგავი ორ ძეზე

(მათე 21:28-32)

ეს იგავი, რომელიც მაცხოვარმა იერუსალიმის ტაძარში წარმოთქვა, პირდაპირ მიმართული იყო ებრაელი ერის ბელადებისკენ. "როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, - ბრძანებს მათე მახარობელი, - მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა?" (მათე 21:23).

ქრისტემ მათ პირდაპირი პასუხი არ მისცა, არამედ თვითონ დაუსვა მათ კითხვა იოანე ნათლისმცემელზე: "ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან?"

"ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, -ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას".

"ამაზე რაღას იტყვით? - გააგრძელა ქრისტემ, - ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში. ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში".

ფარისევლები და მწიგნობრები ხშირად საყვედურობდნენ ქრისტეს იმაში, რომ ის "ჭამს და სვამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად", და საერთოდ ურთიერთობა აქვს მდაბიო ხალხთან, რომელსაც, მათი აზრით, არ შეუძლია ჩასწვდეს ღმრთის სასუფევლის ჭეშმარიტ გზას - "მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია" (იოანე 7:49). და მხოლოდ საკუთარ თავს და, საერთოდ, "იუდეველთა მეთაურებს" მიიჩნევდნენ ფარისევლები ღმრთის სასუფევლის ჭეშმარიტ მუშაკებად, რომლებიც სიმართლის გზით ვიდოდნენ.

იოანე ნათლისმცემლის ავტორიტეტი, რომელიც არც "მეთაური" იყო და არც ფარისეველი, არც ესეელი და მაინც უეჭველი მართალი იყო მათ თვალში, აშკარად ეღობებოდა მათ თვალთახედვას. იოანეს ავტორიტეტი ფარისევლებს უნდა ეღიარებინათ, მაგრამ არ შეეძლოთ ამისი გაკეთება, არ შეეძლოთ მისი მხილებების მოთმენა: ამის შესაძლებლობას არ აძლევდა მათ შური და ამპარტავნება. მაგრამ სხვაგვარად იყვნენ "მებაჟენი" და "მეძავნი": ისინი თავ ნამდვილ ცოდვილებად თვლიდნენ, მაგრამ გამოეხმაურნენ იოანეს მოწოდებას სინანულისკენ... ისინი ფარისეველთა უწინ შევლენ ღმრთის სასუფეველში.

"ვინაიდან, - უთხრა ქრისტემ ფარისევლებს, - მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი".

თავისთავად იგულისხმება, რომ იგავი ორ ძეზე თავის მნიშვნელობას და სიმბოლიზმე არც დღეს კარგავს, რადგან ერთი მხრივ ფარისეველობის სულისკვეთება, მათებრი ამპარტავნება და მოუნანიებლობა, ხოლო მეორე მხრივ - საკუთარი ცოდვილიანობისა და სულიერი სიღატაკის შეგნება, სხვადასხვა ფორმებით არსებობენ ჩვენს შორისაც და, როგორც ჩანს, ასე იქნება ისტორიის დასასრულამდე. ყოველ შემთხვევაში, ქრისტე ამ იგავით ფარისევლებსა და მათ მსგავსთ სინანულისკენ მოუწოდებს.
იგავი ბოროტ მევენახეებზე
იგავი ბოროტ მევენახეებზე

(მთ. 21:33-46; მკ. 12:1-12)

"სხვა იგავიც მოისმინეთ, - მიმართა ქრისტემ ფარისევლებს, - იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან..."

"ვენახი" - ეს ეკლესიაა: ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული ისრაელი - "ღმრთის საყვარელი ნერგი", რომლის შესახებაც შთაგონებით წერდა წმ. მეფე და წინასწარმეტყველი დავითი: "ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის. გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა. მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა. ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი" (ფსალმ. 79:9-12).

მაგრამ წინასწარმეტყველმა განჭვრიტა ისრაელი ერის სულიერი გაღატაკება და ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის: "ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს. გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე... უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით" (ფსალმ. 79:15-16, 19-20).

ღმერთმა ისმინა დავითის ლოცვა და დაცემული ძველაღთქმისეული ისრაელიდან ააღორძინა "ახალი ისრაელი", ქრისტიანული ეკლესია.

ძველაღთქმისეული ისრაელის სამწუხარო ხვედრს წინასწარმეტყველი იერემიაც იგლოვდა: "მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. - თქვა ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით, - როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!" (იერ. 2:21)

ხოლო წინასწარმეტყველმა ისაიამ ღმრთის ვენახზე თქვა: "რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!" (ეს. 5:7).

"მევენახეები" - ერის წინამძღოლები არიან და თვით ებრაელი ერიც, რომელსაც ღმრთის ჭეშმარიტი მსახურება მიენდო. ერის წინამძღოლებს -მწიგნობრებს, მღვდლებს, ფარისევლებს, უხუცესებსა და მეთაურებს ძველაღთქმისეული ეკლესია ქრისტეს შესახვედრად უნდა მოემზადებინათ. მაგრამ ყველა ეს წინამძღოლი თვითონაც გაირყვნა და ერიც გარყვნა: ისინი არ უსმენდნენ ძველ წინასწარმეტყველთა ხმას, ჰკლავდნენ ჭეშმარიტების მაუწყებელთ და, საკუთარი ვნებებით დაბნელებულები, აუმხედრდნენ ღვთით ღმრთის ძეს: "აგერ მემკვიდრე, - უთხრეს მათ ერთმანეთს, როდესაც იხილეს მათკენ მომავალი ძე ბატონისა, - მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს".

"ამრიგად, - მიუბრუნდა ქრისტე ფარისევლებს, - როდესაც ვენახის მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?"

აქ ფარისევლებმა თავიდან ვერ გაიგეს შეკითხვის აზრი და საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანეს განაჩენი: "უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს" (მათე 21:41).

მაგრამ, მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს, ფარისევლებს, სადუკევლებს და, საერთოდ, ყველას, ებრაელი ერის ოფიციალურ წინამძღოლს და მათ მიმდევრებს ეჭვიც რომ არ დარჩენოდათ, უფალმა თავისი იგავი პირდაპირი კითხვით დაამთავრა: "ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს".

დავითის ეს წინასწარმეტყველება მწიგნობრებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ არ ესმოდათ, ხოლო, თუ ესმოდათ, უარყოფდნენ მას და არ სურდათ ნაზარეთელ წინასწარმეტყველში მისი მოაზრება.

მაშინ ქრისტემ ამ ცრუმშენებელთ უთხრა: "ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს" (მათე 21:42-44; ფსალმ. 117:22-23).

ძველი და ახალი აღთქმის ამ მამხილებელი და მრისხანე წინასწარმეტყველების შემდეგ, მსმენელებს უკვე არანაირი ეჭვი აღარ დარჩათ იმასთან დაკავშირებით, თუ ვისზე შეიძლებოდა ყოფილიყო ლაპარაკი. "როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, - ამბობს მახარობელი, - მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას" (მათე 21:45).

აღშფოთებული ფარისევლები მზად იყვნენ ფიზიკურად გაენადგურებინათ ქრისტე, "უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი".

მიუხედავად ამისა, იესუ კვლავ იგავებით ელაპარაკებოდა და უთხრა მათ ახალი იგავი "მეფის ძის ქორწილისა".
იგავი მეფის ძის ქორწილში მიწვეულთა შესახებ
იგავი მეფის შესახებ, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი

(მათე 22:1-15)

"ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, - თქვა ქრისტემ, - რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. "ქორწილი" ეს არის ადგილი, სადაც ბევრი სინათლე, სიხარული და მხიარულებაა და სადაც ადამიანის სული სიძისა და პატარძლის თანდასწრებით ზეიმობს დღესასწაულს. ამიტომაც ქორწილი ძველთაგანვე იყო ცათა სასუფევლის სიმბოლო. ძველაღთქმისეულმა ისრაელი ამ სიმბოლოს იცნობდა ჯერ კიდევ მეფე სოლომონის ქმნილებათაგან.

"სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, - თქვა სოლომონმა, - და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი, და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ, და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა" (ანუ გონიერება აქ ეძიეთო).

"და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა: მოედით, ჭამეთ პური ჩემი და ჰსუთ ღჳნოჲ, რომელი განგიზავე თქუენ. დაუტევეთ უგუნურებაჲ და სცხონდეთ (მოიძიეთ გონიერებაჲ, რაჲთა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისჴმის-ყოფაჲ)..." (იგავნი 9:1-6).

ახალაღთქმისეულ ისრაელს ეს წინასწარმეტყველება ესმის, როგორც უძველესი მოწმობა ქრისტეს ეკლესიაზე და ღმრთის ძის წმიდა ევქარისტიაზე, იესუ ქრისტეს საიდუმლო სერობაზე.

"კრავის" (ქრისტეს) და მისი "პატარძლის" (ეკლესიის" ქორწილი, რომელმაც "განიმზადა თავი" და, რომელსაც "მიეცა შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი" "წმინდანთა სიმართლეა", - ბრძანებს წმ. იოანე ღვთისმეტყველი თავის ხილვაში ეკლესიის მომავლის შესახებ (გამოცხ. 19:7). ეს არის ქრისტეს ერთობა მოზეიმე, სიწმიდით გაბრწყინვებულ ეკლესიასთან.

"და გაგზავნა თავისი მონები, - გააგრძელა ქრისტემ იგავი, - ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი" (მათე 22:3-7).

მღვდელმთავრებისა და ფარისევლების საყურადღებოდ ნათქვამი იგავი მეფის ძის ქორწილში მოწვეულთა შესახებ, რა თქმა უნდა, არა მარტო ქრისტეს უშუალო მსმენელებს, ანუ მის თანამედროვეთ ეხებოდა, არამედ ებრაელი ერის ყველა ისტორიულ ბელადს, რომლებიც ყოველთვის შეურაცხყოფდნენ და ჰკლავდნენ მათთვის მოგზავნილ წინასწარმეტყველთ, "ღმრთის მონებს". "ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. - უთხრა მათ ქრისტემ, - და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების" (მათე 23:31-32). სიტყვები "ქალაქის გადაწვაზე" და წინასწარმეტყველთა "მკვლელების ამოწყვეტაზე" - სხვა არაფერია, თუ არა მაცხოვრის პირველი წინასწარმეტყვლება იერუსალიმის დანგრევასა და ძველი ისრაელის დაღუპვაზე იმისთვის, რომ მან "ვერ შეიცნო თავისი მოხილვის ჟამი" (ლუკა 19:44). მაგრამ ფარისევლებმა ვერ გაიგეს ეს წინასწარმეტყველება.

იგავის გაგრძელება ეხება ეკლესიის მსოფლიო ისტორიას. ღმრთის ძის მოწოდება მიმართული იყო მთელი კაცობრიობისადმი. "მეფის ძის ქორწილზე" მოწოდებულნი იყვნენ მრავალნი ერნი, უფრო სწორედ, ყველა ხალხები.

"საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. - უთხრა მან თავის მონებს. - მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი"

უნდა ვიცოდეთ აღმოსავლური წეს-ჩვეულებები, რომ გავიგოთ, რატომ იქნა გაგდებული საქორწილო სუფრიდან ერთ-ერთი მეინახე, "რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი". საქმე იმაშია, რომ ქორწილში დაპატიჟებულნი, თუ მათ არ ჰქონდათ საკუთარი საქორწილო სამოსი, მათ სახლის მმართველისგან ქორწილის შესასვლელში იღებდნენ. ვინც ამგვარ სამოსზე უარს იტყოდა, ამით აბუჩად იგდებდა და მეტიც, ამცირებდა სახლის პატრონს, და თითქოსდა ამბობდა: "შემოვალ შენს ქორწილში, შევჭამ და დავლევ, მაგრამ შენთან მე არაფერი საქმე არ მაქვს".

სიმბოლურად ეს შეიძლება ნიშნავდეს ადამიანს, რომელიც საღმრთო ლიტურგიას მიეახლება მხოლოდ "ჩვეულების" გამო, მაგრამ სულიერი მომზადებისა და ხორციელი მღვიძარების გარეშე. ამგვარი საკუთარი თავის "დასასჯელად" ეზიარება და განკითხვის დღეს მის საქციელს არანაირი გამართლება არ ექნება.

ამიტომაც, როდესაც მეფე შევიდან მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ადამიანი, "რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი", ჰკითხა მას: "მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა", - ანუ მას არაფრით შეეძლო თავის მართლება: როგორც ჩანს, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა მიეღო ეს სამოსი, მაგრამ უგულებელჰყო იგი.

აი მაშინ აღსრულდა სახლის პატრონის, ანუ ღმრთის მსჯავრი: "შეუკარით ხელ-ფეხი, - ბრძანა მეფემ, - და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი".

ამ გამოთქმაშია ქორწილის შესახებ იგავის მთელი არსი.
უფალ იესუ ქრისტეს ტრაპეზი
იგავი მოწოდებულებზე, პირველი ადგილის ამრჩევებზე

და ადამიანზე, რომელმაც გამართა დიდი წვეულება


(ლკ.14:1-24)

ორივე ეს იგავი იესუ ქრისტემ თქვა ერთ-ერთი ფარისეველის სახლში, სადილზე.

"მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, - ბრძანებს მოციქული ლუკა, - ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესუ პურის საჭმელად. ტრაპეზობაზე მოწვეულთა შორის, როგორც ჩანს, ძირითადად მოწვეულები იყვნენ ბატონს დაქვემდებარებული ფარისევლები.

შეამჩნია რა, როგორ ირჩევდნენ დაპატიჟებულები პირველ ადგილებს, ქრისტემ მათ უთხრა იგავი მათ შესახებ, ვინც ქორწილში უკეთეს ადგილს ირჩევს.

"ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, - უთხრა ქრისტემ ერთ ფარისეველს, - ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს, შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა" (ლკ. 14:8-10).

სიმაყე, პატივმოყვარეობა, თავდაჯერებულობა და მედიდურობა სხვათა წინაშე ფარისეველთა ტიპიური თვისება იყო. მაგრამ ეს თვისებები ჩვენს დროშიც გავრცელებულია ყოველი ჯურისა და წოდების კაცთა შორის. თუმცა, როგორც ბიბლიურ პერიოდში, ასევე ახლაც, სულის კანონი გარდაუვალია: "ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება" (ლკ.  14:11). ხოლო ამპარტავნება და პატივმოყვარეობა გზას უკეტავს ადამიანს ღმრთის სასუფევლისკენ.

ამიტომაც ქრისტემ თავის მასპინძელ ფარისეველს უთხრა: "როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას".

ეს ნიშნავს, რომ ცათა სასუფევლის კარები იღება მხოლოდ მათთვის, ვინც სიკეთეს უანგაროდ იქმს და ამ ცხოვრებაში თავისი სიკეთის გამო არც მადლობას ელოდება ვინმესგან და არც რაიმე მოსაგებელს.

"ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში".

ამაზე ქრისტემ მოუთხრო მას იგავი ადამიანზე, რომელმაც სახლში დიდი წვეულება გამართა. ეს იგავი, რომლის მთავარი აზრი გამოთქმულია სიტყვებში: "მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" (ლუკა 14:24), ძლიერ წააგავს იმ იგავს, რომელიც სულ ახლახან გადმოვეცით მათე მახარობელის მონათხრობის მიხედვით (მათე თ. 22). იქაც ეს იყო მთავარი აზრი, ოღონდ განსხვავებული დეტალებით. აქ იგავს უფრო ზოგადი ხასიათი გააჩნია. წვეულებმა, უფრო საპატიო სტუმრებმა, თითქოსდა მოილაპარაკესო, "ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება" და გადაუდებელი საშინაო საქმეების მომიზეზებით (დაქორწინება, მიწის შესყიდვა და სხვა), უარი თქვეს მიპატიჟებაზე. ეს ნიშნავს, რომ მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა თვითონვე გამორიცხეს საკუთარი თავი "მოწოდებულთა" რიგებიდან.

შემდეგ განსაკუთრებულად ხაზგასმულია ღმრთის სასუფევლისკენ ყველა ხალხებისა და საერთოდ ყველა ადამიანის მოწოდების საყოველთაოობა და დაჟინებულობა: "მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს", რამეთუ "რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ".

შედეგად, ვერავინ მათგან, ვინც კერძო, პირადი საქმე არჩია ღმრთის სიტყვის მოწოდებას, ვერ შევა ცათა სასუფეველში. ასეთები კი აღმოჩნდნენ "ფარისევლები" და მათნი მსგავსნი, სულით ამპარტავანი ერები და ადამიანები.

TOP. GE
Назад к содержимому